განაჩენი

სისხლის სამართლის 05.02.2020
საქმის ნომერი
330100119003067383
თარიღი
05.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/2900-19

(#0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

05 თებერვალი, 2020 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნათია გუდაძემ

ნინო ვარაზაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების _ ე--------ს, დ------–----–---–-ს,ბრალდებულ _ ი-----–-------–---------ს,ადვოკატ _ გ--------------ს მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ ი-----–--------------------–---------ს (დაბადებული 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №1----------, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლევი, რეგისტრირებული: თ---–--–-----–--------------------------------------------------------ში, დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–-----–---------------------------------------------------ში) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების გამო.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 აპრილის და იმავე სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 13 მაისის განაჩენებით, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ნასამართლევმა ი-----–-------–---------მ, 2019 წლის 12 მაისს, დაახლოებით 13:15 საათზე, თბილისში, ე.წ. „ელიავას“ ბაზრობის ავტოსადგომზე გაჩერებული ვ--–-----------ს კუთვნილი, „V--------------“-ს მარკის, სახელმწიფო ნომრით Q--------, ავტომანქანიდან სცადა ფარულად, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა მანქანის ვიდეორეგისტრატორს, რა დროსაც ავტომატურად ჩაიკეტა მანქანის კარი და ი-----–-------–---------მ ვერ შეძლო განზრახვის სისრულეში მოყვანა. მან ჩაამტვრია საქარე მინა, გადმოძვრა ავტომანქანიდან და დატოვა შემთხვევის ადგილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის.

 

დაზარალებულ ვ--–-----------ს ჩვენებით, 2019 წლის 12 მაისს, ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა ე.წ. „ელიავას“ ბაზრობაზე. მანქანა გააჩერა ავტოსადგომზე და გადაადგილდებოდა ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე. ბაზრობიდან დაბრუნებულმა ნახა, რომ მანქანის უკანა მარცხენა კარის მინა იყო ჩამტვრეული. ადგილზე მყოფმა ავტოსადგომის მეთვალყურემ უთხრა, რომ მისი მანქანის დაზიანება მოხდა შემთხვევით და ის პირები, ვისაც მინა გაუტყდათ აპირებდნენ მის შეცვლას. მანქანაზე დაკვირვებისას შენიშნა, რომ ვიდეორეგისტრატორი, რაც დამაგრებული იყო წინა საქარე მინაზე, იდო სავარძელზე, ხოლო დამტენი მოწყობილობა გამორთული იყო კვების წყაროდან. გარდა ამისა, მანქანის სავარძლები და ბავშვის პირადი ნივთები იყო დასვრილი, ხოლო მანქანის კარის შიდა ზედაპირზე და ჭერზე აღინიშნებოდა ფეხსაცმლის კვალი, ასევე დეფორმირებული იყო მანქანის უკანა კარი, რაც აშკარად ტოვებდა დანაშაულის ჩადენის ნიშნებს. მომხდარის შესახებ შეატყობინა პოლიციას. დაზარალებულის ჩვენებით, იგი არ გამორიცხავს, რომ ესაუბრა ი-----–-------–---------ს ზიანის ანაზღაურების თაობაზე, თუმცა კატეგორიულად ვერც უარყოფს და ვერც ადასტურებს აღნიშნულ ფაქტს.

მოწმე რ----------------ს ჩვენებით, 2019 წლის 12 მაისს, გ--------------–---–თან და ი-----–-------–---------სთან ერთად იმყოფებოდა ე.წ. „ელიავას“ ბაზრობაზე მანქანის ნაწილის შესაძენად. ავტოსადგომზე გაჩერებულ „V--------------“-ს მარკის ავტომანქანაში მოულოდნელად ჩაჯდა ი-----–-------–---------, რომელსაც ჩაეკეტა მანქანის კარი და ვერ ახერხებდა მანქანიდან გადმოსვლას. გადმოსვლა შეძლო მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩაამტვრია უკანა კარის მინა. ი-----–-------–---------ს მანქანიდან გადმოსვლის შემდგომ უკანა სავარძელზე დაინახა ვიდეორეგისტრატორი, რაც დადო წინა სავარძელზე იმ მიზნით, რომ არ აეღო სხვა პირს. ი-----–-------–--------- შევიდა ბაზრობაზე მინის საყიდლად და აპირებდა მის შეცვლას, თუმცა ადგილზე მისულმა დაზარალებულმა იმ პირობით, რომ არ დაერეკა პოლიციაში, მოითხოვა 1000 აშშ დოლარი, რის გამოც მასთან შეთანხმება ვერ მოხერხდა. მოწმის განმარტებით, ვიდეორეგისტრატორი არის მცირე ზომის. ი-----–-------–---------ს თავისუფლად შეეძლო მისი ჯიბეში ჩადება და ისე წამოღება, რაშიც მას ხელს არავინ უშლიდა.

მოწმე გ--------------–---–ის ჩვენებით, 2019 წლის 12 მაისს დაუკავშირდა მეგობარი რ----------------, რომელსაც ჩამორთმეული ჰქონდა მართვის უფლება და სთხოვა ე.წ. „ელიავას“ ბაზრობიდან გლდანში მდებარე პროფილაქტიკაში ავტომანქანის გადაყვანაში დახმარება. ე.წ. „ელიავას“ ბაზრობის ავტოსადგომზე მისვლისას, რ----------------, მეგობარ ი-----–-------–---------სთან და ხელოსანთან ერთად იჯდა ავტომანქანაში. მოულოდნელად ი-----–-------–--------- გადავიდა მანქანიდან და ჩაჯდა გვერდით მდგომ „V--------------“-ს მარკის ავტომანქანაში, რა დროსაც მას ჩაეკეტა მანქანის კარი და ითხოვდა შველას. გადმოსვლის მიზნით, ი-----–-- გატეხა ავტომანქანის უკანა კარის მინა და გადმოვიდა მანქანიდან, რა დროსაც თან არაფერი გადმოუტანია და ამბობდა, თუ რა ჯანდაბად უნდოდა აღნიშნული ვიდეორეგისტრატორი, რის შემდეგაც ჩაჯდა რ----------------ს მანქანაში საჭესთან, დაქოქა, მაგრამ ვერ შეძლო გაყვანა, ვინაიდან ხელს უშლიდა უკან გაჩერებული ავტომანქანა. გადავიდა მანქანიდან და ფეხით დატოვა ბაზრობის ტერიტორია. რ----------------მ მას სთხოვა მანქანის სადგომიდან გაყვანა და ბაზრობის გარეთ დალოდება. რ----------- დაბრუნდა მასთან რამდენიმე წუთში და უთხრა, რომ დაზარალებულზე გადასაცემად ავტოსადგომის მეთვალყურეს გადასცა 100 ლარი. დაზარალებულთან სასაუბროდ ისევ დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე, სადაც მალევე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები.

მოწმე ლ-–---------ს ჩვენებით, 2019 წლის 12 მაისს მიღებული შეტყობინების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო ვ--–-----------ს კუთვნილი ავტომანქანიდან ვიდეორეგისტრატორის ქურდობის მცდელობის ფაქტზე. გამოკითხა დაზარალებული და მოწმეები, დაათვალიერა „V--------------“-ს მარკის მანქანა, რომლის უკანა მარცხენა კარის მინა იყო ჩამსხვრეულ მდგომარეობაში, ხოლო მანქანის წინა მარჯვენა სავარძელზე იდო ვიდეორეგისტრატორი, რაც თავდაპირველად დამაგრებული იყო ავტომანქანის სალონში, წინა საქარე მინაზე. ავტომანქანის სავარძლები და ჭერი იყო დასვრილი და ეტყობოდა ფიზიკური ზემოქმედების კვალი. ბრალდებულ ი-----–-------–---------ს მონაწილეობით დაათვალიერა ვიდეოჩანაწერი, სადაც დაფიქსირებულია ვ--–-----------ს კუთვნილ ავტომანქანაში ი-----–-------–---------ს ჩაჯდომის და შემდგომ მისი მანქანიდან გადმოსვლის ფაქტი.

შპს „გ---------დან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმის თანახმად, ვიდეოჩანაწერი დათარიღებულია 2019 წლის 12 მაისით. ჩანაწერი იწყება 13:05:00 საათზე და აფიქსირებს თბილისში, ხოშარაულის და ელიავას ქუჩებს, მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და ვახუშტის ხიდს შორის განთავსებულ, ავტონაწილების მაღაზიების N2-ე სექტორის წინ მდებარე ავტოსადგომს, სადაც ორ მწკრივად გაჩერებულია ავტომანქანები. ვიდეოჩანაწერის მიხედვით, ავტომანქანების მარჯვენა მწკრივის ქვედა კუთხეში, ცხვირით მარცხენა მხარეს, რიგით მეორედ გაჩერებულია რუხი „მ----------ს“ მარკის ავტომანქანა, რომლის წინა მარცხენა კარი არის ღია მდგომარეობაში, წინა მარჯვენა სავარძელზე კი ზის პიროვნება, რომელსაც აცვია მორუხო მაისური და შავი სპორტული შარვალი, გვერდებზე თეთრი ზოლებით. დათვალიერებაში მონაწილე ი-----–-------–---------ს განმარტებით, აღნიშნული ავტომანქანა არის რ----------------ს კუთვნილი და მის მარჯვენა წინა სავარძელზე მჯდომი პიროვნება არის თავად. მისივე განმარტებით, ამ დროს მის გარდა ავტომანქანაში, კერძოდ, წინა მარცხენა სავარძელზე, ანუ საჭესთან ზის ხელოსანი, რომელიც ტყავს აკრავს საჭეს. უკანა სავარძელზე კი სხედან: რ---------------- და გ--------------–---–ი. 13:18:40 საათზე, ავტოსადგომზე შემოდის ლურჯი „ფ---––------------ს“ მარკის ავტომანქანა, რომელიც ჩერდება ავტომანქანების მარცხენა მწკრივში. აღნიშნული ავტომანქანის წინა მარცხენა კარიდან გადმოდის მამაკაცი, ხოლო მისი წინა მარჯვენა კარიდან - ახალგაზრდა ქალბატონი. მამაკაცი აწვდის ქალბატონს სავარაუდოდ მანქანის გასაღებს, რის შემდეგაც მამაკაცი მიდის ავტონაწილების მაღაზიების სექტორებისკენ, ხოლო ქალბატონი მანქანასთან რჩება. ამ დროს ადგილი თავისუფლდება ზემოაღნიშნული „მ----------ს“ მარკის ავტომანქანის მარცხენა მხარეს. ქალბატონს ავტომანქანა უკუსვლით თავისუფალ ადგილზე გადაჰყავს. 13:22:44 საათზე, ხსენებული ქალბატონი გადმოდის ავტომანქანიდან და რაღაცას ელაპარაკება ზემოაღნიშნულ „მ----------ს“ მარკის ავტომანქანაში მჯდომ პირებს, რაზეც ი-----–-------–---------მ განმარტა, რომ რამდენადაც ახსოვს, ქალბატონი ეკითხებოდა ხელს ხომ არ შეუშლიდა მისი ავტომანქანა. 13:23:23 საათზე, ზემოაღნიშნული „მ----------ს“ მარკის ავტომანქანის უკანა მარჯვენა კარიდან გადმოდის მამაკაცი, რომელზეც ი-----–-------–---------მ განმარტა, რომ არის გ--------------–---–ი, რომელიც რაღაცას გადაულაპარაკებს ქალბატონს და ისევ ჯდება ავტომანქანაში. 13:24:25 საათზე, „ფ---––------------ს“ მარკის ავტომანქანის უკანა მარჯვენა კარიდან გადმოდის ბავშვი, ქალბატონი მსუბუქად ხურავს კარს, თუმცა კარი ბოლომდე არ იკეტება. ქალბატონი და ბავშვი ტრიალებენ მანქანასთან. 13:25:25 საათზე მათთან მიდის მამაკაცი, შემდეგ მიდის „მ----------ს“ მარკის ავტომანქანის წინა მარჯვენა კართან, რომლის ფანჯარაც არის ჩამოწეულ მდგომარეობაში და ესაუბრება ი-----–-------–---------ს, რაზეც ი------–---------მ განმარტა, რომ ამ დროს იგი მას რუსულ ენაზე ეკითხება გასვლის დროს ხელს ხომ არ შეუშლიდა მათი ავტომანქანა. ამის შემდეგ იგი გადაინაცვლებს „მ----------ს“ მარკის ავტომანქანის უკანა მარჯვენა კართან და ესაუბრება იქ მჯდომ პიროვნებას. ბრალდებულის განმარტებით, რამდენადაც ახსოვს, ამ მამაკაცმა გ--------------–---–ს დაუტოვა თავისი მობილური ტელეფონის ნომერი. ზემოაღნიშნული ქალბატონი ჯდება „ფ---––------------ს“ მარკის ავტომანქანის საჭესთან და კეტავს კარის ჩაწეულ ფანჯრებს. შემდეგ გადადის მანქანიდან, ხელის მოძრაობით ე.წ. „პულტით“ კეტავს ავტომანქანის ცენტრალურ საკეტს და 13:28:19 საათზე, მამაკაცთან და ბავშვთან ერთად მიდის ავტოსადგომიდან, ხოლო უკანა მარჯვენა კარი რჩება ღია მდგომარეობაში. 13:48:23 საათზე ვიდეოჩანაწერი მთავრდება.

დისკზე არსებული რიგით მეორე ჩანაწერი გრძელდება იმავე ავტოსადგომზე 13:48:24 საათიდან და წარმოადგენს წინა ვიდეოჩანაწერის გაგრძელებას. 13:22:50 საათზე, ავტომანქანიდან გადმოდის ი-----–-------–---------, რომელიც ეფარება კამერის ობიექტივს. 13:51:19 საათზე, ი------–--------- მიდის „ფ---––------------ს“ მარკის ავტომანქანასთან და ათვალიერებს ღია მდგომარეობაში დატოვებულ, მანქანის უკანა მარჯვენა კარს. შემდეგ გადაინაცვლებს წინა მარჯვენა კართან და ფანჯრიდან ათვალიერებს ავტომანქანის სალონს. 13:51:40 საათზე იგი კვლავ მიდის უკანა მარჯვენა კართან, მარცხენა ხელის მოძრაობით წამიერად აღებს მას და ისევ მსუბუქად ხურავს ისე, რომ კარი რჩება ღია მდგომარეობაში. ის დგას ავტომანქანასთან. 13:52:19 საათზე, „მ----------ს“ მარკის ავტომანქანის უკანა მარცხენა კარიდან გადმოდის მამაკაცი, რომელსაც აცვია შავი მოკლემკლავიანი მაისური, ლურჯი ჯინსის შარვალი, ღია ფეხსაცმელი და ახურავს შავი კეპი. ი-----–-------–---------ს განმარტებით, ის არის რ----------------. ისინი საუბრობენ, თან უყურებენ „ფ---––------------ს“ მარკის ავტომანქანას და 13:52:34 საათზე გადიან კადრიდან. 13:57:00 საათზე ვიდეოჩანაწერი სრულდება.

დისკზე არსებული რიგით მესამე ვიდეოჩანაწერი გრძელდება იმავე ავტოსადგომზე 13:57:01 საათიდან და წარმოადგენს წინა ვიდეოჩანაწერის გაგრძელებას. 14:00:47 საათზე, წინა ჩანაწერებში ნახსენები „მ----------ს“ მარკის ავტომანქანის წინა მარცხენა კარიდან გადმოდის მამაკაცი, რომელსაც აცვია თეთრი მოკლემკლავიანი მაისური, მორუხო შარვალი, რომელზეც ი-----–-------–---------მ განმარტა, რომ არის ხელოსანი, რომელმაც რ----------------ს ავტომანქანის საჭეს გადააკრა ტყავი. 14:01:27 საათზე, კადრში ჩნდება ი-----–-------–---------, რომელსაც მიჰყვება რ----------------. ი-----–-------–--------- ჯდება „მ----------ს“ მარკის ავტომანქანის საჭესთან, ხოლო რ---------------- - მის გვერდით სავარძელზე. 14:01:56 საათზე, ი-----–-------–--------- გადადის მანქანიდან, მიდის „ფ---––------------ს“ მარკის ავტომანქანასთან, აღებს უკანა მარცხენა კარს, ჯდება სალონში და ხურავს კარს. მისივე განმარტებით, აღნიშნულ ავტომანქანაში ჩაჯდა ქურდობის მიზნით, თუმცა ჩაჯდომისთანავე ჩაიკეტა კარი, რასაც ვერ აღებდა და ჩავარდა პანიკაში. 14:02:08 საათზე, იგი ხელის მოძრაობით რაღაცას ხსნის ავტომანქანის წინა საქარე მინიდან, რაზეც ი-----–-------–---------მ განმარტა, რომ მას საქარე მინიდან არაფერი მოუხსნია და შესაძლებელია ხელი მოუხვდა საქარე მინაზე დამაგრებულ ვიდეორეგისტრატორზე იმ დროს, როდესაც ცდილობდა ხან წინა, ხან უკანა კარის გაღებას. 14:02:11 საათზე, იგი ცდილობს უკანა მარცხენა კარის გაღებას, რასაც ვერ ახერხებს. შემდეგ ცდილობს წინა მარცხენა კარის გაღებას, თუმცა ვერც მას აღებს. დასახმარებლად მიდის რ----------------, რომელიც გარედან ცდილობს „ფ---––------------ს“ მარკის ავტომანქანის უკანა და წინა მარცხენა კარის გაღებას, რასაც ვერ აღებს. იმავდროულად, ი-----–-------–--------- შიგნიდან აწვება ხან წინა, ხან უკანა მარცხენა კარს, მაგრამ ვერ ახერხებს მათ გაღებას. 14:02:39 საათზე, იგი შიგნიდან ამტვრევს უკანა მარცხენა კარის მინას და იმავე კარის ფანჯრიდან გადმოდის ავტომანქანიდან. რ---------------- ჯდება „მ----------ს“ მარკის ავტომანქანის წინა მარჯვენა სავარძელზე, ხოლო ი-----–-------–--------- - საჭესთან. ქოქავს მას, თუმცა გასვლას აფერხებს უკან გაჩერებული ავტომანქანა, რის გამოც იგი ჩერდება, გადმოდის მანქანიდან და მიდის ავტონაწილების სექტორების მიმართულებით. ავტომანქანის უკანა სალონიდან გადმოდის გ--------------–---–ი და ჯდება საჭესთან. 14:04:03 საათზე, მანქანიდან გადმოდის რ----------------, რა დროსაც „ფ---––------------ს“ მარკის ავტომანქანასთან მიდის ავტოსადგომის მეთვალყურე და ათვალიერებს ავტომანქანის ჩამსხვრეულ ფანჯარას.

ბრალდებულ ი-----–-------–---------ს ჩვენებით, თავს არ ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტავს, რომ 2019 წლის 12 მაისს დაუკავშირდა რ----------------, რომელსაც ჩამორთმეული ჰქონდა მართვის უფლება და სთხოვა მანქანის ნაწილის შესაძენად ე.წ. „ელიავას“ ბაზრობაზე გაყოლა. რ----------------სთან ერთად მივიდა ე.წ. „ელიავას“ ბაზრობაზე. ავტოსადგომზე გააჩერეს მანქანა, თუმცა ვინაიდან იყო შეუძლოდ, რ----------------მ მის მეგობარ გ--------------–---–ს სთხოვა დასახმარებლად მისვლა. გ------- მალევე მივიდა მათთან. თავად რომანთან ერთად წავიდა მანქანის ნაწილის შესაძენად. უკან დაბრუნებისას შენიშნა, რომ გვერდით მდგომ „V--------------“-ს მარკის ავტომანქანის კარი იყო ღია მდგომარეობაში, დაინახა მანქანაში არსებული ვიდეორეგისტრატორი, ჩაჯდა და როდესაც დააპირა მისი მოხსნა, გაახსენდა, რომ იყო პირობითი მსჯავრის ქვეშ და გადაიფიქრა მისი წაღება, თუმცა ვეღარ შეძლო მანქანიდან გადმოსვლა, კარი კარი იყო ჩაკეტილი. განერვიულებულმა ჩაამტვრია უკანა კარის მინა და გადმოვიდა მანქანიდან. შემდგომ წავიდა ბაზრობაზე მინის შესაძენად, ხოლო უკან დაბრუნებულს ადგილზე დახვდა მანქანის მეპატრონე, რომელსაც სთხოვა არ დაერეკა პოლიციაში და მზად იყო ზიანის ასანაზღაურებლად. დაზარალებულმა სანაცვლოდ მოსთხოვა მანქანის გაკეთება და დამატებით 1000 აშშ დოლარი, რის გამოც მასთან ვერ შეთანხმდა. გ--------------–---–ი დატოვა ადგილზე სადაზღვეო კომპანიის წარმომადგენლებთან სასაუბროდ, ხოლო თვითონ წავიდა პირად საქმეზე. მისივე ჩვენებით, ბაზრობაზე მინის შესაძენად წასვლამდე, ავტოსადგომის მეთვალყურეს მისცა 100 ლარი დაზარალებულზე გადასაცემად და დაუბარა, რომ მიდიოდა მინის შესაძენად. ბრალდებულის განმარტებით, დაზარალებულის მანქანაში სხვა პირად ნივთებთან ერთად იდო ფულადი თანხაც, თუმცა მისი მოპარვის განზრახვა არ ჰქონია. ანალოგიურად შეეძლო ვიდეორეგისტრატორის ჯიბეში ჩადება და წამოღება, რაც არ გაუკეთებია, რადგან მისი მოპარვის განზრახვაც აღარ ჰქონდა.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, „გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან“. იმავე კოდექსის 220-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში, ი-----–-------–---------ს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები, კერძოდ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, მ-------------ს, პ--------------ის, გ-------–--------ს გამოკითხვის ოქმები, სუნის და ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმები, სატრანსპორტო ტრასოლოგიური და სასაქონლო ექსპერტიზის N--------------- დასკვნები, ოდოროლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნა მხარეების მიერ უდაოდ იქნა მიჩნეული, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად სხდომაზე გამოკვლევის გარეშე.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის, ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ი-----–-------–---------ს ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

სასამართლო, სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილების მიღების დროს აფასებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.

სასამართლო განმარტავს, რომ ი-----–-------–---------ს ქმედება შეიცავს დანაშაულის, კერძოდ, ქურდობის მცდელობის შემადგენლობის ყველა ნიშანს, ბრალს - პირდაპირი განზრახვის ფორმით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რაც გამოიხატა ი-----–-------–---------ს მიერ ფარულად სხვისი ქონების დაუფლების მცდელობაში და ხელყოფილ სამართლებრივ სიკეთეს - დაზარალებულის საკუთრების უფლებას.

ის ფაქტი, რომ ი-----–-------–--------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ცდილობდა ფარულად დაუფლებოდა ვ--–-----------ს კუთვნილი ავტომანქანიდან ვიდეორეგისტრატორს, დასტურდება როგორც დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებით, ისე საქმეში წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით. კერძოდ, დაზარალებულ ვ--–-----------ს სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით, მართალია იგი არ შესწრებია უშუალოდ ქურდობის მცდელობის ფაქტს, თუმცა ავტოსადგომზე დაბრუნებისას ნახა, რომ მანქანის უკანა მარცხენა კარის მინა იყო ჩამტვრეულ მდგომარეობაში. ვიდეორეგისტრატორი, რაც დამაგრებული იყო წინა საქარე მინაზე, იდო წინა სავარძელზე, ხოლო დამტენი მოწყობილობა გამორთული იყო კვების წყაროდან. გარდა ამისა, ავტომანქანის უკანა სავარძელი და ჭერი იყო დასვრილი, აღინიშნებოდა ნაფეხურები, ხოლო უკანა კარი იყო დეფორმირებული, რაც აშკარად მიუთითებდა დანაშაულის ნიშნებზე. დაზარალებულმა ჩვენების მიცემის დროს კატეგორიულად არ გამორიცხა ი-----–-------–---------სთან ზიანის ანაზღაურებაზე საუბრის ფაქტის შესახებ, თუმცა კატეგორიულად აღნიშნული ფაქტის უარყოფა ან დადასტურება ვერ შეძლო.

მოწმეების: რ----------------ს და გ--------------–---–ის ჩვენებებით დგინდება, რომ 2019 წლის 12 მაისს იმყოფებოდნენ ე.წ. „ელიავას“ ბაზრობის ავტოსადგომზე, სადაც მათთან ერთად იმყოფებოდა ი-----–-------–---------, რომელიც მოულოდნელად ჩაჯდა იქვე მდგომ „V--------------“-ს მარკის ავტომანქანაში, რა დროსაც ჩაიკეტა მანქანის კარი და ვეღარ ახერხებდა მანქანიდან გამოსვლას. ი-----–-------–---------მ მანქანიდან გადმოსვლა შეძლო მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩაამტვრია უკანა კარის მინა. მოწმეთა ჩვენებებით ასევე დადგენილია, რომ ი-----–-------–--------- მანქანიდან გადმოსვლისას ამბობდა თუ რა ჯანდაბად უნდოდა მანქანაში არსებული ვიდეორეგისტრატორი. გ--------------–---–მა დამატებით განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც ი-----–-------–--------- გადმოვიდა სხვისი ავტომანქანიდან, იგი დაჯდა რ----------------ს მანქანის საჭესთან და ცდილობდა მის დაძვრას და წასვლას, თუმცა მანქანის გადაადგილება ვერ შეძლო, რის გამოც იგი გადავიდა მანქანიდან და ფეხით დატოვა ავტოსადგომის ტერიტორია.

ის ფაქტი, რომ ბრალდებული ი-----–-------–--------- ნამდვილად ცდილობდა ვ--–-----------ს კუთვნილი ავტომანქანიდან ვიდეორეგისტრატორის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებას, ასევე დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ავტომანქანის დათვალიერების ოქმით, სადაც ასახული ინფორმაცია სრულ თანხვედრაშია მოწმის სახით დაკითხულ ლ-–---------ს ჩვენებასთან, რომელმაც გამოძიება აწარმოა ვ--–-----------ს კუთვნილი ავტომანქანიდან ვიდეორეგისტრატორის ქურდობის მცდელობის ფაქტზე. ლ-–---------მ დაათვალიერა „V--------------“-ს მარკის ავტომანქანა, რომლის უკანა მარცხენა კარის მინა იყო ჩამტვრეულ მდგომარეობაში, ხოლო მანქანის წინა მარჯვენა სავარძელზე იდო ვიდეორეგისტრატორი. აშკარა იყო ავტომანქანაზე ფიზიკური ზემოქმედების კვალი, რომლის შიგნითა ზედაპირზე, კერძოდ, მანქანის სახურავსა და სავარძელს ეტყობოდა ნაფეხურები.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვიდეოჩანაწერის შინაარსზე, რომელიც აფიქსირებს ხოშარაულის და ელიავას ქუჩების, მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და ვახუშტის ხიდს შორის განთავსებული ავტონაწილების მაღაზიების წინ მდებარე ავტოსადგომს. აღნიშნულ ჩანაწერში დეტალურად და თანმიმდევრულად არის აღწერილი ი-----–-------–---------ს ქმედებები დანაშაულის ჩადენის ეტაპზე. კონკრეტულად არის მითითებული ის ადგილები, სადაც ჩერდება ი-----–-------–---------, ათვალიერებს „V--------------“-ს მარკის ავტომანქანას, რომლის უკანა კარი არის ღია მდგომარეობაში. 14:01:56 საათზე ჯდება აღნიშნული მანქანის უკანა სალონში და ხურავს კარს. მანქანაში ჩაჯდომისთანავე ცენტრალური საკეტის საშუალებით იკეტება მანქანის კარი, რის გამოც იგი ვეღარ ახერხებს მანქანიდან გადმოსვლას. 14:02:08 საათზე, ი-----–-------–--------- მანქანის წინა საქარე მინიდან ხსნის მანქანის ვიდეორეგისტრატორს. 14:02:11 საათზე იგი ცდილობს უკანა მარცხენა კარის გაღებას, რასაც ვერ ახერხებს. შემდეგ ცდილობს წინა მარცხენა კარის გაღებას, თუმცა ვერც მას აღებს. მის დასახმარებლად მიდის რ----------------, რომელიც გარედან ცდილობს „ფ---––------------ს“ მარკის ავტომანქანის უკანა და წინა მარცხენა კარის გაღებას, მაგრამ ვერ აღებს მათ. ამავდროულად, ი-----–-------–--------- შიგნიდან აწვება ხან წინა, ხან უკანა მარცხენა კარს, მაგრამ ვერ ახერხებს მათ გაღებას. 14:02:39 საათზე, შიგნიდან ამტვრევს უკანა მარცხენა კარის მინას და იმავე კარის ფანჯრიდან გადმოდის ავტომანქანიდან, რის შემდეგაც რ---------------- ჯდება თავისი მანქანის წინა მარჯვენა სავარძელზე, ხოლო ი-----–-------–--------- - აღნიშნული ავტომანქანის საჭესთან, ქოქავს მას, მაგრამ მის გასვლას აფერხებს უკან გაჩერებული ავტომანქანა, რის გამოც გადადის მანქანიდან და მიდის ავტონაწილების სექტორების მიმართულებით.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ ი-----–-------–---------ს ჩვენება, რომელმაც მართალია დაადასტურა დაზარალებულის ავტომანქანაში ყოფნის და ვიდეორეგისტრატორის ქურდობის განზრახვის ფაქტი, თუმცა უარყო აღნიშნული განზრახვის სისრულეში მოყვანის სურვილი და განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც მან ავტომანქანის წინა საქარე მინიდან მოხსნა ვიდეორეგისტრატორი, უარი თქვა დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანაზე და ნებაყოფლობით ხელი აიღო დანაშაულის ბოლომდე მიყვანაზე, წინააღმდეგობაში მოდის როგორც სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებთან, ასევე საქმეში არსებულ იმ მტკიცებულებების შინაარსთან, რაზეც მხარეები შეთანხმდნენ და მიღებულ იქნა უდაო მტკიცებულებად სხდომაზე გამოკვლევის გარეშე.

სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულზე ხელის აღება ნებაყოფლობითია, როდესაც პირი დანაშაულზე საკუთარი გადაწყვეტილებით, ავტონომიური მოტივით იღებს ხელს. დანაშაულზე ხელის აღება ნებაყოფლობითი არაა, როდესაც დანაშაულის ბოლომდე მიყვანას რაიმე, პირისაგან დამოუკიდებელი გარემოება აფერხებს, ანუ პირი დანაშაულზე ჰეტერონომიური მოტივით იღებს ხელს, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ვიდეოჩანაწერში ნათლად არის ასახული, რომ ი-----–-------–--------- მანქანაში შეღწევისთანავე ცდილობს ნივთის დაუფლებას, თუმცა მანქანის კარის ჩაკეტვის გამო, ვარდება პანიკაში, რაზეც მეტყველებს მანქანის სალონში არსებული ნაფეხურებიც. მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით ი-----–-------–--------- იძულებულია ჩაამტვრიოს მანქანის უკანა კარის მინა, ამ გზით შეძლოს მანქანიდან თავის დაღწევა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა. აღნიშნულს ადასტურებს ის ფაქტი, რომ „V--------------“-ს მარკის ავტომანქანიდან გადმოსვლის შემდეგ ჯდება რ----------------ს ავტომანქანის საჭესთან და ცდილობს შემთხვევის ადგილის დატოვებას, თუმცა მას აფერხებს უკან გაჩერებული ავტომანქანა, რის გამოც გადადის მანქანიდან და ფეხით ტოვებს ავტოსადგომის ტერიტორიას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ი-----–-------–---------ს, რომელსაც მანქანის წინა საქარე მინიდან უკვე მოხსნილი ჰქონდა ვიდეორეგისტრატორი, დანაშაულებრივი განზრახვის ბოლომდე სისრულეში მოყვანაში ხელი შეუშალა ავტომანქანის ჩაკეტვით გამოწვეულმა შიშმა, რის გამოც მთელი ყურადღება გადატანილი ჰქონდა სწორედ იმაზე, თუ როგორ დაეღწია თავი მანქანიდან და როგორ აერიდებინა მოსალოდნელი პასუხისმგებლობა, რის გამოც მისგან დამოუკიდებელი მიზეზებიდან გამომდინარე ვერ შეძლო დანაშაულებრივი განზრახვის ბოლომდე სისრულეში მოყვანა.

შესაბამისად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ი-----–-------–---------მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლით გათვალისწინებული ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

 

რაც შეეხება ქმედების ჩადენას იმ პირის მიერ ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის, სასამართლო განმარტავს, რომ პირის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირებისთვის აუცილებელია სახეზე გვქონდეს პირის ორჯერ ან მეტჯერ ნასამართლობა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის.

იმ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაზეც მხარეები შეთანხმდნენ და მიღებულ იქნა უდაო მტკიცებულებად სხდომაზე გამოკვლევის გარეშე, დადგენილია, რომ ი-----–-------–---------ს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 აპრილის განაჩენით, მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 03 (სამი) წელი. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 13 მაისის განაჩენით კი, ი-----–-------–---------ს მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის ნაწილი 01 (ერთი) წლითა და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 03 (სამი) წელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 აპრილის, განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით;

საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი-----–-------–---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი 01 (ერთი) წლითა და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 03 (სამი) წელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 03 (სამი) წელი.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 31 აგვისტოს N----------- გადაწყვეტილებით, ი-----–-------–--------- გათავისუფლდა პირობით ვადამდე 02 (ორი) თვითა და 10 (ათი) დღით ადრე.

ვინაიდან, ი-----–-------–---------ს ზემოაღნიშნული ნასამართლობები მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს - 2019 წლის 12 მაისს და იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ქვეშ, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მან ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩაიდინა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის ორჯერ ნასამართლობის პირობებში.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, ბრალდებულების დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, საქმეში არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ი-----–-------–---------ს მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტს.

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა ი-----–-------–---------მ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებისთვის.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ი-----–-------–---------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ მან დანაშაული პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის გასვლამდე ჩაიდინა.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი იმ პირის მიერ ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ექვსიდან ათ წლამდე ვადით.

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, დამნაშავის მიერ ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მისი მონაწილეობის ხარისხსა და როლს ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მის ქცევას, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელზე.

სასამართლო აგრეთვე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ი-----–-------–---------ს რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, მას სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, თავისუფლების აღკვეთის სახით. საბოლოო სასჯელი კი უნდა განესაზღვროს განაჩენთა ერთობლიობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესით, რომლის მიხედვითაც განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ვიდეორეგისტრატორი, რაც გადაგზავნილი იყო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს - დაზარალებულ ვ--–-----------ს, ხოლო ანაწმენდები სტერილურ ჩხირებზე და ი-----–-------–---------ს ნერწყვის ნიმუში, რომლებიც გადაგზავნილი იყო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, ასევე მიკრონაწილაკები მწებავ ფირებზე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სუნის კვალი და ი-----–-------–---------ს სუნის ნიმუში, რომლებიც ინახება სა---------–----–------------------------------------–---------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ი-----–-------–--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 13 მაისის განაჩენით და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოცემული განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 06 (ექვსი) წლის ვადით, შთანთქოს წინა განაჩენით და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის, 02 (ორი) თვისა და 10 (ათი) დღის ვადით;

საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი-----–-------–---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის განჩინებით, ი-----–-------–---------ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდეს.

მსჯავრდებულ ი-----–-------–---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 31 მაისის 17:29 საათიდან.

სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ვიდეორეგისტრატორი, რაც გადაგზავნილი იყო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს - დაზარალებულ ვ--–-----------ს, ხოლო ანაწმენდები სტერილურ ჩხირებზე და ი-----–-------–---------ს ნერწყვის ნიმუში, რომლებიც გადაგზავნილი იყო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, ასევე მიკრონაწილაკები მწებავ ფირებზე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სუნის კვალი და ი-----–-------–---------ს სუნის ნიმუში, რომლებიც ინახება სა---------–----–------------------------------------–---------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნათია გუდაძე