გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.05.2019
საქმის ნომერი
030210017002189795
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
16.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმეN 030210017002189795

N 2/1106-2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

16 მაისი, 2019 წელი ქ. ფოთი

შესავალი ნაწილი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე: შოთა სირაძე

სხდომის მდივანი: მარიამ წულაძე

მოსარჩელე: სს „ლ-------- ბ----“,წარმომადგენელი: ა--- ძ---------,მოპასუხეები: ჭ------ კ-----–------ კ------- ჭ----–---, გ------- ქ------–------,დავის საგანი: საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრება,აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხეებს ჭ------ კ-----–------, კ------- ჭ----–---ს და გ------- ქ------–------ს სოლიდარულად დაეკისროთ სს „ლ-------- ბ----ს“ სასარგებლოდ 4082,53 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 2466,61 ლარი, პროცენტი - 865,92 ლარი და ჯარიმა -750 ლარი.

1.2. მოპასუხეებს დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაღებული სახელწიფო ბაჟის - 123 ლარის სრულად გადახდა.

 

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

2013 წლის 26 აგვისტოს სს „ლ-------- ბ-----“ და ჭ------ კ-----–------ შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N0002/2013/32722, რომლის თანახმადაც მსესხებელზე გაიცა სესხი 4850 ლარის ოდენობით, ხელშეკრულებით განისაზღვრა წლიური საპროცენტო სარგებელი 21% ოდენობით, ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულებისათვის - პირგასამტეხლო 0,5 %-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მინიმალური შენატანის (თანდართული გრაფიკის მიხედვით) დაუფარაობის შემთხვევაში, ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 30.08.2017 წლამდე.

2013 წლის 26 აგვისტოს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები კ------- ჭ----–---სთან და გ------- ქ------–------სთან, რომლის საფუძველზეც მათ იკისრეს სოლიდარული თავდებობა, ძირითადი მოვალის მიერ თანხის გადაუხდელობის ან გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში. ხელშეკრულებით განისაზღვრა მათი პასუხისმგებლობის ფარგლები და თავდებობის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვრა 9700 ლარი. მხარეები ინფორმირებული იყვნენ არსებული დავალიანების ოდენობისა და თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების შესახებ.

მსესხებელმა სს „ლ-------- ბ----ს“ მიერ გაცემული თანხის დაბრუნების ვალდებულება არ შეასრულა და იმყოფება ვადაგადაცილებაში, სესხზე 30.03.2016 წლიდან რის შემდგომაც ერიცხება პირგასამტეხლო დადგენილი წესით.

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა ა--- ძ---------- იშუამდგომლა სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება და ითხოვს მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ სს „ლ-------- ბ----ს“ სასარგებლოდ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად 4082,53 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირია - 2466,61 ლარი, პროცენტი - 865,92 ლარი და ჯარიმა - 750 ლარი. ასევე ითხოვს მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 123 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხეებმა ჭ------ კ-----–------ და გ------- ქ------–------მ სარჩელი ცნეს ნაწილობრივ კერძოდ: ცნეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხა 2466,61 ლარი, პროცენტი - 865,92 ლარი, ხოლო არ ცნეს პირგასამტეხლო 750 ლარი და მოითხოვეს პირგასამტეხლოს შემცირება 150 ლარამდე.

მოპასუხე კ------- ჭ----–--- სხდომაზე არ გამოცხადდა მას სასამართლო უწყება ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით, მისი გამოუცხადებლობის მიზეზი სასამართლოსათვის უცნობია.

 

3. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. 2013 წლის 26 აგვისტოს სს „ლ-------- ბ-----“და ჭ------ კ-----–------ შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N0002/2013/32722, რომლის თანახმადაც მსესხებელზე გაიცა სესხი 4850 ლარის ოდენობით, ხელშეკრულებით განისაზღვრა წლიური საპროცენტო სარგებელი 21% ოდენობით, ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულებისათვის პირგასამტეხლო 0,5 %-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მინიმალური შენატანის (თანდართული გრაფიკის მიხედვით) დაუფარავობის შემთხვევაში, ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 30.08.2017 წლამდე.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

 

საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N0002/2013/32722, მხარეთა ახსნა-განმარტებებით.

 

3.2. 2013 წლის 26 აგვისტოს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები კ------- ჭ----–---სთან და გ------- ქ------–------სთან, რომლის საფუძველზეც მათ იკისრეს სოლიდარული თავდებობა, ძირითადი მოვალის მიერ თანხის გადაუხდელობის ან გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში. ხელშეკრულებით განისაზღვრა მათი პასუხისმგებლობის ფარგლები და თავდებობის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვრა 9700 ლარი. მხარეები ინფორმირებული იყვნენ არსებული დავალიანების ოდენობისა და თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების შესახებ.

 

აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:

 

- სარჩელის მე-2 ფაქტობრივი გარემოებით, საკრედიტო ხელშეკრულებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით.

 

4. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1. მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენს N0002/2013/32722, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით - 750 ლარის მოცულობა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა განმარტებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეებს ჭ------ კ-----–------, კ------- ჭ----–--- და გ------- ქ------–------ს მოსარჩელე სს ,,ლ-------- ბ----ს” სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ N0002/2013/32722 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 3482,53 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირია - 2466,61 ლარი, პროცენტი - 865,92 ლარი და ჯარიმა - 150 ლარი.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

7. სამართლებრივი შეფასება:

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე (კრედიტორი) ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან (მოვალესთან). ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ ნების გამოვლენის საფუძველზე, მხარეთა შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება და მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულებით ყველა არსებით პირობაზე.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელემ მოპასუხე ჭ------ კ-----–-------- გასცა კრედიტი, შესაბამისი საპროცენტო განაკვეთით. მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა კრედიტის დაფარვის პირობები.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

დადგენილია, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები, რის გამოც მოსარჩელის წინაშე წარმოეშვათ დავალიანება, N0002/2013/32722 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 3482,53 ლარი, საიდანაც სესხის ძირია - 2466,61 ლარი, პროცენტი - 865,92 ლარი და ჯარიმა - 150 ლარი.

 

7.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ რომელიც შეიძლებოდა მიეღო პირს სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშვნელოვანი გარემოებების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა. სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.

ასევე, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებისათვის საჭიროა იკვეთებოდეს მოწინააღმდეგე მხარისათვის მისი დადგომის სავარაუდოობა, ვინაიდან როგორც მითითებული ნორმის დათქმიდან ჩანს, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც სავარაუდო იქნებოდა სამოქალაქო ბრუნვის საშუალო მონაწილისათვის. ზიანის სავარაუდოობა გულისხმობს კრედიტორისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ზიანის მიყენების გონივრულ მოლოდინს.

 

7.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს მიზანია მოვალის პასუხისმგებლობის ამაღლების მცდელობა. მოვალემ, პირგასამტეხლოს გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, კრედიტორის წინაშე ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და დროულად. ასევე მისი მიზანია ვალდებულების დაყოვნებით კრედიტორზე მიყენებული ზიანის კომპენსირება და დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს მიზანი არაა კრედიტორის გამდიდრება მოვალის ხარჯზე. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, გადაწყვეტილებას შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ სასამართლო იღებს არა მარტო ქონებრივი, არამედ ყველა პატივსადები ინტერესის გათვალისწინებით, ანუ სასამართლოს შეუძლია პირგასამტეხლოს სამართლიანი შემცირება.

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ ვალდებულების დარღვევის პირობებში ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, ყოველდღიურ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5%-ის ოდენობით, რაც შეადგენს N0002/2013/32722 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 750 ლარს, შეუსაბამოდ მაღალია და იგი უნდა შემცირდეს 150 ლარამდე.

 

7.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის დანაწესით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის შესაბამისად კი, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

დადგენილია, რომ 2013 წლის 25 აგვისტოს სს „ლ-------- ბ-----“ და მოპასუხეებს კ------- ჭ----–----- გ------- ქ------–------ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სოლიდარული ვალდებულების შესახებ, რომლის თანახმად, სოლიდარული მოვალე იღებს ვალდებულებას და თანახმა არიან მსესხებელსა და ბანკს შორის გაფორმებული გენერალური ხელშეკრულებით და მის საფუძველზე მოქმედი საკრედიტო ხელშეკრულებებით, მსესხებლის მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულებები შეასრულოს სოლიდარულად ისე, რომ მონაწილეობა მიიღოს მსესხებელთან ერთად მთლიანი ვალდებულების შესრულებაში, რის საფუძველზეც ბანკს უფლება ეძლევა თავისი სურვილისამებრ მთლიანი ვალდებულების შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ სოლიდარულ მოვალეს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ძირი თანხის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს გადახდა უნდა დაეკისროს სოლიდარულ მოვალეებსაც.

 

8. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის და დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, მოპასუხე კ------- ჭ----–---ს მოსარჩელე სს ,,ლ-------- ბ----ს’’ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 105 ლარის გადახდა.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე და 257-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სს „ლ-------- ბ----ს“ სარჩელი, მოპასუხეების ჭ------ კ-----–------, კ------- ჭ----–----- და გ------- ქ------–------ს მიმართ თანხის დაკისრების შესახებ.

2. ჭ------ კ-----–------, კ------- ჭ----–---ს და გ------- ქ------–------ს სს „ლ-------- ბ----ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 3482,53 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 2466,61 ლარი, პროცენტი - 865,92 ლარი და ჯარიმა - 150 ლარი.

3. მოსარჩელე სს „ლ-------- ბ----ს“ მიერ გადახდილი სახელწიფო ბაჟიდან 18 ლარი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო დარჩენილი სახ. ბაჟი 105 ლარი, სს „ლ-------- ბ----ს“ სასარგებლოდ დაეკისროს მოპასუხე კ------- ჭ----–---ს.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შოთა სირაძე