გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/9933-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
02 მარტი 2020 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი
სხდომის მდივანი ნატო ხელაშვილი
მოსარჩელე სს ''სა---------–--------ი''
წარმომადგენელი მა---------------ა
მოპასუხე ზუ----ი გვ----–-ა
დავის საგანი ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 მოპასუხე ზუ---- გვ----–-ას სს „სა---------–--------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს
2016 წლის 27 აპრილის სესხის ხელშეკრულებიდან N4------ გამომდინარე სესხის ძირი თანხის 4158.11 ლარის, სარგებლის 304.03 ლარის; პირგასამტეხლოს 777.40 ლარისა და საკომისიოს 48 ლარის გადახდა.
1.2. ზუ---- გვ----–-ას სს „სა---------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სააპლიკაციო საფასური 100 ლარისა და ყადაღის რეგისტრაციის 50 ლარის გადახდა.
1.3. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
(სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტება სხდომის ოქმი 02.03.2020 წელი. 12:09:32 საათი)
2. მოპასუხის პოზიცია
2.1 მოპასუხე ზუ---- გვ----–-ამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, ძირითადი სესხის ნაწილში, ხოლო დარიცხული პროცენტის და პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელისათვის უარის თქმა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 27 აპრილს ზუ---- გვ----–-ას და სს „სა---------–--------ს“ შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მოპასუხეს დაუმტკიცდა სესხი 9980 ლარის ოდენობით, 42 თვის ვადით, წლიური 13.9% სარგებლის დარიცხვით. ამავე ხელშეკრულებით მხარეთა მიერ გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო - 0.5%-ის ოდენობით, რომელიც გადაიხდებოდა ათვისებული კრედიტის თანხაზე დასარიცხი საპროცენტო სარგებლის გადახდის პერიოდულობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საკრედიტო ხელშეკრულება 27.04.2016 (ს.ფ 17-19)
- კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ.20-21)
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ.22)
- სტანდარტული სახელშეკრულებო ინფორმაცია (ს.ფ.23-26)
3.1.2 დადგენილია, რომ მოპასუხე ზუ---- გვ----–-ამ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მისი დავალიანება 03.05.2019 წლის მდგომარეობით შეადგენს 5284.21 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა- 4158.11 ლარი, პროცენტი - 304.03 ლარი, პირგასამტეხლო - 774.07 ლარი და საკომისიო 48 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება(იხ. სდომის ოქმი, სარჩელი).
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ 32)
- ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ს.ფ 31);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელის მიერ დარიცხული პროცენტი და პირგასამტეხლო არაგონივრულია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოპასუხის შესაგებელი, ახსნა-განმარტება, სხდომის ოქმი
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიიჩნია, რომ სს ''სა---------–--------ის'' სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე, 420-ე, 868-ე, მუხლებით;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე, 208-ე, 2681-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებით მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, სესხის ძირითადი თანხის 4158.11 ლარის ნაწილში, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დაირღვა და გაფრთხილების მიუხედავად, გადახდა არ მომხდარა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილი იყო მოეთხოვა დავალიანების დაფარვა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პროცენტის - 304.03 ლარის მოთხოვნის ნაწილშიც. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეს აღნიშნული ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია.
6.3. როგორც უკვე აღინიშნა საქმეში დაცული მტკიცებულებების საფუძველზე დგინდება, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად და მხარეთა შორის გაფორმებულ გარიგებაში ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ანაზღაურება გათვალისწინებულია.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებებით განისაზღვრა პირგასამტეხლო. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აქედან, გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა
სასამართლოს მოსაზრებით მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით 777.40 ლარის დაკისრება ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს. შესაბამისად, სს „სა---------–--------ი“-ს მიერ დასახელებული პირგასამტეხლოს მოცულობა არაგონივრულია, უნდა შემცირდეს 10-ჯერ და მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს 77.40 ლარის გადახდა, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სესხის ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველვადაგადაცილებილ დღეზე შეადგენდა 0.5%-ს.
მოპასუხეს ასევე უნდა დაეკისროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკომისიოს 48 ლარის გადახდა.
6.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2681-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
დადგენილია, მხარეთა შორის გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების 5.2 ქვეპუნქტის თანახმად მხარეები თანხმდებიან, რომ დავასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბანკის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. ამდენად სასარჩელო მოთხოვნის ეს ნაწილიც დასაბუთებულია.
7. საპროცესო ხარჯები
7.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ვინაიდან მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, ამასთან მოსარჩელემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე გაიხმო სასარჩელო მოთხოვნა 1.2 პუნქტის ნაწილში, შესაბამისად, ამ ნაწილის პროპორციულად გადახდილი ბაჟი - 178.54 ლარი, უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს. ხოლო, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად 11.45 ლარი. მოპასუხეს ასევე უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გამარტივებული სააღსრულებო წარმოებისთვის გადახდილი სააპლიკაციო საფასური - 100 ლარი და ყადაღის რეგისტრაციის საფასური - 50 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სასამართლოს მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება რჩება ძალაში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სს „სა---------–--------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ზუ---- გვ----–-ას სს „სა---------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს, 2016 წლის 27 აპრილის სესხის ხელშეკრულებიდან N4------ გამომდინარე, სესხის ძირი თანხის 4158.11 ლარის, სარგებლის 304.03 ლარის, პირგასამტეხლოს 77.40 ლარისა და საკომისიოს 48 ლარის გადახდა;
3. ზუ---- გვ----–-ას სს „სა---------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 11.45 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის; სააპლიკაციო საფასურის 100 ლარისა და ყადაღის რეგისტრაციის საფასურის 50 ლარის გადახდა;
4. სს „სა---------–--------ს“ დაუბრუნდეს სარჩელზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (211.00 ლარი) 178.54 ლარი, რომელიც გადახდილია 2019 წლის 25 აპრილს საგადახდო დავალება N8.
5. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: თინათინ ეცადაშვილი