გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210019003113517
2-2438/19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29/01/2020 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე
სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე
მოსარჩელე - ნ--- ზ----ე
წარმომადგენელი - თ----–--------–---
მოპასუხე - ზ------ ხ----ე,მესამე პირი - ბ------------–---–----------------------–------ი
წარმომადგენელი - მ-------–-----ე
დავის საგანი: შვილის ნახვის დღეების განსაზღვრა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ნ--- ზ----ემ სარჩელი აღძრა ზ------ ხ----ის მიმართ და სასარჩელო განცხადებით მოითხოვა დაუდგინდეს შვილის ნახვის დღეები. კერძოდ:
- ყოველ კვირაში პარასკევს 17:00 საათიდან კვირას 17:00 საათამდე ღამე დარჩენის უფლებით.
- ზამთრის არდადეგებზე - ერთი კვირა;
- ზაფხულის არდადეგებზე - ერთი თვე.
სარჩელს მოსარჩელის წარმომადგენელი შემდეგი არგუმენტებით ასაბუთებს
ნ--- ზ----ეს და ზ------ ხ----ეს ჰყავთ ერთი შვილი - ა--–-- ხ----ე, დაბადებული - 2----–-–--------–--ს. ნ--- ზ----ე და ზ------ ხ----ე ერთმანეთს დაშორდნენ და ცხოვრობენ ცალ-ცალკე. შვილი იზრდება მამასთან. მშობლები შვილებთან ურთიერთობაში თანაბარნი არიან, მიუხედავად ამისა მას ხელი ეშლება შვილის ნახვაში და აღზრდაში. მოითხოვს დაუდგინდეს ა--–-- ხ----ის ნახვის დღეები.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. ზ------ ხ----ე სარჩელი სცნობს სრულად. განმარტავს, რომ ის არაა წინააღმდეგი დედას თავის შვილთან ჰქონდეს ურთიერთობა, წაიყვანოს მასთან და მონაწილეობა მიიღოს შვილის აღზრდაში. თუმცა განმარტავს, რომ ასეთი სურვილი არ აქვს ა--–-- ხ----ეს. შესაბამისად მისი ნების საწინააღმდეგოდ რთული იქნება შვილის ნახვის დღეების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება.
2.2. ა--–-- ხ----ე კატეგორიული წინააღმდეგია ნ--- ზ----ეს დაუდგინდეს მისი ნახვის დღეები.
3.ფაქტობრივი გარემოებები:
3.1 უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. ნ--- ზ----ეს და ზ------ ხ----ეს ჰყავთ საერთო შვილი - ა--–-- ხ----ე, დაბადებული - 2----–-–--------–--ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობა. ს.ფ. 16.
3.1.2. მხარეები ერთად არ ცხოვრობენ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები
3.1.4. ა--–-- ხ----ე ცხოვრობს მამასთან ერთად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები.
3.1.4. ა--–-- ხ----ეს არ სურს მის დედას დაუდგინდეს მისი ნახვის დრო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1 მხარეებს სადაო ფაქტობრივი გარემოება არ აქვთ. მთავარი საკითხია განიმარტოს ა--–-- ხ----ეს უარი მოინახულოს დედამ, არის თუ არა გადამწყვეტი და ასეთ სიტუაციაში მოსარჩელეს უნდა დაუდგინდეს თუ არა ნახვის დრო. დასახელებული საკითხი არაა ფაქტობრივი გარემოება. იგი სამართლებრივი შეფასების კატეგორიისაა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სასამართლომ სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილად მიჩნეულ გარემოებებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი ნაწილობრივ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივად.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ:
- საქართველოს კონსტიტუცია.
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
- ბავშვის უფლებათა კონვენცია.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ 1994 წლის 21 აპრილიდან საქართველო მიერთებულია ბავშვის უფლებათა კონვენციაზე, რომლის პრეამბულაშიც ნათქვამია, რომ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების ვალდებულებაა განუხრელად ზრუნავდეს ბავშვთა უფლებების დაცვაზე და ქმნიდეს გარანტიებს მათი ინტერესების დასაცავად. მასზე ზრუნვამ უნდა განაპირობოს ის, რომ ბავშვი სრულყოფილად იყოს მომზადებული საზოგადოებაში დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის და ზოგადსაკაცობრიო იდეალების, განსაკუთრებით კი მშვიდობის, ადამიანის ღირსების პატივისცემის, შემწყნარებლობის, თავისუფლების, თანასწორობისა და სოლიდარობის სულისკვეთებით. ბავშვის ასეთი განსაკუთრებული დაცვის აუცილებლობა გათვალისწინებულია ბავშვის უფლებათა ჟენევის 1924 წლის დეკლარაციით, 1959 წლის 20 ნოემბერს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული ბავშვის უფლებათა დეკლარაციით და აღიარებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, მოქალაქეობრივი და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტით (კერძოდ, მისი 23-ე და 24-ე მუხლებით), ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტით (კერძოდ, მე-10 მუხლით), აგრეთვე ბავშვთა კეთილდღეობის საკითხებზე მომუშავე სპეციალიზებული დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების შესაბამისი დოკუმენტებით. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით. საქართველო აღიარებს ბავშვის უფლებათა კონვენციას და ქმნის ყველა პირობას ბავშვთა უფლებების დაცვის საქმეში.
6.2. გარდა საერთაშორის აქტებისა, მშობლისა და შვილების ურთიერთობები, დარეგულირებულია შიდა კანონმდებლობით. ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელვანია საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, რომლის 1197-ე მუხლით ,,შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში“. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლით ,,მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით“.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად მშობლების უფლება არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.
6.4. ამავე კოდექსის 1202-ე მუხლით ,,მშობლებს თანაბრად აქვს ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არ აქვს შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ბავშვთან ურთიერთობა და მის აღზრდაში მონაწილეობის მიღება, მშობლის არა მარტო უფლება, არამედ მოვალეობაცაა, ხოლო დედას, რომელიც თავად ზრდის ბავშვს, უფლება არა აქვს ცალკე მცხოვრობ მამას ხელი შეუშალოს მშობლის უფლება-მოვალეობების განხორციელებაში.
6.5. ”ბავშვთა უფლებათა კონვენციის” მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინაამღდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის ”ჭეშმარიტი ინტერესი” მოცემულ შემთხვევაში არის ის, რომ ა--–-- ხ----ეს ორივე მშობელთან ჰქონდეს ერთნაირი ურთიერთობა და ამასთან მათთან ურთიერთობის დროს არ უნდა იქნეს დარღვეული მისი, როგორც ბავშვის უფლებები. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ორივე მშობელი თანაბარწილად არის ვალდებული შვილის აღზრდა-განვითარებაში მიიღოს მონაწილეობა. შესაბამისად უნდა შეიქმნას ისეთი ურთიერთობა, რაც ბავშვს საშუალებას მისცემს იყოს ორივე მშობელთან მჭიდრო ურთიერთობაში. სწორედ ასეთი ურთიერთობით ხდება ბავშვის სათანადო აღზრდა და ჩამოყალიბება. ბავშვს, რაც უფრო მეტი ურთიერთობა ექნება ორივე მშობელთან, მით მეტად მოხდება მისი პიროვნების სრულფასოვანი ჩამოყალიბება და განვითარება.
6.6. ერთი მშობლის მიერ მეორისათვის, შვილთან ურთიერთობის აკრძალვა, არა მარტო მშობლის უფლების დარღვევაა, არამედ იგი ლახავს თვით შვილის უფლებებს ცალკე მცხოვრებ მშობელთან ურთიერთობის სფეროში, რაც ეწინააღმდეგება ბავშვის აღზრდის ინტერესებს. შვილს უფლება აქვს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდეს იმ მშობელთან ვისთანაც არ ცხოვრობს და არ იზრდება (ამ შემთხვევაში თავის დედასთან). თავის მხრივ დედაც მონაწილეობდეს მის აღზრდასა და ჩამოყალიბებაში და ასევე რჩენაში. ეს უფლება დედებს მინიჭებული აქვთ არამარტო კანონით, არამედ ზნეობის ნორმებით, ადათებითა და ჩვეულებებით. მათი ერთობლიობით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უფლება უნდა მიეცეს ურთიერთობა იქონიოს არასრულწლოვან ა--–-- ხ----ესთან. ასეთი ურთიერთობის არ ქონა, ან ხელშეშლა პირველ რიგში დააზარალებს არასრულწლოვანის ინტერესებს, რაც დაუშვებელია და უნდა აღმოიფხვრას სასწრაფოდ. თუ გამოვლინდება შემთხვევა, რა დროსაც ერთერთი მშობელი მართლსაწინააღმდეგოდ ცდილობს მეორე მშობელმა არ ინახულოს ბავშვი, დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია დაავალდებულოს ერთ-ერთი მშობელი, საშუალება მისცეს მეორე მშობელს, რომელიც შვილთან ერთად არ ცხოვრობს, ურთიერთობა იქონიოს შვილთან და ამ მიზნით იგი განსაზღვრავს და ადგენს მცირეწლოვან შვილთან ურთიერთობის წესს.
6.7. ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ა--–-- ხ----ე დაახლოებით 14 წლისაა. მას გაცნობიერებული აქვს მშობლის მცნება, მისი როლი შვილის აღზრდაში. მიუხედავად ამისა ის კატეგორიული წინააღმდეგია მოინახულოს დედამ. აღნიშნული გამოწვეულია დედისა და მამის დაშორებით გამოწვეული ფსიქიკური განცდებით. საქმის განხილვის მომენტისათვის აუცილებელია დედისა და შვილის ურთიერთობა აღსდგეს თანდათანობით. მოსარჩელემ უნდა იზრუნოს კონტაქტი დაამყაროს შვილთან, მოიპოვოს მისი ნდობა და ეტაპობრივად დაუბრუნოს ის დედობრივი სიყვარული, რაც ლოგიკურად უნდა ახასიათებდეს დედაშვილურ ურთიერთობას. საქმის განხილვის ამ მომენტისათვის მათ შორის ემოციური კავშირი მოშლილია და გარკვეული ღონისძიებებია გასატარებელი მის აღსადგენად. საკითხის გადაწყვეტისას აუცილებელია გათვალისწინებული იქნას ა--–-- ხ----ეს ასაკი, შეხედულებები, ფსიქოლოგიური განცდები და სხვა აუცილებელი საკითხები. შესაძლებელია დედის გარეშე ბავშვის სხვაგან დარჩენამ, შორ გზაზე მგზავრობამ, უცხო გარემომ გამოიწვიოს ნეგატიური შედეგი, მაგრამ ამ შემთხვევაში საწინააღმდეგო მოცემულობაა. ა--–-- ხ----ე კატეგორიული წინააღმდეგია მოინახულოს დედამ. მისი იძულება ურთიერთობა იქონიოს დედასთან, დაუშვებელია. ურთიერთობის აღდგენა უნდა განხორციელდეს ა--–-- ხ----ის დარწმუნებით, ეტაპობრივი მუშაობით. ამ საკითხში მას უნდა დაეხმაროს არა მხოლოდ დედ და მამა, არამედ სრულიად გარემო. შვილის იძულება მოინახულოს დედა, უფრო მეტ ნეგატივს შეძენს მათ ურთიერთობას, ვიდრე პოზიტივს. ამიტომ მისი ნახვის დღეები შეზღუდულად უნდა გადაწყდეს. იქედან გამომდინარე, რომ შვილის აღზრდაში დედის მონაწილეობა აუცილებელია, შვილის უპირატესი ინტერესიდან გამომდინარე აუცილებელია პირველ რიგში მოსარჩელეს დაუწესდეს შეზღუდული დრო. სასამართლოს აზრით ეს შეიძლება იყოს ყოველი კვირის შაბათი დღე 14:00 საათიდან 19:00 საათამდე პერიოდში. მათ შორის ურთიერთობის მოწესრიგების შემდეგ შესაძლებელი იქნება უფრო მეტი დროს დანიშნვაზე ზრუნვა. საქმის განხილვის ამ ეტაპზე მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ვადების დაწესება, არ არის შვილის ჭეშმარიტი ინტერესის შესაბამისი.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 3 000 ლარს.
საქმეზე გადასახდელი ბაჟის ოდენობა შეადგენს 100 ლარს. მოსარჩელეს სახ. ბაჟი წინასწარ აქვს გადახდილი. მოპასუხემ სარჩელი სცნო. სარჩელის ცნობის გამო ის საქ. სსკ-ის 49-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხე ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდება. გადახდილი ბაჟი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს უკან.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არაა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, მე-8-ე, 53-ე, 243-244-ე; 248-249-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ--- ზ----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივად.
2. ნ--- ზ----ეს, თავისი არასრულწლოვანი შვილის - ა--–-- ხ----ის ნახვისათვის, დაუდგინდეს ყოველი კვირის შაბათი დღე - 14:00 საათიდან 19:00 საათამდე;
3. ნ--- ზ----ეს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარი (გადამხდელის ბანკი - სს საქართველოს ბანკი’’, გადახდის თარიღი - 23/07/2019 წელი, სახაზინო კოდი - 300693150)
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე