გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 19.03.2020
საქმის ნომერი
330310019003330304
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
19.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/9490-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

19 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დავით წერეთელი

სხდომის მდივანი თამილა ახვლედიანი

 

მოსარჩელეები - გი------ ჩუ-------–---–ი და მისი არასრულწლოვანი შვილები - და----- ჩუ-------–---–ი და ალ---------- ჩუ-------–---–ი

წარმომადგენლები - მა-- გრ---–-–---–ი, ქე------ ბე---–---–ი

 

მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

წარმომადგენელი - ზი------ და-----–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება;

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი „გი------ ჩუ-------–---–ისთვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 13 ნოემბრის №0--------- ბრძანება.

 

1.2. დაევალოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, განიხილოს მოსარჩელე გი------ ჩუ-------–---–ის განცხადება, ახლად გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე, დევნილის სტატუსის აღდგენასთან დაკავშირებით კანონით დადგენილი წესით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ სარჩელი არ ცნო, მისი წარმომადგენლის განმარტებით სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს და არ არის დარღვეული მათი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

მოსარჩელე გი------ ჩუ-------–---–ს ჰყავს არასრულწლოვანი შვილები, ალ---------- ჩუ-------–---–ი და და----- ჩუ-------–---–ი. მოსარჩელე გი------ ჩუ-------–---–ი დევნილად რეგისტრირებულია 1996 წლიდან, მონაცემთა ბაზაში დევნილობამდე ფაქტობრივ და იურიდიულ მისამართად მითითებულია ქ. ცხინვალი ბაღების ქ.N2-.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 19 აპრილის N0------------ მოხსენებითი ბარათით წარდგენილი დასკვნის საფუძველზე, მოსარჩელე გი------ ჩუ-------–---–ს, ალ---------- ჩუ-------–---–სა და და----- ჩუ-------–---–ს ჩამოერთვათ დევნილის სტატუსი იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდებოდა მისი მუდმივად ცხოვრების ფაქტი ქ. ცხინვალში, ხოლო მოსარჩელე გი------ ჩუ-------–---–ს, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მას და მის არასრულწლოვან შვილებს იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსი ჩამოერთვათ არ გაუსაჩივრებია კანონით დადგენილი წესით და ვადაში.

 

მოსარჩელე გი------ ჩუ-------–---–მა, 2019 წლის 4 სექტემბერს, განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ახლად გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე, მისთვის და მისი არასრულწლოვანი შვილებისთვის იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის სტატუსის აღდგენა მოითხოვა. ამასთან, განცხადებას დაურთო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2018 წლის 27 დეკემბრის NAA2018032119-03 საარქივო ცნობა, რომლის თანახმად გორის არქივში დაცული ტირძნის თემის საკრებულოს, სოფელ ტირძნისის 1986-1995 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ალ---- პა--–-ს ძე ჩუ-------–---–ი, ხოლო გი------ ალ----ს ძე ჩუ-------–---–ი შვილი გადახაზულია და წერია, რომ ცხოვრობს ცხინვალში, ასევე განცხადებას დაურთო შრომის წიგნაკი.

 

მოსარჩელე გი------ ჩუ-------–---–მა, 2019 წლის 4 სექტემბერის განცხადებას, ასევე დაურთო ზაზა ქრისტესიაშვილის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლის მიხედვით გი------ ჩუ-------–---–ი 1986-1987 წლებში მუდმივად ცხოვრობდა ნიკოლოზ მარუაშვილის ბინაში ქირით მისამართზე ქ. ცხინვალი მოსკოვის ქ N28-ში, ასევე რომან ფერხველაშვილის განცხადება ნოტარიულად დამოწმებული, რომლის შესაბამისად გი------ ჩუ-------–---–ი 1983-1984 წლებში მუდმივად ცხოვრობდა ნიკოლოზ მარუაშვილის ბინაში ქირით მისამართზე ქ.ცხინვალი მოსკოვის ქ N28-ში, ხოლო იოსებ ჯოხაძის ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით დგინდება, რომ გი------ ჩუტკვერაშვილი 1988 წლის აგვისტოს თვიდან 1991 წლამდე მუშაობდა სარემონტო სარემონტო სამშენებლო სამმართველოს ქ. ცხინვალის უბანზე.

 

„გი------ ჩუ-------–---–ისთვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 13 ნოემბრის №0--------- ბრძანებით, დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 12 ნოემბრის N04-20370 მოხსენებითი ბარათით წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე, მოსარჩელე გი------ ჩუ-------–---–ს უარი ეთქვა განცხადების განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ იმავე საკითხზე, ადმინისტრაციულ ორგანოს უკვე მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- „გი------ ჩუ-------–---–ისთვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 13 ნოემბრის №0--------- ბრძანება (ს.ფ. 121);

- 2019 წლის 4 სექტემბერის განცხადება (ს.ფ. 216-221);

- ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები (ს.ფ. 226);

- საარქივო ცნობა(ს.ფ. 267);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გი------ ჩუ-------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონი.

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველასათვის გარანტირებულია თავისი უფლებებისა და თავისუფლებების სასამართლოს მეშვეობით დაცვის უფლება.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

მითითებული კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზედაც უარი ითქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე.

 

სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული „გი------ ჩუ-------–---–ისთვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 13 ნოემბრის №0--------- ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ქმედების განხორციელების დავალების მოთხოვნით, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ქმედების განხორციელებაზე პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან/და ინტერესს. შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობის საგანს, ასევე წარმოადგენს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან მოსარჩელის მოთხოვნა, მისი განცხადების განხილვის დავალებასთან დაკავშირებით.

 

6.2. სასამართლო, პირველყოვლისა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული უფლება გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, საქმესთან დაკავშირებული ყველა გარემოების ყოველმხრივი, საფუძვლიანი გამოკვლევისა და კანონის შესაბამისად შეფასების გზით, პირის მიერ წარდგენილი განცხადება განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება კანონის საფუძველზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.

 

მითითებული კანონის მე-10 მუხლის, მე-4 პუნქტის მიხედვით, პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საკითხებს წყვეტს სააგენტო.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 19 აპრილის N0------------ მოხსენებითი ბარათით წარდგენილი დასკვნის საფუძველზე, მოსარჩელე გი------ ჩუ-------–---–ს და მის არასრულწლოვან შვილებს - ალ---------- ჩუ-------–---–სა და და----- ჩუ-------–---–ს ჩამოერთვათ დევნილის სტატუსი იმ საფუძვლით, რომ მათ არ უდასტურდებოდათ მუდმივად ცხოვრების ფაქტი ქ. ცხინვალში, ბაღების ქუჩა N2-, ხოლო მოსარჩელე გი------ ჩუ-------–---–ს, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მას და მის არასრულწლოვან შვილებს იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსი ჩამოერთვათ არ გაუსაჩივრებია კანონით დადგენილი წესით და ვადაში.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე გი------ ჩუ-------–---–მა, 2019 წლის 4 სექტემბერს, განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ახლად გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე, მისთვის და მისი არასრულწლოვანი შვილებისთვის იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის სტატუსის აღდგენა მოითხოვა, თუმცა მოსარჩელე გი------ ჩუ-------–---–ს უარი ეთქვა განცხადების განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ იმავე საკითხზე, ადმინისტრაციულ ორგანოს უკვე მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზედაც უარი ითქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე.

 

ამრიგად, მითითებული კანონი უშვებს ადმინისტრაციული ორგანოსათვის იმ საკითხზე ხელახლა მიმართვის შესაძლებლობას, რომლის თაობაზეც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, მხოლოდ განსაზღვრულ პირობებში, როდესაც შეიცვალა ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო წინამდებარე აქტს, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან გამოვლენილი გარემოება (მტკიცებულება), რომელიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე გი------ ჩუ-------–---–მა განცხადებას დაურთო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2018 წლის 27 დეკემბრის NAA2018032119-03 საარქივო ცნობა, რომლის თანახმად, გორის არქივში დაცული ტირძნის თემის საკრებულოს, სოფელ ტირძნისის 1986-1995 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ალ---- პა--–-ს ძე ჩუ-------–---–ი, ხოლო გი------ ალ----ს ძე ჩუ-------–---–ის შვილი გადახაზულია და წერია, რომ ცხოვრობს ცხინვალში, ასევე განცხადებას დაურთო შრომის წიგნაკი და სხვა პირის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლის მიხედვით გი------ ჩუ-------–---–ი 1991 წლამდე მუდმივად ცხოვრობდა და მუშაობდა ქ. ცხინვალში. შესაბამისად, მოსარჩელემ ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგინა ახალი მტკიცებულებები (ახლად აღმოჩენილი გარემოებები), რომელთაც არსებითი მნიშვნელობა გააჩნიათ დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე საკითხის გადასაწყვეტად.

 

სასამართლო, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებაზე, იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეს იმთავითვე შეეძლო წარმოედგინა აღნიშნული მტკიცებულებები და ამის გამო მათი წარმოუდგენლობა არასაპატიოდ უნდა ჩაითვალოს აღნიშნავს, რომ აღნიშნული საარქივო ცნობა გაცემულია 2018 წლის 27 დეკემბერს, მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ. შესაბამისად, არ არსებობს იმის დასაბუთებული ვარაუდის საფუძველი, რომ მოსარჩელემ უტყუარად იცოდა მისი არსებობის თაობაზე. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის გარემოებების გამოკვლევა, მათ შორის ცნობების გამოთხოვა და დაინტერესებული პირის ახსნა-განმარტების მოსმენა განცხადების განმხილველი ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად.

 

ამასთან, არ არსებობს, ასევე იმის დასაბუთებული ვარაუდის საფუძველი, რომ მოსარჩელეს ჰქონდა შესაძლებლობა ადმინისტრაციული ორგანოსათვის წარედგინა შრომის წიგნაკი და პირთა ნოტარიულად დადასტურებული განცხადებები, რამდენადაც ერთი მხრივ, მის კანონიერ ინტერესს ემსახურებოდა შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენა, ხოლო მეორე მხრივ, მათი შემდგომ გამოვლენის ალბათობა რეალურად არსებობდა შრომის წიგნაკის აღმოჩენის, პოვნის, ასევე შესაბამის პირთა მოძიების და ა.შ. ფაქტის გათვალისწინებით.

 

ამრიგად, სასამართლო, საქმეში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, მოსარჩელე გი------ ჩუ-------–---–ს იმ პირობებში უთხრა უარი განცხადების ხელახლა განხილვაზე, როდესაც მას წარდგენილი ჰქონდა ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებანი), რომელთა საფუძველზეც არსებობდა ალბათობა იმისა, რომ მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული.

 

6.3. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლზე, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ამასთან, მითითებული კოდექსის 331-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გი------ ჩუ-------–---–ის სარჩელი საფუძვლიანია, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადგილი აქვს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და ზემოთ აღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის არსებით დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი „გი------ ჩუ-------–---–ისთვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 13 ნოემბრის №0--------- ბრძანება, მოსარჩელე გი------ ჩუ-------–---–ისთვის განცხადების განხილვაზე უარის თქმის თაობაზე და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს უნდა დაევალოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილოს მოსარჩელე გი------ ჩუ-------–---–ის განცხადება.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, აგრეთვე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე და მოპასუხე გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 22-ე, 24-ე, 32-ე, 331-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გი------ ჩუ-------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი „გი------ ჩუ-------–---–ისთვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 13 ნოემბრის №0--------- ბრძანება;

 

3. დაევალოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, განიხილოს მოსარჩელე გი------ ჩუ-------–---–ის განცხადება, ახლად გამოვლენილი გარემოებების (მტკიცებულებების) საფუძველზე, დევნილის სტატუსის აღდგენასთან დაკავშირებით კანონით დადგენილი წესით;

 

4. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით.

 

მოსამართლე დავით წერეთელი