გადაწყვეტილება
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3471896-2/117-20წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 აპრილი 2020 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი
სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე
მოსარჩელე - შპს ,,ჯ--------- ბ--–-----ი’’
წარმომადგენელი - თ-------------–--ა
მოპასუხე - ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - ბ---------–ი
დავის საგანი - პირგასამტელოს შემცირება, თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. შპს ,,ჯ--------- ბ--–-----ისათვის’’, ბ---------ის მუნიციპალიტეტის მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო შემცირდეს 358.80; ლარამედ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგბელოდ დაეკისროს 8447 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
თვითმმართველი ერთეული ბ---------ის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,ჯ--------- ბ--–-----ს’’ შორის 2018 წლის 10 მაისს დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1--. ხელშეკრულებთ მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება ფანეხორციელებინა საყრდენი კედლების რეაბილიტაციის სამუშაოები. შესასრულებელი სამუშაეობის საერთო ღირებულებამ შეადგინა 89685.06 ლარი. ხელშეკრულების საერთო ღირებულება მოიცავს ხელშეკრულების საერთო ღირებულება მოიცავს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამშაოების შესრულებასთან დაკავშირებულ მიმწოდებლის ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს. აღნიშნული მომსახურება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების ხელმოწერიდან 60 კალენდარული დღის ვადაში. ამავე ხელშეკრულების 15.4 პუნქტის მიხედვით სამუშაოს საბოლოო შესრულების ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტხელო ხელშეკრულების ღირებულების 0.5% ოდენობტ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მხარეთა შორის რამდენჯერმე დაიდო შეთანხმება ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.
შპს ,,ჯ--------- ბ--–-----ი’’ კეთილსინდისიერად ახორციელებდა დაკსირებულ ვალდებულებებს, რასაც მოწმობს სამუშაოთა მიღება-ჩაბარების აქტები. მხარეთა შორის 2018 წლის 19 სექტემბერს გაფორმებული მიღება ჩაბარების აქტის მიხედვით მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლო 7925.22 ლარი, 18 დღიანი ვადაგადაცილების გამო. ხოლო 2018 წლის 4 ოქტომბრის მხარეთა შორის გაფორმებული საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლო 880.58 ლარი 2 დღიანი ვადაგადაცილების გამო. აღნიშნული პირგასამტეხლოების დარიცხვა განხორციელდა მხაღეთა შორის არსებული ხელშეკრულების 15.4. პუნქტის შესაბამისად.
გამომდინარე იქიდან, რომ დარიცხული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია, მოსარჩელე იძულებულია უფლების დაცვის მიზნით მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს პირგასამტეხლოს ნაწილობრივ 0.02 პროცენტამდე შემცირება და მოპასუხისათვის თანხის დაკისრება. აღნიშნულის მიხედვითყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 17.94 ლარს. სამშაოს შესრულების ვადაგადაცილებამ ჯამში შეადგინა 20 დღე. შესაბამისად პირგასამტეხლოს ოდენობამ კი 358.80 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შესასრულებელი სამუშაოს ვადის გაზრდის მიუხედავად შპს ,,ჯ--------- ბ--–-----მა’’ 18 დღით გადააცილა დადგენილ ვადას, რის გამოც ხელშეკრულების შესაბამისად ყოველვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა, ხოლო საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი 2 დღიანი ვადაგადაცილების გამო მიმწოდებელს ასევე დაეკისრა პირგასამტეხლო. მოპასუხისატვის წინასწარ იყო ცნობილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, თუ რა სამართლებრივი შედეგი მოყვებოდა ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულებას და მას თავის დროზე პრეტენზია არ გამოუთქვამს აღნიშნულთან დაკავშირებით. სახელშეკრულებო ურთიერთობის არცერთ ეტაპზე, არც პირგასამტეხლოს დაკისრებამდე და არც შემდგომ მოპასუხეს არნიშნული ოდენობა არ ჩაუთვლიაშეუსაბამოდ და არ გამოუთქვამს პროცენტის შემცირების სურვილი. პირგასამტეხლოს ოდენობა არის ვალდებულების თანაზომიერი, გონივრული და პირგასამტეხლოს შემცირება იმ მოტივით, რომ ის შეუსაბამოდ მაღალია ვერ იქნება გამართლებული.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 10 მაისს თვითმმართველი ერთეული ბ---------ის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,ჯ--------- ბ--–-----ს’’ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №1--. ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლის საფუძველზე შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ქ.ბ---------ში, საყრდენი კედლების სარეაბილიტაციო სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 89685.06 ლარით. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გადაცილების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ხელშეკრულების ღირებულების 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 10 მაისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება;
3.1.2. 10.05.2018წ. ხელშეკრულებით სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრა 60 კალენდარული დღით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 10 მაისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება;
3.1.3. 2018 წლის 9 ივნისს მხარეებს შორის შედგენილი შეთანხმება 2018 წლის 10 მაისს გაფორმებული N1-- სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლის თანახმად, სამუშაოების შესრულების ვადა განისაზრვრა 90 კალენდარული დღით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 09.06.2018წ. N217 შეთანხმება;
3.1.4. 2018 წლის 7 აგვისტოს მხარეებს შორის შედგენილი შეთანხმება 2018 წლის 10 მაისს გაფორმებული N1-- სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლის თანახმად, სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრა 100 კალენდარული დღით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 07.08.2018წ. N242 შეთანხმება;
3.1.5. 2018 წლის 25 ივლისს მხარეებს შორის შედგენილი იქნა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2018 წლის 10 მაისს გაფორმებული N1-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს დამაკმაყოფილებლად. შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 27243.23 ლარს, რომელიც ექვემდებარება გადახდას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 25.07.2018წ. მიღება-ჩაბარების შუალედური აქტი N349;
3.1.6. 2018 წლის 15 აგვისტოს მხარეებს შორის შედგენილი იქნა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2018 წლის 15 აგვისტოს გაფორმებული N1-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს დამაკმაყოფილებლად. შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 9208.04 ლარს, რომელიც ექვემდებარება გადახდას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 15.08.2018წ. მიღება-ჩაბარების შუალედური აქტი N490;
3.1.7. 2018 წლის 19 სექტემბრის მხარეებს შორის შედგენილი იქნა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2018 წლის 15 აგვისტოს გაფორმებული N1-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს დამაკმაყოფილებლად. შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 14230.05 ლარს, რომელიც ექვემდებარება გადახდას. შპს ,,ჯ--------- ბ--–-----ის’’ ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც შეადგენს 7925.22 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 19.09.2018წ. მიღება-ჩაბარების შუალედური აქტი N566;
3.1.8. 2018 წლის 5 ოქტომბერს მხარეებს შორის შედგენილი იქნა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2018 წლის 15 აგვისტოს გაფორმებული N1-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს დამაკმაყოფილებლად. შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 25209.13 ლარს, რომელიც ექვემდებარება გადახდას. შპს ,,ჯ--------- ბ--–-----ის’’ ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც შეადგენს 880.58 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 05.10.2018წ. მიღება-ჩაბარების შუალედური აქტი N609;
3.1.9. 10.05.2018წ. სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადას მიმწოდებელმა - შპს ,,ჯ--------- ბ--–-----მა’’ გადააცილა 20 დღით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 10 მაისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება;
- 07.08.2018წ. N242 შეთანხმება;
- 09.06.2018წ. N217 შეთანხმება;
3.1.10. შპს ,,ჯ--------- ბ--–-----ს’’ ვალდებულების დარღვევის გამო დაეკისრა პირგასამტეხლო 8805.80 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 10 მაისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება;
- 07.08.2018წ. N242 შეთანხმება;
- 09.06.2018წ. N217 შეთანხმება;
3.1.11. ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერია შპს ,,ჯ--------- ბ--–-----ისათვის’’ არ აუნაზღაურებია შესრულებული სამუშაოს ღირებულება 8805.80 ლარი. აღნიშნული თანხა ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიამ არ გადაუხადა მიმწოდებელს და გაუქვითა პირგასამტეხლოს თანხაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 10 მაისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება;
- 07.08.2018წ. N242 შეთანხმება;
- 09.06.2018წ. N217 შეთანხმება;
- დასრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს ოდენობას და მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი, რის გამოც უნდა მოხდეს მისი შემცირება. პირგასამტეხლო ვადაგადაცილებულ დღეთა გათვალისწინებით შეადგენს 8805.80 ლარს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ 2018 წლის 10 მაისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1-- ხელშეკრულების გათვალისწინებულ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს, რადგან პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში მართალია მოსარჩელემ გადააცილა ხელშეკრულების შესრულების ვადას, მაგრამ აღნიშნულით არსებითი ხასიათის ზიანი არ მიდგომია სახელმწიფო ან/და კერძო პირთა ინტერესებს. მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტი სადავოდ არ გაუხდია მოპასუხეს. ამასთან მოსარჩელე განმარტავს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულებულების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, რამაც გამოიწვია შესასრულებელი სამუშაოს შეფერხება და იმოქმედა შესასრულებელი ხელშეკრულების ვადაზე. მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ 2018 წლის 10 მაისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ დიდია, რაც მისი შემცირების საფუძველია. ამდენად, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და უნდა დადგინდეს პირგასამტეხლოს სახით დასაკავებელი საჯარიმო თანხა და ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით ზედმეტად ჩამოჭრილი თანხის გადახდა შპს ,,ჯ--------- ბ--–-----ის’’ სასარგებლოდ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია მიმწოდებელმა ვადის დარღვევით შეასრულა ვალდებულება, რაც ხელშეკრულების გათვალისწინებით პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია, თუმცა დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა 8805.80 ლარი, ცალსახად შეუსაბამოდ მაღალია და ექვემდებარება შემცირებას.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
4.1. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 416-ე, 417-ე, 418-ე 420-ე, 629-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველ ნაწილში - „კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებები, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.“ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის „ა” ქვეპუნქტი მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად მიიჩნევს ისეთ შემთხვევას, როდესაც შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
ამავე კოდექსის 629-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
2018 წლის 10 მაისს ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიას და შპს ,,ჯ--------- ბ--–-----ს’’ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №1--. ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლის საფუძველზე შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ქ. ბ---------ში, საყრდენი კედლების სარეაბილიტაციო სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 89685.06 ლარით. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გადაცილების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ხელშეკრულების ღირებულების 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ 10.05.2018წ. სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადა მიმწოდებელმა - შპს ,,ჯ--------- ბ--–-----მა’’ დაარღვია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებები - პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს გონივრულობის შემოწმების ინდიკატორი ყოველთვის უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის ხასიათი, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, კრედიტორის ინტერესი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიმართ, ნომინალიზმის პრინციპი და სხ. ყველა იურიდიული მნიშვნელობის მქონე გარემოება უნდა შეფასდეს ხელშეკრულების დადებიდან პირგასამტეხლოზე შედავების პერიოდში, რომელიც დაეხმარება სასამართლოს საკითხის სამართლიან, გონივრულ და კანონიერ გადაწყვეტაში (სუსგ Nას-155-155-2018წ., 15 თებერვალი 2018 წელი).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასამტეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".
მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოდგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით (სამოქალაქო კოდექსის 420 მუხლი). სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი ვალდებულება და რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღევის ხარისხის, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ ადა ა.შ. (სუსგ Nას-708-678-2016, 27 იანვარი 2017 წელი; სუსგ №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; სუსგ №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი).
ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას გასათვალისწინებელია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.
განსახილველ საქმეში, მხარეთა შორის 10.05.2018წ. გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით, სამუშაოს შესრულების ვადის გადაცილებისათვის გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო, რომელიც განისაზღვრა ხელშეკრულების ღირებულების 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს ოდენობას და მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი, რის გამოც უნდა მოხდეს მისი შემცირება 0.02%-მდე. მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლო ვადაგადაცილებულ დღეთა გათვალისწინებით შეადგენს 8805.80 ლარს.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება.
ამასთან, ისიც გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელემ წარმოადგინა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაცია პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის თაობაზე, რომელიც წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და ხელმისაწვდომია მხარეთათვის. რეკომენდაციის თანახმად, ,, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო მიიჩნევს, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიმართ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციის გამოყენებამ კომპანია გადახდისუუნარობის პირას არ უნდა მიიყვანოს. პირგასამტეხლოს პირობების განსაზღვრისას შემსყიდველმა ორგანიზაციამ უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე–420-ე მუხლებით. ვინაიდან მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალებების არაპროპორციულად მაღალი ოდენობა მნიშვნელოვნად ამცირებს მიმწოდებლების მხრიდან ტენდერში მონაწილეობის მიღების ინტერესს, რაც უარყოფით ზეგავლენას ახდენს გამოცხადებულ ტენდერებში კონკურენციის დონეზე და შესაძლოა, იწვევდეს მიმწოდებლის მხრიდან სატენდერო წინადადებაში მაღალი ფასის დაფიქსირებას, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო შემსყიდველ ორგანიზაციებს აძლევს შემდეგ რეკომენდაციას: ·ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისათვის (მათ შორის, ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების დროს) შემსყიდველმა ორგანიზაციებმა შესაძლებელია განსაზღვრონ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების არაუმეტეს 0.02%-ის ოდენობით."
სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მოტივაციას და მიაჩნია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს, რადგან პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში მართალია მოსარჩელემ გადააცილა ხელშეკრულების შესრულების ვადას, მაგრამ აღნიშნულით არსებითი ხასიათის ზიანი არ მიდგომია სახელმწიფო ან/და კერძო პირთა ინტერესებს. მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტი სადავოდ არ გაუხდია მოპასუხე მხარეს. მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, 2018 წლის 10 მაისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლო 0.5% უნდა შემცირდეს და უნდა განისაზღვროს 0.02%-ით, რაც ვადაგადაცილებულ დღეთა გათვალისწინებით შეადგენს 8805.80 ლარს. მოპასუხეს უნდა დაეკისროს მის მიერ დაკავებული 8447 (8805.80-358.80) ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
7. სასამართლო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.’’
სარჩელის აღძვრისას მოსარჩელის მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 254 ლარის ოდენობით. სარჩელი დაკმაყოფილდა, რის გამოც მოპასუხე ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 254 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,ჯ--------- ბ--–-----ის" (ს/ნ 4--------) სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2018 წლის 10 მაისს შპს ,,ჯ--------- ბ--–-----სა’’ და ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაკისრებული პირგასამტეხლო შემცირდეს და განისაზღვროს 358.80 ლარით.
ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიას შპს ,,ჯ--------- ბ--–-----ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 8447 ლარის გადახდა.
2. ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიას შპს ,,ჯ--------- ბ--–-----ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 254 ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი