განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 1/750 -19
(№042140819001)
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 თებერვალი, 2020 წელი ქ.რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე მადონა მაისურაძემ,სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე:
პროკურორი: ლევან ჯალაღანია,დაცვის მხარე:
ბრალდებული თ--------------------ი, დაბადებული 1----–-–----------------–ს, პირადი ნომერი 2----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული: თ--–---------------------–-----------–ა და ფაქტობრივად მცხოვრები - ქ. თ---–------–--–-----------–-------------------------ში.
ადვოკატი - ელზა ჯმუხაძე,თარჯიმანი - ელნურ თაღიევი,კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა’’ ქ/პუნქტი, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით;
სხდომის სახე - ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1.სასამართლომ დაადგინა:
თ---------------------ი 2019 წლის 14 აგვისტოს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ.თბილისში, ვ---------–------------------------------–-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, პირადად, უკანონოდ ინახავდა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილ განსაკუთრებით დიდი ოდენობით 2.4826 გრამ „მეტამფეტამინს“.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. სტრასბურგის სასასმართლოს განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 353994/97, 34; Bykov.v Russia, no 7378/02,5).
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით;
2019 წლის 14 აგვისტოს შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N042140819001 საქმეზე, თ--------------------ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ამავე განყოფილების თანამშრომლის დ------------------–---–ის პატაკი, რომლის თანახმად თ--------------------ს პირადად უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება.
აღნიშნული ინფორმაციის ირგვლივ მოწმის სახით დაიკითხა დ------------------–---–ი.
2019 წლის 14 აგვისტოს, 18:00-18:17 საათზე, გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით, ჩატარდა თ--------------------ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა მოთეთრო ფერის ზოლიან ქაღალდის ნაჭერში გახვეული მოთეთრო ფერის კრისტალური ფხვნილისებური ნივთიერება, რომელიც დაილუქა და ლუქს ხელს აწერენ ჩხრეკაში მონაწილე პირები. ჩხრეკის ოქმი გადაეცა თ--------------ს, საგამოძიებო მოქმედებას ესწრებოდა თარჯიმანი.
პირადი ჩხრეკის კანონიერების საკითხზე სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადამიანის პირადი სივრცე და კომუნიკაცია ხელშეუხებელია, არავის აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ან სხვა მფლობელობაში მფლობელი პირის ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩაატაროს ჩხრეკა. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას. უნდა აღინიშნოს, რომ პირადი ჩხრეკა და მსგავსი სახის საგამოძიებო მოქმედებებზე, რომელიც ზღუდავს პირის უფლებებს, ექვემდებარება დაუყონებლივ კონტროლს სასამართლოს მხრიდან. კერძოდ პირადი ჩრეკა უნდა ჩატარდეს სასამართლოს განჩინებით, ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ასევე სასამართლოს მიერ კანონიერების შესწავლით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111-ე მუხლის თანახმად, მხარეები საგამოძიებო მოქმედებას ატარებენ ამ კოდექსით დადგენილი წესით და დადგენილ ფარგლებში. ამავე კოდექსის 119-ე მუხლის თანახმად, დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში ამოღება და ჩხრეკა ტარდება იმ მიზნით, რომ აღმოჩენილ და ამოღებულ იქნეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის ამოსაღებად ჩხრეკა შეიძლება ჩატარდეს, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ის ინახება გარკვეულ ადგილზე, გარკვეულ პირთან და მის აღმოსაჩენად საჭიროა ძებნა. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დასაბუთებულია ვარაუდი, რომელიც მოცემული სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა ერთობლიობით დააკმაყოფილებდა ობიექტურ პირს, რათა დაესკვნა პირის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენა, ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისთვის გათვალისწინებული მტკიცებულებითი სტანდარტი.
საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტის დაცვა არის კანონის სავალდებულო მოთხოვნა და აღნიშნულის არარსებობა წარმოადგენს საგამოძიებო მოქმედების არაკანონიერად ცნობის საფუძველს.
მოცემულ შემთხვევაში, თ--------------------ის პირადი ჩხრეკა ჩატარდა სასამართლოს განჩინების გარეშე, გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით, ვინაიდან არსებობდა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი ამ საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად. საქმეზე არსებობდა ოპერატიული ინფორმაცია პირის კონკრეტული ადგილსამყოფელის მითითებით და მოწმის ჩვენება, რომელიც აღწერდა მიღებული ინფორმაციის სინამდვილეს. ნარკოტიკული დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე, როდესაც ძირითად მტკიცებულებას ბრუნვიდან ამოღებული ნივთი წარმოადგენს და ბრალდების მხარეს ამ ნივთის შეძენა, შენახვის ფაქტის დადგენა ევალება, საქმეზე გატარებული ღონისძიებები, სასამართლოს შეფასებით ქმნიდა იმ ინფორმაციის ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იყო მითითებული საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად.
ბრალდებულმა თ--------------------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ შემთხვევის დღეს იმყოფებოდა ქ.თბილისში, ვ---------–---------------------ე, რა დროსაც მასთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და ყოველგვარი ახსნის გარეშე დააკავეს. თბილისიდან რუსთავში ჩამოიყვანეს და ერთ საათამდე სასაფლაოებთან გააჩერეს, ვიღაც მამაკაცი მოვიდა, პოლიციის თანამშრომლებს ესაუბრა და შემდეგ წაიყვანეს განყოფილებაში. თარჯიმანი იქ ნახა და მაშინ შეიტყო, რომ მეტამფეტამინის გამო იყო დაკავებული. საპროცესო დოკუმენტებს ხელი იმიტომ მოაწერა, რომ სიტუაციაში ვერ გაერკვა, თან უთხრეს, რომ მარიხუანის მოხმარების გამო დააჯარიმებდნენ, შემდეგ შემოწმებაზე უარი იმიტომ განაცხადა, რომ შეეშინდა კიდევ რამე არ ჩაედოთ. ნარკოტიკული საშუალება, რომელიც პირადი ჩხრეკისას ამოიღეს, მას არ ეკუთვნის და აღნიშნავს, რომ თბილისიდან რუსთავამდე მგზავრობისას ჩაუდეს. იგი მარიხუანას მომხმარებელია და ნასამართლევიც არის ამის გამო, სხვა ნარკოტიკი არასოდეს მიუღია. პოლიციის თანამშრომლებმა მისი დაკავება იმიტომ დაგეგმეს, რომ კახეთის პოლიციის თანამშრომელთან დაპირისპირებულია ერთი ქალბატონის გამო, იგი დაემუქრა, რომ თუ მას თავს დაანებებდა, „ნახავდა რას უზამდა“.
თ--------------------ის მიმართ ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ირგვლივ დაიკითხნენ მასში მონაწილე პირები.
მოწმე ა---------------მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2019 წლის 14 აგვისტოს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში შევიდა ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ ქ.თბილისში ვ---------–---------------ი, მ---------------–---------- ბინის ტერიტორიაზე იმყოფებოდა თ--------------------ი, რომელსაც პირადად უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. ლ-–------------თან, რ--------------თან და თარჯიმანთან ერთად გავიდნენ ადგილზე, თ--------------------ი მითითებულ მისამართზე ფეხით გადაადგილდებოდა, გააცნეს დადგენილება და განუმარტეს, რომ უნდა ჩატარებულიყო მისი პირადი ჩხრეკა. შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბიდან ამოუღეს ქაღალდში გახვეული თეთრი ფერის ნივთი, რომელიც დაილუქა, ლუქზე გაკეთდა ხელმოწერები. ბრალდებულს წინააღმდეგობა არ გაუწევია. ჩხრეკას გარეშე პირი არ დასწრებია, კანონი არ ავალდებულებს დამსწრის მოწვევას და არც თავად ჩათვალეს აუცილებლად.
მოწმე ლ-–----------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2019 წლის 14 აგვისტოს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გავიდნენ ქ.თბილისში ვ---------–---------------ი, მერვე კვარტალში, დაინახეს თ--------------------ი, გააჩერეს, ა---------------მ განუმარტა უფლებები და დაიწყეს ჩხრეკა, პირადად მან ამოიღო მისი უკანა მარჯვენა ჯიბიდან ქაღალდში შეხვეული თეთრი ფერის ფხვიერი ნივთიერება, რომელიც დალუქეს და შემდეგ გააგზავნეს ექსპერტიზაზე. ბრალდებულმა ხელი მოაწერა ოქმებს, რაიმე სახის შენიშვნა არ გამოუთქვამს და არც დაკავების დროს გაუწევია წინააღმდეგობა. თარჯიმანი თან ახლდათ და მისი დახმარებით ესაუბრებოდნენ ბრალდებულს.
ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე მოწმე რ------------ამ, მანვე განმარტა, რომ ამოღებული ნივთიერება ქაღალდში იყო გახვეული და კრისტალური მასის იყო. ჩხრეკისას როგორც წესი ხელთათმანებს იყენებენ.
მოწმე ს--–---------–----–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე შეასრულა ძირითადი საპროცესო მოქმედებები. მანვე გამოკითხა ბრალდებული, რომელმაც ისარგებლა დუმილის უფლებით. მისი განმარტებით, საქმის ფაქტობრივი გარემოებები არ იძლეოდა დამატებით დაქტილოსკოპიური ან ბიოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის აუცილებლობას.
მოწმეების პ-------–--–---–--ის, ნ-----–------ის და საქმეზე ჩატარებული 2019 წლის 15 აგვისტოს 3930/სქ-3558/რქ დასკვნის თანახმად, დადგენილია, რომ თ--------------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული უჯრედებიანი ქაღალდის ფურცელში მოთავსებული თეთრი კრისტალური ნივთიერება წონით 3,0657 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება 2.4826 გრამ „მეტამფეტამინს“.
პ-------–--–---–--ემ დამატებით განმარტა, რომ გამოსაკვლევ ობიექტზე უნდა დაედგინა რა სახის ნივთიერება იყო და რა ოდენობის. დადგენილების შესაბამისად სცემს კითხვებზე პასუხს. ვიზუალური დათვალიერებით ექსპერტიზაზე წარდგენილი ნივთის ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. ექსპერტიზაზე მუშაობენ ხელთათმანით, დაბინძურებისა და მათი ანაბეჭდის გადასვლის თავიდან ასაცილებლად.
მოწმე ნ-----–------ის განმარტებით, გამოსაკვლევი ობიექტი იყო კრისტალისებური ნივთიერება, რომელიც ნარკოტიკული საშუალებაა. ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა და აღინიშნებოდა ხელმოწერები. ნივთი გამოსაკვლევად გაეგზავნათ დადგენილებასთან ერთად. ექსპერტი ნივთს იკვლევს მხოლოდ დადგენილებაში დასმული კითხვების შესაბამისად.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების არასაკმარისობის შესახებ და მიზანშეწონილად მიიჩნევს საპასუხოდ განმარტოს შემდეგი:
უსაფუძვლოა დაცვის მხარის შენიშვნები თარჯიმნის გამოცხადებასთან დაკავშირებით, რადგან მისი დაკითხვა სასამართლოში განიხილებოდა, როგორც ასევე დაცვის მხარის მტკიცებულება და მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარე არ იყო შეზღუდული თარჯიმნის გამოძახების პროცესში სასამართლოს მხრიდან, მხარე გამომძიებლის მეშვეობით ცდილობდა მასთან დაკავშირებას და ფაქტობრივად მასვე აკისრებს თარჯიმნის გამოცხადებაზე პასუხისმგებლობას, მაშინ როდესაც მოწმეს სასამართლოში წარადგენს მისი დაკითხვის ინიციატორი მხარე. შესაბამისად ჩნდება ვარაუდის საფუძველი, რომ დაცვის მხარისათვის თარჯიმნის გამოუცხადებლობა მეტწილად მიზნად ისახავს ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებების სანდოობის და ურთიერთშეთანხმების საკითხის „პრობლემის“ შექმნას, ვიდრე რაიმე ფაქტის დადგენის ხელშეწყობას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ დაცვის მხარე დაუკითხავი მოწმის ჩვენებით ცდილობს გაამყაროს ბრალდებულის ჩვენება და ვარაუდობს, რომ თუ თარჯიმანი დაიკითხებოდა სასამართლო სხდომაზე, ის მისცემდა ისეთ ჩვენებას, როგორიც მისცა ბრლდებულმა და საბოლოო ჯამში ეჭვქვეშ უნდა დადგეს სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გარდა იმისა, რომ მოკლებულია ლოგიკურ და მტკიცებულების ამგვარად შეფასების რეალურ საფუძველს, გაუგებარია როგორ უნდა მიიჩნიოს სასამართლომ ფაქტობრივი გარემოება დადგენილად, თუ სასამართლოში არ გამოკვლეულა შესაბამისი მტკიცებულება.
ცალკე შეფასებას საჭიროებს დასკვნითი სიტყვის ის ნაწილი, სადაც ადვოკატი უთითებს, რომ თარჯიმანი შიშის გამო არ გამოცხადდა სასამართლოში, რათა არ მიეცა ბრალდებულის სასარგებლო ჩვენება და არ დაპირისპირებოდა პოლიციას, ასევე აღნიშნავს, რომ იგი საერთოდ არ მონაწილეობდა ბრალდებულის დაკავებასა და პირად ჩხრეკაში. მითითებული არგუმენტები მხოლოდ დაცვის მხარის სტრატეგიის ნაწილია, რადგან ბრალდებულის დაკავება და პირადი ჩხრეკის ოქმი ასევე დადასტურებულია თარჯიმნის ხელმოწერით. როდესაც დოკუმენტს ხელს აწერს მასთან დაკავშირებული პირი, ივარაუდება, რომ მას გაცნობიერებული აქვს დოკუმენტის შინაარსი და ადასტურებს მის ნამდვილობას, თუმცა სათანადო საფუძვლებისა და გარემოებების მიხედვით, სასამართლომ შესაძლებელია ეჭვი შეიტანოს თუ რამდენად იყო ხელმოწერა ნებაყოფლობითი და რამდენად გასაგები იყო პირისათვის დოკუმენტის შინაარსი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩია, რომ იმ გარემოებების რეალურად არსებობისას, რომელიც ბრალდებულმა მის ადვოკატს გაანდო თარჯიმნის მონაწილეობასთან დაკავშირებით, მყარი არგუმენტების ქონის სურვილის შემთხვევაში, დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა გამოეკითხა თარჯიმანი მოწმის სახით და დაესვა მისთვის ის კითხვები, რომელიც შეეხებოდა საპროცესო მოქმედებებში მის მონაწილეობას, ხოლო შემდგომ გამოეყენებინა გამოკითხვის ოქმი მტკიცებულებად სასამართლოში (თუ თარჯიმანი არ გამოცხადდებოდა), რაც გათვალისწინებულია კიდეც სსსკ-ს 243-ე მუხლის შესაბამისად. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმესთან დაკავშირებული იმ ძირითადი ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, როგორიცაა ბრალდებულის დაკავება და პირადი ჩხრეკა და ამ მოქმედებებში ეჭვის შეტანის საფუძვლად დაუკითხავი მოწმის სავარაუდო ჩვენებაზე მითითება, არ ქმნის მტკიცებულების ობიექტურად შეფასების სამართლებრივ შესაძლებლობას.
დაცვის მხარე ბრალდების მტკიცებულებების საწინააღმდეგოდ რეალურად მხოლოდ ბრალდებულის ჩვენებას უპირისპირებს და გამოძიების ეტაპზე საპროცესო დოკუმენტებზე ხელის მოწერას სამართლებრივი საკითხების არცოდნით ხსნის, ასევე აღნიშნავს, რომ უნდობლობის გამო თქვა უარი ნარკოლოგიურ გამოკვლევაზე, მაშინ როდესაც ამგვარი შეფასების შესაძლებლობას არ იძლევა თავად ბრალდებულის ჩვენება, რადგან მან აღნიშნა, რომ ხელი საპროცესო დოკუმენტებს მხოლოდ იმიტომ მოაწერა, რომ უნდა შეემოწმებინათ ჰქონდა თუ არა მოხმარებული ნარკოტიკული საშუალება, ანუ მისი განმარტებით, მან ხელი მოაწერა ნარკოლოგიურ შემოწმებაზე თანხმობას და არა სხვა შინაარსის დოკუმენტს, თუმცა საქმეში არსებული ინფორმაციით, მან აღნიშნულზე უარი განაცხადა. ასევე აღსანიშნავია, რომ ბრალდებულმა ხელი მოაწერა მისი მონაწილეობით ჩატარებულ საპროცესო დოკუმენტებს, მას ბრალის არსი განემარტა როგორც პირველი წარდგენის, ისე წინასასამართლო სხდომაზე და არცერთ შემთხვევაში არ გაუხდია სადაოდ, რომ მისი პირადი ჩხრეკისა და დაკავების დროს რაიმე სახის უკანონო მოქმედებას ჰქონდა ადგილი. ბრალდებული სამართალდამცავი პირების მხრიდან მისით დაინტერესებას უთითებს და მიზეზად ერთ-ერთ თანამშრომელთან სატელეფონო საუბრის დროს შეკამათებას ასახელებს, იმავდრულად ვერ უთითებს თანამშრომლის სახელს ან სხვა მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს, რაც ცხადია ვერ გახდება ამგვარი განმარტების სარწმუნოდ მიჩნევის საფუძველი.
დაცვის მხარის ძირითადი არგუმენტები ასევე მიმართული იყო თ--------------------ისაგან ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებაზე, რომელიც ჩხრეკის შემდეგ დაილუქა და ლუქს ხელს აწერს თავად ბრალდებულიც (საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირები). ჩხრეკის ოქმში მითითებულია, რომ ნივთიერება გახვეული იყო მოთეთრო ფერის ზოლიან ქაღალდში. აღნიშნული ნივთის შემადგენლობის განსაზღვრის მიზნით, საქმეზე დაინიშნა ქიმიური ექსპერტიზა და დასკვნას ერთვის ფოტოები, სადაც აღნიშნულია, რომ ე.წ. მათემატიკის უჯრიან რვეულის ქაღალდში გახვეულია თეთრი კრისტალური ნივთიერება. ექსპერტმა დაკითხვისას აღნიშნა, რომ გამოსაკვლევი ობიექტი იყო დალუქული. საქმეზე დართული ნივთი დათვალიერდა ასევე სასამართლო სხდომაზე და იგი ნამდვილად იყო მოთავსებული მათემატიკის უჯრიანი რვეულის ქაღალდში. მიუხედავად იმისა, რომ საკითხი საკმაოდ ნათელია, სასამართლო აღნიშნავს, რომ სასწავლო რვეულები არის ორი სახის, ე.წ. ცალხაზიანი და მათემატიკის უჯრიანი, ორივე არის თეთრი ფერის და დახაზულია ზოლებით, მათემატიკის უჯრიანი რვეული დახაზულია უჯრებად ზოლებით და ცალხაზიანი რვეული დახაზულია ხაზებად ასევე ზოლებით, შესაბამისად არსებით წინააღმდეგობად არ მიიჩნევა უჯრიანი რვეულის ფურცლის ზოლიან ფურცლად მითითება, ვინაიდან ორივე შემთხვევაში ფონს ქმნიან ზოლები და ერთმანეთისაგან მხოლოდ მიმართულებით განსხვავდებიან. დაცვის მხარის ამგვარ პოზიციას საფუძველი ექნებოდა, თუკი ჩხრეკის ოქმში მითითება იქნებოდა პოლიეთილენის ან მუყაოს, ან თვისობრივად სხვა სახის ნივთზე, რის გარეშეც, მოცემული შემთხვევა ვერ გაიგივდება ნივთმტკიცების შეცვლის ან მასზე სხვაგვარად ზემოქმედების შემთხვევასთან.
და ბოლოს, დაცვის მხარე უთითებს, რომ საქმეზე არ არის დანიშნული ე.წ. ბიოლოგიური ექსპერტიზა და ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია რა სახის კავშირი არსებობდა ამოღებულ ნივთსა და ბრალდებულს შორის, რაც არსებობის შემთხვევაში ცხადია დამატებით შეფასების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საპროცესო კოდექსი არ ადგენს ამგვარი ექსპერტიზის დანიშვნის აუცილებლობას და ასევე სავალდებულოდ არ მიიჩნევს საგამოძიებო მოქმედების ვიდეო ჩაწერას. ეს უკანასკნელი ივარაუდება, რომ უტყუარი ინფორმაციის შემცველი მტკიცებულებაა და სასურველი იქნება ბრალდების მხარემ წესად აქციოს პირადი ჩხრეკისა და სხვა ისეთი საგამოძიებო მოქმედების ფიქსაცია, სადაც ბრალდებული ადვოკატის გარეშეა წარმოდგენილი, თუმცა ვინაიდან ასეთი მტკიცებულება (ჩხრეკის ოქმი ვიდეო ჩანაწერის გარეშე) ავტომატურად დაუშვებელ მტკიცებულებად არ მიიჩნევა, სასამართლო ვალდებულია იმსჯელოს მტკიცებულებათა იმ მოცულობაზე, რომელიც მხარემ წარადგინა სასამართლოში და მათზე დაყრდნობით შეაფასოს არის თუ არა ისინი საკმარისი და ურთიერთშეთანხმებული. სასამართლო განმარტავს, რომ ნარკოტიკული დანაშაულის და საქმეზე ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ძირითად მტკიცებულებით წყაროს წარმოადგენს ის საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგადაც იქნა იგი ამოღებული და ამ პროცესში მონაწილე პირების ჩვენებები. ასევე მნიშვნელოვანია თავად ბრალდებულის ქცევა სამართალწარმოების მთელ ეტაპზე, მოითხოვა და გამოიყენა თუ არა მან საპროცესო გარანტიები პროცესის შესაბამის ეტაპზე, არის თუ არა მისი ჩვენება ობიექტური, საქმის გარემოებებთან დაახლოებული და ხომ არ მიემართება მხოლოდ პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისთვის. შესაძლებელია დაცვის მხარემ არ მოიპოვოს მტკიცებულება, ბრალდებულმა ხელი მოაწეროს ყველა საპროცესო დოკუმენტს, თუმცა ბრალდების მხარის მტკიცებულებები იყოს ურთიერთგამომრიცხავი და არადამაჯერებელი და შედეგად სასამართლომ ჩათვალოს, რომ მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის მიერ ზემოთმოყვანილი არგუმენტები ეჭვქვეშ ვერ დააყენებს ბრალდების მხარის მტკიცებულებათა უტყუარობას, ამასთან არ არსებობს სხვა ისეთი ხასიათის გარემოება, რომელიც გამოიწვევდა თ--------------------ის გამართლებას წადგენილ ბრალდებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტებით დადგენილია ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების ბრუნვის სპეციალური წესები და ამ წესების დარღვევით განხორციელებული ქმედებები წარმოადგენს კანონის დარღვევით განხორციელებულ ქმედებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ??????????? ??????????, ???? ????????, ??????????? ?? ????? ???????????? ??????????? ??????? ?????????, ????????, ??????, ???????, ?????????, ?????????? ?? ???????? .
ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება არის ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში. უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხაში, როგორც ნარკოტიკული საშუალება მითითებულია „მეტამფეტამინი“.
ამავე მუხლის 11 პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების შენახვა გულისხმობს ნებისმიერ გამიზნული ქმედებას, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად, თუ ეს ქმედება დაკავშირებული არ არის მის გადატანასთან, მიუხედავად შენახვის ხანგრძლივობისა; ჰ13 პუნქტის მიხედვით შეძენა არის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების დაუფლება;
”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონში მითითებული უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის მიხედვით, „ამფეტამინი“ და „მეტამფეტამი“ 1 გრამამდე ითვლება დიდ ოდენობად, 1 გრამზე მეტი გასაკუთრებით დიდ ოდენობად. ამავე ნუსხის შენიშვნის მეორე ნაწილის თანახმად: თუ მე-3 ვერტიკალურ გრაფაში არ არის განსაზღვრული ოდენობა, მაშინ: ა) მე-4 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობამდე (მითითებული ოდენობის ჩათვლით) ითვლება დიდ ოდენობად; ბ) მე-5 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობაზე მეტი ითვლება განსაკუთრებით დიდ ოდენობად.
მოცემულ საქმეზე ამოღებული ნარკოტიკულ საშუალება „მეტამფეტამინის“ საერთო რაოდენობამ, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით შეადგინა 2.4826 გრამი.
თ--------------------ს ბრალეულობის დამადასტურებელ ძირითად მტკიცებულებას წარმოადგენს მისი პირადი ჩხრეკის ოქმი, რომელიც სრულ შესაბამისობაშია მოწმე სამართალდამცავთა ჩვენებებთან და ექსპერტიზის დასკვნასთან, ხოლო პირადი ჩხრეკის ჩატარების საფუძველი იყო გამომძიებლის დადგენილება. მოცემულ შემთხვევაში, თ--------------------ის პირადი ჩხრეკისას აღმოაჩნდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნითიერება, რომლის კანონიერად შეძენის ნებართვა მას არ ჰქონდა, ხოლო უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალების ბრალდებულისაგან ამოღება, მიუთითებს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვაზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეზე „ჰუსეინლი და სხვები აზერბაიჯანის წინააღმდეგ“ (პუნქტი10) ევროპულმა სასამართლომ მიუთითა: კონვენციის მეექვსე მუხლი უზრუნველყოფს საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას და სასამართლოს ამოცანაა დაადგინოს, საქმის წარმოება მთლიანობაში, მათ შორის ის მეთოდი, რომლის მეშვეობითაც მოპოვებულ და განხილულ იქნა მტკიცებულებები, სამართლიანი იყო თუ არა. კერძოდ, მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა გაესაჩივრებინა მტკიცებულებები და მათ გამოყენებას შეწინააღმდეგებოდა; იყო თუ არა დაცული შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპები ბრალდებისა და დაცვის მხარეებს შორის (იხ. ბიკოვი რუსეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N 4378/02 , §§ 88 და 90, 10 მარტი, 2009 წ. და როუი და დევისი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ [დიდი პალატა], N 28901/95 , § 60, ECHR, 2000-II). საქმეში „იბრაჰიმი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ 6.1 მუხლის ფარგლებში არსებული სამართლიანი განხილვის უფლება არის უპირობო უფლება. თუმცა სამართლიანი განხილვის არსი ვერ იქნება ერთი უცვლელი წესი, არამედ ის დამოკიდებულია კონკრეტული საქმის გარემოებებზე (იხ. ო’ჰალორანი და ფრანცისი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ [დიდი პალატა], N15809/02 და N25624/02 , §53, ECHR, 2007-III). სასამართლოს მთავარი ამოცანა 6.1 მუხლის ფარგლებში არის სისხლის სამართლის მთლიანი პროცესის სამართლიანობის შეფასება (იხ. ტაქსკე ბელგიის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N 926/05 , § 84, ECHR, 2010 და ჭაჭაშვილი გერმანიის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N 9154/10 , § 101, ECHR, 2015).
ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
თ--------------------ს ისეთი ხასიათის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, რომელიც სცილდება ბრალდების ფარგლებს - არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;
სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 260-ე მუხლი არ მოიცავს რაიმე სახის დათქმას ნარკოტიკული საშუალების სახესა და ოდენობის თაობაზე და იმისდა მიხედვით თუ რა სახის ნივთიერების შეძენა-შენახვა ან გასაღება აქვს ბრალდებულს ჩადენილი, სასჯელის დანიშვნის საკითხს წყვეტს სასამართლო. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების საშიშ ხასიათს და სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ამ მუხლისთვის დაწესებული სასჯელის ფარგლებში.
ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, თ--------------------ს უნდა ჩამოერთვას ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობ პირს ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ვადით.
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:
თ--------------------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის ”ა” ქ/პ-ის თანახმად, თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია. შესაბამისად, საქმეზე ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, უნდა განადგურდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ--------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა’’ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
2. თ--------------------ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობ პირს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მესამე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად:
5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამისს ორგანოებს და ~ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების მოქმედების ვადის ათვლა დაიწყოს განაჩენით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის მომენტიდან;
3. თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა თ--------------------ს დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 14 აგვისტოდან.
4. თ--------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით. (ინახება ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში).
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ.მაისურაძე