გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010210016001284965
№2-749/2016წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 ივლისი, 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - სალიხ შაინიძე
სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე
მოსარჩელე - სს ,,პ------------- ბანკი’’
წარმომადგენელი - შ------------–------ი
მოპასუხეები - ზ-----------ე, ზა-----------ე, ზა------ თ----ე, ზ----- თ----ე
წარმომადგენელი - ნონა დუმბაძე
დავის საგანი - საკრედიტო ხელშეკრულების მოშლა, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების იძულებითი რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი
1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს - ზ-----------ეს და ზა-----------ეს მოსარჩელის სს ,,პ------------- ბანკის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 34 435,69 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 22714,09 აშშ დოლარი, სარგებელი/პროცენტი - 11197,01 აშშ დოლარი, პირგსამტეხლო - 524,59 აშშ დოლარი.
1.2. დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონებების რეალიზაცია:
- უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი, ფ------------–--–-ს გამზირი #-------------, ს/კ #05.35.27.0--.01.0--;
- უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი, ფ------------–--–-ს გამზირი #-------------, ს/კ #05.35.27.0--.01.0--;
1.3. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონებების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი მოსარჩელის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, აღსრულება მიექცეს მოპასუხეების - ზ-----------ისა და ზა-----------ის კუთვნილ ნებისმიერ ქონებაზე.
1.4. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სს „პ------------- ბანკის“ სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება მხარეთა შორის გაფორმებულ გენერალურ საკრედიტო ხელშეკრულებას, შემადგენელ საკრედიტო ხელშეკრულებას, სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულებას და იპოთეკის ხელშეკრულებას;
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხეებმა სარჩელი სრულად ცნეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 24.02.2012 წელს სს ”პ------------- ბანკსა” და ინდ. მეწარმე ზ-----------ეს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება №FW34.131, რომლის ფარგლებშიც 23.07.2014 წელს გაფორმებული შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულების №74.1356 მიხედვით მსესხებელზე გაიცა სესხი 24146 აშშ დოლარის ოდენობით, 79 თვის ვადით, 16 % წლიური სარგებლის დარიცხვით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება;
- შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება;
- კრედიტის დაფარვის გრაფიკები.
3.1.2. აღნიშნული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება უზრუნველყოფილი იქნა იპოთეკის ხელშეკრულებით, იპოთეკით დაიტვირთა: 1. უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი, ფ------------–--–-ს გამზირი #-------------, ს/კ #05.35.27.0--.01.0--, თანამესაკუთრეები ზა------ თ----ე და ზ----- თ----ე 2. უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი, ფ------------–--–-ს გამზირი #-------------, ს/კ #05.35.27.0--.01.0--.
სესხის უზრუნველსაყოფად ასევე გაფორმებული იქნა სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება სოლიდარულ მოვალე ზა-----------ესთან.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება;
- იპოთეკის ხელშეკრულება;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
3.1.3. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მსესხებლის მიერ დარღვეულ იქნა გადახდის გრაფიკით დადგენილი გადახდის ვადები, რის შემდეგაც მსესხებლის დავალიანება სს ”პ------------- ბანკი”-ს წინაშე სარჩელის შემოტანის დროისათვის შეადგენდა სულ 35 593 აშშ დოლარს.
ბანკის მიერ მოხდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით მოპასუხეების წერილობითი გაფრთხილება. შესაბამისად მოვალეებს ჩაბარდათ გაფრთხილების წერილები.
სასამართლოში საქმის წარმოების პერიოდში მოპასუხეების მიერ გადახდილ იქნა სესხის ძირი თანხის ნაწილი, რის საფუძველზეც მოსარჩელემ შეამცირა მოთხოვნა და მოითხოვა: მოპასუხეებს - ზ-----------ეს და ზა-----------ეს მოსარჩელის სს ,,პ------------- ბანკის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 34 435,69 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 22714,09 აშშ დოლარი, სარგებელი/პროცენტი - 11197,01 აშშ დოლარი, პირგსამტეხლო - 524,59 აშშ დოლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ცნობები დავალიანების თაობაზე;
- გაფრთხილების წერილები;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს სრულად და მხარეებს შორის სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხლი 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ".
სასამართლოს მიაჩნია, რომ მსესხებლის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის და მოპასუხეთა მიერ სარჩელის ცნობის გამო, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად, დაეკისროს მოპასუხეებს - სოლიდარულ მოვალეებს ზ-----------ეს და ზა-----------ეს სოლიდარულად სს ”პ------------- ბანკის” წინაშე არსებული დავალიანების, ჯამში 34 435,69 აშშ დოლარის გადახდა.
საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდევინება განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებების - 1. მდებარე: ქ. ბათუმი, ფ------------–--–-ს გამზირი #-------------, ს/კ #05.35.27.0--.01.0--; 2. მდებარე: ქ. ბათუმი, ფ------------–--–-ს გამზირი #-------------, ს/კ #05.35.27.0--.01.0--; - იძულებითი რეალიზაციის გზით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონებების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი მოსარჩელის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, აღსრულება მიექცეს მოპასუხეების - ზ-----------ისა და ზა-----------ის კუთვნილ ნებისმიერ ქონებაზე.
გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს კოსტიტუცია;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია, იგივე პრინციპის დაცვით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა მისი, როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობაში მონაწილე პირის, უფლება დარღვეულად, დარღვეული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მიმართა სასამართლოს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხლი 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ".
სარჩელის შესწავლით დასტურდება, რომ მოსარჩელის მოთხოვნას წარმოდგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მოპასუხეებისათვის თანხის ანაზღაურების დაკისრება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან, ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე.
განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის გამომდინარეობს სახელშეკრულებო-სამართლებრივი სფეროდან, ვინაიდან იგი ეფუძნება მხარეთა შორის გაფორმებულ სესხის ხელშეკრულებას. ამიტომაც მხარეებს შორის ურთიერთობა სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებით -სამართლებრივი ურთიერთობაა, რომელიც უნდა დარეგულირდეს შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის გამომდინარეობს სახელშეკრულებო-სამართლებრივი სფეროდან. იგი ეფუძნება გენერალურ-საკრედიტო ხელშეკრულებას, შემადგენელ საკრედიტო ხელშეკრულებას და იპოთეკის ხელშეკრულებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამ დებულების შინაარსიდან გამომდინარე საბანკო კრედიტი წარმოადგენს სასესხო ურთიერთობის ნაირსახეობას, ერთ-ერთ ფორმას. ამიტომ, ამ ურთიერთობის რეგულირებისას ასევე გამოიყენება სესხის ხელშეკრულების წესები იმ ფარგლებში, რაც არ ეწინააღმდეგება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებას.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
სესხი (საბანკო კრედიტი) არის სასყიდლიანი ურთიერთობა და გამსესხებლის უფლებას უპირისპირდება მოვალის ვალდებულება დააბრუნოს სესხის საგანი.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას.
როგორც დადგენილია, სს „პ------------- ბანკსა“ და ი/მ ზ-----------ეს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ბანკის მიერ მსესხებელზე გაიცა კრედიტი.
დადგენილია, რომ მსესხებელს სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით. დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები.
სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ხელშეკრულება, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შედეგადაც არ მოხდა გადახდა.
დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა თანხის გადახდის გრაფიკი, რაც აძლევდა საფუძველს მოსარჩელეს მოეთხოვა ხელშეკრულების შეწყვეტა;
6.3. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1 ნაწილით “თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.”, ხოლო ამავე კოდექსის 895-ე მუხლით “თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.”
სასამართლო საქმეში წარმოდგენილი სოლიდარული ვალდებულებების შესახებ ხელშეკრულებით დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე ზა-----------ემ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში.
სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს, ხოლო 465-ე მუხლი ადგენს, რომ კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ისე ნაწილობრივ.
მოცემულ შემთხვევაში, რადგან მოპასუხე ზა-----------ე წარმოადგენს სოლიდარული ხელშეკრულების მხარეს, რომელმაც იკისრა პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ შეუსრულებელ ვალდებულებებზე, შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი პასუხისმგებელია მსესხებლების ვალდებულებებზე, მოსარჩელეს კი გააჩნია სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი მსესხებელთან ერთად მასაც წაუყენოს მოთხოვნა;
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის თანახმად მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღრული პროცენტი, თუ კრედიტორს სხვა საფუძვლიდან გამომდინარე უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. ამავე კოდექსის 404-ე მუხლის თანახმად კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მოცემულ შემთხვევაში, მიუღებელ შემოსავალს წარმოადგენს კრედიტით სარგებლოსათვის შეთანხმებული საპროცენტო სარგებელი, რაც შეადგენს 11197,01 აშშ დოლარს.
6.5. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა _ მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში, სესხის ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო, ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის თანახმად უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება სხვა კრედიტორთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით. ამავე კოდექსის 301-ე მუხლის 1 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია მსესხებლის მიერ იპოთეკით უზრუნველყოფილი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება, რაც კრედიტორს ანიჭებს უფლებამოსილებას მოითხოვოს უზრუნველყოფილი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაფარვის მიზნით ამჟამად ზა------ თ----ეს და ზა-----------ის საკუთრებაში რიცხული და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია.
6.7. სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 11 მუხლის მიხედვით მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ მხარეები შეთანხმდნენ განსხვავებულ წესზე, რა დროსაც მოთხოვნა არ ჩაითვლება დაკმაყოფილებულად და კრედიტორი კვლავაც იქნება უფლებამოსილი, მოითხოვოს სხვაობა ამონაგებ თანხასა (საგნის ღირებულებასა) და მოთხოვნის ოდენობას შორის, მოვალის სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევით.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეები სს ”პ------------- ბანკი” და მსესხებელი შეთანხმდნენ სწორედ ასეთ განსხვავებულ წესზე. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციის შეუძლებლობის ან რეალიზაციით მიღებული თანხიდან დავალიანების სრულად დაუფარაობის შემთხვევაში დავალიანების თანხის გადახდევინების მიქცევა მსესხებლის და თავდების საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით;
მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით პირდაპირ არის გათვალისწინებული დავის არსებობის შემთხვევაში პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა. ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 2481,56 ლარის ოდენობით, ასევე მის მიერ საქმეზე გაწეული 35,40 ლარის ხარჯი მოპასუხეებისათვის გზავნილის ჩასაბარებლად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ შესაგებლით ცნო სარჩელი სასამართლოს მთავარ სხდომამდე.
ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სახელმწიფო ბაჟის საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სრულად 2481,56 ლარის ოდენობით. ხოლო, საქმეზე მოსარჩელის მიერ გაწეული 35,40 ლარის ხარჯი მოპასუხეებისათვის გზავნილის ჩასაბარებლად, უნდა ანაზღაურდეს და მისი გადახდა მოსარჩელისათვის უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
9. აღსრულების წესის განსაზღვრა
მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ ფარავს სესხის მოთხოვნას, გამსესხებელი უფლებამოსილია აღსრულება მიაქციოს მსესხებლის სხვა ქონებაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესს ამის შესახებ მითითებული უნდა იყოს გადაწყვეტილებაში.
მოსარჩელის მოთხოვნა აღსრულების დამატებითი წესის (თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა ვერ დაფარავს ვალს, აღსრულება განხორციელდეს მსესხებლის სხვა ქონებიდან) განსაზღვრის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
10. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი
10.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: ალიმენტის მიკუთვნების შესახებ; დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრების შესახებ; მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ; უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ; უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ; თამასუქისა და ჩეკის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილებები. იმავე მუხლის 11-ე ნაწილის გათვალისწინებით, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
ზ/მითითებული ნორმის ანალიზი საფუძველია დასკვნისათვის, რომ სასამართლოს უფლება აქვს მხარის თხოვნით, მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების საგამონაკლისო წესი დაადგინოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში ან ისეთი ობიექტური გარემოებების არსებობის პირობებში, რომელთა დადგომამ შესაძლებელია გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი გახადოს ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანი მიაყენოს.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეები სესხის ხელშეკრულებით შეთანხმდნენ, რომ დავის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილება მიექცევა დაუყონებლივ აღსრულებას.
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა არის დასაბუთებული, რის გამოც მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს.
გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე სასამართლოს გამოაქვს განჩინება (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლი).
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 205-ე, 208-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 2681-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,პ------------- ბანკის’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხეებს - ზ-----------ეს და ზა-----------ეს მოსარჩელის სს ,,პ------------- ბანკის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 34 435,69 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 22714,09 აშშ დოლარი, სარგებელი/პროცენტი - 11197,01 აშშ დოლარი, პირგსამტეხლო - 524,59 აშშ დოლარი.
3. დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონებების რეალიზაცია:
1. უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი, ფ------------–--–-ს გამზირი #-------------, ს/კ #05.35.27.0--.01.0--;
2. უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი, ფ------------–--–-ს გამზირი #-------------, ს/კ #05.35.27.0--.01.0--;
4. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონებების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი მოსარჩელის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, აღსრულება მიექცეს მოპასუხეების - ზ-----------ისა და ზა-----------ის კუთვნილ ნებისმიერ ქონებაზე.
5. მოპასუხეებს ზ-----------ეს და ზა-----------ეს მოსარჩელის სს ,,პ------------- ბანკის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთმოსარჩელის მიერ გაწეული საპროცესო ხარჯის გამო 35,40 ლარის ანაზღაურება.
6. მოსარჩელე სს ,,პ------------- ბანკს’’ სახელმწიფო ხაზინიდან დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტში წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 2481,56 ლარის ოდენობით (გადამხდელი სს ,,პ------------- ბანკი’’, საგადახდო დავალება #430356639, 17.03.2016წ., მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში 300693150, მიმღების ბანკი - TRESGE22).
7. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყონებლივ აღსასრულებლად.
8. გადაწყვეტილება დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ უარის თქმის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), 12 დღის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. №30).
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე სალიხ შაინიძე