გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.02.2020
საქმის ნომერი
150210019003321415
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
25.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 150210019003321415

# 2/306-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25 თებერვალი, 2020 წელი ქ. ახალქალაქი

შესავალი ნაწილი

ახალქალაქის რაიონული სასამართლო

მოსამართლე _ არ----ტ ესოიან

სხდომის მდივანი _ დავით მელიქიძე

მოსარჩელე _ არ----ტ ან------ნ (პ/ნ 32001000143);

წარმომადგენელი - ნო-----ი გვ-------ე, სმ--ტ ხო------ნ;

მოპასუხე _ ნო----- მე----ე (პ/ნ 61009003566);

თარჯიმანი - გალაქტიონ გავრელიშვილი

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მოპასუხე ნო----- მე----ეს, მოსარჩელე არ----ტ ან------ნის სასარგებლოდ დაეკისროს 840 (რვაას ორმოცი) ლარის გადახდა.

სარჩელის საფუძვლები:

არ----ტ ან------ნს ნინოწმინდის რაიონის სოფელ სპ-------ში საკუთრებაში გააჩნია 54900.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა საკადასტრო კოდით: #65.13.31.018. 2016 წლის ზაფხულში ნინოწმინდის რაიონის სოფელ სპ------ის მაცხოვრებელი ნო----- მე----ე უკანონოდ შეიჭრა არ----ტ ან------ნის მიწის ნაკვეთში და თვითნებურად გათიბა და თივა სულ 840 (რვაას ორმოცი) ლარის ღირებულების მიითვისა. თავისი უკანონო ქმედებით ნო----- მე----ემ არ----ტ ან------ნს მიაყენა მატერიალური ზიანი 840 (რვაას ორმოცი) ლარის ოდენობით. აღნიშნულთან დაკავშირებით ნინოწმინდის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოში, 2016 წელს ნო----- მე----ის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და მას წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე არ----ტ ან------ნი ცნობილი იქნა დაზარალებულად. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს, 2017 წლის 30 მარტის #1---17 განაჩენით, ნო----- მე----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს განაჩენი ნო----- მე----ის მიერ გასაჩივრებული იქნა სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ივლისის განაჩენით უცვლელი დარჩა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 მარტის განაჩენი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ნო----- მე----ის მიერ საკასაციო წესით იქნა გასაჩივრებული საქართველოს უზენაეს სასამართლოში, სადაც მის მიმართ დადგა გამამართლებელი განაჩენი, მაგრამ არა იმ საფუძვლით, რომ ნო----- მე----ეს უკანონოდ არ გაუთიბავს და არ მიუთვისებია არ----ტ ან------ნის მიწის ნაკვეთზე გათიბული თივა, არამედ იმ მოტივით, რომ ნო----- მე----ემ ქმედება ჩაიდიან არა განზრახ, არამედ გაუფრთხილებლობით და ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა შეიძლება მხოლოდ განზრახი ქმედებით.

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე თავის შესაგებელში არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას და განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არის უსაფუძვლო, რადგანაც მას უკანონოდ არაფერი გაუთიბავს, სახეზეა საქართველოს უზენაეს სასამართლოს განაჩენი, რომლითაც იგი გამართლდა, მას დანაშული არ ჩაუდენია. იგი აღნიშნული მიწის ნაკვეთით სარგებლობდა 2003 წლიდან 2016 წლის ჩათვლით და არავის მის მიმართ პრეტენზია არ ჰქონია.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი არ არის.

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

4.2.1. მოსარჩელე აცხადებს, რომ ნინოწმინდის რაიონის სოფელ სპ-------ში საკუთრებაში გააჩნია 54900.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, რეგისტრირებული საკადასტრო კოდით: #65.13.31.018.

მოპასუხე სადავოდ ხდის მოსარჩელის საკუთრების უფლებას ამ მიწაზე იმ მოტივით, რომ უკანონოდ იყო პრივატიზებული.

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით მოპასუხის სარჩელების გამო მიმდინარეობდა ბევრი დავა სასამართლოებში, მათ შორის უზენაესი სასამართლოში, მოსარჩელის საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით, მათ შორის პრივატიზაციის თაობაზე, რომლებიც მოიგო მოსარჩელე არ----ტ ან------ნმა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (საკადასტრო კოდით: #65.13.31.018), რითაც დასტურდება მოსარჩელის საკუთრების უფლება 54900.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე. ამასთან ეს უფლება რეგისტრირებულია 2016 წლის 13 იანვრიდან.

თავის მხრივ მოპასუხემ არ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება თავისი მოსაზრების დასამტკიცებლად, მას არც საჯარო რეესტრის ჩანაწერის უზუსტობის დასტური წარმოუდგენია სასამართლოსთვის.

შესაბამისად მოსარჩელეს 2016 წლის 13 იანვრიდან საკუთრებაში გააჩნია ნინოწმინდის რაიონის სოფელ სპ-------ში 54900.00 კვ.მ. საკადასტრო კოდით: #65.13.31.018. რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 39);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

4.2.2. მოსარჩელის განმარტებით 2016 წლის ზაფხულში ნინოწმინდის რაიონის სოფელ სპ------ის მაცხოვრებელი ნო----- მე----ე უკანონოდ შეიჭრა მოსარჩელის საკადასტრო კოდით: #65.13.31.018 მიწის ნაკვეთში და თვითნებურად გათიბა და 840 (რვაას ორმოცი) ლარის ღირებულების თივა მიითვისა. თავისი უკანონო ქმედებით ნო----- მე----ემ არ----ტ ან------ნს მიაყენა მატერიალური ზიანი 840 (რვაას ორმოცი) ლარის ოდენობით.

აღნიშნულის დასადასტურებლად მოსარჩელემ წარმოადგინა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს, 2017 წლის 30 მარტის #1---17 განაჩენი (ს.ფ. 14-21); თბილისის სააპელაციო სასამართლოს, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ივლისის განაჩენი (ს.ფ. 22-31); საქართველოს უზენაესი სასამართლოს, 2018 წლის 13 მარტის განაჩენი (ს.ფ. 32-38)

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ნინოწმინდის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოში, 2016 წელს ნო----- მე----ის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და მას წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (თვითნებობა). აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე არ----ტ ან------ნი ცნობილი იქნა დაზარალებულად.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს, 2017 წლის 30 მარტის #1---17 განაჩენით, ნო----- მე----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს განაჩენი ნო----- მე----ის მიერ გასაჩივრებული იქნა სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ივლისის განაჩენით უცვლელი დარჩა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 მარტის განაჩენი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ნო----- მე----ის მიერ საკასაციო წესით იქნა გასაჩივრებული საქართველოს უზენაეს სასამართლოში, სადაც მის მიმართ დადგა გამამართლებელი განაჩენი, იმ საფუძვლით, რომ მოპასუხის ქმედება ვერ შეფასდება თვითნებობად.

შესაბამისად სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას რომ ნო----- მე----ემ მოსარჩელის საკადასტრო კოდით: #65.13.31.018 მიწის ნაკვეთში განზრახ თვითნებურად გათიბა.

თუმცა მოპასუხემ აღიარა, რომ განაჩენებში სწორად არის დადგენილი ის გარემოება, რომ ნო----- მე----ე 2016 წლის 8 აგვისტოს შეიჭრა სწორედ საკადასტრო კოდით: #65.13.31.018 მიწის ნაკვეთში და ორი ჰექტარი გათიბა, ხოლო გათიბული თივა - 210 ტუკი წაიღო რათა არ გაფუჭებულიყო. მხოლოდ გათიბვის შემდეგ გახდა მისტვის ცნობილი რომ ეს სათიბი არის მოსარჩელის საკუთრება. ამასთან მოპასუხემ ვერ უარყო, რომ გათიბა აღნიშნული მიწის ნაკვეთი მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ.

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე 2016 წლის 8 აგვისტოს შეიჭრა სწორედ საკადასტრო კოდით: #65.13.31.018 მიწის ნაკვეთში, რომელიც მოსარჩელის საკუთრებაშია, მართლსაწინააღმდეგოდ გათიბა და წაიღო 210 ტუკი თივა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტებები;

- ახალქალაქის რაიონული სასამართლოს, 2017 წლის 30 მარტის #1---17 განაჩენი (ს.ფ. 14-21);

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ივლისის განაჩენი (ს.ფ. 22-31).

 

4.2.3. მოსარჩელის მოსაზრებით თავისი უკანონო ქმედებით ნო----- მე----ემ არ----ტ ან------ნს მიაყენა მატერიალური ზიანი 840 (რვაას ორმოცი) ლარის ოდენობით, და მიეთითა რომ აღნიშნული განაჩენებით დადგენილია ზიანის ოდენობა 840 ლარი.

აღნიშნულის დასადასტურებლად ასევე წარმოადგინა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის წერილი 30/01/2020 წ. N516/15, სადაც აღნიშნულია რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ერთ ჰექტარზე მოსავლიანობა არის 2-2.5. ტონა თივა, ხოლო 1 ტონა თივის საბაზრო ღირებულებაა 200-250 ლარი.

მოსარჩელის გამოთვლით 1 ტუკი თივა ღირს 4 ლარი, ხოლო 210 ტუკი - 840 ლარი.

მოპასუხე არ დაეთანხმა მოსარჩელის მიერ გამოთვლილი ფასს და თვლის რომ წაღებული თივა უფრო იაფი ღირს, თუმცა აღნიშნულის დასადასტურებლად მას რაიმე სახის მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.

მოცემულ შემთხვევაში გათიბულია 2 ჰექტარი სათიბი და მერიის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად გათიბულია 4-5 ტონა თივა (2-2.5 X 2ჰა), რომლის ღირებულება შეადგენს 800-1250 ლარს (4-5ტ. X 200-250).

ამდენად სასამართლოს მიაჩნია რომ დასაბუთებულია მოსარჩელის მიერ შეფასებული ზიანის ოდენობა - 840 ლარი, შესაბამისად სასამართლოს დადგენილად მიაჩნია რომ თავისი უკანონო ქმედებით ნო----- მე----ემ არ----ტ ან------ნს მიაყენა მატერიალური ზიანი 840 (რვაას ორმოცი) ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტებები;

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის წერილი 30/01/2020 წ. N516/15, (ს.ფ. 122);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე სასამართლო თვლის, რომ არ----ტ ან------ნის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 408-ე, 409-ე, 411-412-ე, 992-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ამავე კოდექსის 170-ე მუხლის შესაბამისა მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის საფუძველზე იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

ამავე კოდექსის მუხლი 409-ე მუხლის თანახმად თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი ითვალისწინებს ზიანის ანაზღაურებას მიუღებელი შემოსავლისათვის, რომლის თანახმადაც ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც.

 

ამავე კოდექსის 412-ე მუხლის საფუძველზე ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე არ----ტ ან------ნი მოითხოვს მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურებას (დელიქტური ვალდებულებანი).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგოდ, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე დელიქტით გამოწვეული ზიანის შემთხვევაში პასუხისმგებლობისათვის (ვალდებულებისათვის) საჭიროა შემდეგი პირობების არსებობა: ა) სახეზე უნდა იყოს ზიანი; ბ) ზიანი მიყენებული უნდა იყოს მოსარჩელისათვის მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით.

 

კონკრეტულ საქმესთან მიმართებაში, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სახეზეა მოსარჩელისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი, კერძოდ სახეზეა მოპასუხის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო, გაუფრთხილებელი მოქმედებით მიყენებული ზიანი, მისი ქმედების შედეგად არ----ტ ან------ნს არ მიეცა შესაძლებლობა ესარგებლა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით (2 ჰექტარით) და ვერ მიიღო მისი კუთვნილი შესაბამისი შემოსავალი. კერძოდ 2016 წლის ზაფხულში ნინოწმინდის რაიონის სოფელ სპ------ის მაცხოვრებელი ნო----- მე----ე უნებართვოდ (მესაკუთრის ნებართვის გარეშე) შეიჭრა ნინოწმინდის რაიონის სოფელ სპ-------ში მდებარე არ----ტ ან------ნის მიწის ნაკვეთში და გათიბა არ----ტ ან------ნის კუთვნილი ორი ჰექტარი ფართის სათიბი მიწის ნაკვეთი, რაზედაც არ ჰქონდა კანონიერი უფლება, ხოლო მოთიბული, 840 (რვაას ორმოცი) ლარის ღირებულების თივა კი წაიღო, რის გამო არ----ტ ან------ნს მიაყენა მატერიალური ზიანი 840 (რვაას ორმოცი) ლარის ოდენობით.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ----ტ ან------ნის (პ/ნ 32001000143) სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე ნო----- მე----ეს (პ/ნ 61009003566), მოსარჩელე არ----ტ ან------ნის (პ/ნ 32001000143) სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 840 (რვაას ორმოცი) ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო სარჩელის ფასიდან გამომდინარე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 50 ლარს. სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად მოპასუხე ნო----- მე----ეს (პ/ნ 61009003566) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა;

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-14, 39-ე, 46-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. არ----ტ ან------ნის (პ/ნ 3----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს:

2. მოპასუხე ნო----- მე----ეს (პ/ნ 6----------), მოსარჩელე არ----ტ ან------ნის (პ/ნ 32001000143) სასარგებლოდ დაეკისროს 840 (რვაას ორმოცი) ლარის გადახდა;

3. მოპასუხე ნო----- მე----ეს (პ/ნ 6----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ქ. ახალქალაქი, მაშტოცის ქ. #110) მეშვეობით;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

მოსამართლე: არ----ტ ესოიან