გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/25230-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
05 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ლაკერბაია
სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი
მოსარჩელე - ზ------ ტ-------–---–-
წარმომადგენელი - გ------- ქ----–---–-
მოპასუხე - შპს ,,ა---’’
წარმომადგენელი - ი-----–- ნ--------, გ---- დ--------
დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების -1 200 ლარის გადახდა.
(იხ. სარჩელი, დაზუსტებული სასარჩელო განცხადება ს.ფ. 64).
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
ზ------ ტ-------–---–- (შემდგომში მოსარჩელე/დასაქმებული) 2018 წლის ზაფხულიდან 2019 წლის 10 ივნისის ჩათვლით დასაქმებული იყო შპს ,,ა---’’-ში (შემდგომში მოპასუხე/დამსაქმებელი). შრომითი ურთიერთობის განმავლობაში მოსარჩელე აწყობდა და არემონტებდა თხევადი გაზის ავტოგაზგასამართ სადგურებს.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე კომპანიის დირექტორთან მომხდარი უთანხმოების გამო, მან დატოვა სამსახური. მოპასუხე უარს აცხადებს სამსახურიდან წამოსვლამდე მის მიერ გამომუშავებული თანხის - 1 200 ლარის ანაზღაურებაზე, აღნიშნული თანხა გამომუშავებულია ორი გაზგასამართი სადგურის და ერთი ტაბადორის (დეტალის) შეკეთებით.
2.1. მოპასუხის პოზიცია სარჩელთან მიმართებით.
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე მითითებული პოზიციით სარჩელი არ ცნო. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელე კომპანიაში დასაქმდა 2018 წლის ოქტომბერში და მას დაევალა ავტოგაზგასამართი სადგურების მონტაჟი და მათი გამართული მუშაობის უზრუნველყოფა. 2018 წლის ნოემბრიდან კი მოსარჩელე შეთავსებით ასრულებდა ავტომანქანის მ------–-- ფუნქციასაც. აღნიშნული სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ მოსარჩელის შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 1 250 ლარით.
მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ავლენდა სხვა პირთა მიმართ შეურაცხმყოფელ ქცევას. არაერთი სიტყვიერი შენიშვნის შემდეგ, კი მოსარჩელემ სამსახური თვითნებურად მიატოვა, რასაც დამსაქმებლის მხრიდან მოჰყვა ადეკვატური რეაგირება - მისი სამსახურიდან გათავისუფლება. გაუგებარია რა ფაქტობრივ გარემოებებს ეფუძნება სასარჩელო მოთხოვნა, ვინაიდან მოსარჩელეს შრომითი მოვალეობის შესრულებისას საქვეანგარიშოდ მიღებული აქვს 5 310 ლარი, რაზეც მის მიერ დღემდე არ არის წარმოდგენილი ხარჯვის დამდასტურებელი დოკუმენტები.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოპასუხე კომპანიის 2018 წლის 01 ოქტომბრის ბრძანების თანახმად, მოსარჩელე მიღებულ იქნა სამუშაოზე და დაეკისრა ავტოგაზგასამართი სადგურების მონტაჟისა და მისი მართული მუშაობის უზრუნველყოფის ფუნქცია-მოვალეობების შესრულება. აღნიშნული ბრძანების თანახმად, მოსარჩელის შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 625 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბრძანება (ს.ფ.38);
- ახსნა-განმარტება.
3.1.2. მოპასუხე კომპანიის 2018 წლის 01 ნოემბრის ბრძანების თანახმად, მოსარჩელეს მასზე დაკისრებული ძირითადი სამუშაოს გარდა შეთავსებით დაეკისროს სადისტრიბუციო მანქანის მ------–-- ფუნქცია-მოვალეობა. ამავე ბრძანების თანახმად, მოსარჩელის შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 625 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბრძანება (ს.ფ.39);
- ახსნა-განმარტება.
3.1.3. მოპასუხე კომპანიის 2019 წლის 10 ივნისის ბრძანების თანახმად, ამ თარიღიდან მოსარჩელე გათავისუფლდა სამუშაოდან მის მიერ თვითნებურად სამსახურში გამოუცხადებლობის და მის მიერ შრომითი ურთიერთობის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების უხეში დარღვევის გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბრძანება (ს.ფ.37);
- ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმის მასალებით არ დასტურდება მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის სახელფასო დავალიანების ან/და შესრულებული სამუშაოს ღირებულების დავალიანების არსებობის ფაქტი.
სასამართლო განმარტავს, რომ დასაქმებულის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების შემთხვევის მსგავსად (იხ. სუსგ №ას-1183-1125-2014, 2015 წლის 13 თებერვალი; №ას-1004-965-2014, 2015 წლის 8 აპრილი; №ას-922-884-2014, 2015 წლის 16 აპრილი), მოცემულ შემთხვევაშიც დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მას მოსარჩელის მიმართ არ გააჩნია სახელფასო დავალიანება, ან არ გააჩნია დავალიანება მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ დამსაქმებელს არ აუნაზღაურებია მისთვის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე შესრულებული სამუშაოს ღირებულება, შესაბამისად იგი მოითხოვს არა რიცხული სახელფასო დავალიანების, არამედ შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურებას. უპირველესად გასათვალისწინებელია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, წარმოდგენილი ხელწერილი (ს.ფ. 15) ვერ განიხილება შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ სათანადო და განკუთვნად მტკიცებულებად.
გარდა აღნიშნულისა, განსახილველ შემთხვევაში არსებითია ის გარემოება, რომ დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილია ცნობა (ს.ფ. 40-42) რომლითაც დასტურდება მის მიერ მოსარჩელესთან ანგარიშსწორებიდ განხორციელების ფაქტი. კერძოდ, წარმოდგენილი ცნობის თანხმად დასტურდება, რომ მოსარჩელეს 2019 წლის მაისში (შრომითი ურთიერთობის ბოლო თვეს) დამსაქმებლისგან მიღებული აქვს 2 385 ლარი. ამასთანავე, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა შეწყდა 2019 წლის 10 ივნისს, დამსაქმებლის მიერ ამავე წლის 24 ივნისს მოსარჩელისთვის გადახდილია 1 200 ლარი დანიშნულებით - ,,საქვეანგარიშოდ’’. რაც სხვაგვარი ფაქტობრივი გარემოებების არ არსებობის პირობებში გულისხმობს დამსაქმებლის მიერ მოსარჩელისთვის იმ ანაზღაურების გადახდას, რომელსაც იგი მოითხოვს წარმოდგენილი სარჩელით.
საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლო თვლის, რომ მოპასუხემ განახორციელა მასზე, როგორც დამსაქმებელზე არსებული მტკიცების ტვირთის ჯეროვანი რეალიზება და დაადასტურა მოსარჩელის მიმართ სახელფასო დავალიანების არ არსებობის ფაქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა/ამონაწერი (ს.ფ. 40-42)
- ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე არ არსებობს წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს შრომის კოდექსის მე-2, მე-6, 31-ე, 34-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).
ევროპის სოციალური ქარტიის (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 1 ივლისის დადგენილებით) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შრომის უფლების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ ეფექტიანად დაიცვან მუშაკის მიერ ნებაყოფლობით არჩეული სამუშაოს შესრულების გზით ფულადი სახსრების გამომუშავების უფლება. მაშასადამე, ქარტია განამტკიცებს დასაქმებულის უფლებას მიიღოს ანაზღაურება შრომითი მოვალეობის შესრულების სანაცვლოდ, რაც უზრუნველყოფილია ეროვნული კანონმდებლობითაც.
საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.
საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. ამავე კოდექსის 31-ე მუხლის შესაბამისად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომის ხელშეკრულებით. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს შრომითი ურთიერთობის ის პრინციპები, რაც ამ სამართლებრივ ურთიერთობას განარჩევს ნებისმიერი სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობისაგან. უპირველესად, ეს არის ურთიერთობის სუბიექტები: დამსაქმებელი და დასაქმებული, გარდა ამისა, დასაქმებული ეწევა დაქვემდებარებულ საქმიანობას, ასრულებს დამსაქმებლის მითითებას სათანადო ანაზღაურების პირობით.
საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. ამავე კოდექსის 34-ე მუხლით კი დადგენილია, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა.
განსახილველ შემთხევაში უდავოა მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულების დადების და მისგან წარმოშობილი შრომითსამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტი, რომლის თანახმადაც განისაზღვრა მოსარჩელეთათვის ყოველთვიურად გადასახდელი ხელფასის ოდენობა და გაცემის წესი. სასამართლომ დადგენილად არ მიიჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ერიცხება სახელფასო დავალიანება მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა სასარჩელო მოთხოვნა სახელფასო დავალიანების დაკისრების თაობაზე და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის, პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 100 ლარი (ს.ფ. 19-20). ვინაიდან, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ პუნქტის საფუძველზე, მას უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ზ------ ტ-------–---–-ს სარჩელი მოპასუხე შპს ,,ა---’’-ს მიმართ არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელე ზ------ ტ-------–---–- დაუბრუნდეს მის მიერ 01.10.2019წ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი (გადამხდელი - გ------- შიოშვილი; ბანკის კოდი: TRESGE22, საგადასახადო დავალება N0);
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ლაკერბაია