გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.03.2020
საქმის ნომერი
180210019002919186
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
02.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 180210019002919186 (2/211-19)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

09 მარტი, 2020 წელი ქ. მცხეთა

 

შესავალი ნაწილი

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე სოფიო ლეჟავა

სხდომის მდივანი ეკა გაბიდაური,ვერა ლომიძე, ზაზა შველიძე

 

მოსარჩელე - შპს ,,ც--------–-’’

წარმომადგენელი - ა-----------------ე, თ----------------–--ე, ლ--------------ე, ი-----–--–----–--ე, რ---------------–ი

 

მოპასუხე - შპს ,,ს-------------------–---“

წარმომადგენელი - თ------–------, ბ-–---------ა, მ-----–---------ა

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1 შპს ,,ს-------------------–--ს“ შპს ,,ც--------–-ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს დარჩენილი დავალიანების 10 482 ლარის გადახდა;

 

1.2. შპს ,,ს-------------------–--ს“ შპს ,,ც--------–-ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 2018 წლის 11 სექტემბრიდან დავალიანების სრულად ჩარიცხვამდე, ყოველ გადაცილებულ დღეზე 31.5 ლარის, ჯამში არაუმეტეს 9987 ლარის გადახდა;

 

1.3. შპს ,,ს-------------------–---ს“ შპს ,,ც--------–-ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს გამარტივებული წარმოების ფარგლებში გადახდილი ხარჯის - სააპლიკაციო საფასურის - 100 ლარის, ყადაღის დადების საფასურის - 500 ლარის, სასამართლო ბაჟის 615 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის, აგრეთვე მოსარჩელის წარმომადგენლების დახმარებისათვის გაწეული ხარჯის - დავის საგნის ღირებულების 4% - 415 ლარის გადახდა.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

2018 წლის 22 ივნისს შპს ,,ც--------–სა“ (ს/კ 4--------) და შპს ,,სამშენებლო კომპანია - პ---------ს“ (ს/კ 2--------) შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება #2------------, რომლის ფარგლებშიც მყიდველმა შეიძინა სპეციალური სამშენებლო ტექნიკა. ამავე ხელშეკრულების 2.2 პუნქტის თანახმად ნასყიდობის ფასის 50% გადახდა უნდა მომხდარიყო წინასწარ, ავანსის სახით, ხოლო დარჩენილი 50% - პროდუქციის მიწოდებისთანავე. ხელშეკრულების 5.1 პუნქტის მიხედვით პროდუქციის მიწოდება დადასტურდებოდა კანონმდებლობით დადგენილი და გამოწერილი სასაქონლო ზედნადების და საგადასახადო ანგარიშფაქტურის მიხედვით. შპს ,,ც--------–-ს“ მიერ გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურა მყიდველის მიერ უარყოფილი იქნა. ხელშეკრულების 3.2.2 პუნქტის მიხედვით პროდუქციის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ავანსის გადახდიდან 50 (ორმოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში, თუმცა შპს ,,ც--------–მა“ ფორსმაჟორული გარემოებიდან გამომდინარე 2018 წლის 11 სექტემბერს მიაწოდა მყიდველს სამშენებლო ტექნიკა, რის შესახებაც არაერთხელ იქნა მოპასუხისათვის ინფორმაცია მიწოდებული წერილობითი ფორმით; ამასთანავე, მოპასუხის მხრიდან არ ყოფილა წერილობითი პასუხი, რის გამოც შპს ,,ც--------–მა“ განაგრძო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება და სრულად მიაწოდა ნასყიდობის საგანი. შპს ,,ც--------–-ს“ მიერ ჯამში მიწოდებული იქნა 61709.5 ლარის ღირებულების პროდუქცია, ხოლო შპს ,,ს-------------------–---ს'' მიერ ჯამში გადახდილი იქნა მხოლოდ 51227.5 ლარი, შპს ,,ც--------–-ს'' მიერ გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურა კი მყიდველის მიერ უარყოფილ იქნა; შესაბამისად, დარჩენილია დავალიანება 10.482 ლარის ოდენობით, რომლის გადახდაც უნდა მომხდარიყო პროდუქციის მიწოდებისთანავე - 2018 წლის 11 სექტემბერს. ამასთანავე, შპს ,,ც--------–მა“ დამატებით უსასყიდლოდ განახორციელა სამშენებლო მასალა - ,,ორტესებრი კოჭის“ მიწოდება, რომელიც შერჩეული იქნა თვით მყიდველის მიერ შპს ,,ც--------–-სათვის“ მიწოდებული ინვოისის საფუძველზე, თუმცა მოპასუხემ 18.01.2018 წლის წერილით განაცხადა, რომ იყო მეორადი და დეფექტიანი და მოითხოვა ობიექტიდან გატანა.

 

მოსარჩელის მიერ მოპასუხე რამოდენიმეჯერ უშედეგოდ იქნა წერილობით გაფრთხილებული და მიეცა დამატებითი ვადა ვალდებულების შესასრულებლად, მიუხედავად ამისა თანხის სრულად გადახდა არ მომხდარა. 2018 წლის 22 ნოემბერს, შპს ,,ც--------–მა“ მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებულ წარმოებას დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემის მიზნით, თუმცა რესპოდენტის - შპს ,,ს-------------------–---ს“ მიერ მოხდა პროტესტის წარდგენა მოთხოვნაზე, რის გამოც საქმის გამარტივებული წარმოება შეწყდა. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 25 სექტემბრიდან შპს ,,სამშენებლო კომპანია - პ---------მ“ შეიცვალა სახელწოდება და იწოდება შპს ,,ს-------------------–---ს“ სახელწოდებით.

 

2. მოპასუხე მხარის პოზიცია:

 

მოპასუხე მხარემ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო, იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები; შესაგებლის თანახმად, მოსარჩელის მიერ მოხდა ვალდებულების ორი პირობის დარღვევა: 1. კერძოდ, მოსარჩელეს ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად ნასყიდობის საგნის მიწოდება მოპასუხისთვის უნდა განეხორციელებინა არაუგვიანეს 2018 წლის 25 აგვისტოსი, მოსარჩელემ არაერთხელ დაარღვია ხელშეკრულებით განსაზღვრული ნასყიდობის საგნის მიწოდების ვადა. საბოლოო ჯამში ვადაგადაცილებამ შეადგინა 16 დღე იმ ნაწილში, რომელშიც მოპასუხემ მოსარჩელის შესრულება მიიღო. 2. მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულება არ განხორციელებულა ჯეროვნად. კერძოდ, არაერთი ვადაგადაცილების შემდეგ საერთოდ არ მიაწოდა მოპასუხეს ნასყიდობის საგნის ნაწილი (საკიდი კოჭი, სიგრძით 7 მ); გაცხადებული პრეტენზიის შემდეგ კი, ვინაიდან შეთანხმებული ქვეყნიდან, ბულგარეთიდან აღნიშნული ნაწილის შეკვეთა და ტრანსპორტირება დამატებით ვადებს მოითხვდა, მოპასუხე წავიდა დათმობაზე და მოსარჩელეს მისცა შესაძლებლობა აღნიშნული ნაწილი მოეძიებინა საქართველოში, რის შემდეგაც მოსარჩელის მიერ მოხდა ნაკლიანი (მეორადი მოხმარების) საკიდი კოჭის მიწოდება, რამაც შეუძლებელი გახადა მოპასუხის მიერ მისი გამოყენება მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო პროექტის ფარგლებში. მოპასუხე რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა მიესადაგებინა მოსარჩელის მიერ მოწოდებული მეორადი კოჭი ბოდორნა ჰესის მშენებლობის დამკვეთის მოთხოვნებისათვის. მოპასუხემ შესთავაზა დამკვეთს მოსარჩელის მიერ მოწოდებული მეორადი კოჭის გამოყენება, რაზეც დამკვეთისაგან მიიღო კატეგორიული უარი. შესაბამისად, 2018 წლის 23 სექტემბრის წერილით მოპასუხემ აცნობა მოსარჩელეს, რომ იგი ვერ მიიღებდა შესრულებას მეორადი კოჭის ნაწილში და აქედან გამომდინარე მოხდა საკიდი კოჭის ღირებულების, 1728 ევროს დაქვითვა ნასყიდობის ფასიდან.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. 2018 წლის 22 ივნისს შპს ,,ც--------–სა’’ და შპს ,,სამშენებლო კომპანია - პ---------ს’’ შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება N2------------, რომლის თანახმად, გამყიდველმა შპს ,,ც--------–მა’’ იკისრა ვალდებულება სპეციალური სამშენებლო ტექნიკა, კერძოდ, - ,,ტელფერი’’ ,,ლანტრა’’ მოდელი MPM 940H18V6 4X1 N22; 16ტ. და შესაბამისი სიმძლავრის მოძრავი ურიკა ტელფერისათვის (ურიკის განი 7 მეტრი; მწარმოებელი ქვეყანა: ბულგარეთი - მიეწოდებინა შპს ,,სამშენებლო კომპანია - პ---------სთვის’’.

 

ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1 პუნქტის მიხედვით პროდუქციის ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 21 000 ევროს ექვივალენტის ლარში, გადახდის დღეს არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად, ხოლო ხელშეკრულების 2.2. პუნქტის მიხედვით, ნასყიდობის ფასის 50% გადახდა უნდა მომხდარიყო წინასწარ ავანსის სახით, ხოლო დარჩენილი 50% - პროდუქციის მიწოდებისთანავე.

 

ამავე ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.1. პუნქტის მიხედვით, პროდუქციის მიწოდების დადასტურება უნდა მომხდარიყო კანონმდებლობით დადგენილი და გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების და საგადახასადო ანგარიშფაქტურის მიხედვით.

 

2018 წლის 22 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.2.3. ქვეპუნქტის მიხედვით, გამყიდველი ვალდებულია მყიდველს მიაწოდოს უნაკლო და ხარისხიანი საქონელი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ნასყიდობის ხელშეკრულება N2------------ ს.ფ. 16-19;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.2. შპს ,,სამშენებლო კომპანია - პ---------მ’’ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ავანსი 29 989,05 ლარის ოდენობით მოსარჩელეს გადაუხადა 2018 წლის 26 ივნისს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

- საგადახდო დავალება #1530000076 ს.ფ. 20

 

3.1.3. შპს ,,ც--------–მა’’ ხელშეკრულებით დადგენილი ვადის დარღვევით, 2018 წლის 11 სექტემბერს მიაწოდა მყიდველს სამშენებლო ტექნიკა;

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- სასაქონლო ზედნადები ს.ფ. 21;

- მხარეთა შორის მიმოწერა ს.ფ. 22-24;

3.1.4. მოპასუხე შპს ,,სამშენებლო კომპანია-პ---------მ’’ 2018 წლის 25 სექტემბერს შეიცვალა საფირმო სასახელწოდება და გახდა შპს ,,ს-------------------–---’’;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 18 ოქტომბრის წერილი ს.ფ. 26;

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილი N4----- ს.ფ. 32;

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები;

 

3.2.1. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შპს ,,ც--------–-ს’’ მიერ მოპასუხისთვის მიწოდებული სამშენებლო ტექნიკა სრულად არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ მახასიათებლებს, კერძოდ, მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა ,,ტელფერი’’, ხოლო ე.წ. ,,მოძრავი ურიკის’’ კომპლექტიდან არ მოხდა ,,საკიდი კოჭის’’, იგივე ,,ხიდის’’ მიწოდება, რაც გამორიცხავდა დასახელებული ტექნიკის დანიშნულებისამებრ გამოყენებას სრული ფუნქციური დატვირთვით. მოსარჩელემ 2018 წლის 17 სექტემბერს მოპასუხეს, ნაცვლად ბულგარეთში ნაწარმოები პროდუქტისა, (მოპასუხის თანხმობით) მიაწოდა საქართველოში მოძიებული ე.წ. ,,ორტესებრი კოჭი’’, რომელიც აღმოჩნდა მეორედი და დეფექტიანი, რის გამოც მისი გამოყენება შეუძლებელი იყო და აღნიშნული კოჭი მოპასუხემ 2018 წლის 22 ოქტომბერს უკან დაუბრუნდა შპს ,,ც--------–ს’’. შესაბამისად, შპს ,,ც--------–-ს’’ მიერ გამოწერილი ანგარიშფაქტურა მოპასუხის მიერ უარყოფილ იქნა;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 22.09.2018 წლის შპს ,,ც--------–-ს’’ წერილი ს.ფ. 30;

- შპს ,,სამშენებლო კომპანია პ---------ს’’ 23.09.2018 წლის წერილი ს.ფ. 87;

- 2018 წლის 18 ოქტომბრის წერილი ს.ფ. 26;

- საგადახდო დავალება #1538381263 ს.ფ 25;

- სასაქონლო ზედნადებები - ს.ფ. 88; 90-92;

3.2.2. უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა შეთანხმებული მოდელის ,,ტელფერი’’ და 2 ცალი ,,სამოძრაო ურიკა’’; წარმოდგენილი სარჩელით სადავოდ არის გახდილი ის გარემოება, ხელშეკრულების საგანს წარმოდგენდა თუ არა ე.წ. ,,საკიდი (სავალი) კოჭი’’ იგივე ,,ხიდი’’, რომელიც მოსარჩელეს ხელშეკრულების პირობების შესაბამისად მოპასუხისთვის არ მიუწოდებია;

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან მოწვეულმა სპეციალისტმა ნ----------–---–მა სასამართლო სხდომაზე სადავო საკითხთან მიმართებაში განმარტა, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით შეთანხმებული ნასყიდობის საგანი მოიცავს შესაბამისი მოდელის ,,ტელფერს’’, რაც შეეხება ,,მოძრავ ურიკას ტელფერისათვის’’ ეს არის ცალკე კომპლექტი; ამდენად, მოცემული სამშენებლო ტექნიკის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის, გარდა ,,ტელფერისა’’, მასში უნდა შედიოდეს ,,ხიდი’’, იგივე ,,მალი’’ და ,,გადაადგილების სისტემა’’, რაც ერთობლიობაში წარმოადგენს ე.წ. ,,მოძრავ ურიკას’’ და რაც აუცილებელია იმისთვის, რომ დანადგარმა შეძლოს მოძრაობა და ფუნქციის შესრულება ოთხი მიმართულებით. კერძოდ, ე.წ. ,,ტელფერი’’ დამაგრებულია ,,საკიდ კოჭზე’’ იგივე ე.წ. ,,ხიდზე’’, რომელიც არის ,,ტელფერის’’ ე.წ. ,,სამოძრაო გზა’’, ხოლო თავად ,,ხიდი’’ დამაგრებულია ტელფერისა და ხიდის ,,გადაადგილების სისტემაზე’’; დასახელებული კომპონენტების გარეშე ,,ტელფერს’’ შეუძლია ტვირთის აწევა მხოლოდ ერთი მიმართულებით, თუმცა დასახელებული სამშენებლო ტექნიკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოდელის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია კომპლექტში შემავალი ყველა დეტალის არსებობა; სპეციალისტის განმარტებითვე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულების მიხედვით მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის ვალდებულების შესასრულებლად მიწოდებულ ტექნიკას აკლია ,,სავალი ურიკის’’ შემადგენელი ნაწილი ე.წ. ,,მალი’’, იგივე ,,ხიდი’’ ანუ ,,საკიდი კოჭი’’, რაც გამორიცხავს მის დანიშნულებისამებრ სრულფასოვან ფუნქციონირებას. სპეციალისტის განმარტებით, ხელშეკრულებით შეთანხმებულ ნასყიდობის საგანში 7მ სიგანის შესაძლებელია იყოს მხოლოდ ,,ხიდი’’, იგივე ,,მალი’’ და არა რომელიმე სხვა დეტალი, რაც შეეხება შესაბამისი სიმძლავრის ურიკას, აღნიშნული გულისხმობს, რომ ეს კომპლექტი თავის მხრივ, უნდა უძლებდეს 16 ტ. ტვირთს ანუ უნდა იყოს ,,ტელფერის’’ შესაბამისი სიმძლავრის (იხ. 2020 წლის 12 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

ამდენად, მხარეთა შორის სადავო გარემოებას წარმოადგენს, ნასყიდობის საგანში შემავალი ,,მოძრავი ურიკა ტელფერისათვის’’ რა დეტალებს მოიცავდა შეთანხმებული მოდელის ,,ტელფერისათვის’’, უნდა მიეწოდებინა თუ არა მოსარჩელეს მოპასუხისთვის ე.წ. ,,ხიდი’’, მალი, იგივე ,,საკიდი კოჭი’’ და ამ დეტალის გარეშე ტექნიკა ვარგისი იყო თუ არა მისი დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს: ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას ვინც უარყოფს“-,,affirmanti, non legati, incumbit probatio“.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამ ნორმის შესაბამისად, საქმეში არსებული ყოველი მტკიცებულება უნდა შეფასდეს სხვა მტკიცებულებებთან შეჯერების საფუძველზე და ამის შემდეგ გამოიტანოს სასამართლომ დასკვნა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადასტურების ან დაუდასტურებლობის შესახებ.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად; (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Hirvisaari v. Finland, §32). ''ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის'' მე-6-მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ. საქმე Nას-178-167-2017).

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია უტყუარი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა მოპასუხისთვის მის მიერ მიწოდებული ნასყიდობის საგნის (,,ტელფერი’’ ,,ლანტრა’’ მოდელი MPM 940H18V6 4X1 N22; 16ტ. და შესაბამისი სიმძლავრის მოძრავი ურიკა ტელფერისათვის (ურიკის განი 7 მეტრი;) შესაბამისობას ნასყიდობის ხელშეკრულებით დადგენილ მოთხოვნებთან.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა მის მიერ მითითებულ გარემოებებს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სასამართლომ განიხილა სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, ამასთან მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და წერილობითი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ შპს ,,ც--------–-ს’’ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

5.1. საქართველოს კონსტიტუცია;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 316-317-ე, 319-ე, 327-ე, 477-ე, 487-488-ე, 490-ე, 493-ე 417-418-ე მუხლები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, მე-3, მე-4, 102-ე და 105-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს ასევე, საქათველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).

 

შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე სასამართლოს ამოცანაა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე დაადგინოს რამდენად არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელ კომპონენტთა ერთიანობა მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან და საფუძვლებიდან გამომდინარე.

 

დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდევ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე დავა გამომდინარეობს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით. მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხეზე შეთანხმდენ. ამისათვის მათ არ სჭირდებათ რაიმე ნებართვა ან სპეციალური შინაარსის დაცვა. მთავარია, მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. აღნიშნული პრინციპი გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძვლიდან, რომლის მიხედვითაც კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით. ხელშეკრულების თავისუფალი დადების პრინციპი ვრცელდება მოსარჩელეზეც და მოპასუხეზეც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით”.

 

დადგენილია და სადაო არ არის ის გარემოება, რომ შპს ,,ც--------–სა’’ და შპს ,,სამშენებლო კომპანია - პ---------ს“ შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც შპს ,,ც--------–მა’’ იკისრა ვალდებულება მოპასუხისთვის მიეწოდებინა სპეციალური სამშენებლო ტექნიკა;

 

თავის მხრივ, შპს ,,სამშენებლო კომპანია - პ---------მ“ იკისრა ვალდებულება გადაეხადა მიწოდებული საქონლის ღირებულება. მხარეები ასევე შეთანხმდენ მასზედ, რომ შპს ,,სამშენებლო კომპანია - პ---------ს“ ნასყიდობის ფასის 50%-ს გადახდა უნდა განეხორციელებინა წინასწარ, ავანსის სახით, ხოლო დარჩენილი 50% პროდუქციის მიწოდებისთანავე. ამდენად, მხარეებმა ნასყიდობაზე გამოავლინეს ნება და შეთანხმდენ კიდეც. ასეთი შეთანხმება არ ეწინააღმდეგება კანონს, ამიტომაც სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმება ნამდვილია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი”. ამავე მუხლის მეორე ნაწილით ,,მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება”. დასახელებული ნორმის მიხედვით ნასყიდობის საფასურის გადახდის ვალდებულება დამოკიდებულია ნასყიდობის საგნის საკუთრებაში გადაცემაზე. ნივთის გადაცემის გარეშე ნასყიდობა არ არსებობს და არც მისი საფასურის გადახდაა დასაშვები. მყიდველი ღებულობს შეძენილ ქონებას და იხდის მის ღირებულებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, რამდენადაც გამყიდველმა მყიდველისათვის ნივთის გადაცემის სანაცვლოდ უნდა მიიღოს ამ უკანასკნელისაგან მიღებული საქონლის ფასის გადახდის სახით შემხვედრი დაკმაყოფილება. ამასთან, ნასყიდობის ხელშეკრულება სინალაგმატური ხელშეკრულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ გამყიდველის მიერ თავისი ვალდებულების - ნივთის გადაცემის შემთხვევაში, მყიდველს ეკისრება შემხვედრი ვალდებულება - ნაყიდი ნივთის ფასის გადახდა. აღნიშნული განმარტებიდან ნათლად იკვეთება სასყიდლიანი გარიგების კონსესუალური და ორმხრივი ბუნება და კანონმდებელი ნასყიდობისათვის დადგენილი ზოგადი წესით განსაზღვრავს ამ ვალდებულების მთავარ პირობებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით ,,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები თავიანთი უფლება-მოვალეობის მოცულობას განსაზღვრავენ ხელშეკრულებით. ხელშეკრულება არის ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველი და იგი მიმართულია სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთიობის წარმოშობის, მოწყვეტის ან შეცვლისაკენ. წინამდებარე შემთხვევაშიც მოსარჩელემ და მოპასუხემ ხელშეკრულების დადებისას განსაზღვრეს ურთიერთვალდებულებათა წრე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლის მიხედვით, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისგან თავისუფალი ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 488-ე მუხლის პირველი ნაწილით, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ნაკლს უთანაბრდება, თუ გამყიდველი გადასცემს ნივთის მხოლოდ ერთ ნაწილს, სულ სხვა ნივთს, მცირე რაოდენობით ან, თუ ნივთის ერთი ნაწილი ნაკლის მქონეა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნაკლი არსებით გავლენას ვერ მოახდენს შესრულებაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 490-ე მუხლის თანახმად, თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში. გამყიდველს ეკისრება ნაკლის გამოსწორებისათვის აუცილებელი ხარჯების ანაზღაურება, მათ შორის, ტრანსპორტირების, გზის, სამუშაოს შესრულების და მასალის ღირებულების ხარჯები.

 

ამავე კოდექსის 493-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მყიდველს უფლება აქვს უარი თქვას საქონლის მიღებაზე, თუ გამყიდველმა მას მიაწოდა საქონელი იმაზე ნაკლები რაოდენობით, ვიდრე ეს ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. თუ მყიდველი მიიღებს ასეთ საქონელს, მაშინ ფასს გადაიხდის სახელშეკრულებო ფასის პროპორციულად.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდნენ მისაწოდებელი პროდუქტის მახასიათებლებზე, კერძოდ მოსარჩელეს მოპასუხისთვის ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში უნდა მიეწოდებინა: ,,ტელფერი’’ ,,ლანტრა’’ მოდელი MPM 940H18V6 4X1 N22; 16ტ. და შესაბამისი სიმძლავრის მოძრავი ურიკა ტელფერისათვის (ურიკის განი 7 მეტრი); მწარმოებელი ქვეყანა: ბულგარეთი; . ა) ტვირთამწეობა - 16 ტ; ბ) აწევის სიმაღლე - 18 მეტრი; გ) აწევის სიჩქარე - 4 მეტრი წუთში; დ) გაადადგილების სიჩქარე - 20 მეტრი წუთში; ე) ელექტროენერგიის მოხმარება აწევისას - 16კვტ; ვ) ელექტროენერგიის მოხმარება გადაადგილებისას - 1,1 კვტ; ზ) პოლისტრნასტი 4X1; თ) მართვის ღილაკი - 6+Stop; ი) კლიმატური შესრულება -20-დან+40 გრადუსამდე; კ) გარანტია -24 თვე.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ მან ხელშეკრულების საგანი სრულად მიაწოდა მოპასუხეს, რასაც არ ეთანხმება მოპასუხე მხარე. ამ უკანასკნელის პოზიციით მოსარჩელემ არაჯეროვნად შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, რაც გამოიხატა ნასყიდობის საგნის ნაწილის და ისიც ხელშეკრულებით დადგენილი ვადის დარღვევით მიწოდებაში, რამაც განაპირობა სწორედ ნასყიდობის საგნის სრული ღირებულებიდან მიუწოდებელი დეტალის ღირებულების გამოქვითვა. ამდენად, მხარეთა შორის სადავო არის ის გარემოება, ხელშეკრულების საგანში შედიოდა თუ არა ე.წ. ,,საკიდი კოჭი’’ იგივე ,,მალი’’ და აკმაყოფილებდა თუ არა მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის ვალდებულების შესასრულებლად მიწოდებული სპეციალური ტექნიკა იმ მოთხოვნებს, რაც მხარეთა შორის იყო შეთანხმებული და რაც მის ვარგისიანობას განაპირობებდა ანუ სადავოა მიწოდებული სპეციალური სამშენებლო ტექნიკა შედგებოდა თუ არა ყველა იმ აუცილებელი კომპონენტისაგან, რასაც შეთანხმებული მოდელის კომპლექტი მოიცავდა და მიწოდებული ტექნიკით შესაძლებელი იყო თუ არა იმ ვალდებულების შესრულება ისეთი საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი პროექტის ფარგლებში (ბოდორნაჰესის მშენებლობა), რის თაობაზეც წინასწარ იყო ინფორმირებული მოსარჩელე მხარე; სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებით დაკონკრეტებული იყო ის მახასიათებლები, რომლის შესაბამისადაც უნდა მომხდარიყო ნასყიდობის საგნის მიწოდება. როგორც საქმის მასალებით, მათ შორის სპეციალისტის განმარტებით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ მიწოდებული სპეციალური სამშენებლო ტექნიკა არ აკმაყოფილებდა იმ მოთხოვნებს, რაც აუცილებელი იყო აღნიშნული მოწყობილობის იმ დანიშნულებით ფუნქციონირებისთვის, რაზეც წინასწარ იყვნენ მხარეები შეთანხმებული; აღნიშნულს ადასტურებს ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ მოპასუხე მხარემ მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების შემდეგ დამატებით მისცა ამ უკანასკნელს შესაძლებლობა გამოესწორებინა შესრულების ნაკლი, წავიდა გარკვეული სახის დათმობაზე და შეუთანხმდა მოსარჩელეს, რომ ,,საკიდი კოჭი’’ მოეძიებინა საქართველოში, ვინაიდან შეთანხმებული ქვეყნიდან, ბულგარეთიდან ამ ნაწილის გამოწერა და ტრანსპორტირება მოითხოვდა დამატებით დროს, რაც მოპასუხე მხარის მიერ თავის მხრივ ნაკისრი ვალდებულების დადგენილ ვადაში შესრულებას შეუშლიდა ხელს. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარემ მართლაც მოიძია საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. ,,ორტესებრი კოჭი’’ და 2018 წლის 17 სექტემბერს მიაწოდა შპს ,,ც--------–ს’’, თუმცა იგი აღმოჩნდა მეორადი, დეფექტიანი, რომლის გამოყენება შეუძლებელი იყო, რის გამოც უკან 2018 წლის 22 ოქტომბერს უკან დაუბრუნა მოსარჩელეს; ამდენად, მოპასუხის მიერ შემკვეთთან შეთანხმებით პროექტის ფარგლებში გამოყენებული იქნა მათ მიერ სხვა საჭიროებისთვის სს ,,გრაალი 92’’-ისგან შეძენილი ,,ორტესებრი კოჭი’’, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მოსარჩელის მიერ შპს ,,ც--------–-სთვის’’ მიწოდებული ტექნიკა არ იყო საკმარისი ამ უკანასკნელის მიერ ნაკისრი სამუშაოს ხარისხიანად შესასრულებლად; საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია; იგი შეეცადა დაემტკიცებინა, რომ ხელშეკრულეით არ ჰქონდა ნაკისრი ,,საკიდი კოჭის’’ მიწოდების ვალდებულება და მის გარეშეც ,,ტელფერი’’ ვარგისი იყო დანიშნულერიბისამბერ გამოსაყენებლად, თუმცა აღნიშნულის დადასტურება ვერ შეძლო უტყუარი მტკიცებულებებით; სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მხარეთა კორესპონდენციაზე, სადაც თავად მოსარჩელე მხარე ადასტურებს, რომ ორ ეტაპად მოახდენს ხელშეკრულების საგნის მიწოდებას (იხ. ს.ფ. 22), ასევე საყურადღებოა 2018 წლის 29 ოქტომბრის წერილი (ს.ფ. 28), სადაც მოსარჩელე მხარე ადასტურებს, რომ მოპასუხის მიერ შეუფერხებელი საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით დამატებით, უსასყიდლოდ უზრუნველყო ე.წ. ,,ორტესებრი კოჭის’’ შეძენა და ობიექტზე მიწოდება; ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ ,,საკიდი კოჭის’’ მიწოდების ვალდებულება მას სადავო ხელშეკრულებით არ ჰქონდა და მიუხედავად ამისა, მაინც, კეთილი ნების საფუძველზე მოიძია საქართველოში და მიაწოდა მოპასუხეს ე.წ. ,,ორტესებრი კოჭი’’, ვინაიდან ეს არგუმენტი მოკლებულია დამაჯერებლობას და არასარწმუნოა; აქვე საყურადღებოა, რომ დასახელებული ,,ორტესებრი კოჭიც’’ ნაკლის მქონე აღმოჩნდა და იგი უკან დაუბრუნდა მოსარჩელეს, აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულებაც ვერ იქნა წარმოდგენილი მხარის მიერ, რაც მის მიერ ნაკლის გამოსწორებას დაადასტურებდა;

 

აქვე სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შეფასების დროს მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების მოცულობა, შესასრულებელი სამუშაოს კომპლექსურობა, შემსრულებლის მიერ ვალდებულების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში შესრულება და, რა თქმა უნდა, შესრულების ნაკლის სიმძიმე.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიჩნია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს ნაკლის მქონე ნივთი გადასცა, კერძოდ, ტექნიკას აკლდა ის ძირითადი დეტალი, რაც საჭირო იყო მისი შესაბამისი გამოყენებისათვის. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ძირითად შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით, შესრულების ნაკლი (როგორც მიწოდების ვადის დარღვევა, ასევე ხელშეკრულების საგნის ნაწილობრივ მიწოდება) მნიშვნელოვანია; ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, ვინაიდან მოპასუხის მოთხოვნის მიუხედავად, მოსარჩელემ ვერ შეძლო ნაკლის გამოსწორება, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მხრიდან შესრულებას ამ ნაწილში ადგილი არ ჰქონია; აქედან გამომდინარე, მოპასუხეს ნაკლიანი ნივთის საფასურის გადახდის ვალდებულება არ წარმოეშობა, რაც გამორიცხავს მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და საქმის გარემოებათა შეფასებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული არგუმენტები დაუსაბუთებელია. მოსარჩელე მხარემ სასამართლო სხდომაზე ვერ შეძლო შესაგებელში მოცემული ფაქტობრივი გარემოებების საწინააღმდეგო არგუმენტაციის დასაბუთება, მტკიცების ტვირთი კი გულისხმობს არა მხოლოდ იმას, რომ მხარემ უნდა მიუთითოს თავის სასარგებლო ფაქტებსა და გარემოებებზე, არამედ იმასაც, რომ დაადასტუროს ამ გარემოებების არსებობა შესაბამისი მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას;

 

ვინაიდან ნაკლიანი ნივთის ნასყიდობის გამო მყიდველს არ ევალება ნასყიდობის საფასურის გადახდა, შესაბამისად, უსაფუძვლოა სასარჩელო მოთხოვნა აღნიშნული საფასურის ვადაგადაცილებისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე;

 

ამდენად, საქმეზე დადგენილ გარემოებათა ურთიერთშეჯერებისა და შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, საქმეზე გადახდილი ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი:

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის განჩინებით მოსარჩელის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ყადაღა დადეო მოპასუხე შპს ,,ს-------------------–---ს“ (ს/კ 2--------) სახელზე რიცხულ სატრანსპორტო საშუალებებს: ა) ,,C---------------“, სახელმწიფო ნომრით - B-----, გამოშვების წელი 2012, საიდენტიფიკაციო კოდი: C----------------; ბ) ,,T-----------------------“ სახელმწიფო ნომრით I------, გამოშვების წელი 2018, საიდენტიფიკაციო კოდი: J----------------; გ) ,,T-----------“ სახელმწიფო ნომრით D------, გამოშვების წელი 2017, საიდენტიფიკაციო კოდი: M----------------;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არსებობს სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის განჩინებით დადგენილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, მე-8, 55-ე, 199 1, 243-ე-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591, 364-365-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,ც--------–-ს’’ (ს/კ 4--------) სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფია ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო მოპასუხე შპს ,,ს-------------------–---ს“ (ს/კ 2--------) სახელზე რიცხულ სატრანსპორტო საშუალებებს:

ა) ,,C---------------“, სახელმწიფო ნომრით - B-----, გამოშვების წელი 2012, საიდენტიფიკაციო კოდი: C----------------;

ბ) ,,T-----------------------“ სახელმწიფო ნომრით I------, გამოშვების წელი 2018, საიდენტიფიკაციო კოდი: J----------------;

გ) ,,T-----------“ სახელმწიფო ნომრით D------, გამოშვების წელი 2017, საიდენტიფიკაციო კოდი: M----------------;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე სოფიო ლეჟავა