გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 26.02.2020
საქმის ნომერი
020310019003167292
კატეგორია
დავის ტიპი
საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით
თარიღი
26.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №020310019003167292

საქმე N3/162-19წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

26 თებერვალი, 2020 წელი ქ. ზუგდიდი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ფატი ფურცხვანიძე

სხდომის მდივანი - სალომე ქობალია

 

მოსარჩელე - ა(ა)იპ საქართველოს ც------–-------–-------------–-ა

წარმომადგენელი - თავმჯდომარე თ--------–---------

 

მოპასუხე - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - ა----–-–---

 

დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - საქართველოს ც------–-------–-------------–-ის 2019 წლის 29 ივლისის 81H19 წერილით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის სრულყოფილად გაცემა.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2019 წლის 29 ივლისს ა(ა)იპ საქართველოს ც------–-------–-------------–-ამ 81H19 წერილით მოითხოვა საჯარო ინფორმაციის მიღება. კერძოდ: ზუგდიდის მერიის, ასევე მის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციების თანამშრომელთა სრული სია, თითოეულ მათგანზე მათი თანამდებობების მითითებით, ასევე მათ მიერ მიღებული შრომის ანაზღაურებების შესახებ ინფორმაციები.

 

მოსარჩელემ სასამართლოს სხდომაზე მიუთითა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა, გასცა საჯარო ინფორმაცია, მაგრამ არ გაუცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ყოფილი და ამჟამად დასაქმებული თანამშრომლების, ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციების ყოფილი და აჟამად დასაქმებულ თანამშრომელთა სრული სია მათი სახელებისა და გვარების მითითებით.

 

შესაბამისად, სრული ინფორმაცია, რომელიც მოთხოვნილი იყო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას არ გაუცია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხის - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია, რაზედაც არ იქნა გაცემული ინფორმაცია, წარმოადგენდა პერსონალურ, პირის მაიდენტიფიცირებელ მონაცემს, რის გამოც მას კანონიერად ეთქვა უარი ინფორმაციის გაცემაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2019 წლის 29 ივლისს ა(ა)იპ საქართველოს ც------–-------–-------------–-ამ 81H19 განცხადებით მიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა შემდეგი სახის საჯარო ინფორმაციის გაცემა:

 

- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელთა სრული სია, მათ შორის მიმდინარე მომენტისათვის არსებული სრული სია, ასევე ის პირები, რომლებიც მუშაობდნენ 2018 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდში და ამ მომენტისთვის აღარ მუშაობენ, ასევე შტატგარეშე დაქირავებულ პირთა სრული სია, მათ შორის მიმდინარე მომენტისთვის არსებული სრული სია, ასევე ის პირები რომლებიც მუშაობდნენ 2018 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდში და ამ მომენტისთვის აღარ მუშაობენ. ზემოაღნიშნულ ორივე შემთხვევაში თითოეულ მათგანზე მათი თანამდებობების მითითებით, ასევე ზემოაღნიშნულ პირებზე 2018 წლის 1 იანვრიდან დღემდე გაცემული შრომის ანაზღაურებების ოდენობები თითოეული თვის მიხედვით (ხელფასი, პრემია, დანამატი);

 

- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ თითოეული ორგანიზაციის თანამშრომელთა სრული სია, მათ შორის მიმდინარე მომენტისათვის არსებული სრული სია, ასევე ის პირები, რომლებიც მუშაობდნენ 2018 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდში და ამ მომენტისთვის აღარ მუშაობენ, ასევე შტატგარეშე დაქირავებულ პირთა სრული სია, მათ შორის მიმდინარე მომენტისთვის არსებული სრული სია, ასევე ის პირები, რომლებიც მუშაობდნენ 2018 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდში და ამ მომენტისთვის აღარ მუშაობენ. ზემოაღნიშნულ ორივე შემთხვევაში თითოეულ მათგანზე მათი თანამდებობების მითითებით, ასევე ზემოაღნიშნულ პირებზე 2018 წლის 1 იანვრიდან დღემდე გაცემული შრომის ანაზღაურებების ოდენობები თითოეული თვის მიხედვით (ხელფასი, პრემია, დანამატი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- 29.07.2019 წლის 81H19 განცხადება;

 

3.1.2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 16 აგვისტოს N 02/10201 წერილით ა(ა)იპ საქართველოს ც------–-------–-------------–-ას 2019 წლის 29 ივლისის N 81H19 წერილის პასუხად გადაეცა ინფორმაცია 2018 წლის მდგომარეობით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებულ პირთა თანამდებობათა დასახელება და სახელფასო განაკვეთები, მიეწოდა ზუგდიდის მერიის თანამდებობის პირთა სახელები და გვარები, ასევე გაცემულ პრემიათა (ფულადი ჯილდო, დანამატის) რაოდენობის შესახებ მონაცემი; ანალოგიური ინფორმაცია გაიცა 2019 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებულ პირთა თაობაზე.

 

3.1.3.განცხადების მე-2 პუნქტთან დაკავშირებით, ა(ა)იპ საქართველოს ც------–-------–-------------–-ას ეთხოვა მოთხოვნის დაზუსტება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შესაგებელი;

 

3.1.4.განცხადების მე-2 პუნქტის მოთხოვნის სასამართლო სხდომაზე დაზუსტების შემდგომ, მოსარჩელეს გადაეცა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციების თანამშრომელთა თანამდებობების დასახელება და მათ მიერ მიღებული შრომის ანაზღაურებების შესახებ ინფორმაციები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელის განმარტებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ა(ა)იპ საქართველოს ც------–-------–-------------–-ის 2019 წლის 29 ივლისს 81H19 წერილით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია სრულყოფილად არ იქნა გაცემული, ვინაიდან იგი არ შეიცავს წერილით მოთხოვნილ და საჯარო ინფორმაციას განკუთვნილ ინფორმაციას: 2018 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებულ, ყოფილ და ამჟამად დასაქმებულ თანამშრომელთა, ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციებში 2018 წელს დასაქმებულ, ყოფილ თანამშრომელთა და ამჟამად დასაქმებულ თანამშრომელთა სრულ სიას - სახელებსა და გვარებს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდესი“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია, წარმოადგენს თუ არა მოსარჩელის მიერ წერილით მოთხოვნილი მონაცემები საჯარო ინფორმაციას და რამდენად სრულყოფილად იქნა იგი გაცემული მოპასუხის მიერ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო ინფორმაციის ლეგალური დეფინიცია მოცემულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტში, რომლის შესაბამისად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია.

 

ადმინისტრაციული კანონმდებლობა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულების სუბიექტად საჯარო დაწესებულებას მიიჩნევს მხოლოდ საჯარო დაწესებულებაში დაცულ, აგრეთვე, საჯარო დაწესებულებაში ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაციის მიმართ.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით, ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად.

 

სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობასა და მიზნებთან დაკავშირებით. კერძოდ: „სახელმწიფო ოფიციალურ დოკუმენტზე ხელმისწავდომობის უფლება უშუალოდ უკავშირდება სახელმწიფოში ღია მმართველობის განხორციელებას და შესაბამისად, მნიშვნელოვანია დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოების დამკვიდრებისა და შენარჩუნებისათვის. აღნიშნული უფლება გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, შექმნას შესაბამისი გარანტიები, რათა შესაძლებელი გახადოს საჯარო საკითხებთან დაკავშირებით მოქალაქის ინფორმირებულობა. სახელმწიფოს ოფიციალურ დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობას აძლევს, გამოიკვლიოს მისთვის საინტერესო საჯარო მნიშვნელობის საკითხები, დასვას კითხვები, განიხილოს, რამდენად ადეკვატურად ხორციელდება საჯარო ფუნქციები და თავად იყოს საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილებების მიღებისა და იმპლემენტაციის პროცესის აქტიური მონაწილე. ინფორმაციის ღიაობა ხელს უწყობს სახელმწიფო დაწესებულებების ანგარიშვალდებულების ამაღლებასა და საქმიანობის ეფექტიანობის ზრდას. ღია მმართველობის პირობებში სახელმწიფო ორგანოების/თანამდებობის პირებს აქვთ მოლოდინი, რომ შესაძლოა, მათი საქმიანობა გადამოწმდეს ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიერ და გადაცდომების აღმოჩენის შემთხვევაში დაექვემდებარონ როგორც სამართლებრივ, ისე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. შესაბამისად, სახელმწიფო დაწესებულებებში დაცული საჯარო ინფორმაციის ღიაობა წარმოადგენს სახელმწიფო ორგანოების საქმიანობაზე ეფექტიანი საზოგადოებრივი კონტროლის მნიშვნელოვან წინაპირობას. ღია მმართველობა არსებითად მნიშვნელოვანია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო დაწესებულებებსა და მოქალაქეებს შორის ნდობის განსამტკიცებლად, სამართალდარღვევების (მაგალითად, კორუფცია, ნეპოტიზმი, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა) პრევენციისა და არსებული დარღვევების დროულად გამოსავლენად (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის #1/4/757 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიროგი კრავეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ).

 

ანალოგიურ მსჯელობას ავითარებს საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მსგავსი შინაარსის შემცველ ნორმასთან მიმართებით, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით დაცული უფლება საზოგადოების თითოეულ წევრს აძლევს შესაძლებლობას, იყოს ინფორმირებული მისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე და აქტიურად ჩაერთოს სახელმწიფო თუ ადგილობრივი საკითხების განხილვასა და განხორციელებაში. ეს ყოველივე ემსახურება, საჯარო დაწესებულებაში დაცული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საზოგადო მიზანს - საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელებისა და სახელმწიფო საქმიანობაში სამოქალაქო ჩართულობის უზრუნველყოფას. სწორედ ამ მიზნების მისაღწევად, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი პირებს აძლევს შესაძლებლობას, მოითხოვონ და მიიღონ საჯარო დაწესებულებაში დაცული მათთვის საინტერესო ინფორმაცია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ღია მმართველობა არსებითად მნიშვნელოვანია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო დაწესებულებებსა და მოქალაქეებს შორის ნდობის განსამტკიცებლად, სამართალდარღვევების (მაგალითად, კორუფცია, ნეპოტიზმი, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა) პრევენციისა და არსებული დარღვევების დროულად გამოსავლენად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის #1/4/757 გადაწყვეტილება).

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 სექტემბრის #ბს-1020(კ-18) გადაწყვეტილებაში მითითებულ განმარტებას ინფორმაციის თავისუფლების თაობაზე. კერძოდ: ინფორმაციის თავისუფლება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების გამოვლინებაა. საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. ამგვარი კონსტიტუციური მოწესრიგება მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფოს ყოველგვარი საქმიანობა უნდა გამომდინარეობდეს ხალხის ნებისაგან და ეყრდნობოდეს მას, სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სწორედ ხალხის ნებით უნდა იყოს ლეგიტიმირებული. ამდენად, სახალხო სუვერენიტეტის საფუძველზე ფორმირებული ხელისუფლება ლეგიტიმაციას სწორედ ხალხისგან ღებულობს, თუმცა სახელისუფლებო ძალაუფლება არის არა განუსაზღვრელი, არამედ თავად კონსტიტუციითა და კონსტიტუციის შესაბამისად მიღებული კანონებით შეზღუდული. საქართველოს კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების განმტკიცებით სახელმწიფომ უზრუნველყო საჯარო დაწესებულებათა საქმიანობის შესაბამისი, დაშვებული მოცულობით ღიაობა, ამასთანავე, საზოგადოების ინფორმირებულობა ამგვარ დაწესებულებაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ზემოხსენებული უფლება წარმოადგენს სახელისუფლებო საქმიანობის კონტროლის უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს, რამდენადაც საჯარო ინფორმაციაზე წვდომის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა საჯარო ფუნქციათა შესრულებაზე სრულყოფილი საზოგადოებრივი ზედამხედველობის განხორციელება.

 

საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია. ამავე კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით სახელმწიფო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოებისთვის ან პერსონალური მონაცემებისთვის მიკუთვნებული ინფორმაციისა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საჯარო დაწესებულება არის ადმინისტრაციული ორგანო, სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირი ასეთი დაფინანსების ფარგლებში. კერძო სამართლის იურიდიული პირი საჯარო დაწესებულებად შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსების ფარგლებში იქნეს მიჩნეული. ყველა სხვა შემთხვევაში, მათ შორის, ამგვარი დაფინანსების პირობებშიც კი აღნიშნული დაფინანსების ფარგლებს მიღმა, კერძო დაწესებულება ინარჩუნებს საკუთარ სტატუსს და მასზე არ ვრცელდება საჯარო დაწესებულებისათვის საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული დანაწესები.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრინციპი კონკრეტიზირებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით („ინფორმაციის თავისუფლება“). აღნიშნული კოდექსის 28-ე მუხლი იმეორებს კონსტიტუციურ ნორმას, რომლის მიხედვით, საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით სახელმწიფო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოებისთვის ან პერსონალური მონაცემებისთვის მიკუთვნებული ინფორმაციისა.

 

ამავე კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში. საჯარო ინფორმაციის მისაღებად პირი წარადგენს წერილობით განცხადებას. აუცილებელი არ არის, განცხადებაში მიეთითოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მოტივი ან მიზანი.

 

ამდენად, ყოველი პირისათვის (ფიზიკური თუ იურიდიული) გარანტირებულია საჯარო ინფორმაციის მიღების უფლება.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ გაცემული ინფორმაციის გარდა, მოსარჩელეს ასევე მოთხოვნილი ჰქონდა სხვა სახის ინფორმაციაც, რაც ვერ მიიღო (ყოფილი და ამჟამად დასაქმებულ თანამშრომელთა სრული სია სახელებისა და გვარების მითითებით). მოპასუხემ აღნიშნული ინფორმაციის გაცემაზე უარი განმარტა იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგენდა პერსონალურ მონაცემებს.

 

შესაბამისად, განსახილველი სამართალურთიერთობის შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სასამართლოს მიერ იმის დადგენას, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია მიეკუთვნება თუ არა პერსონალური მონაცემების შემცველ ინფორმაციას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პერსონალური მონაცემების ცნება, მათ დაცვასა და დამუშავებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით.

 

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მიხედვით, ამ კანონის მიზანია, პერსონალური მონაცემის დამუშავებისას უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა, ხოლო იგივე კანონის მე-2 მუხლის „ა“პუნქტის თანახმად, პერსონალური მონაცემი (შემდგომ − მონაცემი) არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ინფორმაცია, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ კრიტერიუმებს, არ არის საინტერესო პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნებისათვის. ე.ი. ინფორმაციის პერსონალური მონაცემების შემცველად მიჩნევისათვის ის აუცილებლად უნდა შეიცავდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილ ნიშნებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27-ე მუხლის ,,დ" ქვეპუნქტში განმარტებულია თუ ვინ წარმოადგენს თანამდებობის პირს ამ კოდექსის მე-3 თავის (ინფორმაციის თავისუფლება) მიზნებისათვის, კერძოდ, ესაა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი.

 

საქართველოს კანონის „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ მე-2 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინში „თანამდებობის პირი“ იგულისხმება მუნიციპალიტეტის მერი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილე, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რაიონის გამგებელი და მისი მოადგილე, რაიონის გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებელი და მისი მოადგილე, რაიონის გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით, ამ კანონის IV თავის მიზნებისათვის ტერმინში „თანამდებობის პირი“ აგრეთვე იგულისხმება სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის (გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი და სასპორტო საქმიანობისათვის შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა) ხელმძღვანელი და იმ საწარმოს ხელმძღვანელი, რომლის აქციათა ან წილის 100 პროცენტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, აგრეთვე ამ საწარმოს შვილობილი საწარმოს ხელმძღვანელი.

 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-52 მუხლის თანახმად, მერიის თანამდებობის პირები არიან: მერი; მერის პირველი მოადგილე; მერის მოადგილე; მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პერსონალური ინფორმაციის სამართლებრივი შეფასებისათვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმი არის თვით ინფორმაცია. სასამართლო მიიჩნევს, რომ თანამდებობის პირთა შესახებ ინფორმაცია არ შეიძლება იყოს პერსონალური ინფორმაცია, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად ყველას აქვს უფლება იცოდეს საჯარო დაწესებულების იმ სახელმწიფო და საჯარო მოსამსახურეთა ვინაობა და სამსახურებრივი მისამართი, რომელთაც უკავიათ თანამდებობა ან ევალებათ საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოება ან საზოგადოებასთან ურთიერთობა და მოქალაქეთათვის ინფორმაციის მიწოდება. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ინფორმაცია საჯაროა და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის. შესაბამისად, თანამდებობის პირების შესახებ არსებული ინფორმაცია არ მიეკუთვნება კერძო საკითხებთან დაკავშირებულ, გამხელისაგან დაცულ ისეთ სფეროს, რომ პირს გააჩნდეს მისი დაცვის გონივრული მოლოდინი.

 

თანამდებობის პირთა მიმართ პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტი განსხვავებულია და ადგენს საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების დაცვის განსხვავებულ კრიტერიუმებს. ამ თვალსაზრისით სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პირის პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჯარო ინტერესების, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დასაცავად. თანამდებობის პირის, აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატის პერსონალური მონაცემები საჯაროა.

 

მითითებული ნორმით კანონმდებელმა საჯარო პირების მონაცემთა დაცვის რეჟიმი განასხვავა სხვა პირების სამართლებრივი დაცვის რეჟიმისაგან, რაც განპირობებულია იმით, რომ იმ პირების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც ადმინისტრაციულ ორგანოში საჯარო ფუნქციას ახორციელებენ, განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის შემცველია, თანამდებობის პირთან დაკავშირებით პირადი სფეროს შემცველი მონაცემების საჯაროობა ემსახურება იმ მიზანს, რომ უზრუნველყოფილ იქნეს თანამდებობის პირთა შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობა.

 

იმდენად, რამდენადაც მმართველობითი საქმიანობა ხორციელდება სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსების ფარგლებში, ლეგიტიმურია საზოგადოების ინტერესი ამ სფეროში მომუშავე თანამდებობის პირთა მიმართ.

 

ამდენად, მოსარჩელეს უფლება გააჩნდა მოპასუხისაგან მიეღო ინფორმაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა შესახებ, მათი თანამდებობის მითითებით, ასევე თითოეულ მათგანზე გაცემული შრომის ანაზღაურების (ხელფასი, პრემია, დანამატი) ოდენობა თითეული თვის მიხედვით, რაც შეასრულა კიდეც მოპასუხე მხარემ და აღნიშნულ გარემოებას სადავოდ თავად მოსარჩელეც არ ხდის.

 

რაც შეეხება თანამდებობის პირების გარდა, მერიის სხვა თანამშრომელთა (შტატით და შტატგარეშე) და მერიის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირებისა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებათა თანამშრომელთა (შტატით და შტატგარეშე) სრულ სახელობით სიას და თითოეულ მათგანზე გაცემულ შრომის ანაზღაურებას, აღნიშნული არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და დაცულია კანონით. მათ მიმართებაში ინფორმაცია შესაძლებელია გაცემული იქნას მათი პირადი მონაცემების გამხელის გარეშე, ანუ მსგავსი ინფორმაცია უნდა იქნას გაცემული საშტატო და შტატგარეშე თანამშრომელთა ნუსხის (თანამდებობათა დასახელება), ასევე თითოეულ საშტატო ერთეულზე გაცემული შრომის ანაზღაურების სახით, რაც გადაეცა მოსარჩელეს მოთხოვნის დაზუსტების შედეგად. ამასთან, მინიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, ყველას აქვს უფლება იცოდეს საჯარო დაწესებულების იმ საჯარო მოსამსახურეთა ვინაობა და სამსახურებრივი მისამართი, რომელთაც ევალებათ საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოება ან საზოგადოებასთან ურთიერთობა და მოქალაქეთათვის ინფორმაციის მიწოდება. რაც იმას ნიშნავს, რომ საჯარო და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის ამ პირთა ვინაობა და სამსახურებრივი მისამართი და აღნიშნული დანაწესი არ გულისხმობა ამ პირთა ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ღიაობასა და ხელმისაწვდომობას. შესაბამისად, მხოლოდ თანამდებობის პირების შესახებ არსებული ინფორმაცია არ მიეკუთვნება კერძო საკითხებთან დაკავშირებულ, გამხელისაგან დაცულ ისეთ სფეროს, რომ პირს გააჩნდეს მისი დაცვის გონივრული მოლოდინი.

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობასთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად ზოგადად, პირადი ცხოვრების უფლების დაცვა მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ღირებულებაა. საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ მიუთითებია ამ უფლების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „პირადი ცხოვრება გულისხმობს ინდივიდის ცხოვრებისა და განვითარების კერძო სფეროს. უფლება პირად ცხოვრებაზე კი, ერთი მხრივ, ნიშნავს ინდივიდის შესაძლებლობას, პირადად, საკუთარი შეხედულებისამებრ, დამოუკიდებლად შექმნას და განავითაროს თავისი კერძო ცხოვრება, ხოლო, მეორე მხრივ, იყოს დაცული და უზრუნველყოფილი მის კერძო სფეროში სახელმწიფოს, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პირების ჩარევისგან. შესაბამისად, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება უზრუნველყოფს პიროვნების თავისუფალ განვითარებას, რადგან საშუალებას აძლევს მას, კერძო სფეროში საზოგადოების ჩარევისა და ყურადღებისაგან თავისუფალ პირობებში მოახდინოს ინფორმაციის, მოსაზრებებისა და შთაბეჭდილებების გაცვლა-გაზიარება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება N1/3/407 საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე - ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-4). პირადი ცხოვრების უფლების ერთ-ერთი კომპონენტია პერსონალური მონაცემების ე.ი. პირის შესახებ ინფორმაციის დაცვა გამჟღავნებისაგან. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, ფინანსებთან ან სხვა პირად საკითხებთან, არავისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჯარო ინტერესების, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დასაცავად. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების კომპონენტების, მათ შორის, პირის შესახებ არსებული ინფორმაციის გამჟღავნებისაგან დაცვა ნამდვილად არის ის ღირებული ლეგიტიმური მიზანი, რომლის უზრუნველსაყოფადაც შესაძლებელია, შეიზღუდოს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლება. (№1/4/693,857; 2019 წლის 7 ივნისი; „ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ და ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).

 

ამდენად, სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებული უფლების რეალიზაციისათვის მნიშვნელოვანია თანამდებობის პირთა და ფინანსების შესახებ ინფორმაციის ღიაობა და ხელმისაწვდომობა, რისი გადაცემაც მოსარჩელისათვის უზრუნველყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, პერსონალური მონაცემების გაცემა კი, მათი ხასიათისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, არ წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებული უფლების რეალიზაციის საფუძველს.

 

ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოსარჩელეს გადაეცა საჯარო ინფორმაციას მიკუთვნებული ინფორმაცია, ხოლო მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი მონაცემი - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და მის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციების ყოფილი და ამჟამად დასაქმებულ პირთა სრული სია (სახელები და გვარები), არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.

 

მოსარჩელის მიერ მოცემულ საქმეზე წინასწარ არის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, რაც უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე-23-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ა(ა)იპ საქართველოს ც------–-------–-------------–-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2.მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქ. №12).

 

მოსამართლე: ფატი ფურცხვანიძე