გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.12.2019
საქმის ნომერი
010210018002634815
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
04.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210018002634815

2-3876/18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

04/12/2019 წელი ქ.ბათუმი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე

სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე

მოსარჩელე _ სს “ს-------------------------------------–-----ი”

წარმომადგენელი _ ლ---------------–-ა

 

მოპასუხე _ ჯ------- ი------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სასარჩელო მოთხოვნა:

სს “ს-------------------------------------–-----ი” სასარჩელო განცხადებით მოითხოვს ჯ------- ი------ეს მის სასარგებლოდ დაეკისროს 8033.41 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს შემდეგ არგუმენტებზე:

2017 წლის 23 ივლისს, ქ. ბათუმში, ფ------------–--–-----------ზე, მოძრაობის წესების დარღვევის გამო ერთმანეთს შეეჯახა ავტომანქანა ,,B--“ (სახ. №X------) და ავტომანქანა ,,K--“ (სახ. №K-----). ავტომანქანა ,,B--“-ს მართავდა ჯ------- ი------ე, ხოლო ავტომანქანა ,,K--“ (სახ. №K-----) წარმოადგენდა სს „ე----------------------იას“ საკუთრებას. ავტოსაგზაო შემთხვევაში სამართალდამრღვევად ცნობილი იქნა ჯ------- ი------ე. საგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა სს “ს-------------------------------------–-----ის” მიერ დაზღვეული ავტომანქანა ,,K--“ სახ. №K-----. სს „ე----------------------იას“ მოთხოვნით სადაზღვევო კომპანიამ გადაიხადა ავტომანქანის შეკეთების ღირებულება, რამაც შეადგინა 8250 ლარი, რასაც დააკლდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფრანშიზა 226.49 ლარი. ზიანის ანაზღაურების შემდეგ, სადაზღვევო კომპანია ავტომანქანის აღდგენაზე დახარჯული თანხის ანაზღაურებას მოითხოვს ჯ------- ი------ისაგან.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

ჯ------- ი------ე სარჩელს ცნობს ნაწილობრივად. განმარტავს, რომ ავტომანქანის აღდგენისათვის არ იყო საჭირო 8033.41 ლარის ხარჯის გაღება. დაზიანებული ავტომანქანის აღდგენისათვის 1500 ლარის ხარჯის გაწევა იყო საკმარისი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. უდაო ფაქტობრივი გარემოებაა ის, რომ ავტომანქანა ,,K--“ სახ. №K----- რეგისტრირებულია სს „ე----------------------იას“ საკუთრებად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ავტომობილის დაზღვევის პოლისი №M----------- ს.ფ. 21;

 

3.1.2. 2016 წლის 20 აგვისტოს სს “ს-------------------------------------–-----ს” და სს „ე----------------------იას“ შორის გაფორმდა შეთანხმება ავტომობილის დაზღვევის შესახებ, რომლის საფუძველზეც დაზღვეული იქნა ავტომანქანა K-- სახ. №K-----. შეთანხმებისამებრ გაცემული იქნა სადაზღვევო პოლისი №M-----------, რომლითაც დაზღვეული იქნა ავტომანქანა ,,K--“ სახ. №K------ის მთელი რიგი სადაზღვევო რისკები, მათ შორის ავტოსაგზაო შემთხვევით გამოწვეული დაზიანება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ავტომობილის დაზღვევის პოლისი №M----------- ს.ფ. 21;

 

3.1.3. 2017 წლის 23 ივლისს, ქ. ბათუმში, ფ------------–--–-----------ზე, მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რა დროსაც ერთმანეთს შეეჯახა ავტომანქანა ,,B--“ (სახ. №X------) და ავტომანქანა ,,K--“ (სახ. №K-----).

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები;

 

3.1.4. ავტოსაგზაო შემთხვევისას ავტომანქანა ,,B--“-ს (სახ. №X------) მართავდა ჯ------- ი------ე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები;

 

3.1.5. ავტო საგზაო შემთხვევაში სამართალდამრღვევად ცნობილი იქნა ავტომანქანა ,,K--“-ს (სახ. №K-----) მძღოლი ჯ------- ი------ე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს შ.ს. სამინისტროს მომართვა ს.ფ. 15-16;

 

3.1.6. უდაო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ დაზღვეული ავტომანქანა ,,K--“, სახ. №K----- შეაკეთა და აღადგინა სს “ს-------------------------------------–-----მა”

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-შპს „პროგრეს ინვესტი“ A 142 ს.ფ. 22;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. მხარეებს შორის სადაოა ავარიის შედეგად დაზიანებული ავტომანქანის აღდგენის ღირებულება. მოსარჩელე განმარტავს, რომ მანქანის აღდგენაზე დაიხარჯა 8250 ლარი. მოპასუხე სადაოდ ხდის ამ ღირებულებას და განმარტავს, რომ აღდგენის ღირებულება გაცილებით ნაკლებია და ზიანის აღდგენისათვის 1500 ლარის ხარჯის გაწევა იყო საკმარისი.

 

3.2.2. სადაო გარემოებებთან დაკავშირებით საქმეში მონაწილე ორივე მხარე იძლევა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.

 

3.2.3. სასამართლო განმარტავს, რომ სადაო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისზპოზიციურობის პრინციპით. მხარეები თვითონ წყვეტენ თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად.ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. არცერთ მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მართლმსაჯულების განხორციელების უმთავრესი პრინციპია. წინამდებარე შემთხვევაში დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების აღდგენისათვის საჭირო თანხის ოდენობის მტკიცების ტვირთი, ორივე მხარეს ეკისრება თანაბრად. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ ავტომანქანის აღდგენას სჭირდება 8250 ლარი, თავის მხრივ მოპასუხემ უნდა გააბათილოს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები და დაამტკიცოს, რომ ავტომანქანის აღდგენის ღირებულება შეადგენს არა 8250 ლარს, არამედ გაცილებით ნაკლებს.

 

3.2.4. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ გზით მტკიცების ტვირთის გადანაწილება სამართლიანია და სრულად შეესაბამება შეჯიბრებითობის პრინციპს.

 

3.2.5. მოსარჩელემ თავისი პროცესუალური ვალდებულების შესრულების მიზნით ზეპირად განმარტა, რომ დაზიანებული ავტომანქანის აღდგენის ღირებულება შეადგენს 8250 ლარი. მოსარჩელემ თავისი ზეპირი არგუმენტების დასამტკიცებლად წარმოადგინა ინვოისი, რომელიც 2017 წლის 15 აგვისტოს შედგენილია შპს „პროგრეს ინვესტის” მიერ. მასში მითითებულია, რომ დაზღვეულ ავტომობილის ,,K--“-ს შესაკეთებლად გამოყენებული იქნა შემდეგი დეტალები:

- წინა მარცხენა კარი - ღირებული 1075 ლარად;

- წინა მარცხენა კარის შიგა შალითა-ღირებული 585 ლარად;

- წინა მარცხენა ფრთის კანტი-ღირებული 115 ლარად;

- წინა მარცხენა საფეხურის ზედა პლასტმასის საფარი -ღირებული 90 ლარად;

- წინა მარცხენა სატალახე - ღირებული 370 ლარად;

- ჰაერის ფილტრის კორპუსი - ღირებული 370 ლარად;

- ჰაერის ფილტრი - ღირებული 75 ლარად;

- წინა მარცხენა ამორტიზატორი - ღირებული 250 ლარად;

- წინა მარცხენა ,,ცაპკა“ - ღირებული 1070 ლარად;

- წინა მარცხენა ,,სტუპიცა“ - ღირებული 190 ლარად;

- წინა მარცხენა ქვედა გიტარა კომპლექტში - ღირებული 635 ლარად;

- წინა მარცხენაზედა გიტარა კომპლექტში - ღირებული 750 ლარად;

- საჭის ყუმბარა- ღირებული 170 ლარად;

- საჭის ,,ნაკანეჩნიკი“ - ღირებული 255 ლარად;

- წინა მარცხენა საბურავის დისკი - ღირებული 210 ლარად;

- წინა მარცხენა საბურავი 1---------- - ღირებული 210 ლარად;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა განმარტებები სხდომის ოქმში;

-ინვოისი ს.ფ. 22;

 

3.2.6. ინვოისით დადგენილია, რომ შპს „პროგრეს ინვესტმა” 2017 წლის 12 აგვისტოს სარემონტოდ მიღო ავტომანქანა ,,K--“, სახ. №K-----. მას ჩაუტარდა აღდგენითი სამუშაოები და გარემონტდა. რემონტის ხარჯი გადაიხადა სს “ს-------------------------------------–-----მა”. ინვოისის თანახმად შესრულებული იქნა შემდეგი სამუშაოები:

-სათუნუქე სამუშაოები - ხარჯი 1000 ლარი;

-სამონტაჟო სამუშაოები - ხარჯი 120 ლარი;

-სავალი ნაწილების აღდგენითი სამუშაოები -ხარჯი 150 ლარი;

-თვლების ნახარის გასწორება-ხარჯი 20 ლარი;

-სამღებრო სამუშაოები - ხარჯი 580 ლარი;

-პოლირება - ხარჯი 50 ლარი;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა განმარტებები სხდომის ოქმში;

-ინვოისი ს.ფ. 22;

 

3.2.7. მოპასუხე განმარტავს, რომ საეჭვოა ინვოისში მითითებული სათადარიგო ნაწილები სჭირდებოდა თუ არა დაზიანებულ ავტომანქანას, ასევე საეჭვოა მათი ღირებულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ თუ მოპასუხე არ ეთანხმება მოსარჩელის არგუმენტებს და ამტკიცებს, რომ ავტომანქანის აღდგენის ღირებულებაა არაა 8250 ლარი, არამედ უფრო ნაკლები, მაშინ თვითონ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება, რომლითაც დაამტკიცებს, თავისი განმარტების მართებულობას. მოპასუხეს, ავტომანქანის აღდგენის ღირებულებად დაბალი ფასის განსაზღვრისათვის, ზეპირი განმარტების გარდა სხვა მტკიცებულება არ აქვს. ის მხოლოდ ზეპირი განმარტებით ამტკიცებს, რომ ავტომანქანის აღდგენას არ სჭირდება 1500 ლარი (იხ. მოპასუხის განმარტება სხდომის ოქმში.)

 

3.2.8. სასამართლო განმარტავს, რომ ზეპირი განმარტებაც მტკიცებულებაა. მხარეებს უფლება აქვთ ზეპირად ამტკიცონ ესა თუ ის გარემოება. ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტები მაშინ ითვლება დადგენილად და დადასტურებულად, როდესაც მხარეები ზეპირად გადმოცემულ ფაქტებს ადასტურებენ და სადაოდ არ ხდიან. თუ მხარეებისათვის ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტი სადაოა, მაშინ ზეპირი განმარტება აღარ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ზეპირად გაცხადებული ფაქტები დასტურდებოდეს ზეპირ განმარტებაზე უფრო მყარი მტკიცებულებით. ზეპირად ნებისმიერ პირს, ნებისმიერი ფაქტის გადმოცემა შეუძლია, მაგრამ მთავარი ის კი არაა მან რა თქვა, მთავარია რამდენად სარწმუნოა მისი განმარტება. ამიტომ თითოეული ზეპირი განმარტება უნდა მტკიცდებოდეს სხვა უფრო მყარი მტკიცებულებით. როგორც განვმარტეთ მოპასუხეს ზეპირი განმარტების გარდა სხვა მტკიცებულება არ აქვს.

 

3.2.9. სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებების ანალიზით. მხარეები მტკიცებულებებით ერთმანეთს ეჯიბრებიან ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცებაში. სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამათუ იმ ფაქტის არსებობისა. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მხარეთა მირ წარმოდგენილი მტკიცებულებები შეიძლება გამოდგეს ამა თუ იმ ფაქტის დასადასტურებლად ან არ გამოდგეს. საკითხი თუ რამდენად ვარგისია მტკიცებულება ფაქტის დასადგენად, უნდა გადაწყდეს მტკიცებულების შეფასებით. სასამართლომ ერთმანეთს უნდა ,,შეაჯიბროს“ მხარეთა მიერ წარმოდგენილი ის მტკიცებულებები, რომლებიც ასახავენ დაზიანებული ავტომანქანის აღდგენის ღირებულებას და გადაწყვიტოს რომელი მტკიცებულება უფრო მყარია.

 

მოსარჩელემ ავტომანქანის აღდგენის განმსაზღვრელ მტკიცებულებად წარმოადგინა ზეპირი განმარტება, რაც მოპასუხის ზეპირი განმარტებითვე გაბათილდა. ასევე წარმოადგინა ინვოისი, სადაც დეტალურადაა აღწერილი, შესაცვლელი და აღსადგენი ნაწილები, ასევე ჩასატარებელი სამუშაოები ღირებულებითურთ. ასევე წარმოადგინა საგადასახდო დავალება, რომლითაც დგინდება, რომ მოსარჩელემ ავტომანქანის შეკეთებაში ნამდვილად გადაიხადა 8 033 ლარი. მოპასუხემ კი ამ მტკიცებულებათა გასაბათილებლად წარმოადგინა მხოლოდ ზეპირი განმარტება. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ უფრო უკეთ განახორციელა თავისი საპროცესო მოვალეობა და სასამართლოს წარმოუდგინა უფრო მყარი მტკიცებულება, ვიდრე მოპასუხემ. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დეფექტური აქტი, ინვოისი და საგადასახდო დავალება, უფრო მყარია ვიდრე მოპასუხის ზეპირი განმარტება. შესაბამისად სასამართლო იზიარებს იმ მხარის არგუმენტს, ვინც უკეთ შეასრულა თავისი პროცესუალური ვალდებულება და უკეთ დაამტკიცა ღირებულებასთან დაკავშირებული არგუმენტები. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უფრო მყარია, ამიტომ სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტები და დადგენილად მიიჩნია, რომ ავტომანქანის აღდგენისათვის აუცილებელი იყო წინა მარცხენა კარი, წინა მარცხენა კარის შიგა შალითა, წინა მარცხენა ფრთის კანტი, წინა მარცხენა საფეხურის ზედა პლასტმასის საფარი, წინა მარცხენა სატალახე, ჰაერის ფილტრის კორპუსი, ჰაერის ფილტრი, წინა მარცხენა ამორტიზატორი, წინა მარცხენა ,,ცაპკა“, წინა მარცხენა ,,სტუპიცა“, წინა მარცხენა ქვედა გიტარა კომპლექტში, წინა მარცხენა ზედა გიტარა კომპლექტში, საჭის ყუმბარა, საჭის ,,ნაკანეჩნიკი“, წინა მარცხენა საბურავის დისკი, წინა მარცხენა საბურავი 1----------. ასევე ჩასატარებელი იყო სათუნუქე სამუშაოები, სამონტაჟო სამუშაოები, სავალი ნაწილების აღდგენითი სამუშაოები, თვლების ნახარის გასწორების, სამღებრო სამუშაოები და პოლირება, რომელთა ღირებულებამ შეადგინა 8250 ლარი, მათ შორის დღგ 1258 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ინვოისი ს.ფ. 22;

- გადახდის ქვითარი ს.ფ. 23;

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯ------- ი------ის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით დაზიანდა სს „ე----------------------იას“ საკუთრებაში არსებული ავტომანქანა ,,K--“, სახ. №K-----. დაზიანებული ავტომანქანის აღდგენას დასჭირდა 8250 ლარი. ზიანი აანაზღაურა სადაზღვევო კომპანიამ. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ვალდებულია სადაზღვევო კომპანიას აუნაზღაუროს გაწეული ხარჯი.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

-საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

-საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

-,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ ჯ------- ი------ის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით დააზიანა დაზღვეული ავტომანქანა. სადაზღვევო კომპანიამ ავარიით დამდგარი ზიანი აანაზღაურა. ჯ------- ი------ე ცნობს სარჩელს, თუმცა მიაჩნია რომ ავტომანქანის აღდგენითი ღირებულების თანხა მაღალია და მიყენებული ზიანის პროპორციული არ არის. სასამართლო განმარტავს, რომ თუ მოპასუხემ თავისი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით დააზიანა დაზღვეული ავტომაქანა და უარს ამბობს ზიანის ანაზღაურებაზე, მაშინ ასეთი ქმედება უნდა შეფასდეს მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

6.2. საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე. ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ვალდებულების მონაწილე სუბიექტს აიძულებს რაიმე მოქმედების შესრულებას, ან ასეთი მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავებას. იმისათვის, რომ მოსარჩელეს გააჩნდეს მოთხოვნის უფლება, საჭიროა ის ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სხვისი ქონების დაზიანება, ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. ამიტომაც მხარეთა ურთიერთობა წარმოადგენს დელიქტის საფუძველზე წარმოშობილ ვალდებულებას.

 

6.3. საქართველოს სამოქალქო კოდექსის 992-ე მუხლით „პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი”.

იმისათვის, რომ ჯ------- ი------ეს დაეკისროს ზიანის ანაზღაურება, საჭიროა ერთდროულად არსებობდეს რამდენიმე პირობა. კერძოდ:

ჯ------- ი------ის ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო;

მართლწინააღმდეგობა გამოწვეული უნდა იყოს განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედებით;

მართლსაწინააღმდეგო ქმედებას უნდა მოჰყვეს ზიანი;

ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი.

 

6.4. ქმედება (ან უმოქმედობა) მართლსაწინააღმდეგოა, თუ სუბიექტის მოქმედება არ შეესაბამება სამართლის ნორმებით დადგენილ წესს და ეწინააღმდეგება მას. კანონი იცავს სამართლით რეგულირებულ და დაცულ საზოგადოებრივ ურთიერთობებს. მართლსაწინააღმდეგო ქმედებით შესაძლებელია ზიანი მიადგეს საზოგადოებისა და ცალკეული პიროვნების კანონით დაცულ ფასეულობას, საკუთრებას, სახელმწიფოს ან საზოგადოებას მთლიანად. მართლსაწინააღმდეგო ქმედება იწვევს იურიდიულ პასუხისმგებლობას. მოქალაქეთა პირადი და ქონებრივი უფლებების ხელყოფა მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგია და ამისათვის გათვალისწინებულია სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა. პირი, რომელიც სხვას მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ მოპასუხის მოქმედება ჩაითვალოს მართლსაწინააღმდეგოდ, უპირველესად უნდა დადგინდეს მისი მოქმედება კანონით დადგენილ რომელ წესს ეწინააღმდეგება.

 

,,საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამართლებრივ საფუძვლებს, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების უფლება-მოვალეობებს, საგზაო მოძრაობის წესებსა და პირობებს, საგზაო ნიშნებსა და საგზაო მონიშვნებს, საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უფლება-მოვალეობებს, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებისა და სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ზოგად მოთხოვნებს.

 

საქმეზე შეკრებილი მასალებით დადგენილია, რომ ჯ------- ი------ე არ დაემორჩილა ,,საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ მოძრაობის წესებს, რასაც მოჰყვა ავტო საგზაო შემთხვევა. მისი ქმედება შეფასებული იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევად. შესაბამისად მისი ქმედება წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას. მან არ უზრუნველყო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დაცვა, რასაც შედეგად მოჰყვა ავტო-საგზაო შემთხვევა. მოძრაობის უსაფრთხოების წესების უგულებელყოფა მართლსაწინააღმდეგო ქმედებაა და იგი ეწინააღმდეგება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

 

6.5. დელიქტური ვალდებულების ერთერთი წინაპირობაა ის, რომ მართლწინააღმდეგობა გამოწვეული იყოს განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედებით.

 

ჯ------- ი------ის მიერ ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების დაუცველობა, საპატრულო პოლიციის მიერ შეფასებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებად. მოძრაობის წესების დარღვევა განზრახი მართლსაწინააღმდეგო ქმედებაა. შესაბამისად ჯ------- ი------ის მიერ ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაუცველობა წარმოადგენს განზრახ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას.

 

6.6. დელიქტური ვალდებულება არარსებობს ზიანის გარეშე. სასამართლო მიიჩნევს, რომ დელიქტური ვალდებულების არსებობისას, ზიანის არსებობა გამოიანგარიშება მართლსაწინააღმდეგო ქმედების დროს დაზიანებული სიკეთის ხელყოფის ხარისხით და ხელყოფის აღმოფხვრისათვის გაწეული მატერიალური რესურსის დანაკარგებით. სასამართლომ დაადგინა, რომ ავტომანქანა ,,K--“ სახ. №K-----, ჯ------- ი------ის მიერ ,,საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების დაუცველობის შედეგად დაზიანდა. მის აღდგენას დაჭირდა 8033 ლარი, შესაბამისად ზიანი უნდა განისაზღვროს 8033 ლარით.

 

6.7. საქართველოს სკ-ის 992-ე მუხლის ერთერთი პირობაა მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა.

სასამართლო მიიჩნევს, რომ მხოლოდ განზრახი მათლწინააღმდეგო ქმედების და ზიანის არსებობა არაა საკმარისი დელიქტური ვალდებულებისათვის. სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების დავალდებულებისათვის, სავალდებულოა მართლსაწინააღმდეგო ქმედება დროში წინ უსწრებდეს დამდგარ ზიანს და მხოლოდ ეს ქმედება განსაზღვრავდეს და იწვევდეს ზიანის შედეგის დადგომას (მიზეზობრივი კავშირი).

 

დადგენილია, რომ ავტომანქანა ,,K--“, სახ. №K----- დაიმტვრა ავტო-საგზაო შემთხვევის დროს. ის დაზიანდა ჯ------- ი------ის მართვის ქვეშ მქონე ავტო სატრანსპორტო საშუალებასთან შეჯახებით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დადგენილია ს----------–-------–-–----------------------------------------------------–ოს მომართვით და მხარეთა განმარტებებით. ავტომანქანის დაზიანებას წინ უსწრებდა ჯ------- ი------ის მართლსაწინააღმდეგო ქმედება. კერძოდ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა, რასაც შედეგად მოჰყვა ავარია, რამაც დააზიანა დაზღვეული ავტომანქანა. აღნიშნული მიუთითებს, მასზედ, რომ ჯ------- ი------ის მართლსაწინააღმდეგო ქმედება დროში წინ უსწრებდა შედეგს და წარმოადგენდა ამ ზიანის დადგომის ერთადერთ განმაპირობებელს. ანუ ჯ------- ი------ის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.

 

6.8. დასკვნის სახით სასამართლო განმარტავს, რომ ჯ------- ი------ე მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგოდ. მისი მართლსაწინააღმდეგო მდგომარეობს ,,საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფაში. მან არ დაიცვა კანონით დადგენილი მოძრაობის წესები, რამაც გამოიწვია ავტო საგზაო შემთხვევა. ავარიის შედეგად დაზიანდა სს ,,ე----------------------იას“ კუთვნილი ავტო სატრანსპორტო საშუალება. საქ. 992-ე მუხლის საფუძველზე ჯ------- ი------ე ვალდებულია აანაზღაუროს მისი მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედებით მიყენებული ზიანი.

 

6.9. საქ. სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილით დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით. დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დადგენილია და სადაოც არარის ის გარემოება, რომ ავტომანქანა ,,K--“, სახ. №K----- დაზღვეული იყო მოსარჩელე სადაზღვევო კომპანიაში და მან აანაზღაურა ის ხარჯი, რაც ავარიის შედეგად დადგა.

 

6.10. სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება“.

 

დადგენილია, რომ ზიანი დადგა ჯ------- ი------ის ქმედებით. შესაბამისად ჯ------- ი------ის ვალდებულებაა გადაიხადოს 8033,41 ლარი და აღმოფხვრას ზიანი.

 

6.11. სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილით : ,,თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. თუ დამზღვევი უარს იტყვის მესამე პირის მიმართ თავის მოთხოვნაზე ან მისი მოთხოვნის უზრუნველყოფის უფლებაზე, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება ზიანის იმ ოდენობით ანაზღაურების მოვალეობისაგან, რამდენიც მას შეეძლო მიეღო თავისი ხარჯების ასანაზღაურებლად უფლების განხორციელებასთან ან მოთხოვნის წაყენებასთან დაკავშირებით“.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ ჯ------- ი------ის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგი - ზიანი, მოსარჩელემ, როგორც მზღვეველმა აანაზღაურა. შესაბამისად ის იჭერს ზიანის აანაზღაუროს მოთხოვნის უფლების მქონე სუბიექტის ადგილს. შესაბამისად მისი მოთხოვნა - დაზღვეული ავტომანქანის აღდგენისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დამკაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის I ნაწილით პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ხოლო მესამე ნაწილით სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ ბაჟის ოდენობა გამოიანგარიშა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დაცვით. დასახელებული ნორმით სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა. სამოქალაქო სსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტით ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელის დროს დავის საგნის ფასი განისაზღვრება გადასახდელი თანხით. საქმეში მოსარჩელე დაობს 8033,41 ლარზე. ამ თანხის 3 % შეადგენს 267 ლარს.

 

7.2. საქ. სსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილი იმ მოპასუხეებს ათავისუფლებს სახ. ბაჟის გადახდისაგან, ვინც საქმის მომზადების სტადიაზე სარჩელს ცნობს. როგორც ზემოთ განვმარტეთ მოპასუხემ სარჩელი 1500 ლარის ნაწილში სცნო, ამიტომ ის ამ ნაწილში კუთვნილ ბაჟის - 45 ლარის გადახდისაგან უნდა გათავისუფლდეს.

 

7.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელეს სახ. ბაჟის სახით წინასწარ გადახდილი აქვს 267 ლარი. რა ნაწილში მოპასუხემ სარჩელი ცნო, იმ ნაწილში გადახდილი ბაჟი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს უკან. დარჩენილი 222 ლარი კი უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არაა გამოყენებული.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სს ს---------------------------------------–-----ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ჯ------- ი------ეს, სსს---------------------------------------–-----ის” სასარგებლოდ დაეკისროს 8033.41 ლარის გადახდა;

 

3. ჯ------- ი------ეს, სს ს---------------------------------------–-----ის” სასარგებლოდ დაეკისროს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 222 ლარის ანაზღაურება;

 

4. სს ს---------------------------------------–-----ს” დაუბრუნდეს ბაჟის ნაწილი 45 ლარი (გადახდის თარიღი - 12/09/2018 წელი, გადამხდელის ბანკი - სს „თიბისი ბანკი“, სახაზინო კოდი 300693150);

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. N30) მეშვეობით;

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქN30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე