გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.03.2020
საქმის ნომერი
010210118002685908
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
27.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010210118002685908

N2/4-83-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 თებერვალი 2020 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ირმა ტოგონიძე

სხდომის მდივანი - სოფიო ქარცივაძე

მოსარჩელე - ირ---–-----------

წარმომადგენელი - და----–--------ე

მოპასუხე - ავ--------–---–----ე

წარმომადგენელი - და---------------ე

დავის საგანი - სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სამკვიდრო ქონების ნაწილის მესაკუთრედ ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი 2018 წლის 12 მაისს ნოტარიუსის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობა N1--------, ყა---------–-----ს სამკვიდრო ქონების ½ ნაწილის ავ--------–---–----ეზე გადაცემის ნაწილში;

 

1.2. ირ---–----------- ცნობილი იქნეს და აღირიცხოს საჯარო რეესტრში ყა---------–-----ს სამკვიდრო ქონების: მდებარე ქ. ბათუმი, დ-----–------------- ს/კ 0-.----7.4-- ½ ნაწილის მესაკუთრედ.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

მოსარჩელის და თინა გოგუაძე 1981 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ყა---------–-----სთან. ყა---------–-----ს, როგორც კომლის წევრს, საკუთრებაში გააჩნდა უძრავი ქონება, 2600 კვმ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი. აღნიშნული ქონების დარეგისტრირების მიზნით, ყა---------–-----მ მიმართა ადგილობრივი თვითმმართველობის აღიარების კომისიას და მიიღო საკუთრების მოწმობა, რომლითაც საკუთრებაში დაირეგისტრირა 3090 კვმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 160 კვმ საცხოვრებელი სახლი, მდებარე: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი კახაბერი. 2008 წლის 12 მარტს ყა---------–----- გარდაიცვალა. 2008 წლის 24 აგვისტოს თინა გოგუაძემ მიმართა ნოტარიუსს სამკვიდროს მიღების შესახებ და 2009 წლის 13 მარტს მასზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, ყა---------–-----ს სამკვიდრო ქონებიდან სავალდებულო წილზე-სამკვიდრო ქონების ½-ის ოდენობით.

 

აღიარების კომისიის მიერ ყა---------–-----ს სახელზე გაცემული საკუთრების მოწმობა ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიერ, თუმცა, არ გაუქმებულა მამკვიდრების-ყა---------–-----ს საკუთრების უფლება საკომლო ქონებაზე. თინა გოგუაძე გარდაიცვალა 2011 წლის 6 თებერვალს, რითაც გაიხსნა სამკვიდრო მის ქონებაზე, რომელშიც შედიოდა ყა---------–-----ს სამკვიდრო ქონებიდან მიღებული სავალდებულო წილიც. თინა გოგუაძის სამკვიდრო ქონება, მისი გარდაცვალების შემდეგ, 2012 წლის 10 მაისს გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მიიღო მოსარჩელემ.

 

2018 წლის 17 მაისს ნოტარიუსმა გასცა სამკვიდრო მოწმობა მოპასუხის სახელზე, ყა---------–-----ს სამკვიდროში შემავალ მთლიან ქონებაზე. ნოტარიუსმა არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ყა---------–-----ს სამკვიდრო ქონების ½ უკვე მიღებული ჰქონდა თინა გოგუაძეს, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ ირ---–-----------ს. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ყა---------–-----ს სახელზე გაცემული საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობით, თინა გოგუაძის უფლება სავალდებულო წილზე არ გაუქმებულა, ვინაიდან, არ გაუქმებულა ყა---------–-----ს საკომლო საკუთრება. როგორც თინა გოგუაძის, ისე ირ---–------------ სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობები ძალაშია და არ გაუქმებულა. შესაბამისად, 2018 წლის 17 მაისს, ნოტარიუსის მიერ ყა---------–-----ს სამკვიდრო ქონებაზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა ნაწილობრივ ბათილია, სამკვიდრო ქონების ½ -ის გადაცემის ნაწილში.

 

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობის გამომრიცხავი გარემოება ვერ იქნება ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილებით დადგენილი იქნა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი მასზედ, რომ მამკვიდრებლის ყა---------–-----ს გარდაცვალების შემდეგ, სამკვიდრო ქონება ფაქტობრივი ფლობით მიიღო ავ--------–---–----ემ, თინა გოგუაძეს სავალდებულო წილი უკვე მიღებული ჰქონდა, სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანის გზით. აღნიშნული ფაქტი გაბათილებული არაა და მას ისეთივე იურიდიული ძალა აქვს, როგორც სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტს.

 

მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ წარმოადგინა მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხავი შესაგებელი. მისი პოზიციით მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ ან თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი ორგანოა ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს აღიარების კომისიის მეშვეობით. აღნიშნული კომისიის მიერ ყა---------–-----ზე გაცემული საკუთრების მოწმობა ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით, შესაბამისად, სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა თინა გოგუაძის მიერ ყა---------–-----ს სამკვიდრო ქონებიდან სავალდებულო წილის მიღებას, ვინაიდან, საკომლო საკუთრებაში წილის შეძენის უფლება აქვს მხოლოდ კომლის წევრს, საჯარო რეესტხრში რეგისტრაციის გზით.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, მოპასუხე მიიჩნევს, რომ თინა გოგუაძემ არ განახორციელა სამკვიდრო უძრავი ქონების რეგისტრაცია 2009 წლის 13 მარტიდან ანუ სამკვიდრო მოწმობის გაცემის დღიდან გარდაცვალებამდე, 2011 წლის 6 თებერვლამდე. შესაბამისად, მან ვერ შეძლო საკუთრების უფლების მოპოვება სადავო ქონებაზე. ამასთან, თინა გოგუაძის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა წარმოადგენს უცილოდ ბათილ გარიგებას, ვინაიდან, მან იცოდა საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ და დაუმალა აღნიშნული ინფორმაცია ნოტარიუსს. გარდა ამისა, 1999 წლიდან გაცილებული იყო ყა---------–-----ს, არ ეხმარებოდა მას და არ უვლიდა ავადმყოფობის პერიოდში. რის გამოც, უნდა ჩაითვალოს უღირს მემკვიდრედ.

 

მოპასუხე მიიჩნევს, რომ მისი საკუთრების უფლების აღიარება მოხდა კანონით დადგენილი წესით. როგორც ანდერძისმიერ მემკვიდრეს, სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობის ფაქტი დაუდასტურდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით, რაც გახდა ყა---------–-----ს სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის კანონიერი საფუძველი.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. ყა---------–----- და თინა გოგუაძე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1981 წლიდან, ყა---------–-----ს გარდაცვალებამდე.

 

ყა---------–-----ს საკომლო საკუთრებაში ირიცხებოდა 2600 კვმ მიწის ნაკვეთი და 160კვმ საცხოვრებელი სახლი, მდებარე: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი კახაბერი. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკუთრების უფლების მოწმობის N00-4 (გაცემის თარიღი:2007 წლის 13 დეკემბერი) საფუძველზე ყა---------–-----ს საკუთრების უფლება აღიარებული იქნა 3090 კვმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და 160 კვმ, შენობა-ნაგებობაზე, მდებარე: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი კახაბერი. საკუთრების მოწმობით საკუთრებაში აღიარებული მიწის ნაკვეთი მოიცავდა ყა---------–-----ს საკომლო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას.

 

ყა---------–----- გარდაიცვალა 2008 წლის 12 მარტს, რის შემდეგაც გაიხსნა სამკვიდრო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ქორწინების მოწმობა(ს.ფ. 30)

-არქივის ცნობა (ს.ფ. 31-33)

-საკუთრების მოწმობა (ს.ფ. 34)

-ტოპოგრაფული გეგმა(ს.ფ. 35-36)

-ყა---------–-----ს გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ.37)

 

3.1.2. 2008 წლის 22 აგვისტოს, თინა გოგუაძემ მიმართა სანოტარო ბიუროს, მამკვიდრებლის-ყა---------–-----ს სამკვიდრო ქონებიდან სავალდებულო წილის მიღების თაობაზე.

 

2009 წლის 13 მარტს, თინა გოგუაძეზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმად თინა გოგუაძემ სამკვიდრო მიიღო სამკვიდროს მიღების შესახებ სანოტარო ბიუროში განცხადების შეტანის გზით. ამავე მოწმობით დადგენილი იქნა, რომ მთლიანი სამკვიდრო შეადგენდა 3090კვმ მიწის ნაკვეთს და მასზე განლაგებულ 160.3 კვმ შენობას, მდებარე: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი კახაბერი. სამკვიდრო მოწმობით დადგენილი იქნა, რომ ყა---------–-----ს სამკვიდრო ქონებაზე გაცემული იყო ანდერძი ავ--------–---–----ის სახელზე. ამდენად, თინა გოგუაძემ, როგორც ყა---------–-----ს პირველი რიგის მემკვიდრემ, დადგენილი წესით მიიღო გარდაცვლილი მეუღლის ყა---------–-----ს კუთვნილი ქონების ½ ანუ სავალდებულო წილი. 2010 წლის 28 აპრილს, სამკვიდრო მოწმობა გაიცა მამკვიდრებლის - ყა---------–-----ს სამკვიდრო ქონების ½-ზე, ანდერძისმიერი მემკვიდრის ავ--------–---–----ის სასარგებლოდ.

 

თინა გოგუაძე გარდაიცვალა 2011 წლის 6 თებერვალს. 2012 წლის 10 მაისს ირ---–-----------მ, როგორც თინა გოგუაძის მეორე რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ - ძმამ, საკუთრებაში მიიღო სრულად-მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივები და პასივები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ (ს.ფ. 38)

-თინა გოგუაძის სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ. 39-40)

-ავ--------–---–----ის სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ.66-69)

-თინა გოგუაძის გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ.42)

-ირ---–------------ სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ. 4--45)

 

3.1.3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე N3-318) სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ყა---------–-----ზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ. ამავე გადაწყვეტილების საფუძველზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის 2010 წლის 13 სექტემბრის მიმართვით, საკადასტრო კოდზე 22.0-.01.641, მისამართი ხელვაჩაურის რაიონი სოფელი კახაბერი, ყა---------–-----ს საკუთრების რეგისტრაცია გაუქმდა. ამავე მიზეზით საჯარო რეესტრმა უარი უთხრა როგორც ირ---–-----------ს, ისე ავ--------–---–----ეს მემკვიდრეობის საფუძველზე სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება (ს.ფ. 96-100)

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.41)

-რეგისტრაციაზე უარის თქმის მასალები (ს.ფ. 60-65)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. 2018 წლის 17 მაისს, ყა---------–-----ს ანდერძისმიერ მემკვიდრეზე ავ--------–---–----ეზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა N1--------, რომლის თანახმად, ავ--------–---–----ემ საკუთრებაში მიიღო სრულად ყა---------–-----ს სამკვიდროში შემავალი ქონება. სამკვიდრო მოწმობის გაცემის საფუძვლად მითითებულია მემკვიდრის მიერ სანოტარო ორგანოში 2008 წლის 19 მარტს შეტანილი განცხადება, სამკვიდროს მიღების შესახებ და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება (საქმე N2-165/2018), იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის შესახებ. აღნიშნული სამკვიდრო მოწმობისა და ყა---------–-----ს საკომლო საკუთრების დამადასტურებელი საარქივო დოკუმენტაციის საფუძველზე, ავ--------–---–----ემ მოახდინა სადავო ქონების, ს/კ 0-.----7.4--, მდებარე: ქ. ბათუმი, დ-----–-------------, 2600 კვმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, და მასზე განთავსებული შენობა ნაგებობის, საკუთრებაში დარეგისტრირება.

 

მოსარჩელე სადავოდ ხდის აღნიშნულ სამკვიდრო მოწმობას და მიაჩნია, რომ სადავო სამკვიდრო მოწმობა ყა---------–-----ს სამკვიდრო ქონების ½ -ზე მოპასუხის მემკვიდრედ ცნობის ნაწილში უკანონოა. მხარის პოზიციით სამკვიდრო ქონების ½, როგორც სავალდებულო წილი, მისმა მამკვიდრებელმა თინა გოგუაძემ მიიღო სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანის გზით, 2008 წლის 22 აგვისტოს. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ ყა---------–-----ს სახელზე საკუთრების აღიარების კომისიის მიერ გაცემული საკუთრების მოწმობა ბათილად იქნა ცნობილი, არ ცვლის იმ ფაქტს, რომ მოსარჩელის მამკვიდრებელს-თინა გოგუაძეს, სადავო სამკვიდროს ½ ნაწილი მიღებული ჰქონდა, ხოლო ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ გადავიდა მოსარჩელის საკუთრებაში.

 

ამდენად, მოცემული დავის ფარგლებში, პირველ რიგში, სასამართლომ უნდა დაადგინოს შედიოდა თუა არა თინა გოგუაძის სამკვიდროში, მისი გარდაცვალების მომენტისათვის, ყა---------–-----ს დანაშთი სამკვიდრო ქონების ½.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვითმხარეთა (მესამეპირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობით თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. აღნიშნული ნორმიდან გარკვეულ გამონაკლისს ადგენს ამავე მუხლის მესამე ნაწილი, რომლის თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ყა---------–-----ს, გარდაცვალების მომენტისათვის, საკომლო საკუთრებაში ერიცხებოდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კახაბერში მდებარე 2600 კვმ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი 160 კვმ. დადგენილია, რომ თინა გოგუაძემ 2008 წლის 12 მარტს მიმართა სანოტარო ორგანოს გარდაცვლილი მეუღლის დანაშთი ქონებიდან სავალდებულო წილის მიღების თაობაზე.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ თინა გოგუაძემ სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანის გზით მიიღო ყა---------–-----ს სამკვიდრო ქონებიდან სავალდებულო წილი. სასამართლოს, ასევე, დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ თინა გოგუაძის გარდაცვალების მომენტისათვის მის სამკვიდრო ქონებაში შედიოდა მეუღლის-ყა---------–-----ს სამკვიდრო ქონებიდან მიღებული სავალდებულო წილი-ქონების ½ ნაწილი.

 

მოპასუხის პოზიციით, საკუთრების აღიარების კომისიის მიერ გაცემული საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობით სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა თინა გოგუაძის სახელზე გაცემულ სამკვიდრო მოწმობას და შესაბამისად, მის სამკვიდრო ქონებაში ვერ შევიდოდა, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მიღებული სავალდებულო წილი, რაც, ავტომატურად გამორიცხავდა ირ---–------------ საკუთრებაში სადავო ქონების გადასვლას. მოპასუხე მიუთითებდა გარიგების ბათილობის ნორმებზე, როცა განმარტავდა, რომ თინა გოგუაძემ სიცოცხლეში მემკვიდრეობით მიღებული უძრავი ქონება არ დაირეგისტრირა, რის გამოც, საკუთრების უფლება სამკვიდრო ქონებაზე ვერ შეიძინა. მოპასუხე მიუთითებდა, ასევე, იმ გარემოებაზე, რომ ბოლო წლები მეუღლეები ერთად არ ცხოვრობდნენ, რის გამოც თინა გოგუაძემ დაკარგა სავალდებულო წილის მიღების უფლება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ყველა ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოება საჭიროებს, მხოლოდ, სამართლებრივ შეფასებას სასამართლოს მხრიდან, ვინაიდან, მოპასუხის პოზიცია აგებული არა ცალკეული ფაქტების შედავებაზე, არამედ მათ სამართლებრივ შეფასებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ავ--------–---–----ის სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ.77-79)

-ამონაწერი საჯარორეესტრიდან (ს.ფ. 80)

-ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება (166-167)

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესოკოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

6.1. მოსარჩელემ სადავო გახადა მოპასუხის სახელზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა და მიუთითა, რომ ყარარა ბეჯანიძის სამკვიდრო ქონების ½, სავალდებულო წილის სახით, მიიღო ყა---------–-----ს მეუღლემ თინა გოგუაძემ, ხოლო თინა გოგუაძის გარდაცვალების შემდეგ მიიღო მოსარჩელემ, როგორც კანონისმიერმა მემკვიდრემ. დავის გადაწყვეტისათვის, სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენდა იმ გარემოების დადგენა, შედიოდა თუ არა თინა გოგუაძის სამკვიდრო ქონებაში, რომელიც, ასევე, მემკვიდრეობით გადაეცა ირ---–-----------ს, ყა---------–-----ს სამკვიდროდან სავალდებულო წილის სახით მიღებული სამკვიდრო ქონება ანუ წარმოადგენდა თუ არა ირ---–----------- იურიდიული ინტერესის მქონე პირს, ავ--------–---–----ის სახელზე, 2018 წლის 17 მაისს, გაცემული სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობის მოთხოვნის მიმართ.

 

სამემკვიდრეო სამართლის მომწესრიგებელი ნორმების ანალიზის საფუძველზე სასამართლო ადგენს, რომ ირ---–----------- წარმოადგენს ასეთი ინტერესის მქონე პირს და მის სარჩელს აქვს კანონიერი სამართლებრივი საფუძველი.

 

სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლითაც გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. ამავე კოდექსი 1307-ე მუხლის ა. ქვეპუნქტით კანონით მემკვიდრეობის დროს – პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან;, ხოლონ ბ. ქვეპუნქტით -ანდერძით მემკვიდრეობისას - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის. 1319-ე მუხლით სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად, ხოლო 13-0-ე მუხლით თანახმად სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე.

 

სამოქალაქო კოდექსის 13-8-ე მუხლით განსაზღვრულია ქონება, რომელიც შედის სამკვიდროში და მოიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. სამკვიდროში შედის საერთო საკუთრების წილი, რომელიც მამკვიდრებელზე მოდიოდა, ხოლო, თუ ქონების გაყოფა ნატურით შეუძლებელია, მაშინ - ამ ქონების ღირებულება. 1344-ე მუხლით ფიზიკურ პირს შეუძლია სიკვდილის შემთხვევისათვის თავისი ქონება ან მისი ნაწილი ანდერძით დაუტოვოს ერთ ან რამდენიმე პირს,როგორც მემკვიდრეთა წრიდან, ისე გარეშე პირებსაც.

 

სასამართლომ დაადგინა და მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა ის გარემოება, რომ მამკვიდრებლის - ყა---------–-----ს საკომლო საკუთრებაში ირიცხებოდა 2600 კვმ მიწის ნაკვეთი და 160კვმ საცხოვრებელი სახლი, მდებარე: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი კახაბერი. მოპასუხე მხარე არ შედავებია იმ ფაქტს, რომ 2008 წლის 22 აგვისტოს, თინა გოგუაძემ მიმართა სანოტარო ბიუროს, მამკვიდრებლის-ყა---------–-----ს სამკვიდრო ქონებიდან სავალდებულო წილის მიღების თაობაზე. 2009 წლის 13 მარტს, თინა გოგუაძეზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმად თინა გოგუაძემ სამკვიდრო ქონებიდან მიიღო სავალდებულო წილი, სამკვიდროს მიღების შესახებ სანოტარო ბიუროში განცხადების შეტანის გზით. დადგენილია, რომ აღნიშნული სამკვიდროს ნახევარი, ანდერძის საფუძველზე, მიიღო ავ--------–---–----ემ, რომელზედაც, ასევე, გაიცა სამკვიდრო მოწმობა.

 

სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, რომლის თანახმად სამოქალაქო კოდექსის სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. 2. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.

 

ამდენად, ცალსახად დადგენილია, რომ თინა გოგუაძემ, როგორც მამკვიდრებლის მეუღლემ, სამოქალაქო კოდექსის დადგენილი წესით მიიღო ყა---------–-----ს სამკვიდრო ქონებიდან სავალდებულო წილი. ის მას არ ჩამორთმევია, კანონით დადგენილი წესით.

 

მოპასუხე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითებდა იმ გარემოებას, რომ თინა გოგუაძეზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა მოიცავდა აღიარების კომისიის მიერ ყა---------–-----სათვის საკუთრების მოწმობით გადაცემულ ქონებას, ხოლო საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობით თინა გოგუაძეზე გაცემულ სამკვიდრო მოწმობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა.

 

სასამართლო კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ყა---------–----- წარმოადგენდა ხელვაჩაურში სოფელ კახაბერში მდებარე 2600 კვმ მიწის ნაკვეთისა და 160 კვმ საცხოვრებელი სახლის ანუ საკომლო ქონების მართლზომიერ მფლობელს. 2007 წლის 13 დეკემბრის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკუთრების უფლების მოწმობის N00-4 საფუძველზე, ყა---------–-----ს საკუთრების უფლება აღიარებული იქნა 3090 კვმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და შენობა-ნაგებობა 160 კვმ, მდებარე: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი კახაბერი. მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა ის გარემოება, რომ საკუთრების მოწმობით საკუთრებაში აღიარებული მიწის ნაკვეთი მოიცავდა ყა---------–-----ს საკომლო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას. სასამართლო მიუთითებს, რომ საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობის მიუხედავად არ გაუქმებულა ყა---------–-----ს მართლზომიერი მფლობელობა საკომლო ნაკვეთზე-უძრავ ქონებაზე, რომელიც, არსებული სამართლებრივი მდგომარეობით, შევიდა მისივე სამკვიდრო ქონებაში. ამდენად, ყა---------–-----ს საკომლო ქონება წარმოადგენდა სამოქალაქო კოდექსის 13-8-ე მუხლით განსაზღვრულ ქონებას, რომელიც მისი გარდაცვალების მომენტისათვის შედიოდა მამკვიდრებლის აქტივში და კანონით დადგენილი წესით მიიღეს მემკვიდრეებმა: ქონების ½ ნაწილი - თინა გოგუაძემ და ½ ნაწილი - ავ--------–---–----ემ.

 

6.2. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მოპასუხე, უთითებდა იმ გარემოებას, რომ თინა გოგუაძემ სიცოცხლეშივე არ დაირეგისტრირა სამკვიდრო ქონება. შესაბამისად, მხარის პოზიციით, თინა გოგუაძემ ვერ შეიძინა საკუთრება მამკვიდრებლიდან სავალდებულო წილის სახით მიღებულ უძრავ ქონებაზე. ამდენად, მის სამკვიდრო ქონებაში არ შედიოდა ყა---------–-----საგან მიღებული სავალდებულო წილი. ამ გარემოების დასადასტურებლად მოპასუხე მიუთითებდა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის სამართლებრივ საფუძვლებზე, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლით.

 

სასამართლო კვლავ მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 13-8-ე მუხლზე და განმარტავს, რომ სამკვიდრო ქონება წარმოადგენს იმ უფლებათა და მოვალეობათა ერთობლიობას, რომელიც მამკვიდრებელს გააჩნდა სიკვდილის მომენტისათვის. შესაბამისად, მემკვიდრეობა მოიცავს მამკვიდრებლის აქტივს და პასივს, ასევე, მოთხოვნის უფლებას, სამკვიდროს გახსნის მომენტისათვის არსებული შინაარსითა და სამართლებრივი ფორმით, ხოლო სამკვიდროს მიღების შემდეგ ამ უფლებათა და მოვალეობათა რეალიზება დამოკიდებულია მემკვიდრის ნებაზე და ხორციელდება კანონით დადგენილი წესით.

 

მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლეშივე თინა გოგუაძეს არ მოუხდენია მემკვიდრეობით მიღებული უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, სამკვიდრო ქონებაზე საკუთრების უფლების რეგიტრაციის უფლება ცალსახად შედიოდა მის სამკვიდრო ქონებაში და შესაბამისად, ამავე ფორმით გადავიდა მოსარჩელეზე მამკვიდრებლის-თინა გოგუაძის გარდაცვალების შემდეგ.

 

6.3. ასევე, საფუძველს მოკლებულია არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხის სახელზე 2018 წლის 17 მაისს გაცემული სამკვიდრო მოწმობა ცალსახად ადგენს ამ უკანასკნელის საკუთრების უფლებას ყა---------–-----ს სამკვიდრო ქონებაზე სრულად, რადგან ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით (საქმე N2-165/2018) დადგენილი იქნა ავ--------–---–----ის მიერ მამკვიდრებლის-ყა---------–-----ს ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი.

 

პირველ რიგში, სასამართლო აღნიშნავს, რომ სახეზეა უდავო წარმოების წესით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის თანახმად მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია: ბ) ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. მოცემულ შემთხვევაში, ცალსახაა, რომ სასამართლო განხილვას არ ესწრებოდა და სასამართლო პროცესზე მხარეს არ წარმოადგენდა მოსარჩელე, მიუხედავად იმისა, რომ მისი იურიდიული ინტერესი განსახილველი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის მიმართ სახეზე იყო. ამდენად, წინამდებარე დავაში, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს ე.წ. პრეუდიციული ძალა ვერ ექნება.

 

ზემოაღნიშნულის მიუხედავად, თავად სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტი სამართლებრივ წინაღობას არ წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილებისთვის. სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას, რომ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობის იურიდიული ფაქტის დადგენის მიუხედავად, მოცემულ დავაში, სახეზეა თინა გოგუაძის მიერ სამკვიდრო ქონების მიღება სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული წესით, რაც გულისხმობს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღებას, სანოტარო ორგანოში სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების შეტანის გზით. ცხადია, რომ კანონი არ ანიჭებს უპირატესობას სამკვიდროს მიღების რომელიმე ფორმას. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თინა გოგუაძემ სავალდებულო წილი მიიღო სამკვიდროს გახსნის დღიდან სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლით გათვალისწინებული ექვსი თვის განმავლობაში. ის გარემოება, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი იქნა ავ--------–---–----ის მიერ ყა---------–-----ს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობის ფაქტი, ვერ შეცვლის თინა გოგუაძის, როგორც სავალდებულო წილის მიმღები პირის, სამკვიდრო ქონების მოცულობას. თინა გოგუაძე ცალსახად იყო ყა---------–-----ს სამკვიდრო ქონების ½-ის მემკვიდრე, აღნიშნული სამკვიდრო კი იგივე ფორმით და შინაარსით შევიდა თინა გოგუაძის გარდაცვალების შემდეგ, მისივე სამკვიდრო ქონებაში და კანონით დადგენილი წესით მიიღო ირ---–-----------მ.

 

6.4. მოპასუხე, საკუთარ პოზიციას, ასევე, ამყარებდა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ თინა გოგუაძე ხანგრძლივი დროის მანძილზე არ ცხოვრობდა ქმართან, არ ზრუნავდა მასზე და მხოლოდ ქმრის გარდაცვალების შემდეგ მოინდომა მისი ქონება.

 

სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 1381-ე მუხლზე, რომლის თანახმად 1. სავალდებულო წილის მიღების უფლება შეიძლება ჩამორთმეულ იქნეს იმ საფუძვლების არსებობისას, რომლებიც იწვევენ საერთოდ მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევას. 2. სავალდებულო წილის მიღების უფლების ჩამორთმევა შეიძლება მოხდეს მამკვიდრებლის მიერ ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში სასამართლოსათვის მიმართვის გზით. 3. სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება სავალდებულო წილის მიღების უფლების ჩამორთმევის შესახებ მოქმედებს სამკვიდროს გახსნის მომენტიდან. ასეთივე შედეგი დადგება მაშინაც, როცა მამკვიდრებელმა ჯერ კიდევ სიცოცხლეში მიმართა სასამართლოს, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მისი გარდაცვალების შემდეგ.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თინა გოგუაძე იყო სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე სუბიექტი. ყა---------–-----ს, თინა გოგუაძისათვის სავალდებულო წილის ჩამორთმევის მიზნით, სიცოცხლეში სასამართლოსთვის არ მიუმართავს. შესაბამისად, ნებისმიერი მითითება თინა გოგუაძის მიერ სავალდებულო წილის მიღების არამართლზომიერებასთან დაკავშირებით, საფუძველსაა მოკლებული.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 793-/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველ საქმეში იმ პრეტენზიებზე, რომელთაც საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნიათ.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ემუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის აღძვრისას მოსარჩელემ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟის სახით 1879 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით 50 ლარი. სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჯამში 1929 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 24--244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ირ---–------------ სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუსის მიერ 2018 წლის 17 მაისს გაცემული სამკვიდრო მოწმობა N1-------- ყა---------–-----ს სამკვიდრო ქონების ½ ნაწილის ავ--------–---–----ეზე გადაცემის ნაწილში;

 

3. ირ---–----------- ცნობილი იქნეს და აღირიცხოს საჯარო რეესტრში ყა---------–-----ს სამკვიდრო ქონების: მდებარე ქ. ბათუმი, დ-----–------------- ს/კ 0-.----7.4--, ½ ნაწილის მესაკუთრედ;

 

4. დაეკისროს ავ--------–---–----ეს მოსარჩელის მიერ საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1929 ლარის ოდენობით;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №3-), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) მეშვეობით;

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირმა ტოგონიძე