გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/32317-19 (330210019003349684)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მაია კუთხაშვილი
სხდომის მდივანი ლიკა სოხაძე
მოსარჩელე - შპს „ს---“
წარმომადგენელი - დ------------------ე
მოპასუხე - სს „თ-------–------ი“
წარმომადგენელი - ფ----------------–---ი
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო (შემცირებული) მოთხოვნა
1.1. სს „თ-------–------ს“ მოსარჩელე შპს „ს---ს“ სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის სახით 33 980 აშშ დოლარის ანაზღაურება.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2015 წელს მხარეები შეთანხმდნენ ურთიერთთანამშრომლობაზე, რაც გულისხმობდა შემდეგს: შპს „ს---“ თურქეთის რესპუბლიკიდან შემოიყვანდა სატვირთო და ცისტერნა ავტომანქანებს, რომლებსაც მიჰყიდიდა სს „თ-------–------ს“ და შემდგომ ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე უკან შეიძენდა ამ ავტომანქანებს. აღნიშნული მიზნის მისაღწევად მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულებები, კერძოდ, 2015 წლის 26 მარტს შპს „ს---ს“ და სს „თ-------–------ს“ შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს „ს---მ“, როგორც გამყიდველმა, სს „თ-------–------ს“ მიჰყიდა 3 ცისტერნა მისაბმელი, რომლის ღირებულება ჯამში განისაზღვრა 99 120 აშშ დოლარით (დღგ-ს ჩათვლით). ამავე დღეს მხარეთა შორის გაფორმდა გენერალური ლიზინგის ხელშეკრულება, ხოლო გენერალური ლიზინგის ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმდა სამი ლიზინგის ხელშეკრულება და სს „თ-------–------მა შპს „ს---ს“ ლიზინგით გადასცა ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამი სატრანსპორტო საშუალება. თითოეული სატრანსპორტო საშუალების ღირებულებამ შეადგინა 38 399,64 აშშ დოლარი, ხოლო თითოეულ ქონებაზე შპს „ს---ს“ საავანსო გადასახადი განისაზღვრა 14 868 აშშ დოლარით, დანარჩენი თანხა კი მოსარჩელეს უნდა გადაეხადა გრაფიკით დადგენილი 24 თვის ვადაში. შპს „ს---ს“ მიერ გადასახდელი საავანსო გადასახადი სრულად იქნა გადახდილი სამივე მანქანაზე ურთიერთ გაქვითვით. მოსარჩელე მხარე 2015 წლის 25 მარტის შემდეგ ლიზინგის ხელშეკრულებით დადგენილი გრაფიკით იხდიდა ყოველთვიურ გადასახადს, მას ჰქონდა მცირეოდენი დარღვევები, საერთო ჯამში გადახდილი აქვს 20 თვის გადასახადი კეთილსინდისიერად, თუმცა კომპანიაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის გამო ვერ მოხერხდა ბოლო 4 თვის გადასახადის გადახდა, რის თაობაზე მოსარჩელემ შეატყობინა სს “თ-------–------ს” და სთხოვა მიეცათ ერთი ავტომანქანის გაყიდვის შესაძლებლობა, რათა სრულად დაეფარა დავალიანება ან დავალიანება გადაენაწილებინათ, თუმცა ნაცვლად დავალიანების გადანაწილებისა, სს “თ-------–------მა” მოსარჩელეს შეუწყვიტა ხელშეკრულება და ჩამოართვა სატრანსპორტო საშუალებები. მოსარჩელის განმარტებით, ხელშეკრულება მოპასუხემ მოშალა არამართლზომიერად, კანონით დადგენილი წესების დარღვევით, ისე, რომ არ გაუფრთხილებია შპს „ს---“, კერძოდ, მისთვის (უფლებამოსილი პირისთვის) არ ჩაუბარებია შეტყობინება და სწორედ ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვს მოსარჩელე, რისი უფლებაც მას მინიჭებული აქვს სსკ-ის 5806-ე მუხლით.
მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა მოპასუხისათვის 80 000 აშშ დოლარის დაკისრებას, თუმცა 2020 წლის 25 თებერვალს გამართულ სხდომაზე მან შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა (იხ. სხდომის ოქმი, 12:20:04) და მოითხოვა მოპასუხისათვის 33 980 აშშ დოლარის დაკისრება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე სს „თ-------–------მა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი. სს „თ-------–------ის“ მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტა განხორციელდა მართლზომიერად. შპს „ს---სა“ და სს „თ-------–------ს“ შორის 2015 წლის 26 მარტის გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმდა ლიზინგის სამი ხელშეკრულება. მხარეები შეთანხმდნენ ყველა არსებით პირობაზე, მათ შორის ხელშეკრულების ფასსა და გადახდის ვადაზე. ლიზინგის საზღაურის გადახდა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების დანართში მოცემული გრაფიკის შესაბამისად. მხარეებს შორის წარმოიშვა სალიზინგო ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. შპს „ს---“ ლიზინგის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს მუდმივად არღვევდა, რის გამოც სს „თ-------–------მა“ 2016 წლის 8 დეკემბერს გაუგზავნა წერილობითი შეტყობინება და ვალდებულების შესასრულებლად განუსაზღვრა 15 დღიანი ვადა. ამავე შეტყობინებით მოსარჩელეს ეცნობა, რომ ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში შეწყვეტდა ლიზინგის ხელშეკრულებებს. სწორედ აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო 2017 წლის 4 აპრილის №1,162/17 წერილობითი შეტყობინების საფუძველზე სს „თ-------–------მა“ ცალმხრივად შეწყვიტა ლიზინგის ხელშეკრულებები. მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე ასევე განმარტა, რომ შპს „ს---ს“ გაფრთხილების წერილი გაეგზავნა ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე და შესაბამისად, ჩაბარდა უფლებამოსილ პირს. ამდენად, ლიზინგის გამცემმა ხელშეკრულება მოშალა კანონიერად. ხოლო რაც შეეხება ლიზინგის საგნის დაბრუნებას, აღნიშნულის ვალდებულება ლიზინგის მიმღებს კანონის შესაბამისად ეკისრებოდა და არანაირ იძულებას მოპასუხის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 26 მარტს შპს „ს---სა“ და სს „თ-------–------ს“ შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება №1306-01, შპს „ს---მ“, როგორც გამყიდველმა სს „თ-------–------ს“ მიყიდა სამი ერთეული ცისტერნა მისაბმელი, რომელთა ჯამური ღირებულება შეადგენდა 99 120 აშშ დოლარს დღგ-ს ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 26.03.2015 ხელშეკრულება (ს.ფ 20-23);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.2. 2015 წლის 26 მარტს შპს „ს---სა“ და სს „თ-------–------ს“ შორის გაფორმდა ლიზინგის გენერალური ხელშეკრულება №2420-1306, რომლის ფარგლებშიც იმავე თარიღით გაფორმდა სამი სხვადასხვა ლიზინგის ხელშეკრულება - №2420-1306-12434, №2420-1306-12435 და №2420-1306-12436. აღნიშნული ხელშეკრულებებით სს “თ-------–------მა” შპს „ს---ს” ლიზინგით გადასცა სამი ერთეული სატრანსპორტო საშუალება. ლიზინგის თითოეული საგნის ღირებულება შეადგენდა 38 399,64 აშშ დოლარს. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 24 თვით. ლიზინგის საზღაურის გადახდა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულების დანართის შესაბამისად. ხელშეკრულებები ხელმოწერილია სს „თ-------–------ის“ დირექტორის - ნ--------–----ისა და შპს „ს---ს“ დირექტორის - ს--- უ--–--ს მიერ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
- ლიზინგის ხელშეკრულებები (ს.ფ. 24-30, 31-33, 34-36, 37-39).
3.1.3. მოსარჩელე შპს „ს---ს“ მხრიდან დაირღვა ლიზინგის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობები, კერძოდ მან ვერ გადაიხადა გრაფიკით გათვალისწინებული თანხა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. შპს „ს---ს“ მიერ სალიზინგო საზღაურის ბოლო გადახდა განხორციელდა 2016 წლის 20 დეკემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი/ გადახდების ცხრილი (ს.ფ. 40-43).
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.2.2. 2016 წლის 8 დეკემბერს სს „თ-------–------მა“ შპს „ს---ს“ გაუგზავნა შეტყობინება მისამართზე: ქ. ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი №138 და აცნობა, რომ ადგილი ჰქონდა ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ლიზინგის საზღაურის გადახდის გრაფიკის დარღვევას. შესაბამისად, დავალიანების 15 დღის ვადაში გადაუხდელობის და შპს „ს---ს“ მხრიდან ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების განმეორების შემთხვევაში სს „თ-------–------ი“ უფლებას იტოვებდა გამოეთხოვა ლიზინგის საგნები და მიემართა სასამართლოსათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებების ასამოქმედებლად. აღნიშნული წერილი შპს ს---ს ჩაბარდა 2016 წლის 9 დეკემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შეტყობინება, შეტყობინების ბარათი (ს.ფ. 99-101).
3.2.3. 2017 წლის 4 აპრილს სს „თ-------–------მა“ შპს „ს---ს“ მიმართა №1,162/17 წერილით და აცნობა, რომ შპს „ს---ს“ მიმდინარე ვადაგადაცილებული დავალიანება შეადგენდა 41 168,21 ლარს (ძირითადი სალიზინგო საზღაური - 38 898.28 ლარი, ჯარიმა - 2 269.93 ლარი). ამასთან, შეატყობინა, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში სს „თ-------–------ი“ ცალმხრივად შეწყვეტდა ხელშეკრულებას და მოითხოვდა ლიზინგის საგნების ლიზინგის გამცემის მფლობელობაში დაბრუნებას 3 (სამი) დღის ვადაში. აღნიშნული შეტყობინება შპს „ს---ს“ გაეგზავნა მისამართზე: ქ. ბ---------------------------------–--–----- და 2017 წლის 7 აპრილს ჩაბარდა თარჯიმანს - ლ------------ეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შეტყობინება, ჩაბარების დასტური (ს.ფ. 96-98).
3.2.4. ლიზინგის გენერალური ხელშეკრულების 15.4 მუხლით დეტალურად იქნა გაწერილი ხელშეკრულების მიზნებისთვის ინფორმაციის გაცვლის წესი, ფორმა და რეკვიზიტები, კერძოდ:
ლიზინგის გამცემის რეკვიზიტები:
ნ--------–----ე (დირექტორი)
მის: თ---–---------–---------------
ელ.ფოსტა: info@tbcleasing.ge
ტელ: 2------
ლიზინგის მიმღების რეკვიზიტები:
ს--- უ--–-- (დირექტორი)
მის: ქ. ბ----------------–---–------------------
ალტერნატიული მის: ქ. ბ---------------------------------–--–-----
ელ.ფოსტა: kukulina@mail.ru
ტელ: 5-----------
ხელშეკრულების 15.8 პუნქტის თანახმად, ინფორმაციის (გზავნილის) ჩაბარების მიზნებისთვის უფლებამოსილ პირად ითვლებოდა ნებისმიერი პირი, რომელიც იმყოფებოდა ლიზინგის მიმღების მიერ მითითებულ მისამართზე. მიუხედავად იმისა, ის წარმოადგენდა თუ არა უშუალოდ ლიზინგის მიმღების უფლებამოსილ წარმომადგენელს ან თანამშრომელს. ამ პირისთვის ინფორმაციის (გზავნილის) გადაცემა ითვლებოდა ლიზინგის მიმღებისთვის ინფორმაციის (გზავნილის) ჩაბარებად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 26.03.15წ. ხელშეკრულება (ს.ფ. 29).
3.2.5. მოპასუხე სს „თ-------–------ის“ მიერ ლიზინგის ხელშეკრულებების მოშლა განხორციელდა მართლზომიერად და კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოპასუხის ახსნა-განმარტება;
- შეტყობინებები (ს.ფ. 96-101);
- ხელშეკრულება (ს.ფ. 24-30).
განსახილველ შემთხვევაში მოსაჩელემ მოპასუხის მხრიდან ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელ გარემოებად მიუთითა მისი მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა, უფრო ზუსტად - მისი შეწყვეტა კანონის დარღვევით, წინასწარ შეუტყობინებლად, რის საწინააღმდეგოდ მოპასუხე მხარემ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება სადავო გახადა იმ საფუძვლით, რომ სს „თისიბი ლიზინგის“ მიერ შპს „ს---სთან“ დადებული ლიზინგის ხელშეკრულების მოშლა განხორციელდა მართლზომიერად.
ფაქტობრივად ორივე მხარე უთითებს ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოებებზე, შესაბამისად, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებები უნდა დადგინდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს. (იხ. სუსგ, საქმე №ას-1206-1166-2016).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’.
შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
მითითებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობიდან გამომდინარე, მტკიცება იმისა, რომ ხელშეკრულების მოშლა მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, მას შემდეგ, რაც მოსარჩელემ მიუთითა ხელშეკრულების შეწყვეტისათვის აუცილებელი წესების დარღვევაზე, ეკისრება მოპასუხე მხარეს.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, მოსაჩელემ სადავო გახადა მოპასუხის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერება და მიუთითა, შეწყვეტა კანონის დარღვევით განხორციელება გამოიხატება წინასწარ შეუტყობინებლობა, რის საწინააღმდეგოდ მოპასუხემ წარმოადგინა წერილობითი მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც მოპასუხე მხარეს ჯერ გაფრთხილება ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგებზე, შემდეგ კი შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მხარეს გაეგზავნა სწორედ ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა თარჯიმანს, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ უფლებამოსილ პირს. ამდენად, მოპასუხემ საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად წარმოადგინა წერილობითი მტკიცებულება, შესაბამისად, მოსარჩელის ზეპირი განმარტება ვერ გამოგება მის მიერ მითითებული გარემოების დასადასტურებლად.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 405-ე, 576-ე, 5805-ე, 5806-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
6.2. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულება მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგია, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე და მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას.
6.4. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობის საფუძველია ლიზინგის ხელშეკრულება, რომლის სამართლებრივი რეგულირებაც მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 576-ე და მომდევნო მუხლებში.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის თანახმად, ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით, ამ ქონების შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე, ხოლო ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი დეტალურად ადგენს ლიზინგის ხელშეკრულების მოშლის წესსა და მის სამართლებრივ შედეგებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კანონმდებელი ლიზინგის გამცემს უფრო ფართო უფლებამოსილებას ანიჭებს, ვიდრე ლიზინგის მიმღებს. სსკ-ის 5805-ე მუხლის თანახმად, 1. ლიზინგის გამცემს შეუძლია მოშალოს ლიზინგის ხელშეკრულება, თუ ლიზინგის მიმღები არსებითად არღვევს თავის ვალდებულებებს. 2. ლიზინგის მიმღებს არ აქვს უფლება, მოშალოს ლიზინგის ხელშეკრულება მას შემდეგ, რაც ლიზინგის საგანს მიიღებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის ვეღარ ახორციელებს მფლობელობას ლიზინგის საგანზე ან მფლობელობის უფლება შეიზღუდა იმ პირის მიერ, რომელსაც უპირატესი უფლება აქვს ქონებაზე, თუკი ეს უფლება ან პრეტენზიები გამომდინარეობს ლიზინგის გამცემის ბრალეული ქმედებიდან. ყველა სხვა შემთხვევაში, როდესაც ლიზინგის გამცემი არსებითად არღვევს თავის ვალდებულებებს, ლიზინგის მიმღები უფლებამოსილია მოითხოვოს მხოლოდ ზიანის ანაზღაურება და არა ლიზინგის ხელშეკრულების მოშლა.
6.7. ამავე კოდექსის 5806-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ლიზინგის ხელშეკრულების ვადის გასვლისას ან ვადაზე ადრე შეწყვეტისას ლიზინგის გამცემს უფლება აქვს, ქონება დაიბრუნოს მფლობელობაში და განკარგოს იგი, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ლიზინგის მიმღებს უფლება აქვს, მოსთხოვოს ლიზინგის გამცემს მისი მოქმედებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, თუ ლიზინგის გამცემი ქონებას მფლობელობაში დაიბრუნებს ლიზინგის მიმღების მფლობელობის არამართლზომიერი ხელშეშლის გზით, ან თუ ლიზინგის გამცემს არ დაუწესებია დამატებითი ვადა ამ კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ასეთი ვადის დაწესება 405-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად არ არის საჭირო. ამასთანავე, ლიზინგის მიმღებს არ აქვს უფლება, მოითხოვოს ლიზინგის საგანზე მფლობელობის აღდგენა.
ამდენად, აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ლიზინგის მიმღების მხრიდან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლი უნდა იყოს ლიზინგის გამცემის მხრიდან ქონების მფლობელობაში არამართლზომიერად დაბრუნება მფლობელობის არამართლზომიერი ხელშეშლის გზით, ან დამატებითი ვადის დაუწესებლობა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეებს შორის გაფორმებული იყო ლიზინგის ხელშეკრულებები, უდავოა, რომ ლიზინგის მიმღებმა ვერ გადაიხადა ლიზინგისათვის დადგენილი საზღაური, რამაც უფლებამოსილება მიანიჭა ლიზინგის გამცემს შეეწყვიტა ლიზინგის ხელშეკრულება და დაებრუნებინა ლიზინგის საგანი, ლიზინგის ხელშეკრულების შეწყვეტისათვის საჭირო წინაპირობების დაცვით, კერძოდ, ლიზინგის მიმღების წინასწარი გაფრთხილების და შეტყობინების გაგზავნის გზით, რაც მოპასუხის მიერ სრულად იქნა გათვალისწინებული, კერძოდ, მხარეთა შორის გაფორმებული ლიზინგის ხელშეკრულებებით მხარეებმა დეტალურად განსაზღვრეს ხელშეკრულების მოქმედების დრო, ლიზინგის საზღაურის გადახდის წესი და პირობები, ხელშეკრულების შეწყვეტისა და ინფორმაციის გაცვლის წესი. კერძოდ, ხელშეკრულების 3.6. პუნქტის თანახმად, ლიზინგის საზღაურის გადახდა უნდა მომხდარიყო შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად, ყოველთვიურად 24 თვის განმავლობაში და ხელშეკრულება ძალაში იყო 2017 წლის 26 მარტამდე. ხელშეკრულების 14.6 პუნქტის თანახმად, ლიზინგის გამცემს შეეძლო ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა, თუ ლიზინგის მიმღები ვერ გადაიხდიდა ლიზინგის საზღაურს ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით. ხელშეკრულების 14.18 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში ლიზინგის გამცემს უფლებამოსილება ჰქონდა მინიჭებული შეტყობინების მიწოდების გზით მოეთხოვა აღნიშნული ხელშეკრულების მოშლა/ცალმხრივად შეწყვეტა. ლიზინგის ხელშეკრულების მოშლამდე ლიზინგის გამცემი ვალდებული იყო წერილობითი შეტყობინება გაეგზავნა ლიზინგის მიმღებისათვის და შესრულებისთვის განესაზღვრა დამატებითი ვადა. შეტყობინებაში მითითებული უნდა შესასრულებელი ვალდებულება, ინფორმაცია ხელშეკრულების მოშლის შესახებ და ვადა, რომელსაც ლიზინგის გამცემი აძლევდა ლიზინგის მიმღებს ვალდებულების შესასრულებლად. თუ ვალდებულება შესრულდებოდა მხარეთა მიერ შეთანხმებულ ვადაში, ლიზინგის ხელშეკრულება არ მოიშლებოდა (ხელშეკრულების 14.9 პუნქტი).
რაც შეეხება მოსარჩელის პოზიციას მოპასუხის მიერ ხელშეკრულების მოშლისას მისი მხრიდან დაშვებული დარღვევების შესახებ, კერძოდ წინასწარ შეტყობინებლობასთან დაკავშირებით, სასამართლო არ იზიარებს, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, ხელშეკრულებით, როგორც უკვე აღინიშნა, მოპასუხემ დაიცვა მხარეთა შორის შეთანხმებული ინფორმაციის გაცვლის წესი (ხელშეკრულების 15.4 პუნქტი), კერძოდ, გაფრთხილება და შეტყობინება გაიგზავნა ლიზინგის მიმღების საკონტაქტო მისამართზე - ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის ქ. №69, ბინა №45, ალტერნატიულ მისამართზე მითითებულია ქ. ბ---------------------------------–--–-----, გზავნილებაჩაბარდა უფლებამოსილ პირს, ვინაიდან მხარეებმა ხელშეკრულებით ინფორმაციის ჩაბარების მიზნებისთვის უფლებამოსილ პირად მიიჩნიეს ნებისმიერი პირი, რომელიც იმყოფება ლიზინგის მიმღების მიერ მითითებულ მისამართზე მიუხედავად იმისა, ის წარმოადგენს თუ არა უშუალოდ ლიზინგის მიმღების უფლებამოსილ წარმომადგენელს ან თანამშრომელს (15.8), ლიზინგის მიმღების მიერ მითითებული ანგარიშის ან ხელშეკრულებაში მითითებული ნებისმიერი ინფორმაციის, მათ შორის საკონტაქტო მონაცემების ცვლილების შესახებ ლიზინგის გამცემი ინფორმირებული არ ყოფილა (რაც სავალდებულო იყო ხელშეკრულების 15.12 პუნქტით).
ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ 2016 წლის 8 დეკემბერს სს „თ-------–------მა“ შეტყობინება გაუგზავნა ლიზინგის მიმღებს (მის: ქ. ბ---------------------------------–--–-----) და გააფრთხილა დავალიანების 15 დღის ვადაში გადაუხდელობის შედეგებზე, გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე დასმულია შპს „ს---ს“ ბეჭედი, რაც ადასტურებს იმას, რომ გზავნილი ჩაბარდა ადრესატს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ლიზინგის გამცემის მხრიდან ხელშეკრულებით და კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა პროცედურის დაცვას.
რაც შეეხება მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ შეტყობინება ხელშეკრულების მოშლის შესახებ ჩაბარდა არაუფლებამოსილ პირს, სასამართლო არ იზიარებს და მიუთითებს, რომ აღნიშნული საკითხი (ჩაბარების კანონიერება) მოსარჩელე მხარემ სადავო გახადა სასამართლოს მთავარ სხდომაზე (ის. სხდომი ოქმი, 12:43:22), რისი უფლებაც მას საქართველოს სამოქალაქო საპრიოცესო კოდექსის შესაბამისად, არ ჰქონდა, თუმცა სასამარტლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ თავად ხელშეკრულების (რომელიც წარმოადგენს მხარეთა ურთიერთშეთანხმების შედეგს) 15.8 პუნქტი ადგენს, რომ გზავნილი ჩაბარების მიზნებისათვის უფლებამოსილ პირად ითვლება ნებისმიერი პირი, რომელიც იმყოფება ლიზინგის მიმღების მიერ მითითებულ მისამართზე, მიუხედავად იმისა, ის წარმოადგენს თუ არა უშუალოდ ლიზინგის მიმღების უფლებამოსილ წარმომადგენელს ან თანამშრომელს. ამ პირისთვის ინფორმაციის (გზავნილის) გადაცემა ითვლება ლიზინგის მიმღებისთვის ინფორმაციის (გზავნილის) ჩაბარებად.
რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას, რომ ადგილი არ ჰქონდა ხელშეკრულების არსებით დარღვევას, სასამართლო განმარტავს, რომ ლიზინგის ხელშეკრულება არის სასყიდლიანი ხელშეკრულება და მხარეთა შორის შეთანხმებული ფასი და ლიზინგის საზღაურის გადახდის წესი არის ამ ხელშეკრულების არსებითი პირობა. შესაბამისად, მისი გადაუხდელობა არის ხელშეკრულების არსებითი პირობის დარღვევა. აღნიშნული დარღვევა კი ლიზინგის მიმცემს აძლევდა უფლებას მოეშალა ხელშეკრულებები.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „თ-------–------ის“ მიერ ხელშეკრულების მოშლა მოხდა მართლზომიერად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 5805-ე და 405-ე მუხლებითა და მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით დადგენილი წესების სრული დაცვით, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურება შესახებ, არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი.
7. სახელმწიფო ბაჟი
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
განსახილველ შემთხვევაში დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით (ს.ფ. 52). შესაბამისად, რადგან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სახელმწიფო ბაჟი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მოსარჩელე შპს „ს---ს“ სარჩელი სს „თ-------–------ის“ მიმართ, ზიანის ანაზღაურების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 5000 ლარი - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია კუთხაშვილი