გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 080210019003296271
საქმე № 2/3117-19
გადაწყვეტილება -დაუსწრებელი გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
4 მარტი 2020 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ციცინო კიკვაძე
სხდომის მდივანი ბორენა იობიძე
მოსარჩელე - შპს „ფინანსური ბიურო“;
წარმომადგენელი - ე-–--ე გ---–ვილი;
მოპასუხე - თ----ა დ-------შვილი;
დავის საგანი - თანხის დაკისრება;
სასამართლო სხდომაზე განიხილა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის და საკითხი
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მომართა შპს ფინანსური ბიუროს“ წარმომადგენელმა მოპასუხე თ----ა დ-------შვილის მიმართ. მოსარჩელის განმარტებით, თ----ა დ-------შვილმა 2016 წლის 18 ნოემბერს შპს „ფრენდლი ფაინანს ჯორჯიასთან“ ინლაინ გვერდის „MYCREDIT.GE“ მეშვეობით გააფორმა სესხის ხელშეკრულება 200 ლარზე. 2018 წლის 12 ნოემბრის შემდგომ მას არცერთი გადახდა არ განუხორციელებია, აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხის დავალიანება შეადგენს ძირ თანხას - 200 ლარს, საკომისიოს - 0 ლარს და პირგასამტეხლოს - 291.06 ლარს. შპს „ფრენდლი ფაინანს ჯორჯიამ“ მოპასუხის მიმართ მოთხოვნა დაუთმო შპს „პრობლემური აქტივების ბიუროს“, რომელმაც იგივე მოთხოვნა დაუთმო შპს „ფინანსური ბიუროს“. მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირითადი თანხის - 200 ლარის, საკომისიოს - 0 ლარის და პირგასამტეხლოს 291.06 ლარის გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მოსარჩელე მხარეს გადაეცა სარჩელი და თანდართული საბუთები მოპასუხისათვის ჩასაბარებლად.
2020 წლის 07 თებერვალს მოსარჩელის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და წარმოადგინა მხარეებს შორის გაფორმებული მორიგების აქტი, შესაბამისად, ითხოვა მისი დამტკიცება.
2020 წლის 4 მარტს დანიშნულ მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე, რომელმაც სატელეფონო შეტყობინებით განმარტა, რომ იყო ავად, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მიღებული უნდა იქნეს გადაწყვეტილება - დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:
სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე, 417-ე, 418-ე, 463-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, საქართველოს სსკ 420-ე მუხლით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მოცემულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა, რომელიც გათვალისწინებული იყო საკრედიტო ხელშეკრულებით სესხის თანხის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ჯამში 291.06 ლარის ოდენობით), არის შეუსაბამოდ მაღალი და იგი უნდა შემცირდეს 150 ლარამდე.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით, ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტა შემდეგი: „მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. კანონის მითითებული დანაწესი განპირობებულია იმითაც, რომ ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია, უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო. ასეთ შემთხვევაში კანონმდებელმა დააწესა დაცვის მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე“. (საქმე №ას-252-2019. 8 მაისი, 2019 წელი).
ამდენად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 350 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა შეადგენს 200 ლარს, პირგასამტეხლო – 150 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის თანხის 50 ლარის გადახდა.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე, 233-237-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ფინანსური ბიუროს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. თ----ა დ-------შვილს შპს „ფინანსური ბიუროს“ სასარგებლოდ დაეკისროს 350 ლარის გადახდა.
1.2. თ----ა დ-------შვილს შპს „ფინანსური ბიუროს“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა.
2. მოპასუხეს გაეგზავნოს გადაწყვეტილების ასლი და განემარტოს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების მოთხოვნით შეუძლია შემოიტანოს საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 10 (ათი) დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდება გადაწყვეტილების ასლი, ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.
3. გადაწყვეტილება-დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ციცინო კიკვაძე