გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 251210019003066576
საქმე №2/140-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 მარტი, 2020 წელი ახმეტა
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლი
ახმეტის მაგისტრატისასამართლო
მოსამართლე მარინე ცერცვაძე
სხდომის მდივანი მიხეილ მოსიაშვილი
მოსარჩელე - დ-------- ლ------
მოპასუხე - შ--- ლ------
წარმომადგენელი - ვ-–-------- ს-------
დავის საგანი: ხელშეშლის აღკვეთა (გამოსახლება)
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1 გთხოვთ მოახდინოთ დ-------- ლ-----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან მდებარე: ახმეტა, ს. დ------–--ში უკანონო მყოფი პირის შ--- ლ-----ის გამოსახლება, რათა მოსარჩელეს ხელი აღარ შეეშალოს თავისი საკუთრების სარგებლობაში.
1.2. მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟი დაეკისროს მოპასუხე მხარეს
მოსარჩელის განმარტებით, 2010 წლის 16 დეკემბერს კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის N441-ის საფუძველზე მოსარჩელემ საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა თავისი უძრავი ქონება, მდებარე ახმეტა, სოფელი დ------–--, ს/კ 5-----------. უკვე რამდენიმე წელია რაც მოპასუხე შ--- ლ------ უკანონოდ არის შესული მოსარჩელის საკუთრებაში და მოსარჩელის მრავალჯერადი მოთხოვნის მიუხედავად ნებაყოფლობით არ ტოვებს მის საკუთრებას., უფრო მეტიც, მოსარჩელეს უკრძალავს იქ შესვლას, და მოსარჩელის ყოველი მცდელობა შევიდეს თავის უძრავ კუთვნილ ქონებაში სრულდება ჩხუბით და პილიციის ჩარევით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შ--- ლ------მ სარჩელის მოთხოვნა არ ცნო და განმარტა, რომ ფორმალურად არის დარეგისტრირებული მოსარჩელე სადაო ქონების მესაკუთრედ, მაგრამ სამართლებრივი საფუძველი, რომლის ძალითაც მან, როგორც 1970 წელს გარდაცვლილი თ------ ლ-----ის მემკვიდრემ, გაიფორმა საკუთრების უფლებით ქონება, რომელიც ო---–--- სასოფლო საბჭოს აღმასკომის 1983 წლის 5 ივლისის N60 ცნობით, აღიარებული იყო თ------ ლ-----ის საკუთრებად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ აღიარა არარა აქტად და გადაწყვეტილებაშივე განმარტა აქტის არარად აღიარების სამართლებრივი შედეგები. მოპასუხე შ--- ლ------ არსად არ შესულა და არ დაუფლებია უკანონოდ არც მანამდე და არც 2010 წელს. იგი კანონიერად ფლობდა და მართავდა ამ ქონებას მშობლებთან, ფორე ლ------სა და ტ----- ლ------სთან ერთად და ამ უკანასკნელის, ტ----- ლ-----ის გარდაცვალების შემდეგ გახდა რა ამ კომლის უფროსი, გააგრძელა ფლობაც და მართვაც ასევე კანონიერად, როგორც კანონიერმა მემკვიდრემ. მიუხედავად იმისა რომ მოსარჩელეს წარდგენილი აქვს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მას ჩაბარდა რა თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, (უზენაესი სასამართლოს განჩინება მისი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ) მისთვის ცნობილია, რომ აქტი, რომლიტაც მან დანაშაულებრივად შეიტანა მამკვიდრებლის ქონებაში/ სამკვიდრო მასაში ქონება და რომლის გარეშეც ის მესაკუთრედ ვერ დარეგისტრირდებოდა აღიარებულია არარა აქტად, სწორედ იმ საფუძვლით, რომ მისი აღსრულება იწვევს დანაშაულს (სხვისი ქონების უკანონოდ მითვისება) და დღეს მის მიერ სასამართლოში ამ სარჩელის შემოტანა სწორედ განგრძობადი დანაშაულის მიზნებზე ხელის არ არებას ნიშნავს და მას დამნაშავედ, სხვისი ქონების უკანონოდ მიმთვისებლადაცხადებს. სასამართლოში ასეთი ტიპის სარჩელის აღძვრის უფლება კი მხოლოდ კანონიერ მესაკუთრეს აქვს. მოსარჩელე არის ჯერჯერობით ფორმალურად რეგისტრირებული მესაკუთრე, მაგრამ არ არის კანონიერი და რეალური მესაკუთრე, რადგან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება კანონის ძალის აქტია, იგი ცვლის სამართლებრივ მდგომარეობას, დროში უფრო გვიან ამოქმედებულია და სწორედ ამიტომ, ამ აქტით უნდა ვიხელმძღვანელოთ, რომლის აღსრულება სავალდებულოა ყველასთვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. უძრავი ნივთი მდებარე, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დ------–--ში ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N 5-----------, საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად (მომზადების თარიღი-18.06.2019წელი) საკუთრებაში ერიცხება დ-------- ლ------ს.
ასევე დადგენილია რომ კანონისმიერი მემკვიდრეობის სამკვიდრო მოწმობა გახდა დ-------- ლ------ზე საჯარო რეესტრში ახმეტის რაიონის სოფელ დ------–--ში მდებარე უძრავი ქონების სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) 85 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობის აღრიცხვის საფუძველი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 15-16)
3.2.2.ასევე დადგენილია რომ შ--- ლ-----ის სარჩელი ახმეტის მუნიციპალიტეტის გამეგობისა და მესამე პირის დ-------- ლ-----ის მიმართ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა აქტის არრად აღიარების თაობაზე 2018 წლის 30 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ გასაჩივრებული აქტი ო---–--- სახალხო დეპუტატთა სასოფლო საბჭოს აღმასკომის 1983 წლის 5 ივლისის N60 ცნობა, რომლის მიხედვით, ,,აწ გარდაცვლილ თ------ სოლომონის ასულ ლ-----ის სახლი მთათუშეთში, სოფელ დ------–--ში არის ორსართულიანი, ოთხი
ოთახით. სულ სასარგებლო ფართობია 65 კვ.მ., მათ შორის, საცხოვრებელია 60კვ.მ., დამხმარე - 5 კვ.მ.“ აღიარა არარა აქტად.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილება (ს.ფ. 17-18)
3.2.3. ასევე დადგენილია რომ შ--- ლ------ს არ მიუმართავს სადავო უძრავ ქონებაზე ჩანაწერი, რომლის ტანახმადაც დ-------- ლეკაიზე არის რეგისტრირებული მესაკუთრე უძრავი ქონების მდებარე ახმეტის რაიონის სოფელ დ------–--ში სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) 85 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობის
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
-მოპასუხე მხარის განმარტება
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 15-16)
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, მოუსმინა მხარეთა მოსაზრებებს, მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისგან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმი, მუხლი 1, საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 21-ე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე, 170-ე, 172-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე, მაგრამ ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის 1-ლი აბზაცით, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი სარჩელი არის ვინდიკაციური, რომლითაც მესაკუთრე ახდენს სხვისი უკანონო მფლობელობიდან მისი საკუთრების ვინდიცირებას, მისი გამოთხოვის გზით. ესაა სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როცა შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, სახელდობრ, როდესაც მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ნივთის ვინდიცირებაც სხვისი უკანონო მფლობელობიდან მის გამოთხოვას გულისხმობს.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე დ-------- ლ------ უფელბამოსილია როგორც მესაკუთრემ გამოითხოვოს მოპასუხე მხარის უკანონო მფლობელობიდან მის სახელზე რიცხული უძარვი ქონება მდებარე ახმეტა, სოფელი დ------–--,. შენობა ნაგებობა - 85კვ/მ. დაზუსტებული ფართობი 85კვ/მ. საკადასტრო კოდი 5-----------.
7. სასამართლო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 120 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 257-ე, 269-ე,270-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაკმაყოფილდეს დ-------- ლ-----ის სარჩელი.
2. გამოთხოვილი იქნეს მოპასუხე შ--- ლ-----ის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელე დ-------- ლ-----ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე - რაიონი ახმეტა, სოფელი დ------–--, დაზუსტებული ფართობი: 85.00კვ.მ., საკადასტრო კოდი: 5----------- და აღნიშნული უძრავი ქონება გადაეცეს მოსარჩელე დ-------- ლ------ს გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში.
3. მოპასუხე შ--- ლ------ს მოსარჩელე დ-------- ლ-----ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 120 ლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახმეტის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახმეტის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მარინე ცერცვაძე