გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.03.2020
საქმის ნომერი
080210019003039487
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
09.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1466-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 თებერვალი, 2020 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ციცინო მოსიძე

სხდომის მდივანი ანა რობაქიძე

მოსარჩელე - მ------–---–------

ადვოკატი - მ----------–---–-

მოპასუხე - ნ--------------

წარმომადგენელი - კ--------–--------

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ნ--------------ს მ------–---–-----ის სასარგებლოდ დაეკისროს მატერიალური ზიანის ანაზღაურება 9 000 ლარის ოდენობით.

 

1.2. ნ--------------ს მ------–---–-----ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაწეული იურიდიული მომსახურების საფასურის 500 ლარის და საექსპერტო ხარჯების - 540 ლარის ანაზღაურება.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 15 აპრილს დაახლოებით 09:30 საათზე ქ. ქუთაისში ავტომშენებლის ქუჩაზე მ------–---–-----ის კუთვნილ ავტომანქანა ოპელ ინსიგნიას მოდელის სახ. ნომრით C------ დააზიანა ნ--------------მ, რომლითაც მოსარჩელემ მიიღო 9000 ლარის ზიანი, რაც მდგომარეობს შემდეგში: ნ--------------მ 2018 წლის 15 აპრილს დაახლოებით 09:30 საათზე ქ. ქუთაისში ავტომშენებლის ქუჩაზე მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი ოპელ ასტრას მოდელის სახ. ნომრით I------ ავტომობილის მოძრაობისას დაარღვია საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მოთხოვნა და დააზიანა მ------–---–-----ის კუთვნილი ავტომანქანა, რითაც მას მიადგა 9000 ლარის ზიანი. 2018 წლის 27 ნოემბერს ნ-------------- ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ავტომანქანა იყო სრულიად გამართულ მდგომარეობაში და გამზადებული იყო გასაყიდად, მაგრამ მოხდა ავტოავარია და მანქანა იდგა საჯარიმო ავტოსადგომზე, ყოველდღე იხდიდნენ ფულს. შემდგომ გაარკვიეს, რომ არ იყო მანქანაზე ექსპერტიზა ჩატარებული. ვინაიდან ისინი მხარეს არ წარმოადგენდნენ სისხლის სამართალში, საქმის მასალების გაცნობის უფლება არ ჰქონდათ. ავტოსადგომიდან გამოყვანამდე ჩაატარეს ექსპერტიზა, რომელმაც განსაზღვრა ზიანი. ეს მანქანა ბანკიდან არის სესხით გამოყვანილი, რომლის თანხას დღესაც იხდის მოსარჩელე. ამდენად, ითხოვს ზიანის სახით 9000 ლარის სრულად ანაზღაურებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ნ--------------მ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ დგინდებოდა მოსარჩელის საკუთრების უფლება ავტომანქანაზე, მაგრამ სასამართლო სხდომაზე აღნიშნული გარემოება სადავოდ არ გაუხდია მოპასუხის წარმომადგენელს. წარმომადგენლის განმარტებით სარჩელი არის დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არის ზიანის ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი. ფაქტი მოხდა 2018 წლის აპრილში და ექსპერტიზა ჩატარდა 11 თვის შემდეგ. ექსპერტის მიერ იმაზე მეტი ზიანი არის დადგენილი, ვიდრე მიიღო მანქანამ, რადგან ის იდგა ღია ცის ქვეშ და ამ დროსაც მიიღო სხვა ზიანი, რომელიც ნ--------------ს ასანაზღაურებელი არაა. სადავოა ექსპერტიზის დასკვნა. არანაირი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი, რომ მიმართეს პროკურატურას და მოითხოვეს ექსპერტიზის ჩატარება და მიიღეს ზიანი. ამასთან ეს ექსპერტიზის დასკვნა არაკომპეტენტურია, დაუდგენილია ვისგან მიიღო ინფორმაცია და რა სახის. უნდა ჩატარებულიყო ავტოტექნიკური ექსპერტიზა, სადაც დეტალურდა იქნებოდა ზიანი გაწერილი და დადგინდებოდა რომ ეს ზიანი მანქანამ მიიღო ავტოსაგზაო შემთხვევის დროს. ექსპერტმა პასუხი ვერ გასცა ეს ზიანი მანქანამ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მიიღო თუ არა. ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულება არამყარია და არ რასებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ავტომანქანა, მარკა/მოდელი O------------, სახ. ნომრით C------, გამოშვების წელი - 2009, რეგისტრაციის თარიღი: 10/01/2018, არის მ------–---–-----ის საკუთრებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- რეგისტრაციის მოწმობა (იხ. ს.ფ. 14);

-მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის განაჩენით დადგენილია, რომ ნ--------------მ 2018 წლის 15 აპრილს დაახლოებით 09:30 საათზე, ქ. ქუთაისში ავტომშენებლის ქუჩაზე მისი მართვის ქვეშ მყოფი ,,ოპელ-ასტრას“ მოდელის სახ. ნომრით I------ ავტომობილით მოძრაობისას განიზრახა რა მარცხნივ მოხვევის მანევრის შესრულება, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ,, საქართველოს კანონის 32.1 მუხლის მოთხოვნა, კერძოდ: არ იყო დარწმუნებული, რომ მანევრით არ შეუქმნიდა საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით, როგორც თანმხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისიწინებით და მარჯვნიდან მარცხნივ მოხვევის მანევრის შესრულებისას შეეჯახა გიორგი კოპალიანის მართვის ქვეშ მყოფი „ოპელ ინსიგნას“ მოდელის სახ. ნომრით C----- ავტომობილს, შედეგად ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებები მიიღეს ავტომობილის მძღოლმა გ. კ-----–----- და ნ--------------ს მგზავრმა (შვილი) ლ--------------მ.

 

ბრალდებული ნ-------------- ცნობილი იქნა დამშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, 02 წლის ვდით ჩამოერთვა საქმიანობის - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის განაჩენი (იხ. ს.ფ 16-21);

 

3.1.3. 2018 წლის 15 აპრილს ქ. ქუთაისში ავტომშენებლის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, ოპელის მოდელის სახ. ნომრით C-------- ავტომობილი, როგორც ნივთიერი მტკიცებულება, მოთავსებული იყო ქუთაისის საჯარიმო ავტო სადგურზე. ვინაიდან აღნიშნული ავტომობილის ყოფნა საჯარიმო სადგომზე აღარ წარმოადგენდა გამოძიებისათვის საჭიროებას, გამომძიებელმა 2019 წლის 22 მარტს მიმართა ქ. ქუთაისის სპეც. ავტო სადგომის დირექტორს, უზრუნველეყოთ აღნიშნული ავტომობილის მ------–---–------ზე ჩაბარება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს უფროსი გამომძიებლის 2019 წლის 22 მარტის N076150418002\1 მიმართვა (იხ. ს.ფ. 23);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 17 აპრილის N002594719 ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 2009 წლის გამოშვებული „O------------“-ს მოდელის სახ. ნომრით CC-851-BB ავტომანქანის დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა დღევანდელი საბაზრო ფასების გათვალისწინებით შეიძლება განისაზღვროს 9000 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 17 აპრილის N002594719 ექსპერტიზის დასკვნა (იხ. ს.ფ. 27-34);

- მოსარჩელე მხარის განმარტებები, ექსპერტ დ------–--–---------- ჩვენება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.2. მოპასუხის მიერ სადავოდაა გამხდარი მიყენებული ზიანის ოდენობა, მაგრამ მოსარჩელის მიერ მითითებული ზიანის ოდენობის და ამ ზიანის დამადასტურებელი ექსპერტიზის დასკვნის გამაქარწყლებელი რაიმე მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია. მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტებები ამ გარემოებებისა და მტკიცებულებების გასაქარწყლებლად ვერ გამოდგება.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე სადავოდ ხდის მხოლოდ ზიანის ოდენობას, მაგრამ ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტს არ უარყოფს. შესაბამისად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, ნ--------------ს მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ფაქტს, რითაც მ------–---–------ს მიადგა ქონებრივი ზიანი.

 

მოცემულ შემთხვევაში სადავოდაა გამხდარი ზიანის ოდენობა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები (იხ. სუსგ, საქმე №ას-1206-1166-2016).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ - ,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპი, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომლის შეუსრულებლობას უკავშირდება ამავე მხარისთვის არახელსაყრელი შედეგი. ეს დანაწესი გამომდინარებს როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, ასევე ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე, მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს. ამავდროულად, სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა გადანაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია (იხ. სუსგ, საქმე №ას-1003-964-2016).

 

როგორც აღინიშნა, განხორციელებული შედავების ფარგლებში მოპასუხემ სადავო გახადა სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ზიანის ოდენობა.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ მტკიცებულების მნიშვნელობა წინასწარ არ არის განსაზღვრული და მისი ძალა და მნიშვნელობა სასამართლოს შეფასებაზეა დამოკიდებული. მტკიცებულებათა შეფასების დროს მხარეებს უფლება აქვთ, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მტკიცებულებების სარწმუნოობა, თუმცა საბოლოოდ წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს სასამართლო.

 

სასამართლოს მიერ ექსპერტიზის დასკვნის შეფასება გულისხმობს თავდაპირველად ექსპერტიზის დასკვნის შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ, საქმე №ას-535-501-2017).

 

ამასთან, ექსპერტიზის დასკვნის შეფასებისას (იმდენად, რამდენადაც იგი სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კომპეტენციას ეფუძნება), ყურადღება უნდა მიექცეს რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: გამოსაკვლევად მიწოდებულ მასალას, მის კვლევით ნაწილს, რადგან სწორედ კვლევითი ნაწილია ასახული საბოლოო დასკვნაში (იხ. სუსგ, საქმე №ას-406-383-2014). ამასთანავე, ექსპერტის დასკვნა კრიტიკულად უნდა შეფასდეს, როგორც ცალკე აღებული, ასევე საქმეზე მოპოვებულ ყველა სხვა მტკიცებულებასთან ერთობლიობაში (იხ. სუსგ, საქმე №ას-633-966-07).

 

განხორციელებული შედავების ფარგლებში მოპასუხემ სადავო გახადა ექსპერტიზის დასკვნა, თუმცა ზიანის ოდენობის დასტურად არ წარმოუდგენია რაიმე სახის სხვა ალტერნატიული მტკიცებულება. მხოლოდ მითითება იმაზე, რომ იგი როგორც მოწინააღმდეგე მხარე, არ ეთანხმება წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებას, ვერ განიხილება ამ მტკიცებულების გაუზიარებლობის სათანადო საფუძვლად. შესაბამისად, სასამართლო ზიანის ოდენობის დასტურად არსებითად ეყრდნობა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 17 აპრილის N002594719 ექსპერტიზის დასკვნით, რომლითაც დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 2009 წლის გამოშვებული „O------------“-ს მოდელის სახ. ნომრით CC-851-BB ავტომანქანის დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა დღევანდელი საბაზრო ფასების გათვალისწინებით შეიძლება განისაზღვროს 9000 ლარით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2018 წლის 15 აპრილს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოსარჩელის კუთვნილ ავტომობილზე („O------------“-ს მოდელის სახ. ნომრით CC-851-BB) მოპასუხე ნ--------------ს მიერ მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა შეადგენს 9 000 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 17 აპრილის N002594719 ექსპერტიზის დასკვნა (იხ. ს.ფ. 27-34);

- ექსპერტ დ------–--–---------- ჩვენება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

- მხარეთა განმარტებები და კითხვა-პასუხი (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 319-ე, 408-ე, 409-ე, 326-ე, 992-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-ე, მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის” ევროპული კონვენციით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია.

 

სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას.

 

დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების უფლება, ევროპული კონვენციით გარანტირებული ზოგადი პრინციპია, რომელიც ინდივიდს თვითნებობისაგან იცავს; ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ მატერიალურ-სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილ ძირითად ასპექტებს (RUIZ TORIJA v. SPAIN). ამავე დროს, სასამართლო ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად’’ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამართალწარმოების შეჯიბრებითობის პრინციპის მიხედვით მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (სსკ-ის მე-4 მუხლი). აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის განმხილველი სასამართლოსათვის სავალდებულოა სარჩელის საფუძვლად მითითებული ფაქტების ერთობლიობა, რომლებიც ასაბუთებენ, ამართლებენ ფაქტობრივად მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას (სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები), რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, აღნიშნული განეკუთვნება სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს, რომლის განხორციელებისას სასამართლო არ არის შეზღუდული მოსარჩელის მითითებებით. სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს.

 

განსახილველ შემთხვევაში ვალდებულების წარმოშობის საფუძველია დელიქტური ვალდებულება.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

ამავე კოდექსის 326-ე მუხლის თანახმად, წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუ ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.

 

ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის, ასევე ზიანი, მიყენებული იურიდიული პირის ქონებისათვის. ზიანის ქვეშ, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას, პირველ რიგში, იგულისხმება, დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, თავად დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე პირადი ხასიათის. ზიანი შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულის ქონების განადგურებით, გასხვისებით ან დაზიანებით.

 

მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. (იხ. სუსგ 19.04.16 წ. საქმე Nას-191-183-2016).

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია დელიქტური პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელ კომპონენტთა ერთობლიობა. ასევე დადგენილია მიყენებული ზიანის ოდენობა. შესაბამისად, საფუძვლიანია სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ხოლო რაც შეეხება მოპასუხის პოზიციას, რომ სადავოა ექსპერტიზის დასკვნა, რადგან ექსპერტიზა ჩატარდა 11 თვის შემდეგ, რის გამოც ექსპერტის მიერ მეტი ზიანი არის დაფიქსირებული, ვიდრე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიადგა ავტომობილს, არ იზიარებს სასამართლო, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოპასუხეზე გადმოდის და მან უნდა ამტკიცოს, რომ ნაკლები ზიანი მიადგა. ხოლო რაც შეეხება მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებას, რომ ავტომანქანამ ღია ცის ქვეშ დგომითაც მიიღო ზიანი, რის გამოც მეტი ზიანი დაფიქსირდა ექსპერტიზის ჩატარების დროს, აღნიშნული არ დასტურდება ექსპერტიზის დასკვნით და არც სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაუდასტურებია ექსპერტს.

 

სასამართლო ასევე განუმარტავს მხარეს, რომ ავტოტექნიკური ექსპერტიზა ტარდება იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა: საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მექანიზმის განსაზღვრა; საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევამდე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პარამეტრების განსაზღვრა; სატრანსპორტო საშუალების დეტალებისა და კვანძების კვლევა, ტექნიკური მდგომარეობის დადგენა; საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილეთა ქმედების საგზაო მოძრაობის წესებთან შესაბამისობის განსაზღვრა; საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილების შესაძლებლობის დადგენა და სხვა, ხოლო სასაქონლო ექსპერტიზა ტარდება იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა: საქონლის რაოდენობის და ღირებულების განსაზღვრა უძრავი და მოძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრა მანქანა-დანადგარების, მოწყობილობების, ტექნიკის, აპარატურის ვარგისიანობის და ღირებულების განსაზღვრა დაზიანებული ავტომობილის აღდგენითი ღირებულების განსაზღვრა და სხვა. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ჩაატარა ზიანის ოდენობის განსაზღვრისათვის შესაბამისი ექსპერტიზა და ავტოტექნიკური ექსპერტიზის მისი მხრიდან ჩატარების საჭიროება არ არსებობდა, მით უფრო, რომ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულია ავტოტექნიკური ექსპერტიზა და გამამტყუნებელი განაჩენი სწორედ ამ მტკიცებულებას ემყარება. ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის არსებობა მოპასუხისათვის ცნობილი იყო, ვინაიდან, მას როგორც ბრალდებულს სრულად გადაეცა საქმის მასალები და თვით 2018 წლის 27 ნოემბრის განაჩენშიც არის მითითებული.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის სრულად დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

ამავე კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ასევე დადგენილია, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, რის გამოც მოპასუხე ნ--------------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 270 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის 500 ლარის მოპასუხისთვის დაკისრებას, რისთვისაც წარმოადგინა ხელშეკრულება საადვოკატო მომსახურების გაწევის თაობაზე. სასამართლოს შეფასებით, განსახილველი საკითხი უნდა გადაწყდეს გონივრულობის ფარგლებში და არამხოლოდ ზემოხსენებული ნორმის (სსსკ-ის 53-ე მუხლი) ანდა მოსარჩელის მოთხოვნის გათვალისწინებით. ამ კონტექსტში, მხედველობაშია მისაღები განხილული დავის კატეგორია, საქმის წონა/მოცულობა, სამართლებრივი დავის სირთულე, მოთხოვნის ფარგლები, პრაქტიკულად გაწეული სამუშაოს მოცულობა და დანახარჯები, თავად მოსარჩელის რისკი და შეხედულება თუ რა უღირს დავის წარმოება, რაც არ უნდა გასცდეს ობიექტურობის/სამართლიანობის ფარგლებს და მოპასუხისადმი იურიდიული მომსახურების ხარჯის დაკისრება არ უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ იურიდიული მომსახურების შესახებ მხარეთა შეთანხმებაზე;

 

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯების ანაზღაურება გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, რაც შეადგენს 360 ლარს.

 

ასევე დადგენილია, რომ მოსარჩლეს სასაქონლო ექსპერტიზის ჩატარებისათვის გადახდილი აქვს 540 ლარი, რომელიც მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ------–---–-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხე ნ--------------ს მოსარჩელე მ------–---–-----ის სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის ანაზღაურება 9 000 (ცხრა ათასი) ლარის ოდენობით.

 

3. მოპასუხე ნ--------------ს მ------–---–-----ის სასარგებლოდ დაეკისროს საადვოკატო მომსახურების ხარჯები 360 ლარის ოდენობით და ექსპერტიზის ჩატარების ხარჯები 540 ლარის ოდენობით;

 

4. მოპასუხე ნ--------------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 270 (ორას სამოცდაათი) ლარის ოდენობით;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6-7 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ციცინო მოსიძე