გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210018002706329
2-4558/18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19/02/2020 წელი ქ.ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე
სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე
მოსარჩელე: ტ----- მ---ი
წარმომადგენელი: ლ------–--------------ე
მოპასუხე: ს------ ა-----------
წარმომადგენელი: რ-----–----ე
დავის საგანი: თანხის დაკისრება;
აღწერილობითი ნაწილი:
1.სასარჩელო მოთხოვნა:
ტ----- მ---ი სასარჩელო განცხადებით მოითხოვს ს------ ა-----------ს მის სასარგებლოდ დაეკისროს 24 645 აშშ დოლარი.
მოსარჩელის წარმომადგენელი სასარჩელო მოთხოვნას ამყარებენ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
მოსარჩელემ, ს------ ა-----------ს ასესხა 15 000 აშშ დოლარი. მოპასუხეს, სესხის სარგებლობისათვის მოსარჩელისათვის ყოველთვიურად უნდა გადაეხადა სარგებელი სესხად მიღებული თანხის 3%-ის ოდენობით. ს------ ა-----------ს სესხად აღებული თანხა მოსარჩელისათვის უნდა დაებრუნებინა 2016 წლის 21 ოქტომბრამდე. მიუხედავად სესხად გაცემული თანხის დაბრუნების ვალდებულებისა, მოპასუხემ სესხად მიღებული 15 000 აშშ დოლარი და მასზე დარიცხული სარგებელი - 5 400 აშშ დოლარი შეთანხმებულ ვადაში მოსარჩელეს არ დაუბრუნა. სესხად გაცემულ თანხის ვადაში დაუბრუნებლობით მოპასუხემ მოსარჩელეს მიაყენა 4 245 აშშ დოლარის ზიანი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე სარჩელს ცნობს ნაწილობრივად. მისი წარმომადგენელი სადავოდ არ ხდის იმ ფაქტს, რომ ს------ ა-----------მა მოსარჩელისგან სესხად მიიღო 15 000 აშშ დოლარი. მას, სესხად მიღებული თანხა მოსარჩელისათვის უნდა დაებრუნებინა 2016 წლის 21 ოქტომბრამდე. დადგა მისი დაბრუნების დრო, მაგრამ ს------ ა-----------მა ვერ შეძლო სესხად მიღებული თანხის მოსარჩელისათვის დაბრუნება. მოპასუხე უარყოფს სესხის სარგებელზე შეთანხმებას. განმარტავს, რომ სესხი უსასყიდლო იყო და არ ითვალისწინებდა სარგებელის გადახდის ვალდებულებას.
მოპასუხე სარჩელს სარჩელს ნაწილობრივ ცნობს ზიანის ნაწილშიც. განმარტავს რომ თანხის ვადაში დაუბრუნებლობით მოსარჩელემ განიცადა 1769,36 აშშ დოლარის ზიანი.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ტ----- მ---იმ ს------ ა-----------ს ასესხა 15 000 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები;
- ხელწერილი.ს.ფ. 14-15
3.1.2. ს------ ა-----------ს, სესხად მიღებული თანხა, ტ----- მ---ისათვის უნდა დაებრუნებინა 2016 წლის 21 ოქტომბრამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები;
- ხელწერილი.ს.ფ. 14-15
3.1.3. ს------ ა-----------მა 2016 წლის 21 ოქტომბრამდე სესხად მიღებული 15 000 აშშ დოლარი ტ----- მ---ს არ დაუბრუნა. მას სესხად მიღებული თანხა გამსესხებლისათვის დაბრუნებული არ აქვს საქმის განხილვის მომენტისთვისაც.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მხარეებს შორის მთავარი სადაო გარემოებაა:
- შეთანხმება სარგებელზე;
- ზიანის ოდენობა.
3.2.2. მხარეებს შორის სხვა გარემოებებიცაა სადაო, მაგრამ დავის გადაწყვეტისათვის ამ ორი გარემოებების დადგენა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.
3.2.3. სასამართლო განმარტავს, რომ სადაო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განსაზღვრულია, რომ სამართალწარმოება განხორციელდეს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამ პრინციპის მიხედვით ფაქტობრივი გარემოებების დადგენაში მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. ისინი თავად განსაზღვრავენ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ის ფაქტობრივი გარემოება, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელი ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მიერ შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საყურადღებოა ის გარემოება, რომ როდესაც მხარეები დაობენ ფაქტობრივ გარემოებაზე, ასეთ შემთხვევაში მათი ვალდებულებაა სადაო გარემოებებთან დაკავშირებით წარმოადგინონ მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემს ანალიზის საშუალებას და შეუქმნის ფაქტის არსებობის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მხარეებზე უნდა გადანაწილდეს სწორად. მხარეებს უნდა დაეკისროთ ისეთი ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. წინამდებარე შემთხვევაში დავის გადაწყვეტისათვის უმნიშვნელოვანესი საკითხია დადგინდეს მხარეები არიან თუ არა შეთანხმებულნი სარგებელის გადახდის პირობაზე. სარგებელზე შეთანხმებას ამტკიცებს მოსარჩელე, ამიტომ სწორედ მისი ვალდებულებაა წარმოადგინოს მტკიცებულებები და დაამტკიცოს, რომ მხარეები შეთანხმებულნი არიან მასზედ, რომ მიღებული სესხის სარგებლობისათვის ს------ ა-----------ს უნდა გადაეხადა სესხად მიღებული თანხის თვეში 3 %. სარგებელზე შეთანხმების არარსებობას, მოპასუხე ვერ დაამტკიცებს, რადგანაც არ არსებული ფაქტის მტკიცებულება არარსებობს. სწორედ ამიტომაც მოსარჩელე ამ ფაქტის მტკიცებისაგან თავისუფალია. ასევე მოსარჩელეს ეკისრება ვალდებულება დაამტკიცოს ზიანის ფაქტის არსებობა და მისი ოდენობა.
3.2.4. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება არ გამორიცხავს მხარეთა უფლებას, წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომელიც არაა დაკავშირებული დაკისრებული მტკიცების ტვირთთან, მაგრამ დაკავშირებულია საქმის სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან. ამ გზით ისინი შეძლებენ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაბათილებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლიანი განაწილებაა.
3.2.5. თავისი საპროცესო ვალდებულების შესრულების მიზნით მოსარჩელის წარმომადგენელმა წარმოადგინა თავისი ზეპირი განმარტება. ანუ ზეპირად განმარტა, რომ მოპასუხეს, სესხის სარგებლობისათვის მოსარჩელისათვის ყოველთვიურად უნდა გადაეხადა სარგებელი სესხად მიღებული თანხის 3%-ის ოდენობით. მოპასუხის წარმომადგენელმა მოსარჩელის წარმომადგენლის ზეპირი განმარტება, თავისი ზეპირი განმარტებითვე უარყო და განმარტეს, რომ სესხი არ ითვალისწინებდა სარგებელის გადახდის პირობას. ზეპირ განმარტებასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა ზეპირი განმარტებაც მტკიცებულებაა. მხარეებს უფლება აქვთ ზეპირად ამტკიცონ ამათუიმ ფაქტის არსებობა, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზეპირი განმარტებით ფაქტების მტკიცების უფლება აქვს ორივე მხარეს. მოპასუხეს შეუძლია ზეპირად უარყოს მოსარჩელის მიერ გადმოცემული ფაქტები, და პირიქით. ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტები მაშინ ითვლება დადგენილად და დადასტურებულად, როდესაც მხარეები მას ადასტურებენ და სადაოდ არ ხდიან. თუ ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტი, მხარეებისათვის სადაოა, მაშინ ის აღარ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია გაცხადებული ფაქტები დასტურდებოდს ზეპირ განმარტებაზე უფრო მყარი მტკიცებულებით. ამიტომ თითოეული მხარის ზეპირი განმარტება უნდა მტკიცდებოდეს სხვა უფრო მყარი მტკიცებულებით. ანუ აუცილებელია გამოყენებული იქნას მტკიცების უფრო მაღალი სტანდარტი, ვიდრე ზეპირი განმარტების სტანდარტია.
3.2.6. სასამართლო განმარტავს, რომ სარგებელზე შეთანხმება, ფაქტობრივი გარემოებაა. მის დამტკიცებაში მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას მასზედ, რომ მხარეები შეთანხმდნენ სარგებელის გადახდაზე. მოსარჩელეს სარგებელზე შეთანხმების ამსახველი მტკიცებულება არ აქვს. იმისათვის, რომ მოსარჩელის მითითება სასამართლომ გაიზიაროს, აუცილებელია საქმეში არსებობდეს იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მხარეები სარგებელზე შეთანხმებულნი არიან. ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენის აუცილებლობა იმიტომ არსებობს, რომ მოპასუხე ასეთ ფაქტს უარყოფს და საპირისპიროდ ამტკიცებს, რომ სესხი სარგებელზე შეთანხმებას არ შეიცავს. ბუნებრივია ასეთ სადაო ფაქტს კონკრეტული მტკიცებულება სჭირდება. მოსარჩელეს ასეთი კონკრეტული მტკიცებულება არ აქვს. შესაძლებელია მხარეთა შეთანხმება მართლა შეიცავდა სარგებელის გადახდის პირობას, მაგრამ ეს შეთანხმება რომელიმე მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს. თუ მხარეები სარგებელზე შეთანხმდნენ, მაშინ მოსარჩელეს უნდა გამოეჩინა უფრო მეტი წინდახედულობა და სარგებელის პირობა აესახა იმ ხელწერილში, რომლითაც ს------ ა-----------მა აღიარა 15 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება. ხელწერილი ასეთ დათქმას არ შეიცავს. სხვა მტკიცებულება კი საქმეში არ მოიპოვება. შესაბამისად მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა სესხის სარგებელზე შეთანხმება.
იხ. ხელწერილი.ს.ფ. 14-15
3.2.7. შემდეგი სადაო საკითხია ზიანის ფაქტი და მისი ოდენობა. მოსარჩელემ ზიანის არსებობის დასადასტურებლად წარმოადგინა შპს ,,დანი-აუდიტის“ დასკვნა. მასში მითითებულია, რომ თუ მოპასუხე მოსარჩელეს 15 000 აშშ დოლარს დაუბრუნებდა დროულად, მაშინ ინფლაციისა დ სხვა ეკონომიკური მოვლენების გათვალისწინებით მოსარჩელე სარგებელის სახით მიიღებდა წლიურად 18 %-ს. სამი წლის განმავლობაში კი ის მიიღებდა 9645 აშშ დოლარს.
იხ. აუდიტორული დასკვნა.ს.ფ. 71-73
3.2.8. მოსარჩელის არგუმენტების გაბათილების მიზნით მოპასუხემ წარმოადგინა აუდიტის დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ თუ მოპასუხე სესხად მიღებულ თანხას მოსარჩელეს დროულად დაუბრუნებდა და მას მოსარჩელე ანაბარზე განათავსებდა, მაშინ ანაბრად 15 000 აშშ დოლარის განთავსების შემთხვევაში მოსარჩელე მიიღებდა 1769,36 აშშ დოლარს.
იხ. აუდიტის დასკვნა. .ს.ფ. 107-109
3.2.9. ამდენად ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით მხარეებმა წარმოადგინეს ურთიერთ გამომრიცხავი აუდიტორული დასკვნები. ორივე დასკვნის შეფასების საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ორივე დასკვნაში მითითებული განმარტებები შეესაბამება რეალობას. თუ მოსარჩელე 15 000 აშშ დოლარს სესხად გასცემდა წლიურად 18 %-ში, მაშინ ის საანგარიშო პერიოდში ნამდვილად მიიღებდა 9645 ლარს.
ასევე თუ მოსარჩელე 15 000 აშშ დოლარს ანაბარზე განათავსებდა, ის ნამდვილად მიიღებდა 1769,36 აშშ დოლარს. საქმის სირთულე მასში მდგომარეობს, რომ ორივე აუდიტორი, დასკვნებს აგებს ვარაუდებზე და იგი არაა დამყარებული ფაქტებზე. საქმეში არ არსებობს კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც განსაზღვრავდა მოსარჩელის ქცევას 15 000 აშშ დოლარის მიღების შემდეგ. შესაძლებელია მიღებული თანხა მოსარჩელეს სარგებელის პირობით გაესესხებინა, ანაბარი შეეტანა, სახლი ეყიდა, სათამაშო დაწესებულებაში უფრო მეტი მოეგო ან წაეგო, სარგებელის გარეშე გაესესხებინა, ან არაფერში არ გამოეყენებინა და სახლში ჰქონოდა შენახული. ზიანის არსებობისათვის ზუსტად უნდა ჩანდეს რა შემოსავალი დაკარგა. ამისათვის კი აუცილებელია ვიცოდეთ რას გააკეთებდა მოსარჩელე ამ თანხით. ამ გარემოების ამსახველი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება და მოსარჩელეს თავის სარჩელშიც ნახსენები არ აქვს. შემოსავლის საკითხები და მოგების ვერსიები თავად აუდიტორების მიერაა შექმნილი და მოგონილი. თუ გავითვალისწინებთ მოსარჩელისა და მოპასუხის ურთიერთობას, მაშინ ასეთ დასკვნებს ვერ გამოვიტანთ გამომდინარე იქედან, რომ მოსარჩელემ 15 000 აშშ დოლარი არც ანაბრად განათავსა და არც სარგებელის პირობით არ გაასესხა. მან თანხა სარგებლის გარეშე ასესხა მოპასუხეს, რაც გარკვეულწილად ასუსტებს მოსარჩელის პოზიციას მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებით. საბოლოოდ სასამართლო ითვალისწინებს მოპასუხის არგუმენტებს ზიანის ნაწილში. ის სარჩელს ეთანხმება 1769,36 აშშ დოლარის ნაწილში, ამიტომ ზიანიც ამ თანხის ფარგლებში უნდა ჩაითვალოს დადგენილად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელი აქვს სესხად მიღებული 15 000 აშშ დოლარი და ასევე ასანაზღაურებელი აქვს ზიანი 1769,36 აშშ დოლარის ოდენობით.
5.კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
_ საქართველოს კონსტიუცია.
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
-- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, სასამართლოს მეშვეობით დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ამიტომაც გადაწყვეტილების მიღებისას, ორივე მხარის პატივდასადები ინტერესები გათვალისწინებული უნდა იქნას თანაბრად. განსახილველ საქმეში მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხეს ეკისრება ვალის გადახდის მოვალეობა. მას გადასახდელი აქვს სესხის ძირი თანხა 15 000 აშშ დოლარი. ასევე მას გადასახდელი აქვს სარგებელი და ზიანი ჯამში 9645 ლარი. სასამართლო განმარტავს, რომ თუ მოპასუხემ მოსარჩელისაგან ისესხა თანხა, დადგა მისი გადახდის დრო და არ გადაიხადა, მაშინ მისი ასეთი ქმედება უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს თანხის გადახდა.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლება შესაბამისი საფუძვლის გარეშე არ არსებობს.თანხის გადახდის მოთხოვნას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ვალდებულების არსებობა (საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მოსარჩელის მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მოსარჩელე მიუთითებს სახელშეკრულებო ურთიერთობაზე. სახელშეკრულებო ურთიერთობისათვის მთავარი მახასიათებელია სათანადო პირობებით შეთანხმებული გარიგების არსებობა.
6.3. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის საფუძვლებიდან. დასახელებული ნორმით ,,სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი”.
დადგენილია, რომ მოსარჩელსა და ს------ ა-----------ს შორის ვალდებულება წარმოიშვა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც მოსარჩელემ 2016 წლის 21 ოქტომბრამდე ვადით მოპასუხეს ასესხა 15 000 აშშ დოლარი. სწორედ ასეთ ურთიერთობას არეგულირებს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით დადგენილი ქცევის წესი. შესაბამისად მხარეებს შორის წარმოშობილი ურთიერთობა სესხის ხელშეკრულებაა, ამიტომ წარმოშობილი დავა უნდა გადაწყდეს სესხის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმებით.
6.4. გარიგების დადების შემდეგ მნიშვნელოვანია დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვანი შესრულების საკითხები. თითოეულ მხარეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უფლება აქვს მეორე მხარისაგან მოითხოვოს ნაკისრი მოვალეობის შესრულება. თავის მხრივ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი გარიგების მონაწილეებს ავალდებულებს ვალდებულება შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები ვალდებულნი არიან დასახელებული მოთხოვნები დაიცვან ზედმიწევნით. მხოლოდ ამ წესის დაცვის შემთხვევაში ჩაეთვლებათ მათ ვალდებულება შესრულებულად. სესხის ხელშეკრულების დადებისა და ფულის გადაცემის შემდეგ, მოსარჩელემ შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ ს------ ა-----------ისაგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება. სესხის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც სესხის გაცემის შემდეგ, გამსესხებელს აქვს მხოლოდ მოთხოვნის უფლება და არაა სანაცვლო ვალდებულებით შეზღუდული. თავის მხრივ ს------ ა-----------ი ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ თანხა დაებრუნებინა შეთანხმებული პირობების შესაბამისად დათქმულ დროში. ასეთი მოვალეობა მას უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. მხარეები სახელშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება. ს------ ა-----------მა დაარღვია ვალდებულება და სესხი არ დაფარა, რითაც დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, ასევე მოსარჩელის კანონიერი ინტერესი. ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება სესხის ხელშეკრულების პირობებს და წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას. მას გადასახდელი აქვს 15 000 აშშ დოლარი. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, ს------ ა-----------ი ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხადოს სესხად მიღებული თანხა. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
6.5. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით ,,სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი”.
დადგენილია, რომ მოსარჩელე მოითხოვს სარგებელის გადახდასაც. სარგებელზე შეთანხმება საქმის მასალებით არ დადგინდა. მხარეს უფლება არ აქვს მოითხოვოს იმაზე მეტი, ვიდრე მას ხელშეკრულებიდან ეკუთვნის. ამ ნაწილში მოთხოვნას არ აქვს საფუძველი, რის გამოც ამ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.6. მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეს დაეკისროს ზიანის ანაზღაურება. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც ,,იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება”.
ამავე კოდექსის 411-ე მუხლით ,,ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო”.
წინამდებარე შემთხვევაში დადგინდა, რომ მოპასუხეს ნაკისრი ვალდებულება შესრულებული არ აქვს და მოსარჩელისათვის გადასახდელი აქვს თანხები. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით მოსარჩელე შემოსავალს ნამდვილად დაკარგავდა. თუ მოპასუხე ნაკისრ ვალდებულებას დროულად შეასრულებდა, მოსარჩელე მიღებული თანხით შეძლებდა 1769,36 აშშ დოლარის შემოსავლის მიღებას. შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში საფუძვლიანია ნაწილობრივად.
6.7. მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ნაწილში გარკვეულ წილად ბუნდოვანია. მოსარჩელის წარმომადგენელი ზიანად დასახელებულ 9645 ლარში, მოიაზრებს სარგებელსაც და მიუღებელ შემოსავლასაც. თუმცა ზიანის მოთხოვნის მტკიცებულებად განსაზღვრულ აუდიტის დასკვნაში 9645 ლარი მხოლოდ მიუღებელი შემოსავალია. ამის მიუხედავად მოსარჩელის წარმომადგენელი ორივეს ანაზღაურებას მოითხოვს. ანუ უფრო მეტს მოითხოვს, ვიდრე ციფრებში აქვს გამოსახული. სარგებელის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა მტკიცებულებების არარსებობის გამო. რაც შეეხება 1769,36 აშშ დოლარზე მეტ ოდენობის ზიანს, აღნიშნულიც არ დასტურდება მტკიცებულებებით, რის გამოც ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7.საპროცესო ხარჯები:
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის I ნაწილით პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ხოლო მესამე ნაწილით სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ ბაჟის ოდენობა გამოიანგარიშა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დაცვით. დასახელებული ნორმით სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა. სამოქალაქო სსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტით ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელის დროს დავის საგნის ფასი განისაზღვრება გადასახდელი თანხით. საქმეში მოსარჩელე დაობს 24 645 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარზე. ამ თანხის 3 % შეადგენს 2077 ლარს.
7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელეს სახ. ბაჟი წინასწარ აქვს გადახდილი. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გამო მხარეებს შორის ბაჟი უნდა განაწილდეს სარჩელის დაკმაყოფილების პროპორციულად. კერძოდ მოსარჩელეს უნდა დაეკისროს 663,90 ლარის გადახდა, ხოლო მოპასუხეს უნდა დაეკისროს 1414,02 ლარის გადახდა.
7.3. საქ. სსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილი იმ მოპასუხეებს ათავისუფლებს სახ. ბაჟის გადახდისაგან, ვინც საქმის მომზადების სტადიაზე სარჩელს ცნობს. როგორც ზემოთ განვმარტეთ მოპასუხემ სარჩელი 16 769,36 აშშ დოლარის ნაწილში სცნეს, ამიტომ ისინი ამ ნაწილში კუთვნილ ბაჟის - 1414,02 ლარის გადახდისაგან უნდა გათავისუფლდეს.
7.4. მოსარჩელეს ასევე გაწეული აქვს აუდტის დასკვნის ხარჯი - 200 ლარი. თუმცა მის მიერ წარმოდგენილი დასკვნა მოპასუხემ გააბათილა სხვა აუდიტორული დასკვნით. აუდიტორული დასკვნა საპროცესო ხარჯია, მაგრამ ის მოსარჩელეს არ უნდა აუნაზღაურდეს, რადგანაც მისი გამოყენებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
7.5. ტ----- მ---ი მოითხოვს მოპასუხემ აუნაზღაუროს საადვოკატო ხარჯები 3000 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის დასახელებული მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის I ნაწილის საფუძვლიდან, დასახელებული ნორმით ანაზღაურებას ექვემდებარება პროცესის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის I ნაწილით პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ხოლო მესამე ნაწილით სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მოსარჩელემ წარმოადგინა საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილი თანხის ქვითრები, რაც ადასტურებს მის მიერ სასამართლოს გარეშე ხარჯების გაწევას. დასახელებული ხარჯი პროცესის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯებია. ამ კატეგორიის ხარჯების ანაზღაურება გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის I ნაწილის ბოლო წინადადებით, მაგრამ ამ ხარჯების ანაზღაურებისას გათვალისწინებული უნდა იქნას ის, რომ ანაზღაურდება მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯები გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის II ნაწილის პირველი წინადადებით თუ მხარეს არ შეუძლია ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება, სასამართლოს უფლება აქვს ამ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოიწვიოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე, თუ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გამო ადვოკატის მონაწილეობა ამ საქმის განხილვაში მიზანშეწონილია. ასეთ შემთხვევაში ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით.
საქმის სირთულის, პროცესების რაოდენობის, სარჩელის დაკმაყოფილების პროპორციისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ იურიდიული მომსახურების ხარჯები უნდა ანაზღაურდეს ნაწილობრივად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, გამოყენებული არაა
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ტ----- მ---ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივად.
2. ს------ ა-----------ს, ტ----- მ---ის სასარგებლოდ დაეკისროს 16 769,36 აშშ დოლარის (სესხის თანხა - 15000 აშშ დოლარი და 1769,36 აშშ დოლარი ზიანი) გადახდა. მასვე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი იურიდიული მომსახურების ხარჯის 1500 ლარის ანაზღაურება.
3. სარჩელი 7875,64 აშშ დოლარის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
4. მოსარჩელეს სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისროს 663,9 ლარის გადახდა. მას ბაჟი გადახდილი აქვს.
5. მოსარჩელეს უკან დაუბრუნდეს ლ------–--------------ის მიერ გადახდილი ბაჟის ნაწილი 1414,02 ლარი (საგადასახადო დავალება 0, გადახდის თარიღი - 02/11/2018 წელი, გადამხდელის ბანკი - სს თიბისი ბანკი, სახაზინო კოდი - 300693150)
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი:ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქ.№30) მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე