გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3/8721-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
17 თებერვალი, 2020წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე სოფიო გაგნიძე
სხდომის მდივანი თამარ ბარნოვი
მოსარჩელე - თ-----------------–---–-
წარმომადგენელი - დ--------------
მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
წარმომადგენელი - მ-------------–----
დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს, მოსარჩელე თ-----------------–---–-- სასარგებლოდ ერთჯერადი დახმარების - 7000 (შვიდი ათასი) ლარის გადახდა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხის წარმომადგენელმა წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან, მხარეთა შორის გაფორმებული არც ერთი კონტრაქტი არ ითვალისწინებდა ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას და მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია.
3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2006 წლის 08 ივნისს მოსარჩელე თ-----------------–---–სა და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა ხელშეკრულება (კონტრაქტი) „თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“, რომლის 1.1. მუხლის თანახმად, „სამხედრო მოსამსახურე“ ვალდებულებას იღებდა წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით კეთილსინდისიერად ემსახურა „სამინისტროს“ სამხედრო ქვედანაყოფებში, ხოლო „სამინისტრო“ ვალდებულებას იღებდა გადაეხადა „სამხედრო მოსამსახურისათვის“ შეთანხმებული ხელფასი და უზრუნველეყო იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით. ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახურის ვადად განისაზღვრა 4 (ოთხი) წელი, რომლის ვადის ათვლა დაიწყო კონტრაქტის დადების თარიღიდან, რომელიც იმავდროულად ითვლებოდა ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2006 წლის 08 ივნისის ხელშეკრულება (კონტრაქტი) (ს. ფ. 11-17)
3.1.2. 2011 წლის 01 სექტემბერს მოსარჩელე - თ-----------------–---–სა და მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, დაიდო ახალი კონტრაქტი #4---- „კაპრალ-სერჟანტის თანამდებობაზე მისაღები სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“, რომელიც დამტკიცებული იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 4 ნოემბრის #683 ბრძანებით. ხელშეკრულების 1.1. მუხლის თანახმად, „სამხედრო მოსამსახურე“ ვალდებულებას იღებდა წინამდებარე კონტრაქტით განსაზღვრული პირობებით კეთილსინდისიერად ემსახურა „სამინისტროს“ სამხედრო სამსახურში, ხოლო „სამინისტრო“ ვალდებულებას იღებდა გადაეხადა „სამხედრო მოსამსახურისათვის“ ანაზღაურება და უზრუნველეყო იგი სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. კონტრაქტის 3.1. პუნქტის თანახმად, „სამხედრო მოსამსახურე“ ვალდებული იყო ემსახურა ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში. „სამხედრო მოსამსახურე“ უპირობოდ და წინასწარ, კონტრაქტზე ხელმოწერით გამოთქვამდა გამოუთხოვად თანხმობას, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის დამთავრების შემდეგ, კონტრაქტის ვადის გაგრძელების თაობაზე. სამსახურის ვადა აითვლება შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობაში ბრძანებით მისი ჩარიცხვის დღიდან და ეს თარიღი აღინიშნება კონტრაქტის პირველ გვერდზე, რაც იმავდროულად ითვლება ამ კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღად. კონტრაქტი მოქმედებისა და სამსახურის გავლის ვადა, შეადგენდა 4 წელს, რომელიც აითვლება ამ კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღიდან. კონტრაქტის 5.1 პუნქტის თანახმად, კი ,,სამინისტრო“ იღებდა ვალდებულებას დაეცვა ,,სამხედრო მოსამსახურის“ მიმართ კანონმდებლობით და ამ კონტრაქტით დადგენილი პირობები, მათ შორის კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური გარანტიები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2011 წლის 01 სექტემბრის ხელშეკრულება N4---- (კონტრაქტი)„კაპრალ-სერჟანტის თანამდებობაზე მისაღები სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ (ს. ფ. 18-26)
3.1.3. 2015 წლის 01 სექტემბერს მოსარჩელე - თ-----------------–---–სა და მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, დაიდო ახალი კონტრაქტი #1------- „კაპრალ-სერჟანტის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“, რომელიც დამტკიცებული იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 27 თებერვლის #122 ბრძანებით. ხელშეკრულების 1.1. მუხლის თანახმად, „სამხედრო მოსამსახურე“ ვალდებულებას იღებდა წინამდებარე კონტრაქტით განსაზღვრული პირობებით კეთილსინდისიერად ემსახურა „სამინისტროს“ სამხედრო სამსახურში, ხოლო „სამინისტრო“ ვალდებულებას იღებდა გადაეხადა „სამხედრო მოსამსახურისათვის“ ანაზღაურება და უზრუნველეყო იგი სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. კონტრაქტის 3.1. პუნქტის თანახმად, „სამხედრო მოსამსახურე“ ვალდებული იყო ემსახურა ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში. კონტრაქტი მოქმედებისა და სამსახურის გავლის ვადა, შეადგენდა 4 წელს, რომელიც აითვლება ამ კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღიდან. კონტრაქტის 5.1.1 პუნქტის თანახმად, კი ,,სამინისტრო“ იღებდა ვალდებულებას დაეცვა ,,სამხედრო მოსამსახურის“ მიმართ კანონმდებლობით და ამ კონტრაქტით დადგენილი პირობები, მათ შორის კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური გარანტიები, ხოლო 5.1.2 პუნქტის თანახმად, კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტრო იღებდა ვალდებულებას გაეცა ერთჯერადი დახმარება, თ „სამხედრო მოსამსახურე“ ამ კონტრაქტის საფუძველზე იმსახურებდა 4 წლის ვადით.
2019 წელს მოსარჩელეს ჩაერიცხა ერთჯერადი დახმარების თანხა 8750 ლარის ოდენობით და 2019 წლის 1 სექტემბერს მოსარჩელესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის კვლავ გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 27 თებერვლის #122 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტი „კაპრალ-სერჟანტის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“, რომლის დასრულების ვადაა 2023 წლის 1 სექტემბერი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 01 სექტემბრის ხელშეკრულება (კონტრაქტი) #1------- „კაპრალ-სერჟანტის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ (ს.ფ. 27-32).
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ. შესაგებელი ს.ფ.47).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თ-----------------–---–-- სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონი; „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანება (სადავო პერიოდში მოქმედი ბრძანება).
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
ამრიგად, სასამართლომ უნდა იმსჯელოს შეესაბამება თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოსარჩელე თ-----------------–---–-- მოთხოვნა ერთჯერადი დახმარების ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
6.2. ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონი ადგენს სამხედრო მოსამსახურის სტატუსს, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირებსა და მათ უფლება-მოვალეობებს, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურეების, მათი ოჯახის წევრებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირების ძირითად სოციალურ-სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.
მითითებული კანონის პირველი მუხლის ,,ა” პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე - საქართველოს მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქე („სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილ შემთხვევაში), რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს სამხედრო ძალებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, სამხედრო უწყებებში, აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირი სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლისას.
ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის სტატუსი საქართველოს მოქალაქეს, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეს ენიჭება სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის დღიდან და ეხსნება სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღესვე. შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს სტატუსი ენიჭება სამხედრო სამსახურში ჩარიცხვიდან აღნიშნულ სამსახურში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. სტატუსის შეწყვეტის საფუძველია სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა.
,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, სამხედრო მოსამსახურის სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიას იძლევა სახელმწიფო, რომელიც უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეს ცხოვრების შესაფერისი პირობებით, სამხედრო სამსახურის განსაკუთრებული პირობებისა და თავისებურებების გათვალისწინებით. ყველა სამხედრო მოსამსახურე, დაკავებული თანამდებობისა და სამხედრო წოდების მიუხედავად, თანასწორია კანონის წინაშე. სამხედრო მოსამსახურეთა უფლებრივ განსხვავებას, სამხედრო სამსახურის გავლის პირობებსა და მატერიალური უზრუნველყოფის წესს ადგენს საქართველოს კანონმდებლობა. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახურის განსაკუთრებული პირობების გათვალისწინებით, სამხედრო მოსამსახურის სხვა დამატებითი სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით.
6.3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვის, მატერიალური უზრუნველყოფისა და შრომის ანაზღაურების პირობების განსაზღვრის მიზნით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ, 2007 წლის 26 სექტემბერს მიღებული იქნა №560 ბრძანება ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ”. აღნიშნული ბრძანების 471-ე პუნქტის თანახმად, ამ პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ორი, ოთხი ან რვა წლის ვადით გააგრძელებენ სამხედრო სამსახურს 2009 წლის პირველ მარტს ან პირველი მარტის შემდეგ გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტი შეუწყდებათ ვადის გასვლის ან ახალი კონტრაქტის გაფორმების გამო, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 472-ე პუნქტში მითითებული ოდენობით. ამ პუნქტის მოქმედება სამხედრო მოსამსახურეზე ვრცელდება, თუ მითითებული კონტრაქტის გაფორმებამდე: ა) სამხედრო მოსამსახურემ: ა.ა) იმსახურა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ,,წვრთნისა და აღჭურვის” ერთობლივი პროგრამით და ამავე დროს კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა სამი წლისა და სამი თვის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი; ა.ბ) კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა ოთხი წლის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი ა.გ) წინა კონტრაქტი შეუწყდა 8 წლიანი კონტრაქტის გაფორმების საფუძველზე; ა.დ) ამ პუნქტის ,,ა.ა” ან ,,ა.ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურემ იმსახურა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კონტრაქტის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი; ბ) მე-4 პუნქტში მითითებული 2, 4 ან 8 წლიანი კონტრაქტი ვადამდე ამ პუნქტში მითითებული კონტრაქტის სრული ვადით გაფორმების სანაცვლოდ; გ) სამხედრო მოსამსახურემ სამსახურთან შეთანხმებით შეწყვიტა ერთწლიანი კონტრაქტი ვადამდე ამ პუნქტში მითითებული კონტრაქტის სრული ვადით გაფორმების სანაცვლოდ.
მითითებული ბრძანების 472-ე პუნქტის მიხედვით, 471-ე პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეს ერთჯერადი დახმარება მიეცემა შემდეგი ოდენობით: ა) ორ წლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში 3000 ლარი, ან; ბ) ოთხ წლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში 7000 ლარი, ან; გ) რვა წლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში, რომლის საფუძველზეც შეწყდა პირველი 4 (ოთხი) წლიანი კონტრაქტი 7000 ლარი, ან; დ) მეორე ან მომდევნო ოთხი/რვა წლიანი კონტრაქტის შემდგომ რვა წლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში 14000 ლარი.
მითითებული ნორმების ლოგიკური, სიტყვა-სიტყვითი და სისტემური განმარტების მეთოდით შეფასების შედეგად, სასამართლო განმარტავს, რომ ერთჯერადი გასაცემლის ვალდებულების წარმოშობისათვის სამხედრო მოსამსახურეს გავლილი უნდა ჰქონდეს სამხედრო სამსახური 4 წლიანი კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტის დასრულების შემდგომ მასთან კვლავ იქნეს გაფორმებული კონტრაქტი 4 წლის ვადით (2009 წლის 1 მარტს ან მის შემდგომ), კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა სრულად უნდა იყოს ამოწურული და ახალი კონტრაქტის დადებამდე არ უნდა იყოს 2 წელზე მეტი გასული.
საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებების (კონტრაქტების) საფუძველზე ირკვევა, რომ თ-----------------–---–მა პირველი კონტრაქტი გააფორმა 2006 წლის 08 ივნისს, ხოლო მეორე კონტრაქტი გააფორმა 2011 წლის 01 სექტემბერს და დაასრულა 2015 წლის 01 სექტემბერს, რომლის დასრულების შემდგომაც კვლავ გაფორმებული იქნა ორი კონტრაქტი.
ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელე თ-----------------–---–ს 2011 წლის 01 სექტემბერს გაფორმებული კონტრაქტის შემდგომ, წარმოეშვა ერთჯერადი დახმარების მიღების უფლება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 471 და 472 პუნქტების საფუძველზე.
მოპასუხის პოზიცია, მოსარჩელისთვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ეყრდნობა იმ გარემოებას, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და თ-----------------–---–ს შორის პირველი კონტრაქტი გაფორმდა 2006 წელს, რომელიც დასრულდა 2011 წელს. ახალი კონტრაქტი გაფორმდა 2011 წელს და დასრულდა 2015 წლის 01 სექტემბერს. თუმცა აღნიშნული კონტრაქტებიდან არც ერთი არ ითვალისწინებდა ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას სამინისტროს მხრიდან. სასამართლო არ იზიარებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ზემოაღნიშნულ პოზიციას და მიუთითებს, რომ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების ის რედაქცია, რომელიც მოქმედებდა 2011 წლის 01 სექტემბრის ხელშეკრულების დადების დროს ერთჯერადი დახმარების გაცემის პირობად არ ითვალისწინებდა აღნიშნულის თაობაზე კონტრაქტში გათვალისწინების ვალდებულებას. ამასთან, თენგიზი გოგაბერიშვილსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2011 წლის 01 სექტემბერს დადებული კონტრაქტის 5.1 პუნქტის თანახმად, სამინისტრო იღებდა ვალდებულებას დაეცვა მოსამსახურის მიმართ კანონმდებლობით და ამ კონტრაქტით დადგენილი პირობები, მათ შორის, კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიები. შესაბამისად, სასამართლო განმარტავს რომ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 471 და 472 პუნქტები და თ-----------------–---–სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2011 წლის 01 სექტემბერს დადებული კონტრაქტის 5.1 პუნქტის ერთობლიობა სრულად ქმნის თ-----------------–---–--ათვის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 7 მარტის №14 ბრძანებით ცვლილება შევიდა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში და ბრძანებას დაემატა 476 პუნქტი, რომლითაც განისაზღვრა, რომ 472 პუნქტით განსაზღვრული ერთჯერადი დახმარება გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული კონტრაქტის პირობები ითვალისწინებს ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 7 მარტის №14 ბრძანება ამოქმედდა 2017 წლის 10 მარტიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული ცვლილებით დადგენილი დანაწესი ვერ გავრცელდება მის ძალაში შესვლამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე, მოცემულ შემთხვევაში ვალდებულებაზე.
სასამართლო მიუთითებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს.
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 7 მარტის №14 ბრძანებით, რომელიც წარმოადგენს ნორმატიულ აქტს უკუძალა დადგენილი არ არის.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 317-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომელთა მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მითითებული კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვალდებულება, მოსარჩელე თ-----------------–---–--ათვის აენაზღაურებინა ერთჯერადი დახმარება 7000 ლარის ოდენობით, წარმოიშვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 471 და 472 პუნქტების საფუძველზე, რამდენადაც მან 4 წლიანი კონტრაქტის საფუძველზე, რომელიც გაფორმდა 2011 წლის 01 სექტემბერს, 4 წლით გაიარა სამხედრო სამსახური, და 2015 წლის 1 სექტემბერს და 2019 წლის 01 სექტემბერს გაფორმებული იქნა ახალი კონტრაქტები. შესაბამისად, მოსარჩელეს, აღნიშნული ვალდებულების საფუძველზე წარმოშობილი მოთხოვნის უფლება გააჩნია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის ვადების ფარგლებში და იგი არ შეიძლება გაუქმდეს, როგორც ზემოთ აღინიშნა მისი წარმოშობის შემდგომ გამოცემული ნორმატიული აქტით.
6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე თ-----------------–---–-- სარჩელი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 471 და 472 პუნქტების საფუძველზე ერთჯერადი დახმარების - 7000 ლარის ანაზღაურების საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის დავალების თაობაზე საფუძვლიანია და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9, მე-12, მე-13, 22-ე, 24-ე, 32-ე, 331 მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 55-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. თ-----------------–---–-- სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თ-----------------–---–-- სასარგებლოდ დაეკისროს - 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ანაზღაურება;
3. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე სოფიო გაგნიძე