გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/6861-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
16 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ხაჟომია
სხდომის მდივანი გვანცა გერმანიშვილი
მოსარჩელე - ლ---- ტ-----–---–ი (პ/ნ 0----------)
წარმომადგენელი - მ-----– ქ--------
მოპასუხე - საქართველოს გენერალური პროკურატურა
წარმომადგენელი - ნ------- ჯ----–--ე
მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
დავის საგანი - კომპენსაციის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაეკისროს ლ---- ტ-----–---–ის (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ მორალური ზიანის 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ანაზღაურება.
(იხ. სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტება, 2019 წლის 19 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი 16:25:15-16:26:03სთ)
2. მოპასუხის და მესამე პირის პოზიცია
2.1. საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
2.2. საქმეში მესამე პირად ჩართულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქმის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით, ლ---- გ-------–---–ი (გვარის ცვლილების შემდგომ - ტ-----–---–ი) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 წლის ვადით ჩამოერთვა უფლებები.
ლ---- გ-------–---–ის (გვარის ცვლილების შემდგომ - ტ-----–---–ი) მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 22 თებერვლის განაჩენით, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 19 მაისის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ლ---- გ-------–---–ის საკასაციო საჩივარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივლისის განაჩენი (ს.ფ.12-20).
3.2. 2019 წლის 3 აპრილს საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორმა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის პროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ზ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 22 აპრილის №1ბ/1726-09წ გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვა და საქმის არსებითი -განხილვა (პირველი ინსტანციის განაჩენი - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივლისის განაჩენით დაკმაყოფილდა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 29 ოქტომბრის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 22 თებერვლის განაჩენის გაუქმების შესახებ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 29 ოქტომბრის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 22 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენები ლ---- გ-------–---–ის (ამჟამინდელი სახელი და გვარი - ლ---- ტ-----–---–ი) მიმართ. ლ---- გ-------–---–ი (ამჟამინდელი სახელი და გვარი - ლ---- ტ-----–---–ი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260– ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებაში.
განაჩენის თანახმად, შუამდგომლობის და საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ 2019 წლის 27 მარტს საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის №074290216803 საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის №074270319801 საქმე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ლ---- გ-------–---–ის (ამჟამინდელი გვარი - ტ-----–---–ი) განზრახ უკანონო დაკავების, მის მიმართ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მისი ბრალდების, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციის ფაქტებზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე მუხლის პირველი ნაწილით, 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 3691-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
განაჩენის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ შეისწავლა ახალი გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებები, დაკითხა მოწმეები, გამოიკვლია წერილობითი მტკიცებულებები, რის შემდეგაც გამოიკვეთა გარემოებები, რაც არ იყო ცნობილი განაჩენის გამოტანის დროს. შედეგად, პალატამ მიიჩნია, რომ უნდა გაუქმდეს გამამტყუნებელი განაჩენი ლ---- გ-------–---–ის (ამჟამინდელი გვარი - ტ-----–---–ის) მიმართ.
განაჩენის მიხედვით, ახალი გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, პალატამ დადასტურებულად არ მიიჩნია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 22 თებერვლის, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 29 ოქტომბრის გამამტყუნებელი განაჩენებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. არსებობს ეჭვი ლ---- გ-------–---–ის (ამჟამინდელი სახელი და გვარი - ლ---- ტ-----–---–ი) მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების უტყუარობასთან დაკავშირებით. პალატამ მიიჩნია, რომ განაჩენის გადასინჯვის ფარგლებში გამოიკვეთა გარემოებები, რაც არ იყო ცნობილი განაჩენის გამოტანის დროს და დადგენილ გარემოებებთან ერთად ამტკიცებს ლ---- გ-------–---–ის (ამჟამინდელი სახელი და გვარი - ლ---- ტ-----–---–ი) უდანაშაულობას. რის გამოც, უნდა გაუქმდეს გამამტყუნებელი განაჩენები ლ---- გ-------–---–ის (ამჟამინდელი სახელი და გვარი - ლ---- ტ-----–---–ი) მიმართ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივლისის განაჩენი (ს.ფ.12-20).
3.3. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს 2013 წლის 2 აპრილის №43180/10 წერილის თანახმად, ლ---- გ-------–---–ი სასჯელს იხდიდა თბილისის №9 დაწესებულებაში, საიდანაც გათავისუფლდა 2013 წლის 13 იანვრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის 22-ე მუხლის საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს 2013 წლის 2 აპრილის №43180/10 წერილი (ს.ფ.21).
3.4. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 2013 წლის 13 იანვრის №0694815 ცნობის თანახმად, ლ---- გ-------–---–ი (გვარის ცვლილების შემდგომ - ტ-----–---–ი) იმყოფებოდა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში 2009 წლის 25 აგვისტოდან 2013 წლის 13 იანვრამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 2013 წლის 13 იანვრის №0694815 ცნობა (ს.ფ.22).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის მე-2 წინადადების თანახმად, უკანონოდ თავისუფლებაშეზღუდულ პირს აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის (ძველი რედაქციით _ 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის) თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება, შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სასამართლოს მოსაზრებით, მითითებული მუხლი წარმოადგენს ზოგადი ხასიათის ნორმას, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს ვალდებულებას უკანონოდ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან მსჯავრდებულ პირს შეუქმნას იმის სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს კომპენსაციის მოთხოვნისა და მიღების უფლების განხორციელების ეფექტური და რეალური სამართლებრივი მექანიზმი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №2/3/423) განმარტების თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით „გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“.
საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურების უფლება აღიარებული და გარანტირებულია, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლით.
„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად. ამავე ნორმის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ყველას, ვინც არის დაკავების ან დაპატიმრების მსხვერპლი ამ მუხლის დებულებათა დარღვევის გამო, აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.
სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
ამავე კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის განმარტების (საქმე №ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ.), თანახმად, „ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.“
არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომელიც ადგენს, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილით, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს; ამავე ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის, ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მითითებული ნორმის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლების მიმართ უნდა გავრცელდეს იგივე მოთხოვნები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებით (08.04.2009წ. საქმეზე №ბს-972-936(3კ-08), „არაქონებრივი უფლებები წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის იმ ობიექტს, რომელსაც გააჩნია მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. არსებითი განსხვავება მდგომარეობს არაქონებრივი უფლების ხელყოფის შედეგად დამდგარი ზიანის შინაარსში. სამოქალაქო სამართლის აღნიშნული ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით მისი ხელყოფის შედეგად დამდგარ ზიანს ქონებრივი ეკვივალენტი არ გააჩნია. ამდენად, არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობისათვის საკმარისია, არსებობდეს არაქონებრივი უფლების ხელყოფის ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. მორალური ზიანის მოცულობას (რომელსაც არ გააჩნია მატერიალური გამოხატულება) განსაზღვრავს სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებას. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, მოპასუხეების მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფაქტს, ასევე დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. შეუძლებელია ფულადი ფორმით ჯანმრთელობის შეფასება, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს“.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით, ლ---- გ-------–---–ი (ამჟამინდელი სახელი და გვარი - ლ---- ტ-----–---–ი) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 წლის ვადით ჩამოერთვა უფლებები.
ლ---- გ-------–---–ის (ამჟამინდელი სახელი და გვარი - ლ---- ტ-----–---–ი) მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 22 თებერვლის განაჩენით, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 19 მაისის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ლ---- გ-------–---–ის (ამჟამინდელი სახელი და გვარი - ლ---- ტ-----–---–ი) საკასაციო საჩივარი.
2019 წლის 3 აპრილს საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორმა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ზ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 22 აპრილის №1ბ/1726-09წ გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვა და საქმის არსებითი განხილვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივლისის განაჩენით საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორმა შუამდგომლობის საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენები ლ---- გ-------–---–ის (ამჟამინდელი სახელი და გვარი - ლ---- ტ-----–---–ი) მიმართ. ლ---- გ-------–---–ი (ამჟამინდელი სახელი და გვარი - ლ---- ტ-----–---–ი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლით განსაზღვრული ზიანის ანაზღაურებისთვის პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნას მიჩნეული პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ვინაიდან ამგვარი აქტი ადასტურებს, რომ გამართლებულ პირს დანაშაული არ ჩაუდენია, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს მის უფლებებში აღდგენას - მის რეაბილიტაციას. რაც შეეხება აღნიშნული მუხლის მეორე კომპონენტს - ქმედების უკანონობას, ქმედების უკანონობა არ უნდა შეფასდეს მხოლოდ კონკრეტული საპროცესო თუ მატერიალური ნორმის დარღვევის დადგენით, გამართლებულს პირს უნდა მიეცეს უფლებების აღდგენის ეფექტური შესაძლებლობა. მართალია, სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, უფლებამოსილი ორგანო წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს კომპეტენციას, თუმცა, პირს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მისი უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მარეაბილიტირებლი გარემოება და შესაბამისად, ქმედების უკანონობა.
ამრიგად, მოქმედი კანონმდებლობით არსებობს გამართლებული პირის უფლების დაცვის მექანიზმი და გამართლებულ პირს შეუძლია, აღიდგინოს დარღვეული უფლებები. კერძოდ, გამართლებულ პირს აქვს შესაძლებლობა, დარღვეული უფლება აღიდგინოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რეაბილიტაციისა და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების გზით.
6.2. მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია, სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ უნდა გადაწყდეს. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები.
კანონი არ ადგენს მორალური ზიანის ასანაზღაურებელ ოდენობას, რამდენადაც მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით. ამასთან, მორალური ზიანის მოცულობა სასამართლოს მიერ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად განისაზღვრება, როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ უკანონო პატიმრობით მოსარჩელეს მიადგა მორალური ზიანი, მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე, მაგრამ ეს მოთხოვნა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის ოდენობის გონივრულ ფარგლებში განსაზღვრა სასამართლოს მიერ უნდა გადაწყდეს. შელახული სიკეთის ხასიათიდან გამომდინარე და სულიერი ტანჯვის ხარისხის ზუსტად განსაზღვრის შეუძლებლობის გამო, უფრო მართებულია ზიანის კომპენსაცია, რამდენადაც ეს შესაძლებელია საერთოდ. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრულად აღდგენა.
ამა თუ იმ ფორმით თავისუფლების აღკვეთა ყოველთვის იწვევს დისკომფორტს, მაგრამ დაპატიმრებული პირი, გონივრულ ფარგლებში, მაინც ვალდებულია ითმინოს ეს, როდესაც დაცულია გარკვეული სტანდარტები. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ხაზს უსვამს, რომ არსებობს ტანჯვის დონე, რომელიც გარდაუვალად უკავშირდება დაკავებას (პაპონი საფრანგეთის წინააღმდეგ, 2002 წლის 25 ივლისი, §40) და თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელი ყველა შემთხვევაში იწვევს სირთულეს და ტანჯვას. იმავეს ვერ ვიტყვით პირზე, რომელიც უკანონოდ და დაუსაბუთებლად არის დაპატიმრებული. ის არ არის ვალდებული, ითმინოს პატიმრობასთან დაკავშირებული დისკომფორტი, რაც გამოიხატება თუნდაც მთელი რიგი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის შეუძლებლობაში ან შეზღუდვაში. უკანონოდ დაპატიმრებული პირის პატიმრობაში ყოფნაა, როგორც ასეთი, უკანონობა, მიუხედავად იმისა, დაირღვევა თუ არა რეჟიმის რომელიმე მოთხოვნა.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრის მიზნით სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივლისის განაჩენის თანახმად, შუამდგომლობის და საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ 2019 წლის 27 მარტს საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის №074290216803 საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის №074270319801 საქმე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ლ---- გ-------–---–ის (ამჟამინდელი გვარი - ტ-----–---–ი) განზრახ უკანონო დაკავების, მის მიმართ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მისი ბრალდების, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციის ფაქტებზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე მუხლის პირველი ნაწილით, 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 3691 მუხლის მე-3 ნაწილით.
სასამართლო მხედველობაში იღებს ასევე იმ ფაქტს, რომ „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით ლ---- ტ-----–---–ი მიჩნეულ იქნა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირად. ამასთან, მოსარჩელის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის ვადის (2009 წლის 25 აგვისტოდან 2013 წლის 13 იანვრამდე) გათვალისწინებით, ამასთან, გამამართლებელი განაჩენის გამოტანამდე გასული პერიოდის გათვალისწინებით (თითქმის 10 წელი), რომლის განმავლობაშიც პირი ითვლებოდა დამნაშავედ, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოთ მითითებული ფაქტორების გათვალისწინებით, განსახილველ შეთხვევაში მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხის ოდენობა _ 30 000 ლარი არის გონივრული და სამართლიანი. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს და მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს უნდა დაეკისროს 30 000 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები - უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრების უკანონოდ გამოყენების ან გამასწორებელ სამუშაოთა სახით ადმინისტრაციული სახდელის უკანონოდ დადების შედეგად მოქალაქისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ სარჩელებზე. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე. ამდენად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ლ---- ტ-----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს; საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაეკისროს ლ---- ტ-----–---–ის (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ მორალური ზიანის 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ანაზღაურება.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ.თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის დღიდან.
მოსამართლე თამარ ხაჟომია