გადაწყვეტილება
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010210018002312319
№2-655/2018წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 ივლისი, 2019 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - სალიხ შაინიძე
სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე
მოსარჩელე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სა---------–----------------------–-–-ა
წარმომადგენელი - ა------------ე, ნო----------–---–ი
მოპასუხე - ი/მ მე-------------–--ე
წარმომადგენელი - და---------------ე
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ი/მ მე-------------–--ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სა---------–----------------------–-–-ის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 2945,76 ლარის ოდენობით.
სარჩელის საფუძველი:
- 2017 წლის 26 ივლისს სა---------–----------------------–-–-ასა და ი/მ მე-------------–--ეს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #-------- ხელშეკრულება, რომლის მე-4 მუხლის 4.1. პუნქტის თანახმად, მოპასუხეს ამავე ხელშეკრულებისა და #1 დანართით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მოწოდება უნდა განეხორციელებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან ეტაპობრივად, 2017 წლის 01 ნოემბრამდე.
- ი/მ მე-------------–--ემ #-------- ხელშეკრულების #1 დანართით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის (ს-–-–----------) ნაწილი მიაწოდა მოსარჩელეს ჯამში 34 დღის დაგვიანებით.
- ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.3. პუნქტით განიაზღვრა პირგასამტეხლო ვალდებულების დარღვევისათვის (შესრულების ვადა, ხარისხი) ხელშეკრულების ღირებულების 0,2%-ის ოდენობით, ხელშეკრულების საერთო ღირებულება კი შეადგენდა 43320 ლარს.
- დარიცხული პირგასამტეხლოს შესახებ მოსარჩელემ აცნობა მოპასუხეს 2017 წლის 15 დეკემბრის #3022237 წერილით;
- მოსარჩელის წარმომადგენელი განმარტავს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა არ არის გონივრული ფარგლებს გადაცილებული. მოპასუხემ ტენდერში გიმარჯვა და მისთვის ცნობილი იყო პირობების შესახებ, სატენდერო დოკუმენტაციას ერთვის სამომავლო ხელშეკრულების პირობებიც. სასაზღვრო ობიექტებზე შეშის დროულად მიტანა მნიშვნელოვანია, რათა ზამთრის პირობებში სა----------------–-–-ამ დაკისრებული ფუნქციის განხორციელება შეძლოს. მოსარჩელემ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, სრულად ჩაურიცხა თანხა, ხოლო მოპასუხემ კი დაარღვია ვალდებულება, დააგვიანა მისი შესრულება, მოპასუხეს ვალდებულების ვადაში შესრულების დამაბრკოლებელი გარემოებების თაობაზე არც წინასწარ და არც შემდეგში არ უცნობებია. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაცია პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით, არ არის სავალდებულო და მისი გათვალისწინება ხდება კონკრეტული სახელმწიფო შესყიდვის სახეობისა და მნიშვნელობიდან გამომდინარე. შესაბამისად, მოპასუხე რომ არ დათანხმებოდა პირობებს, მასთან არც ხელშეკრულება გაფორმდებოდა.
(იხ. სარჩელი, მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ი/მ მე-------------–--ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ:
- მოპასუხე ეთანხმება სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, ადასტურებს, რომ დროულად ვერ მიაწოდა მოსარჩელეს შესყიდვის ობიექტი მეტერეოლოგიური პირობების გამო, რაზედაც აცნობა კიდეც მოსარჩელეს 2017 წლის 31 ოქტომბრის წერილით, წერილი ატვირთულია ელექტრონულად;
- მოპასუხე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს ოდენობას, მიაჩნია, რომ არ არის გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც პირგასამტეხლო გამოანგარიშებული უნდა იქნეს დარჩენილი შესასრულებელი ვალდებულებებიდან და ის არ უნდა აღემატებოდეს 0,02%-ს ყოველვადაგადაცილებულ დღეზე.
- მოპასუხე დამატებით აღნიშნავს, რომ ტენდერის მასალებში პირგასამტეხლოს პირობა არ იყო, ეს მხოლოდ ხელშეკრულების გაფორმებისას გახდა მისთვის ცნობილი, ხოლო მოსარჩელეს ტენდერის ელექტრონული წარმოების მასალები არ წარმოუდგენია. 2017 წლის 01 ნოემბრამდე მოვიდა თოვლი, რის გამოც მოპასუხეს შეექმნა დაბრკოლება.
(იხ. შესაგებელი, მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში).
3. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 26 ივლისს სა---------–----------------------–-–-ასა და ი/მ მე-------------–--ეს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #-------- ხელშეკრულება, რომლის მე-4 მუხლის 4.1. პუნქტის თანახმად, მოპასუხეს ამავე ხელშეკრულებისა და #1 დანართით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მოწოდება უნდა განეხორციელებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან ეტაპობრივად, 2017 წლის 01 ნოემბრამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი, შესაგებელი;
2017 წლის 26 ივლისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #-------- ხელშეკრულება;
- მხარეთა განმარტებები სხდომის ოქმში:
3.1.2. ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.3. პუნქტით განისაზღვრა პირგასამტეხლო ვალდებულების დარღვევისათვის (შესრულების ვადა, ხარისხი) ხელშეკრულების ღირებულების 0,2%-ის ოდენობით, ხელშეკრულების საერთო ღირებულება კი შეადგენდა 43320 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი, შესაგებელი;
2017 წლის 26 ივლისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #-------- ხელშეკრულება;
- მხარეთა განმარტებები სხდომის ოქმში:
3.1.3. ი/მ მე-------------–--ემ #-------- ხელშეკრულების #1 დანართით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის (ს-–-–----------) ნაწილი მიაწოდა მოსარჩელეს ჯამში 34 დღის დაგვიანებით. კერძოდ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მისაწოდებელი 380 მ3 ს-–-–----------დან ვადაში მიაწოდა 249,50 მ3, ხოლო 130,50 მ3 მიაწოდა დაგვიანებით, 2017 წლის 03 ნოემბერს - 15 მ3, 05 ნოემბერს - 7,5 მ3, 06 ნოემბერს - 15 მ3, 08 ნოემბერს - 27,5 მ3, 08 ნოემბერს - 08 მ3, 13 ნოემბერს - 7,5 მ3, 13 ნოემბერს - 05 მ3, 21 ნოემბერს - 7,5 მ3, 21 ნოემბერს - 7,5 მ3, 22 ნოემბერს - 05 მ3, 22 ნოემბერს - 05 მ3, 04 დეკემბერს - 10 მ3, 04 დეკემბერს - 10 მ3. ამდენად, მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება დაასრულა 2017 წლის 04 დეკემბრისათვის, ვადაგადაცილება შეადგენს 34 დღეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი, შესაგებელი;
2017 წლის 26 ივლისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #-------- ხელშეკრულება, ფასების ცხრილი-დანართი 1;
- მიღება - ჩაბარების აქტები;
- სასაქონლო ზედნადებები;
- სა----------------–-–-------------------–-------------- უფროსის 2017 წლის 12 დეკემბრის #2991529 სამსახურეობრივი ბარათი;
- მხარეთა განმარტებები სხდომის ოქმში:
3.1.4. მოსარჩელემ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, სრულად ჩაურიცხა ხელშეკრულების საერთო ღირებულება 43320 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი, შესაგებელი;
2017 წლის 26 ივლისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #-------- ხელშეკრულება;
- მხარეთა განმარტებები სხდომის ოქმში:
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მხარეთა შორის სადავოა:
- რამდენად საპატიოა ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების მიზეზები, ხელშეკრულების მოქმედების ვადაში იყო თუ არა ცუდი ამინდები, რამაც გამოიწვია ვადის დარღვევა და აცნობა თუ არა ამის შესახებ მოპასუხემ მოსარჩელეს;
- შეუსაბამოა თუ არა მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა;
3.2.2. მხარეები სადავოს არ ხდიან იმ გარემოებას, რომ მოპასუხეს შესრულებული აქვს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები და მიღებული აქვს განსაზღვრული საფასური. დავა ეხება იმ საკითხს, ვადაგადაცილება გამოწვეულია თუ არა საპატიო მიზეზით და რამდენად შეუსაბამოდ მაღალია პირგასამტეხლო.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულობა და მისი დაკისრების მართებულობა წარმოადგენს სამართლბრივი შეფასების კატეგორიას და მასზე სასამართლო იმსჯელებს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების ნაწილში.
3.2.3. სადავო ფაქტობრივი გარემოებების შესახებ მხარეები იძლევიან ერთმანეთის საწინააღმდეგო განმარტებებს. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.
3.2.4. სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად, ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. თითოეულ მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. არცერთ მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია.
3.2.5. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილების პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეებს შორის მტკიცების ვალდებულება, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში იყო თუ არა ცუდი ამინდები, რამაც გამოიწვია ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა ვადაში და ვადის დარღვევა, ასევე აცნობა თუ არა ამის შესახებ მოპასუხემ მოსარჩელეს, - ამის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხეს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ გზით მტკიცების ტვირთის თანაბრად გადანაწილება სამართლიანია და სრულად შეესაბამება შეჯიბრებითობის პრინციპს.
3.2.6. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საქმეები განიხილება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით, რაც გულისხმობს პროცესის მიმდინარეობისას მოსარჩელისა და მოპასუხის თანასწორუფლებიანობას, არგუმენტების დასამტკიცებლად თანაბარი საპროცესო საშუალების მიცემას. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოსაზრებები, მოთხოვნები თუ მტკიცებულებები. მხარეები მტკიცებულებების მეშვეობით ერთმანეთს ეჯიბრებიან ფაქტების დადგენაში. სასამართლო ამოწმებს მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა სანდოობას, მათ სიმყარეს, დამაჯერებლობას და მათი შეფასებით უყალიბდება შინაგანი რწმენა ამათუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ. მიუხედავად მტკიცებულებათა შინაარსისა და მნიშვნელობისა, არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. თითოეული მტკიცებულება ფასდება სასამართლოს მიერ და მას ენიჭება გარკვეული შეფასება. ფაქტობრივი გარემოების დადასტურებისათვის ყველა მტკიცებულება არ გამოდგება. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ხშირად კონკრეტული ფაქტის დამადასტურებელია და ხშირად ასეთი ფაქტის დადასტურებისათვის უვარგისია. სასამართლომ კრიტიკულად უნდა შეაფასოს მტკიცებულებები და გადაწყვიტოს მხარეთა მიერ მითითებული მტკიცებულება, არის თუ არა ის მტკიცებულება, რომლითაც მოსარჩელე ან მოპასუხე უტყუარად დაადასტურებს თავის არგუმენტებს.
3.2.7. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2017 წლის 26 ივლისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #-------- ხელშეკრულება ითვალისწინებს ფორს-მაჟორული გარემოებებს და 12.3. მუხლით განისაზღვრა მხარეთა ვალდებულებაც, რომ ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომისას, მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულების შესრულება, დაუყონებლივ უნდა აცნობოს მეორე მხარეს წერილობით ასეთი გარემოებებისა და გამომწვევი მიზეზების თაობაზე, რომელსაც უნდა ახლდეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც.
მოპასუხე ადასტურებს, რომ დროულად ვერ მიაწოდა მოსარჩელეს შესყიდვის ობიექტი მეტერეოლოგიური პირობების გამო, 2017 წლის 01 ნოემბრამდე მოვიდა ნალექები, თოვლი, რის გამოც მოპასუხეს შეექმნა დაბრკოლება, რაზედაც აცნობა კიდეც მოსარჩელეს 2017 წლის 31 ოქტომბრის წერილით, წერილი ატვირთულია ელექტრონულად;
მოსარჩელე უარყოფს როგორც წერილობითი შეტყობინების მიღებას, ასევე თავად ფაქტის არსებობას, რომ 2017 წლის 01 ნოემბრამდე მოვიდა თოვლი, იყო ისეთი ნალექები, რაც გადაულახავი იქნებოდა და ვალდებულების შესრულებას შეუშლიდა ხელს.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მოპასუხეს, გარდა ზეპირი ფორმით მითითებისა, არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რომ 2017 წლის 01 ნოემბრამდე მოვიდა ნალექები, თოვლი, რის გამოც შეექმნა დაბრკოლება, რაზედაც აცნობა კიდეც მოსარჩელეს 2017 წლის 31 ოქტომბრის წერილით და წერილი ატვირთულია ელექტრონულად. ამის მტკიცების ტვირთი მას ეკისრებოდა, მისთვის ობიექტურად შესაძლებელი იყო, რომ წარმოედგინა მეტერეოლოგიური სამსახურებიდან, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებიდან ცნობები ინფორმაციები ამის თაობაზე, ასევე თუნდაც ელექტრონულად გაგზავნილი შეტყობინების შესახებ ამონაწერი. ამდენად, იგი ვერ ადასტურებს ისეთი გადაულახავი გარემოებების არსებობას, რაც შეიძლება ჩაითვალოს საპატიოდ. მოსარჩელეს ვერ დაეკისრება არარსებულის მტკიცება, ეს უნდა დაამტკიცოს მოპასუხემ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი, შესაგებელი;
2017 წლის 26 ივლისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #-------- ხელშეკრულება, ფასების ცხრილი-დანართი 1;
- მიღება - ჩაბარების აქტები;
- სასაქონლო ზედნადებები;
- სა----------------–-–-------------------–-------------- უფროსის 2017 წლის 12 დეკემბრის #2991529 სამსახურეობრივი ბარათი;
3.2.8. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია ვალდებულების შესრულების ვადა. ვადაგადაცილებამ შეადგინა 34 დღე. ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების გამომწვევი ფორს-მაჟორული და სხვა საპატიო მიზეზები არ არსებობს. ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.3. პუნქტით, შემსყიდველი - მოსარჩელე უფლებამოსილია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გადაცილების შემთხვევაში დააკისროს მომწოდებელს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.2%-ის ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ დარიცხულმა პირგასამტეხლომ შეადგინა 2945,76 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი, შესაგებელი;
2017 წლის 26 ივლისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #-------- ხელშეკრულება, ფასების ცხრილი-დანართი 1;
- მიღება - ჩაბარების აქტები;
- სასაქონლო ზედნადებები;
- სა----------------–-–-------------------–-------------- უფროსის 2017 წლის 12 დეკემბრის #2991529 სამსახურეობრივი ბარათი;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც განსაზღვრულ ვადების დარღვევის შემთხვევაში მოპასუხეს ეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის სწორად დაანგარიშებული, არ არის შეუსაბამოდ მაღალი, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს მთლუიანად.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
- საქართველოს კონსტიტუცია.
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მხარეებს შორის არსებობდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა (ნასყიდობა). 2017 წლის 26 ივლისს სა---------–----------------------–-–-ასა და ი/მ მე-------------–--ეს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #-------- ხელშეკრულება, რომლის მე-4 მუხლის 4.1. პუნქტის თანახმად, მოპასუხეს ამავე ხელშეკრულებისა და #1 დანართით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მოწოდება უნდა განეხორციელებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან ეტაპობრივად, 2017 წლის 01 ნოემბრამდე.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით სასამართლო განმარტავს, რომ ეს ნორმა განსაზღვრავს იმ ძირითად კრიტერიუმებს, რომლებსაც უნდა ეფუძნებოდეს ვალდებულების შესრულება. კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. თუმცა, მიუხედავად, აღნიშნულისა, იმის გათვალისწინებით, რომ სახელშეკრულებო სამართალი აგებულია ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზე, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით, რის გამოც, მხარეებს აქვთ უფლება ხელშეკრულებით გაითვალისწინონ ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი და აქცესორული ხასიათის საშუალებანი. სწორედ ამგვარ უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას წარმოადგენს პირგასამტეხლო.
დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ვადაში, დარღვეულია ვალდებულების შესრულების ვადები, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ უნდა განვასხვავოთ ხელშეკრულების მოქმედების, მისი შესრულების ვადები სამუშაოთა შესრულების ვადებისაგან. სამუშაოთა შესრულების ვადა გულისხმობს მენარდის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადას, ხოლო ხელშეკრულების შესრულების ვადა უფრო ფართე ცნებაა. იგი მოიცავს ორივე მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და სხვა საკითხებსაც კონკრეტული ხელშეკრულებიდან გამომდინარე. მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება მოიცავს დამკვეთის ვალდებულებებსაც, როგორიცაა ნარდობის საფასურის გადახდა, შესრულებული სამუშაოს მიღება, მოპასუხის ვალდებულებას, რომ ჩააბაროს შესრულებული სამუშაო და სხვა.
6.5. დადგენილია, რომ ი/მ მე-------------–--ემ #-------- ხელშეკრულების #1 დანართით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის (ს-–-–----------) ნაწილი მიაწოდა მოსარჩელეს ჯამში 34 დღის დაგვიანებით. კერძოდ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მისაწოდებელი 380 მ3 ს-–-–----------დან ვადაში მიაწოდა 249,50 მ3, ხოლო 130,50 მ3 მიაწოდა დაგვიანებით, 2017 წლის 03 ნოემბერს - 15 მ3, 05 ნოემბერს - 7,5 მ3, 06 ნოემბერს - 15 მ3, 08 ნოემბერს - 27,5 მ3, 08 ნოემბერს - 08 მ3, 13 ნოემბერს - 7,5 მ3, 13 ნოემბერს - 05 მ3, 21 ნოემბერს - 7,5 მ3, 21 ნოემბერს - 7,5 მ3, 22 ნოემბერს - 05 მ3, 22 ნოემბერს - 05 მ3, 04 დეკემბერს - 10 მ3, 04 დეკემბერს - 10 მ3. ამდენად, მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება დაასრულა 2017 წლის 04 დეკემბრისათვის, ვადაგადაცილება შეადგენს 34 დღეს.
6.6. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებას. ის ნაკისრი ვალდებულების დარღვევის - საზღაურია და ძირითადი ვალდებულების დარღვევამდე, მისი შესრულების მასტიმულირებელ ფუნქციასაც ასრულებს. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მხარეთა შეთანხმებით იმ შემთხვევისათვის, თუ მომწოდებელი შესრულების ვადას გადააცილებდა, დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.2%-ის ოდენობით, რომლის შესრულების ვადაც დაირღვა. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე, რაც გულისხმობს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას ხელშეკრულების დადებისას. ნების ავტონომიის პრინციპის გამოხატულებაა კანონმდებლობის ჩანაწერი, რომ მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სუბიექტებს ავალდებულებს სათანადო გულისხმიერებით მოეპყრან თავიანთ უფლებებს და არ განახორციელონ ისინი იმ ფორმით, რომ ეს ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს, გამოდიოდეს კეთილსინდისიერი და გულისხმიერი ადამიანის ქცევის ფარგლებიდან. ამდენად, კოდექსი მართალია ადგენს მხარეთა თავისუფლებას განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, თუმცა ამ თავისუფლებაში კანონმდებელი მოიაზრებს სწორედ კეთილსინდისიერ კერძო სუბიექტს, ვინც კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს თავის უფლებებს და პირგასამტეხლოს განსაზღვრავს გონივრულ ფარგლებში, რომელიც აშკარად არ ეწინააღმდეგება დადგენილ ოდენობას და შეუსაბამოდ მძიმე მდგომარეობაში არ აყენებს მოვალეს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის რომ არ მოხდეს მხარის მიერ თავისი უფლებების ბოროტად გამოყენება, კანონმდებელი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამასთან, შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას.
6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
6.8. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეული ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსური მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია ვალდებულების შესრულების ვადა. ვადაგადაცილებამ შეადგინა 34 დღე. ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების გამომწვევი ფორს-მაჟორული და სხვა საპატიო მიზეზები არ არსებობს. ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.3. პუნქტით, შემსყიდველი - მოსარჩელე უფლებამოსილია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გადაცილების შემთხვევაში დააკისროს მომწოდებელს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.2%-ის ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ დარიცხულმა პირგასამტეხლომ შეადგინა 2945,76 ლარი.
სასამართლო იზიარებს მოსარჩელის განმარტებას, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა არ არის გონივრული ფარგლებს გადაცილებული. მოპასუხემ ტენდერში გაიმარჯვა და მისთვის ცნობილი იყო პირობების შესახებ, სატენდერო დოკუმენტაციას ერთვის სამომავლო ხელშეკრულების პირობებიც. სასაზღვრო ობიექტებზე შეშის დროულად მიტანა მნიშვნელოვანია, რათა ზამთრის პირობებში სა----------------–-–-ამ დაკისრებული ფუნქციის განხორციელება შეძლოს. მოსარჩელემ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, სრულად ჩაურიცხა თანხა, ხოლო მოპასუხემ კი დაარღვია ვალდებულება, დააგვიანა მისი შესრულება, მოპასუხეს ვალდებულების ვადაში შესრულების დამაბრკოლებელი გარემოებების თაობაზე არც წინასწარ და არც შემდეგში არ უცნობებია. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაცია პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით, არ არის სავალდებულო და მისი გათვალისწინება ხდება კონკრეტული სახელმწიფო შესყიდვის სახეობისა და მნიშვნელობიდან გამომდინარე. შესაბამისად, მოპასუხე რომ არ დათანხმებოდა პირობებს, მასთან არც ხელშეკრულება გაფორმდებოდა.
სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მხარეებს შორის ხელშეკრულება გაფორმდა 2017 წლის 26 ივლისს და მოპასუხე ვალდებული იყო 3 თვეში, 2017 წლის 01 ნოემბრამდე შეესრულებინა ვალდებულება სრულად და ჯეროვნად. აღნიშნული ტენდერის მიზანი სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ სა----------------–-–-ის საგუშაგოები, 01 ნოემბრამდე, ანუ ზამთრის დადგომამდე უზრუნველყოფილი რომ ყოფილიყო საშეშე მერქნით, შესაბამისი გათბობით, ვინაიდან წინასწარ დანამდვილებით არავინ იცის სამომავლო ამინდები, ზამთარი როგორი იქნება, ხოლო სახელმწიფო საზღვრის დაცვა კი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია და ვალდებულებაა, მომწოდებელს კი მეტი კეთილსინდისიერება მმართებს და მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება, სწორედ ამიტომაც არ იქნა სავალდებულოდ მიჩნეული სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ასახვას ჰპოვებდა ხელშეკრულებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა 0,2%-ის ოდენობით არ უნდა ჩაითვალოს არაგონივრულად და უსამართლოდ.
7. საპროცესო ხარჯები
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
ამავე კანონის მე-5 მუხლის თანახმად, მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;
39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი კმაყოფილდება, მოპასუხეს, ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ უნდა გადახდეს დაკისრებული თანხის 3% (ოღონდ არანაკლებ 100 ლარისა), რაც შეადგენს 100 ლარს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე-258-ე, 2591-ე, 264-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სა---------–----------------------–-–-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე ი/მ მე-------------–--ეს მოსარჩელე შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სა---------–----------------------–-–-ის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით 2945,76 ლარის გადახდა.
3. მოპასუხე ი/მ მე-------------–--ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 ლარის ოდენობით.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლბით დადგენილი წესით.
მოსამართლე სალიხ შაინიძე