გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/2-----19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
1- მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი
სხდომის მდივანი თეონა როსტომაშვილი
მოსარჩელე - მზ-----------–--ლი
მოსარჩელის წარმომადგენელი - მა-------------ია
მოპასუხე - ივ-------–-----ვი
მოპასუხის წარმომადგენელი - ჯა--–-----------–--ლი
დავის საგანი - სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობის განსაზღვრა, ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1. ცვლილება შევიდეს 20-- წლის 24 სექტემბერს ნოტარიუს ოლ---------–---–ის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში N191------ იმგვარად, რომ გაუქმდეს ჩანაწერი სესხის ძირი თანხის 24 200 ლარის და სარგებლის 10 164 ლარის ნაწილში, ხოლო დაკისრებული პირგასამტეხლო 10 338.2 ლარის ნაცვლად განისაზღვროს 883.3 ლარით.
სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
201- წლის 28 მაისს მზ-----------–--ლსა და ივანე ქელეხსაშვილს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოპასუხემ მოსარჩელეს სესხის სახით გადასცა 24 200 ლარი, თვეში 3%-იანი სარგებლის დარიცხვით, 6 თვის ვადით.
მხარეთა შორის 03.04.201-წ. გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ვადა გახანგრძლივდა 201- წლის 3 ოქტომბრამდე. 28.05.201-წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა პირობები დარჩა უცვლელი.
20-- წლის 24 სექტემბერს მოპასუხემ მიმართა ნოტარიუსს და მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის გაცემა. სააღსრულებო ფურცელში აღსასრულებელი თანხის ოდენობად მითითებულია 24 200 ლარი სესხის ძირითადი თანხა, 14 თვის მიუღებელი პროცენტი, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული დღეებზე 0.12 %, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 116 ლარი. მოსარჩელეს სესხის ძირითადი და საპროცენტო სარგებელის ოდენობა გადახდილი აქვს მისი ნათესავების მეშვეობით, რის გამოც მოითხოვს სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ სააღსრულებო ფურცლის გაცემის დღესვე მოსარჩელემ გადაიხადა 24 200 ლარი სესხის ძირითადი თანხა.
2.2. მოპასუხე მხარემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომებზე დააზუსტა წარმოდგენილი წერილობითი პასუხის ფარგლები და უარყო მოსარჩელის ან მისი ნათესავების მხრიდან ფულადი ვალდებულების ხელზე გადახდით ვალდებულების შესრულების ფაქტი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები;
3.1.1. 201- წლის 28 მაისს მზ-----------–--ლსა და ივანე ქელეხსაშვილს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება N170573--3.
3.1.2. 28.05.201-წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მიხედვით, მოსარჩელეზე გაიცა სესხის სახით 24 200 ლარი, თვეში 3%-იანი სარგებლის დარიცხვით, თანხა უნდა დაბრუნებულიყო 6 თვის შემდეგ.
3.1.3. 28.05.201-წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით მხარეებმა გაითვალისწინეს თანხის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს დარიცხვის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. გვ. 30-34);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სხდომის ოქმები საქმეში).
3.1.4. მზ-----------–--ლსა და ივანე ქელეხსაშვილს შორის 201- წლის 3 აპრილს გაფორმებული სანოტარო აქტით (ხელშეკრულებით) ცვლილება შევიდა მათ შორის 28.05.201-წ. დადებულ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში და თანხის დაბრუნების ვადა გაიზარდა 201- წლის 3 ოქტომბრამდე, ხელშეკრულების სხვა პირობები უცვლელი დარჩა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების ან/და დამატების შეტანის შესახებ სანოტარო აქტი (ს.ფ. გვ. 42-43);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სხდომის ოქმები საქმეში).
3.1.5. ივ-------–-----ვმა 24.09.20--წ. მიმართა ნოტარიუს ოლ---------–---–ს და მოითხოვა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო სააღსრულებო ფურცელის გაცემა.
3.1.6. 24.09.20--წ. გაცემული სააღსრულებო ფურცელში აღსასრულებელი თანხის ოდენობად მითითებულია: 24 200 ლარი სესხის ძირითადი თანხა, 14 თვის მიუღებელი პროცენტი, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული დღეების 0.12% (201- წლის 4 ოქტომბრიდან სააღსრულებო საქმის წარმოების დაწყებამდე), სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 116 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 44-46);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სხდომის ოქმები საქმეში).
3.1.7. მზ-----------–--ლმა 24.09.20--წ. 24 200 ლარის ოდენობით თანხის გადახდით შეასრულა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ძირითადი თანხის დაბრუნების ვალდებულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადახდო დავალება (ს.ფ. 61);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სხდომის ოქმები საქმეში).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მზ-----------–--ლს 28.05.201-წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი სარგებლის გადახდის ვალდებულება ჯეროვნად არ შეუსრულებია და მას კვლავ გადასახდელი რჩება 6889.49 ლარი
3.2.2. 28.05.201-წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მზ-----------–--ლის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო ივ-------–-----ვის მიერ დარიცხული და სააღსრულებო ფურცელში მითითებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და იგი უნდა შემცირდეს (5-ჯერ) 2067.64 ლარამდე ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 44-46);
- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. გვ. 30-34);
- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების ან/და დამატების შეტანის შესახებ სანოტარო აქტი (ს.ფ. გვ. 42-43);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სხდომის ოქმები საქმეში).
3.2.3. საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელში მითითებული, სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ნაწილობრივ შეესაბამებიან ინიცირებული სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 316-ე, 623-625-ე, 41--420-ე
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც (სსკ-ის მუხლი 316.1.). ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას ხელშეკრულების საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის ნაწარმოებია ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან (სსკ-ის მუხლი 31-.1).
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625.1. მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი.
6.3. სსკ-ის 383-ე მუხლის თანახმად, ფულადი ვალდებულება გამოიხატება ეროვნულ ვალუტაში. მხარეებს შეუძლიათ ფულადი ვალდებულება დაადგინონ უცხოურ ვალუტაშიც, თუ კანონით ეს აკრძალული არ არის. ვალუტა არის ამა თუ იმ ქვეყნის ფულადი ერთეული, რომელიც საფუძვლად უდევს ქვეყნის ფულად სისტემას. ფულადი ვალდებულება შეიძლება იყოს როგორც უპროცენტო, ისე პროცენტიანი, რომლის მოცულობაც შესაძლებელია დადგენილი იყოს ხელშეკრულებით (სახელშეკრულებო პროცენტი) ან კანონით (კანონისმიერი პროცენტი). (იხ.დამატებით: ბ.ზოიძე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მე-3, მუხლი 383, თბ., 2001, 330; აგრეთვე: Draft Common Frame of Reference – DCFR-ის 1:104-ე პრინციპი. Clive/Schulte_Nölke, Principles, definitions and model rules of European Private Law: Draft Common Frame of Reference (DCFR), 2009. Jansen/Zimmermann, Was ist und wozu der DCFR NJW, 2009, 3401).
კერძო სამართალში ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი მოქმედებს, რაც სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლითაა რეგლამენტირებული, კერძოდ, სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების მხარეები სწორედ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში, საკუთარი შეხედულებისამებრ აყალიბებენ გარიგების პირობებს, კერძო სამართალი მათ მიერ ნაკისრი ვალდებულების განუხრელ დაცვას მოითხოვს. pacta sunt servanda -ს პრინციპის თანახმად, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს, რაც ხელშეკრულებისადმი ერთგულების გამოვლინებას წარმოადგენს (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება საქმეზე №2ბ/6777-1-, 16 მაისი, 20-- წელი).
ყოველი ვალდებულებითი ურთიერთობის ლოგიკურ მიზანს კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულება წარმოადგენს. შესრულების ერთიანი ცნება საქართველოს სამოქალაქო კოდექსში განსაზღვრული არ არის (ჭანტურია, სკ-ის კომენტარი, წიგნი III, 2001, მუხ. 427, გვ. 509). შესრულება დაკავშირებული არის შესაბამისი ქმედების განხორციელებასთან. კერძოდ, გარკვეული ქმედებით ვალდებულების შესრულებასთან. სსკ-ის 427 მუხლის მიზნებისთვის, ქმედების ქვეშ საგულისხმოა არა უბრალოდ რაიმე ქმედების ხასიათი და სახე არამედ ქმედების შედეგი (Grüneberg, in Palandt BGB Komm. 69. Aufl., § 362, Rn. 2; MüKo/Fetzer, § 362, Rn. 20).
გამომდინარე იქიდან, რომ ვალდებულების შესრულების თაობაზე მტკიცების ტვირთი, როგორც წესი, მოვალეს აკისრია, მას სჭირდება მტკიცებულება იმისთვის, რომ მის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტი დაამტკიცოს. აღნიშნულ საჭიროებას კი ითვალისწინებს კანონმდებლობა და მოვალეს აძლევს უფლებას, რომ კრედიტორისაგან მოითხოვოს შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა (Grüneberg, in Palandt BGB Komm. 69. Aufl., § 368, Rn. 1; MüKo/Fetzer, § 368, Rn. 1.) კრედიტორი მსგავსი დოკუმენტის გაცემით ადასტურებს, რომ მან შესრულება მიიღო, ვალდებულება შესრულდა და შეწყვეტილია (ჭანტურია, სკ-ის კომენტარი, წიგნი III, 2001, მუხ. 429, გვ. 523).
პრაქტიკაში ვალდებულების შესრულების ან/და მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის მრავალი სახე არსებობს. ეს შეიძლება იყოს ქვითარი, მიღება-ჩაბარების აქტი, საბანკო გადარიცხვის ამონაწერი, და სხვა. თავად 429 მუხლში აღნიშნული დოკუმენტი რამდენიმე ფორმით არის ფორმულირებული და ერთგვაროვან ტერმინს 429 მუხლი არ აყალიბებს. კერძოდ, შესაბამის ადგილას მუხლი მას მოთხოვნის შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტს უწოდებს (429 I), მეორე შემთხვევაში იგი ვალის მიღების შესახებ შედგენილ დოკუმენტად არის განსაზღვრული (429 II), მესამე შემთხვევაში იგი განსაზღვრულია როგორც დოკუმენტი ვალის გადახდის შესახებ (429 III), მეოთხე შემთხვევაში მას კანონმდებელი უწოდებს შესრულების მიღების დოკუმენტს (430), ხოლო მეხუთე შემთხვევაში ის განსაზღვრულია, როგორც დოკუმენტი შესრულების თაობაზე/შესახებ (430, 431). პრაქტიკული მნიშვნელობის არის ის გარემოება, რომ აღნიშნული ტერმინების სხვადასხვაობის მიუხედავად, ისინი ერთსა და იმავე სამართლებრივი ბუნების მქონე დოკუმენტს აღნიშნავენ. კერძოდ, ყველა მათგანი ადასტურებს კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიღებას, შესაბამისად ვალდებულების შესრულებისა და მისი შეწყვეტის ფაქტს.
მოვალემ მის მიერ ვალდებულების შესრულების დადასტურება მოწმეთა ჩვენებითა და სხვა სახის მტკიცებულებების წარდგენითაც შეიძლება შეძლოს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2012 წლის 19 აპრილის №ას-1541-1547-2011 გადაწყვეტილება). თუმცა კანონმდებელი მოვალეს 429 მუხლის სახით სთავაზობს ყველაზე მოქნილ და მარტივ საშუალებას აღნიშნული მიზნის მისაღწევად. იმ შემთხვევაში თუ კრედიტორი უარს განაცხადებს შესაბამისი დოკუმენტის გაცემაზე, მაშინ მოვალეს უფლება აქვს, რომ იმოქმედოს 433 მუხლის მიხედვით ან სასამართლოს მიმართოს და სხვა სახის მტკიცებულებების წარდგენის გზით მოითხოვოს მის მიერ ვალდებულების შესრულების დადასტურება, მაგალითად აღიარებითი სარჩელის გზით (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-0-ე მუხლი).
6.4. საქმის მასალებით ერთმნიშვნელოვნად დადგენილია, რომ მხარეთა შორის სესხისა და იპოთეკის სარგებლიანი ხელშეკრულება გაფორმდა 201- წლის 28 მაისს, 6 თვის ვადით. ხსენებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა დაასრულდა 201- წლის 28 ნოემბერს. იგივე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა 201- წლის 3 აპრილიდან უნდა გახანგრძლივებულიყო 6 თვით, 201- წლის 3 ოქტომბრამდე.
სასამართლო არ ეთანხმება მოსარჩელის მოსაზრებას, რომ ხსენებული ხელშეკრულებებით 12 თვიანი სარგებლობით ჰქონდა თანხა დაგაცემული გამსესხებლისგან. ამ კონტექსტში სასამართლო მიიჩნევს, რომ ცვლილებების შეტანის გარიგებაში გამოხატული ნება უნდა განიმარტოს გონივრული განსჯის შედეგად.
6.5. საეჭვოობისას ხელშეკრულებისა და ნების განმარტების შედეგად უნდა დადგინდეს, თუ რისი შეთანხმება სურდათ მხარეებს. ამ შემთხვევაში ხელშეკრულებისა და ნების გამოვლენის განმარტების (სსკ-ის 52-ე მუხლი) წესების გამოყენებით, სესხის ხელშეკრულების ვალდებულების მომწესრიგებელ ნორმათა მოხმობით უნდა დადგინდეს, თუ რისი შეთანხმება სურდათ მხარეებს. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ხელშეკრულებებში აღნიშნულია თანხის დაბრუნების ვადა განისაზღვრა 6 თვით, არ ნიშნავს რომ 2 ხელშეკრულებით ნაკისრი თანხით სარგებლობის თანხა 12 თვეზე უნდა დაანგარიშდეს.
ხელშეკრულებათა განმარტების თავისებურება განპირობებულია ურთიერთობათა ორმხრივი (მრავალმხრივი) ხასიათით, დისპოზიციური ნორმების გამოყენებით, სავაჭრო და საქმიანი ჩვეულებებითა და ტრადიციებით, მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობაში ჩამოყალიბებული პრაქტიკით, იმპერატიული ნორმების მოთხოვნათა გათვალისწინების აუცილებლობით და ა.შ.
ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე. ხელშეკრულების არსებობისათვის აუცილებელია ორი ან მეტი ნების თანხვედრა, რაც იწვევს მხარეთა საერთო ნების დადგენის აუცილებლობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხელშეკრულების განმარტების არსი მხარეთა მიერ გამოვლენილი საერთო ნების ნამდვილი შინაარსის, ხელშეკრულების რეალური მიზნის დადგენაში მდგომარეობს. სასამართლო მხარეთა ნამდვილ ნებას ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმარტების პროცესში წარმოიშობა ხელშეკრულების ტექსტში გადმოცემულ დებულებათა შორის წინააღმდეგობა ან შეუსაბამობა.
ყველა იმ გარიგებაში, რომლებშიც ნების გამოვლენის ნამდვილობა დამოკიდებულია მეორე მხარის მიერ ამ ნების მიღებაზე, არცთუ იშვიათად იბადება კითხვა, სწორად გაიგო თუ არა მეორე მხარემ ის, რისი თქმაც ნების გამომვლენ პირს სურდა. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ გარიგებათა აბსოლუტურ უმრავლესობაში ორი მხარე – ნების გამომვლენი და ნების მიმღები – მონაწილეობს, აშკარა გახდება, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს გამოვლენილი ნების სწორად გაგებას მეორე მხარის მიერ. მრავალი გარემოებით შეიძლება იყოს გამოწვეული, რომ ის, რაც იგულისხმა ნების გამომვლენმა, სხვაგვარად გაიგო მისმა მიმღებმა. აქედან წარმოიშობა გამოვლენილ ნებათა კონფლიქტი, რომელიც საჭიროებს სწორად გადაწყვეტას. ამ კონფლიქტის გადაწყვეტის სამართლებრივ საშუალებას წარმოადგენს ნების გამოვლენის განმარტება. სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ცხადია, რომ ეს „გონივრული განსჯა“ უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს.
ხელშეკრულების განმარტების საჭიროებას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როცა სახეზეა ხელშეკრულება, რომლის გამონათქვამებიც ბუნდოვანი, ორაზროვანი ან ურთიერთგამომრიცხავია, აგრეთვე როცა მისი გამონათქვამები შესწორებასა და შევსებას მოითხოვენ. ხელშეკრულების განმარტების დროს სასამართლო ორ მნიშვნელოვან საკითხს წყვეტს: სასამართლოს ევალება მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში გაკეთებული გამონათქვამების დაზუსტება, ხოლო მეორეს მხრივ, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით ხელშეკრულებაში ღიად დარჩენილი ადგილების ე.წ. ხარვეზების შევსებას ახორციელებს (ხელშეკრულების განმარტების საკითხებზე იხ., სუსგ № ას - 1144 - 1090 - 2014, 23 თებერვალი, 201 5 წელი).
ხელშეკრულებაში მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების გონივრული და არა გამოთქმის სიტყვასიტყვითი მნიშვნელობიდან გამომდინარე, სასამართლომ „ბოლომდე უნდა იფიქროს“ იმასთან დაკავშირებით, თუ სავარაუდოდ რა შეიძლებოდა ყოფილიყო მხარეთა სურვილი. ამ კონტექსტში განსაკუთრებით საინტერესოა გერმანიის უმაღლესი ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილება [10.11. 1999 – I ZR 1-3/97 – NJW 2000, 743]: „ხელშეკრულების დამატებით განმარტების არსი მდგომარეობს ხარვეზის შემცველი გარიგების მხარეთა ჰიპოთეტური სურვილის შესაბამისად განვრცობაში. ამასთან, სასამართლო უნდა ამოვიდეს იქიდან, თუ რაზე შეთანხმდებოდნენ მხარეები, როგორც კეთილსინდისიერი ხელშეკრულების მხარეები, კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვით მათი ინტერესების ჯეროვანი შეჯერების პირობებში, თუ მათ არ გამორჩებოდათ ხელშეკრულების შესაბამისი პუნქტი. არსებული ხარვეზები უნდა შეივსოს ხელშეკრულების დამატებით განვრცობის გზით იმგვარად, რომ „ბოლომდე იყოს ნაფიქრი“ კონკრეტული ხელშეკრულების ძირითადი პუნქტები (შდრ. BGHZ 84, 1, 7; 90, 69, 77; 135, 387, 392). აქედან გამომდინარე, მხარეთა ჰიპოთეტური ნების გამორკვევისას ხელშეკრულების დანარჩენი შინაარსისა და ხელშეკრულების დადების მომენტში არსებული სხვა გარემოებების პარალელურად, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მხარეთა ფაქტობრივ ნებას, რამდენადაც შესაძლებელია მისი დადგენა....“. ( შდრ . სუსგ № ას - 1161 - 1116 - 2016, 1 2 ოქტომბერი, 201-
ზემოაღნიშნული მეთოდის მხედველობაში მიღებით 03.04.201-წ. ხელშეკრულების შინაარსში ასახული სესხით სარგებლობის ვადა უნდა იქნეს ათვლილი 28.05.201-წ.-დან 03.10.201-წ.-ის 1- თვიან პერიოდზე. ფაქტია, რომ პირველი ხელშეკრულების მოქმედება გასული იყო, როდესაც ცვლილებები შევიდა მასში. ფაქტია, რომ მხარეთა თანხვედრი ნებით ცვლილებების გაფორმებამდე პერიოდშიც ვადა გახანგრძლივებულად მიაჩნდათ და წერილობით მხოლოდ გვიან გააფორმეს და დააფიქსირეს თანხმვედრი ნება. ნებისმიერი გნივრულად მოაზროვნე საშუალო დონის ადამიანისთვისაც მარტივი მისახვედრია, რომ 28.11.201-წ.-იდან 03.04.201-წ.-მდე პერიოდში გამსესხებელი მოითხოვდა სარგებლის მიღებას გაცემული თანხის ხარჯზე, იმავე ოდენობით რა ოდენობაზე თავდაპირველად იყვნენ შეთანხმებულნი. წინააღმდეგ შემთხვევაში მივდივართ შემთხვევამდე, როცა გამსესხებელს სპორტული და არა კომერციული მიზანი ექნებოდა, იმის გათვალისწინებითაც, რომ სესხი სასყიდლიანი (სარგებლის მომტანი) იყო.
6.6. დადგენილია, რომ სესხის ძირითადი თანხა დაბრუნებულია და ამ ნაწილში სარჩელი ცნო კიდეც მოპასუხემ, რაც სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
ამავე კოდექსის 208.3. მუხლის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 371-ე მუხლის თანახმად, თუ კანონიდან, ხელშეკრულებიდან ან ვალდებულების ბუნებიდან არ გამომდინარეობს, რომ მოვალემ პირადად უნდა შეასრულოს ვალდებულება, მაშინ ეს ვალდებულება შეიძლება შეასრულოს მესამე პირმაც. კრედიტორს შეუძლია არ მიიღოს მესამე პირისაგან შემოთავაზებული შესრულება, თუ მოვალე ამის წინააღმდეგია.
რაც შეეხება მოსარჩელის მტკიცებას, საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულების შესრულების გამო მისი არარსებობის აღიარების შესახებ, უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა მიერ გამოხატული ნების შესაბამისად სარგებელი უნდა გადახდილიყო თანხით სარგებლობის 1- თვიან პერიოდზე და თვეში მისი ოდენობა შეადგენდა სესხის თანხის 3% - 726 ლარს; სარგებლის ოდენობა გადახდით რომ შესრულებულიყო მოსარჩელეს უნდა გადაეხადა (1- * 726 = ) 12 342 ლარი.
6.7.1. მოსარჩელის მიერ შესრულებული ვალდებულების სამტკიცებლად წარმოდგენილია საგადახდო დავალებები, რომელთა ძირითადი ნაწილის გადახდის თარიღები და ოდენობებიც დაემთხვა მოპასუხის საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერს. ამონაწერისაგან განსხვავებით წარმოდგენილია 09.08.201-წ. საგადახდო დავალება 300 აშშ დოლარზე (გადახდის დროისთვის ლარის გაცვლითი კურსი ამერიკული დოლარის მიმართ შეადგენდა 2.3903). ხსენებული გადახდის ქვითრით სარგებლის ოდენობა შემცირდა 71-.09 ლარით.
6.7.2. საქმეში განთავსებული მოპასუხის კუთვნილი საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერების კვლევით დგინდება, რომ ერეკლე სურგულაძის მიერ 01.07.201-წ. გადახდილია 300 აშშ დოლარი (გადახდის დროისთვის ლარის გაცვლითი კურსი ამერიკული დოლარის მიმართ შეადგენდა 2.4036); 11.09.201-წ. (გადახდის დროისთვის ლარის გაცვლითი კურსი ამერიკული დოლარის მიმართ შეადგენდა 2.3903), 16.10.201-წ. გადახდილია 300 აშშ დოლარი (გადახდის დროისთვის ლარის გაცვლითი კურსი ამერიკული დოლარის მიმართ შეადგენდა 2.461-), 15.11.201-წ. გადახდილია 300 აშშ დოლარი (გადახდის დროისთვის ლარის გაცვლითი კურსი ამერიკული დოლარის მიმართ შეადგენდა 2.6830), 27.12.201-წ. გადახდილია 200 აშშ დოლარი (გადახდის დროისთვის ლარის გაცვლითი კურსი ამერიკული დოლარის მიმართ შეადგენდა 2.5405), 15.06.201-წ. გადახდილია 200 აშშ დოლარი (გადახდის დროისთვის ლარის გაცვლითი კურსი ამერიკული დოლარის მიმართ შეადგენდა 2.5405) (იხ. ამონაწერები საბანკო ანგარიშებიდან ს.ფ. გვ. 138-143). ამგვარი გადახდებით დადასტურებული გადახდილი თანხის ოდენობა შეადგენს 4009.42 ლარს, რითიც შემცირდა დარიცხული სარგებლის ოდენობა.
6.7.3. თავად სესხისა და იპოთეკის შესახებ ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ 1 თვის (726 ლარი) სარგებელი ხელშეკრულების დადების დროს გადახდილია (იხ. ხელშეკრულების მესამე მუხლი საქმეში (ს.ფ. გვ. 31).
ამრიგად, მსესხებლის ნათესავების მეშვეობით ჯამში სარგებლის ოდენობის დაფარვის მიზნით გადახდილია 5452.51 ლარი (6889.49 ლარით ნაკლები).
6.7.4. რაც შეეხება მოწმის სახით დაკითხული ერეკლე სურგულაძის მიერ მიცემულ ჩვენებას, სასამართლო განმარტავს, რომ მხოლოდ მისი მეშვეობით ვერ იქნება დადასტურებული გამსესხებლისათვის ხელზე გადაცემული თანხების არსებობა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 140.1. მუხლის თანახმად, მოწმედ შეიძლება იყოს ყოველი პირი, რომლისთვისაც ცნობილია რაიმე გარემოება საქმის შესახებ. მოხმობილი განმარტება იძლევა დასკვნის გამოტანის საშუალებასა რომ მოწმე იძლევა ჩვენებას სარჩელში ან შესაგებელში აღნიშნული ფაქტების შესახებ. ანუ მოწმის ჩვენება უნდა შეესაბამებოდეს და ადასტურებდეს ფაქტობრივ მოცემულობას. სარჩელში არ არის მითითებული არცერთ ფაქტობრივ გარემოებაში, რომ სად, როდის, რა ვითარებაში, ვის მიერ, რა ოდენობით, ვის მიმართ ხდებოთა თანხების გადაცემა მოპასუხისათვის. ამგვარი ფაქტობრივი გარემოების საქმეში არსებობა და მოწმის შემავსებელი ჩვენება შესაძლო თეორიულ შანსებს იძლეოდეს კიდეც მხარის ახსნა-განმარტებასთან ერთად დადასტურდეს განმარტებაში აღნიშნული ფაქტები. ვინაიდან სარჩელში მსგავსი ფაქტი მითითებული არაა, მხოლოდ მოწმის ჩვენებით ვერ დადასტურდება თანხების ხელზე გადახდის ფაქტები, მით უმეტეს მაშინ როცა ის შედავებულია მოწინააღმდეგე მხარის მიერ.
6.8. სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელში ფაქტები იმგვარად უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ შესაძლებელი იყოს დამფუძნებელი ნორმის შინაარსში შემავალი ელემენტების გამოყენება.
პირის სადავოდ ქცეული უფლების შეფასება ითვალისწინებს, როგორც პროცესუალურ, ისე მატერიალურ სამართლებრივ ასპექტებს. საპროცესო წესრიგი, დისპოზიციურობის და შეჯიბრებითობის პრინციპების რეალიზაციით, უზრუნველყოფს კანონიერების რეჟიმის განხორციელებას სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში. საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, მოსარჩელეს თავისი დარღვეული თუ სადავოდ გამხდარი უფლების დასაცავად შეუძლია, მიმართოს სასამართლოს. სასამართლოს ვალდებულებები პროცესუალური ინსტიტუტების გამოყენების ჭრილში, მათ შორის მოიცავს სასამართლოს ფუნქციას, კონტროლი გაუწიოს საპროცესო უფლებების გამოყენების თავისუფალ სივრცეს. მოსამართლე ხელმძღვანელობს მხარეთა შეჯიბრებითობის განხორციელებას საპროცესო დანაწესების დაცვით. საპროცესო უფლებების რეალიზაციის თავისუფლება არ არის შეუზღუდავი. სამოქალაქო სამართალწარმოების სუბიექტები თავისუფალნი არიან საპროცესო მოქმედებების არჩევანში მანამ, სანამ მათი თავისუფლება არ არღვევს კანონის ნორმებს ან არ ზღუდავს სხვა პირის ინტერესებს. ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ შეჯიბრებითობის პრინციპი უზრუნველყოფს ფაქტებზე მხარის საპროცესო ბატონობას, ამავდროულად ზღუდავს მას ვალდებულებით, დაიცვას ამავე კოდექსით გათვალისწინებული პირობები, რაც წარმოადგენს სამართალწარმოების წესის მნიშვნელოვან ელემენტს. ფაქტების მითითების, როგორც მხარეთა პროცესუალური ვალდებულების არსი განმარტებულია საქართველოს უზენაესი მყარი სასამართლო პრაქტიკით. არაერთ გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, რომ „......ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.....“ (იხ. სუსგ ას-1529-1443-2012, ას-973-1208-04; ას 664-635-2016). ამდენად, სამოქალაქო დავის გადაწყვეტის ორიენტირი არის საქმის კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები და არა ზოგადად კანონის მხოლოდ აბსტარქტული შემადგენლობა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქმეზე დადგენილია დავის ფაქტობრივი გარემოებები, ადგილი აქვს ნორმის შემადგენლობის ნიშნების მისადაგებას (სუბსუმცია) დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან.
სსსკ-ის 1-8-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელში უნდა აღინიშნოს კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. მოსარჩელემ სასამართლოს უნდა მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ასაბუთებს სარჩელის მოთხოვნას. „.....მოსარჩელის ახსნა-განმარტებები მაშინ არის გამართული (დასაბუთებული), თუ მასში დასახელებული ფაქტები და გარემოებები შესაბამის სამართლებრივ (სამოქალაქო კოდექსის) ნორმასთან ერთად ქმნის იმის საფუძველს, რომ სამართლებრივი ნორმით გათვალისწინებული მოთხოვნის უფლება წარმოეშვას მოსარჩელე პირს, ანუ დაფუძნდეს მის პიროვნებასთან და მის კონკრეტულ საქმესთან მიმართებით....“. საპროცესო წესრიგი უზრუნველყოფს მხარეთა ავტონომიას და შესაძლებლობას ანიჭებს მათ, თვითონ გადაწყვიტონ, თუ რომელი ფაქტები დაურთონ მოთხოვნას საფუძვლად. თუმცა, მისი შინაარსი იმგვარად უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ სრულყოფილად განსაზღვროს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის ნორმატიული შინაარსი. ,,...მოთხოვნა არსებობს მხოლოდ მაშინ, როდესაც მოცემულია კანონით გათვალისწინებული წინაპირობანი, ანუ ნორმის შემადგენელი ელემენტები...“ (იხ. ტომას ჰერმანი, მტკიცებულებითი სამართალი, თბილისი, 2016 წელი, გვ. 3, ეთერ ჩაჩანიძის თარგმანი, ხელმისაწვდომია ასევე ). ამ პირობას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ფუნქცია გააჩნია, რადგან განსაზღვრავს მოსამართლის მიერ ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი კვალიფიკაციის წინაპირობებს. სასამართლოს კვლევა ფაქტობრივი შემადგენლობის ნაწილში მიმდინარეობს იმ ნორმების ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის საფუძველს. თუ, მოსარჩელის მიერ ნორმის დისპოზიციის შესატყვისი წინაპირობები არ არის ანდა არასრულყოფილად არის წარმოდგენილი, იმთავითვე გამოირიცხება უფლების რეალიზაცია მოთხოვნის ამ კონკრეტული ნორმატიული შინაარსის ჭრილში (მოსარჩელის სტადია) (იხ. სუსგ საქმეზე №ას-155-145-201-, 26 ოქტომბერი, 201- წელი). ამავდროულად, ფაქტების მითითების ვალდებულება უზრუნველყოფს მხარეთა პროცესუალური შესაძლებლობების თანასწორობას. შეჯიბრებითობის პრინციპის მნიშვნელოვანის კომპონენტია საქმის წარმოების განჭვრეტადობა, რადგან გადაწყვეტილება არ უნდა იყოს მხარისათვის მოულოდნელობის ეფექტის გამომწვევი. მოთხოვნის ადრესატმა უნდა იცოდეს მის მიმართ არსებული პრეტენზიის, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი შინაარსი. მოპასუხე ასევე სარგებლობს პროცესუალური უფლებით, დაეთანხმოს ან სადავოდ გახადოს მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები და აღნიშნული წესრიგის დარღვევა ზღუდავს მეორე მხარის შესაძლებლობას, განჭვრიტოს და შეაფასოს საპროცესო ოპონირების სამართლებრივი პერსპექტივა. ჩვენს შემთხვევაში, სასამართლომ შეამოწმა სადავო გარემოებები და მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ არის ფორმალურად გამართული, იგი არ შეიცავს თანმიმდევრულ, დამაჯერებელ, ლოგიკურ დასაბუთებას იმ ფაქტების თაობაზე, რომლებსაც ემყარება მოსარჩელეთა მოთხოვნა, სარჩელის დასაბუთება შემოფარგლულია არა ფაქტებითა და მათი კონკრეტიკით, არამედ, სამართლებრივი შეფასებებით.
მხარეთა მიერ დაშვებული შეცდომა ფაქტების მითითების დროს, შეიძლება გამოიხატოს იმით, რომ „მათ არ მიუთითეს ყველა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომელსაც აქვს მნიშვნელობა საქმეზე სწორი გადაწყვეტილების გამოტანისათვის. მხარეთა მიერ დაშვებულ შეცდომას სასამართლო ვერ გამოასწორებს: სასამართლო ვერ „გაამდიდრებს“, ვერ შეავსებს მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტებს, რადგან მხოლოდ მხარეებს შეუძლიათ განსაზღვრონ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს (სსსკ-ის მე–4 მუხლი)“. (იხ. თ. ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, თბილისი, 2005, გვ. 215.).
6.9. მოთხოვნის ერთი კომპონენტი დარიცხული პირგასამტეხლოს შეუსაბამო ხასიათს შეეხება. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მსჯელობის საგანია შეაფასოს დარიცხული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ დიდი ოდენობის ხასიათი.
პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-11-7-2015).
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან (სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს თავისებურებებთან დაკავშირებით ყურადსაღებია გერმანიის საკანონმდებლო და პრაქტიკული მიდგომები საქართველოსათვის, როგორც რომანულ-გერმანული სამართლებრივი სისტემის ქვეყნისათვის (შესაბამისად, იხ., Gottwald, in MüKo BGB, 6. Aufl. Band II §340,rn.15; Rieble in Staudinger BGB Komm, Buch 2, Neubearbaitung 2009, §340,Rn.71; BGH NJW 1975, S. 164f. Walchner in Dauner-Lieb/Langen BGB Komm. 2.Aaul., Rn.6; BGH NJW 1963, შ.1197).
პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (იხ. საქმე №ას-816-767-2015, 19.11.2015წ.).
პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.
პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. საქმე №ას-428-428-201-, 13.07.201-წ.). წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ კანონისმიერ და სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს. კანონისმიერად მიიჩნევა პირგასამტეხლო, რომელიც ნორმატიული აქტითაა დადგენილი. მაშასადამე, პირგასამტეხლოს კვალიფიკაციისათვის კანონისმიერ ან სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ – გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, თუ ვისი ნებით არის იგი წარმოშობილი (კანონმდებლის თუ მხარეთა შეთანხმებით).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
მოვალის ჯანმრთელობის, ფინანსური მდგომარეობის, გადასახდელი თანხისა და გადახდილი თანხების მხედველობაში მითებით მიიჩნევს, რომ დარიცხული შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს 5 ჯერ, 2067.64 ლარამდე ოდენობით.
6.10. სასამართლო ყურადღებას არ გაამახვილებს მხარეთა მიერ საქმის ზეპირი მოსმენის დროს გაჟღერებულ ფაქტებზე (მაგ. მოპასუხის მითითება მიუღებელი შემოსავლის მიზნით დაფიქსირებული თანხის ასახვა სააღსრულებო ფურცელში და სხვა), რასაც მნიშვნელობა არ აქვს საქმის გადაწყვეტისათვის.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Hirvisaari v. Finland, §32).
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1. მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
7.2. ამავე კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით სარჩელზე, აგრეთვე განცხადებაზე ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ. ხოლო 39.1. „ა“ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ა) ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ , „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს , მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამ ავე კოდექსის 1-73-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
,,ქონებრივ-სამართლებრივი დავების დროს, მიუხედავად იმისა, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა უდევს მას საფუძვლად, საპროცესო მოთხოვნა მიმართულია ფულად თანხაზე, ფულადი ღირებულების მქონე ნივთებზე, ან უფლებებზე. საპროცესო მოთხოვნა განხილულ უნდა იქნეს ქონებრივ-სამართლებრივად იმ შემთხვევებში, როცა მას საფუძვლად ქონებრივი ხასიათის სამართლებრივი ურთიერთობა უდევს, მიუხედავად იმისა, თუ რა სახის სარჩელი იქნა სასამართლოში წარდგენილი (აღიარებითი, მიკუთვნებითი თუ სამართლებრივი ურთიერთობის შეცვლისკენ მიმართული). ქონებრივ-სამართლებრივი ურთიერთობა არის ყველა ის ურთიერთობა, რომლის მიზანს წარმოადგენს მოგების მიღება ფულადი თანხით, ან ფულადი ღირებულების მქონე საგნების შენარჩუნება. არაქონებრივ-სამართლებრივი დავების გამიჯვნა ქონებრივ-სამართლებრივი დავებისაგან ხდება გამორიცხვის მეთოდით და მოიცავს ყველა იმ შემთხვევას, რომელიც ქონებრივ-სამართლებრივ დავას არ წარმოადგენს. არაქონებრივ-სამართლებრივია ყველა დავა, როდესაც საქმე ეხება მხოლოდ პირად ან მის სოციალურ გარემოსთან დაკავშირებულ უფლებებს ყოველგვარი ეკონომიკური სარჩულის გარეშე. მოცემული განმარტება შესაბამისობაშია მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკასთან“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება №ას-1384-1306-2012).
მართალია, მოსარჩელეს მოთხოვნა წარმოდგენილი აქვს აღიარებითი სარჩელისათვის დამახასიათებელი ფორმატით. თუმცა სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილება მხარისათვის თანხებში გამოხატული სამართლებრივი სიკეთის მომტანია, სწორედ მისი ღირებულების 3%-ის გადახდა, მაგრამ არაუმეტეს 3000 ლარის გადახდა მართებდა მოსარჩელეს სარჩელის აღძვრის ეტაპზე. სარჩელის დავის საგანი შედგებოდა 19 61-.94 ლარისაგან. ამ ოდენობის დავის საგანს უნდა მოხმარებოდა სახელმწიფო ბაჟი 588 ლარის ოდენობით, თუმცა გადახდილია მხოლოდ 100 ლარი, რის გამოც სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოსარჩელეს უნდა გადახდეს 488.56 ლარის ოდენობით.
ვინაიდან, თავდაპირველი მოთხოვნის ნაცვლად, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ (რომლის მიხედვით სააღსრულებო ფურცელში მითითებული თანხებიდან 12098.79 ლარის არ გადახდით, ამავე ოდენობის სარგებელი მიიღო მოსარჩელე მხარემ) მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული სარჩელის პროპორციული სახელმწიფო ბაჟი 362.96 ლარის ოდენობით.
7.3. სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას ერთ-ერთ საქმეზე, სადაც მხარეს წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტი არ ჰქონდა წარდგენილი, საკასაციო სასამართლომ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ არსებობდა მოგებული მხარისათვის სასამართლოსგარეშე ხარჯის ანაზღაურების წინაპირობები. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „როგორც წესი, მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოსგარეშე ხარჯებთან... ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ, პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით, ხარჯი გაღებულია (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ“). სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“). ამდენად, სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასამართლოს შეხედულებით ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, პროცენტული ცენზის დადგენა გამორიცხავს ხარჯების ხელოვნურად გაზრდას და უზრუნველყოფს იმ მხარის ინტერესების დაცვას, რომელსაც ხარჯების გადახდა უნდა დაეკისროს (იხ. სუსგ №ას-792-1114-07, 11 თებერვალი, 2008 წელი).
ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის მეორე მხარისათვის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის წესი მოცემულია სსსკ-ის 53-ე მუხლში. ნორმის პირველი ნაწილის დანაწესით, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4%-ისა. ნორმის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვან ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოებს. კანონდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი; ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთბელი შეზღუდვის თავიდან აცილება. გონივრულეობის კრიტერიუმად კი, კანონმდებელი მიიჩნევს დავის საგნის ღირებულების არაუმეტეს 4%-ს. ნიშანდობლივია, რომ დავის საგნის ღირებულების 4% წარმოადგენს ზედა ზღვარს (კანონით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას), რომლის ფარგლებშიც ხდება ხარჯების ოდენობის სასამართლოსმიერი განსაზღვრა და ამ თვალსაზრისით, მხედველობაში მიიღება კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები იქნა განხორციელებული ადვოკატის მიერ, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ გასწია იგი და სხვ. (შდრ. სუსგ №ას-81--784-2016, 02 ნოემბერი, 2016).
მითითებული ნორმის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვან ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოებს. კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი; ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის თავიდან აცილება. გონივრულობის კრიტერიუმად კი, კანონმდებელი მიიჩნევს დავის საგნის ღირებულების არაუმეტეს 4%-ს. ნიშანდობლივია, რომ დავის საგნის ღირებულების 4% წარმოადგენს ზედა ზღვარს (კანონით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას). (სუსგ 24.10.2016წ. საქმე №ას-739-707-2016; სუსგ საქმე №ას-316-316-201-, 07 მაისი, 201-).
მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოსარჩელეს იურიდიული მომსახურების სანაცვლოდ გაღებული აქვს ხარჯები, რომლის გადახდაც კანონით დადგენილი ოდენობით უნდა გადახდეს მოპასუხეს არაუმეტეს დაკმაყოფილებული მოთხოვნის დავის საგნის 4%-ის ოდენობით, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში 483.95 ლარის ტოლია.
8. სარჩელის საგანს წარმოადგენდა იძულებითი სააღსრულებო წარმოების ფარგლებში არსებული აღსრულების ქვემდებარე აქტის შინაარსში შემავალი თანხების მის სასარგებლოდ კორექტირება. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებულია სააღსრულებო წარმოების შეჩერება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 22.10.20--წ. განჩინებით, შეჩერდა N191------ სანოტარო აქტის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების მოქმედება (A1916----—004/001) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, რაც უნდა გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მზ-----------–--ლის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ცვლილება შევიდეს 20-- წლის 24 სექტემბრის ნოტარიუს ოლ---------–---–ის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში N191------, გაუქმდეს მასში მითითებული სესხის ძირითადი თანხა (24 200 ლარი), ნაცვლად მითითებულისა, სარგებლის ოდენობად განისაზღვროს 6889.49 ლარი, პირგასამტეხლოდ კი - 2067.64 ლარი (დარჩენილ ნაწილში სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებელი თანხების ოდენობა უცვლელად დარჩეს).
3. ივ-------–-----ვს მზ-----------–--ლის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელის განსახილველად გადახდილი 362.96 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება.
4. ივ-------–-----ვს მზ-----------–--ლის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს მოსარჩელის მიერ იურიდიული მომსახურების სანაცვლოდ გაღებული 483.95 ლარის ლარის ანაზღაურება.
5. მზ-----------–--ლს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს მის მიერ სარჩელის აღძვრის დროს გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი 488.56 ლარის ოდენობით.
6. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 22.10.20--წ. განჩინება, რომლითაც შეჩერდა N191------ სანოტარო აქტის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების მოქმედება (A1916----—004/001) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
7. სარჩელი დარჩენილ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს. სარჩელის იმ ნაწილის განსახილველად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, რა ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა, ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი