გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3/6----19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
12 მ------, 2020 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნათია ტოგონიძე
სხდომის მდივანი თეა აფციაური
მოსარჩელე - ი-----–- გ--–--ე
წარმომადგენელი - გ---------–-----ე, კ------- ჩ-------ე
მოპასუხე- საქართველოს გენერალური პროკურატურა
წარმომადგენელი - ნ--------------–--ე
მესამე პირი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
დავის საგანი: მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1.მოპასუხე - საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ანაზღაურება, ხოლო მატერიალური ზიანის სახით - საადვოკატო მომსახურების თანხის- 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარისა და პატიმრის ანგარიშზე ჩარიცხული თანხის- 1545 ლარის ანაზღაურება.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელსა და სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციით, სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. მესამე პირის პოზიცია:
3.1. მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი არ გამოცხადდა სხდომაზე.
4. ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. ი-----–- გ--–--ეს ბრალი ედებოდა ძარცვაში, ე. ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2----–-–-----------ს განჩინებით საქმეზე N1------- თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ბრალდებულ ი-----–- გ--–--ის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა პატიმრობა. ბრალდებულ ი-----–- გ--–--ეს პატიმრობის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების დღიდან- 2016 წლის 12 მაისის 14:00 საათიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2----–-–-----------ს განჩინება საქმეზე N1------- (ს/ფ 61-65)
4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2-----–-–---------------–ის განაჩენით საქმეზე #1--------, ი-----–- გ--–--ე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა. ი-----–- გ--–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ განთავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------------–ის განაჩენი საქმეზე N1-------- (ს/ფ 66-83)
4.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–-----------ს განჩინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2-----–-–---------------–ის განაჩენი დარჩა უცვლელად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–---------------ის განჩინება საქმეზე N4------- (ს/ფ 13-16)
4.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–---------------ის განაჩენით საქმეზე N4-------, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ------–----–---–ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–---------------ის განაჩენი საქმეზე N4------- (ს/ფ 13-16)
4.5. 2----–-–------------ს საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულების მიხედვით, ერთის მხრივ ნ---------–----სა და კ------- ჩ-------ეს, მეორეს მხრივ მოქალაქე ა---------– გ--–--ეს შორის დაიდო საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულება. ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების საფასური შეადგენს 1500 ლარს, რის შემდგომაც კლიენტი იხდის დამატებით მომსახურების თანხას საქმის მოცულობიდან, სპეციფიკიდან და დამდგარი შედეგიდან გამომდინარე. კერძოდ: ა) სასამართლო ინსტანციების მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში 1500 ლარს; ბ) საპროცესო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში 5000 ლარს; გ) გამამართლებელი განაჩენის დადგომის შემთხვევაში 25 000 ლარს.
სალარო შემოსავლის ორდერების მიხედვით, გადახდილია საადვოკატო მომსახურების საფასური 16 500 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულება (ს/ფ 25-27)
- სალაროს შემოსავლის ორდერები (ს/ფ 28-30)
4.6. საქმეში წარმოდგენილია სს „ლ--------------ს“ მიერ გაცემული, 2----–-–---------------------–-–-------------დე პერიოდის ამონაწერი ი-----–- გ--–--ის ანგარიშიდან, რომლითაც დგინდება, რომ ი-----–-ს გ--–--ის ანგარიშზე ირიცხებოდა პერიოდულად ფულადი თანხები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი ანგარიშიდან ( ს/ფ 17-24)
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
5.1. საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმების, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი.
7. სამართლებრივი შეფასება:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის (ძველი რედაქციით _ 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის) თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება, შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებაში კი საქმეზე №23/630 აღნიშნულია, რომ „კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის უპირველეს მიზანს წარმოადგენს დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით. სახელმწიფო რესურსის მასშტაბის, მოცულობის და ბუნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერ ქმედებათა განხორციელება ხშირ შემთხვევებში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. ამიტომ მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ზარალის ანაზღაურების უფლებას რამდენიმე წინაპირობის არსებობას უკავშირებს: 1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზარალის მიყენების ფაქტი; 2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით; 3. პირისათვის მიყენებული ზარალი გამოწვეული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული სუბიექტების უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზარალს შორის.“
სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაზე, რომლის მიხედვითაც საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით ,,გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილება)
აღნიშნული კონსტიტუციური პრინციპი, ასევე, განმტკიცებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურების უფლება აღიარებული და გარანტირებულია, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლით -თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად. ამავე ნორმის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ყველას, ვინც არის დაკავების ან დაპატიმრების მსხვერპლი ამ მუხლის დებულებათა დარღვევის გამო, აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.
სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
ამავე კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
განსახილველ შემთხვევაში ი-----–- გ--–--ე ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 50 000 ლარის ოდენობით, ხოლო მატერიალური ზიანის სახით საადვოკატო მომსახურების -25 000 ლარისა და ოჯახის წევრების მიერ პატიმარზე გაწეული ხარჯის- 1545 ლარის ანაზღაურება.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმე#ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმადაც ,,ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო." საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ (საქმე №ბს-52-47(კ-13)23.07.2013წ) განმარტება, რომ ,,დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახეა. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს კი თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი."
7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს; ამავე ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის, ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მითითებული ნორმის (1005.3) თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. ამასთან, საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული ნორმები ანიჭებენ რა პირს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, არ განსაზღვრავენ მარეაბილიტირებელ გარემოებებს. შესაბამისად, კანონმდებელმა სასამართლოს მიანიჭა თავისუფლება ქმედების უკანონობისა და რეაბილიტაციის საფუძვლების შეფასებისას.
არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომელიც ადგენს, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.
მითითებული ნორმა, ასევე განსაზღვრავს მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტულ საფუძვლებს. კერძოდ, ამავე ნორმის მე-6 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმეNბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმადაც: ,,მორალური ზიანი ანაზღაურდება მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ანაზღაურებას ექვემდებარება არა ყოველგვარი მორალური ზიანი (სულიერი ტანჯვა), თუნდაც ეჭვს არ იწვევდეს მისი ანაზღაურება, არამედ მხოლოდ ისეთი, რომლის ანაზღაურებასაც პირდაპირ ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლად მიუთითებს მის ორი წელი და შვიდ დღიან უკანონო მსჯავრდებას/პატიმრობას."
ამავე საქმეზე (საქმე#ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ) საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,ზიანი ანაზღაურდება რეალურად არსებული, დამდგარი საზიანო შედეგისათვის, აუცილებელია პირდაპირი ზიანის არსებობის კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენა ანუ ქმედება უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს დამდგარი შედეგისათვის."
საქმის მასალების დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2----–-–-----------ს განჩინებით საქმეზე N1------- თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ბრალდებულ ი-----–- გ--–--ის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა პატიმრობა. ბრალდებულ ი-----–- გ--–--ეს პატიმრობის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების დროიდან - 2016 წლის 12 მაისის 14:00 საათიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2-----–-–---------------–ის განაჩენით საქმეზე #1--------, ი-----–- გ--–--ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა. მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ განთავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. აღნიშნული განაჩენი უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–-----------ს განაჩენით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–---------------ის განჩინებით, საქმეზე N4-------, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ------–----–---–ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად, სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული სასამართლო განაჩენით წყდება პირის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები. ამ საპროცესო დოკუმენტით სასამართლო ადგენს, ჩაიდინა თუ არა პირმა ინკრიმინირებული ქმედება და რა სახის სასჯელი უნდა დაეკისროს მას.
სასამართლოს მოსაზრებით, პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნეს მიჩნეული მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. გამამართლებელი განაჩენის არსიდან და ბუნებიდან გამომდინარე - სასამართლოს ეს აქტი ეხება სწორედ პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას. გამამართლებელი განაჩენი ადგენს პირის უდანაშაულობას, რაც იწვევს მისი უფლებების აღდგენას ანუ მის რეაბილიტაციას. რაც შეეხება ზემოაღნიშნული მუხლის მეორე კომპონენტს - ქმედების უკანონობას, სასამართლოს აზრით, მოცემულ შემთხვევაში, არ უნდა მოხდეს კანონის აღნიშნული მოთხოვნის იმგვარად ინტერპრეტაცია, რომ ქმედების უკანონობა შეფასდეს მხოლოდ კონკრეტული საპროცესო თუ მატერიალური ნორმის დარღვევით, ვინაიდან არ შეიძლება ნორმა განიმარტოს ისე, რომ გამართლებულს არ მიეცეს უფლებების აღდგენის ეფექტური შესაძლებლობა. ნორმის ამგვარი ინტერპრეტაცია ვერ თავსდება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ადამიანის და მის უფლებების, როგორც უმაღლესი ფასეულობის პრიორიტეტულობასთან. მართალია, სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, საქართველოს პროკურატურა წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს კომპეტენციას, თუმცა, მიუხედავად ამისა, ინდივიდს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მისი უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის.
ამრიგად, მოქმედი კანონმდებლობით არსებობს გამართლებული პირის უფლების დაცვის მექანიზმი და გამართლებულ პირს შეუძლია აღიდგინოს დარღვეული უფლებები. კერძოდ, გამართლებულ პირს აქვს შესაძლებლობა, დარღვეული უფლება აღიდგინოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რეაბილიტაციისა და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების გზით. გამართლებულ პირს, რომელსაც გამამართლებელი განაჩენით შეეზღუდა უფლებები, შეუძლია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით მოითხოვოს განაჩენით მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება.
7.3. სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებაზე (რამიშვილი და კოხრეიძე საქართველოს წინააღმდეგ), სადაც განიმარტა, რომ ,,განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ ფულად კომპენსაციასა და კონვენციის დარღვევას შორის უნდა იყოს კონკრეტული მიზეზობრივი კავშირი. სრული კომპენსაციისთვის (restitutio in integrum) საჭირო თანხის ზუსტი გამოთვლა შეიძლება შეაფერხოს დარღვევით გამოწვეული ზიანის ბუნდოვანებამ. ასეთ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს სამართლიანი დაკმაყოფილების საკითხი როგორც წარსულ, ასევე მომავალ ფულად ზარალთან მიმართებაში. ამ საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს სასამართლოს დისკრეციას და უნდა იყოს ობიექტური."
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზიანის ფულადი ანაზღაურება დარღვეული უფლების აღდგენის უკანასკნელი ღონისძიებაა, აღნიშნული შესაძლებელია მაშინ, როდესაც ერთის მხრივ, შეუძლებელია ზიანის ანაზღაურება მისი ნატურით ან მაშინ, როდესაც ნატურით რესტიტუცია არათანაზომიერად დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამასთან, მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უტყუარად უნდა დაადასტუროს გაწეული ხარჯები, სამომავლოდ გასაწევი ხარჯების აუცილებლობა და ოდენობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ ვერ დაკმაყოფილდება და ვერ დაეფუძნება ხარჯების სავარაუდო ოდენობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ უნდა გადაწყდეს. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები.
სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მიზეზობრივი კავშირი სახელმწიფო ორგანოს უკანონო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამასთან, ზიანის ანაზღაურების მოცულობასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილი განმარტავს, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამასთან კანონი არ ადგენს მორალური ზიანის ასანაზღაურებელ ოდენობას, რამდენადაც მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით. ამასთან, მორალური ზიანის მოცულობა სასამართლოს მიერ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად განისაზღვრება, როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით.
სასამართლოს მოსაზრებით უკანონოდ დაკავება/პატიმრობის შედეგად მოსარჩელეს მიადგა მორალური ზიანი. სახეზეა მიზეზობრივი კავშირი, სახელმწიფო ორგანოების ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამასთან, კომპენსაციის ოდენობა არ უნდა მოწყდეს რეალობას. მოთხოვნა წარმოადგენს მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებას, ხოლო ანაზღაურების მოცულობის ოდენობას გონივრულ ფარგლებში განსაზღვრავს სასამართლო. შელახული სიკეთის ხასიათის, სულიერი ტანჯვის ხარისხის ზუსტად განსაზღვრის შეუძლებლობის გამო, უფრო მართებულია ზიანის კომპენსაცია, რამდენადაც ეს შესაძლებელია საერთოდ. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრულად აღდგენა.
ამრიგად, სასამართლო ითვალისწინებს მოსარჩელის მიმართ განხორციელებული იძულების ფორმებს, სახელდობრ, იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელეს თავისუფლება ჰქონდა აღკვეთილი ფაქტობრივად თითქმის 9 თვის განმავლობაში, რაც არ არის ჩვეულებრივი მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში. მართალია, ამა თუ იმ ფორმით თავისუფლების აღკვეთა ყოველთვის იწვევს დისკომფორტს, მაგრამ დაპატიმრებული პირი, გონივრულ ფარგლებში, მაინც ვალდებულია ითმინოს ეს, როდესაც დაცულია გარკვეული სტანდარტები. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ხაზს უსვამს, რომ არსებობს ტანჯვის დონე, რომელიც გარდაუვალად უკავშირდება დაკავებას (პაპონი საფრანგეთის წინააღმდეგ, 2002 წლის 25 ივლისი, §40) და თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელი ყველა შემთხვევაში იწვევს სირთულეს და ტანჯვას. იმავეს ვერ ვიტყვით პირზე, რომელიც უკანონოდ და დაუსაბუთებლად არის დაპატიმრებული. ის არ არის ვალდებული, ითმინოს პატიმრობასთან დაკავშირებული დისკომფორტი, რაც გამოიხატება თუნდაც მთელი რიგი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის შეუძლებლობაში ან შეზღუდვაში. უკანონოდ დაპატიმრებული პირის პატიმრობაში ყოფნაა, როგორც ასეთი, უკანონობა, მიუხედავად იმისა, დაირღვევა თუ არა რეჟიმის რომელიმე მოთხოვნა.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოსარჩელე ი-----–- გ--–--ეს უნდა აუნაზღაურდეს მორალური ზიანის სახით 5400 (ხუთი ათას ოთხასი) ლარი.
7.4. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხისათვის მატერიალური ზიანის სახით 1545 ლარის დაკისრების თაობაზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პატიმრობის კოდექსის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ეს კოდექსი განსაზღვრავს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი განაჩენის აღსრულების წესსა და პირობებს, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, აწესრიგებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ორგანოთა საქმიანობას, ადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებაში სახელმწიფო ორგანოთა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა და მოქალაქეთა მონაწილეობის წესსა და პირობებს. მე-2 პუნქტის თანახმად ამ კოდექსით დადგენილი წესით აღსრულდება პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებასთან დაკავშირებული და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენი, განჩინება, დადგენილება და მოსამართლის ბრძანება, აგრეთვე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
ამავე კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი იყოს: ა.ა) საცხოვრებლით, კვებით, პირადი ჰიგიენით, ტანსაცმლით, შრომით, შრომისა და პირადი უსაფრთხოებით; ა.ბ) სამედიცინო მომსახურებით; ა.გ) ახლო ნათესავებთან შეხვედრით (პაემნით), დამცველთან, დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულების და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებთან (უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის) შეხვედრით; ა.დ) სატელეფონო საუბრებით და მიმოწერით; ა.ე) ამანათებისა და ფულადი გზავნილების მიღება-გაგზავნით.
ამავე კანონის 23-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეიძინოს დამატებითი კვების პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები იმ თანხით, რომელიც მან გამოიმუშავა პენიტენციურ დაწესებულებაში მუშაობისას ან მის პირად ანგარიშზე ჩარიცხეს ახლო ნათესავებმა ან სხვა პირებმა. დამატებითი კვების პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების შესაძენად ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ საკუთარი სახსრების გამოყენება დაიშვება მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით.
ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებაში საკვები უნდა შეიცავდეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელ კომპონენტებს. აკრძალულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასჯის მიზნით საკვების კალორიულობის შემცირება. ამავე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის კვების ნორმები განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულს/მსჯავრდებულს ყოველდღიურად უზრუნველყოფს სამჯერადი კვებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
ამდენად, კანონით განსაზღვრულია პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებები, სამართლებრივი მდგომარება და პატიმრობის კოდექსის შესაბამისად, ბრალდებული/მსჯავრდებული სახელმწიფოს ხარჯზე უზრუნველყოფილია კვებით, რომელიც შეიცავს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელ კომპონენტებს. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას მატერიალური ზიანის დაკისრების ნაწილში და მიაჩნია, რომ სარჩელის მოთხოვნა მატერიალური ზიანის სახით პატიმრის ანგარიშზე ჩარიცხული თანხის ანაზღაურების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
7.5. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხისათვის მატერიალური ზიანის სახით - საადვოკატო მომსახურებისათვის 25 000 ლარის დაკისრების თაობაზე- სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ი-----–- გ--–--ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში ადვოკატებისათვის გადასახდელი ჰონორარი შეადგენდა 25 000 ლარს. მოსარჩელე უთითებს, რომ საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილი აქვს 16 500 ლარი, ხოლო 8500 ლარი ისევ გადასახდელია.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის უკანონო დაკავებისა და მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების გამო, იგი იძულებული იყო საკუთარი უფლებების ეფექტური დაცვისთვის მიემართა ადვოკატისთვის. შესაბამისად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირის არსებობას ფულად ზარალსა და მოპასუხეთა ქმედებას შორის.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარისთვის მიყენებული მატერიალური ზიანი, რომლის არსებობა და მიზეზშედეგობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და ზიანის წარმოქმნას შორის დასტურდება სათანადო მტკიცებულებებით, ექვემდებარება სრულად ანაზღაურებას.
ამასთან, სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ მის მიერ ფაქტობრივად გაღებული ხარჯის-მოპასუხის მიერ მიყენებული მატერიალური ზიანის ნაწილში და მოპასუხე საქართველოს გენერალურ პროკურატურას უნდა დაეკისროს მოსარჩელისთვის მატერიალური ზიანის ანაზღაურება 16500 (თექვსმეტი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
7.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამ ნორმის მე-2 ნაწილით, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
ამავე კოდექსის 331-ე მუხლით, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
ამდენად, მოპასუხე საქართველოს გენერალურ პროკურატურას უნდა დაეკისროს მოსარჩელე ი-----–- გ--–--ის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით - 5400 (ხუთი ათას ოთხასი) ლარის ანაზღაურება, ხოლო მატერიალური ზიანის სახით 16 500 (თექვსმეტი ათას ხუთასი) ლარის ანაზღაურება;
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები - უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრების უკანონოდ გამოყენების ან გამასწორებელ სამუშაოთა სახით ადმინისტრაციული სახდელის უკანონოდ დადების შედეგად მოქალაქისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ სარჩელებზე. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე. ამდენად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2; მე-12; მე-13, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8; 46-ე; 55-ე 243-ე; 244-ე; 248, 249-ე, 257-ე, 364-ე; 369-ე მუხლებით, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ი-----–- გ--–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაეკისროს მოპასუხე საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოსარჩელე ი-----–- გ--–--ის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით - 5400 (ხუთი ათას ოთხასი) ლარის ანაზღაურება, ხოლო მატერიალური ზიანის სახით 16 500 (თექვსმეტი ათას ხუთასი) ლარის ანაზღაურება;
3. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე, ქ. თბილისი გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), სააპელაციო საჩივარი შემოტანილ უნდა იქნეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან;
მოსამართლე ნათია ტოგონიძე