გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/5859-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
03 აპრილი, 2020 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ოქროპირიძე
სხდომის მდივანი გვანცა ყეინაშვილი
მოსარჩელე - ლ---- თ------–-–---–-
წარმომადგენლები - თ----- უ-------–---, ლ---- მ------–---–-
მოპასუხე - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
წარმომადგენელი - ი-----–- გ---------–---
მოპასუხე - შპს ,,თ---–------------“
წარმომადგენლები - რ----–-- ა-–------, გ--- ღ-----–---–-
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების უკანონოდ ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. უკანონოდ იქნას ცნობილი შპს ,,ყ--------------------–----“ ქმედების განხორციელება, რითაც მოსარჩელეს დაეკისრა ზიანის ანაზღაურების სახით თანხის გადახდა;
1.2. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 11 ივლისის N---- გადაწყვეტილება და მის ნაცვლად გამოტანილ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. მოპასუხე - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენელი დაეთანხმა საქმეზე წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს, სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2.2. მოპასუხე - შპს ,,თ---–------------ს“ წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს, არ დაეთანხმნენ სარჩელს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. 2019 წლის 5 მარტს, შპს ,,ყ--------------------–----“ თანამშრომლების მიერ შემოწმებული იქნა აბონენტი N------ - გ------- მ------–---–-, მისამართზე: ქ--–---------–---, ჩ--------- მე-4 ჩიხი, N7ა.
შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ აღნიშნული აბონენტის მხრიდან ადგილი ჰქონდა ბუნებრივი აირის უმრიცხველო მოხმარებას. კერძოდ, სახლის ფასადზე გამავალ ცენტრალურ მილზე დაერთებული იყო უმრიცხველო ხაზი, რომელიც შედიოდა მეორე სართულის ოთახში, საიდანაც თეთრი რეზინის მილით უერთდებოდა მრიცხველიდან გამომავალ შიდა ქსელს. აღნიშნულ ფაქტზე, გ------- მ------–---–-ს მიმართ შედგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი Nა------- და ბუნებრივი აირის უკანონოდ მოხმარების (დატაცების) შესახებ აქტი Nა-------. აქტში მიეთითა, რომ მომხმარებელი მოიხმარს შემდეგ დანადგარებს: 8ლიტრიანი წყალგამაცხელებელი - 1 ცალი, 12 ლიტრიანი წყალგამაცხელებელი - 4 ცალი, 2კამფორიანი ქურა - 4 ცალი, 4კამფორიანი ღუმელით - 1 ცალი, კარმის ტიპის პატარა გამათბობელი - 2 ცალი, უკრაინული გამათბობელი - 5 ცალი. ამავე აქტში ,,მომხმარებლის შენიშვნა ან ახსნა-განმარტების“ გრაფაში მითითებულია - ,,აქტში აღწერილ დანადგარებს ვეთანხმები. რიგი დანადგარებისა, რომელიც ახალი შეძენილი მაქვს, რომელსაც წარმოვადგენ შეძენის საბუთს“.
2019 წლის 05 მარტის აქტი Nა------- ბუნებრივი აირის უკანონოდ მოხმარების (დატაცების) შესახებ ხელმოწერილია მომხმარებლის - გ------- მ------–---–-სა და შპს ,,ყ--------------------–----“ წარმომადგენლის მიერ.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-2019 წლის 05 მარტის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი Nა------- (ტ.1, ს.ფ. 214);
-2019 წლის 05 მარტის აქტი Nა------- ბუნებრივი აირის უკანონოდ მოხმარების (დატაცების) შესახებ (ტ.1, ს.ფ. 215);
3.2. 2019 წლის 20 მარტს, შპს ,,ყაზტრანსგაზ თბილისმა“ ზეპირი მოსმენით განიხილა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალები გ------- მ------–---–-ს მიმართ და მიიღო დადგენილება N1-----, რომლის თანახმად, გ------- მ------–---–- ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961-ე მუხლის პირველი ნაწილით და ადმინისტრაციული სახდელის სახით დაედო გაფრთხილება. ამასთან, აბონენტს ბინაში არსებული ბუნებრივი გაზის დანადგარების 90 დღეზე, 6 საათიანი მუშაობის რეჟიმის გათვალისწინებით, უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურად გადასახდელად დაერიცხა 4963,58 ლარი.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-2019 წლის 20 მარტის N1----- დადგენილება გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ (ტ.1, ს.ფ. 207-208);
-2019 წლის 11 აპრილის N01-01-21668-19 წერილი (ტ.1, ს.ფ. 42);
3.3. 2019 წლის 14 მაისს, ლ---- თ------–-–---–-- საჩივრით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და მოითხოვა უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურად თანხის დარიცხვის კორექტირება. საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ მისი ოჯახი სარგებლობს მხოლოდ სახლის მეორე სართულით, სადაც დამონტაჟებულია 2 კარმის ტიპის და 2 უკრაინული გამათბობელი, ასევე ერთი 4სანთურიანი გაზის ღუმელი და ერთი 12ლიტრიანი წყლის გამაცხელებელი. ამასთან, აღნიშნა, რომ არასწორია ამ ზიანის დაანგარიშება 3 თვის ვადით, ვინაიდან უკანონო დაერთება ჰქონდათ 27 იანვრიდან 5 მარტამდე, ანუ 1 თვისა და 9 დღის განმავლობაში და ისიც სახლის მეორე სართულზე, ხოლო სხვა დანადგარები დამონტაჟებულია ქვედა სართულზე, რომლებიც არ არის მათ სარგებლობაში და ეს დანადგარები ჩვეულებრივ აღირიცხებოდა მრიცხველის მეშვეობით, რის გადასახადსაც იხდიდნენ ქვითრის მიხედვით.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 11 ივლისის N---- გადაწყვეტილებით, ლ---- თ------–-–---–-ს განცხადება არ დაკმაყოფილდა და შპს ,,ყ--------------------–----“ მიერ N------ აბონენტზე ბუნებრივი გაზის მოხმარებისათვის 4963,58 ლარის დარიცხვა, მიჩნეული იქნა საფუძვლიანად.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-2019 წლის 14 მაისის საჩივარი (ტ.1, ს.ფ. 25-30);
-საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 11 ივლისის N---- გადაწყვეტილება (ტ.1, ს.ფ. 19-24).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონი, ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონი (ძალადაკარგულია 2019 წლის 27 დეკემბრიდან), საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებული ,,ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები”, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 12 აგვისტოს №14 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის დატაცების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებით აღსრულების წესები”
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, ხოლო 23-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 11 ივლისის N---- გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რეალაქტის განხორციელებით ან განუხორციელებლობით, დაინტერესებული პირის სუბიექტური უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვის სამართლებრივ საშუალებებს. კერძოდ, პირს უფლება აქვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე სარჩელი შეიტანოს სასამართლოში ქმედების განხორციელების მოთხოვნით, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. რეალაქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს ისეთი საჯარო-სამართლებრივი ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არამედ ფაქტობრივი შედეგის დადგომისაკენ.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი ასევე აღძრულია მითითებული ნორმის ფარგლებში, რამდენადაც მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს: უკანონოდ იქნას ცნობილი შპს ,,ყ--------------------–----“ ქმედების განხორციელება, რითაც მოსარჩელეს დაეკისრა ზიანის ანაზღაურების სახით თანხის გადახდა.
6.2. სასამართლო მიუთითებს „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია შექმნას მყარი სამართლებრივი საფუძველი და სრულყოფილი ინსტიტუციური გარემო საქართველოში მოქმედი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების სტაბილური ფუნქციონირებისათვის, რათა ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში უზრუნველყოფილ იქნეს ლიცენზიის მფლობელთა და მომხმარებელთა ინტერესების დაბალანსება, მომსახურებისა და საქონლის ეფექტიანი ფასწარმოქმნა და მიწოდება.
მითითებული კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს. ამასთან, სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი ,, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია არის „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირი, რომელიც არ არის შექმნილი სახელმწიფო ქონების საფუძველზე, ხოლო ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ კომისია საკანონმდებლო აქტით განსაზღვრულ შემთხვევებში და თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – დადგენილებას.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 12 აგვისტოს №14 დადგენილებით დამტკიცებულ იქნა „ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებით აღსრულების წესები“, რომელიც არეგულირებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 და 149-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენასთან, აღრიცხვა-ანგარიშგებასა და შესაბამისი საწარმოების მიერ ადმინისტრაციული სახდელის დადებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
მითითებული წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ამ წესების შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დგება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის – ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიანტის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის, გადაცემის ან განაწილების ქსელიდან ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) ტრანსპორტირების სისტემიდან ან განაწილების ქსელიდან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) აღრიცხვის გარეშე ან აღრიცხვის წესების დარღვევით მოხმარების, აგრეთვე, 149-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის – სასმელი წყლის უკანონო მოხმარების ან წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობის ფაქტზე, ხოლო მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელის დადება ოქმის საფუძველზე ხდება გაფრთხილების ან დაჯარიმების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებით.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2019 წლის 5 მარტს, შპს ,,ყ--------------------–----“ თანამშრომლების მიერ შემოწმებული იქნა აბონენტი N------ - გ------- მ------–---–-, მისამართზე: ქ--–---------–---, ჩ--------- მე-4 ჩიხი, N7ა. შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ აღნიშნული აბონენტის მხრიდან ადგილი ჰქონდა ბუნებრივი აირის უმრიცხველო მოხმარებას. კერძოდ, სახლის ფასადზე გამავალ ცენტრალურ მილზე დაერთებული იყო უმრიცხველო ხაზი, რომელიც შედიოდა მეორე სართულის ოთახში, საიდანაც თეთრი რეზინის მილით უერთდებოდა მრიცხველიდან გამომავალ შიდა ქსელს. აღნიშნულ ფაქტზე, გ------- მ------–---–-ს მიმართ შედგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი Nა------- და ბუნებრივი აირის უკანონოდ მოხმარების (დატაცების) შესახებ აქტი Nა-------.
ასევე, დადგენილია, რომ 2019 წლის 20 მარტს, შპს ,,ყაზტრანსგაზ თბილისმა“ ზეპირი მოსმენით განიხილა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალები გ------- მ------–---–-ს მიმართ და მიიღო დადგენილება N1-----, რომლის თანახმად, გ------- მ------–---–- ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961-ე მუხლის პირველი ნაწილით და ადმინისტრაციული სახდელის სახით დაედო გაფრთხილება. ამასთან, აბონენტს ბინაში არსებული ბუნებრივი გაზის დანადგარების 90 დღეზე, 6საათიანი მუშაობის რეჟიმის გათვალისწინებით, უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურად გადასახდელად დაერიცხა 4963,58 ლარი.
6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილებას წარმოადგენს გადაწყვიტოს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები ამ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებს შორის ან ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის.
ამასთან, სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის რომლის ,,გ’’ ქვეპუნქტი ადგენდა, რომ კომისიის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლებს, ბუნებრივი გაზის მიმწოდებლებს, მომხმარებლებსა და ბაზრის ოპერატორს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში. ამავე კანონის 29-ე მუხლის მიხედვით კი, ბაზრის ოპერატორი, ლიცენზიატი, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, იმპორტიორი, ექსპორტიორი, ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელი, ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი და მომხმარებელი უფლებამოსილი არიან კომისიაში შეიტანონ განაცხადი ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში სადავო საკითხის განხილვაზე, თუ აღნიშნული დავის გადაწყვეტა კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება. ამასთან, როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 12 აგვისტოს №14 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებით აღსრულების წესების“ მე-11 მუხლის მე-12 პუნქტითაა დადგენილი, კომისია უფლებამოსილია, დადგენილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების მიუხედავად, იმსჯელოს საწარმოს მიერ მის სასარგებლოდ პირზე დარიცხული თანხის საფუძვლიანობაზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2019 წლის 14 მაისს, ლ---- თ------–-–---–-- საჩივრით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და მოითხოვა უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურად თანხის დარიცხვის კორექტირება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 11 ივლისის N---- გადაწყვეტილებით, ლ---- თ------–-–---–-ს განცხადება არ დაკმაყოფილდა და შპს ,,ყ--------------------–----“ მიერ N------ აბონენტზე ბუნებრივი გაზის მოხმარებისათვის 4963,58 ლარის დარიცხვა, მიჩნეული იქნა საფუძვლიანად. ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ შპს ,,ყ--------------------–----“ მიერ აბონენტისთვის დარიცხული თანხა სრულად შეესაბამებოდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებული ,,ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებით’’ განსაზღვრულ რეგულაციებს, შესაბამისად, ლ---- თ------–-–---–- უარი ეთქვა მის მიერ წარდგენილი განცხადების დაკმაყოფილებასა და დარიცხული თანხის კორექტირებაზე.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე სადავოდ არ ხდის მის მიერ ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარებისა და შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, იგი სადავოდ ხდის მხოლოდ შპს ,,ყ--------------------–----“ მიერ N------ აბონენტზე დარიცხული უკანონოდ მოხმარებული გაზის საფასურის ოდენობას. მოსარჩელის პოზიციით, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან აღნიშნული თანხის ოდენობის დაანგარიშება არასწორად განხორციელდა, ვინაიდან მისი ოჯახი არ ფლობს ყველა იმ დანადგარს, რომლის მიხედვითაც მოხდა აბონენტზე უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის დარიცხვა. კერძოდ, მხარე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ იგი ოჯახთან ერთად ცხოვრობს საცხოვრებელი სახლის მე-2 სართულზე, პირველ სართულზე არსებული ფართი კი დაყოფილი აქვს სამ ბინად, სადაც გირავნობის საფუძველზე ცხოვრობენ სხვა პირები, რომელთაც თავის მხრივ აქვთ ბუნებრივი გაზის დანადგარები და ინდივიდუალური მრიცხველები, რომლის მიხედვითაც მათ მიერ ხდებოდა ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდა. შესაბამისად, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ვინაიდან ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარება მხოლოდ მისი ოჯახის მიერ ხდებოდა, ადმინისტრაციულ ორგანოს აბონენტზე დარიცხული უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის ოდენობის განსაზღვრა უნდა განეხორციელებინა მხოლოდ მისი ოჯახის მფლობელობაში, მეორე სართულზე არსებული დანადგარების მიხედვით და არა საცხოვრებელი სახლის ორივე სართულზე არსებული ყველა დანადგარის გათვალისწინებით და თანაც სამთვიანი პერიოდის მიხედვით, ვინაიდან მის მიერ დანადგარების ნაწილი შეძენილი იყო 2019 წლის 27 იანვარს და დარღვევის გამოვლენამდე (2019 წლის 05 მარტი) გასული იყო 3 თვეზე ნაკლები.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის არგუმენტაციას და მიუთითებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებული ,,ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომლებიც ახორციელებენ ბუნებრივი გაზის ყიდვას, გაყიდვას, განაწილებას, გატარებას ან/და მოხმარებას. ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება აკრძალულია.
აღნიშნული წესების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულებით მიმწოდებელი (გამყიდველი) კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს საცალო მომხმარებელს (მყიდველს) ბუნებრივი გაზი მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი იღებს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული ბუნებრივი გაზის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები.
ამასთან, ,,ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-9 მუხლით რეგლამენტირებულია ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარება და მისი აღკვეთის საშუალებები, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ გამანაწილებელ ქსელზე მოწყობილობების თვითნებურად მიერთება, შეწყვეტილი ბუნებრივი გაზის მიწოდების თვითნებური აღდგენა, ბუნებრივი გაზის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), ბუნებრივი გაზის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება, ბუნებრივი გაზის დატაცება, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე ბუნებრივი გაზის მოხმარება (გარდა ამ წესებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა) წარმოადგენს ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარებას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, განაწილების ლიცენზიატი ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარების ფაქტის გამოვლენისთანავე ვალდებულია შეადგინოს შესაბამისი ოქმი და დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს მისი ასლი შესაბამის მიმწოდებელს, ხოლო მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მოწყობილობების თვითნებურად მიერთების, ბუნებრივი გაზის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანების (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), ბუნებრივი გაზის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბების, ბუნებრივი გაზის დატაცების, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე ბუნებრივი გაზის არასანქცირებული მოხმარების შემთხვევაში, ბუნებრივი გაზის უკანონო მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულება. ამავე პუნქტის ,,ა’’-,,დ’’ ქვეპუნქტებით დადგენილია უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის განსაზღვრის წესი.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებული ,,ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, იმ შემთხვევაში, როდესაც უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია განაწილების ლიცენზიატის მომსახურებით უკანონოდ სარგებლობის დაწყების თარიღი, მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობა დაანგარიშდება მომხმარებლის გაზის დანადგარების ან/და ხელსაწყოების დადგმული სიმძლავრეების (დღე-ღამეში 6-საათიანი პერიოდის) წარმადობის დაანგარიშების საფუძველზე (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ ქვეპუნქტის მიხედვით დარიცხვის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.
ამდენად, აღნიშნული ნორმა პირდაპირ ადგენს, რომ ბუნებრივი გაზის დატაცების, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე ბუნებრივი გაზის არასანქცირებული მოხმარების შემთხვევაში, ბუნებრივი გაზის უკანონო მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულება, განაწილების ლიცენზიატი კი უფლებამოსილია იმ შემთხვევაში, როდესაც უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია განაწილების ლიცენზიატის მომსახურებით უკანონოდ სარგებლობის დაწყების თარიღი, მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის დაანგარიშება განახორციელოს მომხმარებლის გაზის დანადგარების ან/და ხელსაწყოების დადგმული სიმძლავრეების (დღე-ღამეში 6-საათიანი პერიოდის) წარმადობის დაანგარიშების საფუძველზე (სეზონურობის გათვალისწინებით), თუმცა დარიცხვის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2019 წლის 5 მარტს, შპს ,,ყ--------------------–----“ თანამშრომლების გამოვლენილი იქნა N------ აბონენტის (გ------- მ------–---–-) მიერ ბუნებრივი აირის უმრიცხველოდ მოხმარების ფაქტი, რის შესახებაც შედგა აქტი Nა------- ბუნებრივი აირის უკანონოდ მოხმარების (დატაცების) შესახებ. აქტში მიეთითა, რომ მომხმარებელი მოიხმარს შემდეგ დანადგარებს: 8ლიტრიანი წყალგამაცხელებელი - 1 ცალი, 12ლიტრიანი წყალგამაცხელებელი - 4 ცალი, 2კამფორიანი ქურა - 4 ცალი, 4კამფორიანი ღუმელით - 1 ცალი, კარმის ტიპის პატარა გამათბობელი - 2 ცალი, უკრაინული გამათბობელი - 5 ცალი. შესაბამისად, კომპანიის მიერ აბონენტზე უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის ოდენობის დაანგარიშებაც განხორციელდა სწორედ აქტში მითითებული დანადგარების მიხედვით. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნულ აქტში ,,მომხმარებლის შენიშვნა ან ახსნა-განმარტების“ გრაფაში აბონენტის (გ------- მ------–---–-) მიერ მითითებულია, რომ იგი აქტში აღწერილ დანადგარებს ეთანხმება. ამდენად, მოსარჩელე მხარის აპელირება დანადგარების რაოდენობასთან დაკავშირებით, სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია და ვერ იქნება გაზიარებული.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოსარჩელე მხარის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი გაზის მომხმარებლად რეგისტრირებულია ერთი აბონენტი - N------ (გ------- მ------–---–-), შესაბამისად, მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე სხვა პირები ცხოვრობენ, რომელთაც ინდივიდუალური მრიცხველები აქვთ და მოსარჩელის ოჯახი პირველ სართულზე არსებულ დანადგარებს არ იყენებდა, შესაბამისი რეგისტრაციის განხორციელების გარეშე, აღნიშნულ პირებს ბუნებრივი გაზის მომხმარებელ დამოუკიდებელ აბონენტებად არ აქცევს. ამდენად, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა იხელმძღვანელეს სწორედ რეგისტრირებული მონაცემებით და იმ პირობებში, როცა მისამართზე: ქ--–---------–---, ჩ--------- მე-4 ჩიხი, N7ა, რეგისტრირებული იყო მხოლოდ ერთი აბონენტი, ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების ფაქტის გამოვლენისას, შესაბამისი დოკუმენტაციის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, აქტი ბუნებრივი აირის უკანონოდ მოხმარების (დატაცების) შესახებ, დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ) შედგენა და უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის დაანგარიშებაც (შემდგომ, დარიცხული თანხის საფუძვლიანად მიჩნევა) განახორციელეს ამ მისამართზე მდებარე საცხოვრებელ სახლში არსებული ბუნებრივი გაზის ყველა დანადგარის გათვალისწინებით, რაც სრულად შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობის ნორმებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მათთან.
უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის დაანგარიშების პერიოდთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელემ მის საცხოვრებელ სახლში არსებული ბუნებრივი გაზის დანადგარების ნაწილი შეიძინა და მათი მონტაჟი განახორციელა 2019 წლის 27 იანვარს, როგორც ამას მხარე მიუთითებს. სასამართლო აღნიშნავს, რომ გარკვეული დანადგარების შეძენის შესახებ დოკუმენტაცია უტყუარად არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის საცხოვრებელ სახლში სწორედ აღნიშნული დანადგარებია დამონტაჟებული. შესაბამისად, შპს ,,ყ--------------------–----“ მიერ (ამჟამად, შპს ,,თ---–------------“) აბონენტზე უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის გაანგარიშება მართებულად განხორციელდა საცხოვრებელ სახლში არსებული ყველა დანადგარის წარმადობის გათვალისწინებით, 3 თვის პერიოდზე, რაც სრულ შესაბამისობაშია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებული ,,ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტთან, რომელიც პირდაპირ ადგენს, რომ ამ ქვეპუნქტის მიხედვით დარიცხვის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს შპს ,,ყ--------------------–----“ მიერ აბონენტისთვის უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის დარიცხვის შესახებ ქმედების უკანონოდ ცნობისა და აღნიშნული დარიცხვის საფუძვლიანად მიჩნევის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი. შესაბამისად, არ არსებობს ლ---- თ------–-–---–-ს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32–ე ან 34–ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო უფლებამოსილია ხსენებული კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანოს გადაწყვეტილება, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს კონკრეტული მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ---- თ------–-–---–-ს სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 07 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.
8. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი. ამდენად, მოცემულ საქმეზე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 24-ე, 32-ე, 331-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ლ---- თ------–-–---–-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 07 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება - სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შპს ,,ყაზტრანსგაზ-თბილისისთვის“ (ამჟამინდელი სახელწოდება - შპს „თ---–------------„ ს/კ 205129617) გაზის მიწოდების შეწყვეტის აკრძალვისა და მისამართზე: ქ. თბილისი, ჩ--------- მე-4 ჩიხი N7ა (აბონენტი N------) შეწყვეტილი გაზის მიწოდების აღდგენის დავალების თაობაზე;
3. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი N7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით.
მოსამართლე თამარ ოქროპირიძე