გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.11.2019
საქმის ნომერი
330210018002713203
კატეგორია
დავის ტიპი
კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობანი
თარიღი
15.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/32572-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

15 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ეკატერინე ბიწაძე

სხდომის მდივანი - შორენა აბჟანდაძე

 

მოსარჩელე - გი---–---–-------ი

წარმომადგენელი - მა-------------ი

 

მოპასუხე - გი--------–--ე, ერ---–---------ე, შპს „----------------

წარმომადგენელი - დი----------------ე

 

დავის საგანი - წილის მესაკუთრედ ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს ,--------------–--------ის“ 100%-იანი წილის მესაკუთრედ ცნობილ იქნეს გი---–---–-------ი.

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

2018 წლის 2------- შპს "-------------–----------- პარტნიორებს გი--------–--ეს, ერ---–---------ეს, შპს "---------------- და მოსარჩელეს შორის გაფორმდა წილის დათმობის წინარე ხელშეკრულება #-, რომლის მიხედვითაც შპს "-------------–----------- წილები: გი--------–--ის კუთვნილი - 46%, ერ---–---------ის კუთვნილი- 25 % და შპს "----------------- კუთვნილი- 29% უნდა გასხვისებულიყო მოსარჩელის სახელზე. ხელშეკრულების თანახმად საბოლოოდ მოსარჩელის საკუთრებაში ორი თვის ვადაში უნდა გადასულიყო შპს "-------------–----------- 100%-იანი წილი. ხელშეკრულებით მოსარჩელემ შპს "-------------–----------- კრედიტორების დაკმაყოფილების ვალდებულება აიღო. შენატანი ფულადი თანხების უკან დაბრუნებით ან სურვილის შემთხვევაში ფართებით დაკმაყოფილების გზით. მიუხედავად ნების გამოხატვისა და ვალდებულების აღებისა წილის გამსხვისებლები ამჟამად ფაქტიურად უარს აცხადებენ, რომ ხელშეკრულება კანონის „შესაბამისად გაფორმდეს საჯარო რეესტრში და შესაბამისად მოსარჩელეს, როგორც წილის მიმღებს ხელი ეშლება მისი უფლებებისა და მოვალეობების განხორციელებაში, შესაბამისად ელახება საკუთრების უფლება წილებზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე გი--------–--ეს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა სარჩელი და მას დადგენილ ვადაში შესაგებელი არ წარმოუდგენია საქმეზე (იხ. ს.ფ.55, მოპასუხემ უარი განაცხადა გზავნილის ჩაბარებაზე);

2.2. მოპასუხეების - ერ---–---------ეს და შპს ,----------------- სარჩელის თაობაზე ეცნობათ საჯარო შეტყობინების ფორმით და მათი მხრიდან დადგენილ ვადაში შესაგებელი საქმეზე წარმოდგენილი არ ყოფილა.

საქმის სასამართლო განხილვისას მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მხარეებს შორის გაფორმდა წინასწარი ხელშეკრულება (შეთანხმება) წილის ნასყიდობის შესახებ კანონით გათვალისწინებული ფორმის დაუცველად (არანოტარიულად და არამარეგისტრირებელ ორგანოში) და ასევე არასრულად (ერთ-ერთ მოწილეს იმ კანონისმიერი ფორმის დაუცველ ხელშეკრულებაზეც არ აქვს ხელი მოწერილი). მოსარჩელემ თავიდანვე იცოდა, რომ ამ ტიპის გარიგებას ესაჭიროებოდა პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება და უნდა დალოდებოდა მას და მხოლოდ შემდგომ და კიდევ სხვა რიგი პირობების არსებობის შემდგომ შეეძლოთ მხარეებს დაედოთ კანონიერი ფორმის დაცვით ხელშეკრულება. ვადები იყო დათქმული კონკრეტული მოვლენების მითითებით, რაც არსებილი მდგომარეობითაც კი არ მომხდარა. შესაბამისად, მოპასუხე მხარის მითითებით, მოსარჩელე მხარის მიერ არასრულად, ბუნდოვნად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს მოთხოვნას და მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2018 წლის 2-------, გი--------–--ეს, ერ---–---------ეს და შპს ,----------------- (დირექტორები თო-------------–--ე და გი--------–--ე) და გი---–---–-------ს შორის დაიდო წილის დათმობის წინარე ხელშეკრულება #-, რომლის საფუძველზეც განისაზღვრა, რომ წილის მესაკურესა და წილის მიმღებს შორის წარმოიშვა სამეწარმეო საზოგადოების წილის დათმობის ხელშეკრულების ორ თვეში დადების ვალდებულება. აღნიშნული ვადა აითვლებოდა ამ ხელშეკრულების მე-3 მუხლით გათვალისწინებულ სამშენებლო ობიექტებზე მშენებლობის ნებართვის მიღებიდან.

 

ხელშეკრულების 2.2 პუნქტის თანახმად, წილის მესაკუთრე დაუთმობდა წილის მიმღებს სამეწარმეო საზოგადოების წილის 100%-ს. 2.3. პუნქტის თანახმად, წილის დათმობა, სამეწარმეო საზოგადოების აქტივებისა და ვალდებულებების გათვალისწინებით მოხდებოდა უსასყიდლოდ და ვალდებულების შესრულების პირობით. წილის შემძენი უზრუნველყოფდა სამეწარმეო საზოგადოების სამშენებლო პროექტების განხორციელებას.

 

2.4. პუნქტის თანახმად, სამომავლო ხელშეკრულების დადებამდე, წილის შემძენი შეამოწმებდა სამეწარმეო საზოგადოების ფინანსურ და სამართლებრივ მდგომარეობას, შეაფასებდა რისკებს, რის შემდგომაც დაიდებოდა სამომავლო ხელშეკრულება.

 

წინარე ხელშეკრულება ხელმოწერილ იქნა წილის მესაკუთრეების - შპს ,,ს----- ჯ------ს“ დირექტორების გი--------–--ისა და თო-------------–--ის, წილის შემძენის - გი---–---–-------ის მიერ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 2-------- წილის დათმობის წინარე ხელშეკრულება (ს.ფ. 16-19);

- ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 20-26);

- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. დადგენილია, რომ მხარეთა შორის წილის ნასყიდობის ხელშეკრულება არსებული მდგომარეობით არ დადებულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 2-------- წილის დათმობის წინარე ხელშეკრულება (ს.ფ. 16-19);

- ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 20-26);

- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა გი---–---–-------ის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე, 328-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ ას-1529-1443-2012, ას-973-1208-04; ას 664-635-2016).

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, მოსარჩელე გი---–---–-------ი 2018 წლის 2-------, შპს ,--------------–--------ის“ პარტნიორებთან გი--------–--ესა, ერ---–---------ეს და შპს ,,ს----- ჯ-------ან“ გაფორმებული წინარე ხელშეკრულების საფუძველზე ითხოვს შპს ,--------------–--------ის“ 100%-იანი წილის მესაკუთრედ ცნობას.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა, ან მხარეებმა ხელშეკრულებისათვის გაითვალისწინეს ასეთი ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ.

ხელშეკრულების ფორმა მხარეთა მიერ შეთანხმებული ნების გარეგნული გამოხატვის საშუალებაა. გარიგებათა ზოგიერთი სახე მხოლოდ მაშინ წარმოშობს სამართლებრივ შედეგს, როცა დადებულია განსაზღვრული ფორმით. თუმცა, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ფორმის დაცვის თაობაზე მოთხოვნა არის გამონაკლისი თავისუფალი ფორმის ზოგადი პრინციპიდან, რომელიც, თავისმხრივ, ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის გამოხატულებაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულებით შეიძლება წარმოიშვას მომავალი ხელშეკრულების დადების ვალდებულება. წინარე ხელშეკრულება არის ვალდებულებით სამართლებრივი გარიგება, რომლითაც მხარეები კისრულობენ სხვა ხელშეკრულების დადების ვალდებულებას. ანუ მხარეები სამართლებრივად იბოჭავენ თავს მომავალში ე.წ. ძირითადი ხელშეკრულების დადების ვალდებულებით. ძირითად სამართლებრივ ურთიერთობაში შესვლის ასეთი გადადების მიზეზი შესაძლოა იყოს როგორც ტექნიკური (მაგ. ფასების ცვალებადობა, მიწოდების ადგილის განუსაზღვრელობა), ასევე სამართლებრივი ხასიათის (მაგ. საქმიანობისთვის აუცილებელი ლიცენზიის არ ქონა იმ მომენტისათვის) გარემოებები, მაგრამ იგულისხმება, რომ ეს ღია საკითხები ან განსაზღვრულია ან განსაზღვრადია. აღნიშნული შეთანხმება, ხელს უწყობს რა სახელშეკრულებო ურთიერთობის გამყარებას, იმყოფება განსაზღვრულ მიმართებაში ე.წ. ძირითად ხელშეკრულებასთან, რომელიც, როგორც წესი, მიმართულია კონკრეტული ეკონომიკური შედეგის მიღწევისკენ მაშინ, როდესაც წინარე ხელშეკრულებით, რომელიც წინ უსწრებს ძირითად ხელშეკრულებას, მხარეები იღებენ ვალდებულებას, რომ მომავალში დადებენ გარიგებას წინარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. წინარე ხელშეკრულებაში მხარეებმა ნათლად უნდა განსაზღვრონ, თუ რა არსებითი პირობებით აპირებენ ისინი მომავალში ძირითადი ხელშეკრულების დადებას. ამავდროულად, წინარე ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს პირობას საგნის და ვადის თაობაზე, რომელშიც მხარეები კისრულობენ ძირითადი ხელშეკრულების დადებას. წინარე ხელშეკრულების საგანი სხვა უნდა იყოს და ძირითადის — სხვა. წინარე ხელშეკრულების საგანი არის მხარის ვალდებულება, დადოს ხელშეკრულება ანუ იკისროს მომავალში რაიმე ვალდებულება, მაშინ როცა ძირითადი ხელშეკრულებით ეს ვალდებულება უშუალოდ წარმოიშობა. წინარე ჩვეულებრივი ხელშეკრულებაა და მის მიმართ ვრცელდება ყველა ის მოთხოვნა, რაც ხელშეკრულებების მიმართ. წინარე ხელშეკრულება უნდა დაიდოს იმ ფორმით, რაც ძირითადი ხელშეკრულებისთვისაა გათვალისწინებული. მაგალითად, თუ ძირითადი ხელშეკრულებისთვის კანონი ან მხარეთა შეთანხმება წერილობით ფორმას ითვალისწინებს, მხარეებმა წინარე ხელშეკრულებაც წერილობით უნდა გააფორმონ. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი მიჩნეულ იქნება ფორმის დაცვის გარეშე დადებულად და, შესაბამისად, სახეზე არ იქნება სახელშეკრულებო კონტრაჰირების სამართლებრივი საფუძველი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 328-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა ან მხარეებმა ხელშეკრულებით გაითვალისწინეს ასეთი ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ. ამ კონსტრუქციაში სიტყვა თუ-ს არსებობით შესაძლოა გაკეთდეს დასკვნა, რომ როგორც ზოგადი წესი, ხელშეკრულება ფორმის თვალსაზრისით თავისუფალია, ანუ ზოგადად, კანონი მასთან მიმართებაში არ აწესებს რაიმე მოთხოვნებს და ასეთი მოთხოვნა, მხოლოდ როგორც გამონაკლისი, ისე შეიძლება არსებობდეს კანონში, ან მხარეებმა თვითონ დააწესონ ის. ასეთ დროს მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან მოთხოვნილი ფორმის დაუცველობამ შესაძლოა გამოიწვიოს ხელშეკრულების ბათილობა.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, მოსარჩელე გი---–---–-------ი მოპასუხე მხარესთან გაფორმებული წინარე ხელშეკრულების საფუძველზე ითხოვს შპს ,--------------–--------ის“ 100%-იანი წილის მესაკუთრედ ცნობას. სასამართლო მიუთითებს, რომ წინარე ხელშეკრულების კონტრაჰენტებმა წინარე ხელშეკრულების დადებით იკისრეს ძირითადი ხელშეკრულების დადების, და არა კომპანიის 100%-იანი წილის მოსარჩელეზე გადაფორმების ვალდებულება, რაც წარმოადგენს კიდეც წინარე ხელშეკრულების არსს. სასამართლო განმარტავს, რომ წინარე ხელშეკრულება არ წარმოადგენს, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირის სახელზე ქონების გადაფორმების საფუძველს. ხელშეკრულების შესაბამისად, სამომავლო ნასყიდობის ხელშეკრულება დამოკიდებული იყო კონკრეტულ მოვლენაზე და მისი დადების ვადის ათვლა სწორედ კონკრეტული გარემოებ(ებ)ის არსებობაზე იყო დამოკიდებული. მოსარჩელე მხარის მიერ სარჩელში აღნიშნული გარემოებების არსებობის და მისი შესრულების თაობაზე მითითება არ ხდება და მეტიც, სასამართლო პროცესზე მითითებული იქნა, რომ პირველ რიგში მხარეს სურს წილის საკუთრებაში მიღება და შემდეგ აუცილებლად განახორციელებს ნაკისრ ვალდებულებებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე გი---–---–-------ის სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, შესაბამისად სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ” ქვეპუნქტის მიხედვით, რომლის თანახმად დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა. ხოლო ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%.

 

ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 3000 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე შუამდგომლობს, მის მიერ იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის მოსარჩელისთვის დაკისრებას. აღნიშნული შუამდგომლობის დასაბუთების მიზნით, მოპასუხეს წარმოდგენილი აქვს #0-------- ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების შესახებ, რომელშიც მითითებულია, კლიენტის მიერ, მიღებული იურიდიული მომსახურების სანაცვლოდ, 300 000 ლარის ანგარიშში გადასცეს ადვოკატს 300 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი ქ. თბილისში, ა-–--------–----–-----------------–- არსებულ მშენებლობაში. დასაზუსტებელ სიაში დი----------------ეს განესაზღვრება 300 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი ქ. თბილისში, ა-–--------–----–----------------ში არსებულ მშენებლობაში და საგამოძიებო ყადაღების მოხსნის შემდეგ დაურეგისტრირდება საჯარო რეესტრში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ხელშეკრულება არ წარმოადგენს მოპასუხე მხარის მიერ ადვოკატისთვის, გაწეული იურიდიული მომსახურებისთვის გადახდილი, ჰონორარის დამადასტურებელ მტკიცებულებას, ამასთან, მოპასუხე მხარეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია, მის მიერ იურიდიული მომსახურებისთვის რეალურად ხარჯის გაწევის დამადასტურებელი ისეთი მტკიცებულებები, როგორიცაა საგადახდო დავალება, კონკრეტული თანხის ადვოკატის ანგარიშზე გადარიცხვის ქვითარი და ა.შ. რაც დაადასტურებდა მხარის მიერ ასეთი ხარჯის რეალურად გაწევას.

 

შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარის შუამდგომლობა, მის მიერ იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის მოსარჩელისთვის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----- ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე გი--------–--ეს (პ/ნ. 6----------) აეკრძალა შპს ,--------------–--------ში'' (ს/კ 4--------) მისი კუთვნილი 46%-იანი წილის გასხვისება; სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე ერ---–---------ეს (პ/ნ. 0----------) აეკრძალა შპს ,--------------–--------ში'' (ს/კ 4--------) მისი კუთვნილი 25%-იანი წილის გასხვისება; სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე შპს ''ს----- ჯ------'' (ს/კ. 4--------) აეკრძალა შპს ,--------------–--------ში'' (ს/კ 4--------) მისი კუთვნილი 29%-იანი წილის გასხვისება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე,257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე გი---–---–-------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----- ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე გი--------–--ეს (პ/ნ. 6----------) აეკრძალა შპს ,--------------–--------ში'' (ს/კ 4--------) მისი კუთვნილი 46%-იანი წილის გასხვისება; სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე ერ---–---------ეს (პ/ნ. 0----------) აეკრძალა შპს ,--------------–--------ში'' (ს/კ 4--------) მისი კუთვნილი 25%-იანი წილის გასხვისება; სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე შპს ''ს----- ჯ------'' (ს/კ. 4--------) აეკრძალა შპს ,--------------–--------ში'' (ს/კ 4--------) მისი კუთვნილი 29%-იანი წილის გასხვისება.

 

3. მოპასუხე მხარის შუამდგომლობა იურიდიული მომსახურების ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე