გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.01.2020
საქმის ნომერი
330210019003257732
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
20.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/27220-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20 იანვარი 2020 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დალი აბჟანდაძე

სხდომის მდივანი თამარ ჯაგაშვილი

მოსარჩელე - ნ----------–-–---–-

წარმომადგენელი - ფ---------------–---–ი

მოპასუხე - ზ-----------------

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 ზ-----------------სათვის (პ/ნ 3----------) არასრულწლოვანი შვილის, 2----–-–-- 1------- დაბადებული მ-----------------ს (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება, ყოველთვიურად 300 (სამასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 30 ოქტომბრიდან ბავშვის სრულწლოვნებამდე.

 

1.2. ზ-----------------სათვის (პ/ნ 3----------) არასრულწლოვანი შვილის, 2----–-–-- 1------- დაბადებული მ-----------------ს (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ წარსული დროის ალიმენტის, 2019 წლის 01 აპრილიდან - 2019 წლის ოქტომბრის თვის ჩათვლით, ჯამში - 2700 ლარის დაკისრება.

 

სარჩელის საფუძვლები

 

ნ----------–-–---–- და ზ----------------- 2006 წლიდან 2013 წლამდე ცხოვრობდნენ ერთად. 2----–-–-- 1------- მათ შეეძინათ საერთო შვილი - მ-----------------. მიუხედავად მცდელობისა მათშორის თანაცხოვრება ვერ შედგა, რის გამოც 2017 წლიდან საბოლოოდ დაშორდნენ.

2019 წლიდან მ----------------- ცხოვრობს დედასთან - ნ----------–-–---–თან ერთად. ის არის 11 წლის, დადის 1---- საჯარო სკოლაში და სწავლობს მე-6 კლასში. ბავშვს სურს ცეკვის წრეზე შესვლა, თუმცა აღნიშნულს დედა ვერ უზრუნველყოფს არასაკმარისი სახსრების გამო. მოსარჩელე არის უმუშევარი და არ გააჩნია დამოუკიდებელი შემოსავალი. ის 2018 წლის 16 ივლისიდან დაქორწინებულია ლეონიდ კუტინიაზე, რომელთანაც ჰყავს საერთო შვილი ა-----------ა, მცირეწლოვანი სარჩელის აღძვრის მომენტში იყო 3 თვის. ნ----------–-–---–- ვერ ახერხებს ორი შვილის რჩენას.

 

მოსარჩელის განმარტებით, ზ----------------ს აქვს საკმარისი შემოსავალი, რათა დაეხმაროს არასრულწლოვან შვილს. მოპასუხე ცხოვრობს მცხეთის რაიონის სოფელ პატარა ქანდაში მშობლებთან ერთად, ეწევა სოფლის მეურნეობას, ჰყავს მსხვილფეხა საქონელი, ფრინველი, მოჰყავს სიმინდი, კარტოფილი, ყურძენი და სხვა, რომელთა რეალიზაციით ღებულობს კარგ შემოსავალს. ამასთან, დადის საქონლის სამწყესო სამსახურში, საიდანაც აქვს ყოველთვიური შემოსავალი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. ზ----------------მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეებს შეეძინათ შვილი - მ-----------------. მათი თანაცხოვრება გაგრძელდა 2013 წლამდე, თუმცა ამ დროს ციხიდან გათავისუფლდა მოსარჩელის დედა, რომელმაც არასრულწლოვანი - მ----------------- წაიყვანა თურქეთში იმ პირობით, რომ შემდეგ მხარეებსაც წაიყვანდა. მოპასუხე მოატყუეს და სამი თვის შემდეგ მოსარჩელემ აცნობა, რომ დაშორდა და აღარ აპირებდა მასთან თანაცხოვრების გაგრძელებას. სინამდვილეში ამ პერიოდში ნ----------–-–---–- სხვა პირზე დაქორწინებულა. 2016 წელს ნ----------–-–---–მა მიმართა ზ----------------ს შერიგების თხოვნით, რაზედაც დიდი ხვეწნის შემდეგ ბავშვის გამო დაითანხმა.

ზ----------------მა ბავშვი დაიბრუნა და ს------–-------ს სკოლაში შეიყვანა. არასრულწლოვანი მალე დედამ მიატოვა, რის შემდეგაც მარიამზე სრულად ზრუნავდნენ მოპასუხე და მისი მშობლები. აღმოჩნდა, რომ ამ პერიოდში ისევ დაქორწინებულა მოსარჩელე. არასრულწოვანი მამასთან ცხოვრობდა 2019 წლის 8 აპრილამდე. 2019 წლის 8 აპრილს ბავშვი მოტყუებით წაიყვანა ნ----------–-–---–-ს დედამ დაბრუნების პირობით, რაც არ შეასრულა.

 

აღსანიშნავია, რომ ზ----------------ს აქვს რთული ეკონომიური მდგომარეობა. არის ფსიქიკური ავადმყოფი, მუნჯი, არ იცის წერა-კითხვა. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი, მოპასუხის და მისი დედ-მამის პენსიაა. ზ----------------ს დამოუკიდებლად, მშობლების დახმარების გარეშე, ბაშვის რჩენა არ შეუძლია. მშობლების ერთადერთი შემოსავალი კი მათი პენსიაა. მოპასუხეს ასევე ოჯახში ჰყავს ძმა, რომელიც ზ-----------------ს მსგავსად შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა და იღებს შემწეობას. ზ-----------------ს მშობლებიც არიან მე-2 ჯგუფის ინვალიდები და შრომისუუნაროები. შრომისუუნარობის გამო მოპასუხეს არ შეუძლია მუშაობა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ნ----------–-–---–ს და ზ----------------ს რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში შეეძინათ ერთი შვილი - 2----–-–-- 1------- დაბადებული მ-----------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობა ნკ #980157 (იხ.ს.ფ.16)

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

 

3.1.2. მხარეებს - ნ----------–-–---–ს და ზ----------------ს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა 2----–-–-------------. მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე, არასრულწლოვანი შვილი, მ----------------- ცხოვრობს დედასთან - ნ----------–-–---–თან ერთად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

 

3.1.3. მოსარჩელე ნ----------–-–---–- 2----–-–---------–---დან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ლ------------------თან, რომელთანაც ჰყავს ერთი შვილი - 2----–-–---------–-სს დაბადებული ა-----------ა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ქორწინების მოწმობა (იხ.ს.ფ. 15)

-დაბადების მოწმობა (იხ.ს.ფ.17)

- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 19 ნოემბრის #21-11/------ ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის შესაბამისად, მოქალაქე ზ----------------ს და მოქალაქე ნ----------–-–---–ს 2018 წლის 01 იანვრიდან - 2019 წლის 18 ნოემბრამდე არ უფიქსირდებათ ინფორმაცია მიღებული შემოსავლების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 19 ნოემბრის ინფორმაცია (იხ.ს.ფ. 24-25);

- მხარეთა ახსნა -განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

 

3.2.2. შპს ,,ფს---------------------–-------------------------------–----–--------“ მიერ, 2019 წლის 29 ნოემბერს გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის - სამედიცინო დოკუმენტაცია IV-100/ა -ს მიხედვით, ზ-----------------ს ჯანმრთეობის მდგომარეობის შესახებ სრული დიაგნოზია - გამოხატული გონებრივი ჩამორჩენა ქცევის აშლით.

მოკლე ანამზეზია - სკოლაში არ უვლია, იცის საკუთარი საცხოვრებელი ადგილი, არ იცის წერა-კითხვა, ანგარიში, ითვლის ათამდე, საყოფაცხოვრებო ნივთებს ცნობს, მარტივი შრომითი საქმიანობის უნარ-ჩვევები გამომუშავებული არ აქვს - არ იცის გაზის ანთება, ტელევიზორის ჩართვა. თავის მოვლის მარტივი ჩვევები აქვს (თავის დაბანა, კვება, ჩაცმა), ვერ წერს, ვერ კითხულობს, მარტივ სიტყვებს და წინადადებებს იმეორებს სწორად, ძირითად ფერებში ერკვევა ნაწილობრივ, ქცევა პასიური, მიზნობრიობას მოკლებული, პერიოდულად აგრესიული, ცოდნის და ლექსიკური მარაგი უკიდურესად ღარიბი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს ,,ფს---------------------–-------------------------------–----–--------“ მიერ 2019 წლის 29 ნოემბერს გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ს.ფ. 43);

 

3.2.3 მოპასუხე ზ----------------ს ჰყავს მშობლები, მამა - კ------------–---------ე, მეორე ჯგუფის ინვალიდი - უვადოდ, დედა - თ-----–---–--–----ა, მეორე ჯგუფის ინვალიდი - უვადოდ და 1983 წელს დაბადებული ძმა - კ------------------ი, მეორე ჯგუფის ინვალიდი ბავშვობიდან - უვადოდ;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საპენსიო მოწმობები (იხ. ს.ფ.39-41)

- მოპასუხე მხარის ახსნა -განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

 

3.2.4. 2019 წლის 29 ნოემბერს, სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის ს------–-------ს საჯარო სკოლის დირექტორის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, არასრუწლოვანი მ----------------- ჩაირიცხა სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პ--------------ს საჯარო სკოლის მეორე კლასში #--- ბრძანების (12/10/2016წ.) საფუძველზე და სწავლობდა აღნიშნულ სკოლაში 2019 წლის 12 აპრილამდე. (სკოლიდან ამორიცხვის ბრძანება #70 ძ/ს 12.04.2019წ. საფუძველი - მ-----------------ს დედის - ნ----------–-–---–-ს განცხადება მისი შვილის მ-----------------ს სკოლიდან ამორიცხვის შესახებ).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2019 წლის 29 ნოემბერს, სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის ს------–-------ს საჯარო სკოლის დირექტორის მიერ გაცემული ცნობა (იხ. ს.ფ.44)

 

3.2.5. შპს ,,მ–--------------–------------–----–-------ს - ჯანმრთელი თაობა“-ს მიერ, 2019 წლის 29 ნოემბერს გაცემული ცნობის #0------- -ის მიხედვით, ზ---------–----------- ძე კ---------ს შესაძლებლობების შეზღუდვის სტატუსი არის მნიშვნელოვანი - უვადოდ, შესაძლებლობების შეზღუდვის მიზეზი - საერთო დაავადება. მისი პენსიის ოდენობა განისაზღვრება 140 ლარით;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს ,,მ–--------------–------------–----–-------ს - ჯანმრთელი თაობა“-ს მიერ 2019 წლის 29 ნოემბერს გაცემული ცნობა(იხ. ს.ფ. 64)

 

3.2.6. სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ მოპასუხე ზ----------------- ეწევა სოფლის მეურნეობას და მიღებული შემოსავლის რეალიზაციით აქვს კარგი შემოსავალი, ჰყავს მსხვილფეხა საქონელი, ფრინველი და დადის საქონლის სამწყემსო სამსახურში, ვინაიდან აღნიშნული გარემოება საქმის მასალებით არ დასტურდება. მოპასუხემ აღნიშნული გარემოება სადავოდ გახადა, მოსარჩელემ კი ვერ შეძლო ამ გარემოების დადასტურება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების შესაბამისად.

 

3.2.7. სასამართლო წარსული დროის ალიმენტის მოთხოვნასთან დაკავშირებით დადგენილად ვერ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელემ მიიღო გარკვეული ზომები, მაგრამ მიუხედავად ამისა ვერ მოხდა 2019 წლის 01 აპრილიდან - 2019 წლის ოქტომბრის ჩათვლით იმ ოდენობის სარჩოს მიღება მოპასუხისგან, რაც საკმარისი იქნებოდა არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის, რადგან მოპასუხე თავს არიდებდა ნაკისრი მოვალეობის შესრულებას. აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ არის წარმოდგენილი. საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასება არ ქმნის იმ ფაქტების ერთობლიობას, რომლებიც მოპასუხეზე წარსული დროის ალიმენტის დაკისრებისათვის საკმარისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი გახდებოდა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სსსკ-ის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის, მშობლების, ასევე შვილების რეალური მატერიალურ მდგომარეობის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო, ვინაიდან არ დასტურდება, რომ სარჩელის წარდგენამდე მოსარჩელის მიერ მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად და მოპასუხე თავს არიდებდა ალიმენტის გადახდას, სასარჩელო მოთხოვნა წარსული დროის ალიმენტის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე და 1234-ე მუხლები.

,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3, მე-18 და 27-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.2. მოსარჩელემ ალიმენტის მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ ნ----------–-–---–- და ზ----------------- რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ და თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - 2009 წლის 17 აგვისტოს დაბადებული მ-----------------, რომელიც მეორე მშობლისაგან ასევე, მატერიალურ დახმარებას საჭიროებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად: მშობლები უფლებამოსილნი არიან აღზარდონ თავისი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე, ბავშვის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დედის საცხოვრებელი ადგილი, შესაბამისად, ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, ორივე მშობელი ვალდებულია არჩინოს არასრულწლოვანი შვილი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანხმად: თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე იღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში #14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.

 

“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.

 

“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონისმიერი ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგების მიზანს ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს არასრულწლოვანი ბავშვის უპირატესი ინტერესის დაცვა. არასრულწლოვანის „უპირატესი ინტერესია“ (“main interest“) - მიიღოს მშობლებისაგან ის სამართლებრივი სიკეთე, რაც აუცილებელია მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად ჩამოყალიბებისათვის. არასრულწლოვანი ბავშვის ამ ლეგიტიმური ინტერესის დაცვას ეძღვნება ეროვნული კანონმდებლობის - სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა, ბავშვის ეს უფლება გარანტირებულია ასევე უნივერსალური საერთაშორისო-სამართლებრივი აქტებით, რომლებიც სახელმწიფო მხრიდან აწესებენ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას უზრუნველყოს ბავშვის ამგვარი ინტერესის დაცულობა.

 

აღნიშნული მოიცავს სახელმწიფოს მხრიდან არა მხოლოდ ნეგატიური ჩარევის დაუშვებლობას (რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ არ უნდა დაარღვიოს არასრულწლოვანისათვის კანონით მინიჭებული უფლებები), არამედ აწესებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებასაც - განახორციელოს აქტიური მოქმედებები არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვისათვის, კერძოდ, შეიმუშავოს არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციები.

 

,,სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც „სახელმწიფოს სახელით“ გამოტანილი სამართლებრივი დოკუმენტია და შეეხება არასრულწლოვანის ინტერესებს, არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შესრულების ყველაზე ნათელი მაგალითი“ (იხ.სუსგ ას-307-294-2015, 3.06.2015 წელი)

 

ზემოხსენებული ნორმების შესაბამისად, ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა. გასათვალისწინებელია, როგორც არასრულწლოვანი შვილის უფლება მიიღოს მშობლისაგან ალიმენტი, ასევე ის სამართლებრივი დანაწესი, რომ ორივე მშობელი თანაბრადაა ვალდებული იზრუნოს არასრულწლოვან შვილზე.

 

აღნიშნული ვალდებულების არსებობა უპირობო ხასიათს ატარებს, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, თუ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილურად მაღალი მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისგან. მშობლის პოზიტიური ვალდებულება, არჩინოს არასრულწლოვანი შვილი, არა მისი ფაქტობრივად არსებული შემოსავლით, არამედ იმითაც განისაზღვრება, რამდენად შრომისუნარიანია მარჩენალი, რათა მან ყოველი ღონე იხმაროს შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდის პირობების შესაქმნელად.

 

საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამასთან, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.

 

განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვანის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილი უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც იგი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებს.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს,რომ ზ---------–----------- ძე კ--------- არის შესაძლებლობების მნიშვნელოვანი შეზღუდვის სტატუსის მქონე პირი - უვადოდ, რომლის შესაძლებლობების შეზღუდვის მიზეზი არის საერთო დაავადება, ხოლო ჯანმრთეობის მდგომარეობის შესახებ სრული დიაგნოზია - გამოხატული გონებრივი ჩამორჩენა ქცევის აშლით. აღნიშნულ გარემოებებს ადასტურებს შპს ,,მ–--------------–------------–----–-------ს - ჯანმრთელი თაობა“-ს მიერ, 2019 წლის 29 ნოემბერს გაცემული ცნობა და ,;შპს ,,ფს---------------------–-------------------------------–----–--------“ მიერ 2019 წლის 29 ნოემბერს გაცემული ცნობა. ,,სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“, ქ. თბილისის 2012 წლის 23 ივლისის საქართველოს მთავრობის #279-ე დადგენილების მე-5 მუხლის ,,ბ“ პუნქტის მიხედვით სოციალური პაკეტის მიმღებ პირთა წრეს მიეკუთვნება, მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ხოლო ამავე მუხლის ,,ბ.კ“ ქვეპუნქტის მიხედვით სოციალური პაკეტის ოდენობა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისათვის განისაზღვრება– 140 ლარის ოდენობით;

 

მოპასუხე ზ----------------- განმარტავს, რომ იღებს მეორე ჯგუფის ინვალიდისთვის განკუთვნილ პენსიას - 140 ლარის ოდენობით, რაც სადავო არ გამხდარა მოსარჩელე მხარის მიერ, ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მისი ოჯახის წევრები, მშობლები და ძმა ასევე არიან მეორე ჯგუფის ინვალიდები უვადოდ და იღებენ ინვალიდობის პენსიას. სასამართლოს მიერ გასათვალისწინებელია ასევე ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მხარეთა საერთო შვილი ცხოვრობს დედასთან, რომელიც ზრუნავს შვილის რჩენა-აღზრდისათვის, რაც არ არის საკმარისი მოსარჩელე მხარის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით. მოსარჩელე ნ----------–-–---–- 2----–-–---------–---დან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ლ------------------თან, რომელთანაც ჰყავს ასევე შვილი - 2----–-–---------–-სს დაბადებული ა-----------ა. მოსარჩელე განმარტავს, რომ არ არის დასაქმებული და არ აქვს შემოსავალი, რაც დასტურდება სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 19 ნოემბრის ინფორმაციით, რომლის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის შესაბამისად, მოქალაქე ზ----------------ს და მოქალაქე ნ----------–-–---–ს 2018 წლის 01 იანვრიდან - 2019 წლის 18 ნოემბრამდე არ უფიქსირდებათ ინფორმაცია მიღებული შემოსავლების შესახებ, მაგრამ მხედველობაშია მისაღები, რომ არასრულწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვას და მზრუნველობას. არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს, რაც გამოიხატება ბავშვისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნაში, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. ალიმენტის ოდენობის დადგენისას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები უნდა განისაზღვროს მისი ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. არასრულწლოვანის აღზრდის, მისი განვითარებისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ მისი ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ არასრულწლოვანის უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც მას მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას, სხავადასხვა სოციალურ, სპორტულ, კულტურულ, საგანმანათლებლო თუ გასართობ აქტივობებში მონაწილეობის გზით. ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც.

 

გამომდინარე იქედან, რომ სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში მშობლების რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ხოლო მოპასუხე ზ-----------------ს შესაძლებლობების შეზღუდვის სტატუსი არის მნიშვნელოვანი - უვადოდ და არ გააჩნია საკმარისი შემოსავალი არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდიდსათვის, გარდა სახელმწიფოს მიერ დანიშნული პენსიის - 140 ლარის, მისი მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვის ასაკის, ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, იქნება თვეში 40 (ორმოცი) ლარი.

ამავდროულად, მშობლების უფლება-მოვალეობათა, ასევე, მათი ინტერესების დაბალანსებისას გასათვალისწინებელია, რომ მშობელი, რომელთანაც ბავშვი არ ცხოვრობს, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს რა შვილის მოვლასა და აღზრდას, ამ ვალდებულების გამო, მეორე მშობელთან შედარებით გარკვეულწილად იზღუდება, უზრუნველყოს მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეს სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2019 წლის 30 ოქტომბრიდან უნდა დაეკისროს ყოველთვიურად ალიმენტის სახით თვეში 40 (ორმოცი) ლარის გადახდა მის სრულწლოვანებამდე.

 

6.2. მოსარჩელემ მოითხოვა ზ-----------------სთვის არასრულწლოვანი შვილის, 2----–-–-- 1------- დაბადებული მ-----------------ს (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ წარსული დროის ალიმენტის, 2019 წლის 01 აპრილიდან - 2019 წლის ოქტომბრის თვის ჩათვლით, ჯამში - 2700 ლარის დაკისრება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წარსული დროის ალიმენტი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. წარსული დროის ალიმენტი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას.

 

დასახელებული ნორმა ადგენს ალიმენტის დაკისრების ზოგად წესს, რომელიც განისაზღვრება სარჩელის აღძვრის მომდევნო პერიოდით, თუმცა საგამონაკლისო შემთხვევაში, დასაშვებია, სარჩელის აღძვრამდე წინა სამი წლის პერიოდის ალიმენტის დაკისრება, თუ დადგინდება, რომ: ა) მოსარჩელე იღებდა ზომებს სარჩოს მისაღებად; ბ) სარჩოს მიღება შეუძლებელი აღმოჩნდა იმის გამო, რომ ალიმენტვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას. აღნიშნული გარემოებების დამტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აკისრია.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი ვერ იქნა მოსარჩელე მხარის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიერ მიღებული ზომების მიუხედავად ვერ მოხდა იმ ოდენობის სარჩოს მიღება მოპასუხისგან, რაც საკმარისი იქნებოდა არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის, რადგან მოპასუხე თავს არიდებდა ნაკისრი მოვალეობის შესრულებას, ნ----------–-–---–-ს მიერ აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად რაიმე სახის მტკიცებულება, გარდა ახსნა-განმარტებისა, წარმოდგენილი არ არის.

 

ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასება, არ ქმნის იმ ფაქტების ერთობლიობას, რომლებიც მოპასუხეზე წარსული დროის ალიმენტის დაკისრებისათვის საკმარისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი გახდებოდა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე ზ-----------------სათვის არასრულწლოვანი შვილის, 2----–-–-- 1------- დაბადებული მ-----------------ს სასარგებლოდ წარსული ალიმენტის, 2019 წლის 01 აპრილიდან - 2019 წლის ოქტომბრის თვის ჩათვლით, ჯამში - 2700 ლარის დაკისრების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან,მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის II ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელე ნ----------–-–---–- გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან სსსკ-ის 46-ე მუხლის თანახმად, ამასთან, ზ-----------------ც ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ასევე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, შესაბამისად მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ ეკისრება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, მე-14, 38-ე, 39-ე, 41-ე, 46-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ----------–-–---–-ს სარჩელი ზ-----------------ს მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.2 ზ----------------ს (პ/ნ 3----------) დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის, 2----–-–-- 1------- დაბადებული მ-----------------ს (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 40 (ორმოცი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 30 ოქტომბრიდან ბავშვის სრულწლოვნებამდე.

 

2. ნ----------–-–---–-ს სარჩელი ზ-----------------ს მიმართ წარსული დროის ალიმენტის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

3. ნ----------–-–---–- და ზ----------------- გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: დალი აბჟანდაძე