გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმეN 4-----------------
N2/--20
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19.03.2020 წ. ქ. ყვარელი
შესავალი ნაწილი
ყვარლის მაგისტრატი სასამართლო
მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე
სხდომის მდივანი ალიკა ლეგაშვილი
მოსარჩელე - თე- ჯა-----–--ლი;
წარმომადგენელი - ბი---- პა-----–--ლი;
მოპასუხეები - სი----- ჯა-----–--ლი, სს ,,სა---------–--------ი’’;
წარმომადგენელი - ქეთევან იაშვილი;
მესამე პირი - აღსრულების ეროვნული ბიუროს კა------ სააღსრულებო ბიურო;
დავის საგანი - ყადაღისაგან ქონების განთავისუფლება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. აღსრულების ეროვნული ბიუროს კა------ სააღსრულებო ბიუროს NA---------------- საქმეზე 2019 წლის 19 ნოემბერს მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებული ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.
1) მოსარჩელეს საკუთრებაში გააჩნია: 1. ტელევიზორი, შავი ფერის პლაზმური, 2. ტოშიბას ფირმის ორკარიანი მაცივარი; 3. ვესტელის ფირმის თეთრი ფერის სარეცხის მანქანა.
რომლებიც მისი შეძენლია. მაცივარი იყიდა მიკროსაფინასო კრედოსთან გაფორმებული განვადების ხელშეკრულების საშუალებით. მოწმეებით დაადასტურებს, რომ ტელევიზორი და სარეცხის მანქანაც მისი ნაყიდია და არ წარმოადგენს მოპასუხე სი---- ჯა-----–--ლის საკუთრებას.
მოსარჩელე ითხოვს მისი კუთვნილი ნივთების ყადაღისაგან განთავისუფლებას.
2. მოპასუხეთა პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა სი---- ჯა-----–--ლმა და სს ,,სა---------–--------ი’’-ს წარმომადგენელმა სარჩელი სცნო სრულად.
რაც შეეხება მესამე პირს აღსრულების ეროვნული ბიუროს კა------ სააღსრულებო ბიუროს წარმომაგენელმა არც შესაგებელი წარმოადგინა და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა, თუმცა მისთვის ცნობილი იყო სხდომის ადგილი და დრო.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მხარეებს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დაუსახელებიათ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
1) 3.2.1. აღსრულების ეროვნული ბიუროს კა------ სააღსრულებო ბიუროს NA---------------- საქმეზე 2019 წლის 19 ნოემბერს მოხდა ყვარლის რაიონის სოფელ ენისელში მდებარე საცხოვრებელ სახლში არსებული შემდეგი ნივთების დაყადაღება: 1. ტელევიზორი, შავი ფერის პლაზმური -400 ლარ;, 2. ტოშიბას ფირმის ორკარიანი მაცივარი -300 ლარი; 3. ვესტელის ფირმის თეთრი ფერის სარეცხის მანქანა -250 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2019 წლის 19 ნოემბერის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი N161940;
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი.
3.2.3. 2019 წლის 19 ნოემბერის აღსრულების ეროვნული ბიუროს კა------ სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ თა---- და-----–--ლის მიერ მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებული ქონება წარმოადგენს თე- ჯა-----–--ლის საკუთრებას.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, კანონმდებელმა ერთის მხრივ განსაზღვრა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტი, ხოლო მეორეს მხრივ დაადგინა მტკიცებულებათა დასაშვებობის კრიტერიუმები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მტკიცებულებათა წარმოდგენის მოვალეობას მტკიცების საგანაში შემავალი ფაქტის დასადგენად, კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილი და მოსახერხებელია. მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომელთა საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტების არსებობის ვარაუდის შესახებ, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთ ვარაუდს გააქარწყლებენ _ დაკისრებული აქვს მოპასუხეს. ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა დაამტკიცოს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე. ფაქტები, რომლებიც ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, უნდა დაამტკიცოს მოპასუხემ, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელე თავისუფალია ამ ფაქტების დამტკიცებისაგან. მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ სარჩელებზე მტკიცების ტვირთის განაწილების წესი განსაზღვრულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტით, რომლის თანახმადაც, ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ სარჩელზე მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს.
მოსარჩელემ თე- ჯა-----–--ლმა წარმოადგინა დოკუმენტები, რომლებითაც დასტურდება, რომ დაყადაღებული ნივთები მისი შეძენილია და წარმოადგენს მის საკუთრებას.
2) აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ დაყადაღებული მოძრავი ნივთები, კერძო: 1. ტელევიზორი, შავი ფერის პლაზმური; 2. ტოშიბას ფირმის ორკარიანი მაცივარი ; 3.ვესტელის ფირმის თეთრი ფერის სარეცხის მანქანა - თე- ჯა-----–--ლის საკუთრებაა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელემ შეძლო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც უტყუარად დასტურდებოდა სადავო ნივთებზე მისი საკუთრების უფლება. ასეთ პირობებში, საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი გადავიდა მოპასუხეებზე, რომლებმაც სარჩელი სცნეს სრულად და დაადასტურეს მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად კი ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია რა, რომ 2019 წლის 19 ნოემბერს აღსრულების ეროვნული ბიუროს კა------ სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ თა---- და-----–--ლის მიერ მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებული ქონება არ წარმოადგენს სი---- ჯა-----–--ლის საკუთრებას და ეკუთვნის თე- ჯა-----–--ლს. ამდენად სასა----თლო თვლის რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და სადავო ნივთები უნდა გათავისუფლდნენ ყადაღისაგან.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლი, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლი
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე.
სასამართლო განმარტავს, რომ მოძრავი ნივთების ცნებას სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა, რის გამოც მოქმედებს ვარაუდი, რომ ყველა ნივთი მოძრავია, რომელიც არაა უძრავი. სადავო ნივთები შეძენილია და მათზე მფლობელობას ახორციელებდა მოსარჩელე, რაც ზემოთ მითითებულ მტკიცებულებათა გათვალისწინებით, ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლებას ადასტურებს.
შესაბამისად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ დაყადაღებული ნივთები მოსარჩელის საკუთრებაა.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეებმა სარჩელი სცნო საქმის მოსამზადებელ ეტაპზე, შესაბამისად ისინი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლბული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი სარჩელისათვის - 50 ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეებმა სარჩელი სცნეს მოსამზადებელ ეტაპზე, მხარეები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და მოსარჩელეს გადახდილი ბაჟი უნდა დაუბრუნდეთ სახელმწიფო ხაზინიდან.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. მოსარჩელე თე- ჯა-----–--ლის (პ/ნ 4----------), მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
1) 2. ყადაღისგან განთავისუფლდეს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს კა------ სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 19 ნოემბრის აქტით დაყადაღებული და ყვარლის რაიონის სოფელ ენისელში მდებარე თე- ჯა-----–--ლის (პ/ნ 4----------) საცხოვრებელ სახლში განთავსებული შემდეგი მოძრავი ნივთები: 1. ტელევიზორი, შავი ფერის პლაზმური, 2. ტოშიბას ფირმის ორკარიანი მაცივარი; 3. ვესტელის ფირმის თეთრი ფერის სარეცხის მანქანა.
3.მოსარჩელე თე- ჯა-----–--ლს (პ/ნ 4----------)დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარი. (გადამხდელი ბი---- პა-----–--ლი პ/ნ 4----------- გადახდის ქვითარი N2-------, გადახდის თარიღი 16.12.2019წ. ბანკი- სს ,,ლიბერთი" სახაზინო კოდი 300563150)
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ასლის მხარეებისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 5-ე პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ყვარლის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე