გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N010210016001579044
N2-3492/16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
4 მარტი, 2020 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე როინ კახიძე
სხდომის მდივანი თენგიზ ბოლქვაძე
მოსარჩელე - სს „თ----- ბ----“
წარმომადგენელი- ნ-------- ზ-------, გ---–- ტ-----–---–-
მოპასუხეები - მ------ ლ---------, თ-------- კ---–--–---
წარმომადგენელი-დ-----– ხ-------
დავის საგანი - საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
2016 წლის 1 ნოემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მომართა სს ,,თ----- ბ-----’’ წარმომადგენელმა შპს. ,,ტ------’’ იურისტმა ნ---- ს--------–----, მოპასუხე მ------ ლ----------- (პ/ნ 6----------) და თ-------- კ---–--–---- (6----------) მიმართ, საკრედიტო დავალიანების დაკისრების მოთხოვნით, რაც სასამართლომ მიიღო განსახილველად.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2013 წლის 27 თებერვალს დაიდო საკრედიტო პროდუქტით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე 2013 წლის 13 დეკემბერს გაფორმდა საბანკო კრედიტი #1988297-2475065. მსესხებელ მ------ ლ------------ გაიცა კრედიტი 19500 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 19 %-ით, კრედიტი ვადა 1463 დღე, 2017 წლის 15 დეკემბრამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 15 რიცხვში ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ GPIH-ში;
ზემოაღნიშული საბანკო საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად სს „თ----- ბ----ა“ და თ-------- კ---–--–---ს შორის 2013 წლის 27 თებერვალს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდებმა თ-------- კ---–--–---მ ძირითად მსესხებელ მ------ ლ----------თან ერთად იკისრა ვალდებულება, სოლიდარულად შეესრულებინა საბანკო კრედიტის #1988297-2475065 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 50000 ლარით ან მისი ექვივალენტით ნებისმიერ ვალუტაში.
მოპასუხეთა მიერ დაირღვა საბანკო კრედიტის #1988297-2475065 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები 2015 წლის 15 აპრილს. ასევე, მოპასუხეებმა ზედიზედ, სულ ცოტა, ორჯერ გადააცილეს კრედიტის დაბრუნების ვადას და არ ასრულებენ თანხის გადახდის ვალდებულებას, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მსესხებლებისათვის არსებული დავალიანების დაკისრება .
2016 წლის 11 ოქტომბრის მდგომარეობით მ------ ლ---------- და თ-------- კ---–--–---ს საბანკო კრედიტის #1988297-2475065 ხელშეკრულებისა და 2013 წლის 27 თებერვლის თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებათ დავალიანება 34901.35 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 14900.74 ლარი, პროცენტი 4467.37, დაზღვევა - 169.23 ლარი, ჯარიმა - 15364.01 ლარი, რომელსაც მოსარჩელე ამცირებს 5000 ლარამდე. .
გარდა ამისა, სს „თ----- ბ----ა“ და მ------ ლ---------- შორის 2013 წლის 17 დეკემბერს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება. მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი 7500 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. 2014 წლის 26 მარტს მოხდა საკრედიტო ლიმიტის ავტომატური გაზრდა და საბოლოო ჯამში ათვისებული და დაბრუნებული თანხების ნაშთმა შეადგინა 7800 ლარი. წლიური საპროცენტო სარგებლის განაკვეთი საკრედიტო ლიმიტით სარგებლობისათვის განისაზღვრა 20%-ით. საკრედიტო ლიმიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი კალენდარული თვის 27 რიცხვში, ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 10%-ს დამატებული საკრედიტო ლიმიტის ათვისების დღიდან შესაბამისი კალენდარული თვის ბოლო რიცხვამდე დარიცხული სარგებელი და პირგასამტეხლო (ასეთის არსებობის შემთხვევაში.) ხელშეკრულებით ასევე გათვალიწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მ------ ლ--------- პერიოდულად არღვევდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და 2015 წლის 14 აპრილის შემდეგ კი აღარ მომხდარა თანხის გადახდა და მოპასუხე არ ასრულებს თანხის გადახდის ვალდებულებას, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს.
2016 წლის 11 ოქტომბრის მდგომარეობით მ------ ლ---------- 2013 წლის 17 დეკემბრის საკრედიტო ბრათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 29282.83 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 7779.53 ლარი, პროცენტი 2424.41 ლარი, ჯარიმა - 19078.89 ლარი, რომელსაც მოსარჩელე ამცირებს 3000 ლარამდე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეებს მ------ ლ----------ა და თ-------- კ---–--–---ს მოსარჩელე სს ,,თ-----'' ბ-----" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ;
ა) საკრედიტო ხელშეკრულებისა და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ანაზღაურება 24 537,34 ლარის ოდენობით. საიდანაც ძირი თანხაა - 14900.74 ლარი, პროცენტი - 4467.37 ლარი, ჯარიმა - 5000 ლარი და დაზღვევა - 169.23 ლარი;
ბ) საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 14 900,74 ლარზე, 11.10.2016 წლიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველთვიურად სარგებლის ანაზღურება 19%-ის ოდენობით, რაც შეადგენს თვეში - 235,92 ლარს.
გ) მოპასუხე მ------ ლ---------- დაეისროს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 13 203,94 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 7779.53 ლარი, პროცენტი - 2424.41 ლარი და ჯარიმა - 3000 ლარი;
დ) საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 7 779,53 ლარზე, 11.10.2016 წლიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 20% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 129,65 ლარს.
ე) მოპასუხეების მ------ ლლ----------ა და თ-------- კ---–--–---ს დაეკისროთ სოლიდარულად სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1527,05 ლარისა და საადვოკატო მომსახურების ხარჯის ანაზღაურება, დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით, არაუმეტეს 500 ლარის გადახდა.
2. მოპასუხების პოზიცია
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და შესაგებლებში მიუთითეს, რომ მხარეთა შორის ნამდვილად გაფორმდა სესხის, და სადაზღვევო ხელშეკრულება, ასევე თავდებობის ხელშეკრულება, თუმცა იგი გაფორმებულია მსესხებლის და თავდებისთვის კაბალური პირობებით, კერძოდ უკანონოა სესხის პროცენტის ოდენობა წლიური 19 %, რეალურად პროცენტი არის გაცილებით მაღალი, ასევე პირგასამტეხლო ყოველვადაგადაცილებულ დღეზე 0,5% არის აშკარად შეუსაბამოდ მაღალი.
მხარეებს შორის 2013 წლის 17 დეკემბერს ნამდვილად გაფორმდა საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება. თუმცა იგი გაფორმებულია მსესხებლისათვის კაბალური პირობებით, კერძოდ უკანონოა სესხის პროცენტის ოდენობა წლიური 20 %, რეალურად პროცენტი არის გაცილებით მაღალი, ასევე პირგასამტეხლო ყოველვადაგადაცილებულ დღეზე 0,5% არის აშკარად შეუსაბამოდ მაღალი.
მოპასუხეები არ ეთანხმებიან სასარჩელო მოთხოვნას და მიაჩნიათ, რომ არანაირი დავალიანება არ გააჩნიათ, სარჩელი მთლიანობაში დაუსაბუთებელია და წარმოდგენილი დოკუმენტაცია ვერ ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნას. ასევე, გაურკვეველია როგორ არის გამოთვლილი სასარჩელო თანხები.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2013 წლის 27 თებერვალს სს „თ----- ბ----ა“ და მ------ ლ---------- შორის გაფორმდა №0010.1988297.001 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება.
ხელშეკრულების 1.2. მუხლის თანახმად, ამ ხელშეკრულების საფუძველზე, ბ---- კლიენტს მოემსახურება შემდეგი საკრედიტო პროდუქტებით: საბანკო კრედიტით, საკრედიტო ხაზით, ოვერდრაფტით, საკრედიტო ლიმიტით, საბანკო გარანტიით, აკრედიტივით, ფაქტორინგით და სხვა საბანკო პროდუქტებით. 5.1. თითოეული საკრედიტო პროდუქტით სარგებლობისთვის ბანკი კლიენტს უწესებს სარგებლის წლიურ განაკვეთს, რაც არის ამ საკრედიტო პროდუქტით სარგებლობის საფასური. 5.2 მუხლით კლიენტი ვალდებულია ბანკს გადაუხადოს საპროცენტო სარგებელი ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული დამატებითი ხელშეკრულებ(ებ)ით განსაზღვრული ოდენობითა და პირობებით. 5.3 მუხლით საპროცენტი სარგებელი ერიცხება კლიენტის ფაქტობრივ დავალიანებას ბანკის მიმართ და იანგარიშება პროდუქტით ფაქტობრივად სარგებლობის დღეების შესაბამისად 365 დღეზე გაანგარიშებით. 5.4. მუხლით ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული დამატებითი ხელშეკრულების პირობებით შეიძლება დადგინდეს როგორც ფიქსირებული, ისე ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. 12.6.3 მუხლით კი ბანკი უფლებამოსილია შეწყვიტოს კლიენტთან არსებული საკრედიტო ურთიერთობა ან/და ნებისმიერი, რამდენიმე ან ყველა დამატებითი ხელშეკრულების მოქმედება ან/და მოსთხოვოს კლიენტს კრედიტის ძირითადი თანხის დაბრუნება მისთვის დარიცხულ საპროცენტო სარგებელთან და პირგასამტეხლოსთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
-საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება №0010.1988297.001;
3.1.2. 2013 წლის 27 თებერვალს საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ №0010.1988297.001 ხელშეკრულების საფუძველზე სს „თ----- ბ----ა“ და მ------ ლ---------- შორის 2013 წლის 13 დეკემბერს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №1988297-2475065, მსესხებელ მ------ ლ------------ გაიცა კრედიტი 19500 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 19 %-ით, კრედიტი ვადა 1463 დღე, 2017 წლის 15 დეკემბრამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 15 რიცხვში ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.
ხელშეკრულების თანახმად, პირგასამტეხლო განისაზღვრა 0.5%-ით, ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის - 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისათვის, საკომისიო კრედიტის გაცემისათვის - 400 ლარით.
ხელშეკრულება არ შეიცავს მხარეთა შეთანხმებას ხელშეკრულების შეწყვეტიდან, ვალდებულების სრულ შესრულებამდე, პირგასამტეხლოს დარიცხვის თაობაზე.
ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ GPIH-ში;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
-საბანკო კრედიტის ხელშეკრულების №1988297-2475065
-საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №1988297-2475065;
-დანართი N1/პოლისი №1988297-2475065;
-დაფარვის გრაფიკი;
3.1.3. 2013 წლის 27 თებერვალს სს „თ----- ბ----ა“ და თ-------- კ---–--–---ს (შემდეგში „თავდები“) შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება №123123162739 რომლის შესაბამისად თ-------- კ---–--–---მ ბანკის წინაშე აიღო სოლიდარული პასუხისმგებლობა, მ------ ლ---------- და სს „თ----- ბ----“ შორის გაფორმებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების №0010.1988297.001 და საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების, შემდეგში „ძირითადი ხელშეკრულებების“, რომელიმე ან/და რამდენიმე ძირითადი ხელშეკრულებების ფარგლებში გაფორმებული დამატებითი ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულებაზე.
თავდებობის ხელშეკრულების 1.4.1 მუხლით, თავდებობით უზრუნველყოფილია ძირითადი ხელშეკრულებების, რომელიმე ან/და რამდენიმე მათგანის ფარგლებში გაფორმებული ნებისმიერი დოკუმენტის (მათ შორის დამატებითი ხელშეკრულებების) და ამ თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებები; ამავე ხელშეკრულების 1.4.3. მუხლით უზრუნველყოფილია ნებისმიერი ვალდებულება, რომელიც დაკავშირებული იქნება კლიენტის მიერ ფაქტობრივად მიღებულ ან/და გამოყენებულ ნებისმიერ საკრედიტო პროდუქტთან, თანხასთან ან/და სარგებელთან ან კლიენტის ან/და თავდების ნებისმიერ მოვალეობასთან, იმ შემთხვევაშიც თუ შეწყდება ძირითადი ხელშეკრულებების, მოქმედება ნებისმიერი ფორმით/გზით.
თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 50000 ლარით ან მისი ექვივალენტით ნებისმიერ ვალუტაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- თავდებობის ხელშეკრულება №123123162739;
3.1.4. დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ დაირღვა საბანკო კრედიტის №1988297-2475065 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები 2015 წლის 15 აპრილს. ასევე, დადგენილია, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება მსესხებლის მიერ დაირღვა მინიმუმ ორჯერ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
-მხარეთა განმარტებები;
-ამონაწერები გადახდებიდან;
3.1.5. დადგენილია, რომ მსესხებლის მ------ ლ---------ს მიერ საბანკო კრედიტის №1988297-2475065 ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გადახდილია 9403.17 ლარი (ძირი თანხა - 4599.26 ლარი, პროცენტი - 4178.81 ლარი და ჯარიმა -625.10 ლარი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
-მხარეთა განმარტებები;
-ამონაწერები გადახდებიდან;
3.1.6. სს „თ----- ბ----ა“ და მ------ ლ---------- შორის 2013 წლის 17 დეკემბერს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება №1988297-2479359. მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი 7500 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 20 %-ით, კრედიტი ვადა 12756 დღე, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 27 რიცხვში, ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 10%-ს დამატებული საკრედიტო ლიმიტის ათვისების დღიდან შესაბამისი კალენდარული თვის ბოლო რიცხვამდე დარიცხული სარგებელი და პირგასამტეხლო (ასეთის არსებობის შემთხვევაში.)
ხელშეკრულების თანახმად, პირგასამტეხლო განისაზღვრა 0.5%-ით, ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის - 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისათვის.
ხელშეკრულება არ შეიცავს მხარეთა შეთანხმებას ხელშეკრულების შეწყვეტიდან, ვალდებულების სრულ შესრულებამდე, პირგასამტეხლოს დარიცხვის თაობაზე.
2014 წლის 26 მარტს მოხდა საკრედიტო ლიმიტის ავტომატური გაზრდა და საბოლოო ჯამში ათვისებული და დაბრუნებული თანხების ნაშთმა შეადგინა 7800 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
-საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება №1988297-2479359;
-ამონაწერები;
-მხარეთა განმარტებები;
3.1.7. დადგენილია, რომ მ------ ლ--------- პერიოდულად არღვევდა საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ №1988297-2479359 ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და 2015 წლის 14 აპრილის შემდეგ კი აღარ მომხდარა თანხის გადახდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
-საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება №1988297-2479359;
-ამონაწერები;
-მხარეთა განმარტებები;
3.1.8. დადგენილია, რომ მსესხებლის მ------ ლომსაძის მიერ საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ №1988297-2479359 ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გადახდილია 31 893.04 ლარი (ძირი თანხა - 29 621.34 ლარი, პროცენტი - 2 016.98 ლარი და ჯარიმა -254.72 ლარი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
-მხარეთა განმარტებები;
-ამონაწერები გადახდებიდან;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილით მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.
აღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში დადგენილი ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაადასტუროს ის ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც ამყარებს საკუთარ პოზიციას. ეს ნიშნავს მხარის ვალდებულებას წარმოადგინოს იმ ფაქტებისა და გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებზედაც ამყარებს თავის შესაგებელს. მხარეებს (პროცესის მონაწილე სხვა სუბიექტებს: მესამე პირებს, განმცხადებლებს) აწევთ დასადგენი ფაქტების (პრეზუმფციებისა და სადავო ფაქტების) დამტკიცების ვალდებულება, ანუ მტკიცების ტვირთი (მ. ახალაძე "მტკიცების ტვირთი" 2018წ. გვ. 9), რისი რეალიზაციის უფლება მათ აქვთ სარჩელში, შესაგებელში, საქმის მოსამზადებელ სხდომაზე და რიგ შემთხვევებში საქმის განხილვის სხვა ეტაპზე, თუ ამ ფაქტებისა და მტკიცებულებების მიუთითებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული. ამ პროცესუალური შესაძლებლობის გამოყენება, სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციური ბუნების გათვალისწინებით, მთლიანად მხარის ნებაზეა დამოკიდებული. გამონაკლის წარმოადგენს, ზოგიერთი სპეციფიკის სამოქალაქო დავა (მაგ. საოჯახო), სადაც სასამართლოს დისკრეცია მოიცავს შესაძლებლობას, თავად დაადგინოს გამოსაკვლევ გარემოებათა წრე და მოითხოვოს შესაბამისი მტკიცებულებები. მართალია, მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპის საფუძველზე ფაქტებისა და შესაბამისი მტკიცებულებების მითითების შესაძლებლობის რეალიზაცია მხარის უფლებაა, თუმცა ამ უფლების რეალიზაციაზე უარის თქმა იწვევს ამ მხარისათვის არასახარბიელო მატერიალურ-სამართლებრივ სამართლებრივ შედეგს, მხარის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღებას.
მხარეების მიერ წარმოდგენილი ფაქტებისა და გარემოებების გაანალიზებისას სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს რომელი ფაქტი ან გარემოება შედის მტკიცების საგანში, რათა სადავო საკითხის სამართლებრივი შეფასება გააკეთოს მხოლოდ იმ ფაქტებისა და გარემოებების ირგვლივ, რომელთა დამტკიცება კონკრეტული საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია.
3.2.2. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეები სადავოდ ხდის ძირითად თანხაზე დარიცხული პროცენტისა და პირგასამტეხლოს ოდენობას, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ კრედიტორის მხრიდან არასწორადაა დარიცხული პროცენტი/სარგებელი, ასევე არასწორადაა დაანგარიშებული პროცენტი/სარგებელი. სხვა რაიმე გარემოებაზე ან მტკიცებულებაზე, რომელიც გააქარწყლებდა სასარჩელო მოთხოვნას ძირითად თანხაზე დარიცხული პროცენტის გადახდის ნაწილში, მოპასუხე მხარეს არ მიუთითებია.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია ამონაწერები გადახდებიდან, საიდანაც არ დგინდება თუ კონკრეტულად როგორ მოხდა გაანგარიშებები, როგორ განხორციელდა პროცენტის დათვლა და დარიცხვა.
3.2.3. მოპასუხეებმა სადავო გახადეს დავალიანების ძირითად თანხაზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა. უდავოდ დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო შეადგენდა 0.5%-ს, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. მოპასუხეები მიიჩნევენ, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო, ერთ შემთხვევაში 5000 ლარი და მეორე შემთხვევაში 3000 ლარი არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება გონივრულ ოდენობამდე.
პირგასამტეხლოს ოდენობას, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო შეაფასებს სამართლებრივად, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
-ცნობა დავალიანების შესახებ;
3.2.4. მოსარჩელე ითხოვს მ------ ლ---------- და თ-------- კ---–--–---ს მიუღებელი შემოსავლის სახით, სოლიდარულად დაეკისროთ სს ,,თ----- ბ-----’’ სასარგებლოდ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 14900.74 ლარზე, ვალდებულების სრულ შესრულებამდე სარგებლის გადახდა წლიური 19 %-ის ოდენობით, რაც ყოველთვიურად შეადგენს 235.92 ლარს, ასევე მოპასუხე მ------ ლ---------- მოსარჩელე სს ,,თ----- ბ-----’’ სასარგებლოდ დაეკისროს საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 7779.53 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე სარგებლის გადახდა წლიური 20%-ის ოდენობით, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 129.65 ლარს.
ასევე ითხოვს მ------ ლ---------- და თ-------- კ---–--–---ს მიუღებელი შემოსავლის სახით, სოლიდარულად დაეკისროთ სს ,,თ----- ბ-----’’ სასარგებლოდ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 14900.74 ლარზე, დარიცხული სარგებელი/პროცენტი 4467.37 ლარის ოდენობით, ასევე მ------ ლ---------- მიუღებელი შემოსავლის სახით, სოლიდარულად დაეკისროთ სს ,,თ----- ბ-----’’ სასარგებლოდ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 7779.53 ლარზე დარიცხული სარგებელი/პროცენტი 2424.41 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის განმარტებით, მიუღებელი შემოსავლის სახით, ზიანის მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველია სესხის ძირითად თანხაზე დარიცხული სარგებელი, რომელიც ხელშეკრულების შეწყვეტის გამო ვერ მიიღო ბანკმა.
სესხის ხელშეკრულების მიხედვით, ერთ შემთხვევაში სესხის ძირითად თანხაზე დარიცხული სარგებელი შეადგენს 7779.53 ლარს, ხოლო მეორე შემთხვევაში 2424.41 ლარს. აღნიშნული თანხა, უნდა მიეღო ბანკს ხელშეკრულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.
მოპასუხეები არ ეთანხმებიან სარჩელს ზიანის მოთხოვნის ნაწილში. წარმომადგენლის მიერ, ახსნა-განმარტებაში დაფიქსირებული პოზიციის თანახმად, მოთხოვნილი ზიანი დაუსაბუთებელია, როგორც ფაქტობრივად, ისე სამართლებრივად.
მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს, სასამართლო შეაფასებს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
-სესხის გადახდის გრაფიკი;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
4.1. მოსარჩელის მოთხოვნა სესხის ძირითადი თანხის დავალიანების დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
4.2. ამასთან, ვინაიდან მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც მსესხებელს, სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის ვადის გადაცილებისას, ეკისრებოდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, მოსარჩელის მოთხოვნა მსესხებლისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია. თუმცა, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება, რის გამოც სარჩელი პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
4.3. სასამართლო არ ეთანხმება მოსარჩელის მოსაზრებას ვალდებულების სრულ შესრულებამდე, მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის მოთხოვნის შესახებ. ამასთან, ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას, ვალდებულების სრულ შესრულებამდე სარგებლის დარიცხვის ნაწილში.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
-საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საბანკო კრედიტი არის სესხი, რომელსაც გასცემს კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება − საკრედიტო კავშირი, ამასთან, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, საბანკო კრედიტი ყოველთვის სარგებლიანია.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2013 წლის 27 თებერვალს საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ №0010.1988297.001 ხელშეკრულების საფუძველზე სს „თ----- ბ----ა“ და მ------ ლ---------- შორის 2013 წლის 13 დეკემბერს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №1988297-2475065, მსესხებელ მ------ ლ------------ გაიცა კრედიტი 19500 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 19 %-ით, კრედიტი ვადა 1463 დღე, 2017 წლის 15 დეკემბრამდე, ასევე დადგენილია, რომ სს „თ----- ბ----ა“ და მ------ ლ---------- შორის 2013 წლის 17 დეკემბერს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება №1988297-2479359. მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი 7500 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 20 %-ით, 2014 წლის 26 მარტს მოხდა საკრედიტო ლიმიტის ავტომატური გაზრდა და საბოლოო ჯამში ათვისებულ თანხამ შეადგინა 37 400.87 ლარი.
სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დაირღვა და გადახდა არ მომხდარა. დადგენილია, რომ სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობების (გრაფიკის მინიმუმ ორჯერ დარღვევა, დამატებითი ვადის განსაზღვრა) გამო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №1988297-2475065 შეწყდა 2015 წლის 15 აპრილს, ხოლო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ №1988297-2479359 ხელშეკრულება კი შეწყდა 2015 წლის 14 აპრილს.
6.2. დადგენილია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის მოვალის დავალიანება ბანკის მიმართ იყო საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაზე №1988297-2475065 ძირი თანხა 14900.74 ლარი, ხოლო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ №1988297-2479359 ხელშეკრულებაზე ძირი თანხა- 7779.53 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია სესხის ძირი თანხის ნაწილში. მოპასუხემ ვერ დაამტკიცა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოება, ვერ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა მოპასუხის პოზიციის უტყუარობას, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს სრულად სესხის ძირი თანხის ნაწილში.
6.3. მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის ძირითად თანხაზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას. აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტლად, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია განმარტოს პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მათი წარმოშობისა და შეწყვეტის საფუძვლები.
სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო ავტონომიის ფარგლებში თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპი სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის მთავარი გარანტიაა. სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. მოცემული ნორმების სამართლებრივი ანალიზით დგინდება, რომ მხარეთა შორის ნამდვილი ნების გამოვლენის საფუძველზე დადებული ხელშეკრულება, თუ იგი არ ეწინააღმდეგება კანონს, საზოგადოებრივ წესრიგსა და ზნეობრივ ნორმებს, მხარეებისათვის მართლზომიერი ვალდებულების წარმოშობის საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.
პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში აისახა. „ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...“, „პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა)პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ)პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. სუსგ-ები: №ას-1373-2018, 17.01.2019; № ას 848-814-2016, 28.12.2016; №ას-816-767-2015, 19.11.2015; №ას-953-918-2016, 22.11.2016).
ამასთან, სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება; დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით: „პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა“ (შდრ. საქმე №ას-176-157-2014).
ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეული ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსური მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს ( სუსგ N ას-1302-1222-2017 15.12.17წ.).განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეებს შორის არსებობდა წერილობითი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, რომლის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა ორივე ხელშეკრულებით 0.5%-ის ოდენობით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობაა საბანკო კრედიტის №1988297-2475065 ხელშეკრულებაზე 5000 ლარი და საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ №1988297-2479359 ხელშეკრულებაზე 3000 ლარი.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიაჩნია, რომ არსებობს პირგასამტეხლოს შემცირების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. კერძოდ, დადგენილია, რომ სესხის ძირი თანხა შეადგენს საბანკო კრედიტის №1988297-2475065 ხელშეკრულებაზე 14900.74 ლარს, ხოლო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ №1988297-2479359 ხელშეკრულებაზე 7779.53 ლარს. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეებს სამართლიანი პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროთ საბანკო კრედიტის №1988297-2475065 ხელშეკრულებაზე 1000 ლარის გადახდა, ხოლო მ------ ლ---------- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ №1988297-2479359 ხელშეკრულებაზე 500 ლარის გადახდა, რაც გონივრულ თანაფარდობაშია ორივე სესხის ძირ თანხასთან.
6.4. მოსარჩელე მოითხოვს, დაეკისროთ მოპასუხეებს სოლიდარულად, მიუღებელი შემოსავლის სახით, საბანკო კრედიტის №1988297-2475065 ხელშეკრულებაზე-4467.37 ლარის (ხელშეკრულების შეწყვეტიდან) და საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ №1988297-2479359 ხელშეკრულებაზე (ხელშეკრულების შეწყვეტიდან) 2424.41 ლარის ოდენობით და 2016 წლის 11 ოქტომბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის დღე) მოპასუხეებს მოსარჩელე სს ,,თ----- ბ-----’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 14900.74 ლარზე, ვალდებულების სრულ შესრულებამდე სარგებლის გადახდა წლიური 19 %-ის ოდენობით, რაც ყოველთვიურად შეადგენს 235.92 ლარს, ასევე მოპასუხე მ------ ლ---------- მოსარჩელე სს ,,თ----- ბ-----’’ სასარგებლოდ დაეკისროს საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 7779.53 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე სარგებლის გადახდა წლიური 20%-ის ოდენობით, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 129.65 ლარს; სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილით მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ვალდებულების დარღვევა ზოგადი ფორმულირებაა და იგი შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მათ შორის, არაჯეროვან შესრულებაში. მტკიცების ტვირთის ობიექტურად და სამართლიანად განაწილების პირობებში, როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი მოსარჩელის (კრედიტორის) მხარეზეა.
სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად შემდეგი პირობების არსებობის შემთხვევაში: უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, სახეზე უნდა იყოს ზიანი, უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის, ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.
სასამართლო კვლავ მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილს, რომლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ ძირითად კრიტერიუმებს, რომლებსაც უნდა ეფუძნებოდეს ვალდებულების შესრულება.
მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით.
სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის, 395-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 412-ე მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარე მხოლოდ იმ რისკის მატარებელი შეიძლება იყოს, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შეუსრულებლობასთან და ამდენად, ხელშემკვრელი მხარისაგან შეიძლება მოთხოვნილი იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგს წარმოადგენს და რომლის გათვალისწინებაც ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, ხელშეკრულების დამრღვევ მხარეს შეეძლო ევარაუდა. სწორედ ეს აზრია გატარებული სსკ-ის 412-ე მუხლის სამართლებრივ მიზანში, რომელიც მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურების მოვალეობას ითვალისწინებს, რომლის მოსალოდნელობაც გონივრული წინდახედულობის ფარგლებში სავარაუდო იქნებოდა და რომლის დადგომაც ხელშეკრულების დამრღვევი მხარის მოქმედების ან უმოქმედობის პირდაპირი შედეგია.
ვალდებულების დარღვევისათვის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოხატულებას ჰპოვებს მოვალეზე კანონით დადგენილი ქონებრივი ზემოქმედების ზომებში. სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე, რომელიც არღვევს ვალდებულებას, პასუხს აგებს დაზარალებულის წინაშე. დაზარალებულს უფლება აქვს მოითხოვოს დარღვეული უფლების დაცვა. ზიანის ანაზღაურების მეორადი მოთხოვნის უფლება შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი სახის ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის არსებობისას. აღნიშნული უფლება არ არის ალტერნატიული, არამედ შესაძლებელია სხვა მეორადი მოთხოვნის უფლებებთან პარალელურად იქნეს ამოქმედებული.
ვალდებულების შესრულების ლეგიტიმური სახელშეკრულებო ინტერესი სამართლებრივი დაცვის თვალსაზრისით, განსაკუთრებული სიკეთეა ნებისმიერ სამართლებრივ სისტემაში. სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პასუხისმგებლობის ყველაზე გავრცელებული სახეა ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, ანუ პასუხისმგებლობა გამოიხატება დამრღვევი მხარის ვალდებულებაში, მიყენებული ზიანი ნატურით ან ფულადი სახით აანაზღაუროს.
საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში (საქმე №ას-201-2019წ 8 მაისი, 2019 წელი) მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის დაკისრების სამართლებრივ საფუძველთან დაკავშირებით განმარტა, რომ ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა „უნდა-ყოფილიყო“ და „არის მდგომარეობას“ შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (Totalreparation-ის პრინციპი). ამასთანავე მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. თუმცა ეს წესი იზღუდება, თუ კრედიტორი თანაბრალეულია. ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგებაც (lucrum cessans). სსკ-ის 411-ე მუხლის მიხედვით, მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა მოვალეს რომ ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს “წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. სსკ-ის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს სსკ-ის 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება. სსკ-ის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზრაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში (სუსგ-ის 2012 წლის 11 ივნისის განჩინება საქმეზე N ას-630-593-2012).
ანალოგიურ დათქმებს შეიცავს ევროპული სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების 8:101-ე (2) მუხლები. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (სუსგ-ის 2011წლის 24 ოქტომბრის განჩინება საქმეზე N ას-307-291-2011). აღნიშნულთან დაკავშირებით დადგენილია სასამართლო პრაქტიკა (შდრ: სუსგ №ას-406-383-2014, 17 აპრილი, 2015 წელი; სუსგ Nას-1851-2018, 2 მაისი, 2019).
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ზიანის არსებობის ფაქტის დასადასტურებლად მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომ მოპასუხის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვანმა შესრულებამ განაპირობა მოსარჩელის საქმიანობის შეფერხება ანუ ვერ შეძლო მისაღები თანხის ბრუნვა. სასამართლოს მოსაზრებით, არ წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების დაკისრების საკმარის საფუძველს, ზემოაღნიშნული მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, რადგან მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანი სახეზე არ არის. შესაბამისად მოპასუხეებზე სარგებლის გადახდის მოთხოვნა დაუსაბუთებელია შესაძლო ზიანზე არსებული ვარაუდის უსაფუძვლობის გამო. კრედიტის გამცემის განმარტების შესაბამისად, მისთვის მიუღებელ შემოსავალს წარმოადგენს თანხა, რასაც იგი მიიღებდა კონკრეტული ხელშეკრულების ჯეროვნად შესრულების - მისი ვადის ბოლომდე კრედიტისა და სარგებლის გადახდის შემთხვევაში. იმის გათვალისწინებით, რომ ფული განიხილება, როგორც ყველაზე ბრუნვაუნარიანი საშუალება და საკრედიტო დაწესებულების მიერ მისი ფლობა ქმნის ჩვეულებრივ საქმიანობის განხორციელებით სარგებლის მიღების უპირობო ვარაუდს, თანხის დაბრუნების მიუხედავად, შემოსავლის მიღების შეუძლებლობაზე მითითება გაუმართლებელია, როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით. (საქმე №ას-841-805-2014, 23 მარტი, 2015 წელი).
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.5. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად”. ამავე კოდექსის 893-ე მუხლის პირველი წინადადებით ,,თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა”. ხოლო 895-ე მუხლით ,,თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა”.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, მ------ ლ----------თან დადებული საბანკო კრედიტის №1988297-2475065 ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მოსარჩელემ თავდებობის ხელშეკრულება დადო თ-------- კ---–--–---მ, მან იკისრა ვალდებულება მ------ ლ----------თან ერთად პასუხი აგოს საკრედიტო ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე. სამოქალაქო კოდექსის 893-ე და 895-ე მუხლმა დაადგინა, რომ თავდებმა პირმა ძირითად მევალესთან ერთად ან მის გარეშე პასუხი აგოს იმ ვალდებულებებზე იმ ფარგლებში, რა ვალდებულების შესრულებაზეც განაცხადა თავდებობა.
დადგენილია, რომ მ------ ლ---------მ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკი. ის ვალდებულება, რაც მოსარჩელის მიმართ მ------ ლ---------- აქვს, უნდა გავრცელდეს თავდები პირის მიმართაც. აღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი თანხის დაკისრების ნაწილში, როგორც მ------ ლ---------ს, ასევე თ-------- კ---–--–---- მიმართ, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები.
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლით დავის საგნის ფასი განისაზღვრება: ა) ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელის ფასია 50901.80 ლარი, ამავე კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 1527.05 ლარს.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად მოსარჩელეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან ნაწილი-796.61 ლარი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილების პროპორციულად დარჩენილი სახ.ბაჟი 730.44 ლარის, განაწილდება შემდეგნაირად: მოპასუხე მ------ ლ----------ა და თ-------- კ---–--–---ს მოსარჩელე სს ,,თ----- ბ-----’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 482.07 ლარის ანაზღაურება, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, ასევე მოპასუხე მ------ ლ---------- მოსარჩელე სს ,,თ----- ბ-----’’ სასარგებლოდ დაეკისროს 248.37 ლარის ანაზღაურება, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
8.უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სს „თ----- ბ-----“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხეებს მ------ ლ---------- და თ-------- კ---–--–---ს მოსარჩელე სს ,,თ----- ბ-----’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საბანკო კრედიტის №1988297-2475065 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 14900.74 ლარის, პირგასამტეხლოს 1000 ლარის და დაზღვევის 169.23 ლარის გადახდა;
3. მოპასუხე მ------ ლ---------- მოსარჩელე სს ,,თ----- ბ-----’’ სასარგებლოდ დაეკისროს
საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ №1988297-2479359 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 7779.53 ლარის და პირგასამტეხლოს 500 ლარის გადახდა;
4. მოპასუხეებს მ------ ლ---------- და თ-------- კ---–--–---ს მოსარჩელე სს ,,თ----- ბ-----’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 482.07 ლარის ანაზღაურება, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;
5. მოპასუხე მ------ ლ---------- მოსარჩელე სს ,,თ----- ბ-----’’ სასარგებლოდ დაეკისროს 248.37 ლარის ანაზღაურება, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;
6. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 796.61 ლარი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილისქ 30) მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 დაარაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
მოსამართლე
როინ კახიძე