განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1-628-19
(№012260719001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21.02.2020 წ. ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი
სხდომის მდივანი გიორგი გიგლემიანი
ბრალდების მხარე: სტაჟიორ-პროკურორი მარიკა ტყაბლაძე,ბრალდებული: მ--–--------–------ე
დაბადებული: 19.04.1--- წ.
პირადი ნომერი: N-----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ტექნიკური განათლებით
ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული
ნასამართლეობა: ნასამართლეობის არმქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხ.: ქ. რუსთავი, ს-------------------ში.
კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი - ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა, ჩადენილი დიდი ოდენობით.
სხდომის სახე - ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დადასტურებულად სცნო:
მ--–--------–------ემ დაახლოებით ორი თვის წინ, ქ. რუსთავში, ს-------------------ში მდებარე თავის საცხოვრებელ ბინაში განთავსებულ ქოთნებში, უკანონოდ დათესა და მოიყვანა 246,2 გრამი ნარკოტიკული საშუალება მცენარე კანაფი.
2019 წლის 26 ივლისს საქართველოს შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების გამომძიებლების მიერ, მ--–--------–------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა მის მიერ უკანონოდ დათესილი და მოყვანილი 246,2 გრამი ნარკოტიკული საშუალება მცენარე კანაფი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლოს დასკვნა, მ--–--------–------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: ინფორმაციული პატაკს N01969960, ზ--------–--–---–ის და მ--–--------–------ის გამოკითხვის ოქმებს, ბინის ჩხრეკის ოქმს თანდართულ ფოტომასალით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა N3701/სქ-3352/ქრ-ს, ამოღებულ ნივთიერი მტკიცებულებებს და საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სასამართლოში 2019 წლის 09 სექტემბერს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, სადავოდ არ გაუხდიათ, დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არცერთი მონაწილე მათ საეჭვოს არ ხდის, აგრეთვე, ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ შეფასებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, დაცული მტკიცებულებების სწორ შეფასებას.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/ანალიზის დაწყებამდე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ევროპული სასამართლოს განმარტებით (Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93), ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იყოს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით; სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სასამართლომ განმარტა მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, გადაწყვეტილების №41-45 პარაგრაფებში სასამართლო აღნიშნავს: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ფაქტების უტყუარად დადგენა დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.
კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლით კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება, ხოლო ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებებს შორისაა - მცენარე კანაფი. კანონი არ განსაზღვრავს კანაფის სახეობებს და დანაშაულად აცხადებს მცენარე - კანაფის გვარის ნებისმიერი სახეობის უკანონო მფლობელობას და ბრუნვას. დათესვა გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის თესლის ჩათესვას მიწის ნებისმიერ მონაკვეთზე, მათ შორის ქოთანში, ხოლო მოყვანა გამოიხატება აღნიშნული მცენარის მოვლაში - გაზრდის მიზნით, კერძოდ: მორწყვა, სასუქის გამოყენება და ა.შ. დანაშაულის ობიექტია საზოგადოების ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალებისა ნივთიერებების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ წესს არეგულირებს ”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი.
რაც შეეხება მაკვალიფიცირებელ ნიშანს - დიდ ოდენობას, სასამართლო განმარტავს, რომ „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის, დანართი №2-ის ,,უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის“ 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ,,კანაფის’’ დიდი ოდენობის საწყისი ზღვარი იწყება 140 გრამიდან.
მოცემულ საქმეზე ჩატარებული 2019 წლის 27 ივლისის ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით: ექსპერტიზაზე წარდგენილი, 13 (ცამეტი) ძირი მცენარე, საერთო წონით (ფესვის გარეშე)-246,2 გრამი, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება - მცენარე კანაფს.
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მ--–--------–------ემ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დიდი ოდენობით უკანონო დათესვა-მოყვანა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
მ--–--------–------ის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება საქმეში არ გამოვლენილა.
5. სასჯელის გამოყენებაზე უარის თქმის დასაბუთება:
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის №1/9/701,722,725 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობით (266 გრამამდე) ნარკოტიკული საშუალება – კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნებისთვის უკანონოდ დათესვის, მოყვანის ან კულტივირებისთვის. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კონსტიტუციის შეუსაბამოა პირისთვის თავისუფლების აღკვეთა ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ ამ ქმედების ავტორს უქმნის საფრთხეს და არ არის მიმართული (არ შეიძლება იყოს მიმართული) სხვათა უფლებების დარღვევისკენ. უმიზნო და შესაბამისად, გაუმართლებელია სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დაკისრება პირისთვის ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ მის ჯანმრთელობას შეიძლება აყენებდეს ზიანს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის№1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-84).
როგორც აღინიშნა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, 266 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება – კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნებისთვის უკანონოდ დათესვის, მოყვანის ან კულტივირებისთვის, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი, მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მეორე ნაწილი, გარდა ვადიანი თავისუფლების აღკვეთისა, არ ითვალისწინებს სხვა ალტერნატიული სასჯელის გამოყენების შესაძლებლობას. მ--–--------–------ის მიერ უკანონოდ დათესილი და მოყვანილი ნარკოტიკულ საშუალება ,,კანაფი’’ წარმოადგენს 246,2 გრამს. გარდა ამისა, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგინდა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა და კულტივირება გასაღების მიზნით. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული შემთხვევა უნდა მოექცეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი რეგულაციის ფარგლებში და უნდა გავრცელდეს განსახილველ შემთხვევაზეც.
საქართველოს სსსკ-ის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად: საქართველოს კანონმდებლობაში ხარვეზის არსებობისას დასაშვებია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმის ანალოგიით გამოყენება, თუ ამით არ იზღუდება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლი განსაზღვრავს გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის გამოყენების შემდეგ შესაძლებლობას: გამამტყუნებელი განაჩენი სასჯელის დანიშვნით, სასჯელის დანიშვნითა და მისი მოხდისაგან გათავისუფლებით და სასჯელის დაუნიშნავად, რომელთა შორის არ არის სსკ-ის შესაბამისი მუხლის სანქციის არარსებობის შემთხვევაში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმა, რაც მოცემულ შემთხვევაში უნდა ჩაითვალოს საპროცესო კანონმდებლობის ხარვეზად. სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონმდებლობაში არსებული ხსენებული ხარვეზის პირობებში უნდა მოხდეს საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული კანონის ანალოგიის გამოყენება, ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე მითითებით, რადგან აღნიშნულით არსებითად და მნიშვნელოვნად უმჯობესდება ბრალდებულის სამართლებრივი მდგომარეობა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ მ--–--------–------ის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი სასჯელის დაუნიშნავად (და არა სასჯელის დანიშვნით და მისი მოხდისაგან გათავისუფლებით, ვინაიდან არაკონსტიტუციურად არის ცნობილი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობა, რაც სასამართლოს შეფასებით, გამორიცხავს არამარტო საპატიმრო სასჯელის აღსრულების, არამედ ასეთი სასჯელის დანიშვნის შესაძლებლობასაც). სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება №1/9/701,722,725 ეხება მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლით დადგენილ სასჯელს და იგი არ შეიძლება გავრცელდეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონზე. შესაბამისად, მ--–--------–------ეს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:
მ--–--------–------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს (გადაუხდელია).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე ამოღებული ნარკოტიკული საშუალება მცენარე კანაფი - უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით (ინახება შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილებაში).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ--–--------–------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - სასჯელის დაუნიშნავად.
2. მ--–--------–------ეს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე:
05 (ხუთი) წლით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;
10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
- აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
3. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების მოქმედების ვადის ათვლა დაიწყოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან.
4. მ--–--------–------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს (გადაუხდელია).
5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე ამოღებული ნარკოტიკული საშუალება მცენარე კანაფი - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით (ინახება შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილებაში).
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე
ქეთინო ლუაშვილი