გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210018002427911
2-1854/18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17/12/2019 წელი ქ.ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე
სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე
მოსარჩელე: სს ს----------–--------ი
წარმომადგენელი: დ---------------ე
მოპასუხე: ი-----–- ხ------------ე
დავის საგანი: თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
სს ,,ს----------–--------ი“ სასარჩელო განცხადებით მოითხოვს ი-----–- ხ------------ეს მის სასარგებლოდ დაეკისროს 18 108.71 ლარის გადახდა.
მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგ არგუმენტებზე მითითებით:
2014 წლის 29 მაისს, სს ,,ს----------–--------სა“ და ი-----–- ხ------------ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ ი-----–- ხ------------ეს სესხად გადასცა 10 000 ლარი, 24 თვის ვადით, წლიური 15.9 %-ის სარგებელის დარიცხვის პირობით. წლიური საკომისიო შეადგენს 2%-ს. კრედიტის დაფარვის ვადის დარღვევის შემთხვევისათვის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლოს გადახდა, კერძოდ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ი-----–- ხ------------ეს გადასახდელად დაერიცხება ჯარიმა დავალიანების 0.5 %-ის ოდენობით. მსესხებელმა დაარღვია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნაკისრი ვალდებულება, ვადაზე ადრე შეწყვიტა სესხის დაფარვა და მნიშვნელოვნად გადააცილა ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკს. მას გადასახდელი აქვს ძირი თანხა 7822.08 ლარი, სარგებელი 1449.79 ლარი და პირგასამტეხლო 7909.93 ლარი. სულ 18 108.71 ლარი.
მოსარჩელემ გამარტივებული წარმოებით მიმართა სააღსრულებო ბიუროს, გადაიხადა სააპლიკაციო საფასური 100 ლარი და დაიწყო გამარტივებული წარმოება, მაგრამ მოპასუხე არ დაეთანხმა გადახდევინების ბრძანების გამოცემას, რის გამოც მოსარჩელეს გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე უარი ეთქვა.
2. მოპასუხის პოზიცია:
ი-----–- ხ------------ე სარჩელს არ ცნობს. მიაჩნია, რომ სარჩელი ხანდაზმულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. გარდა ამისა მიაჩნია, რომ არასწორადაა დათვლილი სარგებელისა და პირგასამტეხლოს ოდენობა.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
მოპასუხე ყველა ფაქტობრივ გარემოებას სადაოდ ხდის. შესაბამისად საქმეში უდაო ფაქტობრივი გარემოება არარსებობს.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. ძირითადი სადაო ფაქტობრივი გარემოებაა ხანდაზმულობის ფაქტი, გაცემული სესხის ოდენობა, გადახდილი და გადასახდელი სესხის ოდენობა, სარგებელისა და პირგასამტეხლოს საკითხზე შეთანხმება. მოპასუხე ასევე ამტკიცებს, რომ მოთხოვნის უფლების წარმოშობიდან, სარჩელის აღძვრამდე გასულია 3 წელზე მეტი დრო. ასევე არასწორადაა დათვლილი სარგებელი და პირგასამტეხლო.
3.2.2. მხარეებს შორის სხვა გარემოებებიცაა სადაო, მაგრამ დავის გადაწყვეტისათვის ამ გარემოების დადგენა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.
3.2.3. ფაქტობრივად, ხანდაზმულობასთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთ საწინააღმდეგო განმარტებებს. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს ხანდაზმულობასთან დაკავშირებით მითითებული ფაქტების არსებობას ან არასებობას. ანალოგიურად უნდა გადაწყდეს გაცემული სესხის ოდენობის, გადახდილი და გადასახდელი სესხის ოდენობის, სარგებელისა და პირგასამტეხლოს ოდენობის საკითხი.
3.2.4. სასამართლო განმარტავს, რომ სადაო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. ასეთი პრინციპი გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის საფუძვლებიდან, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. თითოეულ მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. არცერთ მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია. წინამდებარე შემთხვევაში სარჩელის ხანდაზმულობა მოპასუხემ უნდა ამტკიცოს. ხანდაზმულობის ფაქტის გასარკვევად უნდა დადგინდეს მოთხოვნის უფლების წარმოშობისა და სარჩელის აღძვრის თარიღები. თავის მხრივ მოსარჩელემ უნდა წარმოადგინოს ხანდაზმულობის ვადის დინების, შეჩერების ან შეწყვეტის მტკიცებულება.
3.2.5. ასევე მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს რა თანხა გადასცა მოპასუხეს სესხად, გადასახდელი სესხის ოდენობა, სარგებელისა და პირგასამტეხლოს ოდენობა.
3.2.6. მოპასუხე ამტკიცებს, რომ მას სესხად მიღებული ტანხის ნაწილი მას დაფარული აქვს, მაგრამ მის მიერ გადახდილი ტანხები ბანკს არ აქვს სარჩელში მითითებული. თუ მოპასუხეს იმაზე მეტი ტანხა აქვს გადახდილი, ვიდრე ეს სარჩელშია მითიტებული, მაშინ ამ გარემოების მტკიცება მას ეკუთვნის. შესაბამისად უნდა წარმოადგინოს გადახდის მტკიცებულებები და დაამტკიცოს.
3.2.7. მოსარჩელემ თავისი საპროცესო ვალდებულების შესრულების მიზნით საქმეში წარმოადგინა 2014 წლის 29 მაისის საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სს ,,ს----------–--------მა“ 24 თვის ვადით ი-----–- ხ------------ეს ასესხა 10 000 ლარი. წლიური საკომისიო შეადგენს 2 %-ს.
იხ. 2014 წლის 29 მაისის საკრედიტო ხელშეკრულება. ს.ფ. 16-20.
3.2.8. 2014 წლის 29 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრულია კრედიტის დაფარვის ვადის დარღვევის პირგასამტეხლოს გადახდა, კერძოდ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ი-----–- ხ------------ეს გადასახდელად დაერიცხება ჯარიმა დავალიანების 0.5 %-ის ოდენობით.
იხ. 2014 წლის 29 მაისის საკრედიტო ხელშეკრულება. ს.ფ. 16-20.
3.2.9. პირგასამტეხლოს მსგავსდ, საკრედიტო ხელშეკრულება შეიცავს შეთანხმებას სარგებელის შესახებ. ხელშეკრულებით მსესხებელს სარგებელის სახით უნდა გადაეხადა წლიური 15.9 %.
იხ. 2014 წლის 29 მაისის საკრედიტო ხელშეკრულება. ს.ფ. 16-20.
3.2.10. 2014 წლის 29 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებით გაცემული სესხი უნდა დაფარულიყო მხარეთა მიერ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით.
იხ. სესხის დაფარვის გრაფიკი. ს.ფ. 24
3.2.11. დადგენილია და მოპასუხეც ადასტურებს, რომ მან სესხის დაფარვა შეწვიტა ვადაზე ადრე.
3.2.12. ამდენად სასამართლო დადგენილად დადასტურებულად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სს ,,ს----------–--------სა“ და ი-----–- ხ------------ეს შორის სესხის ხელშეკრულება დაიდო შემდეგი პირობებით:
- სესხის ოდენობა - 10 000 ლარი.
- სესხის ვადა - 24 თვე;
- წლიური სარგებელი - 15,9 %;
- წლიური საკომისიო - 2 %;
- პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5 %.
3.2.13. მართალია მოპასუხე უარყოფს პირგასამტეხლოზე და სარგებელზე შეთანხმებას, ასევე სესხად 10 000 ლარის მიღებას, მაგრამ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებით სესხის გაცემა და არსებით პირობებზე შეთანხმება უტყუარად დგინდება. მოპასუხე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას სადაოდ არ ხდის. ადასტურებს, რომ სესხად თანხა მიიღო, მაგრამ სესხად მიღებული თანხის ოდენობად უფრო ნაკლებს ასახელებს. ასევე უფრო მეტი თანხის გადახდას ამტკიცებს, მაგრამ ამ გარემოებათა დამადასტურებელი მტკიცებულება მას არ აქვს. ფაქტობრივ გარემოებაზე დავის დროს სასამართლო ვალდებულია ერთმანეთს შეადაროს მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკცებულებები და გაკეთოს დასკვნა, რომელი მხარის მტკიცებულებააა უფრო მყარი და დამაჯერებელი. იქედან გამომდინარე, რომ მოპასუხეს მტკიცებულებები არ აქვს, შესაბამისად მისი განმარტება არცერთი მტკიცებულებით არაა გამყარებული. თავის მხრივ მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს მთელი რიგი მტკიცებულებები, რაც დასაბუთებულად ადასტურებს მოპასუხეზე 24 თვის ვადით, სესხად 10 000 ლარის გაცემას.
იხ. სესხის დაფარვის გრაფიკი. ს.ფ. 24;
2014 წლის 29 მაისის საკრედიტო ხელშეკრულება. ს.ფ. 16-20.
ნაერთი ამონაწერი პირადი ანგარიშიდან.ს.ფ. 21-22.
სესხის დაფარვები ს.ფ. 20
3.2.14. უდაო ფაქტობრივი გარემოებაა ისიც, რომ მოსარჩელემ გამარტივებული წარმოებით მიმართა სააღსრულებო ბიუროს, გადაიხადა სააპლიკაციო საფასური 100 ლარი და დაიწყო გამარტივებული წარმოება, მაგრამ მოპასუხეები არ დაეთანხმენ გადახდის ბრძანების გამოცემას, რის გამოც გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე უარი ეთქვა.
იხ. გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის შესახებ. ს.ფ. 26.
საგადახდო დავალება ს.ფ. 25
3.2.15. შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხია ხანდაზმულობის საკითხი. საბანკო ამონაწერით დგინდება, რომ ი-----–- ხ--------------, სესხის დასაფარად ბოლო გადახდა გადიახადა 2015 წლის 5 იანვრს. მას შემდეგ მას შენატანი არ შეუტანია. მოპასუხეს, ბოლო გადახდის შემდეგ, მომდევნო შენატანი უნდა შეეტანა 2015 წლის 5 თებერვალს, 5 მარტს, 6 აპრილს და ასე უნდა გაგრძელებულიყო 2016 წლის 6 ივნისამდე. მას 5 იანვარს უნდა გადაეხადა 489,35 ლარი, თუმცა გადაიხადა 100,59 ლარი. მოსარჩელის უფლება დაირღვა 2015 წლის 6 იანვარს. შესაბამისად მას სარჩელეს აღძვრის უფლება გაუჩნდა 2015 წლის 6 იანვარს. მან სარჩელი აღძრა 2018 წლის 2 მაისს, ანუ სამი წლისა და 5 თვის შემდეგ.
იხ. ნაერთი ამონაწერი პირადი ანგარიშიდან.ს.ფ. 21-22.
სესხის დაფარვები ს.ფ. 20
სესხის დაფარვის გრაფიკი. ს.ფ. 24;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი ძირი თანხისა და სარგებელის დაკისრების ნაწილში ნაწილობრივ ხანდაზმულია და ხანდაზმულობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს. ნაწილობრივ კი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. პირგასამტეხლო გაანგარიშებულია არაგონივრულად და იგი უნდა შემცირდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
_ საქართველოს კონსტიტუცია.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, სასამართლოს მეშვეობით დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ამიტომაც გადაწყვეტილების მიღებისას, ორივე მხარის პატივდასადები ინტერესები გათვალისწინებული უნდა იქნას თანაბრად. განსახილველ საქმეში მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხეს სესხის ხელშეკრულების საფუძველზე ეკისრება სესხად გაცემული თანხის სრულად უკან დაბრუნების მოვალეობა, თუმცა ის ნაკისრ მოვალეობას არ ასრულებს. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ თუ ი-----–- ხ-------------- მოსარჩელისაგან აიღო სესხი და შეთანხმებულ ვადაში არ დაფარა, მაშინ მისი ასეთი ქმედება უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს სესხად გაცემული თანხის იმ პირობების შესაბამისად დაბრუნება, რაზეც მხარეები არიან შეთანხმებულნი.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლება შესაბამისი საფუძვლის გარეშე არ არსებობს. თანხის გადახდის მოთხოვნას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ვალდებულების არსებობა (საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მოსარჩელის მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მოსარჩელე მიუთითებს სახელშეკრულებო ურთიერთობაზე. სახელშეკრულებო ურთიერთობისათვის მთავარი მახასიათებელია სათანადო პირობებით შეთანხმებული გარიგების არსებობა.
6.3. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის საფუძვლიდან. დასახელებული ნორმით ,,საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით”.
დადგენილია, რომ სს ,,ს----------–--------ი“ საკრედიტო დაწესებულებაა. მისი საქმიანობის საგანია სარგებელის პირობით სესხის გაცემა და გარკვეული მოგების მიღება. თავის მხრივ ი-----–- ხ------------ეს სჭირდებოდა თანხის სესხად მიღება. მათი ინტერესები დაემთხვა, რის შედეგადაც მხარეებს შორის 2014 წლის 29 მაისს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს სესხად გადასცა კრედიტი 10 000 ლარის ოდენობით. სესხი უნდა დაფარულიყო 24 თვის ვადაში. სწორედ ასეთ ურთიერთობას არეგულირებს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლით დადგენილი ქცევის წესი. შესაბამისად მხარეებს შორის წარმოშობილი ურთიერთობა საკრდიტო ხელშეკრულებაა, ამიტომ მხარეებს შორის წარმოშობილი დავა უნდა გადაწყდეს საკრედიტო ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმებით.
6.4. ასევე უდაოდაა დადგენილი, რომ ი-----–- ხ-------------- კრედიტის დაფარვა შეწყვიტა ვადაზე ადრე და მას 2015 წლის 5 იანვრის შემდეგ სესხის დასაფარი თანხა ბანკში აღარ შეუტანია. კრედიტის დაფარვის ვადის გადაცილების გამო მოსარჩელემ, ი-----–- ხ------------ესთან დადებული ხელშეკრულება შეწყვიტა და სესხად გაცემული თანხის მთლიანად უკან დაბრუნება მოითხოვა. სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა გარიგებაა. იგი ხელშეკრულების მონაწილე მხარის ნების გამოვლინებაა, მაგრამ მისი ნამდვილობისათვის აუცილებელია დაცული იყოს საქართველოს სკ-ის 405-ე მუხლის წინაპირობები.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილით თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, მათ შორის ვალდებულების შეუსრულებლობით, შესრულების ვადის გადაცილებით ან არაჯეროვანი შესრულებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს.
6.6. საქ. სკ-ის 873-ე მუხლით ,,კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა”.
სასამართლო განმარტავს, რომ საქ. სკ-ის 873-ე მუხლი საგამონაკლისო ნორმაა. თუ საქ. სსკ-ის 405-ე მუხლი ხელშეკრულებაზე უარის თქმას უკავშირებს სხვადასხვა გარემოებებს, დასახელებულმა ნორმამ საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება კრედიტის გამცემს მიანიჭა იმ შემთხვევაშიც, თუ კრედიტის მიმღები სულ ცოტა ორი ვადით გადააცილებს შენატანის შეტანას. თუმცა ამ შემთხვევაშიც შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. ანუ ამ შემთხვევაშიც გარიგების შეწყვეტისათვისათვის აუცილებელია ორ კვირიანი დამატებითი ვადის დანიშნვაც.
განსახილველ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოპასუხემ საბანკო პროდუქტებით ისარგებლა და აითვისა კრედიტი. თანხის ათვისების შემდეგ ის ვალდებული იყო სესხად მიღებული თანხა, ვალის დაფარვის მიზნით ბანკში შეეტანა იმ დროში, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. მან ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, რითაც დაარღვია ხელშეკრულება. 2015 წლის 5 იანვრის შემდეგ დავალიანების დარჩენილი თანხა მოპასუხემ არ გადაიხადა და ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით მოსარჩელეს მიაყენა ზიანი. მან თანხის შეტანა შეწყვიტა და შენატანის შეტანის ვადას გადააცილა ორ ვადაზე მეტი, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას ხელშეკრულებიდან გავიდეს და დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის დაბრუნება.
6.7. გარიგების დადების შემდეგ მნიშვნელოვანია დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვანი შესრულების საკითხი. თითოეულ მხარეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უფლება აქვს მეორე მხარისაგან მოითხოვოს ნაკისრი მოვალეობის შესრულება. თავის მხრივ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი გარიგების მონაწილეებს ავალდებულებს ვალდებულება შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები ვალდებულნი არიან დასახელებული მოთხოვნობი დაიცვან ზედმიწევნით. მხოლოდ ამ წესის დაცვის შემთხვევაში ჩაეთვლებათ მათ ვალდებულება შესრულებულად. ხელშეკრულების დადებისა და თანხის სესხად გადაცემის შემდეგ მოსარჩელეს უფლება აქვს მოპასუხეს მოსთხოვოს სესხად გაცემული თანხის უკან დაბრუნება იმ ვადაში და პირობებით, რაზეც ხელშეკრულებით იყვენ შეთანხმებულნი. თავის მხრივ მოპასუხე ვალდებულია ნაკისრი ვალდებულება შესრულოს ჯეროვნად, ანუ ისე, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი - სესხად მიღებული თანხა მოსარჩელეს დაუბრუნოს ხელშეკრულებაში შეთანხმებული პირობების შესაბამისად. ასეთი მოვალეობა მას უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. მხარეები სახელშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება. მოპასუხემ დაარღვია ვალდებულება და სესხად მიღებული თანხები ბანკს არ დაუბრუნა, რითაც დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, ასევე მოსარჩელის კანონიერი ინტერესი. მოპასუხის ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება ხელშეკრულების პირობებს და წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას. ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რაც მოსარჩელეს, საქ. სკ-ის 873-ე მუხლის საფუძველზე ანიჭებს უფლებას, დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის სრული დაბრუნება. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, მოპასუხე ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხდოს საკრედიტო ხელშეკრულებით მიღებული თანხა. თუმცა შესაფასებელია ხანდაზმულობის საკითხი. სწორედ ამიტომ გადასახდელი თანხის ოდენობა უნდა დაზუსტდეს ხანდაზმულობის საკითხის გარკვევის შემდეგ.
6.8. სასამართლომ შეისწავლა ხანდაზმულობის საკითხი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხის არგუმენტები სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით ნაწილობრივ საფუძვლიანია. კერძოდ:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა”.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის გათვალისწინებით, კანონმდებელმა დააწესა ხანდაზმულობის ვადები. მისი მიზანია მოთხოვნების გარკვეულ სისტემაში მოყვანა. დაინტერესებულმა პირმა კანონით გათვალისწინებულ ვადებში უნდა მოითხოვოს დარღვეული უფლებების აღდგენა. ხანდაზმულობის ვადის დაუცველობა დაინტერესებულ პირებს უზღუდავს სარჩელის წარმოდგენის გზით უფლებების აღდგენის შესაძლებლობას. ხანდაზმულობის ვადა არის დროის ის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც პირს ეძლევა სამართლებრივი შესაძლებლობა დაიცვას საკუთარი უფლებები და ინტერესები.
6.9. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს”.
მხარეთა შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობა სესხის ხელშეკრულებაა და მასზე ვრცელდება სამ წლიანი ხანდაზმულობის ვადა.
6.10. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლით ,,ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობა არ არის აბსტრაქტული სამართლებრივი კატეგორია. კანონმდებლობა ითვალისწინებს მისი დაწყებისა და დამთავრების დროის მონაკვეთს. ხანდაზმულობა იწყება მაშინ, როცა უფლებამოსილმა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის თაობაზე.
დადგენილია, რომ მოპასუხეს სესხი უნდა დაეფარა შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, ყოველთვიურად. მას 2015 წლის 5 იანვარს უნდა გადაეხადა 489,35 ლარი, გადაიხადა 100,59 ლარი. მომდევნო შენატანი უნდა შეეტანა 2015 წლის 5 თებერვალს, 5 მარტს, 6 აპრილს და ასე უნდა გაგრძელებულიყო 2016 წლის 6 ივნისამდე. მოპასუხემ 5 იანვრიდან სესხის დაფარვა შეწყვიტა. შესაბამისად მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს წარმოეშვა 2015 წლის 6 იანვრიდან. მას თანხების მიღებისათვის დავის უფლება ექნებოდა მომდევნო სამი წლის განმავლობაში.
6.11. საქმეში არ მოიპოვება ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების ან/და შეწყვეტის საფუძველი.
6.12. სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილით ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეს ბანკის მიმართ გააჩნდა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება. ყოველთვიურად მას უნდა გადაეხადა სესხის ძირი და სარგებელი. მოპასუხემ ვალდებულების შესრულება შეწყვიტა 2015 წლის 6 იავარს. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა 2018 წლის 2 მაისს. ანუ სამი წლის და დაახლოებით 5 თვის შემდეგ. სასამართლო მიიჩნევს, რომ 2015 წლის 6 იანვრიდან 2015 წლის 2 მაისამდე პერიოდის თანხებზე სარჩელი ხანდაზმულია, რადგანაც მოთხოვნის უფლების წარმოშობიდან სარჩელის აღძვრამდე გასულია 3 წელზე მეტი ვადა. შესაბამისად სარჩელი ხანდაზმულია შემდეგი გადასახდელი თანხის ნაწილში:
- 2015 წლის 5 იანვარს: - 489,35 ლარი;
- 2015 წლის 5 თებერვალს: - 489,35 ლარი;
- 2015 წლის 5 მარტს: - 489,35 ლარი;
- 2015 წლის 6 აპრილს: - 489,35 ლარი;
ხანდაზმულობის ვადის გასვლა მოპასუხეს ანიჭებს უფლებას უარი თქვას თანხის გადახდაზე. შესაბამისად მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ უარი უნდა ეთქვას ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
6.13. 2015 წლის 5 იანვრის შემდეგ მოპასუხეს ძირი თანხის სახით უნდა გადაეხადა 7822,08 ლარი. დასახელებულ თანხას უნდა გააკლდეს ხანდაზმულობის პერიოდში გადასახდელი 1558,43 ლარი. დარჩენილი 6263,57 ლარი მოპასუხემ უნდა გადაუხადოს მოსარჩელეს.
6.14. საქ. სკ-ის 868-ე მუხლის პირველი ნაწილით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
დადგენილია, რომ მხარეებს განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი. მოპასუხეს უნდა გადაეხადა ის სარგებელი, რაც დაწესებული იყო ხელშეკრულებით. სარგებელის გადახდა ისეთივე ვალდებულებაა, როგორც ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება. ამიტომ მოპასუხეს სარგებელის გადახდის ვალდებულებაც უნდა შეესრულებინა საქ. სკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. ხელშეკრულებით სარგებელი შეადგენდა საკრედიტო ხელშეკრულებისათვის წლიურ 24 %-ს. სარგებელის სახით გადასახდელი თანხა, ძირი თანხის მსგავსად უნდა გადანაწილებულიყო და კუთვნილ ძირი თანხის ერთად ბანკში უნდა შეტანილიყო გრაფიკის მიხედვით. როგორც ზემოთ განვმარტეთ მოპასუხემ შეწყვიტა საკრედიტო ხელშეკრულებაზე სარგებელის გადახდა. სარგებელის სახით საკრედიტო ხელშეკრულებაზე გადასახდელად ერიცხება 1449,79 ლარი. დასახელებული სარგებელი ის თანხაა, რაც მას გადასახდელი აქვს სარჩელის აღძვრამდე. სასამართლო მიიჩნევს, რომ სარგებელი სწორადაა გაანგარიშებული, მაგრამ მას უნდა გაკლდეს ხანდაზმულობის პერიოდში გადასახდელი 350,12 ლარი. დარჩენილი 1099,67 ლარი კი მოპასუხემ მოსარჩელეს უნდა გადაუხადოს ვალდებულების შესრულების მიზნით.
6.15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული და ის მხარეთა შორის დავას არ იწვევს. მხარეები შეთანხმდენ მასზედ, რომ კრედიტის დაფარვის ვადის გადაცილების შემთხვევაში, გადასახდელ თანხას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება 1.5 %.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს.
დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება შეთანხმებულ ვადაში არ შეასრულა, მან ვადაზე ადრე შეწყვიტა კრედიტის დაფარვა. ვალდებულების დარღვევიდან დავალიანების დაანგარიშებამდე გასული ვადის მიხედვით, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ხელშეკრულებით დადგენილი პირგასამტეხლოს გადახდა. ვადაგადაცილების მიხედვით კუთვნილი პირგასამტეხლოს ოდენობაა 7909,93 ლარი.
6.16. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით ,,სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო”.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია მოვალის პასუხისმგებლობის ამაღლების მცდელობა. მოვალემ პირგასამტეხლოს თავის არიდების მიზნით კრედიტორის წინაშე ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და დროულად. ასევე მისი მიზანია ვალდებულების დაყოვნებით კრედიტორზე მიყენებული ზიანის კომპენსირება და დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს მიზანი არაა კრედიტორის გამდიდრება მოვალის ხარჯზე. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობასაც იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ, თუ ეკონიმიკურ შედეგებს.შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, თუ რამდენად აცნობიერებდა მითითებულ პირობას მხარე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას. ამდენად, თუ მხარე აღჭურვილია ადვოკატით, სამეწარმეო ურთიერთობებში გამოცდილი სუბიექტია და ა. შ. ივარაუდება, რომ ასეთ ვითარებაში შეთანხმებული პირგასამტეხლო, თუნდაც, შეუსაბამოდ მაღალი, შეესაბამება მხარეთა ნამდვილ ნებას და შემცირებას არ ექვემდებარება. განსახილველ შემთხვევაში სახელშეკრულებო ურთიერთობაში სახეზეა ე.წ. „სუსტი მხარე“, რომელიც ხელშეკრულების ხელმოწერისას ვერ აცნობიერებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოდ გაანგარიშებული თანხის ოდენობა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოპასუხე ვერ იხდის ძირ თანხას. მასზე დამატებით მაღალი პირგასამტეხლოს დაკისრება უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს მის გადახდის უნარს. პირგასამტეხლოს სახით ყოველდღიურად, დავალიანების 0.5 %-ის დარიცხვა არაგონივრულია. თანასწორობის აღდგენისა და ბალანსის აღდგენისათვის სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს პირგასამტეხლო შემცირდეს 0.1 %-მდე.
6.17. მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეს მიუღებელი შემოსავალის სახით დაეკისროს 926,91 ლარი. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც ,,იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება”. ამავე კოდექსის 411-ე მუხლით ,,ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო”.
წინამდებარე შემთხვევაში დადგინდა, მოპასუხეს ნაკისრი ვალდებულება შესრულებული არ აქვს და მოსარჩელისათვის გადასახდელი აქვს თანხები. მოსარჩელემ მოპასუხის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით მოსარჩელე შემოსავალს ნამდვილად დაკარგავდა. მოსარჩელე საკრედიტო დაწესებულებაა და სესხების გაცემით ღებულობს შემოსავალს. თუ მოპასუხე ნაკისრ ვალდებულებას დროულად შეასრულებდა, ის ახალ სესხებს გასცემდა და მიიღებდა შემოსავალს. ამ შემთხვევაში მოსარჩელემ შემოსავალი ვერ მიიღო, რაც განხილული უნდა იქნას მიუღებელ შემოსავალად. ასევე ზიანად უნდა შეფასდეს გამარტივებული წარმოებსათვის მოსარჩელის მიერ გადახდილი 100 ლარი. შესაბამისად ამ ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფიილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის I ნაწილით პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ხოლო მესამე ნაწილით სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ ბაჟის ოდენობა გამოიანგარიშა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დაცვით. დასახელებული ნორმით სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა. სამოქალაქო სსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტით ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელის დროს დავის საგნის ფასი განისაზღვრება გადასახდელი თანხით. საქმეში მოსარჩელე დაობს 18 208,71 ლარზე. ამ თანხის 3 % შეადგენს 546,27 ლარს.
7.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივად, ამიტომ ბაჟის თანხა მხარეებზე უნდა განაწილდეს სარჩელის დაკმაყოფილების პროპორციულად. კერძოდ მოსარჩელეს უნდა დაეკისროს 247,11 ლარის გადახდა, ხოლო მოპასუხეს უნდა დაეკისროს 299,16 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არაა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,ს----------–--------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივად.
2. ი-----–- ხ------------ეს, სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს შემდეგი თანხის გადახდა:
- ძირი თანხა - 6263,57 ლარი;
- სარგებელი - 1099,67 ლარი;
- პირგასამტხლო - 1581,98 ლარი.
- მიუღებელი შემოსავალი - 926,91 ლარი.
- სააღსრულებო წარმოების ხარჯი - 100 ლარი.
3. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს შემდეგი თანხის ნაწილში:
- ძირი თანხა - 1558,43 ლარი;
- სარგებელი - 350,12 ლარი;
- პირგასამტხლო - 6327,95 ლარი.
4. ი-----–- ხ------------ეს სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის ნაწილის 247,11 ლარის ანაზღაურება.
5. სს ,,ს----------–--------ს“ სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახ. ბაჟის ნაწილის 299,16 ლარის გადახდა. მას ბაჟი წინასწარ აქვს გადახდილი.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე