განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/5892-14
(№------------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
თბილისი 30 იანვარი, 2020 წელი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - გიორგი არევაძე
სხდომის მდივანი - ლალი ფაჩულია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - კ--------------–-–--ა,დაცვის მხარე:
ბრალდებული - ე-------–---–-----ე (საქართველოს მოქალაქე, პ--------------, დაბადებული: 1----–-–----------------–ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბ------------–--------------------------ში).
ბრალდებული - ლ-----------------ე (საქართველოს მოქალაქე, პ--------------, დაბადებული: 1----–-–----------------–ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: შ----------------–-------–---–--ი, ფაქტობრივად მცხოვრები: ხ--–----------------------------–----------–---–ი).
ადვოკატი - ე-------------ე,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილი.
დისპოზიცია: სამსახურებრივი გულგრილობა, ესე იგი მოხელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. ე-------–---–-----ეს და ლ-----------------ეს ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ბრალი დაედოთ მასში, რომ:
1.1. 2014 წლის 2 აგვისტოს, დაახლოებით 08:00 საათზე, საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ა-----------------------------–-----------–--------------–-----------–----------------------–-------------–--------------- პატრულ-ინსპექტორების ე--------------------–---–-----ისა და ლ-------------------------------ის მიერ სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის დადგენილი წესების დარღვევისათვის (სატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე დამაგრებული სახელმწიფო სანომრე ნიშნით მართვა), თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით ,------––-------- თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ნომრით 0------, შეჩერებულ იქნა თ---------------ში. ე-------–---–-----ე და ლ-----------------ე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 122-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, ვალდებულნი იყვნენ თ---------------ში დაეჯარიმებინათ 100 ლარით, მათ სამსახურებრივი გულგრილობით, არ შეასრულეს სამსახურებრივი მოვალეობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია და სატრანსპორტო საშუალების მძღოლი თ---------------ში არ დააჯარიმეს.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, უტყუარად ვერ დადასტურდა ე-------–---–-----ისა და ლ-----------------ის მიერ სამსახურებრივი გულგრილობა, სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.2. ბრალდების მხარემ ე-------–---–-----ისა და ლ-----------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდებების დასადასტურებლად სასამართლოს წარმოუდგინა შემდეგი მტკიცებულებები: მოწმეების - თ---------------შის, კ------------–--ის, დ--------------ის, ი-----–-------------ის, ს---–-------–--–ის, მ----------–--ას, გ-----------------ის, ზ-----------–-–---–ისა და ლ----------ას, ჩვენებები, შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქცია, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმი და ექსპერტიზის დასკვნები. საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები ე-------–---–-----ისა და ლ-----------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდების დადასტურების/უარყოფის თვალსაზრისით რელევანტური არ არის და, შესაბამისად, სასამართლო მათ შინაარსზე ყურადღებას არ შეაჩერებს.
3.3. სასამართლომ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე გამოიკვლია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა ისინი საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად ვერ დადასტურდა განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:
3.4. მოწმე თ---------------შმა სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2014 წლის 2 აგვისტოს, თურქეთიდან მიდიოდა ბათუმის მიმართულებით, რა დროსაც ავტომანქანით (სახელმწიფო N-------) გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. საზღვრის გადმოკვეთისას მივიდა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან, სადაც პოლიციამ ჰკითხა სად ჰქონდა ავტომანქანის სახელმწიფო ნომერი და უთხრა, რომ ვინაიდან ავტომანქანის სანომრე ნიშანი ჰქონდა საქარე მინაზე საზღვრის გადაკვეთის შემდგომ დააჯარიმებდა საპატრულო პოლიცია. მოწმის განმარტებით, პოლიციამ აღნიშნულის შესახებ აცნობა სხვა ეკიპაჟს. იგი გადმოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე, რა დროსაც გააჩერა საგზაო პოლიციამ და უთხრა, რომ ვინაიდან სანომრე ნიშანი იყო მინაზე და არა შესაბამის ადგილას, იგი უნდა დაჯარიმებულიყო 200 ლარით, მან იუარა და შემდგომ უთხრეს, რომ 100 ლარით დაჯარიმდებოდა, ისევ იუარა და ბოლოს პოლიციის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ მათ გაჰყოლოდა. საპატრულო პოლიცია ავტომობილით მის წინ წავიდა და ისიც გაჰყვა. შემდგომ გაჩერდა ავტომობილი, ის მათთან მივიდა და პოლიციამ მოსთხოვა 50 ლარი, უპასუხა, რომ ლარი არ ჰქონდა და ჯიბეში მხოლოდ 50 თურქული ლირა ედო, აღნიშნული თანხა პოლიციის თანამშრომელმა გამოართვა და შემდეგ უთხრა, რომ ტერიტორია დაეტოვებინა. პატრულ-ინსპექტორის (ე-------–---–-----ის) მეწყვილეც ავტომანქანაში იჯდა და ხედავდა ყველაფერს, თუმცა არაფერი უთქვამს. მოწმის განმარტებით, ქართული ცუდად ესმის, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ნაწილობრივ თურქულად და ნაწილობრივ ქართულად ესაუბრებოდა. მისი საუბარი ზედმიწევნით არ ესმოდა, თუმცა მიხვდა რაზეც ესაუბრებოდა. ამ ყველაფრის შემდგომ შეხვდა ქართველი პოლიციელი ი-----–-, რომელსაც მოუყვა მომხდარის შესახებ და ჰკითხა ქვითარი უნდა მიეცათ თუ არა მისთვის, მან უპასუხა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ფული ხელზე არ უნდა გამოერთმიათ და საჯარიმო ქვითარი უნდა გამოეწერათ. ი-----–-მ გადარეკა სადღაც, მასთან მივიდნენ სხვა პოლიციის თანამშრომლები და წაიყვანეს განყოფილებაში. მოწმის განმარტებით ი-----–-ს თურქულ ენაზე ესაუბრებოდა, მისი გვარი არ ახსოვს.
3.5. მოწმე კ------------–--ემ განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ა-----------------------------–-----------–--------------–--------------- თანამდებობაზე. მოწმის განმარტებით, მის დაქვემდებარებაშია ორი სახაზო-საპატრულო განყოფილება, პ------–----------------------------------–---ი. 2014 წლის 1 აგვისტოს 22:00 საათიდან ამავე წლის 02 აგვისტოს 10:00 საათამდე, სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან იმყოფებოდა საპატრულო ეკიპაჟი პატრულ-ინსპექტორების - ე-------–---–-----ისა და ლ-----------------ის შემადგენლობით. იგი იყო ბრალდებულების უშუალო უფროსი, რომლის ვალდებულებაშიც შედიოდა მათი საქმიანობის კონტროლი. მოწმის განმარტებით, საქარე მინაზე დამაგრებული სანომრე ნიშნის არსებობის შემთხვევაში მძღოლი ჯარიმდება 100 ლარით, შესაბამისად პატრულ-ინსპექტორები ვალდებულები იყვნენ საჯარიმო ქვითარი გამოეწერათ სამართალდარღვევისათვის. პატრულ-ინსპექტორებს უფლება აქვთ ოც-მეთაურთან შეთანხმებით სამართალდამრღვევი პირის მიმართ გამოიყენონ მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება, თუმცა ამის თაობაზე ნებართვა ოც-მეთაურისგან უნდა აიღონ, ხოლო ოც-მეთაური კი, თავისი უშუალო უფროსისგან იღებს ნებართვას. აღნიშნული ან მსგავსი სამართალდარღვევის ფაქტზე, რომ დაკავშირებოდა ოც-მეთაური და აეხსნათ სიტუაცია იგი მიუთითებდა, რომ მიეღოთ შესაბამისი ზომები და მძღოლი დაეჯარიმებინათ. 2014 წლის 2 აგვისტოს აღნიშნულ საკითხზე მას არავინ დაკავშირებია და არ უკითხავთ შეეძლოთ თუ არა აღნიშნულ სამართალდარღვევაზე გამოეყენებინათ სიტყვიერი გაფრთხილება. ასევე არავინ დაკავშირებია, რომ შემთხვევის დღეს საერთო ქსელში ან რომელიმე ავტომანქანის კომპიუტერში არ იყო ინტერნეტი. სარფის გამშვებ პუნქტთან ინტერნეტის მიწოდება არის, თუმცა დაახლოებით 100 მეტრის მოშორებით არის ტერიტორია, სადაც არ იჭერს ინტერნეტი. იმ შემთხვევაში, თუ ინტერნეტი არ იჭერს საპატრულო ეკიპაჟი უნდა გადაადგილდეს იქ სადაც იჭერს ინტერნეტი, რის თაობაზეც ნებართვა უნდა აიღონ და შეატყობინონ ოც-მეთაურს. ოც-მეთაურს უფლება აქვს მობილური ტელეფონის მეშვეობით შეამოწმოს ინფორმაცია. მოწმის განმარტებით, პატრულ-ინსპექტორებს პრაქტიკიდან გამომდინარე მხოლოდ უმნიშვნელო დარღვევებზე შეუძლიათ გამოიყენონ სიტყვიერი გაფრთხილება. მითითება კონკრეტულ მუხლებთან დაკავშირებით, რომლებზეც შეიძლება გამოყენებულ იქნეს სიტყვიერი გაფრთხილება არ არსებობს.
3.6. მოწმე ს---–-------–--–მა განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ა-----------------------------–-----------–--------------–-----------–----------------------–-------------–------------–----–----–-------------- თანამდებობაზე. 2014 წლის 1 აგვისტოს 22:00 საათიდან ამავე წლის 02 აგვისტოს 10:00 საათამდე, სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან იმყოფებოდა საპატრულო ეკიპაჟი პატრულ-ინსპექტორების - ე-------–---–-----ისა და ლ-----------------ის შემადგენლობით. მოწმის განმარტებით, საქარე მინაზე დამაგრებული სანომრე ნიშნის არსებობის შემთხვევაში მძღოლი ჯარიმდება 100 ლარით, შესაბამისად, პატრულ-ინსპექტორები ვალდებულები იყვნენ საჯარიმო ქვითარი გამოეწერათ სამართალდამრღვევისათვის. პატრულ-ინსპექტორებს უფლება აქვთ ოც-მეთაურთან შეთანხმებით უმნიშვნელო სამართალდარღვევაზე პირის მიმართ გამოიყენონ მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება. რა შეიძლება ჩაითვალოს უმნიშვნელო სამართალდარღვევად ჩამონათვალი არ არსებობს, ეს იყო მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმება. ხელმძღვანელობა პატრულ-ინსპექტორებს მუდმივად აფრთხილებდა, რომ უშუალო ხელმძღვანელის გარეშე არ მიეღოთ გადაწყვეტილებები. მოწმის განმარტებით, ბრალდებულები მას უნდა დაკავშირებოდნენ. საქარე მინაზე დამაგრებული სანომრე ნიშნით მოძრაობა არ არის უმნიშვნელო სამართალდარღვევა, რადგან აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს 100 ლარიან ჯარიმას. ბრალდებულებს სამართალდარმღვევისათვის სიტყვიერი გაფრთხილების მიცემის საკითხი მასთან არ შეუთანხმებიათ და მოქმედებდნენ ინდივიდუალურად. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულის თაობაზე მას დაუკავშირდებოდნენ ბრალდებულები, ის ამის თაობაზე მის უშუალო ხელმძღვანელს შეატყობინებდა და თავად არ მიიღებდა გადაწყვეტილებას. ბრალდებულები ასევე, არ დაკავშირებიან 2014 წლის 2 აგვისტოს ინტერნეტის არ ქონის გამო. იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილში არ არის ინტერნეტი მაშინ პატრულ-ინსპექტორები ვალდებულნი არიან აღნიშნულის თაობაზე შეატყობინონ უშუალო უფროსს - ოც-მეთაურს, რომელიც შესაბამის სამსახურებს შეატყობინებს, ხოლო მაშინ, როდესაც პატრულ ინსპექტორებს შეჩერებული ჰყავთ სამართალდამრღვევი, ისინი უნდა დაუკავშირდნენ ოც-მეთაურს, რომელსაც უფლება აქვს მობილურის მეშვეობით (,---------- დახმარებით) შეამოწმოს პირის მონაცემები. მოწმის განმარტებით, 2014 წლის 2 აგვისტოს მას მობილური ტელეფონი სულ ჩართული ჰქონდა და ზემოაღნიშნული საკითხების თაობაზე ბრალდებულები არ დაკავშირებიან. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ სარფის გამშვებ პუნქტთან ინტერნეტი ზოგადად იჭერს, თუმცა არის გარკვეული ადგილები, სადაც არც ინტერნეტი და არც მობილური ტელეფონი არ იჭერს.
3.7. მოწმე ი-----–-------------ემ განმარტა, რომ მუშაობს შს სამინისტროს გ-------–------------–-------------------------–----–-------------- განყოფილებაში. 2014 წლის 2 აგვისტოს, გენერალურ ინსპექციას მიმართა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე თ---------------შმა, რომელმაც განმარტა, რომ საქარე მინაზე დამაგრებული სანომრე ნიშნით მოძრაობის გამო საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა საჯარიმო ქვითრის გამოწერის გარეშე გამოართვეს ფულადი თანხა - 50 ლირის ოდენობით. განცხადების შემდგომ, მან მოწმის სახით დაკითხა აღნიშნული პირი. მოწმის განმარტებით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მან ჩაატარა არაერთი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება, რომლის კანონთან შესაბამისობაც დაადასტურა ჩვენების მიცემისას.
3.8. გამომძიებლებმა დ--------------ემ სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მის მოვალეობაში შედის ა-----------------------------–--ს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებში არსებული ბორტკომპიუტერების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა. 2014 წლის 2 აგვისტოს, იყო თუ არა ქსელური პრობლემა არ ახსოვს. თითოეული ეკიპაჟი გარდა ბორტკომპიუტერისა, აღჭურვილია ვიდეო-კამერით, რომელიც დამოუკიდებლადაა დაკავშირებული კომპიუტერთან და არ საჭიროებს ინტერნეტს ჩანაწერის განსახორციელებლად.
3.9. მოწმეებმა მ----------–--ამ და ლ----------ამ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს მათ მიერ (მათი მონაწილეობით) ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.
3.10. 2014 წლის 5 აგვისტოს სათვალთვალო ვიდეო-კამერების ჩანაწერების დათვალიერების ოქმის თანახმად, საქართველოს შს სამინისტროს გ-------–------------–-------------------------–----–-------------- გამომძიებელ ი-----–-------------ის მიერ, დ--------------ის მონაწილეობით დათვალიერებულ იქნა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ა-----------------------------–--ს ბალანსზე არსებული ,,შკოდას’’ მარკის საპატრულო ავტომანქანის სახელმწიფო ნომრით F------, ბორტკომპიუტერისა და ვიდეო სათვალთვალო კამერის 2014 წლის 2 აგვისტოს 08:00 საათიდან დაფიქსირებული ჩანაწერი.
3.11. 2014 წლის 9 ოქტომბრის ვიდეოჩანაწერის დათვალიერების შესახებ ოქმის თანახმად, კადრში ჩანს როგორ შემოდის ,,სარფის’’ სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან ,------------ის’’ ფირმის, თეთრი ფერის ავტომანქანა - მიკროავტობუსი, რომელიც ჩერდება გამშვები პუნქტიდან დაახლოებით 10 მეტრში. მძღოლი გადმოდის და მიდის საპატრულო პოლიციის ავტომანქანასთან, შემდგომ ბრუნდება იღებს გარკვეულ ნივთს (სავარაუდოდ დოკუმენტებს) და აწვდის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს. ვიდეოჩანაწერში დოკუმენტების დაბრუნების ფაქტი არ ჩანს. შემდგომ მძღოლი ბრუნდება, თავდაპირველად მოძრაობას იწყებს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელსაც უკან მიჰყვება მიკროავტობუსი.
3.12. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2014 წლის 10 ოქტომბრის ექსპერტის N----- დასკვნის თანახმად, სს N------------ საქმესთან დაკავშირებით, გამოსაკვლევად წარდგენილ დისკზე არსებულ N1 კამერის მიერ შესრულებული ვიდეოგრამიდან სახელწოდებით: ,,Camera1_20140802080203_20140802080823_364491’’, 00:00:39 სთ-ზე ამოღებულ ფოტოსურათზე და N8 კამერის მიერ შესრულებული ვიდეოგრამიდან სახელწოდებით: ,,Camera1_20140802080203_20140802080823_364491’’, 00:00:07 სთ-ზე ამოღებულ ფოტოსურათებზე დაფიქსირებულ ავტომანქანაზე არსებული სახელმწიფო ნომრის გამოსახულება იდენტიფიკაციისათვის ვარგისია და იკითხება სიმბოლოები - ,-------------
3.13. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ზ-----------–-–---–მა.
3.14. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2014 წლის 10 ოქტომბრის ექსპერტის N------ დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი ვიდეოგრამები არ წარმოადგენს ავთენტურ ჩანაწერს. აღნიშნული ვიდეოგრამები ერთი მთლიანია; მასში არ დაფიქსირებულა ჩანაწერის მთლიანობის დარღვევის რაიმე ნიშანი; წყვეტა, შერჩევითი ჩაწერა, ხარვეზები, გამოსახულების შეყოვნებები, კადრის გაუმართლებელი ცვლილებები, კადრების გადაფარვა სხვა გამოსახულებებით და ა.შ.
3.15. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ-----------------ემ.
3.16. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა ე-------–---–-----ემ განმარტა, რომ 2014 წლის 2 აგვისტოს, მეწყვილესთან - ლ-----------------ესთან ერთად სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. დაახლოებით დილის 08:00 საათზე, საბაჟო პატრულის თანამშრომელმა შეატყობინა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე შემოდიოდა თურქეთის მოქალაქე, რომელსაც სანომრე ნიშანი მოთავსებული ჰქონდა ავტომობილის საქარე მინაზე. შეტყობინების მიღების შემდეგ მისმა მეწყვილემ გადატვირთა ბორტკომპიუტერი და ნახა, რომ სერვერი (ინტერნეტი) არ მუშაობდა. აღნიშნული ავტომობილი საქართველოს ტერიტორიაზე, შეტყობინებიდან 5-10 წუთში შემოვიდა, მოსთხოვეს, რომ მანქანა შეეჩერებინა. მძღოლმა ავტომანქანა გააჩერა, ჟესტიკულაციით მიანიშნა, რომ ნომერი დაემაგრებინა და ისე გაეგრძელებინა მოძრაობა. გააგრძელეს მოძრაობა და დაინახეს, რომ აღნიშნული მანქანა კვლავ მოძრაობა. კვლავ შეაჩერეს ავტომობილი, მათთან მივიდა აღნიშნული მოქალაქე, კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ ნომერი დაემაგრებინა წესისამებრ, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვერ შევიდოდა ბათუმში. თურქეთის მოქალაქე გაბრუნდა და ავტომანქანაზე სანომრე ნიშნის დამაგრება დაიწყო. ბრალდებულის განმარტებით, მას თურქული არ ესმის, მძღოლს ქართული ნაწილობრივ ესმოდა. თურქეთის მოქალაქესთან კომუნიკაცია ქართულად და ჟესტიკულაციით დაამყარა. ბრალდებულის განმარტებით, დადგენილ პრაქტიკას წარმოადგენს ის გარემოება, რომ შესაძლებლობა აქვთ გამოიყენონ დისკრეციული უფლებამოსილება და უმნიშვნელო ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ფაქტზე გამოეყენებინათ შენიშვნა. ბრალდებულმა დამატებით განმარტა, რომ სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე მუდმივად იყო პრობლემა ქსელთან დაკავშირებით. გარდა ინტერნეტის პრობლემებისა ასევე არ იჭერდა მობილური ტელეფონები.
3.17. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა ბრალდებულმა ლ-----------------ემ, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმის სახით ჩვენების მიცემის დროს. ბრალდებულმა დამატებით განმარტა, რომ შემოსვლის მომენტში ბრალდებულის მოქმედება წარმოადგენდა სამართალდარღვევას, თუმცა იგი ადგილზევე აღმოიფხვრა. სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე მუდმივად იყო პრობლემა ქსელთან დაკავშირებით. ანალოგიური პრობლემა შეექმნათ იმ დროს როდესაც, თურქეთის მოქალაქემ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი, რითაც შეუძლებელი გახდა მისთვის საჯარიმო ქვითრის გამოწერა.
3.18. დაცვის მხარის მოწმე ი-–------–-–მა განმარტა, რომ 2014 წლის 2 აგვისტოს, ე-------–---–-----ესა და ლ-----------------ეს დაეხმარა და თ---------------შის თურქულ ენაზე უთარგმნა ბრალდებულების მიერ მიწოდებული ინფორმაცია, თუმცა კონკრეტულად რა უთარგმნა არ ახსოვს. მოწმის განმარტებით, ბრალდებულებს ხშირად დახმარებია კომუნიკაციის დამყარებაში თურქეთის მოქალაქეებთან, რადგან ე-------–---–-----ემ და ლ-----------------ემ თურქული ენა არ იცოდნენ.
3.19. დაცვის მხარის მოწმე ჯ--------------ემ განმარტა, რომ იგი ბრალდებულებს არაერთხელ დახმარებია თურქეთის მოქალაქეებთან კომუნიკაციის დამყარებაში (უთარგმნიდა საუბარს), რადგან ე-------–---–-----ემ და ლ-----------------ემ არ იცოდნენ თურქული ენა.
3.20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტებით, სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის №230აპ-13 განაჩენი, პუნქტი 4.1.2.)
3.21. სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს იხილავს, ბრალდებულის დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობაზე მსჯელობს და ქმედებას სამართლებრივად აფასებს სწორედ ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ინკრიმინირებული ქმედების აღწერა. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე ე-------–---–-----ესა და ლ-----------------ეს ედავება სამსახურებრივ გულგრილობას. სასამართლო აფასებს თ---------------შის ჩვენებას და განმარტავს, რომ მოწმე ჩვენების მიცემისას საუბრობდა პატრულ-ინსპექტორების მიერ თანხის აღების ფაქტზე. აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარე ბრალდებულებს ედავება სამსახურებრივ გულგრილობას და არა ქრთამის აღებას და მოწმის მიერ გაკეთებული განმარტებები რაიმე სხვა მტკიცებულებით არ დასტურდება შესაბამისად, სასამართლო იმსჯელებს და მტკიცებულებებს შეაფასებს მხოლოდ ბრალდებულებისათვის ბრალად წარდგენილი ქმედების ფარგლებში.
3.22. სასამართლოს თავდაპირველად მიზანშეწონილად მიაჩნია შეაფასოს ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები და განმარტოს თუ რა ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების შესაძლებლობას იძლევა საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე თანასწორობისა და შეჯიბრობითობის პრინციპის საფუძველზე გამოკვლეული მტკიცებულებები, კერძოდ: მოწმეთა ჩვენებებით უტყუარად დასტურდება, რომ ე-------–---–-----ე და ლ-----------------ე იყვნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ა-----------------------------–-----------–--------------–-----------–------------–------------–----–----–-- პატრულ-ინსპექტორები. ბრალდებულები 2014 წლის 1 აგვისტოს 08:00 საათიდან ამავე წლის 2 აგვისტოს 10:00 საათამდე პერიოდში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან. 2014 წლის 2 აგვისტოს, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით (ნომრით 0------), გადმოკვეთა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე თ---------------შმა. ექსპერტიზის დასკვნითა და ვიდეო-ჩანაწერებით ასევე უტყუარად დასტურდება, რომ აღნიშნულ ავტომობილს, რომელსაც მართავდა თ---------------ში სანომრე ნიშანი დამაგრებული ჰქონდა არა შესაბამისად განკუთვნილ ადგილზე, არამედ საქარე მინაზე, რაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 122-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს სამართალდარღვევას. ასევე უტყუარად დასტურდება, რომ პატრულ ინსპექტორებს ე-------–---–-----ესა და ლ-----------------ეს თ---------------ში საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 122-ე მუხლის 1-ლი ნაწილით არ დაუჯარიმებიათ და სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლნენ. ბრალდებულებისა და მოწმეთა ჩვენებებითაც დასტურდება, რომ ლ-----------------ისა და ე-------–---–-----ის სამოქმედო ტერიტორიაზე - სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მიმდებარედ, მუდმივად იყო სერვერის პრობლემა, არ იჭერდა ინტერნეტი და მობილური ტელეფონები. მოწმეთა - ს---–-------–--–ისა და კ------------–--ის ჩვენებებით დასტურდება, რომ რიგ შემთხვევებში პატრულ ინსპექტორებს, უფლება ჰქონდათ უმნიშვნელო სამართალდარღვევის შემთხვევაში გამოეყენებინათ მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება. ზემოაღნიშნული გარემოებები სადავოდ არც დაცვის მხარეს გაუხდია, უფრო მეტიც ბრალდებულებმა ჩვენების მიცემისას დაადასტურეს აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები.
3.23. სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ სამსახურებრივი გულგრილობა - მათ მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა მათდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, რაზეც სასამართლო დაწვრილებით, გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
4.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77). უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v. Austria, პუნქტი 15).
4.3. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია სამსახურეობრივი გულგრილობისთვის, რომელიც გულისხმობს სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას და გამოიხატება მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის (ასევე სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის) უმოქმედობაში, კერძოდ: პირი არ ასრულებს მასზე სამსახურებრივად დაკისრებულ მოვალეობას, არ იღებს იმ ზომას, რაც უნდა მიეღო თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარე. მოცემულ შემთხვევაში აუცილებელია დადგინდეს, რომ ამ მოქმედების შესრულება მის სამსახურებრივ უფლება-მოვალეობებში შედიოდა. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება სახელმწიფო მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობასა ან არაჯეროვნად შესრულებაში, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო. დანაშაულის შემადგენლობა მატერიალურია, მისი დამთავრებულად ცნობისათვის აუცილებელია ფიზიკური და იურიდიული პირის უფლების ან სხვა კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა.
4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით უტყუარად დადგინდა, რომ ე-------------------ე და ლ-----–---–-----ე მუშაობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ა-----------------------------–-----------–--------------–-----------–-----------–---–-----------–----–----–-- პატრულ-ინსპექტორების თანამდებობაზე. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 15 დეკემბრის N---- ბრძანებით დამტკიცებული ფუნქციონალური მოვალეობებით, ე-------–---–-----ეს და ლ-----------------ეს გააჩნდათ გარკვეული ვალდებულებები, თუმცა ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა განახორციელეს თუ არა ბრალდებულებმა დანაშაულებრივი ქმედება.
4.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედება, რომლის ჩადენასაც ბრალდების მხარე ედავება ე-------–---–-----ეს და ლ-----------------ეს, წარმოადგენს გაუფრთხილებელ დანაშაულს (დაუდევრობით ჩადენილ დანაშაულს). ე-------–---–-----ისა და ლ-----------------ის ქმედების სწორი სამართლებრივი შეფასებისთვის ყურადღება უნდა გამახვილდეს გაუფრთხილებელი დანაშაულის არსზე, განხორციელებულ ქმედებაზე, დამდგარ შედეგსა და მათ შორის მიზეზობრივ კავშირზე.
4.6. საქართველოს სსკ-ის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.
4.7. საქართველოს სსკ-ის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ქმედება დაუდევრობითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული არ ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, არ ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა ამის გათვალისწინება მას ევალებოდა და შეეძლო კიდეც.
4.8. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 15 დეკემბრის N---- ბრძანების თანახმად, დამტკიცდა ინსტრუქცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ. აღნიშნული ბრძანების თანდართული ინსტრუქციის მე-3 მუხლის თანახმად, სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებს წარმოადგენს: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ,” საქართველოს კანონი ,,პოლიციის შესახებ,” საქართველოს კანონი ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ,” საქართველოს კანონი ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ,” საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტები, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებები, ეს დებულება და სხვა სამართლებრივი აქტები. ამავე, ინსტრუქციის მე-15 მუხლის 1-ლი პუნქტში მითითებულია პოლიციელის მოვალეობები.
4.9. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის (2014 წლის 2 აგვისტოს მოქმედი რედაქციის) თანახმად, თუ ჩადენილია მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, მაშინ საქმის გადასაწყვეტად უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია გაათავისუფლოს დამრღვევი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და დასჯერდეს სიტყვიერ შენიშვნას.
4.10. სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადგინდა ე-------–---–-----ისა და ლ-----------------ის მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან/და არაჯეროვანი შესრულება, რაც უნდა შეესრულებინათ თავიანთი სამსახურებრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარე. საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, მხოლოდ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ე-------–---–-----ემ და ლ-----------------ემ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე თ---------------შს, რომელმაც დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 122-ე მუხლი. ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს ბრალდებულები ვალდებულები იყვნენ გამოეყენებინათ ადმინისტრაციული სახდელის სახე - ჯარიმა, თუ უფლებამოსილები იყვნენ ესარგებლათ დისკრეციით და სამართალდარმღვევის მიმართ შემოფარგლულიყვნენ მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლი უფლებამოსილების განმახორციელებელ ორგანოს (თანამდებობის პირს) აძლევს დისკრეციას, რომ მცირემნიშვნელობის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში გაათავისუფლოს დამრღვევი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და დასჯერდეს სიტყვიერ შენიშვნას. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ განმარტავს რა ტიპის, სამართალდარღვევები შეიძლება ჩაითვალოს მცირემნიშვნელობის მქონედ. ასევე, არ არსებობს, რაიმე დათქმა რომლის თანახმადაც, შესაძლებელი იქნებოდა მცირემნიშვნელობის მქონე სამართალდარღვევათა დიფერენციაცია, მაგ.: სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული სახდელის ოდენობიდან გამომდინარე, იმის განსაზღვრა, თუ რა შეიძლებოდა ჩათვლილიყო მცირემნიშვნელობის მქონედ, მით უფრო, რომ დარღვევა აღმოიფხვრა ადგილზევე და სანომრე ნიშანი დაამაგრა მძღოლმა. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ ახდენს რაიმე ფორმით/მოცულობით მცირემნიშვნელობის მქონე სამართალდარღვევათა გამიჯვნას და შესაძლებლობას აძლევს თანამდებობის პირს თავად მოახდინოს აღნიშნულის გამიჯვნა, ყოველი კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე, იმის მტკიცება, რომ ბრალდებულების მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 122-ე მუხლზე სახდელის სახით ჯარიმის გამოუყენებლობა და მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოფარგვლა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს ყოველგვარ სამართლებრივ აზრსაა მოკლებული. მითუმეტეს, მაშინ როდესაც არცერთი ნორმატიული აქტი არ შეიცავს პირდაპირ ვალდებულებას, რომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა აპრიორი უნდა გამოიყენოს ადმინისტრაციული სახდელი. აღსანიშნავია, ისიც რომ გარკვეულ შემთხვევებში საპატრულო ეკიპაჟის მიერ (ოც-მეთაურთან შეთანხმებით ინდივიდუალურად წყვეტდნენ) სიტყვიერი გაფრთხილების მიცემა აპრობირებული მეთოდი და დადგენილი პრაქტიკა იყო. სწორედ აღნიშნული გარემოება დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას ბრალდებულებმა და მოწმეებმა - კ------------–--ემ და ს---–-------–--–მა. რაც შეეხება, მოწმეების - კ------------–--ისა და ს---–-------–--–ის განმარტებებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ბრალდებულები შემოიფარგლებოდნენ მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით ნებართვა უნდა აეღოთ ოც-მეთაურისგან, არც აღნიშნული გამომდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლიდან, რადგან მოცემული მუხლი რაიმე დათქმას, ზემდგომი ორგანოს ან/და პირის თანხმობის შემთხვევაში არ ანიჭებს უფლებამოსილების განმახორციელებელ პირს დისკრეციულ უფლებამოსილებას. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ოც-მეთაურისათვის შეტყობინების ვალდებულება საპატრულო პოლიციაში დადგენილ პრაქტიკას წარმოადგენდა და ბრალდებულები ოც-მეთაურის ნებართვის გარეშე იმოქმედებდნენ აღნიშნული შესაძლოა გამხდარიყო დისციპლინარული სახდელის დადების საფუძველი და არა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის.
4.11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დასტურდება, რომ ბრალდებულებს უფლება ჰქონდათ სიტყვიერი შენიშვნით შემოფარგლულიყვნენ მცირემნიშვნელობის მქონე სამართალდარღვევებზე. ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და სხვა ნორმატიული აქტები არ შეიცავს მცირემნიშვნელობის მქონე სამართალდარღვევათა ჩამონათვალს, მიუთითებს უფლებამოსილი ორგანოს/პირის დისკრეციას საჯარო ინტერესის და თანაზომიერების პრინციპის გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად გადაწყვიტოს, რომელი სამართალდარღვევა შეიძლება ჩაითვალოს მცირემნიშვნელობის მქონედ. აღსანიშნავია, რომ დისკრეცია ეს არის უფლება და შესაძლებლობა, თუმცა დისკრეციის გამოყენებისას უფლებამისილების განმახორციელებელმა ორგანომ/პირმა უნდა იმოქმედოს ასევე, გონივრულობის ფარგლებში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, საქარე მინაზე დამაგრებული სანომრე ნიშნით მოძრაობა წარმოადგენს ზუსტად იმ სამართალდარღვევათა სახეს, რომელიც გონივრულობის ფარგლების გათვალისწინებით შესაძლოა ჩათვლილიყო მცირემნიშვნელობის მქონედ, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც სამართალდარღვევა აღმოიფხვრა (მძღოლმა შესაბამის ადგილას დაამაგრა სანომრე ნიშანი) და აღნიშნულს არსებით საფრთხე არ შეუქმნია მძღოლის ან სხვა პირის სიცოცხლისათვის/ჯანმრთელობისათვის და არ დაურღვევია სხვა კანონიერ ინტერესი. ამდენად, იმის მტკიცება, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულების მიერ გამოყენებული სიტყვიერი შენიშვნა და მითითება, რომ შესაბამის ადგილას დაემაგრებინა ავტომობილის სანომრე ნიშანი იყო არაგონივრული და წარმოადგენს სამსახურებრივ გულგრილობას, ყოველგვარ საღ აზრსაა მოკლებული და არ გამომდინარეობს საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებიდან.
4.12. სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის თითოეული ნიშნის სამართლებრივი შეფასებისას, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს აშკარა და დამაჯერებელი, რათა მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი გამოირიცხოს და არ უნდა წარმოშვას ისეთი დამატებითი კითხვები, რაც ეჭვქვეშ დააყენებს დანაშაულის არსებობას.
4.13. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მტკიცებულებების გამოყენება უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე უნდა ხორციელდებოდეს, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრებით, რომელმაც საკმარისი მტკიცებულებები უნდა მოიძიოს იმისთვის, რომ მოხდეს პირის მსჯავრდება, ხოლო რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, №10590/83; 06/12/1988; §76-77).
4.14. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
4.15. გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს და ხელს უწყობს მართლმსაჯულების პროცესში შეცდომის დაშვების თავიდან აცილებას. არავის უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.
4.16. ამდენად, ბრალდების მხარის ეჭვი, რომ ე-------–---–-----ემ და ლ-----------------ემ ჩაიდინეს სამსახურებრივი გულგრილობა, დარჩა ეჭვად და ვარაუდად და ვერ დადასტურდა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით. ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რითაც დაადასტურებდა ე-------–---–-----ისა და ლ-----------------ის მიერ სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტი. რისი გათვალისწინებით, in dubio pro reo-ს პრინციპის მიხედვით დაუდასტურებელი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულების სასარგებლოდ.
4.17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა ე-------–---–-----ე და ლ-----------------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ე-------–---–-----ე და ლ-----------------ე წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნენ უდანაშაულოდ და უნდა გამართლდნენ.
4.18. სასამართლოს ასევე, მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის შესაბამისად, სათადარიგო მოსამართლედ დანიშვნის თაობაზე და განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საქმეზე შეიძლება დაინიშნოს სათადარიგო მოსამართლე, რომელიც ცვლის სასამართლო შემადგენლობიდან გასულ მოსამართლეს და საქმის განხილვა გრძელდება.
4.19. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ბრალდებულს უფლება აქვს სამართლიანი სასამართლო პროცესის. ამავე კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ საქმე უცვლელი შემადგენლობით უნდა განიხილოს. თუ რომელიმე მოსამართლეს არ შეუძლია სასამართლო სხდომაში მონაწილეობის მიღება, მას ცვლიან იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლით და საქმის განხილვა ხელახლა იწყება, გარდა ამ კოდექსის 184-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
4.20. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ უშუალობის პრინციპიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი მიღებულ უნდა იქნეს იმ მოსამართლეების მიერ, რომლებიც ჩართულები იყვნენ საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა მოპოვების პროცესში, თუმცა ეს არ შეიძლება წარმოადგენდეს საქმის განხილვის პროცესში სასამართლოს რაიმე ცვლილების აკრძალვის საფუძველს. შესაძლოა, წარმოიქმნას აშკარა გარემოებები, რაც მოსამართლის მიერ პროცესის წარმართვის გაგრძელებას შეუძლებელს გახდის. მოცემულ შემთხვევაში სათანადო ზომები უნდა იქნას მიღებული იმისათვის, რომ მოსამართლეებს, რომლებიც გააგრძელებენ საქმის განხილვას, შესაძლებლობა ჰქონდეთ, სათანადოდ შეისწავლონ მტკიცებულებები და მხარეთა არგუმენტები, მაგალითად, ჩანაწერების მოშველიებით, რომლებიც მოწმეთა სანდოობას კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენებდა, ან შესაბამისი არგუმენტების ან მოწმეების ჩვენებათა ხელახალი გამოკვლევით სასამართლოს ახალი შემადგენლობის მიერ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე სვანიძე საქართველოს წინააღმდეგ, №37809/08; 25/07/2019; §32-33).
4.21. სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გაკეთებულ განმარტებებს და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე სათადარიგო მოსამართლის ჩართვა მოხდა საქმის განმხილველი მოსამართლის მიერ უფლებამოსილების ვადის ამოწურვის გამო და არა რაიმე პირადი მიზეზით, შესაბამისად, საქმის განხილვა გაგრძელდა სათადარიგო მოსამართლოს მიერ. სასამართლოს შემადგენლობის შეცვლის შემდეგ, მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით (არ ითხოვდნენ მტკიცებულებათა ხელახალ გამოკვლევას) სასამართლომ დეტალურად შეისწავლა სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები, მათ შორის მოწმეთა ჩვენებები (მოისმინა სასამართლო სხდომათა აუდიო ჩანაწერები), რის შემდეგაც მიიღო გადაწყვეტილება.
5. აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტა:
5.1. საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ბრალდებულს ან მის სასარგებლოდ გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდება გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით) და უძრავი ქონება, თუ ბრალდებული ზუსტად და კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას და მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება არ შეცვლილა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით.
5.2. ამდენად, ე-------–---–-----ის და ლ-----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს.
6. ყადაღის ბედის გადაწყვეტა:
6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით, ე-------–---–-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველსაყოფად, ყადაღა დაედო ე-------–---–-----ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ---------------–----------------------, საკადასტრო კოდი 0------------------, რაც უნდა გაუქმდეს.
6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით, ლ-----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველსაყოფად, ყადაღა დაედო ნ--------------------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ბ----------------–------------–---–-, საკადასტრო კოდი 0-----------, რაც უნდა გაუქმდეს.
7. ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:
7.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი. კერძოდ: ორი CD დისკი, შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ-----------------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2. ლ-----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით, ლ-----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველსაყოფად, ნ--------------------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ბ----------------–------------–---–-, საკადასტრო კოდი 0----------- დადებული ყადაღა.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ლ-----------------ეს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
4. ე-------–---–-----ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
5. ე-------–---–-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით, ე-------–---–-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველსაყოფად, ე-------–---–-----ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ---------------–----------------------, საკადასტრო კოდი 0------------------ დადებული ყადაღა.
6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ე-------–---–-----ეს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
7. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები - ორი CD დისკი, შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გიორგი არევაძე