გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.02.2020
საქმის ნომერი
330210019003340593
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
12.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/31939-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 თებერვალი 2020 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ლაკერბაია

სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი

მოსარჩელე - შპს ,,ფ------- შ------ ც-------’’

წარმომადგენელი - ი--- ა------–---–-

მოპასუხე - დ---- ბ---------

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ შრომითი ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე პირგასამტეხლო - 437.50 ლარის ოდენობით.

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

შპს ,,ფ------- შ------ ც-------’’-სა (შემდგომში მოსარჩელე/დამსაქმებელი) და დ---- ბ---------ს (შემდგომში მოპასუხე/დამსაქმებელი) შორის 2019 წლის 23 მაისს დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოპასუხე დაინიშნა დღის კონსულტანტის თანამდებობაზე. ხელშეკრულების 7.6 პუნქტის მიხედვით დასაქმებულმა 30 კალენდარული დღით ადრე, წერილობით უნდა გააფრთხილოს დამსაქმებელი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ.

 

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ ყოველგვარი შეტყობინების და გაფრთხილების გარეშე - 2019 წლის 07 სექტემბერს ხელფასის აღებიდან მეორე დღეს თვითნებურად, გაფრთხილების გარეშე მიატოვა სამუშაო ადგილი და აღარ გამოცხადებულა შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად. აღნიშნულის თაობაზე სუპერმარკეტის გენერალურმა მენეჯერმა აცნობა კომპანიის ადამიანური რესურსების განყოფილებას. დამსაქმებლის ბრძანების შესაბამისად, მოპასუხესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

ხელშეკრულების 6.5 მუხლის თანახმად, მოპასუხის ერთი თვის ხელფასი განისაზღვრა 437.50 ლარის ოდენობით. ამავე ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხის მიერ შრომითი ხელშეკრულების შესაწყვეტად დადგენილი 30 დღიანი ვადის დაუცველობის გამო, მას ეკისრება პირგასამტეხლო ერთი თვის სახელფასო სარგოს - 437.50 ლარის ოდენობით.

 

2.1. მოპასუხის პოზიცია სარჩელთან მიმართებით.

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე წარმოდგენილი წერილობითი პოზიციით მოპასუხემ მიუთითა შრომითი ხელშეკრულების არამართლზომიერ პირობებზე და ასევე მიუთითა, რომ არსებობდა მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2019 წლის 23 მაისს მხარეებს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოპასუხე მოსარჩელე კომპანიაში დასაქმდა დღის კონსულტანტის პოზიციაზე.

ხელშეკრულების 6.5 მუხლის თანახმად, მოპასუხის ერთი თვის ხელფასი განისაზღვრა საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით განისაზღვრა 437.50 ლარით.

ხელშეკრულების 7.6 პუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების დასაქმებულის ინიციატივით შეწყვეტისას დასაქმებული ვალდებულია არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი წინასწარ წერილობითი შეტყობინების საფუძველზე. აღნიშნული პირობის დარღვევის შემთხვევაში დამსაქმებელი უფლებამოსილია მოითხოვოს, ხოლო დასაქმებული ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო ერთი თვის ხელფასის ოდენობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ს.ფ.18-21);

- ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. 2019 წლის 07 სექტემბრიდან მოპასუხე არ გამოცხადდა შრომითი ხელშეკრულებით დადგენილი ვალდებულებების შესასრულებლად სამსახურში. მას შრომითი ხელშეკრულების საკუთარი ინიციატივით შეწყვეტის შესახებ არ უცნობებია დამსაქმებლისთვის შრომითი ხელშეკრულების 7.6 პუნქტით დადგენილი 30 კალენდარული დღით ადრე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ახსნა-განმარტება;

- მოხსენებითი ბარათი (ს.ფ. 24).

 

3.1.3. მოსარჩელე კომპანიის გენერალური დირექტორის 2019 წლის 12 სექტემბრის ბრძანების თანახმად, მოპასუხე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ბრძანება (ს.ფ.23);

- ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავო არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს რის გამოც არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლი; შრომის კოდექსის 1-ლი, მე-2, 37-ე მუხლები; სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე, 420-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.

 

საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლით უზრუნველყოფილია „შრომის თავისუფლება’’. აღნიშნული მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით.

 

კონსტიტუციის ეს დებულება პირველ რიგში მოიცავს შრომითი ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპს, რადგან შრომითი ხელშეკრულების დადების თავისუფლება შრომის სამართალში აღიარებულია, როგორც კონსტიტუციით უზრუნველყოფილი და განმტკიცებული კონცეფცია. შრომის თავისუფლების კონსტიტუციური პრინციპიდან გამომდინარე, დასაქმებული თავისუფალია თავის სამუშაოსა და დამსაქმებლის არჩევანში და ამგვარად მას აქვს შესაბამისი თავისუფლება, გააფორმოს ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულება. შრომის თავისუფლება გულისხმობს სამუშაოს კატეგორიის თავისუფალ არჩევანსაც. შრომის თავისუფლება მოიცავს ადამიანის უფლებას, თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის სფერო და პროფესია. („საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები“, სახელმძღვანელო მოსამართლეების, იურისტებისა და სამართლის პედაგოგებისათვის, გვ. 27)

 

კონსტიტუციის ზემოთ დასახელებულ მუხლში, მითითებული „შრომის თავისუფლება’’ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „იმას ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება, თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში, თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის ესა თუ ის სფერო“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №2/4-24; 28.02.1997წ.). ასევე, „შრომის თავისუფლებაში იგულისხმება სახელმწიფოს ვალდებულება, იზრუნოს მოქალაქეთა დასაქმებაზე და დაიცვას მათი შრომითი უფლებები’’ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №2/2- 389; 26.10.2007წ.). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებითვე, ,,კონსტიტუციის პირველი პუნქტით დაცულია არამარტო უფლება, აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება, განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო’’ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №2/2- 389; 26.10.2007წ.) .

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლით (კონსტიტუციის ახალი რედაქციის თანახმად 26-ე მუხლი) აღიარებულია პირის უმნიშვნელოვანესი სოციალური უფლება - შრომის უფლება და დადგენილია, რომ შრომა თავისუფალია. შრომის კონსტიტუციური უფლება გარანტირებულს ხდის პირის თავისუფლებას, შრომითი საქმიანობის არჩევანში და მის განხორციელებაში, ამასთან, აწესებს სახელმწიფოს ვალდებულებას დასაქმებული მოქალაქის შრომითი უფლებების დაცვაში, რაც უზრუნველყოფილია სათანადო კანონით - შრომის კოდექსით. (იხ. სუსგ. №ას-1261-1520-09, 23.03.2010წ.; №ას-397-370-2010, 11.10.2010წ.; №ას-838-889-2011, 19.09.2011წ.; №ას-427-403-2013, 25.06.2013წ.)

 

ამდენად, ზემოთ აღნიშნული განმარტებებიდან გამომდინარე, „შრომის თავისუფლება’’ მოიცავს როგორც მხარის უფლებას თავისი ნების შესაბამისად აირჩიოს შრომითი საქმიანობა, ასევე უფლებას აირჩიოს დამსაქმებელი ან/და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე შეწყვიტოს მასთან შრომითი ურთიერთობა.

 

მოცემულ შემთხვევაში, უდავოა მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულების არსებობის ფაქტი, ასევე უდავოა, რომ შრომითი ხელშეკრულების 7.6 პუნქტის თანახმად, დასაქმებული ვალდებული იყო ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე ეცნობებინა დამსაქმებლისთვის ამის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დასაქმებულს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო 1 თვის ხელფასის ოდენობით. ასევე უდავოა, რომ მოპასუხემ აღნიშნული ვადის დაუცველად უარი განაცხადა შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, რაც გამოიხატა მის მიერ სამსახურში გამოუცხადებლობით. შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება მოპასუხის მიერ ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი, რაც ხელშეკრულების დანაწესითვე მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე წინასწარი შეტყობინების თაობაზე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტზე, რაც გახდა მისთვის პირგასამტეხლოს სახით 437.50 ლარის დაკისრების საფუძველი.

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის’’ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მოპასუხე მიუთითებს მოსარჩელის მიერ დარიცხული პირგასამტეხლოს არაგონივრულ ოდენობაზე.

 

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა - 437.50 ლარი, შეუსაბამოდ მაღალია და იგი უნდა შემცირდეს. კერძოდ, მოპასუხეს მისი გადახდა უნდა დაეკისროს სასამართლოს მიერ 10-ჯერ შემცირებული ოდენობით და პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 43.75 ლარით. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი გადახდება მოპასუხის, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამ ნორმის მიხედვით, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 1.31 ლარის ანაზღაურება. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი კი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,ფ------- შ------ ც-------’’-ს სარჩელი მოპასუხე დ---- ბარბაქაძის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

მოპასუხე დ---- ბ---------ს მოსარჩელე შპს ,,ფ------- შ------ ც-------’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 43.75 ლარის გადახდა;

 

2. მოპასუხე დ---- ბ---------ს მოსარჩელე შპს ,,ფ------- შ------ ც-------’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1.31 ლარის ანაზღაურება;

 

3. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი - 98.69 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ლაკერბაია