გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.03.2020
საქმის ნომერი
330210019003213797
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
05.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/24622-19 (330210019003213797)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

05 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მაია კუთხაშვილი

სხდომის მდივანი ლიკა სოხაძე

 

მოსარჩელე - ხ----------------ე

წარმომადგენელი - გ---–--–-----

მოპასუხეები - ე-------------------–---–ი (მონაწილეობის გარეშე)

მ----------ე

წარმომადგენელი - გ--–-----–----ე

მ----------ე

 

დავის საგანი - უფლებამონაცვლედ ცნობა, თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ე-------------------–---–ი (პ/ნ: 1----------) და მ----------ე (პ/ნ: 0----------) ცნობილი იქნენ გარდაცვლილი რ----- მ-------–---–ის უფლებამონაცვლედ, როგორც მისი დები და მეორე რიგის მემკვიდრეები.

1.2. ე-------------------–---–ი (პ/ნ: 1----------) და მ----------ე (პ/ნ: 0----------) ცნობილი იქნენ გარდაცვლილი გ----- მ-------–---–ის უფლებამონაცვლედ, როგორც მისი შვილები და პირველი რიგის მემკვიდრეები.

1.3. ე-------------------–---–სა და მ----------ეს მოსარჩელე ხ----------------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის - 9000 აშშ დოლარის გადახდა.

1.4. ე-------------------–---–სა და მ----------ეს მოსარჩელე ხ----------------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გადახდა ვალდებულების დარღვევიდან (2017 წლის 01 ივლისიდან) 2019 წლის 25 სექტემბრამდე 9 535.50 აშშ დოლარის ოდენობით.

1.5. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს უძრავი ქონებები, მდებარე გ---------ის რაიონი, სოფელი ვ--–--–--ე, საკადასტრო კოდით: 5----------- და გ---------ის რაიონი, სოფელი ვ--–--–--ე „ვენახი სახლთან“, ს/კ: 5-----------

 

მოსარჩელე თავის სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს შემდეგ გარემოებებზე:

 

2014 წლის 30 სექტემბერს რ----- მ-------–---–სა და ხ----------------ეს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც გ----- მ-------–---–მა თავისი შვილის, რ----- მ-------–---–ის მიერ აღებული სესხი (9000 აშშ დოლარი) უზრუნველყო თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებებით, მდებარე გ---------ის რაიონის სოფელ ვ--–--–--ეში, საკადასტრო კოდებით: 5----------- და 5-----------.

 

სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ მსესხებელ რ----- მ-------–---–ს ერთი წლის ვადით გადასცა 9000 აშშ დოლარი. ხელშეკრულება იყო სარგებლიანი - თვეში 3,68%-ის ოდენობით. ხელშეკრულების მე-5 მუხლით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში განისაზღვრა პირგასამტეხლო - გადაუხდელი თანხის 0.13% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მსესხებლის მხრიდან სესხის ძირითადი თანხა (9000 აშშ დოლარი) არ დაბრუნებულა.ხელშეკრულების მოქმედების პერიოდშიც და მის შემდეგაც რ----- მ-------–---–ი ვალდებულების შესრულებას და თანხის იპოთეკარისთვის გადაცემას ახორციელებდა თავისი დების, უფრო ხშირად, ე-------------------–---–ის საშუალებით. 2017 წლის 01 ივლისიდან მოპასუხეებმა ფაქტობრივად შეწყვიტეს თანხის გადახდა. მიუხედვად დაპირებებისა, ვალდებულება დარჩა შეუსრულებელი, შესაბამისად, მოპასუხეებს ძირითად თანხასთან ერთად ეკისრებათ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაც 9 535.50 აშშ დოლარის ოდენობით, რაც დაანგარიშებულია ვალდებულების შეუსრულებლობიდან 2019 წლის 02 ოქტომბრამდე (სარჩელის სასამართლოში შემოტანამდე) 815 დღეზე, ყოველდღიურად 0.13%-ის ოდენობით, რაც 2017 წლის 01 ივლისიდან 2019 წლის 02 ოქტომბრამდე (სარჩელის აღძვრამდე 815 დღე) შეადგენს 9 535.50 აშშ დოლარს.

 

იპოთეკარის მიმართვის საფუძველზე, ნოტარიუსის მიერ 2019 წლის 20 აგვისტოს გაიცა სანოტარო მოქმედებაზე უარის თქმის დადგენილება, რომლითაც იპოთეკარისთვის ცნობილი გახდა მსესხებლის რ----- მ-------–---–ის და უძრავი ქონების მესაკუთრის, გ----- მ-------–---–ის (რ----- მ-------–---–ის მამის) გარდაცვალების ფაქტი.

 

მსესხებელ რ----- მ-------–---–ს ოჯახი არ ჰყოლია, მას ჰყავს დები: ე-------------------–---–ი და მ----------ე, რომლებიც გარდაცვლილის კანონისმიერი მემკვიდრეები არიან, შესაბამისად, ისინი რ----- მ-------–---–ის უფლებამონაცვლეებს წარმოადგენენ.

 

იპოთეკის საგნის მესაკუთრე, გ----- მ-------–---–ი გარდაიცვალა 06.04.2017წ., თუმცა დღეის მდგომარეობით უძრავი ქონებები (იპოთეკის საგანი) კვლავ გარდაცვლილი გ----- მ-------–---–ის სახელზეა რეგისტრირებული.

 

მოსარჩელის განმარტებით, როგორც მისთვისაა ცნობილი, გ----- მ-------–---–ს ყავს ქალიშვილები, რომლებმაც მიმართეს ნოტარიუსს სამკვიდრო ქონებაზე, რაც საფუძველია ე-------------------–---–ისა და მ----------ის გ----- მ-------–---–ის უფლებამონაცვლედ ცნობისა, ვინაიდან ისინი არიან მისი პირველი რიგის მემკვიდრეები.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე მ----------ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სარჩელი არის აბსურდული და იგი არ არის უფლებამონაცვლე არც მამის და არც ძმის. (ს.ფ. 43-50)

 

2.2. მოპასუხე ე-------------------–---–მა (წარმომადგენელი მ----------ე) წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მისთვის უცნობია რეალურად არსებობდა თუ არა სარჩელში მითითებული გარიგება და გაცემული იყო თუ არა სესხი მესაკუთრეზე, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები რაიმე ვალდებულების არსებობასთან დაკავშირებით არის უსაფუძვლო. ამასთან, არსებობს სამკვიდრო ქონების მიღების დადგენილი წესები, თუმცა არსებითი ხასიათისაა ის ფაქტი, რომ მას არ ეკისრება რაიმე ვალდებულება, ამასთან, სარჩელი არის ხანდაზმული, ვინაიდან სესხი უნდა დაბრუნებულიყო 2015 წლის 30 სექტემბერს, ხოლო სარჩელი სასამართლოში შეტანილია 2019 წლის 02 ოქტომბერს, სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ. სასამართლო სხდომაზე მოპასუხეებმა დაადასტურეს ის გარემოება რომ ისინი გ----- (მამის) და რ----- მ-------–---–ის (ძმის) მემკვიდრეები არიან, თუმცა მიუთითეს, რომ მოსარჩელე უსაფუძვლოდ ითხოვს მათთვის თანხის დაკისრებას, ვინაიდან ვალდებულება შესრულებულია ჯერ კიდევ 2015 წლის ბოლომდე (დეკემბერს) ეკატერინე გაბაიძის მიერ დარჩენილი თანხის გადახდით (იხ. შესაგებელი (ს.ფ. 78-84) და 30.01.2020წ. სასამართლო სხდომის ოქმი 15:07:36 სთ).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2014 წლის 30 სექტემბერს ერთის მხრივ ხ----------------ესა და მეორეს მხრივ რ----- მ-------–---–სა და გ----- მ-------–---–ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით:

მსესხებელზე რ----- მ-------–---–ზე გაიცა სესხი 9000 აშშ დოლარის ოდენობით;

სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2015 წლის 30 სექტემბერი;

სარგებელი - ყოველთვიურად 3,68%;

პირგასამტეხლო (ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში) - 0,13% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

იპოთეკის საგანი: გ----- მ-------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები მდებარე გ---------ის რაიონი სოფელი ვ--–--–--ე, ს/კ: 5----------- და ს/კ: 5-----------

 

მტკიცებულება:

 

- 30.09.2014 წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება №141073295 (ს.ფ. 23, 18-21)

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (30.01.2020 წ. სხდომის ოქმი);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 33-35)

 

3.1.2. 2016 წლის 23 ივლისს გარდაიცვალა მსესხებელი რ----- მ-------–---–ი, ხოლო იპოთეკის საგნის მესაკუთრე გ----- მ-------–---–ი (რ----- მ-------–---–ის მამა) გარდაიცვალა 2017 წლის 06 აპრილს.

 

მტკიცებულება:

 

- რ----- მ-------–---–ის გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 27);

- გ----- მ-------–---–ის გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 28);

 

3.1.3. იპოთეკის საგნის მესაკუთრე რ----- მ-------–---–ი არის მსესხებლის, გ----- მ-------–---–ის მამა და პირველი რიგის მემკვიდრე, ხოლო მოპასუხეები ე-------------------–---–ი და მ----------ე არიან დები, გ----- მ-------–---–ის შვილები (პირველი რიგის მემკვიდრეები) და რ----- მ-------–---–ის დები.

 

მტკიცებულება:

 

- მ----------ის განმარტება (10.01.2020წ. და 30.01.2020 წ. სხდომის ოქმები)

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივის მონაცემების მიხედვით, რეესტრში არ არის რეგისტრირებული ჩანაწერი 2016 წლის 25 ივლისს გარდაცვლილი რ----- მ-------–---–ის (პ/ნ: 01012016753) სამკვიდრო ქონების თაობაზე.

 

მტკიცებულება:

 

- საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივის სამსახურის სპეციალისტის პასუხი ხ----------------ის მიმართვაზე (ს.ფ. 25).

 

3.2.2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივის მონაცემების მიხედვით, 2017 წლის 6 აპრილს გარდაცვლილი გ----- მ-------–---–ის (პ/ნ: 13001012941) სამკვიდრო ქონების თაობაზე რეესტრში მოიძებნა შემდეგი ჩანაწერები:

1. 2018 წლის 3 დეკემბერს ნოტარიუს ე. კიციძის მიერ გაცემულია სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ დადგენილება.

2. 2018 წლის 3 დეკემბერს ნოტარიუს ე. კიციძის მიერ გაცემულია სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ დადგენილება.

3. 2018 წლის 3 დეკემბერს ნოტარიუს ე. კიციძის მიერ დამოწმებულია სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება.

4. 2018 წლის 3 დეკემბერს ნოტარიუს ე. კიციძის მიერ დამოწმებულია სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება.

 

მტკიცებულება:

 

- საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივის სამსახურის სპეციალისტის პასუხი ხ----------------ის მიმართვაზე (ს.ფ. 26).

 

3.2.3. ნოტარიუს ნ-----–--------–---–ის 2016 წლის 27 სექტემბრის №161114294 დადგენილებით ხ----------------ეს უარი ეთქვა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე მსესხებლის, რ----- მ-------–---–ის გარდაცვალების გამო.

 

მტკიცებულება:

 

- ნოტარიუს ნ-----–--------–---–ის 2016 წლის 27 სექტემბრის №161114294 დადგენილება (ს.ფ. 22).

აღნიშნული დადგენილების მიხედვით, 2016 წლის 27 სექტემბერს ნოტარიუს ნ-----–--------–---–ს მიმართა ხ----------------ემ, რომელმაც წერილობით მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის გაცემა 2014 წლის 30 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.

ნოტარიუსმა დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ უარი უთხრ ხ----------------ეს სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალე რ----- მ-------–---–ი გარდაცვლილია, მისი მემკვიდრეობა არ მიუღია არცერთ მემკვიდრეს, რაც დადგინდა სანოტარო მოქმედებათა რეგისტრაციის ელექტრონული ბაზიდან.

ვალდებულება სანივთო უზრუნველყოფით არის გამოყენებული და შესრულებას კრედიტორი მიიღებს უზრუნველყოფილი ქონების (ნივთი) რეალიზაციით, მაგრამ რადგან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მხარებს წარმოადგენენ მოვალე და კრედიტორი, ხოლო ვალდებულების კუთხით, სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის ფორმულირება ასეთია “ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმემ მოქმედების შესრულება“, მართალია ქონებით უზრუნველყოფილი მოთხოვნა სანივთო სამართლებრივი ხასიათისაა, მაგრამ მოთხოვნის წარმოშობა და ნივთის რეალიზაციით განხორციელება ვალდებულებითი ბუნებიდან გამომდინარეობს და მითითებული მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისას მის განსახორციელებლად სახეზე უნდა იყოს როგორც კრედიტორი, ასევე მოვალე.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მიხედვით, სააღსრულებო ფურცელი შეიძლება გაიცეს გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირის სასარგებლოდ ან მოვალის უფლებამონაცვლე პირის საწინააღმდეგოდ. უფლებამონაცვლის არარსებობისას მისი დადგენა სავალდებულო ხდება სასამართლო წესით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე და 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარის უფლებამონაცვლის დადგენა სასამართლო საქმისწარმოების შეჩერების ერთერთ საფუძველს წარმოადგენს.

 

3.2.4. ნოტარიუს ნ-----–--------–---–ის 2019 წლის 20 აგვისტოს №190984245 დადგენილებით ცვლილება შევიდა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ 2016 წლის 27 სექტემბრის №161114294 დადგენილებაში, რომლის მიხედვით, 2019 წლის 20 აგვისტოს ნოტარიუსს მიმართა ხ----------------ემ (წარმომადგენელი გ---–--–-----) და მოითხოვა 27.09.2016წ. სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის დადგენილების დუბლიკატის გაცემა. ნოტარიუსმა ნ-----–--------–---–მა საბუთების შესწავლის შემდეგ დაადგინა აღნიშულ დადგენილებაში შეეტანა შემდეგი ცვლილება: 2017 წლის 06 აპრილს გარდაიცვალა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მესაკუთრე - გ----- მ-------–---–ი, ხოლო მისმა მემკვიდრეებმა: მ----------ემ (პ/ნ: 0----------) და ე-------------------–---–მა (პ/ნ: 1----------) 2018 წლის 03 დეკემბერს განცხადებით მიმართეს ნოტარიუს ე. კ-–--ს სამკვიდროს მიღების თაობაზე, მაგრამ დღეის მდგომარეობით სამკვიდრო მოწმობა არ აუღიათ. 2016 წლის 27 სექტემბერს გაცემული №161114294 დადგენილების სხვა პირობები დარჩა უცვლელი.

 

მტკიცებულება:

 

- ნოტარიუს ნ-----–--------–---–ის 2016 წლის 27 სექტემბრის №161114294 დადგენილება (ს.ფ. 23).

 

რაც შეეხება მოწმე ინგა შერმადინის ჩვენებას, ეკატერინე გაბაიძის მიერ 2017 წლის მაისსა და ივლისის თვეში ხ----------------ისათვის პროცენტის სახით 300-300 აშშ დოლარის გადაცემის შესახებ, ვერ გამოდგება მტკიცებულებად, ვინაიდან მოპასუხე მხარემ აღნიშნული ფაქტი უარყო და მიუთითა, რომ აღნიშნული მტკიცებულება მოსარჩელე მხარემ ხანდაზმულობის ვადის გასაბათილებლად წარმოადგინა. აღნიშნულ ჩვენებასთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ მის ჩვენებას საქმისათვის მნიშვნელოვან მტკიცებულებას არ წარმოადგენს, ვინაიდან თანხის გადაცემის ფაქტი არ შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ მოწმის ჩვენებით.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ხ----------------ის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკამყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 92-ე, 128-ე, 129-ე, 144-ე, 286-ე, 301-ე, 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, მე-400, 416-418-ე, 420-ე, 427-ე, 429-ე მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 131-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება.

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართლით განმტკიცებული მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი ხელშეკრულების თავისუფლებაში გამოიხატება. ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს, როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ.

 

ხელშეკრულების შინაარსის თავისუფალი განსაზღვრა გულისხმობს იმასაც, რომ მხარეებს შეუძლიათ დადონ ნებისმიერი ხელშეკრულება, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

6.5. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელესა და მსესხებელს (გარდაცვლილ რ----- მ-------–---–ს) და გ----- მ-------–---–ს (იპოთეკის საგნის მესაკუთრე) შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა 2014 წლის 30 სექტემბერს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი.

 

6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

6.9. განსახილველ შემთხვევაში, უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელესა და რ----- მ-------–---–ს და ასევე იპოთეკის საგნის მესაკუთრეს შორის გაფორმებულია სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის კანონიერება მოპასუხე მხარის მიერ სადავო არ გამხდარა, ასევე სადავო არ გამხდარა ის გარემოება, რომ მსესხებელი, რ----- მ-------–---–ი არის მოპასუხეების ძმა, ხოლო იპოთეკის საგნის მესაკუთრე გ----- მ-------–---–ი მათი მამა, ე.ი. სადავო არ გამხდარა ის გარემოება, რომ გ----- მ-------–---–ი არის რ----- მ-------–---–ის (შვილი) პირველი რიგის მემკვიდრე, ხოლო მ----------ე და ე-------------------–---–ი არიან რ----- მ-------–---–ის მემკვიდრეები (რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად კანონით მემკვიდრეობის ფაქტის დადასტურებულად აღიარებისათვის საკმარის მტკიცებულებას წარმოადგენს), სადავოა უფლებამონაცვლეობის საკითხი, ვალდებულების შესრულების და მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი.

 

6.10. უფლებამონაცვლეობასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად; 1. სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე; 2. უფლებამონაცვლისათვის პროცესში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა.

 

როგორც უკვე აღინიშნა, დადასტურებულია, რომ ვალდებული პირები, როგორც უშუალოდ მსესხებელი, ისე იპოთეკის საგნის მესაკუთრე გარდაცვლილები არიან, შესაბამისად, მათი გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო (სსკ 1319-ე მუხლი), რომლის გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე - მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეებზე) ხორციელდება კანონით (სსკ 1306-ე მუხლი), სამკვიდრო ქონება კი, შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის (სსკ 1328-ე მუხლი).

 

ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეების უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ საფუძვლიანია.

 

6.11. ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება). ამავე კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

6.12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპზე დაყრდნობით უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

6.13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ე.ი. მხარეს ეკისრება, როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

ამდენად, მტკიცების ტვირთის სწორად გადანაწილების პრინციპის გათვალისწინებით, მტკიცებულება კრედიტორისათვის ვალდებულების შესრულების შესახებ უნდა წარმოედგინა მოპასუხე მხარეს, თუმცა მოპასუხე მხარემ უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენა ვერ შეძლო, მხოლოდ მისი ახსნა-განმარტება კი ვერ გამოდგება ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად, შესაბამისად, მოპასუხეთა მხრიდან კრედიტორის მიმართ არსებული ვალდებულება შეუსრულებლია, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს.

 

6.14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.

 

6.15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით კი, 1. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. 2. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას, ხოლო 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

როგორც უკვე აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დადგინდა მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტი, ასევე დადგინდა ის გარემოება, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილშიც საფუძვლიანია, თუმცა პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების გარკვეულწილად კომპენსირება და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, რის გამოც არსებობს მისი შემცირების საფუძველი და უნდა შემცირდეს 0,02%-მდე.

 

6.16. რაც შეეხება იპოთეკის საგანს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

დადგენილია, რომ სესხი უზრუნველყოფილია და იპოთეკით, კერძოდ იპოთეკითაა დატვირთული უძრავი ქონებები მდებარე გ---------ის რაიონის სოფელ ვ--–--–--ეში მდებარე, რომელთა საკადასტრო კოდების: 5----------- და 5-----------. დადგენილია, რომ ვალდებული პირის მიერ დაირღვა ვალდებულება, რომლის უზრუნველყოფის მატერიალურ საშუალებას წარმოადგენს იპოთეკა, რაც შესაბამისად კრედიტორს ანიჭებს უფლებამოსილებას მოთხოვნა დაიკმაყოფილოს იპოთეკის უფლებით დატვირთული უძრავი ქონებების იძულებით რეალიზაციის გზით. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებული დავალიანების გადახდევინების მიზნით სარეალიზაციოდ უნდა მიექცეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებები. შესაბამისად, ხ----------------ის სასარჩელო მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის ნაწილში საფუძვლიანია.

 

6.17. რაც შეეხება მოპასუხის პოზიციას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, რაც დაასაბუთა იმ გარემოებით, რომ მოსარჩელესა და მის ძმასა და მამას შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა 2014 წლის 30 სექტემბერს ერთი წლის ვადით, 2015 წლის 30 სექტემბრამდე, ე.ი. მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2015 წლის 30 სექტემბრიდან, სასამართლოს კი სარჩელით მიმართა 2019 წლის 02 ოქტომბერს, ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის დარღვევით, აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მსჯელობას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე და მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა, რაც არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს (ან სხვა ორგანოს) მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის გაშვება უფლებამოსილ პირს ართმევს თავისუფლების იძულებითი დაცვის შესაძლებლობას.

 

6.18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. ამდენად, სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმებამდე, შესაბამისი წინაპირობის არსებობისას (რაშიც იგულისხმება ის, რომ ამ გარემოებაზე უნდა უთითებდეს მოპასუხე), სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებული ფაქტები.

 

6.19. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობს მოდავე მხარეთა შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან, კერძოდ, დავა კრედიტორის უფლებას მსესხებელს მოსთხოვოს მისთვის სესხის სახით გადაცემული თანხის დაბრუნება. სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადას არეგულირებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. რაც შეეხება ხანდაზმულობის ვადის დასაწყისს, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, (ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ) ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, თუმცა, ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი, ზოგიერთ შემთხვევაში უშუალოდ კანონითაა განსაზღვრული. თუ კანონში ასეთი პირდაპირი მითითება არ არის, მოთხოვნის უფლება წარმოიშობა იმ დღიდან, როცა პირმა შეიტყო, ან უნდა შეეტყო დარღვეული უფლების შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა 2014 წლის 30 სექტემბრამდე და მისი მოქმედების ვადა იყო 2015 წლის 30 სექტემბრამდე, შესაბამისად, კრედიტორს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2015 წლის 30 სექტემბრიდან.

 

აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით, სასამართლო კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს იმ გარემოებას, რომ საქმე სასამართლოში განიხილება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით და გარდა იმისა, რომ მოპასუხე უნდა უთითებდეს მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, უნდა ასაბუთებდეს კიდეც ამ გარემოებას სათანადო მტკიცებულებებით, სასამართლომ კი უნდა შეამოწმოს მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებული ფაქტები.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ მითითებული გარემოების საწინააღმდეგოდ მოსარჩელეს საქმეში წარმოდგენილი აქვს ნოტარიუს ნ-----–--------–---–ის მიერ 2016 წლის 27 სექტემბრით დათარიღებული დადგენილება სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ, რომლითაც დადგენილია, რომ კრედიტორმა ხ----------------ემ ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის ამოწერის მოთხოვნით მიმართა 2016 წლის 26 სექტემბერს, რითაც მან გამოხატა ნება მის მიმართ არსებული ვალდებულების შესრულების მოთხოვნით.

 

მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს: „ხანდაზმულობის ვადაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე (სსკ-ის 144.1-ე მუხლი). სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე (შეადრ: სუსგ-ები №ას-1937-2018, 15 მარტი, 2019 წელი, პ-16; №ას-1343-1263-2017, 20 დეკემბერი, 2017 წელი; №ას-934-899-2016, 14.02.17წ.; №ას-68-68-2018, 03.04.2018წ.; №ას-382-2019, 14 მაისი, 2019 წელი და ა.შ.). საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით, ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულიზაციას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007, გვ.63; შდრ. სუსგ 11.06.2012 საქმე №ას-547-515-2012). საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, მაგრამ არა სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის უფლება. ხანდაზმულობის ვადა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური და არა პროცესუალური თვალსაზრისით. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან ანუ იმ მომენტთან, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების საფუძველია უფლების დარღვევა, რომელიც შესაძლოა კანონიდან გამომდინარეობდეს ან ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვას. ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინება სასამართლოს მიერ ხორციელდება არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მხოლოდ საქმის განხილვაში მონაწილე მხარეების (მხარის) მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევაში. მაგალითად, მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლების შემოწმება მიმდინარეობს მოპასუხის შედავების შემოწმების ეტაპზე. ამ ტიპის შედავების წარდგენის დროს მოპასუხე შესაძლოა ეთანხმებოდეს სარჩელში გაჟღერებულ მხარეთა შორის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობას (სადავოდ არ ხდიდეს სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს), ასევე ეთანხმებოდეს ვალდებულების არსებობას და აღიარებდეს მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას, თუმცა, უარს აცხადებდეს მის შესრულებაზე, რადგან მოთხოვნა ხანდაზმულად მიაჩნდეს (სსკ-ის 144-ე მუხლი) (ციტ: დამატებით: ჰ.ბოელინგი, ლ. ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 170; მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში მოკლე შესავალი რელაციის მეთოდში სამოქალაქო კოდექსის მიხედვით შემუშავებული პრაქტიკული მაგალითებით შტეფან შმიტი, ჰარალდ რიჰტერი, 2013, 20). სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. „მხარეთა სასარჩელო შესაძლებლობები

ხშირად არის ვადით შეზღუდული. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება №1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ო. ს-ი და ი. ხ-ი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები ასევე მიიჩნევა საქმის სწორად გადაწყვეტის ერთ–ერთ ეფექტურ გარანტიად. კერძოდ: გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, შესაბამისად, მტკიცებულებათა უტყუარობა, მათი ვარგისიანობის, ნამდვილობის უტყუარად დადგენის შესაძლებლობა უმნიშვნელოვანესია სწორი და ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად. სამართალწარმოებაში შეცდომის თავიდან აცილება უპირველესი მიზანია. ამასთან, ხანგრძლივი დროის გასვლამ შეიძლება გამოიწვიოს მტკიცებულებების შეცვლა ან მათი მოპოვების უკიდურესად გართულება, ზოგჯერ კი – განადგურება, რაც, საბოლოო ჯამში, გაართულებს სადავოდ გამხდარი მტკიცებულებების საიმედოობის დადგენას. როდესაც ხანგრძლივი დროა გასული იმ მოვლენიდან, რომელმაც სადავო გარემოებები წარმოშვა, მაღალია ალბათობა, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ადრე არსებობდა, შეიძლება დაკარგული ან სახეშეცვლილი იყოს, ასევე გაფერმკრთალდება მოწმეთა მეხსიერება, რომელთა ჩვენებებს სასამართლო დავის გადაწყვეტისას უნდა დაეყრდნოს, გაიზრდება სავარაუდო, არასანდო მტკიცებულებათა რიცხვი. შედეგად, მეტი ალბათობით შეიქმნება ნიადაგი საქმის ფაქტობრივი გარემოებების არაობიექტური შეფასებისათვის. ხანდაზმულობის ვადა წარმოადგენს მცდელობას, დაიცვას მხარეები ასეთი საფრთხეებისაგან. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგადად, ვადებს დიდი მნიშვნელობა აქვს სამართლებრივ ურთიერთობებში წესრიგის შეტანისთვის. დროის ფაქტორი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს პირთა შორის ურთიერთობების სამართლებრივ მოწესრიგებაში. გარკვეული დროის დადგომას ან ვადის გასვლას უკავშირდება კონკრეტული იურიდიული შედეგები -სამართლებრივი ურთიერთობების (შესაბამისად პირთა უფლებებისა ან/და მოვალეობების) წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა. მართლმსაჯულების უმნიშვნელოვანესი მიზანია ადამიანის უფლებების დაცვა, რაც შესაძლებელია საქმეზე მხოლოდ სწორი და ობიექტური გადაწყვეტილების მიღების გზით. მართლმსაჯულების შედეგი სამართლიანობის მიღწევა, აღდგენა, უზრუნველყოფა უნდა იყოს. „ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია განცდა, რომ მათ სამართლიანად ეპყრობიან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება №1/3/534 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტ. მ-ი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 3.). ზემოთ ჩამოთვლილი კანონიერი მიზნების არსებობას იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც. 1996 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე სტაბინგი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, სასამართლო განმარტავს: „... ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისგან, რომლებისგან თავის დაცვაც შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც შესაძლოა, დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს“ (იხ. სუს. გადაწყვეტილება საქმე №ას-1191-2019; 4 დეკემბერი, 2019 წელი).

ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის (კრედიტორის), ხ----------------ის მიერ ნოტარიუსისათვის 2016 წლის 27 სექტემბერს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით მიმართვით ხანდაზმულობის სამწლიან ვადაშია გამოხატულია ნება, სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე ნოტარიუსის უარი მისგან დამოუკიდებელი მიზეზების შედეგია, შესაბამისად, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადას ათვლა 2015 წლის 30 სექტემბრიდან საფუძველსაა მოკლებული. შესაბამისად, ხ----------------ის მიერ სარჩელი აღძრულია 2019 წლის 02 ოქტომბერს საქართველოს სსკ-ის 129.1 მუხლით გათვალისწინებულ ხანდაზმულობის 3-წლიან ვადაში.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 1655 ლარი, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1655 ლარიდან უნდა დაუბრუნდეს 100 ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი, ხოლო დანარჩენი 1555 ლარიდან, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, 878 ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება:

 

მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე ხ----------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

1.1. ეკეტერინე მ-------–---–ი (პ/ნ: 1----------) და მ----------ე (პ/ნ: 0----------) ცნობილი იქნენ 2017 წლის 06 აპრილს გარდაცვლილი გ----- მ-------–---–ის (დაბადების თარიღი 07.01.1939წ, პირადი #13001012941) და 2016 წლის 23 ივლისს გარდაცვლილი რ----- მ-------–---–ის (დაბადების თარიღი - 06.06.1972წ. პ/ნ: 01012016753) უფლებამონაცვლეებად და დაევალოთ ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე გ---------ის რაიონის სოფელ ვ--–--–--ეში, მიწის დაზუსტებული ფართობი - 900 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1 შენობის საერთო ფართი - 201.30 კვ.მ. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდით 5----------- და უძრავი ქონების, მდებარე გ---------ის რაიონის სოფელ ვ--–--–--ეში, მიწის დაზუსტებული ფართობი - 1401 კვ.მ. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 5----------- საკუთარ სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.

1.2. მოპასუხეებს ე-------------------–---–ს და მ----------ეს მოსარჩელე ხ----------------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 10 467 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 9000 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 1467 აშშ დოლარი;

2. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე: გ---------ის რაიონის სოფელ ვ--–--–--ეში, მიწის დაზუსტებული ფართობი - 900 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1 შენობის საერთო ფართი - 201.30 კვ.მ. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდით 5----------- და ასევე უძრავი ქონება, მდებარე გ---------ის რაიონის სოფელ ვ--–--–--ეში, მიწის დაზუსტებული ფართობი - 1401 კვ.მ. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 5-----------.

3. მოსარჩელე ხ----------------ეს (პ/ნ: 57001033698) დაუბრუნდეს გუგ---–--–-----ს მიერ 29/08/2019 წელს შემდეგ რეკვიზიტებზე: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი: 300773150, ბანკის კოდი TRESGE22 (საგადასახადო დავალება №0) ხ----------------ის საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი.

 

4. მოპასუხეებს ე-------------------–---–ს და მ----------ეს მოსარჩელე ხ----------------ის სასარგებლოდ, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით, დაეკისროთ 878 ლარის გადახდა.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

 

მოსამართლე მაია კუთხაშვილი