განაჩენი

სისხლის სამართლის 23.01.2020
საქმის ნომერი
330100120003395223
თარიღი
23.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/17-20 (N------------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

23 იანვარი, 2020 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - მალხაზ ენუქიძე

სხდომის მდივანი - ნინო დანელია

სხდომის სახე: ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ--–--------–ი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - გ---------------------–--ე დაბადებული 1----–-–-------------- საქართველოს მოქალაქე, (პირადი #0----------), უმაღლესი განათლებით, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები თ---–--------–---------------------------------------

 

კვალიფიკაცია

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ქვეპუნქტი - ქურდობა, ესე იგი სხვსი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (ორი ეპიზოდი).

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 30 ოქტომბერს, დაახლოებით 23:00 საათზე გ------–--ე, თბილისში, დ-----------–-----–----------------ში მდებარე შპს ,,გ--------------–--ის“ ნერგების მაღაზიიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ერთ ცალ ნაძვის ნერგს, რითაც ამ უკანასკნელმა განიცადა 300 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2019 წლის 4 ნოემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, გ------–--ე თბილისში, დ-----------–-----–----------------ში მდებარე შპს ,,გ--------------–--ის“ ნერგების მაღაზიიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ორ ცალ ნანდინას ნერგს, რითაც ამ უკანასკნელმა განიცადა 300 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

გ------–--ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაული დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით: მოწმეების - ბ----–--–---–-–---–------------–---–--------- გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულის გ------–--ის გამოკითხვის ოქმით, საგამოძიებო ექსპერმენტის ოქმებით, ამოღებული ნივთებით, ამოღების ოქმით, ამოცნობის ოქმებით, ნივთმტკიცების გახსნა დათვალიერების ოქმით. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ ბრალდებულმა წარდგენილ ბრალდებაში სრულად ცნო თავი დამნაშავედ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ გ------–--ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის - ქურდობისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ქურდობის შემადგენლობის დროს, აუცილებელია, რომ მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს ფარულად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებდეს ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი. ამასთან, ფარულობა გულისხმობს დამნაშავის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ასევე ნებისმიერ სხვა პირთან უშუალო შეხებას, რათა მისი ქმედება გარკვეულ დრომდე შეუმჩნეველი დარჩეს. ქურდობას ექნება ადგილი ასევე ისეთი შემთხვევაშიც, როდესაც პირის ქმედება არ რჩება შეუმჩნეველი სხვა პირისათვის, თუმცა დამნაშავემ ეს არ იცის და დარწმუნებულია, რომ მას ვერ ხედავენ. ამ შემთხვევაში გადამწყვეტია დამნაშავის სურვილი - დანაშაული ფარულად ჩაიდინოს და იმის შეგნება, რომ ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლება ხდება სხვებისგან შეუმჩნევლად, თუმცა შესაძლებელია რეალურად მისი მოქმედება აშკარა ხასიათსაც ატარებდეს. ქურდობის ობიექტური მხარე სავალდებულო ნიშნად მიიჩნევს, მავნე შედეგის დადგომას ან ასეთი შედეგის დადგომის საფრთხის შექმნას, ამიტომ ქურდობა დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავე დაეუფლა სხვის ქონებას და აქვს რეალური შესაძლებლობა განკარგოს ეს ქონება თავისი შეხედულებისამებრ, იმისდა მიუხედავად, მოახდინა თუ არა მან ამ შესაძლებლობის რეალიზება. სუბიექტური მხარე პირდაპირი განზრახვით ხასიათდება, რა დროსაც პირს გაცნობიერებული აქვს, რომ მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ნივთს. ითვალისწინებს რომ თავისი მოქმედების შედეგად ზიანს აყენებს მის მესაკუთრეს ან მფლობელს და მაინც სურს ამ შედეგის დადგომა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გ------–--ის ქმედება შეიცავს დანაშაულის, კერძოდ, ქურდობის შემადგენლობის ყველა ნიშანს, ბრალს - პირდაპირი განზრახვის ფორმით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რაც გამოიხატა გ------–--ის მიერ ფარულად სხვისი ქონების დაუფლებაში და ხელყოფილ სამართლებრივ სიკეთეს - დაზარალებულის საკუთრების უფლებას. (მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ დაზარალებულის კუთვნილი ნივთები ამ უკანასკნელის მფლობელობიდან გავიდა მისი ნების გარეშე).

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნაზე, რომლის თანახმად, საქართველოს სსკ-ის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით, ხოლო დიდი ოდენობად - ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით. დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა ორივე ეპიზოდის შემთხვევაში აღემატებოდა კანონით გათვალისწინებულ ნიშნულს - 150 ლარს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ------–--ემ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვსი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (2019 წლის 30 ოქტომბრისა და 2019 წლის 4 ნოემბრის ეპიზოდები), რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ მოცემული ბრალდების ფარგლებში.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, გ------–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ჰყავს მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ საქმეზე წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება ბრალდებულმა უდავოდ ცნო და ამ მხრივ დაზოგა სასამართლოს რესურსი სრულად გამოეკვლია მტკიცებულებები. გ------–--ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ განაჩენის სამართლიანობის შეფასების კრიტერიუმს წარმოადგენს მსჯავრდებულის პიროვნების და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის შესაბამისობა სასჯელთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება - ისჯება შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ერთიანობაში აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გ------–--ის დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, წარსული ცხოვრების, დანაშაულის ჩადენის შემდეგ ქცევის გათვალისწინებით, უნდა განესაზღვროს პირობითი სასჯელი. ამასთან, მისი ქონებრივი და მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით (არის დასაქმებული, გააჩნია გარკვეული შემოსავლები) უნდა დაენიშნოს დამატებითი სასჯელი, ჯარიმის სახით.

 

ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი. კერძოდ: სამი ძირი მცენარე და პლასტმასის სამი ქოთანი, რომლებიც ინახება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებაში, საქმეზე საბოოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს დაზარალებულს _ შპს ,,გ--------------–--ს“.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 267-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 30 ოქტომბრისა და 2019 წლის 4 ნოემბრის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ დაენიშნოს:

 

2. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 30 ოქტომბრის ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.

 

3. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 4 ნოემბრის ეპიზოდი) _ თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მძიმე სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მძიმე სასჯელი და საბოლოო სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით ხოლო სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 03 (სამი) წელი და 06 (ექვსი) თვე.

 

5. მსჯავრდებულის გ------–--ეს ყოფაქცევაზე კონტროლი პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

6. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, თანხის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდით.

 

7. გაუქმდეს გ------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს სახით გადახდილი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტანს.

 

საქმეზე დართული ნივთმტკიცებები:

 

სამი ძირი მცენარე და პლასმასის სამი ქოთანი, რომელიც ინახება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს დაზარალებულს _ შპს ,,გ--------------–--ს“

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და მისი გასაჩივრება შეიძლება 1(ერთი) თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მალხაზ ენუქიძე