გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.04.2020
საქმის ნომერი
010210018002397411
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
16.04.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010210018002397411

№2-1554/2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი

შესავალი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - სალიხ შინიძე

სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე

მოსარჩელე: ა--------ა

წარმომადგენელი: დ--–-------ე

მოპასუხე: დე--------–---ი

წარმომადგენელი: ზა---------ე

დავის საგანი: ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხე დე--------–---ს მოსარჩელე ა--------ას სასაგებლოდ დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის - მა----------–---ას (დაბ. 2011 წლის 0-----------ს, პ/ნ 7----------) რჩენისათვის, მის სრულწლოვანების ასაკს მიღწევამდე, ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად1500 ლარის ოდენობით.

1.2. მოპასუხე დე--------–---ს მოსარჩელე ა--------ას სასაგებლოდ დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის - მა----------–---ას (დაბ. 2011 წლის 0-----------ს, პ/ნ 7----------) ყოველწლიურად 1000 ლარის გადახდა საზაფხულო და საზამთრო არდადეგებზე დასვენებისათვის.

 

სარჩელი დასაბუთებულია შემდეგი არგუმენტებით:

- 2010 წლის 09 სექტემბრიდან მხარეები - ა--------ა და დე--------–---ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან. ქორწინების პერიოდში, 2011 წლის 0-----------ს შეეძინათ შვილი - მა----------–---ი. მხარეებს შორის არსებობდა უთანხმოებები, რის გამოც მოსარჩელე შვილთან ერთად წამოვიდა მოპასუხის ოჯახიდან და ცხოვრობს ცალკე. შვილზე ზრუნავს თვითონ, ხოლო მოპასუხე არასაკმარისად ზრუნავს ბავშვის რჩენა-აღზრდაზე;

- არასრულწლოვანი მა----------–---ი სწავლობს სკოლაში ,,მ---", სწავლის წლიური საფასური შეადგენს 2500 ლარს, რომელსაც იხდის მოსარჩელე. ბავშვი იჩენს ინტერესს ხატვისადმი, მაგრამ უსახსრობის გამო მოსარჩელე მას ვერ ასწავლის სამხატვრო სკოლაში, ასევე სხვა დისციპლინებზე ვერ ამეცადინებს. მიუხედავად მოთხოვნისა, მოპასუხე ყოველთვიურად სტაბილურად არ იხდის სარჩო-ალიმენტს, რის გამოც მოსარჩელე იძულებული გახდა მოემართა სასამართლოსათვის.

- მოსარჩელე მიუთითებს, რომ ალიმენტის სტაბილურად გადახდის შემთხვევაშიც, მისი დატვირთვა ბავშვის რჩენა-აღზრდაში ყოველთვის მეტია, რადგან ბავშვი საჭიროებს ყოველდღიურ მოვლა-ზრუნვას, გართობას და ა.შ., რაც მოითხოვს ჯაფას და დროს.

- მოპასუხე არის მეზღვაური და დასაქმებულია შპს ,,იბ------------–-ის" კომპანიაში. მისი წლიური შემოსავალი აღემატება წელიწადში 10000 აშშ დოლარს, რის გამოც მას შეუძლია გადაიხადოს მოთხოვნილი ალიმენტის ოდენობა. მოსარჩელემ მიმართა აღნიშნულ კომპანიას მოპასუხის სახელფასო ანაზღაურების თაობაზე ინფორმაციის მოწოდების მოთხოვნით, თუმცა პასუხი არ მიუღია.

- მოპასუხე ყოველწლიურად აახლებს მეზღვაურის სერტიფიკატებს, რაც მის მუდმივად დასაქმებაზე, ნაოსნობაში ყოფნაზე მიუთითებს.

(იხ. სარჩელი, ახსნა-განმარტებები სხდომის ოქმში).

 

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხე სარჩელს ცნობს ნაწილობრივ. კერძოდ:

- მოპასუხე დე--------–---მა შესაგებლით სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ არ არსებობს ალიმენტის დაკისრების საფუძველი, რადგან იგი, როგორც მამა, თავის არასრულწლოვან შვილზე მუდმივად ზრუნავს;

- მოსარჩელეს რაიმე მტკიცებულებაარ წამოუდგენია იმის თაობზე, რომ იგი იხდის ბავშვის სწავლის საფასურს ან სხვა გადასახადს. ხოლო, თუ ბავშვის ზრუნვა-მოვლა არ შეუძლია, მოპასუხე თანახმაა, თვითონ წაიყვანოს შვილი თავისთან და ტავად მოუვლის, იზრუნებს მასზე.

- მოთხოვნილი ალიმენტის ოდენობა არარეალურია, ასევე საზაფხულო და სასაზამთრო არდადეგებზე დასვენების ხარჯის მოთხოვნის ნაწილშიც, მოპასუხე, შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალურად ზრუნავს შვილზე.

- მხარეებს 2014 წლის 24 სექტენბერს ერთობლივად აქვთ აღებული სესხი სს ,,საქართველოს ბანკიდან" 150000 აშშ დოლარის ოდენობით, რომელსაც მხოლოდ მოპასუხე იხდის ყოველთვიურად 700 აშშ დოლარის ოდენობით და გადახდაში მოსარჩელე მონაწილეობას არ ღებულობს.

- სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო საჩელი, იგი თანახმაა ყოველთვიურად გადაიხადოს ალიმენტი 150 ლარის ოდენობით, მეტის გადახდას კი ვერ შეძლებს.

- მოპასუხე განმარტავს, რომ რახან მეზღვაურია, ეს არ ნიშნავს, რომ მუდმივად რეისშია და დასაქმებულია, სერტიფიკატებს იმიტომაც აახლებს, რომ მზად იყოს, როცა რეისში წასვლის საშუალება ეძლევა. რეისიდან დაბრუნებისა და მომდევნო რეისში წასვლამდე ახალი კონტრაქტი მაშინვე არ იდება და საკმაო დრო გადის.

(იხ. დაზუსტებული შესაგებელი, ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში).

 

3. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1 უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. 2010 წლის 09 სექტემბრიდან მხარეები - ა--------ა და დე--------–---ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან. ქორწინების პერიოდში, 2011 წლის 0-----------ს შეეძინათ შვილი - მა----------–---ი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი;

- ქორწინების მოწმობა; ბავშვის დაბადების მოწმობა;

3.1.2. მხარეებს შორის არსებობდა უთანხმოებები, რის გამოც მოსარჩელე შვილთან ერთად წამოვიდა მოპასუხის ოჯახიდან და ცხოვრობს ცალკე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა- განმარტება. (ი.ხ. სხდომის ოქმი).

3.1.3. მოპასუხე დე--------–---ი მეზღვაურია, ის პერიოდულად იმყოფება საზღვაო ნაოსნობაში და ღებულობს შესაბამის ანაზღაურებას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა- განმარტება. (ი.ხ. სხდომის ოქმი);

3.1.5. მოსარჩელე დასაქმებული არ არის, არ გააჩნია შემოსავალი, საწინააღმდეგოზე მხარეები არ მიუთითებენ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი;

 

- მხარეთა ახსნა- განმარტება. (ი.ხ. სხდომის ოქმი);

3.1.6. მხარეთა შვილი - არასრულწლოვანი მა----------–---ი სწავლობს სკოლაში ,,მ---", სწავლის წლიური საფასური შეადგენს 2500 ლარს. ასევე, მა----------–---ა 2018 წლის ოქტომბრის თვიდან მეცადინეობს კერძო მასწავლებელთან (ქართული და მათემატიკა) და ყოველთვიური გადახადი შეადგენს 70 ლარს. ასევე სწავლობს საბალეტო სტუდიაში და ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 60 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა- განმარტება. (ი.ხ. სხდომის ოქმი);

- ცნობები;

- შპს ,,მ---სკოლას" მიერ გაცემული ცნობა;

- ხელშეკრულება;

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. მხარეთა შორის სადავოა შემდეგი:

 

- რამდენი აქვს ხელფასი - შემოსავალი მოპასუხეს;

- აქვს თუ არა მოპასუხეს სასესხო ვალდებულებები;

- რა ოდენობით უნდა განისაზღვროს ალემენტი;

 

სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებების ანალიზით. მხარეები მტკიცებულებებით ერთმანეთს ეჯიბრებიან ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცებაში. სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამათუ იმ ფაქტის არსებობისა. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მხარეთა მირ წარმოდგენილი მტკიცებულებები შეიძლება გამოდგეს ამა თუ იმ ფაქტის დასადასტურებლად ან არ გამოდგეს. საკითხი თუ რამდენად ვარგისია მტკიცებულება ფაქტის დასადგენად, უნდა გადაწყდეს მტკიცებულების შეფასებით. სასამართლომ უნდა შეაფასოს - ზეპირი განმარტებები წარმოადგენს თუ არა დასაქმებისა და შემოსავლის მტკიცებულებას.

 

3.2.2. მოსარჩელე მიუთითებს, რომ:

- მოპასუხე დასაქმებულია შპს ,,იბ------------–-ის" კომპანიაში. მისი წლიური შემოსავალი აღემატება წელიწადში 10000 აშშ დოლარს, რის გამოც მას შეუძლია გადაიხადოს მოთხოვნილი ალიმენტის ოდენობა. მოსარჩელემ მიმართა აღნიშნულ კომპანიას მოპასუხის სახელფასო ანაზღაურების თაობაზე ინფორმაციის მოწოდების მოთხოვნით, თუმცა პასუხი არ მიუღია.

- მოპასუხე ყოველწლიურად აახლებს მეზღვაურის სერტიფიკატებს, რაც მის მუდმივად დასაქმებაზე, ნაოსნობაში ყოფნაზე მიუთითებს.

 

მოპასუხე კი განმარტავს, რომ:

- მოპასუხე განმარტავს, რომ რახან მეზღვაურია, ეს არ ნიშნავს, რომ მუდმივად რეისშია და დასაქმებულია, სერტიფიკატებს იმიტომაც აახლებს, რომ მზად იყოს, როცა რეისში წასვლის საშუალება ეძლევა. რეისიდან დაბრუნების და მომდევნო რეისში წასვლამდე ახალი კონტრაქტი მაშინვე არ იდება და საკმაო დრო გადის.

- გარდა ამისა, მხარეებს 2014 წლის 24 სექტენბერს ერთობლივად აქვთ აღებული სესხი სს ,,საქართველოს ბანკიდან" 150000 აშშ დოლარის ოდენობით, რომელსაც მხოლოდ მოპასუხე იხდის ყოველთვიურად 700 აშშ დოლარის ოდენობით და გადახდაში მოსარჩელე მონაწილეობას არ ღებულობს.

 

3.2.3. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოპასუხე დე--------–---ი, როგორც მეზღვაური, ნაოსნობაში ბოლოს იყო 2018 წლის 14 ივლისიდან 2019 წლის 08 თებერვლამდე, 7 კალენდარული თვის განმავლობაში და მისი ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება დანამატების ჩათვლით შეადგენდა 4856 აშშ დოლარს. ანუ 7 თვის განმავლობაში მიღებული აქვს 33992 აშშ დოლარი.

მეზღვაურის დასაქმების სპეციფიკიდან გამომდინარე (ნაოსნობიდან მეორე ნაოსნობამდე გარკვეული პერიოდი გადის), აღნიშნული თანხის გადანაწილებით 12 თვეზე, მოპასუხის საშუალო თვიური ხელფასი შეადგენს 2832,66 აშშ დოლარს.

შესაბამისად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე მოპასუხის საშუალო თვიური შემოსავალი შეადგენს 2832,66 აშშ დოლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საკრუინინგო კომპანიის ,,Wo-------------------------t" LTD-ს მიერ მოწოდებული ინფორმაცია;

- მხარეთა განმარტებები;

 

3.2.4. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოპასუხე დე--------–---ს 2014 წლის 24 სექტებერს აღებული აქვს სესხი/კრედიტი სს ,,საქართველოს ბანკიდან" 150000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო სესხის თავდები პირია მოსარჩელე ა--------ა. სასამართლოს ასევე დადგენილად მიაჩნია, რომ სესხის ვალდებულებიდან გამომდინარე, სესხს ყოველთვიურად 700 აშშ დოლარის ოდენობით იხდის მხოლოდ მოპასუხე-მსესხებელი. კრედიტის დაფარვის ბოლო ვადაა 2024 წლის 07 ოქტომბერი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა- განმარტება. (ი.ხ. სხდომის ოქმი);

- საბანკო მომსახურების ხელშეკრულება, წერილობითი განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ, კრედიტის დაფარვის გრაფიკი.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სარჩელის განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციების გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

- საქართველოს კონსტიტუცია;

- ,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენცია;

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინების მიზანია არასრულწლოვანი ბავშვების დაცვა. მათთვის იმ სარჩოს მიღების გარანტიის შექმნა, რაც კანონით ერგებათ მშობლებისაგან.

 

,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.

 

6.2. საქართველო მიერთებულია ,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციაზე და იძლევა გარანტიას ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში.

 

ბავშვთა უფლებების დაცვა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლით:

,,1. ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.

2. სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას.

3. დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით”.

ბავშვთა უფლებების დაცვა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ვალდებულებაა. მას აღიარებს საქართველოს კონსტიტუცია და ქმნის მისი დაცვის გარანტიებს. მათგან ძირითადი მარეგულირებელი ნორმები თავმოყრილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსში.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლით: ,,მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ”.

ამავე კოდექსის 1202-ე მუხლით ,,მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

ეს ვალდებულება არსებობს, მიუხედავად იმისა მშობლები ქორწინებაში იმყოფებიან, თუ მათ შორის ქორწინება შეწყვეტილია. მშობლები ვალდებულნი არიან აღზარდონ და არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე”.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ მხარეებს ჰყავთ 2011 წლის 0-----------ს დაბადებული საერთო შვილი - მა----------–---ი.

ბავშვი ცხოვრობს და იზრდება დედასთან ანუ მოსარჩელესთან. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხედე--------–---ი არ ცხოვრობს მოსარჩელესთან და შვილთან ერთად, მას შვილის მიმართ ისეთივე უფლებები გააჩნია, როგორც დედას - ა--------ას. გარდა უფლებისა, მას, როგორც მამას, ეკისრება რიგი ვალდებულებები, კერძოდ იზრუნოს შვილის რჩენაზე, აღზრდაზე და განვითარებაზე. ამ ვალდებულების შესასრულებლად მან აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს, როგორც მის აღზრდა-განვითარებაში, ასევე მატერიალურ უზრუნველყოფაში. ბავშვის აღზრდა ოჯახის ძირითადი ამოცანაა. ბავშვი ეკუთვნის არა მარტო მშობელს, არამედ მთელ საზოგადოებას. ამიტომ ბავშვის აღზრდა განიხილება, როგორც დიდმნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საქმე და მიიჩნევა არა მარტო ზნეობრივ, არამედ სამართლებრივ მოვალეობადაც. შვილის აღზრდაში მშობლებს თანაბარი უფლებები და მოვალეობები ეკისრებათ. არც ერთ მათგანს არ ენიჭება რაიმე უპირატესობა. სასამართლოს მიაჩნია, რომ შვილების აღზრდის პროცესში უპირატესად სწორედ ბავშვის ინტერესები უნდა იქნეს გათვალისწინებული. შესაბამისად აღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ მშობელს, რომელთანაც ბავშვი არ იზრდება და რომელიც ყოველდღიურად ვერ მონაწილეობას ბავშვის აღზრდასა და განვითარებაში, ალიმენტის სახით უნდა დაეკისროს იმ ოდენობის თანხა, რაც უზრუნველყოფს ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის აუცილებელი ხარჯების მინიმუმს მაინც.

აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხის ვალდებულებაა არასრულწლოვანი შვილის რჩენისათვის გადაიხადოს ალიმენტი და უზრუნველყოს მისი რჩენა და აღზრდა-განვითარება.

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად, ,,თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას წყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას”.

ამავე კოდექსის 1230-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,გადასახდელი ალიმენტის ოდენობას, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, განსაზღვრავს სასამართლო ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით, ალიმენტის გადამხდელისა და მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით”.

 

საქმის განხილვით დადგინდა, რომ მხარეები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე. მოსარჩელეს სურს მოპასუხის ვალდებულება ალიმენტის გადახდაში განისაზღვროს თვეში 1500 ლარით. ასევე მოითხოვს ყოველწლიურად 1000 ლარის დაკისრებას ბავშვის საზაფხულო და საზამთრო არდადეგებზე დასვენებისათის. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოპასუხის შემოსავლის მიხედვით, ალიმენტის სახით შვილისათვის 1500 ლარი გონივრული ოდენობაა. მოპასუხე კი თვლის, რომ ამჟამად შვილის აღზრდასა და რჩენაში მისი საალიმენტო ვალდებულება უნდა განისაზღვროს 150 ლარის ოდენობით, ვინაიდან მისი შემოსავალი არაა საკმარისი. აღნიშნული იმას ნიშნავს, რომ ალიმენტის ოდენობაზე მხარეები ვერ თანხმდებიან, ამიტომ ალიმენტის ოდენობა უნდა დაადგინოს სასამართლომ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, როგორც მშობლების ეკონომიური მდგომარეობა, ისე შვილის რჩენისათვის საჭირო თანხის გონივრული ოდენობა. ეკონომიური პრობლემები არ გამორიცხავს მოპასუხის მოვალეობას შვილთან მიმართებაში მეორე მშობლის ანუ მოსარჩელის თანაბრად მიიღოს მონაწილეობა შვილის აღზრდაში.

 

იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხის შემოსავალი საშუალოდ თვეში შეადგენს 2832,66 აშშ დოლარს, ხოლო მოპასუხე ყოველთვიურად იხდის ბანკის სესხს 700 აშშ დოლარის ოდენობით (2024 წლის 07 ოქტომბერია გადახდის გრაფიკით სესხის დაფარვისათვის ბოლო გადახდა), სასამართლოს, ალიმენტი ოდენობა 800 ლარი, მიაჩნია გონივრულ ოდენობად.

 

აქედან გამომდინარე, ლოგიკურია მსჯელობა მასზედ, რომ თუ შვილის მიმართ ორივე მშობელი თანასწორი და თანაბარია, მაშინ შვილის რჩენასა და აღზრდაზე მამამ მონაწილეობა უნდა მიიღოს მიუხედავად მისი შემოსავალისა. მოპასუხის ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის რჩენისათვის ალიმენტის სახით უნდა დაეკისროს თვეში 800 ლარის გადახდა, რაც შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფს არასრულწლოვანი შვილის ნორმალურ განვითარებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ შვილის ნორმალური რჩენის, აღზრდისა და განვითარებისათვის საჭიროა სოლიდური თანხები და რომ 800 ლარი შეიძლება არაა საკმარისი მცირეწლოვანი ასაკის შვილის რჩენისა და აღზრდისათვის, მაგ. მოცემულ შემთხვევაში ბავშვი სწავლობს კერძო სკოლაში, რომლის წლიური საფასურია 2500 ლარი, დადის კერძო გაკვეთილებზე (70 ლარი), ასევე ბალეტის სტუდიაში (60 ლარი), ასევე იგი საჭიროებს კვებას, ჩაცმას და ა. შ., - მაგრამ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა უნდა მოხდეს მშობლების მატერიალური შესაძლებლობებისა და შვილის რჩენისათვის სავალდებულო ხარჯების თანაფარდობის ფარგლებში და არა იმის მიხედვით, თუ რა თანხა სჭირდება შვილს აღსაზრდელად, ან რა თანხა გააჩნია მოპასუხეს შემოსავლის სახით. ასეთ სიტუაციაში 800 ლარის ალიმენტის სახით დადგენა არის გონივრული. ის არის, როგორც შვილის რჩენა-აღზრდის, ასევე მისი განვითარებისათვის შესაბამისი, ასევე მოპასუხის მატერიალური შესაძლებლობის ზღვარზე შერჩეული.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ორივე მშობლის ეკონომიური მდგომარეობისა და შვილის რჩენისათვის საჭირო თანხების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს თვეში 800 ლარის გადახდა. შესაბამისად, დამატებით 700 ლარისა და ყოველწლიურად 1000 ლარის დაკისრებაზე კი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

6.5. სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილით ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

სარჩელი აღძრულია 2018 წლის 07 სექტემბერს, შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, მოპასუხისათვის ალიმენტის გადახდის ვალდებულება დადგენილი უნდა იქნეს სარჩელის აღძვრიდან - 2018 წლის 13 აპრილიდან.

 

7. საპროცესო ხარჯები:

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელის მოთხოვნაა ალიმენტის დაკისრება. იგი ალიმენტის ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლებულია. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს დაეკისრა ალიმენტის სახით თვეში 800 ლარის გადახდა. მასზე გადასახდელი ბაჟის ოდენობა შეადგენს 288 ლარს. სარჩელის დაკმაყოფილების გამო ბაჟის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ა--------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. მოპასუხე დე--------–---ს მოსარჩელის ა--------ას სასარგებლოდ დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის - მა----------–---ას (დაბ. 2011 წლის 0-----------ს, პ/ნ 7----------) რჩენისათვის ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 800 ლარის ოდენობით, მის სრულწლოვანებამდე ან ვითარების სხვაგვარად შეცვლამდე. ალიმენტის გადახდის ვალდებულება აითვალოს სარჩელის აღძვრის დღიდან - 2018 წლის 13 აპრილიდან.

3. ა--------ას სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

4. მოპასუხე დე--------–---ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 288 ლარის ოდენობით.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. № 30).

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თრიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომელსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78 მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე სალიხ შაინიძე