გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.11.2019
საქმის ნომერი
010210117002171284
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
27.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210117002171284

2-4365/17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27/11/2019 წელი ქ.ბათუმი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე

სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე

მოსარჩელე - ლ------ პ---–------ი

წარმომადგენელი - გ--------–----ე

მოპასუხე - ლ--–- ა---–------ი, რ------ ა---–------ი, ე------ ა---–------ი

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ლ------ პ---–------ი სასარჩელო განცხადებით მოითხოვს ლ--–- ა---–------ს, რ----- ა---–------ს და ე------ ა---–------ს მის სასარეგბლოდ დაეკისროს 19 800 აშშ დოლარის გადახდა.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:

ლ--–- ა---–------მა, რ----- ა---–------მა და ე------ ა---–------მა სარჩელი აღძრეს ლ------ პ---–------ის მიმართ და სასარჩელო განცხადებით მოითხოვეს სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხის ოდენობის შემცირება. მათი შუამდგომლობის საფუძველზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით შეჩერდა 2015 წლის 18 თებერვლის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება. მხარეებს შორის დავა დასრულდა და კანონიერ ძალაში შევიდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც დაახლოებით 50 პროცენტით დაკმაყოფილდა მოპასუხეთა სარჩელი და 7469 აშშ დოლარით შემცირდა სააღსრულებო ფურცელში მითითებული აღსასრულებელი თანხა. 2015 წლის 16 ოქტომბრიდან დავის დასრულებამდე მონაკვეთში, მოსარჩელე მოკლებული იყო შესაძლებლობას კუთვნილი თანხის გამოყენებით მიეღო შემოსავალი. ლარის პ---–------ი კუთვნილ თანხებს რეგულარულად სესხად გასცემდა 4% სარგებლის მიღების პირობით. მოსარჩელის წარმომადგენელმა მოპასუხეებისაგან მისაღები 18 000 აშშ დოლარის სარგებელი გაიანგარიშა თვეში 3% დარიცხვის მეთოდით, რაც შეადგენს 540 აშშ დოლარს. 6 თვეში ის სარგებელის სახით მიიღებდა 19 800 აშშ დოლარს. შესაბამისად მოპასუხეთა მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მას მიადგა 19 800 აშშ დოლარის ზიანი.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს. მიაჩნიათ, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2013 წლის 5 ივნისს ლ------ პ---–------ის და ე------ ა---–------ს შორის დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ლ------ პ---–------მა ე------ ა---–------ს, 6 თვის ვადით, ყოველთვიურად 4%-ის სარგებლის დარიცხვის პირობით ასესხა 18 000 აშშ დოლარი. სესხის დაფარვის ვადის დარღვევის შემთხვევისათვის მხარეთა მიერ გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანებას პირგასამტეხლოს სახით დაერიცხება გადასახდელი თანხის 0,3%. სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ლეილა ა---–------ის და რ----- ა---–------ის საკუთრებაში არსებული ქონება მდებარე: ქ. ბათუმი, დ-----–----------------ი, ს/კ 0-.3-.2-.1--- სესხის ხელშეკრულების თანახმად, 6 თვის პროცენტი, ჯამში 4320 აშშ დოლარი ე------ ა---–------ის მიერ წინასწარ იქნა გადახდილი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს.ფ. 22-23;

-სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება ს.ფ. 24-28;

 

3.1.2. ლარისა პ---–------ის მოთხოვნის საფუძველზე, ნოტარიუს მ------ კ-----–---–იას მიერ 2015 წლის 18 თებერვალს გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი და აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგი სახით:

- სესხის ძირი თანხა - 18000 აშშ დოლარი.

- შემცირებული პირგასამტეხლო - 13 000 აშშ დოლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მხარეთა განმარტებები;

-ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 24/11/2016წ გადაწყვეტილების ასლი ს.ფ. 38-50;

 

3.1.3. ე------ ა---–------მა სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აეკრძალოს ნოტარიუს მ------ კ-----–---–იას მიერ 2015 წლის 18 თებერვალს გაცემული №1-------- სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად მიქცევა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით (საქმეN415-უზრ/2015) ე------ ა---–------ის განცხადება სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა. შეჩერდა 2015 წლის 18 თებერვალს ნოტარიუს მ------ კ-----–---–იას მიერ გაცემული (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №1--------) სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული აღსრულება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ბათუმის საქალაქო სასამართლოს 16/10/2015წ განჩინების ასლი ს.ფ.31-3-;

 

3.1.4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით (საქმეN2/3728-2015 წ) ე------ ა---–------ის, ლ--–- ა---–------ის და რ----- ა---–------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ცვლილებები შევიდა ნოტარიუს მ------ კ-----–---–იას მიერ 2015 წლის 18 თებერვალს გაცემულ სააღსრულებო ფურცლის (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №1--------) მე-7 პუნქტში (აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა) მოვალე ე------ ა---–------ისთვის სესხის ძირი თანხის და პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების ნაწილში. სესხის ძირი თანხის სახით ე------ ა---–------ის ვალდებულება კრედიტორ ლ------ პ---–------ის წინაშე განისაზღვრა 8 640 აშშ დოლარით. პირგასამტეხლოს სახით ე------ ა---–------ის ვალდებულება კრედიტორ ლ------ პ---–------ის წინაშე განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (439 დღე) სესხის თანხის 0,07%-ით, რაც შეადგენს ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 12.6 აშშ დოლარს ანუ ჯამში 5531 აშშ დოლარს. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა ლ------ პ---–------ის მიერ.

 

3.1.5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ------ პ---–------ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც შევიდა ცვლილება ნოტარიუს მ------ კ-----–---–იას მიერ 2015 წლის 18 თებერვალს გაცემულ სააღსრულებო ფურცლის მე-7 პუნქტში, რომლითაც მოვალე ე------ ა---–------ის ვალდებულება ლ------ პ---–------ის წინაშე სესხის ძირი თანხის ნაწილში განისაზღვრა 8 640 ლარით და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ე------ ა---–------ის, ლ--–- ა---–------ის და რ----- ა---–------ის სარჩელი 2015 წლის 18 თებერვალს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ლ------ პ---–------ის მიმართ ე------ ა---–------ის ვალდებულების ძირი თანხის 18 000 დოლარის შემცირების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა სააღსრულებო ფურცლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა, რომელიც სესხის ძირი თანხის ნაწილში განისაზღვრა 18 000 აშშ დოლარით. გადაწყვეტილების 1.1. პუნქტის ის ნაწილი, რომლითაც ე------ ა---–------ის ვალდებულება კრედიტორ ლ------ პ---–------ის წინაშე პირგასამტეხლოს სახით განისაზღვრა 5531 აშშ დოლარის ოდენობით - დარჩა უცვლელი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მხარეთა განმარტებები;

-ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 24/11/2016წ გადაწყვეტილების ასლი ს.ფ.38-50;

-უზენაესი სასამართლოს 13/03/2017 წ განჩინების სარეზოლუციო ნაწილის ასლი ს.ფ.51-52;

 

3.1.6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 13 მარტის განჩინებით დარჩა განუხილველი

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მხარეთა განმარტებები;

-ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 24/11/2016წ გადაწყვეტილების ასლი ს.ფ.38-50;

-უზენაესი სასამართლოს 13/03/2017 წ განჩინების სარეზოლუციო ნაწილის ასლი ს.ფ.51-52;

 

3.1.7. ამდენად მხარეებს შორის სადაო არაა ის გარემოება, რომ კანონიერ ძალაშია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მხარეთა განმარტებები;

-ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 24/11/2016წ გადაწყვეტილების ასლი ს.ფ.38-50;

-უზენაესი სასამართლოს 13/03/2017 წ განჩინების სარეზოლუციო ნაწილის ასლი ს.ფ.51-52;

 

3.1.8. მხარეებს შორის სადაო არაა ის გარემოება, რომ 2017 წლის 6 ნოემბერს ე------ ა---–------ის, ლ--–- ა---–------ის და რ----- ა---–------ის მიერ ლ------ პ---–------ზე გადახდილი იქნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა. თანხის გადახდის შემდეგ ლ------ პ---–------ის წარმომადგენელმა იმ დღეზე განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმება. 2017 წლის 9 ნოემბერს შეჩერდა აღნიშნული სარეგისტრაციო წარმოება, რადგან წარსადგენი იყო იპოთეკის ხელშეკრულება. იმავე წლის 10 ნოემბერს ლ------ პ---–------ის წარმომადგენელის მიერ წარდგენილი იქნა იპოთეკის შეწყვეტის ხელშეკრულება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მხარეთა განმარტებები;

-სარჩელი ს.ფ. 4 (6. ფაქტობრივი გარემოება);

-განცხადების მიღების ბარათი ს.ფ. 75;

-განცხადება ს.ფ. 76;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. საქმეში მნიშვნელოვანი სადაო საკითხია - სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით დამდგარი ზიანი.

 

3.2.2. სასამართლო ლოგიკურად მიიჩნევს მოსარჩელის მსჯელობას მასზედ, რომ თანხის სარგებელის პირობით სესხად გაცემით, გარკვეულ სარგებელს მიიღებდა. საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელეს მოპასუხეზე სესხი გადაცემული ჰქონდა სარგებელის პირობით. აღნიშნული ზრდის შინაგან რწმენას მასზედ, რომ მოსარჩელის საქმიანობაა სარგებელის დარიცხვით კუთვნილი თანხიდან მოგების მიღება. 18 000 აშშ დოლარზე თვეში 3% დარიცხვის მეთოდით, ის მიიღებდა 540 აშშ დოლარის შემოსავალს. 6 თვეში კი ის სარგებელის სახით მიიღებდა 19 800 აშშ დოლარს.

 

3.2.3. სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოების მიზნის მისაღწევად სავალდებულოა, სასამართლომ საქმის განხილვის მარეგულირებელი პროცესუალური წესების დაცვით, მხარეების მიერ მითითებული ფაქტებისა და გარემოებების სწორი სამართლებრივი ანალიზის გზით, დაადგინოს მოსარჩელის მოთხოვნის მართებულობა. საფუძვლიანია თუ არა სარჩელი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის უპირველესად უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას). მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა, მატერიალური სამართლის ნორმიდან გამომდინარე კი, სასამართლომ თავადვე უნდა დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტების (მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების) ამომწურავი წრე, რათა მას არ მოუწიოს იმ გარემოებათა დადგენა, რომლებსაც საქმისათვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვთ, და პირიქით, რათა მთელი სამართალწარმოება საძიებელ ფაქტებზე იქნეს ორიენტირებული. წინამდებარე დავაში შესაძლებელია ზემოთ დასახელებული გარემობებების გარდა, სხვა გარემოებსაც აქვს ადგილი (მაგალითად ზიანის ოდენობა, სესხის ვადის გადაცილება, მხარეთა შორის მიმოწერები და ა.შ.) მაგრამ სხვა გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებას, დავის გადაწყვეტისათვის ნიშვნელობა არ აქვს. საქმისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, ის უდაო და სადაო ფაქტობრივი გარემოებები, რაც სასამართლომ დაახარისხა შესაბამის პუნქტებში, წარმოადგენს თუ არა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საფუძველს. სხვა დანარჩენი საკითხების სამართლებრივ შეფასებას, საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვს. სარჩელის უზრუნველყოფად გამოყენებული ღონისძიების გაუმართლებლობით გამოწვეული ზიანი, არაა ფაქტობრივი გარემოება. იგი სამართლებრივი შეფასების საგანია და მასზე სასამართლო იმსჯელებს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ე------ ა---–------ის, ლ--–- ა---–------ის და რ----- ა---–------ის შუამდგომლობით საფუძვლიანად იქნა გამოყენებული, რის გამოც მიუღებელი შემოსავალი არაა მათი მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედებით დადგარი ზიანი. შესაბამისად სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

- საქართველოს კონსტიტუცია

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, სასამართლოს მეშვეობით დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ამიტომაც გადაწყვეტილების მიღებისას, ორივე მხარის პატივდსადები ინტერესები გათვალისწინებული უნდა იქნას თანაბრად. განსახილველ საქმეში მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხეების მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების უსაფუძვლოდ გამოყენებამ, დააკარგვინა შემოსავალი და ამ გზით მიაყენა ზიანი. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ თუ მოპასუხეების მიერ გამოყენებულ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას არ მოყვა შედეგი და დავის პროცესში მოსარჩელემ უსაფუძვლო უზრუნველყოფის ღონისძიებით დაკარგა შემოსავალი, იგი მიუღებელ შემოსავლად უნდა დაკვალიფიცირდეს. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს მიუღებელი შემოსავალის ანაზღაურება.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლება შესაბამისი საფუძვლის გარეშე არ არსებობს. თანხის გადახდის მოთხოვნას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ვალდებულების არსებობა (საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მოსარჩელის მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. უსაფუძვლო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება დელიქტური ვალდებულების სპეციალურ სახეს წარმოადგენს, თუმცა იგი არა ზიანის ანაზღაურების ზოგადი წესებით, არამედ - სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგულირდება. დასახელებული ნორმით ,,თუ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, ანდა იმის გამო, რომ სასამართლომ ამ კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გააუქმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, მაშინ ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა უზრუნველყოფა, ვალდებულია აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი, რომელიც მას მიადგა სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების შედეგად”.

 

6.3. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით დამდგარი ზიანის ანაზღაურების საფუძვლები შედარებით სპეციფიკურია. სხვა ტიპის დელიქტური ვალდებულებისაგან განსხვავებით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით დამდგარი ზიანის საფუძველზე, ვალდებულების წარმოშობისათვის სინთეზურად უნდა გამოვიყენოთ, როგორც საქ. სსკ-ის 992-ე მუხლის, ასევე 199-ე მუხლის დისპოზიციით განსაზღვრული ელემენტები. კერძოდ:

- საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება;

- ზიანის არსებობა;

- დამდგარ ზიანსა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების კავშირი (მიზეზობრივი კავშირი);

- გაუმართლებელი სარჩელის უზრუნველყოფის უსაფუძვლო ღონისძიება.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ მომავალში მისაღები გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე სასამართლო ხშირად გამოიყენებს სამომავლო გადაწყვეტილების აღსრულების წინასწარი უზრუნველყოფის ღონისძიებას. იმისათვის, რომ სამომავლო გადაწყვეტილების აღსრულებას ხელი არ შეეშალოს, სასამართლო აყადაღებს ქონებას, საბანკო ანგარიშებს, ფასიან ქაღალდებს, კრძალავს გარკვეულ მოქმედებებს და ღებულობს სხვა სახის ღონისძიებებსაც. ასეთი შეზღუდვის გამოყენებისას სავალდებულოა არსებობდეს უშუალო კავშირი სასარჩელო მოთხოვნასა და უზრუნველყოფის ღონისძიებას შორის. ნათელი უნდა იყოს, რომ უზრუნველყოფის საშუალების გამოყენება არის გადაწყვეტილების აღსრულების გარანტი და ამ ღონისძიების გამოყენების გარეშე აშკარა უნდა იყოს, მისი მომავალში აღსრულების შეუძლებლობა. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების უფლება მოსარჩელეს ენიჭება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის საფუძველზე. სარჩელის უზრუნველყოფის საფუძველია ამ სარჩელზე მომავალში მისაღები გადაწყვეტილების აღსრულების გართულების ან გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის დასაბუთებული ვარაუდი. სასამართლო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას გამოიყენებს იმ შემთხვევაში თუ:

- არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა, რის გამოც აუცილებელია გამოყენებული იქნას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

- არსებობს აუცილებელი კავშირი გამოსაყენებელ უზრუნველყოფის ღონისძიებას და დავის საგანს შორის (პირდაპირი კავშირი).

- გამოყენებული ღონისძიება უზრუნველყოფს მოსარჩელის სასარგებლო გადაწყვეტილების აღსრულებას.

- სამომავლო გადაწყვეტილება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე ვერ აღსრულდება ან გართულდება მისი აღსრულება.

- მოსამართლის დასაბუთებულია ვარაუდი, რომ სარჩელი დაკმაყოფილდება.

მოცემული კრიტერიუმები აუცილებელია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის. თუ რომელიმე მათგანი არ არსებობს, ეს იმას ნიშნავს, რომ არც უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობა არ არსებობს. სარჩელის უზრუნველყოფის საპროცესო ინსტიტუტის მიზანი სარჩელის დაცვაა, იგი სასამართლოს მიერ გამოყენებული დროებითი ღონისძიების ისეთ სახეა, რომლის მიზანი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება და მისი აღსრულების ხელშეწყობაა. ამ თვალსაზრისით, იგი მოპასუხის უფლებისა თუ ინტერესის შევიწროებას გულისხმობს, თუმცა იგი არ უნდა იყოს გამოყენებული, როგორც მოპასუხის უფლებების უპირობოდ შემზღუდველი ღონისძიება. ბუნებრივია, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება იწვევს უზრუნველყოფის ობიექტზე მოპასუხის უფლებების სრულ ან/და ნაწილობრივ შეზღუდვას. თუმცა, ასეთი შეზღუდვის უკან მოსარჩელის ლეგიტიმური ინტერესი დგას - უზრუნველყოფილ იქნეს სასამართლოს მიერ მისაღები გადაწყვეტილების შეუფერხებელი აღსრულება. საქმეში აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლოსათვის საჩივრის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება. ევრო სასამართლომ ,,ჰორნსბი საბერძნეთის წინააღმდეგ”, საქმეზე განმარტა, რომ გადაწყვეტილების აღუსრულებლობის გარანტიის შექმნა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლის დანაწესს, რომლის მიხედვითაც 6-ე მუხლით გარანტირებული უფლება მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობაზე იქნებოდა ილუზიური, თუკი ეროვნული სასამართლოს სისტემა დაუშვებს, რომ საბოლოოდ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება ვერ აღსრულდეს. განსახილველ საქმეში სასამართლომ იმსჯელა ე------ ა---–------ის, ლ--–- ა---–------ის და რ----- ა---–------ის შუამდგომლობაზე. მიიჩნია, რომ სააღსრულებო ფურცლის კანონიერების შემოწმებამდე აუცილებელი იყო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. შესაბამისად 2015 წლის 16 ოქტომბერს გამოიყენა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა 2015 წლის 18 თებერვალს ნოტარიუს მ------ კ-----–---–იას მიერ გაცემული (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №1--------) სააღსრულებო ფურცლის აღსრულება.

 

6.5. შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხია გაირკვეს 2015 წლის 16 ოქტომბრიდან დავის დასრულებამდე, ლ------ პ---–------მა 2015 წლის 18 თებერვლის სააღსრულებო ფურცლის აღუსრულებლობით დაკარგა თუ არა შემოსავალი. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის საქმიანობაა სარგებელის დარიცხვით კუთვნილი თანხიდან მოგების მიღება. 18 000 აშშ დოლარზე თვეში 3% დარიცხვის მეთოდით, ის მიიღებდა 540 აშშ დოლარის შემოსავალს. 6 თვეში კი ის სარგებელის სახით მიიღებდა 19 800 აშშ დოლარს. შესაბამისად მოსარჩელეს გარკვეული ზიანი ნამდვილად მიადგა.

 

6.6. განსახილველ დავაში ერთერთი მნიშვნელოვანი საკითხია ზიანის წარმოშობაში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ,,დამსახურება“. ანუ ზიანი გამოწვეულია თუ არა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით დგინდება, რომ მიუღებელი შემოსავალი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებითაა გამოწვეული. უდაოა, რომ 2013 წლის 5 ივნისს ლ------ პ---–------ს და ე------ ა---–------ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ლეილა ა---–------ის და რ----- ა---–------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: - ქ. ბათუმი, დ-----–----------------ი, ს/კ 0-.3-.2-.1--- აღსრულების შეჩერებით ,,დამუხრუჭდა“ უზრუნველყოფს საგნის რეალიზაცია, რასაც შედეგად მოჰყვა ის, რომ ლ------ პ---–------მა ვერ მიიღო ის თანხა, რაც სააღსრულებო ფურცლით იყო გათვალისწინებული. შესაბამისად მოსარჩელემ მსესხებლისაგან თანხა, რომ ვერ მიიღო და სარგებელის პირობით ახალი სესხი ვერ გასცა, ეს გარემოება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებითაა განპირობებული.

 

6.7. მოპასუხეთა პასუხისმგებლობის განსაზღვრისათვის შესაფასებელი დარჩა საკითხი: - გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება იყო თუ არა საფუძვლიანია, ანუ მას მოჰყვა თუ არა შედეგი. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ დავის მიმდინარეობის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში, მხარეთა გარკვეული უფლებების შეზღუდვა, დავის მოსალოდნელი რისკია. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობის საფუძველი, ყველა მოქმედება ვერ იქნება. ასეთი საფუძველი შესაძლოა გახდეს დავაში მონაწილე მხარის ისეთი განზრახი მოქმედება, რომელიც მიმართულია მოწინააღმდეგე მხარის უფლებების გაუმართლებელი შეზღუდვისაკენ და სცდება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის კანონით დაცულ ინტერესს. ასეთ შემთხვევასთან შეიძლება გვქონდეს საქმე, როცა, მაგალითად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით იკვეთება მოსარჩელის/მოპასუხის აშკარა, ბრალეული ან/და არაკეთილსინდისიერი, უფლების ბოროტად გამოყენების ფარგლებში განხორცილებული ქმედება, რომლის ერთადერთი მიზანი აღსრულების გაჭიანურების გზით მეორე მხარისათვის ზიანის მიყენებაა. გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა.

 

უდაოა, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სადაო გახდა სააღსრულებო ფურცლის კანონიერება. ლ------ პ---–------მა ნოტარიუსს განუმარტა, რომ აღსასრულებელი ვალდებულებაა:

- სესხის ძირი თანხა - 18000 აშშ დოლარი.

- შემცირებული პირგასამტეხლო - 13 000 აშშ დოლარი.

 

აღმასრულებელმა წარმოდგენილი ხელშეკრულებისა და ლ------ პ---–------ის განმარტების საფუძველზე მოპასუხის ვალდებულებად განსაზღვრა დასახელებული თანხა და მისი ამოღების მიზნით სააღსრულებო ფურცლით დაადგინა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია. მოვალეებმა სადაო გახადეს ვალდებულების მოცულობა, მაგრამ მასზე მხარეები ვერ შეთანხმდნენ, რის გამოც დავამ გადაინაცვლა სასამართლოში. ე------ ა---–------ი, ლეილა ა---–------ი და რ----- ა---–------ი მიიჩნევდნენ, რომ მათ უფრო ნაკლები თანხა ჰქონდათ გადასახდელი, ვიდრე ეს სააღსრულებო ფურცელშია მითითებული. სააღსრულებო ფურცლის კანონიერების შემოწმებამდე კი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებად აღსრულების შეჩერება იქნა გამოყენებული. საბოლოო ჯამში ე------ ა---–------ის ვალდებულებად დადგინდა:

- ძირი თანხა - 18 000 დოლარი;

- პირგასამტეხლო - 5531 აშშ დოლარი.

6.8. მნიშვნელოვანია შევაფასოთ ის გარემოებაც, თუ რა მოჰყვებოდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობას. ლოგიკური აზროვნების საფუძველზე იპოთეკის საგანი - ქ. ბათუმი, დ-----–----------------ში, 0-.3-.2-.1-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება რეალიზებული იქნებოდა 31 000 აშშ დოლარის ამოღების მიზნით. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დგინდება, რომ მოვალეებს 31 000 აშშ დოლარი გადასახდელი არ ჰქონდათ. მათი ვალდებულება განისაზღვრა 23 531 აშშ დოლარით და ეს თანხა მათ დავის დასრულებამდე მოკლე დროში გადაიხადეს. აღნიშნული ნიშნავს მას, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით მოპასუხეებმა თავიდან აიცილეს 31 000 აშშ დოლარის ამოსაღებად კუთვნილი უძრავი ქონების რეალიზაცია. აღნიშნული ადასტურებს მას, რომ სარჩელის უზრუნველყოფა საქმეზე გამართლებული აღმოჩნდა. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელიც სრულად ან ნაწილობრივად დაიცავს სამომავლო გადაწყვეტილებას, არ წარმოადგენს გაუმართლებელ ღონისძიებას და გამორიცხავს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით დამდგარი ზიანის ანაზღაურებას. შესაბამისად სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის I ნაწილით პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ხოლო მესამე ნაწილით სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ ბაჟის ოდენობა გამოიანგარიშა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დაცვით. დასახელებული ნორმით სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა. სამოქალაქო სსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტით ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელის დროს დავის საგნის ფასი განისაზღვრება გადასახდელი თანხით. საქმეში მოსარჩელე დაობს 12960 აშშ დოლარზე. ამ თანხის 3 % შეადგენს 1580 ლარს.

 

7.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამიტომ ბაჟის თანხა მოპასუხეს უნდა დაეკისროს. მას ბაჟი წინასწარ აქვს გადახდილი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქ. სსკ–ის 1991–ე მუხლით სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

საქმის მასალებით დგინდება, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 ნოემბრის განჩინებით (საქმე N 2-4365/17) ლ------ პ---–------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით რ----- ა---–------ს (პ/ნ 6----------) და ლ--–- ა---–------ს (პ/ნ 6----------) იმგვარად აეკრძალათ მათ საკუთრებაში დარეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე - ბათუმი, ა---–---------------------ში (ს/კ 0-.3-.2-.1--), მდებარე მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული შენობა-ნაგებობის (საერთო ფართი - 142.30 კვ.მ) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ამ ღონისძიებამ ხელი არ შეუშალოს ამ უძრავი ქონების ნაწილის, კერძოდ 221.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ 0-.3-.2-.1--), ბათუმის საქალაქო სასამართლოს 21.09.2017 წლის გადაწყვეტილებით მინიჭებული ექსპროპიაციის უფლების შესაბამისად, ცალკე საკადასტრო ერთეულად გამოყოფას და ექსპროპიატორის საკუთრებაში დარეგისტრირებას, ასევე ამ მიწის ნაკვეთზე უკვე არსებული იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმებას.

 

გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქ. სსკ–ის 1991–ე მუხლის საფუძველზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ლ------ პ---–------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. საქმეზე სახ. ბაჟი გადახდილია;

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდეს და რ----- ა---–------ი (პ/ნ 6----------) და ლ--–- ა---–------ი (პ/ნ 6----------) გათავისუფლდნენ ქ. ბათუმში ა---–---------------------ში (ს/კ 0-.3-.2-.1--), მდებარე მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული შენობა-ნაგებობის (საერთო ფართი - 142.30 კვ.მ) გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვისაგან.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. №30);

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე