განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/826-20
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 მარტი 2020 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ელენე გოგუაძემ
ანა სოსელიას მდივნობით
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ა----------–---–ი,დაცვის მხარე:
ბრალდებული - ა---------–--------ა, დაბადებული 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე, (პირადი #-----------), ნასამართლობის არ მქონე, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, თ----------------------------------------–-----–-------–-------
ადვოკატი - რ---–--------------ე,კვალიფიკაცია წარდგენილი ბრალდების მიხედვით: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი;
სხდომის სახე: ნაწილობრივ დახურული;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
ა---------–--------ამ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2020 წლის 8 იანვარს, დილის საათებში, თბილისი, ზ-------------------–----------------------------------–ში, ქარხანა ,,ა-–----ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ა---------–--------ამ ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლეს, ს--–---------–---ს თავი ჩაარტყა სახეში, ხელი ჩაავლო თმებში და რამდენიმეჯერ მიარტყმევინა კომოდზე, მრავალჯერ დაარტყა ხელები სახესა და სხეულზე და ფეხი დაარტყა სახეში, რითაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა სისხლის სამართლის საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ა---------–--------ას დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ა---------–--------ამ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა სისხლის სამართლის საქმეზე არსებული მტკიცებულებები, გარდა თავად დაზარალებულის ჩვენებისა მიიჩნეს უდავოდ და მოითხოვეს, რომ ისინი გამოკვლევის გარეშე დართოდა სისხლის სამართლის საქმეს. შესაბამისად საქმეში არსებულ მტკიცებულებებს საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის შესაბამისად მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა და ისინი გამოკვლევის გარეშე დაერთო საქმეს მტკიცებულების სახით.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება:
დაზარალებულ ს--–---------–---ის ჩვენების თანახმად, ა---------–--------ა არის მისი მეუღლე, ჰყავთ 2 მცირელოვანი შვილი, 2020 წლის 8 იანვარს ეჭვიანობის ნიადაგზე ა---------–--------ამ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, უწოდებდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალს, მოღალატეს, ამასთან ფიზიკურად ძალადობდა განახორციელა მასზე, კერძოდ თმაში მოკიდა ხელი და რამდენჯერმე მიარტყმევინა კომოდზე თავი, ასევე ცხვირში ამოარტა ფეხი, ურტყამდა ხელით. აღნიშნული ქმედებების გამო თვალთ უბლენდებოდა და განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს. სახეზე ჰქონდა დაზიანება - სილურჯეების სახით, ასევე დაზიანება ჰქონდა თავის არეში, მაგრამ სილურჯეები არ ეტყობოდა, ასევე ჰქონდა ხელზე დაზიანება იდაყვთან. მას სურს შეინარჩუნოს ოჯახი, შეურიგდეს მეუღლეს, არ სურს მისი ქმარი იმყოფებოდეს პატიმრობაში.
სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დადასტურებულია შემდეგი გარემოებები:
მოწმე ვ-–----------------ს ჩვენების თანახმად მუშაობს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–----------------------–---ში დეტექტივის თანამდებობაზე. 2020 წლის 9 იანვარს დაიწყო გამოძიება 2020 წლის 8 იანვარს მომხდარ მომხდარ ოჯახური კონფლიქტის ფაქტთან დაკავშირებით. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოცხადდა მის კოლეგასთან ერთად შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდათ ა---------–--------ა, რომელიც დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით (ს.ფ. 40-42)
მოწმე ი----------–---ის ჩვენების თანახმად, ს--–---------–---ი არის მისი მეუღლის პირველი შვილი. 2020 წლის 8 იანვარს საღამოს მის მეუღლეს დაურეკა ა---------–--------ამ და სთხოვა მასთან სახლში მისვლა. ზ------------–---ი წავიდა ს--–---------–---თან და ა---------–--------ასთან სახლში. მალევე დაბრუნდა უკან, იყო აღელვებული და მას განუმარტა, რომ ს--–----ს და ა---------–ს კონფლიქტი აქვთ ეჭვიანობის ნიადაგზე. შემდეგ წავიდნენ ისევ ს--–----სთან და ა---------–თან სახლში და წამოიყვანეს ს--–----. ს--–----ს სახეზე და თვალთან ჰქონდა ჩალურჯებები. ს--–----მ აღნიშნულზე განუმარტა, რომ მისმა მეუღლემ ეჭვიანობის ნიადაგზე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ხელით ურტყამდა, ასევე კედელზე მიარტყმევინა თავი. (ს.ფ. 43-45)
ანალოგიური დაადასტურა მოწმე ზ------------–---მა. (ს.ფ. 46-48)
2020 წლის 8 იანვრის ს--–---------–---ის განცხადების თანახმად, მეუღლემ ა---------–--------ამ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა (ს.ფ. 2)
2020 წლის 9 იანვრის ოქით ვიზუალური დათვალიერების შესახებ, ს--–---------–---ს ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღენიშნებოდა ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები სახის მიდამოში, კერძოდ ცხვირზე, მარცხენა თვალბუდის და ყვრიმალის არეში, ასევე მარცხენა მხარეს ქვედა ტუჩთან და მარცხენა ხელზე იღლიის გასწვრივ მკლავზე. (ს.ფ. 7-12)
2020 წლის 9 იანვრის შემაკავებელი ორდერის N------ თანახმად, ა---------–--------ას ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამო, აეკრძალა მსხვერპლთან მიახლოება, ასევე აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, ასევე აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ ადგილთან მიახლოება სადაც მსხვერპლი იმყოფება, ასევე აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით (ს.ფ. 13-19 )
2020 წლის 9 იანვრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქის თანახმად ს--–---------–---მა მიუთითა იმ ადგილებზე სადაც ა---------–--------ამ მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა (ს.ფ. 33-39)
სამედიცინო ექსპერტიზის 2020 წლის 20 იანვრის N--------- დასკვნის თანახმად, ს--–---------–---ს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების და სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანებები განვითარებული არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის/საგნების/ მოქმედებით და ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. (ს.ფ.51-54 )
სასამართლო სხდომაზე ა---------–--------ამ თავი შეიკავა ჩვენების მიცემისგან, თუმცა საბოლოო სიტყვაში განმარტა, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს, ნანობს აღნიშნულ ფაქტს, ჰყავს შვილები.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, ა---------–--------ას მიერ ს--–---------–---ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით არარელევანტურია და სასამართლო მათ არ მიმოიხილავს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შინაარსზე და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა თითოეული მათგანი ცალ-ცალკე და ერთობლიობაში.
მხარეთა შორის არასადაო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ ა---------–--------ა და ს--–---------–---ი არიან მეუღლეები.
ა---------–--------ას მიერ განხორციელებული ძალადობის ფაქტი დადასტურებულია დაზარალებულ ს--–---------–---ის და საქმეში წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებებით. აღნიშნული ინფორმაციები თანხვედრაშია ერთმანეთთან და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. ასევე ა---------–--------ას მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედება დასტურდება დაზარალებულის განცხადებით, ვიზუალური დათვალიერების ოქმითა და შემაკავებელი ორდერით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლებიც მხარეების მიერ უდაოდ იქნა მიჩნეული და ისინი არ გამოკვლეულა საქმის არსებითი განხილვისას, თუმცა სასამართლო, გამამტყუნებელი განაჩენისათვის აუცილებელ, მტკიცებულებათა ერთობლიობის ჭრილში, ითვალისწინებს ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებს. ს--–---------–---ის ჩვენების თანახმად ა---------–--------ამ მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, თმებში მოჰკიდა ხელი და არტყმევინა კომოდზე თავი, ასევე ფეხი ჩაარტყა ცხვირში, რის გამოც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულის გამო მას სახეზე ჰქონდა დაზიანება - სილურჯეების სახით, ასევე დაზიანება ჰქონდა თავის არეში, მაგრამ სილურჯეები არ ეტყობოდა, ასევე ჰქონდა ხელზე დაზიანება იდაყვთან. ა---------–--------ას და ს--–---------–---ს შორის არსებული კონფლიქტის შესახებ დაადასტურეს ასევე მოწმეებმა ი----------–---მა და ზ------------–---მა, რომლებმაც განმარტეს, რომ როდესაც ს--–---- წამოიყვანეს სახლში დალურჯებები ეტყობოდა სახის არეში. გარდა ამისა, ს--–----მ მათ განუმარტა, რომ მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, თმაში მოკიდე ხელი და არტყმევინა თავი კომოდზე, ასევე ფეხი ჩაარტყა ცხვირში. ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით - დაზარალებულმა მიუთითა იმ ადგილებზე, სადაც მის მიმართ მეუღლემ განახორციელა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. საქმეში წარმოდგენილ ვიზუალური დათვალიერების ოქმით ს--–---------–---ს სახის მიდამოში აღენიშნებოდა დალურჯებები. რაც შეეხება თავად ა---------–--------ას - სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ფაქტს, აღარ განმეორდება მსგავსი, სურს მუშაობის გაგრძელება და მისი შვილების აღზრდა, თუმცა საბოლოო სიტყვაში მიუთითა, რომ მასზე საპატიმრო სასჯელი, თუნდაც ეს იყოს ამ ქმედებისათვის გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი, ვერ მოახდენს მის რესოციალიზაციას, რადგან შესაძლოა იგი უფრო გახდეს აგრესიული.
ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, 2020 წლის 8 იანვარს, დილის საათებში, თბილისი, ზ-------------------–----------------------------------–ში, ქარხანა ,,ა-–----ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ა---------–--------ამ ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლეს, ს--–---------–---ს თავი ჩაარტყა სახეში, ხელი ჩაავლო თმებში და რამდენჯერმე მიარტყმევინა კომოდზე, მრავალჯერ დაარტყა ხელები სახესა და სხეულზე და ფეხი დაარტყა სახეში, რითაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, აღნიშნულით მან ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43). ამდენად, სასამართლო იმსჯელებს დაცვის მხარის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.
სასამართლო მიუთითებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს 2011 წლის 11 მაისის კონვენციაზე (სტამბულის კონვენცია), რომლის 55-ე მუხლის მიხედვით, მხარეები უზრუნველყოფენ, რომ ამ კონვენციის 35-ე, 36-ე, 37-ე, 38-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად დადგენილი დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე, თუ დანაშაული მთლიანად ან ნაწილობრივ მხარის ტერიტორიაზე იყო ჩადენილი და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული მუხლის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ქმედება ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით.
განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ა---------–--------ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.
შესაბამისად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ა---------–--------ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მისი ცხოვრების პირობებს, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რის გამოც ა---------–--------ას უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასამართლო უთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 80-დან 150 საათამდე, თავისუფლების აღკვეთა 2 წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სასამართლო საბოლოოდ სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც, ის, რომ კერძო პრევენციის მიზანია ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ამგვარი ქმედება არის დასჯადი და, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სახელმწიფოს ექნება ადეკვატური რეაგირება.
სასამართლომ აუცილებლად უნდა გაამახვილოს ყურადღება რამდენად გულწრფელია ბრალდებულ ა---------–--------ას სინანული წარდგენილი ბრალდების მიმართ. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა დაადასტურა, რომ აღაირებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, აღარ განმეორდება მსგავსი, დაზარალებულს სურს მასთან შერიგება და პრეტენზია არ გააჩნია მის მიმართ, თუმცა ბრალდებულმა სასამართლო ეტაპზეც ვერ დამალა მისი დამოკიდებულება მისივე ოჯახის წევრის - მეუღლის მიმართ, რაც გამოიხატა იმაში, რომ მან საბოლოო სიტყვაში განაცხადა, რომ საპატიმრო სასჯელი მასზე ვერ მოახდენდა გავლენას, რადგან შესაძლოა იგი უფრო აგრესიული გამხდარიყო, რაც სასამართლოს აფიქრებინებს იმას, რომ ბრალდებულ ა---------–--------ას არ განელებია რისხვა მსხვერპლის მიმართ, შესაბამისად მის მიმართ უნდა დაინიშნოს ისეთი სასჯელი რაც მოახდენს მასზე გავლენას, გამოიწვევს მისი აგრესიის განელებას, მოახდენს მის რესოციალიზაციას, ამავდროულად საპატიმრო სასჯელის მოხდის შემდგომ ასევე მის მიმართ უნდა ხორციელდებოდეს მეთვალყურეობა და კონტროლი ახალი დანაშაულის პრევენციის მიზნით.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში - სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში - სასჯელის ნახევარი. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მხედველობაში იღებს ყოველივე ზემოაღნიშნულს, ასევე ითვალისწინებს რა, ა---------–--------ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, ითვალისწინებს მის პიროვნულ მახასიათებლებს, ამავდროულად იმას, რომ დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, შესაბამისად ბრალდებულს დაუნიშნავს სასჯელს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა---------–--------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად 6(ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.
მსჯავრდებულ ა---------–--------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და ა---------–--------ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 9 იანვრიდან.
მსჯავრდებულ ა---------–--------ას საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდგომ დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მსჯავრდებულის მიმართ პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები ჩაწერილი 1(ერთ) ცალ ლაზერულ დისკზე, ვიზუალური დათვალიერების ფოტომასალა 1(ერთ) ცალ ლაზერულ დისკზე, სასჯელაღსრულებიდან გადმოგზავნილი მასალა დატანილი 1(ერთ) ცალ ლაზერულ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ა---------–--------ას პირადი ჩხრეკით ამოღებული მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება გ-–-----------–--------------------–----------------------–ების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ელენე გოგუაძე