გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N030210117002219898
N 2/1315-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21 მაისი, 2019 წელი ქ. ფოთი
შესავალი ნაწილი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე: შოთა სირაძე
სხდომის მდივანი: მარიამ წულაძე
მოსარჩელე: სს „თ----- ბ----“,წარმომადგენელი: ნ--- გ----–--,მოპასუხე: გ-- თ-------–---–-,დავის საგანი: საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდნარე დავალიანების დაკისრება,აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. გ-- თ-------–---–- სს „თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ დაეკისროს:
2017 წლის 27 თებერვლის საბანკო კრედიტის N2425773-8805380 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 3058,45 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 2286,96 ლარი და ჯარიმა - 771,49 ლარი.
დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2017 წლის 27 ოქტომბრიდან) 2017 წლის 27 თებერვლის საბანკო კრედიტის N25773-8805380 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 2286,96 ლარზე, აღსრულებამდე დასარიცხი პირგასამტეხლოს, ყოველდღიური 0,5%-ის გადახდა (რაც ყოველდღიურად შეადგენს 11,43 ლარს) მაგრამ არაუმეტეს 2000 ლარისა.
1.2. გ-- თ-------–---–- დაეკისროს სს „თ----- ბ----ს“ მიერ სახ. ბაჟის სახით გადახდილი 151,75 ლარის, უზრუნველყოფის - 50 ლარის, აკრძალვის რეგისტრაციისსაფასურის - 20 ლარისა და მოსარჩელის მიერ გაწეული საადვოკატო მომსახურების ხარჯის - სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით, დავის საგნის ღირებულების 4 %, კერძოდ 202,33 ლარის გადახდა.
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სს „თ----- ბ-----“ და გ-- თ-------–---–- შორის 2017 წლის 27 თებერვალს სწრაფი განვადების ფარგლებში გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N2425773-8805380, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 2287,44 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადად განისაზღვრა 374 დღე (12 გადახდა), კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 08 რიცხვში 192,12 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
გ-- თ-------–---–-ს მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები 2017 წლის 08 აპრილს და არ მომხდარა გადახდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. 2017 წლის 27 ოქტომბრის მდგომარეობით, მოპასუხეს 2017 წლის 27 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 3058,45 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 2286,96 ლარი და ჯარიმა 771,49 ლარი.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა სასამრჩელო მოთხოვნას და ითხოვს მოპასუხე გ-- თ------–---–-- სს „თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 27 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 3058,45 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 2286,96 ლარი და ჯარიმა - 771,49 ლარი. დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2017 წლის 27 ოქტომბრიდან) 2017 წლის 27 თებერვლის საბანკო კრედიტის N25773-8805380 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 2286,96 ლარზე, აღსრულებამდე დასარიცხი პირგასამტეხლოს, ყოველდღიური 0,5%-ის გადახდა (რაც ყოველდღიურად შეადგენს 11,43 ლარს), მაგრამ არაუმეტეს 2000 ლარისა.
გ-- თ-------–---–- დაეკისროს სს „თ----- ბ----ს“ მიერ სახ. ბაჟის სახით გადახდილი 151,75 ლარის, უზრუნველყოფის - 50 ლარის, აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის - 20 ლარისა და მოსარჩელის მიერ გაწეული საადვოკატო მომსახურების ხარჯის- სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით, დავის საგნის ღირებულების 4 %, კერძოდ 202,33 ლარის გადახდა.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, ძირი თანხის 2286,96 ლარის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში, სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ დარიცხული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და მოითხოვა, რომ მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე ეთქვას უარი.
3. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. სს „თ----- ბ-----“ და გ-- თ-------–---–- შორის 2017 წლის 27 თებერვალს სწრაფი განვადების ფარგლებში გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N2425773-8805380, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 2287,44 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადად განისაზღვრა 374 დღე (12 გადახდა), კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 08 რიცხვში 192,12 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
- 2017 წლის 27 თებერვლის საბანკო კრედიტის N2425773-8805380, ხელშეკრულება, მხარეთა ახსნა-განმარტებებით.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მხარეებს შორის დავის საგანს წარმოადგენს პირგასამტეხლოს მოცულობა.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხე გ-- თ-------–---–- მოსარჩელე სს ,,თ----- ბ----ს” სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2440,96 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 2286,96 ლარი, პროცენტი - 154 ლარი.
ასევე, მოპასუხე გ-- თ-------–---–- მოსარჩელე სს „თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2017 წლის 27 ოქტომბრიდან) 2017 წლის 27 თებერვლის საბანკო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 2286,96 ლარზე, აღსრულებამდე დასარიცხი პირგასამტეხლოს ყოველდღიური გადახდა 2,28 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 2000 ლარისა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი, 361-ე, 867-ე, 868-ე მუხლის პირველი ნაწილი, 411-ე, 417-ე , 418-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის შემთხვევაში, სასამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და გამოაქვს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სარჩელი იმ ნაწილში, რომელშიც მოპასუხემ სარჩელი ცნო, კერძოდ: ძირი თანხის 2286,96 ლარის ნაწილში, უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შორის წარმოიშვა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, გადაწყვეტილებას შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ სასამართლო იღებს არა მარტო ქონებრივი, არამედ ყველა პატივსადები ინტერესის გათვალისწინებით, ანუ სასამართლოს შეუძლია პირგასამტეხლოს სამართლიანი შემცირება.
მხარეთა მიერ, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს მიზანია მოვალის პასუხისმგებლობის ამაღლების მცდელობა. მოვალემ, პირგასამტეხლოს გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, კრედიტორის წინაშე ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და დროულად. ასევე მისი მიზანია ვალდებულების დაყოვნებით კრედიტორზე მიყენებული ზიანის კომპენსირება და დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს მიზანი არაა კრედიტორის გამდიდრება მოვალის ხარჯზე. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 771,49 ლარის ოდენობით, შეუსაბამოდ მაღალია და იგი უნდა შემცირდეს 154 ლარამდე.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ რომელიც შეიძლებოდა მიეღო პირს სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშვნელოვანი გარემოებების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა. სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.
ასევე, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებისათვის საჭიროა იკვეთებოდეს მოწინააღმდეგე მხარისათვის მისი დადგომის სავარაუდოობა, ვინაიდან როგორც მითითებული ნორმის დათქმიდან ჩანს, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც სავარაუდო იქნებოდა სამოქალაქო ბრუნვის საშუალო მონაწილისათვის. ზიანის სავარაუდოობა გულისხმობს კრედიტორისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ზიანის მიყენების გონივრულ მოლოდინს.
წარმოდგენილ შემთხვევაში, ხელშეკრულებით დადგენილ ფულად თანხას ერიცხება კონკრეტული სარგებელი და სამართლებრივ ურთიერთობაში საკრედიტო დაწესებულების მონაწილეობის გათვალისწინებით, ხელშეკრულების მონაწილე მხარისათვის ცალსახად სავარაუდო და მოსალოდნელია ყველა ის შედეგი (ზიანი), რაც მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას შეიძლება მოჰყვეს კრედიტორთან მიმართებით, რომელიც გაცემული ფულადი რესურსის ფარგლებში ყოველთვის საპროცენტო სარგებლის მიღებაზეა ორიენტირებული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე და 412-ე მუხლების შესაბამისად, ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით, კერძოდ: სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს პირისათვის სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი საბანკო პროცენტის სახით.
სასამართლო იზიარებს სს ,,თ----- ბ----ს’’ მიერ სარჩელში მითითებულ პოზიციას, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით და ხელშეკრულების შეწყვეტით მოსარჩელემ დაკარგა ის საპროცენტო სარგებელი, რომელიც მოპასუხეს უნდა გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დამთავრებამდე. ამასთან, მოსარჩელის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მოპასუხისათვის ხელშეკრულების დარღვევის დროს სავარაუდო უნდა ყოფილიყო ზიანი, რომელიც დადგებოდა მოსარჩელის მიმართ მოპასუხის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო. ამდენად, სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას, ეყრდნობა მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას და განმარტავს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიიღებდა სარგებელს საბანკო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების შესახებ მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
გამომდინარე ზემოაღნიშნული მუხლებიდან, ვინაიდან მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ და სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე გ-- თ-------–---–- მოსარჩელე სს ,,თ----- ბ----ს” სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟიდან 61,63 ლარის, საადვოკატო მომსახურების ხარჯის 177,63 ლარის აკრძალვის რეგისტრაციის 20 ლარის გადახდა. ასევე, მოსარჩელე სს „თ----- ბ----“ უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახ. ბაჟიდან 71.6 ლარი. ასევე უნდა დაეიკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟი 50 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
ფიოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის განჩინებით მოპასუხე გ-- თ-------–---–- აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ფოთი, ზ. გამსახურდიას ქ. N209-ში, საკადასტრო კოდით №------------, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სს “თ----- ბ----ს“ სარჩელი, გ-- თ-------–---–-ს მიმართ თანხის დაკისრების შესახებ.
2. მოპასუხე გ-- თ-------–---–- მოსარჩელე სს “თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 2440,96 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 2286,96 ლარი პირგასამტეხლო - 154 ლარი.
მასვე დაეკისროს დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2017 წლის 27 ოქტომბრიდან) 2017 წლის 27 თებერვლის საბანკო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 2286,96 ლარზე, აღსრულებამდე დასარიცხი პირგასამტეხლოს ყოველდღიური გადახდა 2,28 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 2000 ლარისა.
3. მოსარჩელე სს „თ----- ბ----“ დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 71,6 ლარი. (სახ. ბაჟის გადახდის თარიღი 13.12.2017, საგადასახადო დავალება N158, რეფერენსი 1844706551, სახაზინო კოდი: 300423150).
4. მოსარჩელე სს „თ----- ბ----ს“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 18,52 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში ბაჟის სახით გადახდილად.
5. მოპასუხე გ-- თ-------–---–-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სს „თ----- ბ----ს“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 61,63 ლარის გადახდა, მასვე დაეკისროს იურიდიული მომსახურების საფასურის 177,63 ლარის და აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის 20 ლარის გადახდა. ასევე დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ბაჟი 50 ლარის ოდენობით.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შოთა სირაძე