გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N3-----------------
N2/26795-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
30.01.2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - თეა ბერაია
სხდომის მდივანი - ნინო კეკელიანი
მოსარჩელე - რ-------ან ჩ-----–--ე,წარმომადგენელი - ვ--–----ან გ--–------ი
მოპასუხე - სსიპ ე---------–-------------------ო
წარმომადგენლები: დ----- დ-----ა, ც---- ვ-------–---–ი, ნ---- მ-----–---ი
დავის საგანი: ბრძანების ბათილად ცნობა. განაცდურის ანაზრაურება, სამუშაზე აღდგენა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხის სსიპ ,,ე---------–-------------------ოს“ უფროსის 2019 წლის 19 ივლისის N1----კ ბრძანება რ--------ნ ჩ-----–--ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ;
1.2. აღდგენილ იქნეს რ--------ნ ჩ-----–--ე სსიპ ,,ე---------–-------------------ოს“ ადმინისტრაციული საქმიანობის მართვის სამსახურის“ ლოჯისტიკისა და ქონების მართვის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის ტოლფას, ფინანსური დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორის თანამდებობაზე;
1.3. მოპასუხე სსიპ ,,ე---------–------------------ოს“ დაეკისროს მოსარჩელის რ--------ნ ჩ-----–--ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 22019 წლის 22 ივლისიდან ყოველთვიურად 1300 ლარის ოდენობით სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
სარჩელის საფუძვლები:
მოსარჩელის განმარტებით, იგი 2014 წლის 17 სექტემბერს დაინიშნა სსიპ ,,ე---------–-------------------ოს“ ფინანსური დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს სპეციალისტის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად. 2018 წლის 01 ივნისიდან, მოსარჩელე ამავე სააგენტოს საფინანსო და ადმინისტრაციული საქმიანობის მართვის სამსახურის შესყიდვებისა და ლოჯისტიკის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის თანამდებობიდან გადაყვანილ იქნა ადმინისტრაციული საქმიანობის მართვის სამსახურის ლოჯისტიკისა და ქონების მართვის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე. მხარეთა შორის არსებობდა უვადო შრომითი ურთიერთობა.
2019 წლის 19 ივლისს ეროვნული სააგენტოს უფროსმა გამოსცა N1----კ ბრძანება, რომლითაც 2019 წლის 22 ივლისიდან მოსარჩელეს შეუწყდა შრომითი ურთიერთობა ორგანიზაციაში ჩატარებული რეორგანიზაციის საფუძვლით. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ბრძანება მისი გათავისუფლების შესახებ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება კანონიერია, ვინაიდან ორგანიზაციაში ჩატარდა რეორგანიზაცია კანონის სრული დაცვით. კერძოდ, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის N50 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ე---------–-------------------ოს დებულებაში“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 8 ივლისის N2-645 ბრძანებით ცვლილებები განხორციელდა სააგენტოს დებულებაში, რომლის მოქმედების ვადად განისაზღვრა 2019 წლის 20 ივლისი. ცვლილებების თანახმად, შეიცვალა სააგენტოს სტრუქტურული მოწყობა. აღნიშნულის შესაბამისად, ე---------–-------------------ოს უფროსის 2019 წლის 17 ივლისის N8--/ს ბრძანებით დამტკიცდა სააგენტოს საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები. აღნიშნული ცვლილებების შესაბამისად, სააგენტოს ადმინისტრაციული საქმიანობის მართვის სამსახური ჩამოყალიბდა ადმინისტრაციული და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურად, ხოლო მის დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურული ერთეული - ლოჯისტიკისა და ქონების მართვის სამსახური - მატერიალურ- ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოდ და გადავიდა ფინანსური დეპარტამენტის დაქვემდებარებაში. გარდა მითითებული ცვლილებებისა, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს საშტატო ერთეულთა რაოდენობა განისაზღვრა 3 ერთეულით, ნაცვლად მანამდე არსებული 9 საშტატო ერთეულისა. კერძოდ, ლოჯისტიკისა და ქონების მართვის განყოფილება განისაზღვრებოდა შემდეგი საშტატო ერთეულებით: განყოფილების უფროსი, კოორდინატორი, მთავარი სპეციალისტი (2 ერთეული), წამყვანი სპეციალისტი (2 ერთეული) სპეციალისტი (3 ერთეული). მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო ჩამოყალიბდა შემდეგი საშტატო ერთეულებით: სამმართველოს უფროსი, კოორდინატორი, მთავარი სპეციალისტი (1 ერთეული). შესაბამისად სტრუქტურული ცვლილებების შედეგად წამყვანი სპეციალისტის საშტატო ერთეული, რომელსაც იკავებდა მოსარჩელე გაუქმებულია.
მოპასუხე აღნიშნავს, რომ რაც რეორგანიზაციის შედეგად საშტატო ერთეულთა რიცხოვნობა მაქსიმალურად გამოყენებულ იქნა სააგენტოს დარგობრივ სტრუქტურულ ერთეულებსა და ტერიტორიულ სამსახურებზე. შესაბამისად, მოპასუხე მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და მოსარჩლის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება კანონიერი და დასაბუთებულია.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას, ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე, მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელის მიერ მითითებული თანამდებობა არ არის წამყვანი სპეციალისტის ტოლფასი თანამდებობა, შესაბამისად, მოსარჩელის აღნიშნული მოთხოვნაც უსაფუძვლოა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე 2014 წლის 17 სექტემბერს დაინიშნა სსიპ ,,ე---------–-------------------ოს“ ფინანსური დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს სპეციალისტის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად. 2018 წლის 01 ივნისიდან, მოსარჩელე ამავე სააგენტოს საფინანსო და ადმინისტრაციული საქმიანობის მართვის სამსახურის შესყიდვებისა და ლოჯისტიკის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის თანამდებობიდან გადაყვანილ იქნა ადმინისტრაციული საქმიანობის მართვის სამსახურის ლოჯისტიკისა და ქონების მართვის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე. მხარეთა შორის არსებობდა უვადო შრომითი ურთიერთობა და მოსარჩელის შრომითი ანაზღაურება შეადგენდა ყოველთვიურად 1300 ლარს დარიცხული ხელფასის, ხოლო 1040 ლარს ხელზე ასაღები ხელფასის სახით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- 2014 წლის 17 სექტემბრის N594/კბრძანება;
- 2018 წლის 01 ივნისის N14004/კ ბრძანება;
- მხარეთა განმარტებები;
3.1.2. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის N50 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ე---------–-------------------ოს დებულებაში“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 8 ივლისის N2-645 ბრძანებით ცვლილებები განხორციელდა სააგენტოს დებულებაში, რომლის მოქმედების ვადად განისაზღვრა 2019 წლის 20 ივლისი. ცვლილებების თანახმად, შეიცვალა სააგენტოს სტრუქტურული მოწყობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 8 ივლისის N2-645 ბრძანება;
- მხარეთა განმარტებები.
3.1.3. სსიპ ,ე---------–-------------------ოს“ 2019 წლის 23 მაისის N561/ს ბრძანებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ე---------–-------------------ოს სისტემური და ეფექტური მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით, განხორციელებულიყო სააგენტოს რეორგანიზაცია, რასაც შესაძლოა მოჰყოლოდა გარკვეული თანამდებობების ან/და შტატების შემცირება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- სსიპ ,ე---------–-------------------ოს“ 2019 წლის 23 მაისის N561/ს ბრძანება;
- მხარეთა განმარტებები;
3.1.4. 2019 წლის 17 ივლისს სსიპ ,,ე---------–-------------------ოს“ უფროსის N8--/ს ბრძანებით დამტკიცებულ იქნა ს------------------ს საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები. 2019 წლის 19 ივლისს ეროვნული სააგენტოს უფროსმა გამოსცა N1----კ ბრძანება, რომლითაც 2019 წლის 22 ივლისიდან მოსარჩელეს შეუწყდა შრომითი ურთიერთობა ორგანიზაციაში ჩატარებული რეორგანიზაციის საფუძვლით და მიეცა კომპენსაცია ორი თვის შრომითი ანაზღაურების ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- 2019 წლის 17 ივლისს სსიპ ,,ე---------–-------------------ოს“ უფროსის N8--/ს ბრძანება;
- სსიპ ,,ე---------–-------------------ოს“ უფროსის 2019 წლის 19 ივლისის N1----კ ბრძანება
3.1.5. სსიპ ,,ე---------–------------------ოში“ ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად, შემცირდა საშტატო ერთეულები. კერძოდ, 2019 წლის 17 ივლისის N8--/ს ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხის თანახმად, სააგენტოს ადმინისტრაციული საქმიანობის მართვის სამსახური ჩამოყალიბდა ადმინისტრაციული და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურად, ხოლო მის დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურული ერთეული - ლოჯისტიკისა და ქონების მართვის სამსახური - მატერიალურ- ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოდ და გადავიდა ფინანსური დეპარტამენტის დაქვემდებარებაში. შესაბამისად, მოპასუხის 2019 წლის 03 იანვრის ბრძანებით დამტკიცებულ საშტატო ნუსხისა და 2019 წლის 17 ივლისის ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხის შედარებით, უდავოა, რომ ლოჯისტიკისა და ქონების მართვის სამმართველოს რეორგანიზაციის შედეგად, გაუქმდა 5 შტატი, რომელთა ნაცვლად მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოში შეიქმნა 2 შტატი. ჯამში, 2019 წლის 17 ივლისის ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხის შედეგად, ანუ რეორგანიზაციის შემდგომ, სსიპ ,,ე---------–------------------ოში“ შტატების რაოდენობა შემცირდა 4 ერთეულით, კერძოდ ნაცვლად 502 საშტატო ერთეულისა, სააგენტოში არსებობდა 498 საშტატო ერთეული. გარდა ამისა, რეორგანიზაციამდე, საფინანსო-ეკონომიკურ სამსახურში იყო 19 საშტატო ერთეული, ხოლო რეორგანიზაციის შემდეგ ფინანსურ დეპარტამენტში საშტატო ერთეულების ოდენობა გაიზრდა 23-მდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- 2019 წლის 17 ივლისს სსიპ ,,ე---------–-------------------ოს“ უფროსის N8--/ს ბრძანება;
- 2019 წლის 03 იანვრის სსიპ ,,ე---------–-------------------ოს“ უფროსის N9/ს ბრძანება;
- 2019 წლის 03 იანვრის ბრძანებით დამტკიცებული სსიპ ე---------–-------------------ოს საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები(იხ. ს.ფ. 35-40);
- 2019 წლის 17 ივლისის ბრძანებით დამტკიცებული სსიპ ე---------–-------------------ოს საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები(იხ. ს.ფ. 42-46).
3.1.6. 2017 წლის 01 თებერვლის სსიპ ,,ე---------–-------------------ოს“ თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობის ფორმის დამტკიცების შესახებ ბრძანების თანახმად, სსიპ ,,ე---------–-------------------ოს“ ლოჯისტიკისა და ქონების მართვის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის უფლება მოვალეობებს წარმოადგენდა: ,,მიმწოდებლებთან შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება; შესყიდვის ხელშეკრულებების მიმდინარეობაზე კონტროლის განხორციელება; სააგენტოს ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებებზე გაწეული ხარჯების აღრიცხვა-ანალიზი და შესაბამისი (FMG) პროგრამაში რეგისტრაცია; სატრანსპორტო საშუალებებზე გაწეული მომსახურების ყოველთვიური და კვარტალური ანგარიშგების აქტების მომზადება; სატრანსპორტო საშუალებებზე მოხსენებითი ბარათების მომზადება და საბიუჯეტო პოლიტიკისა და ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოსათვის შესაბამისი დოკუმენტაციების გადაცემა-მიწოდება; შპს ,,მაგთიკომთან“ ყოველდღიური ურთიერთობა და კორპორატიულ ქსელში ჩართული სატელეფონო ნომრების კონტროლი; დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; ხელმძღვანელის სიტყვიერი დავალების საფუძველზე სააგენტოს აპარატთან და რეგიონალურ სამსახურებთან სხვადასხვა მიმდინარე საკითხების განხილვა და მათზე მუშაობა; ხელძღვანელის სხვა დავალებების შესრულება“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- 2017 წლის 01 თებერვლის სსიპ ,,ე---------–-------------------ოს“ თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობის ფორმის დამტკიცების შესახებ ბრძანება;
- სსიპ ,,ე---------–-------------------ოს“ ლოჯისტიკისა და ქონების მართვის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის სამუშაო აღწერილობა.
3.1.7. 2019 წლის 22 ივლისის სსიპ ,,ე---------–-------------------ოს“ თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობის ფორმის დამტკიცების შესახებ ბრძანების თანახმად, სსიპ ,,ე---------–-------------------ოს“ მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს კოორდინატორის უფლება-მოვალეობებს წარმოადგენდა: ,,სააგენტოსათვის გადმოცემული და სააგენტოს მიერ შეძენილი ქონების მართვა, ასევე სააგენტოს სარგებლობაში ქონების გადმოცემასთან დაკავშირებული პროცესების ორგანიზება; კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით დადგენილი წესით ინვენტარიზაციის პროცესის ორგანიზება და კოორდინირება; სააგენტოს ბალანსზე რიცხული ავტოსატრასპორტო საშუალებების ტექნიკურად გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; საწვავითა და სატელეფონო მომსახურებით უზრუნველყოფა დადგენილი ლიმიტის ფარგლებში; სააგენტოს მიერ შესყიდული მატერიალური ფასეულობების მიღება, აღრიცხვა და დასაწყობება, ასევე მოთხოვნის შესაბამისად მატერიალურ ფასეულობათა გაცემა; სააგენტოს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის აღრიცხვა, შენახვა და გაცემის ორგანიზება; წინადადების მომზადება სააგენტოს ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის შესახებ; კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს უფროსის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტების მომზადება; კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- 2019 წლის 22 ივლისის სსიპ ,,ე---------–-------------------ოს“ თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობის ფორმის დამტკიცების შესახებ ბრძანება;
- სსიპ ,,ე---------–-------------------ოს“ მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს კოორდინატორის სამუშაო აღწერილობა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სსიპ ,,ს------------------ს“ ფინანსური დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს კოორდინატორის თანამდებობა, არ წარმოადგენს სსიპ ,,ს------------------ს“ ადმინისტრაციული საქმიანობის მართვის სამსახურის ლოჯისტიკისა და ქონების მართვის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის ტოლფას თანამდებობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებს, რომ სსიპ ,,ს------------------ს“ ფინანსური დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს კოორდინატორის თანამდებობა, სსიპ ,,ს------------------ს“ ადმინისტრაციული საქმიანობის მართვის სამსახურის ლოჯისტიკისა და ქონების მართვის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის ტოლფასი თანამდებობაა.
უდავოდ დგინდება, რომ 2017 წლის 01 თებერვლის სსიპ ,,ე---------–-------------------ოს“ თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობის ფორმის დამტკიცების შესახებ ბრძანების თანახმად, სსიპ ,,ე---------–-------------------ოს“ ლოჯისტიკისა და ქონების მართვის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის უფლება მოვალეობებს წარმოადგენდა: ,,მიმწოდებლებთან შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება; შესყიდვის ხელშეკრულებების მიმდინარეობაზე კონტროლის განხორციელება; სააგენტოს ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებებზე გაწეული ხარჯების აღრიცხვა-ანალიზი და შესაბამისი (FMG) პროგრამაში რეგისტრაცია; სატრანსპორტო საშუალებებზე გაწეული მომსახურების ყოველთვიური და კვარტალური ანგარიშგების აქტების მომზადება; სატრანსპორტო საშუალებებზე მოხსენებითი ბარათების მომზადება და საბიუჯეტო პოლიტიკისა და ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოსათვის შესაბამისი დოკუმენტაციების გადაცემა-მიწოდება; შპს ,,მაგთიკომთან“ ყოველდღიური ურთიერთობა და კორპორატიულ ქსელში ჩართული სატელეფონო ნომრების კონტროლი; დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; ხელმძღვანელის სიტყვიერი დავალების საფუძველზე სააგენტოს აპარატთან და რეგიონალურ სამსახურებთან სხვადასხვა მიმდინარე საკითხების განხილვა და მათზე მუშაობა; ხელძღვანელის სხვა დავალებების შესრულება“ (იხ. 3.1.6. უდავო ფაქტ. გარემოება).
უდავოდ დგინდება, რომ 2019 წლის 22 ივლისის სსიპ ,,ე---------–-------------------ოს“ თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობის ფორმის დამტკიცების შესახებ ბრძანების თანახმად, სსიპ ,,ე---------–-------------------ოს“ მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს კოორდინატორის უფლება-მოვალეობებს წარმოადგენდა: ,,სააგენტოსათვის გადმოცემული და სააგენტოს მიერ შეძენილი ქონების მართვა, ასევე სააგენტოს სარგებლობაში ქონების გადმოცემასთან დაკავშირებული პროცესების ორგანიზება; კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით დადგენილი წესით ინვენტარიზაციის პროცესის ორგანიზება და კოორდინირება; სააგენტოს ბალანსზე რიცხული ავტოსატრასპორტო საშუალებების ტექნიკურად გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; საწვავითა და სატელეფონო მომსახურებით უზრუნველყოფა დადგენილი ლიმიტის ფარგლებში; სააგენტოს მიერ შესყიდული მატერიალური ფასეულობების მიღება, აღრიცხვა და დასაწყობება, ასევე მოთხოვნის შესაბამისად მატერიალურ ფასეულობათა გაცემა; სააგენტოს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის აღრიცხვა, შენახვა და გაცემის ორგანიზება; წინადადების მომზადება სააგენტოს ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის შესახებ; კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს უფროსის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტების მომზადება; კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება (იხ. 3.1.7 უდავო ფაქტ. გარემოება).
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებულ ზემოაღნიშნულ თანამდებობებს გააჩნია აშკარად განსხვავებული ფუნქციები, შესაბამისად, მოსარჩელე მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში ვალდებულია დაადასტუროს, რომ მისი კვალიფიკაცია და გამოცდილება არის შესაბამისი მის მიერ მითითებული ტოლფასი სამუშაოს ფუნქციებთან, რაც მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს არ განუხორციელებია. გარდა ამისა, მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ სსიპ ,,ე---------–-------------------ოს“ მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს კოორდინატორის თანამდებობაზე გამოცხადებული იყო კონკურსი, რომელშიც მოსარჩელეს მონაწილეობა არ მიუღია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სსიპ ,,ს------------------ს“ ფინანსური დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს კოორდინატორის თანამდებობა, არ წარმოადგენს სსიპ ,,ს------------------ს“ ადმინისტრაციული საქმიანობის მართვის სამსახურის ლოჯისტიკისა და ქონების მართვის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის ტოლფას თანამდებობას.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, ბათილად უნდა იქნას ცნობილი სსიპ ,ე---------–-------------------ოს“ 2019 წლის 19 ივლისის ბრძანება რ--------ნ ჩ-----–--ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს კომპენსაციის 10400 ლარის ოდენობით გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი; საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2, 37-ე, 38-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით.
საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.
საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლი არეგულირებს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ლეგალურ საფუძვლებს.
მოსარჩელესთან შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ა” ქვეპუნქტი - ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
დავის განხილვისას სასამრთლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ შრომითი დავის განხილვისას, სასამართლო ამოწმებს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას.
მოცემულ შემთხვევაში, გამოსაკვლევია შეწყდა თუ არა დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულება საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის შემადგენლობის სრული დაცვით, რაც, თავის მხრივ, დამსაქმებლის ბრძანების ბათილობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების გამომრიცხველი გარემოებაა.
მოპასუხე მიუთითებს, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა განხორციელებული რეორგანიზაციის საფუძველზე.
სასამართლო მიუთითებს, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას.
ზემოაღნიშნული დასკვნა გამომდინარებს შემდეგი ძირეული პრინციპიდან, რომლის მიხედვით დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ დასაქმებულების გათავისუფლება კანონიერი და დასაბუთებულია.
უდავოდ დადგენილია, რომ სსიპ ,ე---------–-------------------ოს“ 2019 წლის 23 მაისის N561/ს ბრძანებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ე---------–-------------------ოს სისტემური და ეფექტური მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით, განხორციელებულიყო სააგენტოს რეორგანიზაცია, რასაც შესაძლოა მოჰყოლოდა გარკვეული თანამდებობების ან/და შტატების შემცირება (იხ. 3.1.3. უდავო ფაქტ. გარემოება).
უდავოდ დადგენილია, რომ სსიპ ,,ე---------–------------------ოში“ ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად, შემცირდა საშტატო ერთეულები. კერძოდ, 2019 წლის 17 ივლისის N8--/ს ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხის თანახმად, სააგენტოს ადმინისტრაციული საქმიანობის მართვის სამსახური ჩამოყალიბდა ადმინისტრაციული და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურად, ხოლო მის დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურული ერთეული - ლოჯისტიკისა და ქონების მართვის სამსახური - მატერიალურ- ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოდ და გადავიდა ფინანსური დეპარტამენტის დაქვემდებარებაში. შესაბამისად, მოპასუხის 2019 წლის 03 იანვრის ბრძანებით დამტკიცებულ საშტატო ნუსხისა და 2019 წლის 17 ივლისის ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხის შედარებით, უდავოა, რომ ლოჯისტიკისა და ქონების მართვის სამმართველოს რეორგანიზაციის შედეგად, გაუქმდა 5 შტატი, რომელთა ნაცვლად მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოში შეიქმნა 2 შტატი. ჯამში, 2019 წლის 17 ივლისის ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხის შედეგად, ანუ რეორგანიზაციის შემდგომ, სსიპ ,,ე---------–------------------ოში“ შტატების რაოდენობა შემცირდა 4 ერთეულით, კერძოდ ნაცვლად 502 საშტატო ერთეულისა, სააგენტოში არსებობდა 498 საშტატო ერთეული. გარდა ამისა, რეორგანიზაციამდე, საფინანსო-ეკონომიკურ სამსახურში იყო 19 საშტატო ერთეული, ხოლო რეორგანიზაციის შემდეგ ფინანსურ დეპარტამენტში საშტატო ერთეულების ოდენობა გაიზრდა 23-მდე (იხ. 3.1.5. უდავო ფაქტ. გარემოება).
სასამართლო აღნიშნავს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ცალსახად დგინდება მოპასუხისთვის სახელფასო ბიუჯეტის შემცირების ფაქტი, რასაც მოჰყვა განხორციელებული საწარმოს რეორგანიზაცია და შტატების შემცირება, მათ შორის, მოსარჩელის შტატის შემცირება. შესაბამისად, მოსარჩელის მტკიცება იმის თაობაზე, რომ არ არსებობდა გარემოებები, რომელიც აუცილებელს ხდიდა სამუშაო ადგილების შემცირებას უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. თუმცა, მიუხედავად ზემოაღნიშნული გარემოებისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში ვერ ადასტურებს, რომ აღნიშნულ სამსახურში არ შეიძლებოდა დასაქმებულიყო მოსარჩელე, კერძოდ მოპასუხე ვერ ადასტურებს მტკიცებულებებით იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს შტატების შემცირების შედეგად სამსახურში დატოვებულ თანამშრომლებზე ნაკლები კომპეტენცია გააჩნდა. მოპასუხეს არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, იმასთან დაკავშირებით, რომ სამსახურში შტატების შემცირების შემდეგ დატოვებული კადრები იყვნენ უფრო კომპეტენტურები და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონენი მოსარჩელესთან შედარებით. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ გარემოების დასაბუთება, თუ რატომ მიანიჭა უპირატესობა მოპასუხემ სხვა თანამშრომელს და არა მოსარჩელეს და რატომ არ შესთავაზა მოპასუხემ მოსარჩელეს სხვა ახალი თანამდებობა, რომელიც შესაძლოა ყოფილიყო მისი ძველი თანამდებობის შესაბამისი, რაც მოპასუხემ ვერ დაასაბუთა წარმოდგენილი მტკიცებულებებით. მითუმეტეს, რომ მხარეთა განმარტებებით და ახალი საშტატო განრიგით უდავოდ დადასტურებულია, რომ მოსარჩელის თანამდებობრივი ფუნქციები, რეორგანიზაციის შემდეგ გადანაწილდა სხვა ახლადჩამოყალიბებულ დეპარტამენტებსა და სამმართველოებში შექმნილ ახალ თანამდებობეზე, სადაც დასაქმდნენ, როგორც ძველი, ასევე ახალი კადრები.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მნიშვნელოვან გარემოებად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ მართალია არ დასტურდება რეორგანიზაციის უკანონობა, თუმცა საბოლოოდ რეორგანიზაციის შედეგად მოპასუხე ორგანიზაციაში არ მომხდარა დიდი რაოდენობით შტატების გაუქმება და სამუშაო ძალის დიდი რესურსით შემცირება. სასამართლო მიუთითებს, რომ საერთო ჯამში, რეორგანიზაციამდე არსებული 502 შტატი, შემცირდა მხოლოდ 498 შტატამდე რეორგანიზაციის შემდგომ. შესაბამისად, სულ რეორგანიზაციის შედეგად სსიპ ,,ე---------–------------------ოში“ შტატების რაოდენობა შემცირდა 4-ით, რის გამოც, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ვერ ასაბუთებს მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ ბრძანების კანონიერებას, ვინაიდან იმ თანამშრომელთა დიდი ნაწილი, რომელიც მუშაობდა რეორგანიზაციამდე, აგრძელებს მუშაობას სააგენტოში, ხოლო რა პრინციპით მოხდა უშუალოდ მოსარჩელის გათავისუფლება, აღნიშნულის არგუმენტები და შესაბამისი მტკიცებულებები მოპასუხეს არ წარმოუდგენია სასამართლოსთვის.
სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საწარმოს რეორგანიზაციის კანონიერების შემთხვევაშიც, მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს, მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში, თუ რატომ მიანიჭა უპირატესობა სხვა თანამშრომლებს და არა მოსარჩელეს, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა მოპასუხე კომპანიაში. შესაბამისად, სასამართლო აღნიშნავს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან და წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა ეწინააღმდეგება საქართველოს შრომის კოდექსის მოთხოვნებს. შესაბამისად, სავადო ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
6.2. საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს მოსარჩელის პირვანდელ სამსახურში აღდგენის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, ვინაიდან საშტატო ერთეული რომელზეც დასაქმებული იყო მოსარჩელე შტატების შემცირების შედეგად გაუქმებულია.
მოსარჩელე, მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობად მიუთითებს სსიპ ,, ე---------–-------------------ოს“ ფინანსური დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს კოორდინატორის თანამდებობას.
სასამართლომ დაადგინა, რომ სსიპ ,,ს------------------ს“ ფინანსური დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს კოორდინატორის თანამდებობა, არ წარმოადგენს სსიპ ,ს------------------ს“ ადმინისტრაციული საქმიანობის მართვის სამსახურის ლოჯისტიკისა და ქონების მართვის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის ტოლფას თანამდებობას (იხ. 3.2.1. სადავო ფაქტ. გარემოება).
შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს მოსარჩელის, მის მიერ მითითებულ თანამდებობაზე აღდგენის სამართლებრივი საფუძველი.
სასამართლო განმარტავს, რომ კომპენსაცია წარმოადგენს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის თანმდევ სამართლებრივ შედეგს იმ შემთხვევებისთვის, როდესაც არ კმაყოფილდება მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის ან მისი ტოლფასი თანამდებობით უზრუნველყოფის თაობაზე. სასამართლო ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით თავად განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას.
უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელის შრომის ანაზღაურება ხელფასის სახით მოპასუხე სსიპ ,,ე---------–------------------ოში“ შეადგენდა 1300 ლარს დარიცხული ხელფასის, ხოლო 1040 ლარს ხელზე ასაღები ხელფასის სახით (იხ. 3.1.1. უდავო ფაქტ. გარემოება).
უდავოდ დადგენილია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის გადახდილი აქვს ორი თვის კომპენსაცია 2080 ლარის ოდენობით (იხ. 3.1.4. უდავო ფაქტ. გარემოება).
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს კომპენსაციის გადახდა, რადგან მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანება უკანონოა და, ამასთან, მოსარჩელის პირვანდელ და ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა შეუძლებელია. რაც შეეხება, კომპენსაციის ოდენობას იგი, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს მიღებული აქვს მოპასუხისგან კომპენსაცია 2080 ლარის ოდენობით, უნდა განისაზღვროს - 10400 ლარის ოდენობით. რაც მოსაჩელის მიერ მიღებული და მისაღები კომპენსაციის ოდენობის გათვალისწინებით შეადგენს მოსარჩელის 12 თვის ხელზე ასაღები ხელფასის ოდენობას.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, რადგან, ამ შემთხვევაში, განიხილება არაქონებრივ დავასთან ერთად მისგან წარმოშობილი ქონებრივ-სამართლებრივი დავა და ეს უკანასკნელი უფრო მაღალი ღირებულებისაა, დავის საგნის ფასი უნდა განისაზღვროს ქონებრივ -სამართლებრივი დავიდან გამომდინარე, კერძოდ განაცდურის თანხის ოდენობის მიხედვით, რაც, ამ შემთხვევაში შეადგენს 12480 ლარს (1040*120). შესაბამისად, სარჩელზე გადასახდელი ბაჟია 374.4 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ ბრძანების ბათილად ცნობისა და კომპენსაციის დაკისრების ნაწილში, შესაბამისად, მოპასუხეს ამ ნაწილის პროპორციულად, კერძოდ, კომპენსაციის 10400 ლარის პროპორციულად უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახ. ბაჟის გადახდა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელე გათავისუფლებულია სახ. ბაჟის გადახდისაგან ქონებრივ-სამართლებრივ დავასთან მიმართებით, ხოლოს არაქონებრივ დავაზე გადახდილი აქვს სახ. ბაჟი 100 ლარის ოდენობით, რაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, რადგან ამ ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა. აქედან გამომდინარე მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახ. ბაჟის 212 (312-100=212) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე რ--------ნ ჩ-----–--ის სარჩელი სსიპ ე---------–-------------------ოს მიმართ, ბრძანების ბათილად ცნობის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ;
2. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ ე---------–-------------------ოს 2019 წლის 19 ივლისის ბრძანება რ--------ნ ჩ-----–--ესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ;
3. დაეკისროს მოპასუხე - სსიპ ე---------–------------------ოს მოსარჩელე - რ--------ნ ჩ-----–--ის სასარგებლოდ კომპენსაციის - 10400 ლარის (ხელზე ასაღების) და მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 100 ლარის ანაზრაურება;
4. მოპასუხე -სსიპ ე---------–------------------ოს დაეკისროს სახ.ბაჟის 212 ლარის ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე
თეა ბერაია