გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ 351210119003286343
საქმე №2-561-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი:
10 მარტი, 2020 წელი ქ. გარდაბანი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე
გარდაბნის მუნიციპალიტეტში - ირინე ტყეშელაშვილი
სხდომის მდივანი - გიორგი ნოზაძე
მოსარჩელე - სს ,,ს----------–--------ი’’
წარმომადგენელი - ს--–---------–--–---–ი
მოპასუხე - ლ-----–------–---–ი
წარმომადგენელი - ს--------------–-ა
დავის საგანი - ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე - ლ-----–------–---–ს მოსარჩელე - სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2895,31 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1310 ლარი, სარგებელი (პროცენტი) – 970,53 ლარი, შემცირებული პირგასამტეხლო - 614,78 ლარი;
1.2. მოპასუხე - ლ-----–------–---–ს მოსარჩელე - სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი ბაჟის ანაზღაურება 57,30 ლარის ოდენობით, სარჩელის უზრუნველყოფისთვის გადახდილი ბაჟი 50 ლარის ოდენობით, საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლებისათვის გადახდილი საფასურის ანაზღაურება 11 ლარის ოდენობით და საჯარო რეესტრში აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის ანაზღაურება 20 ლარის ოდენობით;
სარჩელის მიხედვით, 2018 წლის 24 ივლისს მსესხებლის - ლ-----–------–---–ის სასარგებლოდ გაიცა ე.წ. ,,სმს სესხი“ 1310 ლარის ოდენობით, 2020 წლის 27 ივლისამდე. ე.წ. ,,სმს სესხი“-ს აღება მსესხებელს შეუძლია ელექტრონულად, ინტერნეტის მეშვეობით, რა დროსაც მსესხებელი ეცნობა სესხის ხელშეკრულების პირობებს, მასზე თანხმობის გამოთქმის შემთხვევაში, ხელშეკრულება ითვლება დადებულად. შესაბამისად, ამ დროიდან მხართა შორის ხელშეკრულება ითვლება დადებულად. მოცემულ შემთხვევაში, სესხის პირობების თანახმად, გაცემულ თანხას დაერიცხებოდა საპროცენტო სარგებელი წლიური 57,50 %-ის ოდენობით. ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, მხარეთა მიერ გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვადაგადაცილებული თანხის გადასახდელი თანხის 0,50 %-ის ოდენობით, არაუმეტეს ნარჩენი ძირითადი თანხის 0,41 %-სა. გამსესხებლის მიერ ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა კრედიტი. მსესხებელს ვალდებულება უნდა შეესრულებინა გადახდის გრაფიკის შესაბამისად - 27.08.2018 წლიდან 25.06.2020 წლის ჩათვლით, ყოველთვიურად 93,14 ლარის გადახდით, ხოლო ბოლო თვეს - 27.07.2020 წელს უნდა გადაეხადა 102,30 ლარი. მსესხებელს საერთოდ არ გადაუხდია თანხა. 27.08.2018 წელს მისი ანგარიშიდან ჩამოჭრილ იქნა 1,47 ლარი, რომელიც სრულად წავიდა პროცენტის თანხაში, რაც არ იყო საკმარისი მიმდინარე თვის ვალდებულების სრულად შესასრულებლად. შესაბამისად, მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაირღვა პირველივე გადახდისთანავე, რის გამოც ამ დღიდან დაიწყო პირგასამტეხლოს დარიცხვა და გაგრძელდა დავალიანების შესახებ ცნობის გაცემამდე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - ლ-----–------–---–მა შესაგებლით სარჩელი არ ცნო, რაც დააზუსტა მოსამზადებელ ეტაპზე და ცნო სარჩელი ნაწილობრივ, კერძოდ მოთხოვნა სესხის ძირის დაკისრების ნაწილში (1310 ლარის ოდენობით), არ ცნო პროცენტისა და პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 24 ივლისს სს ,,ს----------–--------სა’’ და ლ-----–------–---–ს შორის დაიდო ე.წ. ,,სმს სესხი“. იმავე დღეს, ლ-----–------–---–ის სასარგებლოდ გაიცა 1310 ლარი სესხის სახით. ხელშეკრულების თანახმად, გაცემულ თანხას დაერიცხებოდა საპროცენტო სარგებელი წლიური 57,50 %-ის ოდენობით. ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვადაგადაცილებული თანხის გადასახდელი თანხის 0,50 %-ის ოდენობით, არაუმეტეს ნარჩენი ძირითადი თანხის 0,41 %-სა. ლ-----–------–---–ს არ გადაუხდია არცერთი გადახდა, მისი ანგარიშიდან ჩამოიჭრა გამსესხებლის სასარგებლოდ 1,47 ლარი, რომელიც სრულად წავიდა პროცენტის თანხაში.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ. 19-20);
- საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 21-22);
- კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 23-24);
- ამონაწერი მსესხებლის ანგარიშიდან (ს.ფ. 25);
- ინფორმაცია ფინანსური ვალდებულების შესახებ (ს.ფ. 26);
- მხარეთა ზეპირი ახნსა-განმარტებები (10.03.2020 წლის სხდომის ოქმი).
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
მხარეებს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სადაოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ გასცა სესხის სახით თანხა მოპასუხის სასარგებლოდ, ხოლო მოპასუხემ არ დააბრუნა უკან, შესაბამისად, მან არ შეასრულა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა, შემცირებული პირგასამტეხლოს გათვალისწინებით, უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე, 132-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 132-ე მუხლის თანახმად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არარსებობის აღიარება მხარეს შეუძლია როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების ან ამ საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროს. თუ აღიარება წარმოდგენილია წერილობითი ფორმით, იგი დაერთვის საქმეს. ზეპირად გაკეთებული აღიარება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში.
სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება, ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის წარმომადგენელმა მოსამზადებელ ეტაპზე ცნო სარჩელი ნაწილობრივ (ძირი თანხის ნაწილში), რაც წარმოადგენს სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს.
შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა სესხის ძირი თანხის - 1310 ლარისა დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას, მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 24 ივლისს მოსარჩელე - სს ,,ს----------–--------სა“ და მოპასუხე - ლ-----–------–---–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მსესხებლის მიერ შესრულდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მსესხებელს დაერიცხა ანგარიშზე თანხა 1310 ლარის ოდენობით. ხელშეკრულება დაიდო 2018 წლის 24 ივლისს 2020 წლის 27 ივლისამდე. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება მსესხებლის მიერ დაირღვა 2018 წლის 27 აგვისტოს. მსესხებლის მიერ არ შესრულდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც გამოიხატება იმაში, რომ მან არ შეასრულა გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიური გადახდები.
დადგენილია, რომ ხელშეკრულების თანახმად, გაცემულ თანხას დაერიცხებოდა საპროცენტო სარგებელი წლიური 57,50 %-ის ოდენობით; ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვადაგადაცილებული თანხის გადასახდელი თანხის 0,50 %-ის ოდენობით, არაუმეტეს ნარჩენი ძირითადი თანხის 0,41 %-სა.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მოპასუხე მხარემ სს ,,ს----------–--------თან’’ გაფორმებული ხელშეკრულებით იკისრა სესხის როგორც ძირი თანხის, ასევე პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით დგინდება, რომ ლ-----–------–---–ის მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია ნაწილობრივ (1,47 ლარის ოდენობით).
შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სესხის პროცენტის - 970,53 ლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი მხარეებს ანიჭებს თავისუფლებას პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, მაგრამ აღნიშნული არ უნდა იქნეს განხილული, როგორც სრული თავისუფალი ნება. ამ დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ის შესაძლო ზიანი, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ვალდებულების შეუსრულებლობას ან არაჯეროვან შესრულებას და არ უნდა დაირღვეს სამოქალაქო ბრუნვის სამართლიანობა.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს შემცირებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ფიქსირებული ჯარიმის/პირგასამტეხლოს ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით - 100 ლარი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის’’ მიერ თავდაპირველი სარჩელით მოთხოვნილი იყო მოპასუხისათვის 3817,48 ლარის დაკისრება, რის შესაბამისადაც გადახდილ იქნა ბაჟი 57,30 ლარის ოდენობით. თუმცა, მოსარჩელემ მოსამზადებელ სხდომაზე შეამცირა მოთხოვნა და მოითხოვა 2895,31 ლარის დაკისრება მოპასუხისთვის. შესაბამისად, სარჩელზე გადასახდელი ბაჟის ოდენობა შეადგენს 50 ლარს, ამიტომ 7 ლარი და 30 თეთრი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, როგორც ზედმეტად გადახდილი.
რაც შეეხება მოპასუხისთვის ბაჟის დაკისრების საკითს, სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხემ მოთხოვნილი 2895,31 ლარიდან, სარჩელი ცნო 1310 ლარის ნაწილში, არ ცნო 1070,53 ლარი. ვინაიდან გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა 2380,53 ლარის გადახდა, მოპასუხემ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაუროს სარჩელზე გადახდილი ბაჟის ნაწილი - 18,48 ლარის ოდენობით, ასევე - სარჩელის უზრუნველყოფისთვის გადახდილი ბაჟის ანაზღაურება - 50 ლარის ოდენობით. ხოლო სარჩელზე წინასწარ გადახდილი ბაჟიდან - 25,92 ლარი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს უკან.
7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ხოლო მესამე ნაწილის თანახმად, სამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საჯარო რეესტრში ამონაწერის განახლებისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება სულ 31 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-14, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს ,,ს----------–--------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე - ლ-----–------–---–ს მოსარჩელე - სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2380 (ორიათას სამას ოთხმოცი) ლარის და 53 თეთრის გადახდა (საიდანაც 1310 ლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 970,53 ლარი არის პროცენტი, 100 ლარი არის პირგასამტეხლო);
3. მოპასუხე - ლ-----–------–---–ს მოსარჩელე - სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 31 (ოცდათერთმეტი) ლარის გადახდა, საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლებისთვის და აკრძალვის რეგისტრაციისთვის გადახდილი ხარჯის ასანაზღაურებლად;
4. მოპასუხე - ლ-----–------–---–ს მოსარჩელე - სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისთვის გადახდილი ბაჟის ასანაზღაურებლად;
5. მოპასუხე - ლ-----–------–---–ს მოსარჩელე - სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 18 (თვრამეტი) ლარის და 48 თეთრის გადახდა, სარჩელზე გადახდილი ბაჟის ასანაზღაურებლად;
6. მოსარჩელე - სს ,,ს----------–--------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 25 (ოცდახუთი) ლარი და 92 თეთრი (რომელიც გადახდილია სარჩელზე 12.11.2019 წელს; საგადახდო დავალებით № 34340; მიმღები: ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიანი ანგარიში; მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 300113150; ბანკი კოდი: TRESGE22);
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, გარდაბნის მაგისტრატი სასამართლოს (გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. №6) მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში (გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. №6) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ირინე ტყეშელაშვილი