გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.03.2020
საქმის ნომერი
160210019003239483
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
05.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 160210019003239483

საქმე N 2/779-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26.02.2020 წ. ქ. ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე პაატა ფხალაძე

სხდომის მდივანი ცაცა ებრალიძე

მოსარჩელე - ნა---- მი------

წარმომადგენელი - ემ----- გე----–---–ი

მოპასუხე - მი----- ალ----

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, მშობლის უფლების შეზღუდვა, ალიმენტის დაკისრება

არასრულწლოვანის წარმომადგენელი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, წარმომადგენელი - ზვ---- მა------ი

თარჯიმანი - ნა--–ი იბ---------ა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე მი----- ალ----ს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შვილების ნი----- მი------ს და გი----შ მი------ს მიმართ, ბავშვების რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტის მიღების და საზღვარგარეთ დედის თანხმობის გარეშე ბავშვების გაყვანის ნაწილში, ყოველწლიურად სასწავლო პროცესის დაწყებიდან დასრულებამდე, არდადეგებზე საქართველოში ჩამოყვანის უფლებით მათ სრულწლოვანებამდე.

 

მი----- ალ----ს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს არასრულწლოვნების ნი----- მი------ს და გი----შ მი------ს კუთვნილი რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტები.

 

მი----- ალ----ს თავისი არსრულწლოვანი შვილების 2008 წლის 23 სექტემბერს დაბადებული ნი----- მრიევისა და 2013 წლის 7 სექტემბერს დაბადებული გი----შ მი------ს რჩენის მიზნით დაეკისროს ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 200-200 ლარის ოდენობით, ბავშვების სრულწლოვანებამდე.

 

მოსარჩელემ მიუთითა, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისში მცხოვრები ნა---- მი------ 2007 წლიდან არარეგისტრიურებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისში მცხოვრებ მი----- ალ----სთან. მათი ქორწინების რეგისტრაცია განხორციელდა 2010 წლის 10 დეკემბერს. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილები - 2008 წლის 23 სექტემბერს ნი----- მი------ და 2013 წლის 7 სექტემბერს - გი----შ მი------. კონფლიქტური სიტუაციების გამო დაახლოებით ორი წლის წინ მხარეები ერთამენთს დაშორდნენ და მი----- ალ---- საცხოვრებლად გადავიდა თავისი მშობლების სახლში, სოფელ ქვემო ბოლნისში. არასრულწლოვანი შვილები საცხოვრებლად დარჩნენ მამასთან, ნა---- მირიევთან. 2018 წლის დეკემბერში მი----- ალ---- დაოჯახდა, ხოლო 2019 წლის 6 ივნისს მან სარჩელით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს განქორწინების მოთხოვნით, რაც 2019 წლის 4 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა. მი----- ალ---- ცხოვრობს მეუღლის სახლში, მის კმაყოფაზე არავინ იმყოფება, თუმცა იგი არანაირ ყურადღებას არ იჩენს თავისი არასრულწლოვანი შვილების მიმართ. ნა---- მი------ სამუშაოდ იმყოფება რუსეთის ფედერაციაში. ნა---- მი------ და მისი შვილები არიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები. მან 2019 წლის ზაფხულის თვეში შვილები რუსეთის ფედერაციიდან ჩამოიყვანა, თუმცა უკან წაყვანას ვერ ახერხებს, ვინაიდან მი----- ალ----მ არასრულწლოვანი შვილების პასპორტი წაიღო და დღემდე არ დაუბრუნებია.

 

მოსარჩელის წარმომადგენელის მიერ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე დაზუსტებული მოთხოვნის თანახამად, მოსარჩელე ითხოვს მშობლის უფლების შეზღუდვასა და ალიმენტის დაკისრებას, რაც შეეება უკანონო მფლობელობოდან არასრულწლოვანი შვილების საზღვარგარეთის პასპორტის მი----- ალ----ს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვას, აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელემ მოხსნა მოთხოვნა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სასამართლოში წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი. მიუთითა, რომ მას შვილები არ მიუტოვებია. არასრულწლოვნები თავდაპირველად ცხოვრობდნენ მასთან, თუმცა მას შემდეგ, რაც მან სხვა ოჯახი შექმნა მოსარჩელემ წაიყვანა ბავშვები და მათ ნახვის უფლებას აღარ აძლევს. ვინაიდან, მოსარჩელე იმყოფება რუსეთის ფედერაციაში. არასრულწლოვანი შვილები საცხოვრებლად იმყოფებიან ნა---- მი------ს დედასთან, რომელიც მათ სკოლაში არ უშვებს და დედასთან ურთიერთობას უკრძალავს. იგი არ არის თანახმა, რომ შეეზღუდოს მშობლის უფლება, ვინაიდან მოსარჩელე წაიყვანს რუსეთის ფედერაციაში ბავშვებს და უკან აღარ დააბრუნებს. მოსარჩელემ თავად დატოვა არასრულწლოვნები და შექმნა სხვა ოჯახი. რაც შეეხება ალიმენტის დაკისრებას, მოპასუხე მიუთითებს, რომ მას არანაირი შემოსავალი არ გააჩნია, არის უმუშევარი, რის გამოც მოკლებულია შესაძლებლობას გადაიხადოს ალიმენტი.

 

მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ ცნო სასარჩელო მოთხოვნა მშობლის უფლების შეზღუდვის და პერიოდულად ბავშვების საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში.

 

2.2. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლნისის რაიონული განყოფილების მიერ წარმოდგენილი დასკვნის თანახად, არასრულწლოვნების დედასთან გასაუბრების შემდეგ ირკვევა, რომ იგი იყო ძალადობის მსხვერპლი, მას და მის მეუღლეს ჰქონდათ კონფლიქტური ურთიერთობები, რისი მოწმეებიც იყვნენ ბავშვები, მას უყვარს თავისი შვილები, განიცდის მათთან დაშორებას, მას თვითონ არ აქვს არანაირი ფინანსური შემოსავალი იმისათვის, რომ გადაიხადოს ბავშვების სასარგებლოდ ალიმენტი. მას არ სურს შვილები წავიდნენ რუსეთის ფედერაციაში, რადგან მათზე არავინ იზრუნებს. აქ ბებიასთან და მამიდასთან ბავშვებს აქვთ კარგი პირობები. თუ ოჯახი უფლებას მისცემს თავადაც შეძლებს მოინახულოს ბავშვები. მი----- ალ---- უცრემლოდ ვერ იხსენებს ბავშვებს. მისი გადმოცემით იგი მზრუნველი დედა იყო. ამ ეტაპზე არანაირი შემოსავალი არ აქვს, რომ მათ დაეხმაროს. ამ ეტაპზე მი----- ალ----მ შექმნა სხვა ოჯახი და ცხოვრობს მეუღლესთან ერთად. მოპასუხე მი----- ალ----ს მიერ გადმოცემულ ფაქტს არ ადასტურებს მოსარჩელე და განმარტავს, რომ იგი არის მზრუნველი მამა. ოჯახი, ბავშვის ფეხის ოპერაციისათვის გამოუშვა რუსეთიდან, მის ვაჟს ესაჭიროება ორივე ფეხზე ოპერაცია (ფეხის გასწორების მიზნით), რომელიც ჩაუტარდა მისი ვიზიტის დროს. ბავშვი იყო მწოლიარე მდგომარეობაში, ამ ეტაპისათვის კი იგი სკოლაში ვერ დადის. ბავშვის ბებია, რომელიც ამ დროისათვის ახორციელებს ბავშვზე მზრუნველობას უკმაყოფილებს მას ყველა საბაზისო საჭიროებებს.

 

შემთხვევის შეფასებისას გამოიკვეთა, რომ ოჯახს აქვს ორსართულიანი ტიპის სახლი, ოჯახის სარგებლობაშია 7 ოთახი. საცხოვრებელში დამაკმაყოფილებელი საყოფაცხოვრებო პირობებია, სახლი სუფთა და მოწესრიგებულია. სახლში დაცულია ჰიგიენური ნორმები. ოჯახში უსაფრთხო და კეთილსაიმედო გარემოა. ოჯახში არის პირობები ბავშვის სულიერი და სააღმზრდელო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ბავშვის ოთახში უამრავი სათამაშოა განთავსებული. შესამჩნევია დამუშავებული და მოვლილი ეზო. ოჯახს ეკონომიკური პრობლემა არ აქვს. ბავშვების მამა არის დასაქმებული. აქვს კერძო ბიზნესი. ბავშვების კარგად ფლობენ რუსულ ენას, მათთან საუბრის შემედგ უფროსმა ვაჟმა ნი----- მიერიევმა დედასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა, რასაც ასევე იმეორებს გი----შ მი------ც. ბავშვებმა საუბრისას განაცხადეს, რომ იმ შემთხვევაში მოინახულებენ დედას, თუ იგი მათ პასპორტებს დაუბრუნებს. მათ დიდი სურვილი აქვთ რუსეთს რესპუბლიკაში დაბრუნების, იგივეს იმეორებს გი----შ მი------. ისინი კარგ სკოლაში იღებდნენ განათლებას, ენატრება მეგობერები, მამა. ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არიან სოფლის პედიატრის მეთვალყურეობის ქვეშ, საჭიროების შემთხვევაში ახორციელებენ ვიზიტს. ჩატარებული აქვთ ყველა პროფილაქტიკური აცრები. ბავშვების ზოგადი განათლება მათ ასაკს შეესაბამება. საუბრის დროს კითხვებს ადეკვატურად პასუხობდნენ. მათ ფსიქიკური და ფსიქომოტორული განვითარება ასაკის შესაბამისია. ბავშვების განვითარებისათვის მნიშვნელოვანია მათ ნორმალური ურთიერთობა ჰქონდეთ ორივე მშობლეთან.

 

სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა არასრულწლოვანის წარმომადგენელმა- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლნისის რაიონული განყოფილების წარმომადგენლმა ზვ---- მა------მა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ დასკვნას და განმარტა, რომ ბავშვებისთვის პასპორტის აღება და საზღვარგარეთ გაყვანა მოთხოვნილი ფარგლებით მათ ინტერესებს შეესაბამება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ნა---- მი------ 2007 წლიდან არარეგისტრირებულ, ხოლო 2010 წლის 10 დეკემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მი----- ალ----სთან.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

- ქორწინების მოწმობა.

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლოს სხდომის ოქმი)

 

3.1.2. თანაცხოვრების პერიოდში მხარეებს შეეძინათ ორი შვილი - 2008 წლის 23 სექტემბერს ნი----- მი------ და 2013 წლის 7 სექტემბერს გი----შ მი------. ბავშვები არიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

- დაბადების მოწმობები,3.1.3. კონფლიქტური სიტუაციების გამო მეუღლეები ერთამენთს დაშორდნენ. სასამართლოს 2019 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით მხარეებს შორის ქორწინება შეწყდა. არასრულწლოვანი შვილები აღსაზრდელად იმყოფებიან მამასთან ნა---- მირიევთან.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლოს სხდომის ოქმი);

- სასამართლოს გადაწყვეტილება,3.1.4. არასრულწლოვნებზე მზრუნველობას ახორციელებს მოსარჩელე ნა---- მი------, მოპასუხე კი არ იღებს მონაწილეობას მათ რჩენა-აღზრდაში.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:

- მხარეთა ახსნა-განმარტება ( იხ. სასამართლოს სხდომის ოქმი)

 

3.1.5. მოპასუხე მი----- ალ---- დაოჯახებულია, მეუღლესთან ერთად ცხოვრობს ბოლნისის რაიონის სოფელ ქვემო ბოლნისში.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლოს სხდომის ოქმი,).

 

3.1.6 სსიპ სოციალური მომსახურების დასკვნის თანახმად, მოსარჩელის ოჯახს, ბოლნისის რაიონის სოფელ ქვემო ბოლნისში აქვს ორსართულიანი ტიპის სახლი, ოჯახის სარგებობაშია 7 ოთახი. საცხოვრებელში დამაკმაყოფილებელი საყოფაცხოვრებო პირობებია, სახლი სუფთა და მოწესრიგებულია. სახლში დაცულია ჰიგიენური ნორმები. ოჯახში უსაფრთხო და კეთილსაიმედო გარემოა. ოჯახში არის პირობები ბავშვის სულიერი და სააღმზრდელო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ბავშვის ოთახში უამრავი სათამაშოა განთავსებული. შესამჩნევია დამუშავებული და მოვლილი ეზო. ოჯახს ეკონომიკური პრობლემა არ აქვს. ბავშვების მამა არის დასაქმებული. აქვს კერძო ბიზნესი. ბავშვების კარგად ფლობენ რუსულ ენას, მათთან საუბრის შემედგ უფროსმა ვაჟმა ნი----- მიერიევვმა დედასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა, რასაც ასევე იმეორებს გი----შ მი------ც. ბავშვებმა საუბრისას განაცხადეს, რომ იმ შემთხვევაში მოინახულებენ დედას თუ იგი მათ პასპორტებს დაუბრუნებს. მათ დიდი სურვილი აქვთ რუსეთს რესპუბლიკაში დაბრუნების, იგივეს იმეორებს გი----შ მი------. ისინი კარგ სკოლაში იღებდნენ განათლებას, ენატრება მეგობერები, მამა. ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არიან სოფლის პედიატრის მეთვალყურეობის ქვეშ, საჭიროების შემთხვევაში ახორციელებენ ვიზიტს. ჩატარებული აქვთ ყველა პროფილაქტიკური აცრები. ბავშვების ზოგადი განათლება მათ ასაკს შეესაბამება. საუბრის დროს კითხვებს ადეკვატურად პასუხობდნენ. მათ ფსიქიკური და ფსიქომოტორული განვითარება ასაკის შესაბამისია. ბავშვების განვითარებისათის მნიშვნელოვანია მათ ნორმალური ურთიერთობა ჰქონდეთ ორივე მშობლეთან.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლნისის რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკის დასკვნა.

 

4.1. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. მოპასუხე მი----- ალ----ს არ აქვს სტაბილური, დედა-შვილური ურთიერთობა არასრულწლოვან ნი----- მირიევთან და გი----შ მი------სთან. ბავშვებისათვის მოპასუხის მხრიდან რაიმე სახის მატერიალური დახმარების გაწევის ფაქტი, საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება.

 

4.1.2. მოპასუხე მი----- ალ---- არის დაოჯახებული, ჰყავს მეუღლე. არის შრომისუნარიანი. მის კმაყოფაზე სხვა პირები არ იმყოფებიან.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

მოპასუხე მხარეს საწინააღმდეგო გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-3, მე-8, მე-18-ე და 27-ე მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე და 1234-ე მუხლები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1999-ე, 1212-1214-ე, 1234-ე მუხლებითა და ,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციით. ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 201 და 202 მუხლებით, ,,საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან დროებითი გასვლის და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს კანონმდებლობაში, ისევე, როგორც საერთაშორისო აქტებში, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბავშვის ინტერესების დაცვას, როგორც არასრულწლოვანი პირისა, რომელსაც თავისი განვითარების, მათ შორის ფიზიკური განვითარების, მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლია თავისი უფლებების სრულყოფილად რეალიზაცია. ამასთან, ბავშვზე ზრუნვის უფლება და შესაბამისი ვალდებულება უპირველეს ყოვლისა ენიჭება მის მშობლებს.

 

„ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ, ბავშვის დაცვისა და ჰარმონიული განვითარების საქმეში მნიშვნელოვანია ყოველი ხალხის ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების გათვალისწინება.

 

კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

ხოლო მე-5 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები პატივს მიაგებენ მშობლებისა და შესაბამის შემთხვევებში ადგილობრივი ადათ-წესების შესატყვისად ფართოდ გაგებული ოჯახის წევრების ან თემის, მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც კანონის მიხედვით პასუხისმგებელნი არიან ბავშვზე, იმაზე, რომ სათანადოდ ხელმძღვანელობდნენ ბავშვს წინამდებარე კონვენციით აღიარებულ უფლებათა განხორციელებაში და აკეთებდნენ ამას ბავშვის უნართა განვითარების გათვალისწინებით.

მშობლების უფლება/ვალდებულება იზრუნონ შვილებზე და მათ განვითარებაზე ასახულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსშიც, კერძოდ, მისი 1198-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.

ამასთანავე აღიარებული პრინციპია, რომ ორივე მშობელი ბავშვის მიმართ თანაბარი უფლებით სარგებლობს და არცერთ მათგანს არ შეიძლება რაიმე უპირატესობა მიენიჭოს. ეს უფლება მშობლებს უნარჩუნდებათ მაშინაც, თუ ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მათ ერთობლივად უნდა გადაწყვიტონ ნებისმიერი საკითხი, რაც დაკავშირებულია ბავშვის აღზრდასთან, სწავლასთან, განვითარებასთან, დასვენებასთან, მკურნალობასთან და ა. შ. ამასთან, ეს უფლება შეუზღუდავი არ არის. შესაძლოა, მშობლებმა ვერ შეძლონ თანხმობის მიღწევა ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მოსაზრებების გამო. ასეთი შემთხვევისთვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული გაურკვეველი და გამოუვალი მდგომარეობა, საკითხის გადაწყვეტის კომპეტენცია ენიჭება სასამართლოს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

საგულისხმოა, რომ საზოგადოდ აღიარებული მოსაზრების მიუხედავად, რომ მშობლებს ყოველთვის შვილის საუკეთესო ინტერესები ამოძრავებთ, არ არის გამორიცხული, რომ ერთ-ერთი ან ორივე მშობლის მიერ თავისი უფლების გამოყენება ზიანის მომტანი იყოს ბავშვისათვის.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.

„ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ მე-19 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველა აუცილებელ საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ზომას ღებულობენ იმ მიზნით, რათა ბავშვი დაიცვან მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ბავშვზე მზრუნველი ნებისმიერი სხვა პირის მხრიდან ყველანაირი ფორმის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობისაგან, შეურაცხყოფისა თუ ბოროტად გამოყენებისაგან, მზრუნველობის მოკლებისა თუ დაუდევარი მოპყრობისაგან, უხეში მოქცევისა თუ ექსპლუატაციისაგან, სექსუალური ბოროტების ჩათვლით.

ამდენად, სახელმწიფოს მხრიდან ასეთი ჩარევა ლეგიტიმურია და ბავშვის საუკეთესო ინტერესებითაა ნაკარნახევი. ჩარევა გამოიხატება ერთ-ერთი ან ორივე მშობლისათვის მშობლის უფლების შეზღუდვაში, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში - მშობლის უფლების ჩამორთმევაში იმ შემთხვევისათვის, თუ ის ბოროტად იყენებს მშობლის უფლებას, ან არ ასრულებს მშობლის მოვალეობას, რითაც ზიანი ადგება ბავშვის ინტერესებს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისათვის მშობლის უფლების შეზღუდვას იმ ფარგლებში, რომ მას მიეცეს უფლება აუღოს ბავშვებს პასპორტი და წაიყვანოს საზღვარგარეთ დაბრუნების ვალდებულებით.

,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 201 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის პასპორტი (შემდგომში – პასპორტი) არის საქართველოს მოქალაქის პირადობის და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პასპორტი საქართველოს კუთვნილებაა და გაიცემა საქართველოს მოქალაქეებზე მათი საქართველოდან გასვლის, საზღვარგარეთ გადაადგილების და საქართველოში შემოსვლის მიზნით.

ამავე კანონის 202 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს მიიღოს პასპორტი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, პასპორტის გაცემის თაობაზე შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვს სრულწლოვან და ქმედუნარიან საქართველოს მოქალაქეს, აგრეთვე არასრულწლოვნის წარმომადგენელს. მე-8 პუნქტის თანახმად, არასრულწლოვანზე ან მხარდაჭერის მიმღებზე პასპორტი გაიცემა მისი კანონიერი წარმომადგენლის ან მხარდამჭერის სანოტარო წესით დამოწმებული, სააგენტოს უფლებამოსილი პირის ან საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით გამოხატული, წერილობითი თანხმობის ან საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გამოხატული თანხმობის საფუძველზე. ხოლო მე-81 პუნქტის თანახმად, ერთ-ერთი მშობლის ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესით გამოხატული თანხმობა საკმარისია, თუ: ა) მეორე მშობელი იძებნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით; ბ) მეორე მშობელი გარდაცვლილია ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია; გ) მეორე მშობლის მძიმე ავადმყოფობის გამო შეუძლებელია ნების გამოხატვა, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით; დ) არასრულწლოვანი 16 წელს მიღწეულია; ე) არასრულწლოვანს არ ჰყავს მეორე კანონიერი წარმომადგენელი; ვ) პასპორტის გაცემას არსებითი მნიშვნელობა აქვს არასრულწლოვნის უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის, მეორე მშობლისაგან თანხმობის მიღება ვერ ხერხდება მასთან კავშირის დამყარების შეუძლებლობის გამო და, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ის არ იქნება თანხმობის გაცემის წინააღმდეგი.

ამდენად, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს კანონით მინიჭებული აქვს უფლება ჰქონდეს პასპორტი და ეს უფლება რაიმე პირობაზე, მათ შორის, ასაკზე, დამოკიდებული არ არის. თუმცა, არასრუწლოვანის მიერ ამ უფლების რეალიზებისთვის აუცილებელია ორივე მშობლის მიერ გამოხატული თანხმობა.

მოცემულ შემთხვევაში, ბავშვებისათვის პასპორტის აღების თაობაზე თანხმობის გაცემაზე უარს აცხადებს მოპასუხე. მისი უარი მოტივირებულია იმით, რომ არ სურს ბავშვებმა დატოვონ საქართველო. მოსარჩელეს კი სურს გაიყვანოს ბავშვები რუსეთი ფედერაციაში, დაბრუნების ვალდებულებით.

,,საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან დროებითი გასვლის და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაუშვებელია საქართველოდან 16 წლამდე ბავშვის, აგრეთვე ქმედუუნარო პირის დროებითი გასვლა მისი კანონიერი წარმომადგენლის უნებართვოდ და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლების გარეშე. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, არასრულწლოვანი ან ქმედუუნარო პირის საქართველოდან დროებითი გასვლის საკითხზე კანონიერ წარმომადგენელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავა გადაწყდება სასამართლოს წესით.

ამდენად, ამ შემთხვევაშიც, თუ მშობლები ვერ შეთანხდნენ არასრუწლოვანი შვილისათვის პასპორტის აღებასა და მის საქართველოდან დროებით გასვლაზე, გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოპასუხეს შექმნილი აქვს სხვა ოჯახი, ბავშვები აღსაზრდელად იმყოფებიან მოსარჩელის ოჯახში. გასათვალისწინებელია, რომ ბავშვებს დედასთან ურთიერთობა არ აქვთ. ეს კიდევ უფრო ზრდის მამის მნიშვნელობას მათთვის.სასამართლოში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა მოპასუხის პოზიცია, რომ მას მოსარჩელე არ აძლევს ბავშვებთან ურთიერთობის უფლებას.

 

რაც შეეხება მოპასუხის ვარაუდს, რომ მოსარჩელე სამუდამოდ წაიყვანს ბავშვებს საქართველოდან, სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა მხარეებისათვის, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებულია მისი იძულებით აღსრულება. ასევე გათვალისწინებულია სანქციები კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შეუსრულებლობისათვის. აქედან გამომდინარე, თითოეულ მხარეს აქვს სამართლებრივი მექანიზმები იმ შემთხვევისათვის, თუ გადაწყვეტილება არ სრულდება.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნა---- მი------ს სარჩელი მშობლის უფლების შეზღუდვის ნაწილში, კერძოდ არასრულწლოვანი ბავშვებისათვის პასპორტის მიღების და საზღავარგარეთ პერიოდულად გაყვანის თაობაზე დედის თანხმობის გაცემის ნაწილში, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ მითითებული მოთხოვნების ნაწილში მოსარჩელემ სრულად ცნო სასარჩელო მოთხოვნა, რაც ასევე ადასტურებს მოცემულ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას.

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. საქართველოს სსკ-ის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

„ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უმთავრესად ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.

საქართველოს სსკ-ის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და მისთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. ამასთან, შესაძლებლობის ფარგლებში ბავშვს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას. ამგვარი პირობები მოიცავს როგორც შვილის სრულფასოვანი კვებით, ჰიგიენით, დასვენებით უზრუნველყოფას, ისე მის განათლებას და ა.შ. თუმცა თანხის ოდენობა იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ არც ალიმენტვალდებული პირი აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში.

კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენისათვის აუცილებელ მინიმალურ, ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი, სარჩენი ბავშვის ასაკი, მისი საჭიროებანი, ალიმენტის გადამხდელი მშობლის სხვა შვილის (შვილების) არსებობა.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისათვის სასამართლო ითვალისწინებს როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის შემოსავლის ოდენობასა და სტაბილურობას, ასევე სხვა აუცილებელ ხარჯებს და მიაჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მშობლებისა და შვილების მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვნების რჩენა-აღზრდისათვის, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე არის სრულიად ჯანმრთელი და შრომისუნარიანი, სასამართლოს მიაჩნია, რომ აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, გონივრული და სამართლიანი იქნება 100 ლარის ოდენობით ალიმენტის მოპასუხისათვის დაკისრება,თითოეული ბავშვისათვის, რომლის გადახდაც მოპასუხეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, უნდა დაეკისროს სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა, განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სარჩელზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე სრულად ცნო სარჩელი - მშობლის უფლების შეზღუდვის ნაწილში, შესაბამისად აღნიშნულ ნაწილში მხარეები სრულად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამასთანავე მოსარჩელემ უარი თქვა სასარჩელო მოთხოვნაზე უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ, ამდენად მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟს სახით გადახდილი თანხა 220 ლარი. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწიულობრივ, მოპასუხეს დაეკისრა ალიმენტის გადახდა 100-100 ლარის ოდენობით, თითოეულ ბავშვზე. ამდენად მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 36 ლარის გადახდა სახელმწიფო ბაჟის სახით დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, , 49-ე, 208-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. მოსარჩელე ნა---- მი------ს სარჩელი მოპასუხე მი----- ალ----ს მიმართ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე მი----- ალ----ს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არასრულწლოვნების ნი----- მი------ს (დაბ. 23.09.2008 წ) და გი----შ მი------ს(დაბ. 07.09.2013 წ) მიმართ, რუსეთის მოქალაქის პასპორტის მიღებაზე თანხმობის გაცემის, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებებთან ურთიერთობის ნაწილში, ასევე ბავშვების საზღვარგარეთ გაყვანაზე თანხმობის გაცემის ნაწილში.

 

3. ნა---- მირიევს ბავშვების სრულწლოვანებამდე, უფლება მიეცეს არასრულწლოვანი შვილები - ნი----- მი------ (დაბ. 23.09.2008 წ) და გი----შ მი------(დაბ. 07.09.2013 წ) გაიყვანოს საზღვარგარეთ, ყოველწლიურად, საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის დაწყების პერიოდიდან სასწავლო პროცესის დასრულებამდე და სასკოლო არდადეგების პერიოდში დააბრუნოს საქართველოში.

 

4. მოპასუხე მი----- ალ----ს დაეკისროს თავისი არასრულწლოვანი შვილების - ნი----- მი------ს (დაბ. 23.09.2008 წ) და გი----შ მი------ს (დაბ. 07.09.2013 წ) რჩენისათვის დაეკისროს ალიმენტის გადახდა, თითოეულ ბავშვზე 100 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტოდან 2019 წლის 18 ოქტომბრიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე ან ვითარების სხვაგვარად შეცვლამდე.

 

5. მოსარჩელე ნა---- მირიევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 220 ლარი (გადახდის თარიღი: 01.10.2019 წელი, სახაზინო კოდი 300093150, საგადახდო დავალება N 8489594783);

 

6. მოპასუხე მი----- ალ----ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 36 ლარის გადახდა.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე პაატა ფხალაძე