განაჩენი

სისხლის სამართლის 05.03.2020
საქმის ნომერი
010100120003473509
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
05.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100120003473509

საქმე #1-203/20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

5 მარტი, 2020 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა

ნინო ფუტკარაძის სხდომის მდივნობით

 

პროკურორის _ თორნიკე გოგეშვილის

ბრალდებულის - მინდია მალაყმაძის

ადვოკატის _ მზექალა ზოიძის

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №171020120008 საქმე :

 

ბრალდებულ მინდია მალაყმაძის მიმართ

მამის სახელი: მურადი

დაბადებული: 09.10.1986 წელი

პირადი ნომერი: 61001034927

მოქალაქეობა: საქართველოს

განათლება: უმაღლესი

ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული

ნასამართლეობა: არმქონე

რეგისტრირებული მისამართზე: ქ. ბათუმი. ე. თაყაიშვილის ქუჩა N59

 

კვალიფიკაცია :

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

ბრალდების არსი:

 

1. 2020 წლის 1 იანვარს, დღის საათებში, ქ. ბათუმში, ი. ჯავახიშვილის ქუჩა N4ა, ბინა N16–ში ყოფნისას, მინდია მალაყმაძემ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სახის არეში ხელის დარტყმით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ოჯახის წევრს – არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნადეჟდა ვლასოვას, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

2. მინდია მალაყმაძეს წარედგინა ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

3. სასამართლომ გააანალიზა რა მის წინაშე წარდგენილი მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ ბრალდებული მინდია მალაყმაძე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ საქმეში კი არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარად დასადატურებლად, რომლის მიხედვით, მინდია მალაყმაძემ ჩაიდინა ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება, კერძოდ:

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა :

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი .

 

4. ბრალდებულმა მინდია მალაყმაძემ თავი დამნაშავედ არ ცნო წარდგენილ ბრალდებაში. დაცვის მხარემ, იმ არგუმენტით, რომ საქმეში არ არსებობს არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად, არ მოითხოვა საქმის არსებითი განხილვისას მტკიცებულებების გამოკვლევა, შესაბამისად, სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა მტკიცებულებები იმ სახით, რა სახითაც ისინი მის წინაშე წარადგინა ბრალდების მხარემ .

 

5. 2020 წლის 02 იანვარს, 20:54 საათზე, „112“-ის სამსახურში შესული N3922 შეტყობინებისა და მის საფუძველზე დაწყებული გამოძიების აღრიცხვის ბარათის თანახმად, მოქალაქე ელენა იაკოვლევამ 112-ის სამსახურს აცნობა, რომ მისი მეგობარი ნადეჟდა ვლასოვა სცემა მეგობარმა მამაკაცმა.

 

6. მოწმე ელენა იაკოვლევას გამოკითხვის ოქმის თანახმად, ყავს ახლობელი ქალბატონი ნადეჟდა ვლასოვა, რომელიც მეგობარ მამაკაცთან, მინდია მალაყმაძესთან ერთად ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში. იცის, რომ წყვილს კონფლიქტური დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან. 2020 წლის 2 იანვარს საღამოს საათებში რუსეთიდან დაურეკა ნადეჟდას დედამ, რომლის სახელი არ იცის და უთხრა, რომ ნადეჟდას მინდიამ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და სთხოვა აღნიშნულის თაობაზე შეეტყობინებინა პოლიციისთვის. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით დაურეკა ნადეჟდას, რომელმაც სატელეფონო საუბრისას დაუდასტურა, რომ ნამდვილად სცემა მინდია მალაყმაძემ მათ დროებით საცხოვრებელ ბინაში. აღნიშნულის შემდეგ დარეკა 112-ის სამსახურში და მიაწოდა ინფორმაცია ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით.

 

7. მოწმის სახით ნადეჟდა ვლასოვას გამოკითხვის ოქმის თანახმად, დაახლოებით ერთი წელია ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში მეგობარ მამაკაცთან, მინდია მალაყმაძესთან ერთად. როგორც ნებისმიერ წყვილს, ისე მათ შორისაც ხდება სიტყვიერი კამათი, თუმცა ამას სერიოზული გაგრძელება არ მოსდევს. 2020 წლის 2 იანვარს ტელეფონით ესაუბრა დედას, რომელმაც მოიკითხა მისი და მინდიას ურთიერთობა. უთხრა, რომ მხოლოდ სიტყვიერად კამათობენ, შესაბამისად, გაუგებარია მისთვის რატომ დარეკა დედამ მის მეგობართან - ელენა იაკოვლევასთან და უთხრა, თითქოსდა, მინდიამ სცემა მისი შვილი. თვითონ ელენას ნადეჟდასთვის არ დაურეკავს და არ უკითხავს ჰქონდა თუ არა ასეთ ფაქტს ადგილი. განმარტავს, რომ მალაყმაძეს ის არ უცემია, რაც შეეხება დაზიანებას თვალის არეში, მიიღო რამდენიმე დღით ადრე გოდერძის უღელტეხილზე თხილამურებით სრიალისას დაცემის შედეგად. არ სურს მოხდეს მისი სხეულის გარეგანი დათვალიერება, ასევე ჩაუტარდეს სამედიცინო ექსპერტიზა.

 

8. მოწმე ჯანსუღ წულუკიძის, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უბნის უმცროსი ინსპექტორის გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2020 წლის 2 იანვარს საღამოს საათებში პოლიციის განყოფილებაში შევიდა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე. თანამშრომელ რუსლან გრიგორიანთან ერთად წავიდა შეტყობინებაში დაფიქსირებულ მისამართზე, სადაც, სავარაუდოდ, იმყოფებოდა დაზარალებული ქალბატონი. მართლაც, ადგილზე მისვლისას სახლში დახვდათ ნადეჟდა ვლასოვა და მისი მეგობარი მამაკაცი მინდია მალაყმაძე. ქალბატონს თვალის არეში აღენიშნებოდა დაზიანება. მისი განმარტებით პოლიციის დახმარება არ სჭირდებოდა, თუმცა სთხოვეს და დათანხმდა გაყოლოდა განყოფილებაში, სადაც წერილობით გააკეთებდა განმარტებას. პოლიციის განყოფიელებაში მისვლის შემდეგ მან გამომძიებელს საუბარში დაუდასტურა, რომ თვალის არეში არსებული დაზიანება მინდია მალაყმაძემ მიაყენა, თუმცა მოგვიანებით უარყო აღნიშნული და განმარტა, რომ დაზიანება თხილამურებით სრიალისას მიიღო.

 

9. ანალოგიური განმარტებებია დაფიქსირებული პოლიციის თანამშრომლების, რუსლან გრიგორიანის და ოლეგ ცინცაძის გამოკითხვის ოქმებში.

 

10. საქმეში ასევე წარმოდგენილია 2019 წლის 29 ივლისს გაცემული N021553 შემაკავებელი ორდერი მინდია მალაყმაძის მიმართ ნადეჟდა ვლასოვას მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე. მოწმე ჯანსუღ წულუკიძის მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმი, სადაც ვლასოვასთვის გადაღებული ფოტოსურათია აღბეჭდილი, თვალზე დაზიანებით; მინდია მალაყმაძის დაკავების ოქმი და სხვა საპროცესო დოკუმენტაცია.

 

11. ზემოაღნიშნული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებების ობიექტური შეფასება და ანალიზი გამორიცხავს სასამართლოს მხრიდან ასეთი მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდებულად ცნობილი პირის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობას და არ ქმნის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო უტყუარი, ურთიერთშეთანხმებული, დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთიან ჯაჭვს, კერძოდ:

 

12. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე დათქმებს შეიცავს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილები, რომელთა თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეტანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

13. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

14. ამდენად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებული მტკიცებულებულებების ერთობლიობა. განსახილველ საქმეში არ არსებობს არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, არათუ მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც დაარწმუნებდა სასამართლოს მინდია მალაყმაძის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში. დაზარალებულმა ნადეჟდა ვლასოვამ გამომძიებელს განუმარტა, რომ მისთვის მინდია მალაყმაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, თვალზე არსებული დაზიანება მიიღო თხილამურებით სრიალისას წაქცევის და სახით ყინულზე დაცემის შედეგად. რაც შეეხება პოლიციის თანამშრომლების, ასევე მოწმე ელენა იაკოვლევას ჩვენებებს, ისინი არ არიან ფაქტის უშუალოდ შემსწრე და თვითმხილველი პირები, მათი ჩვენებები თავისი არსით ირიბი ჩვენებებია, რომლებიც სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობა. იაკოვლევას განმარტებით, ვლასოვას დედამ სატელეფონო საუბრისას შეატყობინა მალაყმაძის მიერ მისი შვილის ცემის ფაქტი და სთხოვა პოლიციაში დაერეკა, თავად იაკოვლევა ფიზიკური ძალადობის მომენტს არ შესწრებია. დაზარალებულმა ვლასოვამ, რომელმაც საერთოდ უარი თქვა დაზარალებულად ცნობის თაობაზე დადგენილების გაცნობასა და ხელმოწერაზეც კი, არ დაადასტურა არც მისი ცემის, არც დედისთვის ასეთი ინფორმაციის მიწოდების ფაქტი. პოლიციის თანამშრომლები - ოლეგ ცინცაძე, ჯანსუღ წულუკიძე, რუსლან გრიგორიანი ასევე არ შესწრებიან მინდია მალაყმაძის მიერ ნადეჟდა ვლასოვას ცემის ფაქტს და განმარტავენ, რომ ვლასოვამ პირად საუბარში დაადასტურა, თუმცა შემდეგ უარყო მის მიმართ მალაყმაძის მხრიდან ჩადენილი ძალადობა.

 

15. რაც შეეხება მოწმეების ირიბ ჩვენებებს, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, რომელიც ასახულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში, ყოველი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებასა თუ განაჩენს საფუძვლად ედება, შესაძლოა იწვევდეს დავას. გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, როგორც წესი, მხარეთა განსხვავებული შეფასებისა და კამათის საგანს წარმოადგენს. სისხლისსამართლებრივი დევნის სხვადასხვა ეტაპზე მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეამოწმონ მტკიცებულებათა ნამდვილობა, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს ან უარყოფს ბრალდებული პირის კავშირს ჩადენილ დანაშაულთან. ირიბი ჩვენების შემთხვევაში მოწმე გამოძიებას ან სასამართლოს აწვდის ინფორმაციას ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების ან სხვა გარემოებების შესახებ, რომელთა თვითმხილველი თავად არ ყოფილა. ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს.

 

16. ირიბი ჩვენების - სასამართლოს მიერ ისეთი ჩვენების დასაშვებად ცნობა, რომელიც ემყარება სხვა პირის მიერ გაკეთებულ განცხადებას ან გავრცელებულ ინფორმაციას, შეიცავს მრავალ რისკს. მათ შორის, რთულია იმის შეფასება, თუ რამდენად სანდოა ან სარწმუნოა ასეთი ინფორმაცია, ვინაიდან სასამართლო შეზღუდულია შესაძლებლობაში, შეამოწმოს ინფორმაციის გამავრცელებელი პირის განწყობა, მისი დამოკიდებულება იმ მოვლენების მიმართ, რომლებიც სისხლისსამართლებრივ საქმეს უკავშირდება. ასევე რთულია იმის განჭვრეტა, თუ როგორ ჩვენებას მისცემდა ეს პირი, ის რომ სასამართლოში გამოცხადებულიყო (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება).

 

17. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ირიბი ჩვენება ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. ცალსახაა, რომ მოცემულ შემთხვევაში პოლიციის სამი თანამშრომლის ჩვენება, რომელიც გამოძახების შემდეგ მივიდნენ დაზარალებულის საცხოვრებელ მისამართზე და საერთოდ არ შესწრებიან ძალადობის ფაქტს, ვერ იქნება მიჩნეული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებებად. იგივე უნდა ითქვას მოწმე ელენა იაკოვლევას ჩვენებაზე, რომელიც ასევე სხვა პირის მიერ მონათხობს ემყარება.

 

18. სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, 2020 წლის 1 იანვარს მინდია მალაყმაძის მხრიდან ჩადენილი ფიზიკური ძალადობის გამო დაზარალებული ნადეჟდა ვლასოვა განიცდიდა ფიზიკური ტკივილს. როგორც უკვე აღინიშნა, დაზარალებულმა უარყო მასზე ფიზიკური ძალადობა, შესაბამისად, რთულია მისი ჩვენების გარეშე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდეს ვლასოვას მხრიდან ფიზიკური ტკივილის შეგრძნების ფაქტი. ამასთან, საქმეში არ არსებობს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც აღწერილი იქნებოდა დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებები და დადგენილი იქნებოდა მათი ხანდაზმულობა. პოლიციელის მიერ გადაღებული ფოტო, ცხადია, ვერ ჩაანაცვლებს სპეციალური ცოდნის მქონე პირის მიერ გაცემულ კომპეტენტურ დასკვნას ზემოაღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით. დაცვის მხარე გამორიცხავს სურათზე არსებული დაზიანების მინდია მალაყმაძის მხრიდან მიყენების ფაქტს და განმარტავს, რომ ვლასოვამ დაზიანება სულ სხვა დროს და სხვა ვითარებაში მიიღო. დაცვის მხარის ამ ვერსიის საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი ინფორმაცია ბრალდების მხარეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.

 

19. ამდენად, განსახილველ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილია მხოლოდ ირიბი მტკიცებულებები, არ არსებობს არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, არათუ ასეთი მტკიცებულებების ერთობლიობა ბრალდებით გათვალისწინებულ ქმედებაში მალაყმაძის დამნაშავედ ცნობისთვის. ბრალდებული და დაზარალებული კატეგორიულად უარყოფენ ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილი გარემოებების სისწორეს, სხვა მოწმეები არ არიან ფაქტის უშუალოდ შემსწრე და თვითმხილველი პირები, მათი ჩვენებები სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობა.

 

20. ოჯახური ძალადობის ბრალდების საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2018 წლის 31 ოქტომბრის N308აპ/18 განაჩენში მიუთითა, რომ იმ "...მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც არ არიან შემთხვევის თვითმხილველები და მათი განმარტებები ეფუძნება დაზარალებულის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას, საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, რაც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების შესაბამისად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციურსამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს".

 

21. მითითებული განაჩენით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მსჯავრდებული გაამართლა სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. საგულისხმოა, რომ საქმეში წარმოდგენილი იყო დაზარალებულის ჩვენება, თუმცა მხოლოდ ერთი მტკიცებულება სასამართლომ არ მიიჩნია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის აუცილებელი მტკიცებულებითი სტანდარტის შემქმნელ ინფორმაციად, რადგან სახეზე არ იყო სხვა, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა.

 

22. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულის გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებული ინფორმაცია საერთოდ გამორიცხავს მალაყმაძის ბრალეულობას, შესაბამისად, სახეზეა არა მტკიცებულებების არასაკმარისობა, არამედ არარსებობა, რაც ქმნის გამამართლებელი გადაწყვეტილების მიღების უპირობო საფუძველს.

 

23. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო სასამართლოსთვის, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დაემტკიცებინა ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდების საფუძვლიანობა. მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გადმოცემული ვერსია ვერ სცილდება ვარაუდის და დაუდასტურებელი ეჭვის დონეს, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის დამნაშავედ ცნობას.

 

25. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY განმარტა შემდეგი: წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან.

 

26. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მინდია მალაყმაძის ბრალდების დადასტურება.

 

27. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებდეს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ .

 

სამართლებრივი შეფასება:

 

28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა მინდია მალაყმაძის წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო უტყუარი, დამაჯერებელი, ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში, რის გამოც მინდია მალაყმაძე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა :

 

29. სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, საქმეზე ნივთმტკიცებებად ცნობილი - სსიპ „112“–ის აუდიო ჩანაწერი ერთ ცალ კომპაქტ დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, უნდა დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 270-276-ე, 277-ე, 279-ე, 280-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული მინდია მურადის ძე მალაყმაძე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

გამართლებულ მინდია მალაყმაძეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების თაობაზე.

 

ნივთმტკიცება – სსიპ „112“–ის აუდიო ჩანაწერი ერთ ცალ კომპაქტ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს – დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი