გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 12.03.2020
საქმის ნომერი
330310019003341718
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
12.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/9706-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დავით წერეთელი

სხდომის მდივანი თამილა ახვლედიანი

მოსარჩელე - რუ------- ქუ-------–--ე

წარმომადგენელი - რე---- რი–----ე

მოპასუხე - საქართველოს პარლამენტი

წარმომადგენელი - ბა----- ჩა-----–---ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და ქმედების განხორციელების დავალება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი „რუ------- ქუ-------–--ის ზედიზედ ორჯერ შეფასების არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2019 წლის 20 ნოემბრის №2-------- ბრძანება.

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ის შუალედური შეფასების (I ეტაპი) 2019 წლის 5 ნოემბრის №2-------------- ოქმი.

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ის საბოლოო შეფასების (II ეტაპი) 2019 წლის 8 ნოემბრის №2-------------- ოქმი.

1.4. ბათილად იქნეს ცნობილი მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ის შუალედური შეფასების (I ეტაპი) 2019 წლის 14 ნოემბრის №0--- ოქმი.

1.5. ბათილად იქნეს ცნობილი მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ის საბოლოო შეფასების (II ეტაპი) 2019 წლის 19 ნოემბრის №0--- ოქმი.

1.6. დაევალოს საქართველოს პარლამენტს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ის საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის აპარატის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ.

1.7. დაევალოს საქართველოს პარლამენტს, მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება სამი თვის მიუღებელი ხელფასის ოდენობით, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ყოველთვიური ოდენობით (ჯამში 6690 ლარი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე - საქართველოს პარლამენტმა სარჩელი არ ცნო, მისმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს, განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ე 2013 წლის 08 აგვისტოს დაინიშნა საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის აპარატის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე კონკურსის შედეგად, 2013 წლის 8 აგვისტოდან.

 

2018 წლის 30 მარტს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დამტკიცდა საქართველოს პარლამენტის აპარატის პროფესიული საჯარო მოხელის/გამოსაცდელი ვადით მიღებული მოხელის შეფასების მეთოდი, შესაბამისი დოკუმენტური მასალის შეფასებისა და გასაუბრების წესი, ამასთან საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს დაევალა უზრუნველყოს მოხელის/გამოსაცდელი ვადით მიღებული მოხელის შეფასების ჩატარება ამ აქტით დადგენილი წესით.

 

2018 წლის 15 მაისს, აგრარულ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსის მიერ შედგა მთავარი სპეციალისტის, მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ის კომპეტენციები და მათი წონითი მსაზღვრელები, რომლითაც ირკვევა, რომ ფაქტორი 1-ის (,,მოხელის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხი“) წონითი მსაზღვრელი არის 4, ასევე, ფაქტორი 2-ის (,,მოხელის მიერ შესასრულებელი სამუშაოების დადგენილი ვადების დაცვა“) წონითი მსაზღვრელი არის - 4.

 

2018 წლის 29 ოქტომბერს, გამოცემული იქნა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის ბრძანება საქართველოს პარლამენტის მოხელეთა შეფასების ჩატარების შესახებ. საქართველოს პარლამენტის აპარატის ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტის უფროსს დაევალა უზრუნველეყო შეფასების პროცედურების განხორციელება ,,საქართველოს პარლამენტის აპარატის პროფესიული საჯარო მოხელის/გამოსაცდელი ვადით მიღებული მოხელის შეფასების მეთოდის, შესაბამისი დოკუმენტური მასალის შეფასების და გასაუბრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2018 წლის 30 მარტის N77/3 ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად.

 

2018 წლის 31 ოქტომბერს, აგრარულ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსის მიერ შედგა მთავარი სპეციალისტის, მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ის შუალედური შეფასების ოქმი, რომლითაც ირკვევა, რომ პირველ ეტაპზე შეფასების ერთიანი ქულა/ დოკუმენტური მასალის ხელმეორედ შეფასების ერთიანი ქულა არის არადამაკმაყოფილებელი (39.48%). აღნიშნული ოქმის გაცნობაზე უარი განაცხადა მოხელემ.

 

2018 წლის 09 ნოემბერს, აგრარულ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსის მიერ შედგა მთავარი სპეციალისტის რუ------- ქუ-------–--ის შუალედური შეფასების ოქმი, რომლითაც ირკვევა, რომ პირველ ეტაპზე შეფასების ერთიანი ქულა/ დოკუმენტური მასალის ხელმეორედ შეფასების ერთიანი ქულა არის არადამაკმაყოფილებელი (39.48%).

 

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის აპარატის მთავარი სპეციალისტის რუ------- ქუ-------–--ის 2018 წლის 12 ნოემბრის N1---- განცხადების საფუძველზე, გამოიცა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2018 წლის 16 ნოემბრის ბრძანება რუ------- ქუ-------–--ის ხელმეორედ შეფასების შესახებ პირველი ეტაპის ჩატარების თაობაზე, ხოლო საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2018 წლის 21 ნოემბერს გამოიცა რუ------- ქუ-------–--ის ხელმეორედ შეფასების შესახებ მეორე ეტაპის ჩატარების თაობაზე ბრძანება.

 

2018 წლის 19 ნოემბერს, აგრარულ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსის მიერ შედგა მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ის შუალედური შეფასების ოქმი, რომლითაც პირველ ეტაპზე შეფასების ერთიანი ქულა/დოკუმენტური მასალის ხელმეორედ შეფასების ერთიანი ქულა არის არადამაკმაყოფილებელი (40.52%).

 

2018 წლის 20 ნოემბერს, აგრარულ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსის მიერ შედგა მთავარი სპეციალისტის რუ------- ქუ-------–--ის შეფასების ოქმი, რომლითაც შესრულებული სამუშაოს ხარისხის ფაქტორი შეფასდა 1 ქულით (არადამაკმაყოფილებელი), ხოლო კომპეტენციები 1 ქულით (არადამაკმაყოფილებელი).

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება (ს.ფ. 14-34);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

3.1.2 მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მისი შეფასების 2018 წლის 19 და 20 ნოემბრის ოქმების ბათილად ცნობა მოითხოვა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად იქნა ბათილად ცნობილი მისი შეფასების 2018 წლის 19 და 20 ნოემბრის ოქმები და მოპასუხეს - საქართველოს პარლამენტს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ის პროფესიულ შეფასებასთან დაკავშირებით, კანონით დადგენილი წესითა და ვადაში.

 

ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება, 2020 წლის 12 მარტის მდგომარეობით არ არის შესული კანონიერ ძალაში.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება (ს.ფ. 14-34);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

3.1.3. საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, 2019 წლის 29 ოქტომბერს გამოსცა ბრძანება საქართველოს პარლამენტის აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების ჩატარების თაობაზე.

 

2019 წლის 05 ნოემბერს, აგრარულ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსის მიერ შედგა მთავარი სპეციალისტის რუ------- ქუ-------–--ის შუალედური შეფასების (I ეტაპი) ოქმი, რომლითაც სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასდა, მისი პროფესიული საქმიანობა 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით და პირველ ეტაპზე, შეფასების ერთიან ქულად/დოკუმენტური მასალის შეფასების ერთიან შედეგად განისაზღვრა არადამაკმაყოფილებელი (39.21%). მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ე არ დაეთანხმა შეფასებას.

 

2018 წლის 8 ნოემბერს, აგრარულ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსის მიერ შედგა მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ის საბოლოო შეფასების ოქმი, რომლითაც საბოლოო შეფასების შედეგად (ქულად) განისაზღვრა არადამაკმაყოფილებელი (39.21%). მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ე არ დაეთანხმა შეფასებას.

 

აგრარულ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსის აღნიშნულ შეფასებებს, მისივე ხელმძღვანელის ინფორმაციით, საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ 2019 წლის თებერვალში მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ეს მიეცა დავალება მოემზადებინა კანონპროექტი, თუმცა მან ეს ვერ შეძლო. 2019 წლის 28 მარტს მას დაევალა, ასევე კანონპროექტის მომზადება, რაც მან ასევე ვერ შეძლო. ამასთან, იმავე საკითხზე სხვის მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვისას, მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ე იყო პასიური და წარმოადგინა მხოლოდ ზოგადი ხასიათის შენიშვნები. 2019 წლის 3 სექტემბერს, საქართველოს მთავრობამ, საქართველოს პარლამენტს წარუდგინა კანონის პროექტი, რომელზეც შენიშვნების წარმოდგენა დაევალა მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ეს, თუმცა მან, ასევე, ამ შემთხვევაშიც ვერ წარმოადგინა შენიშვნები. 2019 წლის 28 ოქტომბერს დაევალა, ასევე ერთ-ერთ პეტიციაზე დასკვნის მომზადება, თუმცა მის მიერ წარმოდგენილი დასკვნა იყო არასრულყოფილი. მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ეს არავითარი რეაგირება არ მოუხდენია მისთვის გადაგზავნილ, შესაბამისი კომიტეტის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ემ არასწორად იმოქმედა კომიტეტში შემოსულ მოქალაქეთა წერილთან დაკავშირებით, კერძოდ მან განუმარტა ხელმძღვანელს, რომ მოქალაქეებს უნდა ემოქმედათ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, საქმეში წარმოდგენილი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი კორესპონდენციის მიხედვით, აგრარულ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსი, მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ეს განუსაზღვრავს დავალებას, ხოლო იგი სთხოვს სამუშაო შეხვედრას ცალკეული საკითხების დაზუსტების მიზნით.

მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ის განცხადების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, 2019 წლის 13 ნოემბერს გამოსცა ბრძანება მისი ხელმეორედ შეფასების ჩატარების თაობაზე.

 

აღნიშნული ბრძანების საფუძველზე, 2019 წლის 14 ნოემბერს, აგრარულ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსის მიერ შედგა მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ის შუალედური შეფასების ოქმი, რომლითაც პირველ ეტაპზე შეფასების ერთიან ქულად/დოკუმენტური მასალის ხელმეორედ შეფასების ერთიან შედეგად განისაზღვრა არადამაკმაყოფილებელი (39.21%).

 

მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ის განცხადების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, 2019 წლის 15 ნოემბერს გამოსცა ბრძანება მისი ხელმეორედ შეფასების ჩატარების თაობაზე. მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ე არ დაეთანხმა შეფასებას.

 

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ შედგა მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ის საბოლოო შეფასების ოქმი, რომლითაც საბოლოო შეფასების შედეგად (ქულად) განისაზღვრა არადამაკმაყოფილებელი (39.21%). მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ე არ დაეთანხმა შეფასებას.

 

შეფასების პროცესში, მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ესთან, უფლებამოსილი პირების გასაუბრება არ ჩატარებულა.

 

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, 2019 წლის 20 ნოემბერს გამოსცა ბრძანება, მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ის ორჯერ შეფასების არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- „საქართველოს პარლამენტის აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების ჩატარების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2019 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება (ს.ფ. 91-92);

- მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ის შუალედური შეფასების (I ეტაპი) 2019 წლის 5 ნოემბრის №2-------------- ოქმი (ს.ფ. 103-104);

- მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ის საბოლოო შეფასების (II ეტაპი) 2019 წლის 8 ნოემბრის №2-------------- ოქმი (ს.ფ.105);

- „საქართველოს პარლამენტის აპარატის პროფესიული საჯარო მოხელის რუ------- ქუ-------–--ის ხელმეორედ შეფასების ჩატარების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2019 წლის 13 ნოემბრის ბრძანება (ს.ფ.106-107);

- მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ის შუალედური შეფასების (I ეტაპი) 2019 წლის 14 ნოემბრის №0--- ოქმი (ს.ფ. 110-111);

- „საქართველოს პარლამენტის აპარატის პროფესიული საჯარო მოხელის რუ------- ქუ-------–--ის ხელმეორედ შეფასების ჩატარების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2019 წლის 15 ნოემბრის ბრძანება (ს.ფ.108-109);

- მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ის საბოლოო შეფასების (II ეტაპი) 2019 წლის 19 ნოემბრის №0--- ოქმი (ს.ფ.112);

- აგრარულ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსის ინფორმაცია (ს.ფ. 115-120);

- ელექტრონული კორესპონდენცია (ს.ფ. 121-157);

- „რუ------- ქუ-------–--ის ზედიზედ ორჯერ შეფასების არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2019 წლის 20 ნოემბრის №2-------- ბრძანება (ს.ფ. 113-114);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რუ------- ქუ-------–--ის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპის კონვენცია, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოხელეს უფლება აქვს, სამსახურებრივ საკითხზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, აგრეთვე ქმედება გაასაჩივროს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

„პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №220 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-17 მუხლის შესაბამისად, მოხელე უფლებამოსილია, შეფასების შედეგები (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) გაასაჩივროს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით.

 

ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი „რუ------- ქუ-------–--ის ზედიზედ ორჯერ შეფასების არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2019 წლის 20 ნოემბრის №2-------- ბრძანება და მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ის შუალედური შეფასების (I ეტაპი) 2019 წლის 5 ნოემბრის №2--------------, მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ის საბოლოო შეფასების (II ეტაპი) 2019 წლის 8 ნოემბრის №2--------------, მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ის შუალედური შეფასების (I ეტაპი) 2019 წლის 14 ნოემბრის №0---, მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ის საბოლოო შეფასების (II ეტაპი) 2019 წლის 19 ნოემბრის №0--- ოქმები შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მათი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე და 24-ე მუხლების პირველი ნაწილების მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ქმედების განხორციელების დავალების მოთხოვნით. შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობის საგანს, ასევე წარმოადგენს მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლი იცავს მოქალაქის უფლებას საჯარო სამსახურიდან უკანონოდ და დაუსაბუთებლად განთავისუფლებისაგან (იხ. თუნდაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/5/595 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ნათია იმნაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ გვ.9) კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი „იცავს მოქალაქის უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა სახელმწიფო სამსახურზე, ამასთან, გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს - არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან“. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი პირს იცავს საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებისაგან. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების მატერიალური საფუძვლები უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის, მე-4 და მე-5 პუნქტების მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, „ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალის თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად“.

 

სასამართლო განმარტავს, რომ შრომითი-სამართლებრივი საქმიანობა, ასევე წარმოადგენს პირადი ცხოვრების უფლებით დაცული სფეროს შემადგენელ ნაწილს, რადგან ასეთი საქმიანობის პროცესში პირი ახორციელებს ურთიერთობებს სხვა პირებთან, უზრუნველყოფს საკუთარი, პიროვნული შესაძლებლობების რეალიზაციას, ხელფასის სახით გამოიმუშავებს არსებობისათვის აუცილებელ ფინანსურ შემოსავალს და ა.შ.

 

სასამართლო აქვე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე, რომლის მიხედვითაც თანამდებობიდან გათავისუფლება შეიძლება განხილულ იქნეს პიროვნული განვითარებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევად (იხ. თუნდაც, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ყოფ. მეხუთე სექციის პალატის) 2012 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე ალექსანდრე ვოლკოვი უკრაინის წინააღმდეგ (განაცხადი N 21722/11) გვ.48-49). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ პირადი ცხოვრება „მოიცავს ინდივიდის უფლებას ჩამოაყალიბოს და განავითაროს ურთიერთობები სხვა ადამიანებთან, მათ შორის პროფესიული და ბიზნეს ურთიერთობები“ (იხ. C. v. Belgium, 7 აგვისტო 1996, § 25, ანგარიში 1996-III). კონვენციის მე-8 მუხლი „იცავს უფლებას პიროვნულ განვითარებაზე და უფლებას სხვა ადამიანებთან და გარე სამყაროსთან ურთიერთობების დამყარებასა და განვითარებაზე“ (იხ. Pretty v. the United Kingdom, no. 2346/02, § 61, ECHR 2002-III). „პირადი ცხოვრების“ ცნება არ გამორიცხავს პროფესიული თუ ბიზნეს ხასიათის საქმიანობებს. ადამიანთა უმრავლესობას გარე სამყაროსთან ურთიერთობების დამყარების ძირითადი შესაძლებლობა სამსახურებრივი საქმიანობის განმავლობაში ეძლევათ (იხ. Niemietz v. Germany, 16 დეკემბერი 1992, § 29, სერია A no. 251-B). შესაბამისად, პროფესიის ხელმისაწვდომობაზე დაწესებული შეზღუდვები „პირად ცხოვრებაზე“ახდენენ გავლენას (იხ. Sidabras and Džiautas v. Lithuania, nos. 55480/00 და 59330/00, § 47, ECHR 2004-VIII და Bigaeva v. Greece, no. 26713/05, §§ 22-25, 28 მაისი 2009). ასევე, სამსახურიდან დათხოვნა პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებაში ჩარევას წარმოადგენს (იხ. Özpınar v. Turkey, no. 20999/04, §§ 43-48, 19 ოქტომბერი 2010). და ბოლოს, მე-8 მუხლი ასევე ეხება ღირსებისა და რეპუტაციის საკითხებს, როგორც პირადი ცხოვრების დაცულობის უფლების შემადგენელ ნაწილებს (იხ. Pfeifer v. Austria, no. 12556/03, § 35, 15 ნოემბერი 2007 და A. v. Norway, no. 28070/06, §§ 63 და 64, 9 აპრილი 2009). თანამდებობიდან მომჩივნის გათავისუფლებამ გავლენა იქონია სხვა პირებთან მისი ურთიერთობების ფართო სპექტრზე, მათ შორის პროფესიული ხასიათის ურთიერთობებზე. ასევე, აღნიშნული შეეხო მომჩივნის „შიდა წრეს“, ვინაიდან სამსახურის დაკარგვა მომჩივნისა და მისი ოჯახის მატერიალური კეთილდღეობაზე აისახებოდა. მეტიც, მომჩივნის გათავისუფლების მიზეზი, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ მომჩივნის სამსახურიდან გათავისუფლება წარმოადგენდა მისი პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებაში ჩარევას კონვენციის მე-8 მუხლის მნიშვნელობით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში. ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.

 

„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის მიხედვით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. აღნიშნული უფლების სრული განხორციელების მიზნით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოების მიერ მისაღები ზომები უნდა შეიცავდეს პროფესიული და ტექნიკური სწავლებისა და წვრთნის პროგრამებს, პოლიტიკას და მეთოდოლოგიას, რათა მიღწეულ იქნას განუხრელი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარება და სრული შედეგიანი დასაქმება ისეთ პირობებში, სადაც თითოეული ადამიანის პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლება დაცული იქნება.

 

სასამართლო, აქვე მოიხმობს ევროპული სოციალური სფეროს მარეგულირებელ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტს - ევროპის სოციალურ ქარტიას, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მიღწევასა და შენარჩუნებას; ამავე ქარტიის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ თითოეული მუშაკის მიერ დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარი მიღების უფლება; აღნიშნულ დავასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ქარტიის 24-ე მუხლის რეგულაცია, რომლის თანახმადაც, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები იღებენ ვალდებულებას აღიარონ ყველა მუშაკის უფლება უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე „საპატიო მიზეზის გარეშე“, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან; მხარეები ასევე აღიარებენ მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლებას საპატიო მიზეზის გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში.

 

6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). საჯარო სამსახურად ითვლება აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოების აპარატებში, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საქმიანობა.

 

მითითებული კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია ყველა იერარქიული რანგის თანამდებობაზე მომუშავე მოხელე შეაფასოს წელიწადში ერთხელ, „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული მოხელის შეფასების წესის შესაბამისად. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მოხელის შეფასება ხდება დოკუმენტური მასალების შეფასებით და მოხელესთან გასაუბრებით. ამავე კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელის შეფასების შედეგების შესაბამისად წესდება მოხელის წახალისების შემდეგი ფორმები: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) ფულადი ჯილდოს მიცემა; გ) ფასიანი საჩუქრის მიცემა. ამასთან, 107-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების ერთ-ერთ სავალდებულო საფუძველს წარმოადგენს ამ კანონის 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შედეგით ზედიზედ ორჯერ შეფასება.

 

ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველს, მისი ორჯერ ზედიზედ არადამაკმაყოფილებელი შედეგით შეფასება, როგორც იურიდიული ფაქტით განპირობებული სამართლებრივი შედეგი წარმოადგენს.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2018 წლის ნოემბერში განხორციელდა მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ის პროფესიული შეფასება და იგი განისაზღვრა, როგორც არადამაკმაყოფილებელი.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მისი შეფასების 2018 წლის 19 და 20 ნოემბრის ოქმების ბათილად ცნობა მოითხოვა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად იქნა ბათილად ცნობილი მისი შეფასების 2018 წლის 19 და 20 ნოემბრის ოქმები და მოპასუხეს - საქართველოს პარლამენტს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ის პროფესიულ შეფასებასთან დაკავშირებით, კანონით დადგენილი წესითა და ვადაში. ამასთან, ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება, 2020 წლის 12 მარტის მდგომარეობით არ არის შესული კანონიერ ძალაში.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, სარჩელის მიღება სასამართლოში აჩერებს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული, „სუსპენზიურობის“ - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების არსი მდგომარეობს იმაში, რომ შეჩერებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შეჩერების პერიოდში არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს და შესაბამისად, მისი გამოყენება სამართლებრივ ურთიერთობებში დაუშვებელია, ვიდრე მისი მოქმედება არ განახლდება კანონით დადგენილი წესით, მართლმსაჯულების განხორციელების დასრულებამდე.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2019 წლის ნოემბერში განხორციელდა მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ის პროფესიული შეფასება და იგი განისაზღვრა, როგორც არადამაკმაყოფილებელი, რის საფუძველზეც საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, 2019 წლის 20 ნოემბერს გამოსცა ბრძანება, მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ის ორჯერ შეფასების არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.ამრიგად, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ - საქართველოს პარლამენტმა, 2018 წლის შეფასების შედეგები იმ პირობებში გაითვალისწინა და მის საფუძველზე მიიღო მითითებული გადაწყვეტილება, როდესაც ისინი შეჩერებული იყო სასამართლოში, მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ის სარჩელის საფუძველზე, საქმის განხილვის გამო, რაც ეწინააღმდეგება ზემოთ მითითებული კანონებით დადგენილ მოთხოვნებს.

 

6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია ყველა იერარქიული რანგის თანამდებობაზე მომუშავე მოხელე შეაფასოს წელიწადში ერთხელ, „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული მოხელის შეფასების წესის შესაბამისად. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მოხელის შეფასება ხდება დოკუმენტური მასალების შეფასებით და მოხელესთან გასაუბრებით.

 

მითითებული კანონის 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მოხელის შეფასების პროცესი წარიმართება გამჭვირვალედ, მოხელის უშუალო ხელმძღვანელის მიერ, შესაბამისი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის წარმომადგენლის ჩართულობით. მოხელის შეფასებისათვის გამოიყენება ოთხდონიანი შეფასების სისტემა: ა) საუკეთესო შეფასება – მოვალეობა ან/და მოსალოდნელზე მეტი სამუშაო საუკეთესოდ შესრულდა, მოხელე მკვეთრად გამოირჩევა შედეგებით ან/და პროფესიული უნარ-ჩვევებით; ბ) კარგი შეფასება – მოვალეობა კარგად შესრულდა, მოხელის შედეგები ან/და პროფესიული უნარ-ჩვევები სტაბილურად შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს; გ) დამაკმაყოფილებელი შეფასება – მოვალეობა ნაწილობრივ კარგად შესრულდა და გაუმჯობესებას საჭიროებს, მოხელე არსებითად არ გამოირჩევა პროფესიული უნარ-ჩვევებით; დ) არადამაკმაყოფილებელი შეფასება – მოვალეობა არ შესრულდა, მოხელის შედეგები ან/და პროფესიული უნარ-ჩვევები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს.

 

„პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №220 დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მიხედვით, პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების (შემდგომში – წესი) განსაზღვრის მიზანია პროფესიული საჯარო მოხელის/გამოსაცდელი ვადით მიღებული მოხელის (შემდგომში – მოხელე) ან/და მის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების (შემდგომში – შეფასება) პროცედურის დადგენა, ხოლო მე-3 მუხლის თანახმად, შეფასების მიზანია მოხელის კარიერული განვითარების, პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლების, წახალისების, პროფესიული განვითარების საჭიროებებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სამართლებრივი შედეგების წარმოშობის წინაპირობების დადგენა, ასევე საჯარო დაწესებულების ორგანიზაციული განვითარება. რაც შეეხება შეფასების პრინციპს, მე-4 მუხლის შესაბამისად, შეფასება წარმოებს კანონიერების, სამართლიანობის, ობიექტურობის, გამჭვირვალობის, მიუკერძოებლობის, ინტერესთა შეუთავსებლობის დაუშვებლობის, ნდობის, საჯარო დაწესებულებისა და მოხელის ინტერესთა თანაზომიერების პრინციპების დაცვით.

 

ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ მოხელის პროფესიული შეფასების მიზანს წარმოადგენს შესაფასებელი მოხელის პროფესიული საქმიანობის პროცესში, მისი მიღწევების და პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება, შემდგომი კარიერული განვითარების უზრუნველსაყოფად და მოხელის პროფესიული შეფასება, არ უნდა იყოს დეტერმინირებული მხოლოდ მისი სამსახურიდან დათხოვნის მიზნით. შესაბამისად, მოხელის შეფასებებს შორის პერიოდში, შესაბამისმა ადმინისტრაციულმა ორგანომ წერილობით უნდა განახორციელოს პირველი შეფასების შედეგების ანალიზი და მათგან გამომდინარე უნდა განხორციელოს მიღწევებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება, ხოლო პრობლემური საკითხების აღმოფხვრისათვის და მოხელის პროფესიული განვითარებისათვის კონკრეტული, მიზანზე ორიენტირებული ღონისძიებები უნდა განახორციელოს.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს სასამართლოში არ წარმოუდგენია რაიმე სახის სათანადო მტკიცებულება, რომელიც 2018 წლის ნოემბრის შეფასების შემდგომ, მის შედეგად, მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ის პროფესიული საჭიროებების იდენტიფიცირებას, ანალიზს და მისგან გამომდინარე, კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებას დაადასტურებდა მისი პროფესიული განვითარების უზრუნველსაყოფად, ასეთი საჭიროების შემთხვევაში.

 

ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ შეფასების სამართლიანობის, ობიექტურობისა და გამჭირვალობის პრინციპი, გარდა ზემოაღნიშნულისა გულისხმობს მოხელის ფუნქციური დატვირთვის მოცულობის, მისი ფუნქციური მოვალეობების, დაწესებულების საჭიროებების და მისგან გამომდინარე, ადეკვატურ შეფასებას.

 

სასამართლო მიუთითებს „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის N220 დადგენილებით დამტკიცებული მოხელის შეფასების წესის მე-11 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, შეფასებას ექვემდებარება მოხელე ან/და მის მიერ შესრულებული სამუშაო შესაფასებელი პერიოდის განმავლობაში, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, მოხელის შეფასება ხდება მოხელის ფუნქციების, კომპეტენციების, უნარ-ჩვევების, ქცევის წესების ან/და მის მიერ განხორციელებული მიზნებისა და ამოცანების (კომპონენტების) შეფასების შედეგების შესაბამისად. შეფასება ხდება დოკუმენტური მასალის შეფასებითა და მოხელესთან გასაუბრებით.

 

მითითებული წესის მე-6 მუხლის მიხედვით, შეფასების პროცესის მონაწილე სუბიექტები არიან მოხელე, მისი უშუალო ხელმძღვანელი და ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი ერთეული/პირი. აღნიშნული დადგენილების მე-8 მუხლის თანახმად, შეფასების პროცესში მონაწილე უშუალო ხელმძღვანელს უფლება აქვს: ა) გაეცნოს შეფასების პროცესში შექმნილ მასალებს; ბ) მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა; გ) საჭიროების შემთხვევაში, შესაფასებელ მოხელეს განუსაზღვროს დამატებითი ვადა ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარსადგენად; დ) განახორციელოს ამ წესითა და კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებამოსილებები. ასევე, შეფასების პროცესში მონაწილე ხელმძღვანელი ვალდებულია: ა) კანონიერად, ობიექტურად, შესაფასებელი მოხელის უფლებების შეულახავად განახორციელოს შეფასება; ბ) დადგენილი წესით მიაწოდოს ინფორმაცია შესაფასებელ მოხელეს გასაუბრების შესახებ; გ) წარუდგინოს შესაფასებელ მოხელეს შეფასების შედეგი; დ) დროულად და სისტემატურად აწარმოოს დაკვირვება მის მიერ შესაფასებელი მოხელის საქმიანობაზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2019 წლის 05 ნოემბერს, აგრარულ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსის მიერ შედგა მთავარი სპეციალისტის რუ------- ქუ-------–--ის შუალედური შეფასების (I ეტაპი) ოქმი, რომლითაც სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასდა, მისი პროფესიული საქმიანობა 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით და პირველ ეტაპზე, შეფასების ერთიან ქულად/დოკუმენტური მასალის შეფასების ერთიან შედეგად განისაზღვრა არადამაკმაყოფილებელი (39.21%). მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ე არ დაეთანხმა შეფასებას. ამასთან, 2018 წლის 8 ნოემბერს, აგრარულ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსის მიერ შედგა მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ის საბოლოო შეფასების ოქმი, რომლითაც საბოლოო შეფასების შედეგად (ქულად) განისაზღვრა არადამაკმაყოფილებელი (39.21%). მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ე, ასევე არ დაეთანხმა შეფასებას.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ აგრარულ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსის აღნიშნულ შეფასებებს, მისივე ინფორმაციით, საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ 2019 წლის თებერვალში მას მიეცა დავალება მოემზადებინა კანონპროექტი, თუმცა მან ეს ვერ შეძლო. 2019 წლის 28 მარტს მას დაევალა, ასევე კანონპროექტის მომზადება, რაც მან ასევე ვერ შეძლო. ამასთან, იმავე საკითხზე სხვის მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვისას, მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ე იყო პასიური და წარმოადგინა მხოლოდ ზოგადი ხასიათის შენიშვნები. 2019 წლის 3 სექტემბერს, საქართველოს მთავრობამ, საქართველოს პარლამენტს წარუდგინა კანონის პროექტი, რომელზეც შენიშვნების წარმოდგენა დაევალა მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ეს, თუმცა მან, ასევე, ამ შემთხვევაშიც ვერ წარმოადგინა შენიშვნები. 2019 წლის 28 ოქტომბერს დაევალა, ასევე ერთ-ერთ პეტიციაზე დასკვნის მომზადება, თუმცა მის მიერ წარმოდგენილი დასკვნა იყო არასრულყოფილი. მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ეს არავითარი რეაგირება არ მოუხდენია მისთვის გადაგზავნილ, შესაბამისი კომიტეტის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ემ არასწორად იმოქმედა კომიტეტში შემოსულ მოქალაქეთა წერილთან დაკავშირებით, კერძოდ მან განუმარტა ხელმძღვანელს, რომ მოქალაქეებს უნდა ემოქმედათ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთან, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, საქმეში წარმოდგენილი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი კორესპონდენციის მიხედვით, აგრარულ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსი, მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ეს განუსაზღვრავს დავალებას, ხოლო იგი სთხოვს სამუშაო შეხვედრას ცალკეული საკითხების დაზუსტების მიზნით.

 

ამრიგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ის შეფასება, 1 წლის პერიოდში, სულ 5-6 საკითხის და არა მის მიერ, პერიოდის შესაბამისად შექმნილი დოკუმენტური მასალის ანალიზის გზით განხორციელდა, რაც მითითებული პერიოდისათვის შეუსაბამოდ მცირე მოცულობის გამო, შეფასების ბუნდოვანებას განაპირობებს, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოცემულ საკითხთა უმრავლესობაზე, მოსარჩელეს საკითხის განხილვის კონკრეტული ფორმა აქვს შეთავაზებული მისი უშუალო ხელმძღვანელისათვის.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის N220 დადგენილებით დამტკიცებული მოხელის შეფასების წესის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, გასაუბრება წარმოადგენს შესაფასებელი პერიოდის ბოლოს დოკუმენტური მასალის ანალიზის პროცესს, რა დროსაც, აუცილებელი საჭიროების გათვალისწინებით, ჩართულნი არიან ამ წესის მე-6 მუხლით განსაზღვრული პირები და რომლის საბოლოო შედეგი ფორმდება წერილობით, მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით, ამ წესით დადგენილი პროცედურების დაცვით. გასაუბრება ასევე ამოწმებს იმ შედეგებს, რაც დოკუმენტური მასალის ანალიზით ვერ მიიღწევა.

 

ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2018 წლის 30 მარტის N77/3 ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს პარლამენტის აპარატის პროფესიული საჯარო მოხელის/გამოსაცდელი ვადით მიღებული მოხელის შეფასების მეთოდი, შესაბამისი დოკუმენტური მასალის შეფასების და გასაუბრების წესი. ამავე ბრძანებით, საქართველოს პარლამენტის უფროსს დაევალა უზრუნველეყო მოხელის/გამოსაცდელი ვადით მიღებული მოხელის შეფასების ჩატარება ამ აქტით დადგენილი წესით. საქართველოს პარლამენტის აპარატის პროფესიული საჯარო მოხელის/გამოსაცდელი ვადით მიღებული მოხელის შეფასების მეთოდი, შესაბამისი დოკუმენტური მასალის შეფასების და გასაუბრების წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელის შეფასება ხორციელდება წელიწადში ერთხელ. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოხელის/გამოსაცდელი ვადით მიღებული მოხელის შეფასება ხორციელდება ორ ეტაპად, კერძოდ, პირველ ეტაპზე ფასდება მოხელის/გამოსაცდელი ვადით მიღებული მოხელის შესაფასებელ პერიოდში მოხელის/გამოსაცდელი ვადით მიღებული მოხელის მიერ შესრულებულ სამუშაოსთან და მის კომპეტენციებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში არსებული შესაბამისი დოკუმენტური მასალა (შემდგომ - დოკუმენტური მასალა), ხოლო მეორე ეტაპზე მოხელესთან/გამოსაცდელი ვადით მიღებულ მოხელესთან გასაუბრებით ხდება დოკუმენტური მასალის ანალიზი. აღნიშნული წესის მე-6 მუხლი ადგენს მოხელის/გამოსაცდელი ვადით მიღებული მოხელის პირველ ეტაპზე შეფასების წესს, ხოლო მე-7 მუხლი მეორე ეტაპზე შეფასების წესს. მე-6 მუხლის პირველი პუნქტით, მოსელის/გამოსაცდელი ვადით მიღებული მოხელის შეფასება იწყება საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ ბრძანების გამოცემით.

 

ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ ზემოთ მითითებული ნორმების იმპერატიული დანაწესის მიხედვით, შეფასება მოიცავს კუმულატიურად ორ კომპონენტს - დოკუმენტების ანალიზს და გასაუბრებას. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ორივე კომპონენტი განახორციელოს იმ პრინციპებით, რაც დადგენილია იმავე ნორმატიული აქტით.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებენ მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ესთან გასაუბრების ჩატარებას ან მისი ჩაუტარებლობის სათანადო მიზეზს (გამოუცხადებლობა, რომელიც სათანადო ოქმში აღინიშნება), რაც არ შეესაბამება ზემოთ მითითებულ ნორმატიულ აქტებს.

 

სასამართლო მიუთითებს ,,საქართველოს პარლამენტის აპარატის პროფესიული საჯარო მოხელის/გამოსაცდელი ვადით მიღებული მოხელის შეფასების მეთოდის, შესაბამისი დოკუმენტური მასალის შეფასების და გასაუბრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2018 წლის 30 მარტის N77/3 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტზე, რომლის თანახმად, მოხელის/გამოსაცდელი ვადით მიღებული მოხელის შეფასების პირველ ეტაპზე მოხელის/გამოსაცდელი ვადით მიღებული მოხელის უშუალო ხელმძღვანელს უფლება აქვს, მოხელის/გამოსაცდელი ვადით მიღებული მოხელის შესაფასებლად ნებისმიერ დროს მოსთხოვოს მოხელეს/გამოსაცდელი ვადით მიღებულ მოხელეს ან/და საქართველოს პარლამენტის აპარატის სათანადო სტრუქტურულ ერთეულს მის ხელთ არსებული ნებისმიერი დოკუმენტური მასალა ან/და ინფორმაცია, თუ ეს საქართველოს კანონმდებლობას არ ეწინააღმდეგება. ამ შემთხვევაში მოხელე/გამოსაცდელი ვადით მიღებული მოხელე/საქართველოს პარლამენტის აპარატის სათანადო სტრუქტურული ერთეული ვალდებულია ეს დოკუმენტური მასალა/ინფორმაცია მომთხოვნს გონივრულ ვადაში წარუდგინოს. მე-8 პუნქტის თანახმად, მოხელის/გამოსაცდელი ვადით მიღებული მოხელის შეფასების პირველ ეტაპზე მოხელის/გამოსაცდელი ვადით მიღებული მოხელის უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია მოხელის/გამოსაცდელი ვადით მიღებული მოხელის შეფასება განახორციელოს მოხელის/გამოსაცდელი ვადით მიღებული მოხელის უშუალო ხელმძღვანელისთვის ხელმისაწვდომი შესაბამისი დოკუმენტური მასალისა და ინფორმაციის სრული და ყოველმხრივი შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელის/გამოსაცდელი ვადით მიღებული მოხელის შეფასების მეორე ეტაპზე, მოხელესთან/გამოსაცდელი ვადით მიღებულ მოხელესთან გასაუბრებისას, მოხელე/გამოსაცდელი ვადით მიღებული მოხელე და მისი უშუალო ხელმძღვანელი აანალიზებენ დოკუმენტურ მასალას და მოხელისა/გამოსაცდელი ვადით მიღებული მოხელის შეფასების პირველ ეტაპზე მოხელისათვის/გამოსაცდელი ვადით მიღებული მოხელისათვის მინიჭებულ თითოეულ ქულას, რომელიც შეიძლება უცვლელი დარჩეს ან შეიცვალოს. მოხელესთან/გამოსაცდელი ვადით მიღებულ მოხელესთან გასაუბრებისას მოწმდება აგრეთვე ის შედეგები, რომლებიც დოკუმენტური მასალის ანალიზით ვერ მიიღწევა. აღნიშნული წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელის/გამოსაცდელი ვადით მიღებული მოხელის შეფასების საბოლოო ერთიანი ქულის მიხედვით მოხელის/გამოსაცდელი ვადით მიღებული მოხელის უშუალო ხელმძღვანელი მოხელეს/გამოსაცდელი ვადით მიღებულ მოხელეს აძლევს ერთ-ერთ შემდეგ შეფასებას: ა) საუკეთესო შეფასება (მოვალეობა ან/და მოსალოდნელზე მეტი სამუშაო საუკეთესოდ შესრულდა, მოხელე/გამოსაცდელი ვადით მიღებული მოხელე მკვეთრად გამოირჩევა შედეგებით ან/და პროფესიული უნარ-ჩვევებით) - თუ მოხელის/გამოსაცდელი ვადით მიღებული მოხელის შეფასების საბოლოო ერთიანი ქულაა 4; ბ) კარგი შეფასება (მოვალეობა კარგად შესრულდა, მოხელის/გამოსაცდელი ვადით მიღებული მოხელის შედეგები ან/და პროფესიული უნარ-ჩვევები სტაბილურად შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს) - თუ მოხელის/გამოსაცდელი ვადით მიღებული მოხელის შეფასების საბოლოო ერთიანი ქულაა 3; გ) დამაკმაყოფილებელი შეფასება (მოვალეობა ნაწილობრივ კარგად შესრულდა და გაუმჯობესებას საჭიროებს, მოხელე/გამოსაცდელი ვადით მიღებული მოხელე არსებითად არ გამოირჩევა პროფესიული უნარ-ჩვევებით) - თუ მოხელის/გამოსაცდელი ვადით მიღებული მოხელის შეფასების საბოლოო ერთიანი ქულაა 2; დ) არადამაკმაყოფილებელი შეფასება (მოვალეობა არ შესრულდა, მოხელის/გამოსაცდელი ვადით მიღებული მოხელის შედეგები ან/და პროფესიული უნარ-ჩვევები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს) – თუ მოხელის/გამოსაცდელი ვადით მიღებული მოხელის შეფასების საბოლოო ერთიანი ქულაა 1.

 

ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების პირველი ეტაპი უნდა განხორციელდეს კონკრეტულ, შესაფასებელ პერიოდში, შესაბამისი მოხელის მიერ შექმნილი დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2019 წლის 05 ნოემბერს, აგრარულ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსის მიერ შედგა მთავარი სპეციალისტის რუ------- ქუ-------–--ის შუალედური შეფასების (I ეტაპი) ოქმი, რომლითაც სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასდა, მისი პროფესიული საქმიანობა 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით და პირველ ეტაპზე, შეფასების ერთიან ქულად/დოკუმენტური მასალის შეფასების ერთიან შედეგად განისაზღვრა არადამაკმაყოფილებელი (39.21%). მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ე არ დაეთანხმა შეფასებას, ხოლო 2018 წლის 8 ნოემბერს, აგრარულ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსის მიერ შედგა მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ის საბოლოო შეფასების ოქმი, რომლითაც საბოლოო შეფასების შედეგად (ქულად) განისაზღვრა არადამაკმაყოფილებელი (39.21%).

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ის განცხადების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, 2019 წლის 13 ნოემბერს გამოსცა ბრძანება მისი ხელმეორედ შეფასების ჩატარების თაობაზე, რის საფუძველზეც, 2019 წლის 14 ნოემბერს, აგრარულ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსის მიერ შედგა მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ის შუალედური შეფასების ოქმი, რომლითაც პირველ ეტაპზე შეფასების ერთიან ქულად/დოკუმენტური მასალის ხელმეორედ შეფასების ერთიან შედეგად განისაზღვრა არადამაკმაყოფილებელი (39.21%). ამასთან, მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ის განცხადების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, 2019 წლის 15 ნოემბერს გამოსცა ბრძანება მისი ხელმეორედ შეფასების ჩატარების თაობაზე. მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ე არ დაეთანხმა შეფასებას, ხოლო საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ შედგა მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ის საბოლოო შეფასების ოქმი, რომლითაც საბოლოო შეფასების შედეგად (ქულად) განისაზღვრა არადამაკმაყოფილებელი (39.21%). მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ე არ დაეთანხმა შეფასებას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლების შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

 

მითითებული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების მიხედვით, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში არ არის დასაბუთებული და განმარტებული მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ის უშუალო ხელმძღვანელის მიერ, შესაფასებელ 1 წლიან პერიოდთან, შეუსაბამოდ მცირე მოცულობის საკითხების შეფასება, გასაუბრების საფუძველზე, დადგენილი წესით არ არის გაანალიზებული მის მიერ შექმნილი დოკუმენტები და სხვა პროფესიული საჭიროებები, გადმოცემული არ არის შეფასებებს შორის, პროფესიული საჭიროებების იდენტიფიცირების შედეგები და მათგან გამომდინარე განხორციელებული ღონისძიებები მოსარჩელის პროფესიული განვითარების მიზნით.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთი, ზემოთ აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს სასამართლოში წარადგინოს სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებას დაადასტურებს მიუხედავად იმისა, მოსარჩელეს წარდგენილი აქვს, თუ არა შესაბამისი მტკიცებულებები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების მტკიცება მხოლოდ დისკრეციული უფლებამოსილების არსებობაზე მითითებით. მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებისას გამოსარკვევია არა მარტო ის, ჰქონდა თუ არა ადმინისტრაციულ ორგანოს კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად დისკრეციული უფლებამოსილება, არამედ ის, თუ როგორ განახორციელა მან აღნიშნული უფლებამოსილება. სასამართლოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს გააკონტროლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული დისკრეციული უფლებამოსილების კანონიერება. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების დადგენა კი უპირველესად მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებიდან ხდება შესაძლებელი.

 

ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

მითითებული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია.

 

ამრიგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხე - საქართველოს პარლამენტის მიერ, შეფასების შესახებ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების გარეშე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული პროცესუალური შესაძლებლობა ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებულ მმართველობის კანონიერებაზე სასამართლო კონტროლის სრულფასოვან რეალიზაციას და მართლმსაჯულების ეფექტიან განხორციელებას. იმ პირობებში, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს თითქმის არ მოუხდენია ფაქტობრივი გარემოებების დადგენა - შეფასება, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში რიგ შემთხვევებში შეუძლებელი ხდება მათი გამოკვლევა.

 

ამრიგად, სასამართლო, საქმეში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სადავო - საქართველოს პარლამენტის მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ის შუალედური შეფასების (I ეტაპი) 2019 წლის 5 ნოემბრის №2--------------, მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ის საბოლოო შეფასების (II ეტაპი) 2019 წლის 8 ნოემბრის №2--------------, მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ის შუალედური შეფასების (I ეტაპი) 2019 წლის 14 ნოემბრის №0---, მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ის საბოლოო შეფასების (II ეტაპი) 2019 წლის 19 ნოემბრის №0--- ოქმები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე და მოპასუხემ - საქართველოს პარლამენტმა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა გამოსცეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების საფუძვლიანად გამოკვლევის საფუძველზე, კერძოდ მოსარჩელის შესაბამისი მონაცემების ობიექტურად, გამოკვლევისა და შეფასების შედეგად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.

 

ამასთან, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადგილი აქვს საქართველოს კონსტიტუციის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტეში - „რუ------- ქუ-------–--ის ზედიზედ ორჯერ შეფასების არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2019 წლის 20 ნოემბრის №2-------- ბრძანებაში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, ხოლო მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ის შუალედური შეფასების (I ეტაპი) 2019 წლის 5 ნოემბრის №2--------------, მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ის საბოლოო შეფასების (II ეტაპი) 2019 წლის 8 ნოემბრის №2--------------, მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ის შუალედური შეფასების (I ეტაპი) 2019 წლის 14 ნოემბრის №0---, მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ის საბოლოო შეფასების (II ეტაპი) 2019 წლის 19 ნოემბრის №0--- ოქმებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება, ასევე არ შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რამდენადაც ისინი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამოც ისინი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად უნდა იქნეს ბათილად ცნობილი და საქართველოს პარლამენტს უნდა დაევალოს ზემოთ აღნიშნული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ის 2019 წლის შეფასებათან დაკავშირებით.

 

6.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში.

 

გამომდინარე იქედან, რომ სასამართლომ უკანონოდ სცნო მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ის სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანება, მისი მოთხოვნა სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად მოპასუხეს, საქართველოს პარლამენტს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ის საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის აპარატის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ.

 

6.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ დასაბუთებულია მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

ამრიგად, მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით საფუძვლიანია და ასევე უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, აგრეთვე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე და მოპასუხე გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ის მიერ, სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი და გამომდინარე იქედან, რომ მას კანონით არ ევალებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა დაუბრუნდეს უსაფუძვლოდ გადახდილი ბაჟი.

 

7.2. რაც შეეხება ადვოკატის ხარჯის - 1000 ლარის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნას, საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-2 ნაწილი იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო აკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულია ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ოდენობის გამოთვლის წესი, რომელიც უნდა იყოს გონივრული და შეესაბამებოდეს დავის საგნის ღირებულებას, კერძოდ დადგენილია, რომ ქონებრივი დავის დროს ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით, ხოლო არაქონებრივი დავის დროს განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს, ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს მხარის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია.

 

ამრიგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განსახილველ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით რომ სარჩელი დაკმაყოფილდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის საფუძველზე, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ის სასარგებლოდ, მის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1000 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-ე, 23-ე, 24-ე, 32-ე, 33-ე, 331-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. რუ------- ქუ-------–--ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი „რუ------- ქუ-------–--ის ზედიზედ ორჯერ შეფასების არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2019 წლის 20 ნოემბრის №2-------- ბრძანება.

3. დაევალოს საქართველოს პარლამენტს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ის საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის აპარატის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ.

4. დაევალოს საქართველოს პარლამენტს, მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება სამი თვის მიუღებელი ხელფასის ოდენობით, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ყოველთვიური ოდენობით (ჯამში 6690 ლარი).

5. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნეს ცნობილი მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ის შუალედური შეფასების (I ეტაპი) 2019 წლის 5 ნოემბრის №2--------------, მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ის საბოლოო შეფასების (II ეტაპი) 2019 წლის 8 ნოემბრის №2--------------, მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ის შუალედური შეფასების (I ეტაპი) 2019 წლის 14 ნოემბრის №0---, მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ის საბოლოო შეფასების (II ეტაპი) 2019 წლის 19 ნოემბრის №0--- ოქმები და მოპასუხეს - საქართველოს პარლამენტს დაევალოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ის პროფესიულ შეფასებასთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადაში.

 

6. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

7. მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ეს დაუბრუნდეს, რე---- რი–----ის მიერ, 2019 წლის 18 დეკემბერს №0 საგადასახადო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით (ხაზინის ერთიანი ანგარიშის რეკვიზიტები: ბანკის დასახელება - ქ. თბილისი ,,სახელმწიფო ხაზინა”; ბანკის კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი: 300773150).

 

8. დაევალოს საქართველოს პარლამენტს მოსარჩელე რუ------- ქუ-------–--ის სასარგებლოდ, მის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1000 ლარის ოდენობით.

 

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე დავით წერეთელი