გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/35738-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 თებერვალი, 2020 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნინო მამულაშვილი
სხდომის მდივანი - ქეთევან ლაზარაშვილი
მოსარჩელე - შპს ,,ევ-------------- +“
წარმომადგენელი - ვა---------------–---–ი
მოპასუხეები - გო-----------–---–ი, ვა-----------–---–-ა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს - გო-----------–---–ს და ვა-----------–---–-ას შპს ,,ევ-------------- +“-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირითადი თანხა - 8243.56 ლარი, სარგებელი 3366.05 ლარი, ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი თანხა - 100 ლარი.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
2017 წლის 14 თებერვალს მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნვლყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება N1--------, რომლის საფუძველზე მსესხებელს თვეში 5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 8629 ლარის ოდენობით.
სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი ავტომობილი - მ-------------–-----. წინამდებარე ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, მოპასუხე ვა-----------–---–-ას მიერ დადებულ იქნა წერილობითი განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ, რომლითაც მან ზღვრულ თანხამდე 30 000 ლარამდე იკისრა იმ ვალდებულებათა შესრულება, რომელიც წარმოშობილია საკრედიტო ხელშეკრულებიდან.
ხელშეკრულების შესაბამისად, მოპასუხეს სრულად და ჯეროვნად გადაეცა სესხი - 8629 ლარის ოდენობით.
2018 წლის 09 დეკემბერს მოსარჩელემ უზრუნველყო გირავნობის საგნის რეალიზაცია. მდგომარეობის გათვალისწინებით ავტომობილი გაიყიდა 3600 ლარად, რომლის გაქვითვაც ხელშეკრულების შესაბამისად განხორციელდა შემდეგნაირად: 478 ლარით - სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო; 3043.56 ლარით - სრულად გაიქვითა დარიცხული სარგებელი, 78.44 ლარით - შემცირდა სესხის ძირითადი თანხა.
ვინაიდან გირავნობის საგნის რეალიზაციის დღისთვის მოპასუხეებს შპს ,,ევ--------------+“-ის მიმართ სოლიდარულად ერიცხებოდათ სესხის ძირითადი თანხა 8322 ლარი, ავტომობილის რეალიზაციის შემდეგ კვლავ დარჩა დავალიანება - სესხის ძირითადი თანხა - 8243.56 ლარის ოდენობით, რომელსაც ხელშეკრულების შესაბამისად ერიცხება სარგებელი ყოველთვიურად 5%-ის ოდენობით, ასევე, ვინაიდან ავტომობილის რეალიზაციიდან ხელშეკრულების ვადის გასვლამდე გასულია 8 თვე და 5 კალენდარული დღე, დარიცხული სარგებელი შეადგენს 3366.05 ლარს.
მოპასუხეებს გაეგზავნა შეტყობინება დავალიანების დაფარვის შესახებ, თუმცა მათ მიერ ვალდებულება არ შესრულებულა. 2016 წლის 6 დეკემბრის მდგომარეობით, მოსარჩელის წინაშე მოპასუხეებს ერიცხებათ დავალიანება ჯამში 11709.61 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე გო-----------–---–ისა და ვა-----------–---–-ას მიერ წარმოდგენილ იქნა ერთობლივი შესაგებელი (გო-----------–---–ის მიერ დადგენილი ვადის გადაცილებით), რომლითაც სარჩელი არ ცნეს;
სასამართლო სხდომაზე მოპასუხეებმა სარჩელი ასევე არ ცნეს და განმარტეს, რომ გო-----------–---–მა რეალურად განახორციელა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შესყიდვა და არა სესხის აღება; ამასთან სესხის ხელშეკრულების არსებობის პირობებშიც კი, ვინაიდან მოსარჩელემ შეწყვიტა იგი ნაადრევად და 2017 წლის აპრილის თვეში დააბრუნა ავტომანქანა, მოსარჩელეს ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება არ გააჩნია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 14 თებერვალს შპს ,,ევ-------------- +“-სა და გო-----------–---–ს შორის დაიდო საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ N1------- ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა საკრედიტო ხაზის მაქსიმალური მოცულობა - 10 000 ლარი. სესხი მსესხებელს გადაეცემოდა ერთიანად ან ნაწილ-ნაწილ, მსესხებლის მოთხოვნილი ოდენობით, არაუგვიანეს ამგვარი მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
სესხის დაბრუნებისა და სარგებლის გადახდის, აგრეთვე შესაძლო ზიანის (პირგასამტეხლო, ჯარიმა, გირავნობის საგნის მოვლა-შენახვის (როცა აღნიშნული ხორციელდება მოგირავნის მიერ), დაზღვევის, სასამართლო, რეალიზაციის, სააღსრულებო, გამსესხებლის იურიდიული მომსახურების ხარჯები და სხვა) ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, დამგირავებელმა მოგირავნის სასარგებლოდ გირავნობით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის მახასიათებლებია: მარკა, მოდელი: მერსედეს-ბენც E----, სარეგისტრაციო ნომერი: C------, გამოშვების წელი - 2---, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო N W----------------, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა: A--------. მხარეთა შეთანხმებით, მაქსიმალური თანხა, რომლის ფარგლებშიც უნდა დაკმაყოფილდეს უზრუნველყოფილი მოთხოვნა განისაზღვრა 30 000 ლარით. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ გირავნობის საგანი არ წარმოადგენს მსესხებლის ვალდებულების შესრულების ერთადერთ საშუალებას და გამსესხებელს უფლება აქვს მოითხოვოს მსესხებლის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა მსესხებლის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონებიდან.
სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ N1------- ხელშეკრულება (ს.ფ. 17-22);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.1.2. 2017 წლის 14 თებერვლის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ N1------- ხელშეკრულების საფუძველზე, იმავე დღეს მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება N1------- სესხის გადაცემის შესახებ, რომლის თანახმადაც, მსესხებელზე გაიცა სესხი 8629 ლარი, 18 თვის ვადით; სესხის ყოველთვიურ საპროცენტო განაკვეთად განისაზღვრა 5%, წლიურ საპროცენტო განაკვეთად - 60%; მსესხებლის ყოველთვიური შენატანი (სესხის ძირითადი თანხა და სარგებელი) განისაზღვრა 723 ლარით; მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის - გადახდის ვადის 1-დან 5 კალენდარული დღის ჩათვლით ვადაგადაცილების შემთხვევაში თითოეული ვადაგადაცილებული დღისთვის 12 ლარი, ხოლო გადახდის ვადის მე-6 დღიდან თითოეული ვადაგადაცილებული დღისთვის - 6 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 14 თებერვლის შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ (ს.ფ. 24-26);
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ. 23);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);.
3.1.3. 2017 წლის 14 თებერვალს შპს ,,ევ-------------- +“-სა და ვა-----------–---–-ას შორის დაიდო ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ, რომლის მიხედვითაც, თვადებმა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა გო-----------–---–ის მიერ N1------- ხელშეკრულების ან/და მის საფუძველზე დადებული საკრედიტო შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე, ზღვრული თანხის ფარგლებში. ამავე ხელშეკრულებით თავდების პასუხისმგებლობა შემოიფარგლა ზღვრული თანხით - 30 000 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:
- წერილობითი განცხადება, ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ (ს.ფ. 28-29);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.1.4. მოპასუხეების მიერ დარღვეულ იქნა შპს ,,ევ--------------+“-ის წინაშე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.
საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ N1------- ხელშეკრულებით/შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, შპს ,,ევ-------------- +“-სა და ბ.ბა-------ს შორის 2017 წლის 9 დეკემბერს დადებული N1------- ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, დაგირავებული ავტომობილი მოსარჩელის მიერ რეალიზებულ იქნა 3600 ლარად.
სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:
- ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 30);
- მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შეფასების ანგარიში (ს.ფ. 31-36);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
- ცნობა (ს.ფ 46);
- გაფრთხილების წერილები (ს.ფ. 44-45);
3.1.5.ავტომანქანის რეალიზაციის შედეგად, ხელშეკრულების შესაბამისად განხორციელდა გო-----------–---–ის ფულადი ვალდებულების გაქვითვა კრედიტორის სასარგებლოდ შემდეგნაირად: 3043.56 ლარით - სრულად გაიქვითა სესხზე დარიცხული სარგებელი; 478 ლარით - სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო; 78.44 ლარით კი - შემცირდა სესხის ძირითადი თანხა.
მოპასუხეებს მოსარჩელის მიმართ ერიცხებათ დავალიანება: სესხის ძირითადი თანხა - 8243.56 ლარი; სარგებელი - 3366.05 ლარი, ასევე ავტომობილის შეფასების აქტის ღირებულება - 100 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიღება ჩაბარების აქტი (ს.ფ.37)
- შპს ,,ევ-------------- +“-ის მიმართვები მოპასუხეებისადმი (ს.ფ. 39-40);
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი,სხდომის ოქმი).
- ცნობა დავალიანებების შესახებ. (ს.ფ. 46).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
სასამართლო მიიჩნევს, რომ საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ N1------- ხელშეკრულებით/შეთანხმებით მხარეთა შორის შეთანხმებული წლიური საპროცენტო განაკვეთი 60%-ის ოდენობით, წარმოადგენს უცილოდ ბათილ შეთანხმებას - აღნიშნულზე სასამართლო იმსჯელებს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ევ--------------+“-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 62-ე, 623-ე, 625-ე, 891-ე, 895-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულება მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგია, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე და მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას. კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს (319-ე მუხლი) და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ როგორც ხელშეკრულების შინაარსი, ასევე მისი შესრულების მექანიზმი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას, მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
დადგენილია, რომ 2017 წლის 14 თებერვლის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ N1------- ხელშეკრულების საფუძველზე მხარეთა შორის დაიდო შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ, რომლის თანახმადაც, მსესხებელზე გაიცა 8629 ლარის ოდენობით სესხი 18 თვის ვადით; სესხის ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 5%-ით (წლიური საპროცენტო განაკვეთი 60%).
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებით აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
დადგენილია, რომ 2017 წლის 14 თებერვალს შპს ,,ევ-------------- +“-სა და ვა-----------–---–-ას შორის დაიდო ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ, რომლის თანახმადაც, თვადებმა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა, მსესხებლის მიერ ფულადი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებაზე. თავდები პირის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვრა - 30 000 ლარით.
6.3. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები (სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას). შესრულების ვალდებულება კი პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა.
განსახილველ შემთხვევაში, უდავო ფაქტობრივი გარემოებებია რომ: მსესხებელის მიერ დარღვეულ იქნა შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად კრედიტორის სასარგებლოდ, ყოველთვიურად თანხის გადახდის ვალდებულება; საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ N1------- ხელშეკრულებით/შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, შპს ,,ევ-------------- +“-ის მიერ 2017 წლის 9 დეკემბერს, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, დაგირავებული ავტომობილი რეალიზებულ იქნა 3600 ლარად. რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხით, ხელშეკრულების შესაბამისად განხორციელდა გო-----------–---–ის ფულადი ვალდებულების გაქვითვა კრედიტორის სასარგებლოდ შემდეგნაირად: 3043.56 ლარით - გაიქვითა სესხზე დარიცხული სარგებელი; 478 ლარით - სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო; ხოლო 78.44 ლარით შემცირდა სესხის ძირითადი თანხა და განისაზღვრა 8243.56 ლარით;
შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხეთათვის სოლიდარულად როგორც სესხის ძირი თანხის, ასევე საპროცენტო სარგებლის დაკისრება. თუმცა, სასამართლო მიიჩნევს რომ 2017 წლის 14 თებერვალს შპს ევ--------------+-სა“ და გო-----------–---–ს შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ N1------- ხელშეკრულების საფუძველზე დადებული სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმება ნაწილობრივ ბათილია სესხის ძირითად ნაწილზე სარგებლის სახით ყოველთვიურად 5 %-ის (წლიური 60%-ის) დარიცხვის ნაწილში, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
6.4. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის დანაწესით ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ამავე კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც.
საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა დაამკვიდროს დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო. ყოველივე აღნიშნულის საფუძველი კი სტაბილური ეკონომიკური ბრუნვა და ბრუნვის მონაწილეთა ძირითადი უფლებების დაცვაა.
სასამართლო განმარტავს, რომ გარიგება ან მისი ესა თუ ის პირობა ზნეობრივ ნორმებთან და საჯარო წესრიგთან შეუსაბამოა, როდესაც ის ეწინააღმდეგება სოციალური სამართლიანობის პრინციპს, ხელშეკრულების მხარეს აყენებს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში. შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული როგორც თითოეული გარიგების შინაარსი და მისი სამართლებრივი ბუნება, ასევე მისი პირობების შედარება სამოქალაქო ბრუნვაში ანალოგიური ეკონომიკური დანიშნულების მქონე გარიგებების შინაარსთან, ასევე ის გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც გამოავლინა გარიგების დადების ნება მხარემ.
სასამართლო მიუთითებს, რომ ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სახელმძღვანელო დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპია. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ (სსკ-ის 8.3 მუხლი). ''უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები'' (სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი). შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარეა და უდავოა, რომ სწორედ მის მიერ იქნა განსაზღვრული სესხის სარგებელი - ყოველთვიური 5%. მართალია, ამ შეთავაზებას მსესხებელი მხარე დაეთანხმა, მაგრამ ამით სამართლებრივი სურათი არ იცვლება, რადგანაც მოსარჩელე მოქმედებდა სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინაღმდეგოდ: ,,თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე“. ამ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და მოსარჩელე (სარგებლის მიმღები) მოქმედებდა ცალსახად არაკეთილსინდისიერად: მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები და მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება. ყველა კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი სესხის წლიური სარგებლის 60%-ით განსაზღვრას საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სარგებლის მართლზომიერების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი და სსსკ 102-ე მუხლის პირველი ნაწილების თანახმად. ამრიგად, მხარეთა შორის დადებული 2017 წლის 14 თებერვლის ხელშეკრულების (სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმების) დებულება, რომლითაც გამსესხებელმა სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი განსაზღვრა, მაშინ როდესაც არ არსებობდა ასეთი მოქმედების ლეგიტიმური მიზანი, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით უცილოდ ბათილია, რაც არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას სსკ-ის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე (აღნიშნული დასაბუთება სრულად შეესაბამება საქართელოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას, იხ. სუსგ, საქმე N663-629-2015, 28.07.2015 წელი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მხარეთა ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიაჩნია, სესხის ყოველთვიურ საპროცენტო განაკვეთად განისაზღვროს ძირითადი თანხის - 20%.
შესაბამისად, ვინაიდან მხარეთა შორის 14.02.17წ. გაფორმებული N1------- ხელშეკრულებიდან (სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებიდან) გამომდინარე, სესხის ძირითადი თანხაა - 8629 ლარი, რომლის წლიური 20% შეადგენს - 1725.8 ლარს (ყოველთვიურად 143.8 ლარს), მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოსარჩელე საპროცენტო სარგებლის სახით მიიღებდა არაუმეტეს 2588.4 ლარს. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან - 3600 ლარიდან, 3043.56 ლარით - სრულად გაიქვითა სესხზე დარიცხული სარგებელი, ხოლო 78.44 ლარით - შემცირდა სესხის ძირითადი თანხა და განისაზღვრა 8243.56 ლარით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სესხზე ზედმეტად გადახდილი 454.86 ლარი (3043.56-2588.7) უნდა გამოაკლდეს ძირითად თანხას და შესაბამისად, მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მხოლოდ სესხის ძირითადი თანხის 7788.7 (8243.56-454.86) ლარის ანაზღაურება.
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2681-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
მხარეთა შორის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი შეთანხმებულია 2017 წლის 14 თებერვლის N1------- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებით (იხ. 8.15. პუნქტი). შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი 351.28 ლარის ოდენობით;
წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 236.66 ლარის ანაზღაურება, ხოლო შპს ,,ევ-------------- +“-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელეს ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი აქვს 100 ლარი, რომლის ანაზღაურება ასევე უნდა დაეკისროთ მოპასუხე მხარეებს სოლიდარულად.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
ვინაიდან შპს ,,ევ-------------- +“-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, 12.12.18წ. სასამართლო განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 268-270-ე, 364- 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,ევ-------------- +“-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხეებს - გო-----------–---–ს და ვა-----------–---–-ას მოსარჩელე შპს ,,ევ-------------- +“-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირითადი თანხის - 7788.7 ლარის ანაზღაურება.
3. მოპასუხეებს - გო-----------–---–ს და ვა-----------–---–-ას მოსარჩელე შპს ,,ევ-------------- +“-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ ავტომობილის შეფასების აქტის მომზადებისათვის გადახდილი თანხის - 100 ლარის ანაზღაურება.
4. მოპასუხეებს - გო-----------–---–ს და ვა-----------–---–-ას მოსარჩელე შპს ,,ევ-------------- +“-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 236.66 ლარის ანაზღაურება.
5. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის გზით თბილისის საქალაქო სასამართლოს (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო მამულაშვილი