გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/6979-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მერი გულუაშვილი
სხდომის მდივანი ნინო მაღალდაძე
მოსარჩელე - თ-------–-–--ა
წარმომადგენელი - ნი----–-–--ა
მოპასუხე - სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო
წარმომადგენელი - ი-----------ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა
ბათილად იქნას ცნობილი სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2019 წლის 08 აგვისტოს N-------- განკარგულება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 2018 წლის 21 ივნისს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის მეხუთე სამმართველოს უფროსმა თ-------–-–--ამ სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროში წარადგინა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.
დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემების თანახმად, თ-------–-–--ას ან მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შესახებ ფიქსირდება მონაცემები თ-------–-–--ას საკუთრებაში არსებული ორი ბინის და მიწის ნაკვეთის შესახებ.
ამასთან, დეკლარაციის მიხედვით, თ-------–-–--ას სახელზე ფიქსირდება საბანკო ანგარიში ,,solo”, ნაშთით 138,88 GEL(+), ხოლო დეკლარაციის წარმდგენი პირის ან მისი ოჯახის წევრის მიერ შესრულებული ანაზღაურებადი სამუშაოს გრაფაში, გარდა სამეწარმეო საქმიანობისა, მითითებულია, რომ თ-------–-–--ას მიერ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის მეხუთე სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე, 01.01.2017-დან 31.12.2017 წლის ჩათვლით შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება შეადგენდა 36 441,04 ლარს (GEL).
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია (ს.ფ. 42-53);
3.2. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროში დეკლარაციის მონიტორინგის ელექტრონული სისტემის მიერ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის მეხუთე სამმართველოს უფროსის თ-------–-–--ას მიერ 2018 წლის 21 ივნისს წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, რაზეც სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2019 წლის 16 მაისის N------ ბრძანების საფუძველზე, წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმების მიზნით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და წარმოებასთან დაკავშირებული არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულყოფილად დადგენისათვის განისაზღვრა 3 თვიანი ვადა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2019 წლის 16 მაისის N------ ბრძანება (ს.ფ. 39);
3.3. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2019 წლის 17 მაისის N----- წერილით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის მეხუთე სამმართველოს უფროსს თ-------–-–--ას ეცნობა შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე, მის მიერ წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმების მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შესახებ.
ამავე წერილით, თ-------–-–--ას ეთხოვა 10 სამუშაო დღის ვადაში წარედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის მონიტორინგისათვის საჭირო ინფორმაციის შემცველი შესაბამისი დოკუმენტაცია, კერძოდ, 1) ინფორმაცია მისი და მისი ოჯახის წევრების საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში არსებული ყველა ანგარიშის ან/და შენატანის შესახებ (კომერციულ ბანკებში ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში არსებული მისი და მისი ოჯახის წევრების პირადი ანგარიშების ამონაწერები და ინფორმაცია საკრედიტო ვალდებულებების შესახებ საანგარიშო პერიოდში - 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 ივნისის ჩათვლით); 2) თ-------–-–--ას და მისი ოჯახის წევრების მიერ 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 21 ივნისის ჩათვლით დადებული ან/და მოქმედი ხელშეკრულებები, რომლის საგნის ღირებულება აღემატება 10 000 ლარს. მათ შორის, საკრედიტო ხელშეკრულებები შესაბამის დანართებთან ერთად (გადახდის გრაფიკი); 3) ცნობა საჯარო დაწესებულებიდან თ-------–-–--ას ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს შესახებ.
2019 წლის 17 მაისის N----- წერილით თ-------–-–--ას განემარტა, რომ ბიუროს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, დოკუმენტაციის წარსადგენად განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლიდან 3 სამუშაო დღეში, ბიურო აღნიშნულის შესახებ მოამზადებდა დასკვნას და მიიღებდა გადაწყვეტილებას დეკლარაციაში დარღვევის არსებობის შესახებ.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2019 წლის 17 მაისის N----- წერილი (ს.ფ. 40-41);
3.4. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2019 წლის 17 მაისის N----- წერილის საფუძველზე, 2019 წლის 23 მაისს თ-------–-–--ამ სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს წარუდგინა ცნობა საჯარო დაწესებულებიდან მისი ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს შესახებ და ამონაწერები მისი და მისი ოჯახის წევრების საბანკო ანგარიშებიდან.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის მიერ 2019 წლის 22 მაისს გაცემული ცნობა (ს.ფ. 55);
-ამონაწერები საბანკო ანგარიშებიდან (ს.ფ. 56-99);
3.5. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2019 წლის 12 ივლისის N----- წერილით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის მეხუთე სამმართველოს უფროსს თ-------–-–--ას ეცნობა მის მიერ წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი გარკვეული შეუსაბამობების შესახებ, კერძოდ:
1) უძრავ ქონებასთან დაკავშირებული შეუსაბამობები:
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონულ ბაზაში ფიქსირდება თ-------–-–--ას სახელზე არსებული 40,50 კვ.მ. ავტოფარეხი (მის: გლდანი, პირველი მ/რ, კორპუსი N8), ს/კ 0----------------------, რაც წარდგენილ დეკლარაციაში ასახული არ არის.
2) საბანკო ანგარიშებთან დაკავშირებული შეუსაბამობები:
დეკლარაციაში ასახულია თ-------–-–--ას საბანკო ანგარიში სს ,,საქართველოს ბანკში“ (Visa Solo Card Platinum), ნაშთით 138,88 ლარი (+). წარმოდგენილი ამონაწერის მიხედვით, აღნიშნულ ანგარიშზე ნაშთი შევსების თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით შეადგენდა 494,29 ლარს (+).
3) შემოსავალ/გასავალთან დაკავშირებული შეუსაბამობები:
წარდგენილ დეკლარაციაში ასახულია თ-------–-–--ას მიერ 2017 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული შემოსავალი - 36 441,04 ლარის ოდენობით, რაც სსიპ შემოსავლების სამსახურის ბაზაში არ იძებნება. შესაბამისად, თ-------–-–--ას ეთხოვა წარედგინა ცნობა აღნიშნული შემოსავლის მიღების შესახებ.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2019 წლის 12 ივლისის N----- წერილი (ს.ფ. 100-101);
3.6. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2019 წლის 12 ივლისის N----- წერილის პასუხად, 2019 წლის 22 ივლისს, თ-------–-–--ამ წერილით მიმართა ბიუროს უფროსს და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული შეუსაბამობის შესახებ აცნობა, რომ ავტოფარეხის დეკლარაციაში არასახვა მისი მხრიდან არ ემსახურებოდა არავითარ მიზნებსა და ინტერესებს, მით უმეტეს მაშინ, როცა ცნობილია, რომ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია საჯაროა და ხელმისაწვდომი ყველასთვის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. ამასთან, განმცხადებელმა აღნიშნა, რომ აღნიშნული უძრავი ქონება მას სუფთა ადამიანური თვალსაზრისით გამორჩა და ითხოვა აღნიშნული ფაქტორის გათვალისწინება ადმინისტრაციულ წარმოებაზე გადაწყვეტილების მიღებისას.
2019 წლის 22 ივლისის წერილს თ-------–-–--ამ თან დაურთო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის მიერ 2019 წლის 22 ივლისს გაცემული ცნობა, რომლის თანახმად, 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 01 იანვრამდე პერიოდში თ-------–-–--ასთვის დარიცხულმა შრომის ანაზღაურებამ შეადგინა 36 441 ლარი და 04 თეთრი.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-თ-------–-–--ას 2019 წლის 22 ივლისის წერილი (ს.ფ. 102);
-საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის მიერ 2019 წლის 22 ივლისს გაცემული ცნობა (ს.ფ. 103);
3.7. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 05 აგვისტოს N--- დასკვნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის მეხუთე სამმართველოს უფროსის თ-------–-–--ას მიერ წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის საფუძველზე შემოწმების შედეგად გამოვლინდა დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემების არსებობის ფაქტები, რაც მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შეფასებული იქნა არსებითი და არაარსებითი ხასიათის დარღვევებად.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 05 აგვისტოს N--- დასკვნა (ს.ფ. 104-106);
3.8. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2019 წლის 08 აგვისტოს N-------- განკარგულებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის მეხუთე სამმართველოს უფროსის თ-------–-–--ას მიერ 2018 წლის 21 ივნისს წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში სრული და სწორი მონაცემების შეტანისა და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგის განხორციელების საფუძველზე, ამავე დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემების გამოვლენის შედეგად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობის შესახებ და თ-------–-–--ა დაჯარიმდა 500 (ხუთასი) ლარით.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2019 წლის 08 აგვისტოს N-------- განკარგულება (ს.ფ. 107-108).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 თებერვლის N81 დადგენილებით დამტკიცებული ,,შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქცია“.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის 11 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 181 მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანამდებობის პირი ჯარიმდება თანამდებობრივი სარგოს 20%-ით, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა.
მითითებული ნორმების დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2019 წლის 08 აგვისტოს N-------- განკარგულება წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე–2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სადავო სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი ადგენს საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის და კორუფციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირთა პასუხისმგებლობის ძირითად პრინციპებს, სამართლებრივი რეგლამენტაციის საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე არეგულირებს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის, წარდგენილი დეკლარაციების მონიტორინგის პირობებსა და მექანიზმს, აგრეთვე მამხილებელთა დაცვის, ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების ძირითად საფუძვლებს.
ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინში „თანამდებობის პირი“ ასევე იგულისხმება - საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების დეპარტამენტების, ბიუროების, მთავარი სამმართველოებისა და სამმართველოების უფროსები და მათი მოადგილეები, აგრეთვე მათთან გათანაბრებული პირები.
„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თანამდებობის პირი ვალდებულია თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში ყოველწლიურად, წინა დეკლარაციის შევსების თვის შესაბამისი თვის განმავლობაში შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ სადავო აქტის გამოცემის დროისათვის თ-------–-–--ა იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის მეხუთე სამმართველოს უფროსი. ამდენად, მოსარჩელე „საჯარო დაწესებულებაში საჯარო ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის წარმოადგენდა „თანამდებობის პირს“ და შესაბამისად ამავე კანონის სუბიექტს. დადგენილია ის გარემოებაც, რომ კანონით განსაზღვრულ ვადაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის მეხუთე სამმართველოს უფროსმა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროში წარადგინა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.
6.3. „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-181 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში სრული და სწორი მონაცემების შეტანის და დეკლარაციის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგს ახორციელებს ბიურო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის დაწყების საფუძველია: ა) თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების ერთიანი ელექტრონული სისტემის მიერ დეკლარაციების შემთხვევითი შერჩევა (სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი რედაქცია); ბ) დასაბუთებული წერილობითი განცხადება, ხოლო მე-10 პუნქტის შესაბამისად, შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
,,შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქცია“ დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 თებერვლის N81 დადგენილებით. ინსტრუქცია შემუშავებულია „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის განხორციელების წესსა და პროცედურას.
მითითებული ინსტრუქციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დეკლარაციების შემთხვევით შერჩევას უზრუნველყოფს დეკლარაციების მონიტორინგის ელექტრონული სისტემა დეკლარირების ერთიანი ელექტრონული სისტემიდან, ბიუროს უფლებამოსილი პირების თანდასწრებით, რის შესახებაც შედგება ოქმი, ხოლო მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ბიუროს მიერ ადმინისტრაციული წარმოება იწყება ამ ინსტრუქციის მე-11-მე-13 მუხლებით გათვალისწინებული წესით გამოვლენილი დეკლარაციების შემოწმების დაწყების თაობაზე ბიუროს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროში დეკლარაციის მონიტორინგის ელექტრონული სისტემის მიერ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის მეხუთე სამმართველოს უფროსის თ-------–-–--ას მიერ 2018 წლის 21 ივნისს წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, რაზეც სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2019 წლის 16 მაისის N------ ბრძანების საფუძველზე, წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმების მიზნით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და წარმოებასთან დაკავშირებული არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულყოფილად დადგენისათვის განისაზღვრა 3 თვიანი ვადა.
6.4. სასამართლო მიუთითებს ,,შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის“ მე-16 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, დეკლარაციის მონიტორინგი ხორციელდება შევსებულ დეკლარაციაში მითითებული მონაცემების სისრულისა და სიზუსტის შემოწმებით, ამ ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ მონაცემთა ბაზებში არსებულ მონაცემებთან შედარებისა და ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციის გამოკვლევის გზით. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, თანამდებობის პირის მიერ ბიუროსთვის წარდგენილი ან/და ადმინისტრაციული წარმოებისას მოპოვებული სხვა წერილობითი ინფორმაციის სრული და ობიექტური გამოკვლევის მიზნით, ბიურო, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-16-მე-19 მუხლებით გათვალისწინებული წესით, დახმარების თხოვნით მიმართოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს.
მითითებული ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ქონებრივი მდგომარეობის შესახებ თანამდებობის პირის მიერ დეკლარირებული მონაცემების სისრულისა და სიზუსტის შემოწმებისათვის საჭირო მონაცემების მოძიებას სისტემა უზრუნველყოფს საჯარო დაწესებულებების მიერ ადმინისტრირებული ელექტრონული მონაცემთა ბაზებიდან, კერძოდ: ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონული მონაცემთა ბაზის მეშვეობით იდენტიფიცირდება თანამდებობის პირი, მისი ოჯახის წევრი – სახელის, გვარის, პირადი თერთმეტნიშნა ნომრის, დაბადების თარიღის მეშვეობით, ასევე მონაცემები მის მიერ დეკლარაციაში მითითებული რეგისტრაციისა და ფაქტობრივ მისამართებზე რეგისტრირებული პირების შესახებ; ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული მონაცემთა ბაზის მეშვეობით ელექტრონული სისტემა ადგენს ინფორმაციას: ბ.ა) იმ უძრავი ქონების შესახებ, რომელზეც რეგისტრირებულია თანამდებობის პირისა და მისი ოჯახის წევრების საკუთრების უფლება; ბ.ბ) იმ საწარმოს, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შესახებ, რომელიც დაფუძნებულია თანამდებობის პირის/მისი ოჯახის წევრის წილობრივი მონაწილეობით ან/და რომლის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს/მართვის ორგანოს წევრს წარმოადგენს თანამდებობის პირი/მისი ოჯახის წევრი; გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნოტარიუსთა პალატის ელექტრონული მონაცემთა ბაზის მეშვეობით სისტემა ადგენს ინფორმაციას თანამდებობის პირის/ოჯახის წევრის მიერ დეკლარირების პერიოდში დადებული გარიგებების შესახებ; დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს ელექტრონული მონაცემთა ბაზის მეშვეობით – იმ სატრანსპორტო საშუალებისა და იარაღის შესახებ, რომლებზეც რეგისტრირებულია თანამდებობის პირის/მისი ოჯახის წევრის საკუთრების უფლება; ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ელექტრონული მონაცემთა ბაზის მეშვეობით – გადასახადის გადამხდელთა განაცემების შესახებ ინფორმაციის, ასევე წლიური საშემოსავლო დეკლარაციების მიხედვით თანამდებობის პირის/მისი ოჯახის წევრის მიერ მიღებული ფინანსური სარგებლის/შემოსავლის შესახებ; ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონული მონაცემთა ბაზის მეშვეობით – იმ საწარმოთა შესახებ, რომლებიც დაკავშირებულნი არიან თანამდებობის პირთან/მის ახლო ნათესავთან/ოჯახის წევრთან დეკლარაციის წარდგენის კალენდარული წლის პერიოდისათვის.
ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ წარმოების დაწყებიდან 5 დღის განმავლობაში, ბიურო აცნობებს დაინტერესებულ მხარეს – იმ თანამდებობის პირს, რომლის დეკლარაციაც ექვემდებარება შემოწმებას, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების ოფიციალურად გაცნობასთან ერთად, ბიურო თანამდებობის პირს განუსაზღვრავს 10 სამუშაო დღის ვადას, მონიტორინგისათვის საჭირო დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარსადგენად, გარდა ამ ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა. აღნიშნული ვადა, თანამდებობის პირის მიერ ინფორმაციის/დოკუმენტაციის განსაზღვრულ ვადაში წარუდგენლობის საპატიო მიზეზის დასაბუთების შემთხვევაში, შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს ერთხელ, 10 სამუშაო დღის ვადით. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, მონიტორინგის პროცესში თანამდებობის პირის დეკლარაციაში უზუსტობის, ინფორმაციის არასრულად წარდგენის ან/და სხვა სახის დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, ბიურო აცნობებს შესაბამის პირს დარღვევისა და მისი შინაარსის შესახებ და განუსაზღვრავს მას საკუთარი მოსაზრების წარდგენის ვადას.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2019 წლის 17 მაისის N----- წერილით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის მეხუთე სამმართველოს უფროსს თ-------–-–--ას ეცნობა შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე, მის მიერ წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმების მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შესახებ და მასვე ეთხოვა 10 სამუშაო დღის ვადაში წარედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის მონიტორინგისათვის საჭირო ინფორმაციის შემცვლელი შესაბამისი დოკუმენტაცია.
აღნიშნული წერილის საფუძველზე, 2019 წლის 23 მაისს, თ-------–-–--ამ სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს წარუდგინა ცნობა საჯარო დაწესებულებიდან მისი ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს შესახებ და ამონაწერები მისი და მისი ოჯახის წევრების საბანკო ანგარიშებიდან.
ასევე დადგენილია, რომ სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2019 წლის 12 ივლისის N----- წერილით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის მეხუთე სამმართველოს უფროსს თ-------–-–--ას ეცნობა მის მიერ წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი გარკვეული შეუსაბამობების შესახებ.
სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2019 წლის 12 ივლისის N----- წერილის პასუხად, 2019 წლის 22 ივლისს, თ-------–-–--ამ წერილით მიმართა ბიუროს უფროსს და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული შეუსაბამობის შესახებ აცნობა, რომ ავტოფარეხის დეკლარაციაში არასახვა მისი მხრიდან არ ემსახურებოდა არავითარ მიზნებსა და ინტერესებს, მით უმეტეს მაშინ, როცა ცნობილია, რომ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია საჯაროა და ხელმისაწვდომი ყველასთვის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. ამასთან, განმცხადებელმა აღნიშნა, რომ აღნიშნული უძრავი ქონება მას სუფთა ადამიანური თვალსაზრისით გამორჩა და ითხოვა აღნიშნული ფაქტორის გათვალისწინება ადმინისტრაციულ წარმოებაზე გადაწყვეტილების მიღებისას. ასევე, ბიუროს წარედგინა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის მიერ 2019 წლის 22 ივლისს გაცემული ცნობა, რომლის თანახმად, 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 01 იანვრამდე პერიოდში თ-------–-–--ასთვის დარიცხულმა შრომის ანაზღაურებამ შეადგინა 36 441 ლარი და 04 თეთრი.
6.5. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 თებერვლის N81 დადგენილებით დამტკიცებული ,,შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის“ მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონიტორინგის შედეგების თაობაზე დასკვნას ამზადებს და ბიუროს უფროსს წარუდგენს მონიტორინგის განხორციელებაზე უფლებამოსილი ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.
„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის 181 მუხლის მე-11 პუნქტის მიხედვით, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად ბიურო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არარსებობის შესახებ; ბ) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობის შესახებ; გ) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არაარსებითი დარღვევის არსებობის შესახებ, ხოლო მე-12 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია უარყოფითად ფასდება ბიუროს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარუდგენლობის ან დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემების, აგრეთვე ამ კანონთან და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან შეუსაბამო მონაცემის არსებობის გამოვლენის შემთხვევაში.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მონიტორინგის დეპარტამენტმა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში ასახული მონაცემების, საჯარო დაწესებულებების მიერ ადმინისტრირებულ ელექტრონულ ბაზებში გადამოწმებით, თანამდებობის პირის მიერ ბიუროსათვის წარდგენილი დოკუმენტებისა და განმარტებების საფუძველზე, შეადგინა დასკვნა, რომლის თანახმად, დეკლარაცია შედგენილი იყო არსებითი და არაარსებითი ხასიათის დარღვევებით.
დეკლარაციის უარყოფითად შეფასებას საფუძვლად დაედო დეკლარანტის მიერ დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემების მითითება, რომელიც ჩაითვალა არსებითი ხასიათის დარღვევად. კერძოდ, არსებითი ხასიათის დარღვევად მიჩნეულ იქნა თ-------–-–--ას მიერ დეკლარაციაში „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის არასრულყოფილად და არასწორად ასახვა.
6.6. სასამართლო მიუთითებს „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია შეიცავს შემდეგ ინფორმაციას პირისა და მისი ოჯახის წევრების შესახებ, კერძოდ, პირის, მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება – მესაკუთრის ვინაობა (თუ ნივთი საერთო საკუთრებაშია – აგრეთვე თანამესაკუთრის ვინაობა და პირის, მისი ოჯახის წევრის წილის ოდენობა), შეძენის თარიღი, შეძენის ფორმა, გადახდილი საფასურის ოდენობა, საერთო ფართობი და ადგილმდებარეობა.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია და მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ თ-------–-–--ას მიერ 2018 წლის 21 ივნისს წარდგენილი დეკლარაციის მიხედვით, მოსარჩელის ან მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შესახებ ფიქსირდება მონაცემები თ-------–-–--ას საკუთრებაში არსებული ორი ბინის და მიწის ნაკვეთის შესახებ, თუმცა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით დადგინდა, რომ მოსარჩელის სახელზე ასევე რეგისტრირებული იყო 40,50 კვ.მ. ავტოფარეხი (მის: გლდანი, პირველი მ/რ, კორპუსი N8), ს/კ 0----------------------, რაც წარდგენილ დეკლარაციაში ასახული არ ყოფილა. ამდენად, ცალსახაა, რომ თ-------–-–--ას მიერ წარდგენილ დეკლარაციაში დაფიქსირდა შეუსაბამობა, კერძოდ, დეკლარაციაში არ იქნა ასახული ის უძრავი ქონება, რომელიც საჯარო რეესტრის მონაცემებით, დეკლარანტის საკუთრებას წარმოადგენდა.
მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული შეუსაბამობა მისი მხრიდან არ ემსახურებოდა არავითარ მიზნებსა და ინტერესებს და ავტოფარეხის დეკლარაციაში მითითება მას სუფთა ადამიანური თვალსაზრისით გამორჩა.
განსახილველ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ თ-------–-–--ას მიერ 2017 წლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსებისას გამოვლენილი იქნა არსებითი ხასიათის დარღვევა, მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია იმის შესახებ, რომ მას უბრალოდ გამორჩა მის საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი უძრავი ქონების (ავტოფარეხის) დეკლარაციაში მითითება, სასამართლოს მიერ ვერ იქნება მიჩნეული მისაღებ და გასაზიარებელ არგუმენტაციად. ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის 11 პუნქტი, ამ კანონის მე-181 მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობის შესახებ), გარდა საჯარიმო სანქციისა (თანამდებობის პირი ჯარიმდება თანამდებობრივი სარგოს 20%-ით, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა), სხვა ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს. შესაბამისად, იმ პირობებში, როცა არსებობდა მონიტორინგის დეპარტამენტის დასკვნა, თ-------–-–--ას მიერ 2018 წლის 21 ივნისს წარდგენილ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არსებული არსებითი დარღვევის შესახებ, სსიპ საჯარო სამსახურის ბიურომ იხელმძღვანელა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის 11 პუნქტით და მიიღო განკარგულება თ-------–-–--ას დაჯარიმების შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ საჯარო სამსახურის ბიურომ ადმინისტრაციული წარმოება განახორციელა მოქმედი კანონმდებლობის ნორმათა სრული დაცვით და საქმის გარემოებათა სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, 2019 წლის 08 აგვისტოს მიიღო N-------- განკარგულება თ-------–-–--ას ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობისა და თ-------–-–--ას დაჯარიმების შესახებ. შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
6.7. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონიერია, მისი გამოცემისას ადგილი არ ჰქონია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის საფუძველზე მიღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 იანვრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ ძალას კარგავს მოცემულ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისას.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამდენად, ვინაიდან განსახილველ საქმესთან დაკავშირებით მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი, იგი უნდა დარჩეს უცვლელად, სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, 32-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე მერი გულუაშვილი