გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010310017002008279
№3-538/17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19 აპრილი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე
სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე
მოსარჩელე - თი----------------–--ე
წარმომადგენელი - კა--------------ი, ნო----------–----–ვილი
მოპასუხე - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია
- ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური
წარმომადგენელი - მუ-----------------ე
მესამე პირი -ნო------–---–---–ი
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. თი----------------–--ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში, ქალაქ ბათუმის მერიისა და ქალაქ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა,„სამშენებლო სამართალდარღვევისთვის საქმისწარმოების შეწყვეტის თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 22 მარტის №1-- დადგენილებისა და „თი----------------–--ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 22 ივნისის №0----- ბრძანების ბათილად ცნობა.
1.2. თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:
ქ. ბათუმში, ჟო--------ს ქუჩა №1--–- მდებარე უძრავი ნივთი, საკადასტრო კოდით: 05.-------07.0--5--. 251 კვ.მ. მიწის ნაკვეთი არის მოსარჩელე თი----------------–--ის და ნო------–---–---–ის თანასაკუთრება. ამ მიწაზე მდებარე შენობა წარმოადგენს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ინდივიდუალურ დამცავ ზონაში არსებულ, მე-19 საუკუნეში აშენებულ ნაგებობას.
ნო------–---–---–მა ისარგებლა რა იმ მდგომარეობით, რომ თი----------------–--ე ბათუმში არ ცხოვრობდა და ვერ ახერხებდა სისტემატურად ჩასვლას, მასთან შეუთანხმებლად, თანასაკუთრებაში არსებულ ფართზე აწარმოა უნებართვო, უკანონო მშენებლობები, რითაც თი----------------–--ეს მოუსპო საკუთრებით სარგებლობის საშუალება, კერძოდ, მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ოთახში ამოიყვანა კოლონები, სახლს მიაშენა ხუთი სართული, ხოლო ეზოში განათავსა რკინაბეტონის კონსტრუქციები. მეორე სართულზე მოსარჩელის ფართში განათავსა მე-3-მე-5 სართულებზე ასასვლელი კიბე, რომელიც ხანძარუსაფრთხოების მოთხოვნების სრული იგნორირებითაა მოწყობილი და სიცოცხლისთვის საშიშია, ხოლო თვითნებურად მიტაცებულ და მიშენებულ ფართში მოაწყო სასტუმრო.
2016 წლის 22 დეკემბერს თი----------------–--ემ განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას უკანონოდ და სამშენებლო ნორმების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის დემონტაჟის მოთხოვნით, საიდანაც 2017 წლის 23 იანვრის წერილით ეცნობა, რომ ნო------–---–---–ის მიმართ დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოება, თუმცა ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 22 მარტის №1-- დადგენილებით შეწყდა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება. აღნიშნული დადგენილება გასაჩივრდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში, მაგრამ მერიის 2017 წლის 22 ივნისის №0----- ბრძანებით, ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
გასაჩივრებულ აქტებს ადმინისტრაციულმა ორგანომ საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ნო------–---–---–ის მიერ განხორციელებული მშენებლობის უკანონობის ფაქტი, თი----------------–--ემ ვერ დაადასტურა.
მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, ზედამხედველობის სამსახური ვალდებული იყო, გამოეკვლია მის მიერ მითითებული ყველა გარემოება და მტკიცებულება, რაც იძლევა იმის სრულყოფილ საფუძველს, რომ მიღებულიყო დასკვნა, შენობის დემონტაჟის აუცილებლობის თაობაზე.
გასაჩივრებული აქტები უკანონოა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
2.მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე მხარის, ზედამხედველობის სამსახურისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სარჩელი არ იქნა ცნობილი, შემდეგი საფუძვლით:
ზედამხედველობის სამსახურმა საქმის წარმოებით შეწყვეტის საფუძვლად მიუთითა კანონიერ ძალაში შესულ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე (საქმე №2/ბ-9-------წ.) და აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული შპს „მშენაღდგენა/მ-ის“ 2013 წლის 16 დეკემბრის საექსპერტო დასკვნა და სასამართლოს ინიციატივით ჩატარებული განმეორებითი ექსპერტიზის საფუძველზე კიბის კონსტრუქციის გარდა სხვა კონსტრუქციული ელემენტი მან არ მიიჩნია ავარიულ ნაგებობად, ხოლო შპს „ოპ------–--------ის“ 2015 წლის 23 სექტემბრის საექსპერტო დასკვნა სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა საქმეზე დართული.
ვინაიდან, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნო------–---–---–ი დავალდებულდა, მოახდინოს მხოლოდ მეორე სართულზე ასასვლელი რკინა-ბეტონის კიბის დემონტაჟი, ზედამხედველობის სამსახური იმ სამართალდარღვევაზე, რომელზეც უკვე არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, შესაბამისად, ვერ მოახდენს რეაგირებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სარჩელის სასამართლო წარმოებაში მიღების შემდეგ მხარეთა შორის წამოჭრილი დავა არ შეიძლება განიხილოს, რომელიმე სხვა სასამართლომ ან ორგანომ.
უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნო------–---–---–ი დავალდებულდა, განახორციელოს ქ. ბათუმში, ჟო--------ს ქუჩა №1--–- არსებული შენობა-ნაგებობის მეორე სართულზე ასასვლელი რკინა-ბეტონის კიბის დემონტაჟი.
ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილებაც ადასტურებს ამ ფაქტობრივ გარემოებას, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106 მუხლის საფუძველზე ეს გარემოება არ საჭიროებს ხელახალ მტკიცებას. ამასთან, 2017 წლის 21 ივლისის სექტემბრის საექსპერტო დასკვნა ასევე ვერ იქნება მიჩნეული, განსახილველ საკითხზე ახლად აღმოჩენილ გარემოებად, ვინაიდან, ამ დასკვნის ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიჩნევის შემთხვევაში, ის უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე საფუძველზე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2017 წლის 22 მარტის №1-- დადგენილებით ნო------–---–---–ის მიმართ მიმდინარე სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტა, კანონშესაბამისია.
ამჯერად, მოსარჩელის მიერ ზედამხედველობის სამსახურისადმი წარდგენილი იყო 2017 წლის 21 ივლისის შპს „ოპ------–--------ის“ მიერ გაცემული საექსპეტო დასკვნა, რომლის თანახმადაც დასადგენი იყო შენობა-ნაგებობის ტექნიკური მდგომარეობის და მისის სეისმომედეგობის შეფასება, ვიზუალური მოკვლევით და დამკვეთის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის საფუძველზე. დასკვნის თანახმად, კვლავ ხდება ვიზუალური შესწავლის კომპლექსური მეთოდის გამოყენება და მითითებულია, რომ დარღვეულია ტექნიკური რეგლამენტი „სე--------------–-----–---ის“ თითქმის ყველა ძირითადი მოთხოვნა.
რაც შეეხება ამ რეგლამენტს, რომელიც საექსპერტო დასკვნის საფუძველი გახდა, არის საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 7 ოქტომბრის სამშენებლო ნორმებისა და წესების -,,სე--------------–-----–---ა“, ხოლო ამ აქტის პრეამბულის მე-2 და მე-3 მუხლების თანახმად, ამ ბრძანების მოქმედება არ ვრცელდება იმ ობიექტებზე, რომლების სამშენებლო პროცედურა დაწყებულია ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე, ანუ 2010 წლის 1-ელ იანვრამდე. აღნიშნული ნაგებობა ნამდვილად ამ პერიოდამდე არის აგებული, რადგან, იგი 1993 წლის 6 აპრილის მინისტრთა საბჭოს 171 გადაწყვეტილების საფუძველზე იქნა რეგისტრაციაში გატარებული და რაც მთავარია, აღნიშნულის თაობაზე საუბარია სასამათლო გადაწყვეტილებებშიც.
2.1. მესამე პირმა, ნო------–---–---–მა სარჩელი არ სცნო, შემდეგი საფუძვლით:
კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების მოქმედების პირობებში, თი----------------–--ის ადმინისტრაციული საჩივარი დემონტაჟის მოთხოვნით, სცილდება მერიის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის კომპეტენციას, რის გამოც თი----------------–--ეს საჩივრის დაკმაყოფილებაზე სამართლიანად ეთქვა უარი.
3.ფაქტობრივი გარემოებები
3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ქ. ბათუმში, ჟო--------ს ქუჩა №1--–- მდებარე უძრავი ნივთი 251 კვ.მ. მიწის ნაკვეთი არის მოსარჩელე თი----------------–--ის და ნო------–---–---–ის თანასაკუთრება. თი----------------–--ეს ინდივიდუალურ საკუთრებაში ერიცხება ამ მიწის ნაკვეთზე განლაგებული შენობა-ნაგებობის ნაწილი, 41,36 კვ.მ., (საკადასტრო კოდით: 05.-------07.0--5--.) ხოლო 33,35 კვ.მ. არის თანასაკუთრება; ნო------–---–---–ის ინდივიდუალურ საკუთრებას შეადგენს, 62,77 კვ.მ. ფართი (საკადასტრო კოდით: 05.-------07.0--5--.), ხოლო თანასაკუთრება მარინე ნემსიწვერაძესთან ერთადდ, 39.59 კვ.მ. ფართი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2010 წლის 22.07. და 09.08. საჯარო რეესტრის ამონაწერი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.2. 2014 წელს თინათინ სიხარულიძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ნო------–---–---–ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა:
აეკრძალოს ნო------–---–---–ს საერთო საკუთრების ფართით სარგებლობის უკანონო ხელშეშლა და დაევალოს შენობის მეორე სართულის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა. კერძოდ: ტექნიკური პასპორტის მიხედვით აღადგინოს მეორე სართულზე №1 ოთახის გვერდით არსებული დამხმარე კიბე და საპირფარეშო. დაევალოს, საერთო საკუთრების №1 ოთახის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა, მისი №2 ოთახისაგან იზოლირების გზით. №7 ოთახის მიმდებარედ საერთო საკუთრების შუშაბანდში მოწყობილი გადატიხვრის მოშლა და №2 და №4 ოთახებს შორის მოწყობილი კიბის მოშლა, განაშენიანების გარეშე არსებულ საერთო საკუთრების ეზოში აშენებული რკინა-ბეტონის კონსტრუქციის მოშლა და ეზოს პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა. დაევალოს, სახლის პირველ სართულზე თი----------------–--ის საკუთრებაში არსებულ ოთახში უნებართვოდ მოწყობილი კოლონების მოშლა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე№2/ბ-9-------) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ნო------–---–---–ს დაევალა, მეორე სართულზე ასასვლელი რკინა-ბეტონის კიბის დემონტაჟი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.3. 2016 წლის 22 დეკემბერს თი----------------–--ემ №3------- განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს, განცხადებას თან დაურთო შპს „მშ---------------ის“ 2013 წლის 16 დეკემბრის დასკვნა და შპს „ოპ------–--------ის“ 2015 წლის 23 სექტემბრის დასკვნა №E--------------, ასევე, შპს „ოპ------–--------ის“ ინსპექტირების (ექსპერტიზის) ანგარიში №I----------, რომელთა საფუძველზე მოითხოვა ქ. ბათუმში, ჟო--------ს ქუჩა №1--–- მდებარე, ნო------–---–---–ის კუთვნილი, ავარიული, უკანონო და ადამიანის სიცოცხლისათვის საფრთხის შემქმნელი შენობა-ნაგებობის დემონტაჟი.
2017 წლის 23 იანვრის წერილით თი----------------–--ეს ეცნობა, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 52-ე მუხლის შესაბამისად, ნო------–---–---–ის მიმართ 2017 წლის 17 იანვარს გამოიცა №08 მითითება და დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოება, ავარიული შენობა-ნაგებობის დემონტაჟის დავალდებულებასთან დაკავშირებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 23 იანვრის წერილი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.4. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 22 მარტის №1-- დადგენილებით შეწყდა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, შემდეგი საფუძვლით, რომ ადმინისტრაციული საქმის წარმოების პროცესში გამოვლინდა სამშენებლო სამართალდარღვევის გამომრიცხავი გარემოებები, კერძოდ, ნო------–---–---–ის მიერ წარდგენილი იქნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება (საქმე №2/ბ-9-------წ.), საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 4 მარტის განჩინება და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 21 მაისის და 2015 წლის 20 ივლისის საექსპერტო დასკვნები. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით არ იქნა გაზიარებული და დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული შპს „მშ---------------ის“ საექსპერტო დასკვნა, ხოლო რაც შეეხება შპს „ოპ------–--------ის“ ინსპექტირების (ექსპერტიზის) №I---------- ანგარიშს, სასამართლო გადაწყვეტილებაზე იყო დართული. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის პერიოდში, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 20 ივლისის დასკვნით დადგენილია, რომ სახლის მეორე სართულზე ამავალი რკინა-ბეტონის კიბე არის ამორტიზებული და საფრთხის შემცველი და ვინაიდან ნო------–---–---–ს სასამართლოს მიერ დავალებული აქვს კიბის დემონტაჟი, შესაბამისად, ზედამხედველობის სამსახური სამართალდარღვევაზე, რომელზეც უკვე არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, ვერ მოახდენს რეაგირებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 22 მარტის №1-- დადგენილება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.5. თი----------------–--ემ ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 22 მარტის №1-- დადგენილება გააჩივრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში, მაგრამ მერის 2017 წლის 22 ივნისის №0----- ბრძანებით, ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 22 ივნისის №0----- ბრძანება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც მნიშვნელოვანია დავის გადასაწყვეტად, მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს თი----------------–--ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
_ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“.
_ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №57 დადგენილება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“.
_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
_ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 1-ლი მუხლის თანახმად, ამ კოდექსის მიზანია:
ა) ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოს დაცვა;
ბ) უსაფრთხო პროდუქტის ბაზარზე განთავსება და თავისუფალი მიმოქცევა;
გ) პროდუქტის გადაადგილების და ბაზარზე განთავსების პროცესში კონკურენციის უზრუნველყოფა და ხელშეწყობა;
დ) მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ექსპლუატაციის წესებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის გზით;
ე) რისკის ანალიზსა და შეფასებაზე დამყარებული ინსპექტირების სისტემის დანერგვა;
ვ) მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ტექნიკური ინსპექტირების სისტემის ჩამოყალიბება და ინსპექტირების ორგანოების საქმიანობისათვის სამართლებრივი ბაზის შექმნა;
ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს და ინსპექტირების ორგანოების უფლებამოსილებათა გამიჯვნა მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ექსპლუატაციისა და კონტროლის სფეროებში;
თ) სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა სამშენებლო სფეროს ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით;
ი) სტანდარტიზაციის, მეტროლოგიის, აკრედიტაციის და შესაბამისობის შეფასების სფეროებში საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება.
მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის ა) ქვეპუნქტის მიხედვით, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ ერთ-ერთ პრინციპს წარმოადგენს, სახელმწიფოს მიერ დაწესებული უსაფრთხოების სავალდებულო მოთხოვნების მხოლოდ რეგულირებულ სფეროზე გავრცელება.
6.2. ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს №24 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლი (1-ლი პუნქტის „დ“-„ე“ ქვეპუნქტები) განსაზღვრავს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილებებს, მათ შორის როგორიცაა, კონტროლი საფრთხის შემცველი სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე, უკანონო, ამორტიზებული შენობების დემონტაჟი და დემონტაჟზე ზედამხედველობის განხორციელება: დ) სამშენებლო, სარემონტო და საფრთხის შემცველი სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გატანა, მიწისქვეშა კომუნიკაციათა ჩაწყობა-გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტის კეთილმოწყობა-მოწესრიგება და სხვა) კონტროლი;
ამასთან, ე) პუნქტით პირდაპირ არის განსაზღვრული ვალდებულება, უკანონო, ამორტიზებული შენობა-ნაგებობების, ასევე ჯიხურების, ავტოფარეხების და სხვა უსახური შენობა-ნაგებობების დემონტაჟის ან დემონტაჟის ორგანიზების ან/და დემონტაჟის განხორციელებაზე ზედამხედველობის მხრივ.
დებულების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტით დადგენილია სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განყოფილებების უფლებამოსილებები:
1. სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განყოფილება: ა) ახორციელებს სახელმწიფო ზედამხედველობას ბათუმის მუნიციპალიტეტის საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო საქმიანობაზე; ბ) ახორციელებს სახელმწიფო ზედამხედველობას სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას სამშენებლო ნორმების, წესების, სახელმწიფო სტანდარტებისა და ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვაზე; გ) ახორციელებს სახელმწიფო ზედამხედველობას სამშენებლო საქმიანობის წარმოებისას სამუშაოების სამშენებლო დოკუმენტაციის პროექტთან შესაბამისობაზე; დ) განყოფილების მოხელეების მეშვეობით ახორციელებს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოებას, ამ მიზნით სამშენებლო სამართალდარღვევის ჩამდენის მიმართ გასცემს მითითებას, ადგენს შემოწმების აქტს, სამართალდამრღვევს უგზავნის ზეპირი სხდომის შესახებ უწყებას (შეტყობინებას), ატარებს ზეპირ სხდომას, ახორციელებს სამართალდარღვევის საქმისწარმოებასთან დაკავშირებულ სხვა უფლებამოსილებებს და შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტს წარუდგენს სამსახურის უფროსს; ე) მშენებლობის ნებართვის სფეროში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოსადმი მიკუთვნებული კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს მშენებლობის ნებართვის საფუძველზე აშენებული შენობა¬ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს;
მე-8 მუხლის გ) პუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილება ახორციელებს უკანონო და ამორტიზებული შენობა-ნაგებობების, ასევე ჯიხურების, ავტოფარეხების და სხვა უსახური შენობა-ნაგებობების დემონტაჟს ან დემონტაჟის ორგანიზებას ან/და დემონტაჟის განხორციელებაზე ზედამხედველობას.
ამდენად, სასამართლო მიუთითებს, რომ ავარიული, უკანონო და ადამიანის სიცოცხლისათვის საფრთხის შემქმნელი შენობა-ნაგებობის დემონტაჟის მიმართ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოადგენს, მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური.
სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ 2016 წლის 22 დეკემბერს თი----------------–--ემ №3------- განცხადებით სწორედ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს მიმართა და მოითხოვა ქ. ბათუმში, ჟო--------ს ქუჩა №1--–- მდებარე, ნო------–---–---–ის კუთვნილი შენობა-ნაგებობის დემონტაჟი, იმ საფუძვლით, რომ შენობა იყო ავარიული, უკანონო და ადამიანის სიცოცხლისათვის საფრთხის შემქმნელი.
თი----------------–--ემ ამის დასადასტურებლად თავის განცხადებას თან დაურთო შპს „მშ---------------ის“ 2013 წლის 16 დეკემბრის დასკვნა და შპს „ოპ------–--------ის“ 2015 წლის 23 სექტემბრის დასკვნა №E--------------, ასევე, შპს „ოპ------–--------ის“ ინსპექტირების (ექსპერტიზის) ანგარიში №I----------.
6.3. სასამართლო აღნიშნავს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-12 მუხლით განსაზღვრულია, რომ ნებისმიერ პირს აქვს უფლება მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით. სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2017 წლის 23 იანვრის წერილით თი----------------–--ეს ეცნობა, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 52-ე მუხლის შესაბამისად, ნო------–---–---–ის მიმართ 2017 წლის 17 იანვარს გამოიცა №08 მითითება და დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოება, ავარიული შენობა-ნაგებობის დემონტაჟის დავალდებულებასთან დაკავშირებით.
დადგენილია, რომ ამის შემდეგ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 22 მარტის №1-- დადგენილებით შეწყდა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, შემდეგი საფუძვლით, რომ ადმინისტრაციული საქმის წარმოების პროცესში გამოვლინდა სამშენებლო სამართალდარღვევის გამომრიცხავი გარემოებები, კერძოდ, ნო------–---–---–ის მიერ წარდგენილი იქნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება (საქმე №2/ბ-9-------წ.), საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 4 მარტის განჩინება და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 21 მაისის და 2015 წლის 20 ივლისის საექსპერტო დასკვნები. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით არ იქნა გაზიარებული და დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული შპს „მშ---------------ის“ საექსპერტო დასკვნა, ხოლო რაც შეეხება შპს „ოპ------–--------ის“ ინსპექტირების (ექსპერტიზის)№I---------- ანგარიშს, სასამართლო გადაწყვეტილებაზე არის დართული; სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის პერიოდში, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 20 ივლისის დასკვნით კი დადგენილია, სახლის მეორე სართულზე ამავალი რკინა-ბეტონის კიბე არის ამორტიზებული და საფრთხის შემცველი და ვინაიდან ნო------–---–---–ს სასამართლოს მიერ დავალებული აქვს კიბის დემონტაჟი, შესაბამისად, ზედამხედველობის სამსახური სამართალდარღვევაზე, რომელზეც უკვე არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, ვერ მოახდენს რეაგირებას.
6.4. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ასეთი გადაწყვეტილება მიღებულია, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით დადგენილი, საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის პრინციპისა და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლით დადგენილი წესების დარღვევით.
სასამართლო უპირველესად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური, თი----------------–--ის 2016 წლის 22 დეკემბრის №3------- განცხადებით მოთხოვნილი საკითხის, ქ. ბათუმში, ჟო--------ს ქუჩა №1--–- მდებარე, ნო------–---–---–ის კუთვნილი შენობა-ნაგებობის დემონტაჟის შესახებ, შენობის უკანონობის, მისი ავარიულობისა და ადამიანის სიცოცხლისათვის საფრთხის მომცველობის საფუძვლით, არანაირად ყოფილა შეზღუდული, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით (საქმე №2/ბ-9-------წ.) და საქმეზე სასამართლოს მიერ კონკრეტული მტკიცებულებების გამოყენებით.
დადგენილია და მხარეებიც ადასტურებენ, რომ 2014 წელს თინათინ სიხარულიძეს სასამართლოში მოპასუხე ნო------–---–---–ის მიმართ აღძრული ჰქონდა სამოქალაქო სარჩელი, რომლითაც ის მოითხოვდა:
აეკრძალოს ნო------–---–---–ს საერთო საკუთრების ფართით სარგებლობის უკანონო ხელშეშლა და დაევალოს შენობის მეორე სართულის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა. კერძოდ: ტექნიკური პასპორტის მიხედვით აღადგინოს მეორე სართულზე №1 ოთახის გვერდით არსებული დამხმარე კიბე და საპირფარეშო. დაევალოს საერთო საკუთრების №1 ოთახის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა მისი №2 ოთახისაგან იზოლირების გზით, №7 ოთახის მიმდებარედ საერთო საკუთრების შუშაბანდში მოწყობილი გადატიხვრის მოშლა და №2 და №4 ოთახებს შორის მოწყობილი კიბის მოშლა, განაშენიანების გარეშე არსებულ საერთო საკუთრების ეზოში აშენებული რკინა-ბეტონის კონსტრუქციის მოშლა და ეზოს პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა. დაევალოს, სახლის პირველ სართულზე თი----------------–--ის საკუთრებაში არსებულ ოთახში უნებართვოდ მოწყობილი კოლონების მოშლა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე№2/ბ-9-------) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ნო------–---–---–ს დაევალა, მეორე სართულზე ასასვლელი რკინა-ბეტონის კიბის დემონტაჟი, რამდენადაც სასამართლომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტების 2015 წლის 20 ივლისის დასკვნით დადგენილად ჩათვალა, რომ ნო------–---–---–ის მიერ აგებული, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე ამავალი რკინა-ბეტონის კონსტრუქციის კიბე ამორტიზებული და საფრთხის შემცველია. სასამართლომ მიიჩნია, რომ ამორტიზებული და ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი ნაგებობა თი----------------–--ის საზიარო ეზოთი სარგებლობაში ხელს უთუოდ შეუშლიდა, ამიტომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მას ამ ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის
უფლება ჰქონდა, შესაბამისად ნო------–---–---–ს დაევალა ამ კიბის დემონტაჟის მოხდენა.
მნშვნელოვანია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილების 4.53 პუნქტში პირდაპირ არის მითითებული, უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის მოთხოვნის უფლება გააჩნია ზედამხედველობის სამსახურს და თინათინ სიხარულიძემ მას უნდა მიმართოს პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში.
ამდენად, სამოქალაქო დავის ფარგლებში სასამართლოს მიერ არ გადაწყვეტილა და ვერც გადაწყდებოდა ის საკითხი, რომელიც უფლბამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციას განეკუთვნებოდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს არ ჰქონდა სასამართლოსთვის წარდგენილი საკმარისი მტკიცებულებები, რითაც დადასტურდებოდა მთლიანი შენობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საზიანოობა და დემონტაჟის აუცილებლობა, ამიტომ სასამართლომ მიუთითა და განუმარტა მოსარჩელე მხარეს, შესაბამისი საკითხის გადასაწყვეტად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსთვის, ზედამხედველობის სამსახურისადმი მიმართვის თაობაზე.
რაც შეეხება ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 22 მარტის №1-- დადგენილებაში მტკიცებულებებზე მითითებას, რომ ისინი შეფასებული და გამოყენებულია სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას, სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გამოიკვლიოს დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი და საქმის გადასაწყვეტად საჭირო ყველა მტკიცებულება, თავის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის გადასაწყვეტად, თუნდაც ეს მტკიცებულებები სხვა ორგანოს მიერაც უკვე იყოს შეფასებული.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია:
ა) გამოითხოვოს დოკუმენტები;
ბ) შეაგროვოს ცნობები;
გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს;
დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი;
ე) დანიშნოს ექსპერტიზა;
ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები;
ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო შემოიფარგლა მხოლოდ იმით, რომ ჩათვალა, დაინტერესებული პირის განცხადებაში მითითებულ საკითხთან დაკავშირებით, რაც ზედამხედველობის სამსახურის უშუალო კომპეტენციას მიეკუთვნებოდა, კერძო პირებს შორის მიმდინარე სამოქალაქო დავაზე არსებობდა სასამართლოს გადაწყვეტილება და გარემოებები, რითაც უნდა დადგენილიყო შენობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საზიანოობა და მისი დემონტაჟის საჭიროება, ზედამხედველობის სამსახურს აღარ გამოუკვლევია, ისე გამორიცხა სამშენებლო სამართალდარღვევის არსებობა, რაც მოპასუხე მხარის მიერ დადასტურებული იქნა სასამართლოს სხდომაზეც.
სასამართლო განმარტავს, რომ კერძო პირებს შორის მიმდინარე სამოქალაქო დავაზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებით ვერ ამოიწურება და გადაწყდება ის საკითხი, რაც სხვა უწყების კომპეტენციას განეკუთვნება.
სასამართლო კონტროლი შეზღუდულია ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციური პრინციპით, სასამართლო ვერ იქცევა ადმინისტრაციულ ორგანოდ და თავად ვერ განახორციელებს მის უფლებამოსილებას.
ადმინისტრაციული კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის კონკრეტულ სამართლებრივ რეგულაციებზე ზემოთ იქნა მითითებული, კონტროლი საფრთხის შემცველი სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე, უკანონო, ამორტიზებული შენობების დემონტაჟი და დემონტაჟზე ზედამხედველობის განხორციელების ფუნქცია შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს, ზედამხედველობის სამსახურის უშუალო კომპეტენციას მიეკუთვნება და მისი გადასაწყვეტი საკითხია, რასთან დაკავშირებითაც მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების თაობაზე, რა თქმა უნდა შესაძლებელია სასამართლო დავაც (ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით).
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენდა, გამოეყენებინა კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება, გამოეკვლია საკითხი შენობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხისა და მისი დემონტაჟის საჭიროებასთან დაკავშირებით და ისე მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება, რის ნაცვლად ადმინისტრაციული ორგანო შემოიფარგლა იმაზე მითითებით, რომ საკითხი უკვე გადაწყვეტილი იყო სასამართლოს მიერ და ეს წარმოადგენდა სამართალდარღვევის გამომრიცხავ გარემოებებს, ამის საფუძველზე კი შეწყვიტა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება, რაც წინააღმდეგობაში მოდის როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ისე „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსითა“ და „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულებით“ დადგენილ წესებთან.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობდა სამშენებლო სამართალდარღვევის გამომრიცხავი გარემოებები და შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის ის საფუძველი, რაც სადავო აქტში, ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 22 მარტის №1-- დადგენილებაშია მითითებული.
სასამართლო აღნიშნავს, მიზანი, რომლის მიხედვითაც გამოიცა სადავო აქტი, უნდა შეესაბამებოდეს ამ მიზნის მისაღწევად გათვალისწინებულ საშუალებას, კერძოდ, იგი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ, კანონის უზენაესობაზე დამყარებული, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისი უფლებამოსილების მხოლოდ კანონის საფუძველზე განხორციელების პრინციპებს, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებების შემთხვევაში არ პასუხობს აღნიშნულ მოთხოვნებს.
შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური ვალდებულია, განაგრძოს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, თი----------------–--ის განცხადებაზე.
6.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ამ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 22 მარტის №1-- დადგენილება და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 22 ივნისის №0----- ბრძანება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსისა“ და „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების“ მოთხოვნების დარღვევით არის მიღებული, რაც გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს.
ამდენად, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და ბათილად უნდა იქნას ცნობილი „სამშენებლო სამართალდარღვევისთვის საქმისწარმოების შეწყვეტის თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 22 მარტის №1-- დადგენილება და „თი----------------–--ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 22 ივნისის №0----- ბრძანება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;
39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოპასუხე მხარეს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი, 100 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 22-ე, 32-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. თი----------------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს:
ბათილად იქნას ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 22 მარტის №1-- დადგენილება და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2017 წლის 22 ივნისის №0----- ბრძანება.
2. მოპასუხე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი, 100 ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32/ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30/.
მოსამართლე: ჯუმბერ ბეჟანიძე