გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ 351310020003422288
საქმე №3-1-20
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი:
16 მარტი, 2020 წელი ქ. გარდაბანი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე
გარდაბნის მუნიციპალიტეტში - ირინე ტყეშელაშვილი
სხდომის მდივანი - გიორგი ძინძიბაძე
მოსარჩელე - ნი--- გუ-–----
წარმომადგენელი - ონ--- მა-------
მოპასუხე - გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - ნა---- აკ-----–---–-
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის 24.12.2019 წლის ბრძანება № 4---, ნი--- გუ-–----სთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების შესახებ.
სარჩელის მიხედვით, მოსარჩელე ნი--- გუ-–---- დასაქმებულია გარდაბნის მუნციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში მესამე რანგის მესამე კატეგორიის უფროს სპეციალისტად. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 21.12.2019 წლის განჩინებით, ნი--- გუ-–----ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ გამოყენებული იქნა გირაო. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის - რა---- ბუ------–---–ის 24.12.2019 წლის № 4--- ბრძანებით, ნი--- გულბანს შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება, სასამართლო განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე. აღნიშნული ბრძანება არის უკანონო და დაუსაბუთებული, მერის მხრიდან დარღვეულია ადამიანის ძირითადი უფლებები, უდანაშაულობის პრეზუმფცია, ასევე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების და გამოცემის კანონით დადგენილი წესი, კერძოდ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ მოსარჩელე არის ორსულად და ჰყავს მცირეწლოვანი შვილი. რაც მთავარია, სასამართლოს მიერ არ არის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, რა დრომდეც ნი--- გუ-–---- ითვლება უდანაშაულოდ და მას შეუძლია მისი საქმიანობის ჩვეულებრივ გაგრძელება მანამ, სანამ მის მიმართ არ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ როგორც წერილობითი შესაგებელით, ისე საქმის ზეპირ მოსმენაზე განმარტა, რომ ნი--- გუ-–----ს სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის 24.12.2019 წლის № 4--- ბრძანება არის გამოცემული კანონის სრული დაცვით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი იძიებს სისხლის სამართლის № 0----------1 საქმეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 21.12.2019 წლის განჩინებით, ბრალდებულ ნი--- გუ-–----ს მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახედ გამოყენებული იქნა გირაო 10 000 ლარის ოდენობით.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 21.12.2019 წლის განჩინება (ს.ფ. 44-149);
3.1.2. ნი--- გუ-–---- დასაქმებულია გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციული სამსახურის მე-3 რანგის მე-3 კატეგორიის უფროს სპეციალისტად, რომელსაც შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით 2019 წლის 24 დეკემბრიდან, მის მიმართ გამოტანილი სასამართლო განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის 24.12.2019 წლის № 4--- ბრძანება ( ს.ფ. 11);
3.1.3. ნი--- გუ-–----, 30.12.2019 წლის მდგომარეობით არის ორსულად.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 12);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნი--- გუ-–----ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ;
საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველი ადამიანი, მისი სამოქალაქო ხასიათის უფლებებისა და მოვალეობების, ან მისთვის წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, აღჭურვილია გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნოდ განხილვის უფლებით კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 54-ე მუხლის ,,ე.ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მერი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
განსახილველ შემთხვევაში, ნი--- გუ-–----ს სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მის მიმართ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მიერ 24.12.2019 წელს გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - № 4--- ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების შესახებ. შესაბამისად, აღნიშნული ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან. შესაბამისად, იგულისხმება, რომ დავის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეამოწმოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად (2019 წლის 24 დეკემბერს მოქმედი რედაქციით), მოხელის სამსახურებრივი უფლებამოსილება ჩერდება: საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოხელის დაკავების, მისი ადმინისტრაციული პატიმრობის ან მისთვის ისეთი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემთხვევაში, რომელიც გამორიცხავს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა 24.12.2019 წლის № 4--- ბრძანებით, იხელმძღვანელა რა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 21.12.2019 წლის განჩინებით, რომლითაც ნი--- გუ-–----ს მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე გამოყენებული იქნა აღკვეთის ღონისძიების სახედ - გირაო, შეაჩერა საჯარო მოხელის - ნი--- გუ-–----ს სამსახურებრივი უფლებამოსილება, სასამართლო განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
შესაბამისად, სასამართლომ უნდა იმსჯელოს იმის შესახებ, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება თუ არა კანონს, ან არსებითად დარღვეულია თუ არა მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. შესაბამისად, სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც მან გამოსცა, არ ეწინააღმდეგება კანონს, ან არ არის არსებითად დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა არ ათავისუფლებს მოსარჩელეს, დაასაბუთოს მიერ მიღებული აქტი.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას, გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები).
ადმინისტრაციული წარმოების ვალდებულების შესრულება ემსახურება ასევე უმნიშვნელოვანეს ვალდებულებას, მიღებული გადაწყვეტილება დაასაბუთოს.
განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ 21.12.2019 წელს აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო, რატომ გამორიცხავს ნი--- გულანის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებას. აღნიშნულ გარემოებაზე არ აქვს ნამსჯელი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერს, ბრძანების მიღებისას. არც სხვა რაიმე სახის აქტია მიღებული, რომელითაც დადასტურდებოდა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ იმსჯელა აღნიშნულ გარემოებაზე და შემდეგ მიიღო ბრძანება ნი--- გუ-–----სთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების შესახებ.
გასათვალისწინებელია, რომ საკასაციო სასამართლომ თავის არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის წესების დაცვისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და აქტის დასაბუთების ვალდებულებაზე, ხოლო ასეთის შეუსრულებლობის შემთხვევაში, აქტის სამართლებრივი შედეგების შესახებ: ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდი---ს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე # ბს-246-243 (კ-14)).
განსახილველ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იქნა ისე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა დასაბუთებული, რატომ გამორიცხავს აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო, ნი--- გუ-–----ს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებას. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სადავო საკითხზე მსჯელობისას, სასამართლო არ არის ვალდებული დაასაბუთოს გასაჩივრებული აქტის კანონიერება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
სასამართლო მიუთითებს, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.
შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოსცა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების და დასაბუთების გარეშე. იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა - საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი დასკვნის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. ასეთი გამოკვლევის არარსებობის შემთხვევაში, სასამართლო შესაბამის მსჯელობას იმ გარემოებებზე, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შეფასებისა და გამოკვლევის საგანი არ ყოფილა, ვერ იქონიებს, რის გამოც უფლებამოსილია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს 2019 წლის 24 დეკემბრის № 4--- ბრძანება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე.
,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
შესაბამისად, ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან სასამართლოში განსახილველ საქმეზე, რომელიც გამომდინარეობს სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე.
ვინაიდან მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილია ბაჟი 100 ლარის ოდენობით, მას უნდა დაუბრუნდეს უკან თანხა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-6, მე-9, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ნი--- გუ-–----ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნეს ცნობილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 24 დეკემბრის ბრძანება № 4--- ნი--- გუ-–----სთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების შესახებ და დაევალოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას, საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონით დადგენილ ვადაში;
3. მოსარჩელე - ნი--- გულბანს (პ/ნ 1----------) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სარჩელზე წინასწარ გადახდილი ბაჟი 100 ლარის ოდენობით (რომელიც გადახდილია 08.01.2020 წელს ონ--- მა-------ს მიერ, სახაზი--- კოდზე: 30063150, მიმღების ბანკი: ფინანსთა სამინისტროს სახაზი--- სამსახური, ბანკის კოდი: TRESGE22);
4. გადაწყვეტილების ასლები გაეგზავნოთ მხარეებს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) გარდაბნის მაგისტრატი სასამართლოს (ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქუჩა №6) მეშვეობით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.
მოსამართლე ირინე ტყეშელაშვილი