გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.03.2020
საქმის ნომერი
330210120003400937
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
23.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/255-20

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

23.03.2020 წ. ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე: ლელა ჭინჭარაული

სხდომის მდივანი: მარიამ ჩიტოშვილი

მოსარჩელე: სს ,,სა---------–--------ი’’

წარმომადგენელი: ს-----------–-–---–ი

მოპასუხე: ლ-–ა ბე----–---–ი

დავის საგანი: თანხის დაკისრება

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1 ლ-–ა ბე----–---–ს სს „სა---------–--------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს N71---- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 26 247.39 ლარის გადახდა, საიდანაც: სესხის ძირითადი თანხაა - 22 486.82 ლარი, პროცენტი - 1 496.59 ლარი, პირგასამტეხლო - 2 263.98 ლარი;

 

1.2. ლ-–ა ბე----–---–ს სს „სა---------–--------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს N39----1 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 669.05 ლარის გადახდა, საიდანაც: სესხის ძირითადი თანხაა - 567.99 ლარი, პროცენტი - 45.88 ლარი, პირგასამტეხლო - 55.18 ლარი;

 

1.3 ლ-–ა ბე----–---–ს სს „სა---------–--------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს N74----0 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1 524.29 ლარის გადახდა, საიდანაც: 1 286.42 ლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 185.50 ლარი პროცენტი, 52.37 პირგასამტეხლო;

 

1.4 მოპასუხე ლ-–ა ბე----–---–ს სს „სა---------–--------ი“-ს სასარგებლოდ ხელშეკრულება N71-----დან დაეკისროს მიუღებელი შემოსავალი სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 11.08 ლარი (თერთმეტი ლარი და რვა თეთრი) 22,486.82*18/100/365=11.08 ლარი.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სს „სა---------–--------“-სა (შემდგომში - ,,ბ----‘’) და ლ-–ა ბე----–---–ს შორის 2013 წლის 29 აგვისტოს დაიდო საკრედიტო ბარათით - მომსახურების ხელშეკრულება (ოვერდრაფტი) N39----1, ხელშეკრულების მიხედვით მას დაუდგინდა საკრედიტო ლიმიტი 500 ლარის ოდენობით, რომლითაც მას შეეძლო გამოეყენებინა თანხა ლიმიტის ფარგლებში. აღნიშნული ბარათით გათვალისწინებული იყო შემდეგი პირობები, რომ თუ მოპასუხე გაანაღდებდა ლიმიტს, დაერიცხებოდა 36% ან თუ გახარჯავდა მომსახურების და სავაჭრო ობიექტებში დაერიცხებოდა 22%, ასევე ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო მინიმალური გადასახადი, რომელიც განისაზღვრება ათვისებული თანხისა და დაფარვის ვადების შესაბამისად. ბანკსა და ლ-–ა ბე----–---–ს შორის 2016 წლის 16 სექტემბერს დაიდო საკრედიტო ბარათით მომსახურების ხელშეკრულება (ოვერდრაფტი) N74----0, ხელშეკრულების მიხედვით მას დაუდგინდა საკრედიტო ლიმიტი 1 200 ლარის ოდენობით, რომლითაც მას შეეძლო გამოეყენებინა თანხა ლიმიტის ფარგლებში. აღნიშნული ბარათით გათვალისწინებული იყო შემდეგი პირობები, რომ თუ მოპასუხე გაანაღდებდა ლიმიტს ან/და თუ გახარჯავდა მომსახურების და სავაჭრო ობიექტებში დაერიცხებოდა 48%, ასევე ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო მინიმალური გადასახადი, რომელიც განისაზღვრება ათვისებული თანხისა და დაფარვის ვადების შესაბამისად. მინიმალური გადასახადი მოპასუხეს უნდა გადაეხადა ყოველთვიურად, რომლის ორჯერ ზედიზედ გადაუხდელობის შემთხვევაში ხელშეკრულების გათვალისწინებული პირობებით შეწყდებოდა ოვერდრაფტის ხელშეკრულება და გადავიდოდა სესხის ხელშეკრულებაში. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობები და არ გადაიხადა მინიმალური გადასახადი, რაზედაც ხელშეკრულება N39----1-დან 2019 წლის 26 ნოემბრიდან გადავიდა სესხის ხელშეკრულებაში და დაერიცხა პირგასამტეხლო, ხოლო ხელშეკრულება N74----0-დან 2019 წლის 4 დეკემბრიდან გადავიდა სესხის ხელშეკრულებაში და დაერიცხა პირგასამტეხლო. ბანკსა და ლ-–ა ბე----–---–ს შორის 2019 წლის 25 მარტს დაიდო სესხის ხელშეკრულება N71----, რომლითაც გამსესხებელმა მსესხებელს გადასცა 30 000 ლარი სესხის სახით 18 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთი 18%, მოპასუხემ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაარღვია ვალდებულება, რაზედაც დაერიცხა პირგასამტეხლო, მოპასუხე დღემდე არ ასრულებს მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს, რის გამოც ბანკს ადგება ზიანი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1 პირველ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით: შესაგებლის თანახმად მოპასუხის გამოთვლით N71---- ხელშეკრულებიდან გამომდინარე გამომდინარე ბ----სთვის გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს 22 486.82 ლარს, მოპასუხე უარყოფს პირველი სასარჩელო მოთხოვნის პროცენტს და პირგასამტეხლოს.

 

2.2 მოპასუხე ეთანხმება N39----1 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხას 567.99 ლარს, არ ეთანხმება პროცენტს 45.88 (ძირი თანხის 6.8%) ლარს და პირგასამტეხლოს 55.18 (ძირი თანხის 8.2 %) ლარს.

 

2.3 მოპასუხე ეთანხმება N74----0 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხას 1 286 ლარს, არ ეთანხმება პროცენტს 1 85,50 (ძირი თანხის 14.4%) ლარს და პირგასამტეხლოს 52.37 (ძირი თანხის 4 %) ლარს.

 

2.4 მოპასუხე არ ეთანხმება N71---- ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის დაკისრებას სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

ლ-–ა ბე----–---–ს მიაჩნია, რომ პროცენტი და პირგასამტეხლო მისი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრვი გარემოებები

 

3.1.1. სს ,,სა---------–--------‘’-სა და ლ-–ა ბე----–---–ს შორის 2013 წლის 29 აგვისტოს დაიდო საკრედიტო ბარათით მომსახურების ხელშეკრულება N39----1, რის საფუძველზეც მას განესაზღვრა 500 ლარიანი ლიმიტი, რომლის ფარგლებში მას შეეძლო თანხის გამოყენება. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იყო სარგებლის დარიცხვა იმ პირობით, რომ ლიმიტის განაღდების შემთხვევაში დაერიცხებოდა წლიური 36% ხოლო მომსახურების და სავაჭრო ობიექტებში გახარჯვის შემთხვევაში დაერიცხებოდა წლიური 22% საპროცენტო სარგებელი. აღნიშნული ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე მოპასუხეს დაერიცხა წლიური საპროცენტო სარგებელი 22%.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი (სარჩელი/შესაგებელი);

- საკრედიტო ბარათით მომსახურების ხელშეკრულება (იხ. ს.ფ 21-24);

 

3.1.2. მოპასუხეს აღნიშნული საკრედიტო ბარათის მომსახურების ხელშეკრულებით შეეძლო ებრუნებინა თანხა და დაკისრებული ჰქონდა მინიმალური გადასახადი, რომელიც უნდა გადაეხადა ყოველთვიურად, რომელიც არ გადაიხადა 2019 წლის 25 ოქტომბრიდან, რაზედაც დაერიცხა ერთჯერადად 10 ლარი პირგასამტეხლო (კრედიტის დაფარვის პირგასამტეხლო), ერთი თვის შემდგომ, 2019 წლის 25 ნოემბერს კიდევ არ გადაიხადა მინიმალური გადასახადი, რაზედაც დაერიცხა ერთჯერადად 50 ლარი პირგასამტეხლო (საკრედიტო ბარათის გაუქმების შემთხვევაში), რის შემდგომ აღნიშნული საკრედიტო ბარათით მომსახურების ხელშეკრულება (ოვერდრაფტი) გადავიდა სესხის ხელშეკრულებაში მომდევნო დღიდან (2019 წლის 26 ნოემბრიდან), აღნიშნული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება კიდევ არ შეასრულა მოპასუხემ და მას 2019 წლის 27 ნოემბრიდან ერიცხება პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული დავალიანების 0,2% სარჩელის შეტანამდე, ჯამში 52.77 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი (სარჩელი/შესაგებელი);

 

3.1.3 სს ,,სა---------–--------‘’-სა და ლ-–ა ბე----–---–ს შორის 2016 წლის 16 სექტემბერს დაიდო საკრედიტო ბარათით მომსახურების ხელშეკრულება N74----0, რის საფუძველზეც მას განესაზღვრა 1 200 ლარიანი ლიმიტი, რომლის ფარგლებში მას შეეძლო თანხის გამოყენება. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იყო სარგებლის დარიცხვა იმ პირობით, რომ ლიმიტის განაღდების შემთხვევაში ან/და მომსახურების და სავაჭრო ობიექტებში გახარჯვის შემთხვევაში დაერიცხებოდა წლიური 48% საპროცენტო სარგებელი. აღნიშნული ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, მოპასუხეს დარიცხა წლიური საპროცენტო სარგებელი 48%.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი (სარჩელი/შესაგებელი);

- საკრედიტო ბარათით მომსახურების ხელშეკრულება (იხ. ს.ფ 99-100);

 

3.1.4 მოპასუხეს აღნიშნული საკრედიტო ბარათის მომსახურების ხელშეკრულებით შეეძლო ებრუნებინა თანხა და დაკისრებული ჰქონდა მინიმალური გადასახადი, რომელიც უნდა გადაეხადა ყოველთვიურად, რომელიც არ გადაიხადა 2019 წლის 1 ნოემბრიდან, რაზედაც დაერიცხა ერთჯერადად 10 ლარი პირგასამტეხლო, ერთი თვის შემდგომ 2019 წლის 3 დეკემბერს კიდევ არ გადაიხადა მინიმალური გადასახადი, რაზედაც დაერიცხა ერთჯერადად 100 ლარი პირგასამტეხლო (საკრედიტო ბარათის გაუქმების შემთხვევაში), რის შემდგომ აღნიშნული საკრედიტო ბარათით მომსახურების ხელშეკრულება (ოვერდრაფტი) გადავიდა სესხის ხელშეკრულებაში - მომდევნო დღიდან, 2019 წლის 4 დეკემბრიდან. ასევე აღნიშნული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება კიდევ არ შეასრულა მოპასუხემ და მას 2019 წლის 5 დეკემბრიდან ერიცხება პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული დავალიანების 0,1% პირველი სარჩელის შეტანამდე, ჯამში 49.55 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი (სარჩელი/შესაგებელი);

 

3.1.5 სა---------–--------სა და ლ-–ა ბე----–---–ს შორის 2019 წლის 25 მარტს დაიდო სესხის ხელშეკრულება N71----, რომლითაც გამსესხებელმა მსესხებელს გადასცა 30 000 ლარი სესხის სახით 18 თვის ვადით წლიური საპროცენტო განაკვეთი - 18%. მსესხებელს, 30 000 ლარი წლიურ საპროცენტო სარგებელ 18%-პროცენტთან ერთად, უნდა დაებრუნებინა თანხა გრაფიკის მიხედვით 18 თვის განმავლობაში. პირველი გადახდის თარიღი გრაფიკის მიხედვით იყო 2019 წლის 30 აპრილი, ხოლო კრედიტის მოქმედების ვადა გრძელდებოდა 2020 წლის 28 სექტემბრამდე. მსესხებელმა დაარღვია ვალდებულება და მსესხებელს გრაფიკით გათვალისწინებული თანხა არ გადაუხდია 2019 წლის 26 სექტემბრიდან, ამავე თარიღიდან სარჩელის შეტანამდე (09.01.2020), ვადაგადაცილების გამო მოვალეს ერიცხებოდა პირგასამტეხლო 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, არაუმეტეს ნარჩენი ძირი თანხის 0,27%-სა, ჯამში 2,186.00 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი (სარჩელი/შესაგებელი);

- ხელშეკრულება (იხ. ს.ფ 133-136);

 

3.1.6 მოპასუხემ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, რაზედაც მსესხებელს გაეგზავნა გაფრთხილების შეტყობინება და მას ეცნობა, რომ თუ არ დაფარავდა არსებულ ვალდებულებას, 2 კვირის ვადაში, მასსა და სს ,,სა---------–--------‘’-ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულება შეწყდებოდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი (სარჩელი/შესაგებელი);

- შეტყობინება (იხ. ს.ფ 141);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის საფუძველზეც მას ერიცხება დავალიანება:

 

- სესხის ხელშეკრულება N71-----დან 26,247.39 ლარი საიდანაც: (ძირი თანხაა - 22,486.82 ლარი, პროცენტი - 1 496.59 ლარი, პირგასამტეხლო - 22 63.98 ლარი).

- სესხის ხელშეკრულება N39----1-დან 669.05 ლარი, საიდანაც: (ძირი თანხაა - 567.99 ლარი, პროცენტი - 45.88 ლარი, პირგასამტეხლო - 55.18 ლარი).

- სესხის ხელშეკრულება N74----0-დან 1,524.29 ლარი, საიდანაც: (ძირი თანხაა - 1,286.42 ლარი, პროცენტი - 185.50 ლარი, პირგასამტეხლო - 52.37 ლარი).

 

სხვა დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები საქმეში სადავოდ არ გამხდარა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სს ,,სა---------–--------ი“-ს სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ნაწილობრივ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 411-412-ე, 417-ე 418-ე, 420-ე, 867-868-ე, 873-ე;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ - ცნოს სარჩელი. მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

2020 წლის 24 თებერვალს წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი ცნო ძირი თანხების - 24 340.81 ლარის ფარგლებში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შორის წარმოიშვა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

მოცემულ შემთხვევაში სს „სა---------–--------“-ს და ლ-–ა ბე----–---–ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალ-–ი შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. კერძოდ, ლ-–ა ბე----–---–მა საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო სესხის თანხა, რომელიც მოსარჩელეს სრულად არ აუნაზღაურა. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ''სა---------–--------ი'' უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, გადაცემული კრედიტის ძირითადი თანხის გადაუხდელი ნაწილის დაბრუნება.

 

სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დაირღვა და გაფრთხილების მიუხედავად, გადახდა არ მომხდარა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილი იყო მოეთხოვა დავალიანების დაფარვა.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პროცენტის - მოთხოვნის ნაწილშიც. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეს აღნიშნული ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული სარგებელი გადახდილია.

 

6.2 როგორც უკვე აღინიშნა საქმეში დაცული მტკიცებულებების საფუძველზე დგინდება, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად და მხარეთა შორის გაფორმებულ გარიგებაში ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ანაზღაურება გათვალისწინებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე ''ზეწოლის'' განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლოს მოსაზრებით მოპასუხისთვის მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულია და მოთხოვნისამებრ უნდა დაეკისროს მხარეს.

 

6.3 დადგენილია, რომ 2019 წლის 25 მარტს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 18%-ით. კრედიტორმა წარმოდგენილი სარჩელით პროცენტთან ერთად, ასევე მოითხოვა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება, კერძოდ, აღნიშნული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხისთვის სარჩელის შემოტანის მომენტიდან - 2020 წლის 09 იანვრიდან დავალიანების ძირ თანხაზე 22 486.82 ლარზე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, წლიური 18% სარგებლის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 11.08 ლარს.

 

ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა „უნდა-ყოფილიყო“ და „არის მდგომარეობას“ შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (Totalreparation-ის პრინციპი). ამასთანავე მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. თუმცა ეს წესი იზღუდება, თუ კრედიტორი თანაბრალეულია.

 

სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.

 

სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში (იხ. სუსგ-ის 2012 წლის 11 ივნისის განჩინება საქმეზე Nას-630-593-2012). ანალოგიურ დათქმებს შეიცავს ევროპული სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების 8:101-ე (2) და უნიდრუას სახელშეკრულებო პრინციპების 7.1.7-ე (1) მუხლები.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ზიანის არსებობის ფაქტის დასადასტურებლად იმ გარემოებაზე აპელირებს, რომ მოპასუხის მიერ, 22 486.82 ლარის დროულად (ხელშეკრულების მოქმედების ვადაში) დაბრუნების შემთხვევაში მიიღებდა სარგებელს. სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის, 411-ე, 412-ე მუხლების ამოსავალი დებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, მიუღებლად მიიჩნევა შემოსვალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა მოვალეს რომ ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება.

 

მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს.

 

მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ., სუსგ-ის 2011წლის 24 ოქტომბრის განჩინება საქმეზე Nას-307-291-2011).

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილია, რომ მსესხებელზე გაიცა სარგებლიანი სესხი. შესაბამისად, მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენდა სარგებლის მიღება. ამდენად, მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანი სახეზე გვაქვს მხოლოდ სახელშეკრულებო ურთიერთობის მოქმედების ფარგლებში, 2020 წლის 09 იანვრიდან 2020 წლის 28 სექტემბრამდე პერიოდზე.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „სა---------–--------ი”-ს სასარჩელო მოთხოვნა ლ-–ა ბე----–---–ისთვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში, ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, შესაბამისად, დაკმაყოფილებული ნაწილისამებრ მას გადასახდელად ეკისრება სახელმწიფო ბაჟი 210.40 ლარის ოდენობით, ხოლო სა---------–--------ს უბრუნდება ბაჟი 730.23 ლარის ოდენობით, დანარჩენ ნაწილში სახელმწიფო ბაჟი ითვლება ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 იანვრის განჩინებით დაკმაყოფილდა სს ,,სა---------–--------ი“-ს წარმომადგენლის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და მოპასუხე ლ-–ა ბე----–---–ს (პ/ნ 01031006620) აეკრძალა შპს ,,იღ--–--ნ“-ში (ს/ნ 406151426) კუთვნილი 50%-იანი წილის, შპს ,,იღ--–--ნებ“-ში (ს/ნ 406191927) კუთვნილი 100%-იანი წილის, შპს ,,მ–--დ“-ში (ს/ნ 406240063) კუთვნილი 50%-იანი წილის და შპს ,,S---e“-ში (ს/ნ 404988046) კუთვნილი 50%-იანი წილის გასხვისება და დაგირავება.

 

ვინაიდან, სს ,,სა---------–--------ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, ძალ-–ი უნდა დარჩეს სასამართლოს მიერ სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სს „სა---------–--------ი“-ს სარჩელი მოპასუხე ლ-–ა ბე----–---–ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

2. ლ-–ა ბე----–---–ს სს „სა---------–--------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს N71---- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 26 247.39 ლარის გადახდა, საიდანაც: სესხის ძირითადი თანხაა - 22 486.82 ლარი, პროცენტი - 1 496.59 ლარი, პირგასამტეხლო - 2 263.98 ლარი;

 

3. ლ-–ა ბე----–---–ს სს „სა---------–--------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს N39----1 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 669.05 ლარის გადახდა, საიდანაც: სესხის ძირითადი თანხაა - 567.99 ლარი, პროცენტი - 45.88 ლარი, პირგასამტეხლო - 55.18 ლარი;

 

4. ლ-–ა ბე----–---–ს სს „სა---------–--------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს N74----0 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1 524.29 ლარის გადახდა, საიდანაც: სესხის ძირითადი თანხაა - 1 286.42 ლარი, პროცენტი - 185.50 ლარი, პირგასამტეხლო - 52.37 ლარი;

 

5. ლ-–ა ბე----–---–ს სს „სა---------–--------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს N71---- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სარჩელის აღძვრიდან 2020 წლის 09 იანვრიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 11.08 ლარის გადახდა, მაგრამ არაუმეტეს ხელშეკრულების მოქმედების ვადისა (28.09.2020წ.).

 

6. დანარჩენ ნაწილში სს ,,სა---------–--------ი’’-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

7. ლ-–ა ბე----–---–ს სს „სა---------–--------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 210.40 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება;

 

8. სს „სა---------–--------“-ს (ს/კ 204378869) დაუბრუნდეს, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 1218 ლარიდან (09.01.2020 წლის სს „სა---------–--------ი“-ს საგადახდო დავალება #35--1, ბ----ს კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150, რეფერენსი 200109028) 730.23 ლარი სახელმწიფო ხაზინის ანგარიშიდან;

 

9. მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ი’’-ს მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 277.37 ლარი, დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლელა ჭინჭარაული