გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
pსაქმე №3/7195-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
7 მაისი 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ივანე ღლონტი
სხდომის მდივანი: სალომე დუდუჩავა
მოსარჩელე - პ---------–----–---–ი
წარმომადგენელი - ე-----------------–---–-
მოპასუხეები - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
წარმომადგენლები - ნ------------–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელების დავალება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 12 ოქტომბრის №MOD 4---------- ბრძანება, მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების დარღვევის გამო სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის ნაწილში.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2018 წლის 1 ნოემბრის №MOD 5---------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
1.3. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრს დაევალოს მოსარჩელის წელთა ნამსახურობის დაანგარიშება, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. ასევე, ქმედების განხორციელების დავალების საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის შტაბის G-1-ის სამსახურის უფროსის 2018 წლის 4 ოქტომბრის №MOD 4------------ ცნობით დგინდება, რომ ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის შტაბის G-3-ის სამსახურის ს---------------–---------------------------------------ს განყოფილების უფროსის (მფრინავი), ვიცე-პოლკოვნიკ - პ---------–----–---–ის შეიარაღებული ძალების რიგებში წელთა ნამსახურობა 2018 წლის 4 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენს 21 წელს, 1 თვესა და 22 დღეს. აქედან ოფიცრის თანამდებობაზე ნამსახურები აქვს - 15 წელი, 9 თვე და 14 დღე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის შტაბის G-1-ის სამსახურის უფროსის 2018 წლის 4 ოქტომბრის №MOD 4------------ ცნობა (ს.ფ. 18).
3.1.2. 2007 წლის 3 მაისს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და პ---------–----–---–ს შორის დაიდო კონტრაქტი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ. კონტრაქტის 1.1. პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე იღებდა ვალდებულებას წინამდებარე კონტრაქტით განსაზღვრული პირობებით კეთილსინდისიერად ემსახურა სამინისტროს სამხედრო სამსახურში, ხოლო სამინისტრო იღებდა ვალდებულებას გადაეხადა სამხედრო მოსამსახურისათვის ანაზღაურება და უზრუნველეყო იგი სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. კონტრაქტის 3.1. მუხლით, სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის ვადა განისაზღვრა 5 წლით, რომელიც აითვლებოდა შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობაში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან და რომელიც აღინიშნებოდა კონტრაქტის პირველ გვერდზე, რაც ამავდროულად ითვლებოდა კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღად.
2007 წლის 1 ივნისს მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება (კონტრაქტი) თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების შესახებ. კერძოდ, „სამხედრო მოსამსახურე“ კვალიფიკაციის ამაღლების, მომზადების ან გადამზადების მიზნით მივლინებული იქნებოდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ ექვს თვეზე მეტი ხნის ვადით.
2015 წლის 1 ივნისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და პ---------–----–---–ს შორის დაიდო №775 ხელშეკრულება (კონტრაქტი) თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების შესახებ. ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შესაბამისად „სამხედრო მოსამსახურე“ კვალიფიკაციის ამაღლების, მომზადების ან გადამზადების მიზნით მივლინებული იქნებოდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ ექვს თვეზე მეტი ხნის ვადით. 1.2. პუნქტის თანახმად, „სამხედრო მოსამსახურე“ ვალდებულებას იღებდა სამხედრო სამსახურის გაგრძელებისათვის შეესრულებინა ამ კონტრაქტით განსაზღვრული პირობები. 1.4. პუნქტის მიხედვით, სამხედრო სამსახური ასევე მოიცავდა „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლით განსაზღვრულ პირობებსაც. ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, ამ კონტრაქტის ძალაში შესვლის შემდგომ (მე-13 მუხლის მიხედვით ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღად ითვლება ხელშეკრულების პირველ გვერდზე აღნიშნული თარიღი - 2015 წლის 1 ივნისი) „სამხედრო მოსამსახურე“ უპირობოდ ხდებოდა ვალდებული შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო ან კადრის სამსახური გაეგრძელებინა რვა წლით. ხელშეკრულების 7.3. პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ „სამხედრო მოსამსახურე“ მივლინების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ, ან ხელშეკრულების 3.2. პუნქტით განსაზღვრული ვადის განმავლობაში თავისი სურვილით და „სამინისტროსთან“ შეთანხმებით, დატოვებდა შეიარაღებული ძალების, ან შექმნიდა პირობებს იმისთვის, რომ „სამინისტრო“ იძულებული გამხდარიყო შეეწყვიტა ეს კონტრაქტი, „სამხედრო მოსამსახურე“ უპირობოდ ხდებოდა ვალდებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 (ათი) დღის ვადაში აენაზღაურებინა ჯარიმა - 28 000 (ოცდარვა ათასი) ლარის ოდენობით.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2007 წლის 3 მაისის კონტრაქტი (ს.ფ. 19-26);
- 2007 წლის 1 ივნისის ხელშეკრულება (ს.ფ. 31-36);
- 2015 წლის 1 ივნისის ხელშეკრულება (ს.ფ. 38-43).
3.1.3. 2018 წლის 1 ოქტომბერს პ---------–----–---–მა ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლის მოვალეობის შემსრულებელს წარუდგინა №MOD 3------------ პატაკი, რომლითაც ეთხოვა ეშუამდგომლა ზემდგომ ხელმძღვანელობასთან, რათა ოჯახური პირობების გამო, დათხოვნილი ყოფილიყო შეიარაღებული ძალების რიგებიდან და მომხდარიყო მისი კონტრაქტის შეწყვეტა ურთიერთშეთანხმებით და არა კონტრაქტის პირობების დარღვევით, რათა საშუალება ჰქონოდა ესარგებლა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციით.
2018 წლის 2 ოქტომბერს პ---------–----–---–მა ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლის მოვალეობის შემსრულებელს წარუდგინა №MOD 6------------ პატაკი, რომლითაც ეთხოვა ეშუამდგომლა ზემდგომ ხელმძღვანელობასთან, რათა ოჯახური პირობების გამო დათხოვნილიყო შეიარაღებული ძალების რიგებიდან და მომხდარიყო მისი კონტრაქტის შეწყვეტა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2018 წლის 1 ოქტომბრის №MOD 3------------ პატაკი (ს.ფ. 44);
- 2018 წლის 2 ოქტომბრის №MOD 6------------ პატაკი (ს.ფ. 46).
3.1.4. დადგენილია, რომ 2018 წლის 3 ოქტომბერს, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის შტაბის G3-ის სამსახურის უფროსი გაესაუბრა პ---------–----–---–ს და შედგა გასაუბრების ფურცელი. აღნიშნულ ფურცელში მითითებული იქნა, რომ პ---------–----–---–ი სამსახურიდან დათხოვნას ითხოვდა „ზ“ ქვეპუნქტით - პირადი სურვილის საფუძველზე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2018 წლის 3 ოქტომბრის გასაუბრების ფურცელი (ს.ფ. 47).
3.1.5. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 12 ოქტომბრის №MOD 4------------ ბრძანებით „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ (პირადი სურვილით, თუ მან, როგორც ოფიცერმა, იმსახურა არანაკლებ 10 წელი), „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტების და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მართვის ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 4 სექტემბრის №MOD 9------------ ბრძანების პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის შტაბის G-3-ის სამსახურის ს---------------–---------------------------------------ს განყოფილების უფროსი (მფრინავი) (საშტატო კატეგორია „ვიცე-პოლკოვნიკი“; შტატი №4--------), ვიცე-პოლკოვნიკი - პ---------–----–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან სამობილიზაციო რეზერვში.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 12 ოქტომბრის №MOD 4------------ ბრძანება (ს.ფ. 49).
3.1.6. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2018 წლის 1 ნოემბრის №MOD 5------------ წერილით პ---------–----–---–ს ეცნობა, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები არ წარმოიშობა, თუ პირი თანამდებობიდან დათხოვნილი იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო. ამავე წერილით მხარეს განემარტა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 12 ოქტომბრის №MOD 4------------ ბრძანებით იგი დათხოვნილი იყო სამხედრო სამსახურიდან „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევა) ქვეპუნქტის საფუძველზე, რის გამოც მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინათ მისი თხოვნა წელთა ნამსახურობის დაანგარიშების შესახებ, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2018 წლის 1 ნოემბრის №MOD 5------------ წერილი (ს.ფ. 50).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ პ---------–----–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი - საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 12 ოქტომბრის №MOD 4---------- ბრძანება და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2018 წლის 1 ნოემბრის №MOD 5---------- წერილი შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მათი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამდენად, სასამართლომ, მოცემული დავის ფარგლებში უნდა იმსჯელოს მოსარჩელის მოთხოვნაზე - საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრს დაევალოს მოსარჩელის წელთა ნამსახურობის დაანგარიშება, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით.
6.2. სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მითითებული კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა).
ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების თანამშრომლებზე.
განსახილველ შემთხვევაში, პ---------–----–---–ს, საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან გათავისუფლებამდე ეკავა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის შტაბის G-3-ის სამსახურის ს---------------–---------------------------------------ს განყოფილების უფროსის (მფრინავი) (საშტატო კატეგორია „ვიცე-პოლკოვნიკი“; შტატი №4--------), ვიცე-პოლკოვნიკის თანამდებობა. შესაბამისად, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე ვრცელდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.
6.3. „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) ადგენს სამხედრო მოსამსახურის სტატუსს, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირებსა და მათ უფლება-მოვალეობებს, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურეების, მათი ოჯახის წევრებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირების ძირითად სოციალურ-სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.
აღნიშნული კანონის პირველი მუხლის „ა“ პუნქტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურედ ჩაითვლება საქართველოს მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქე („სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილ შემთხვევაში), რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს სამხედრო ძალებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, სამხედრო უწყებებში, აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირი სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლისას.
ამავე კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს სამსახურიდან დაითხოვენ: ზ) პირადი სურვილით, თუ მან, როგორც ოფიცერმა, იმსახურა არანაკლებ 10 წელი; თ) კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის გამო ან მხარეთა შეთანხმების საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 1 ოქტომბერს პ---------–----–---–მა ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლის მოვალეობის შემსრულებელს წარუდგინა №MOD 3------------ პატაკი, რომლითაც ეთხოვა ეშუემდგომლა ზემდგომ ხელმძღვანელობასთან, რათა ოჯახური პირობების გამო, დათხოვნილი ყოფილიყო შეიარაღებული ძალების რიგებიდან და მომხდარიყო მისი კონტრაქტის შეწყვეტა ურთიერთშეთანხმებით და არა კონტრაქტის პირობების დარღვევით, რათა საშუალება ჰქონოდა ესარგებლა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციით.
ასევე დადგენილია, რომ 2018 წლის 2 ოქტომბერს პ---------–----–---–მა ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლის მოვალეობის შემსრულებელს წარუდგინა №MOD 6------------ პატაკი, რომლითაც ეთხოვა ეშუემდგომლა ზემდგომ ხელმძღვანელობასთან, რათა ოჯახური პირობების გამო დათხოვნილიყო შეიარაღებული ძალების რიგებიდან და მომხდარიყო მისი კონტრაქტის შეწყვეტა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 12 ოქტომბრის №MOD 4------------ ბრძანებით „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ (პირადი სურვილით, თუ მან, როგორც ოფიცერმა, იმსახურა არანაკლებ 10 წელი), „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტების და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მართვის ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 4 სექტემბრის №MOD 9------------ ბრძანების პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის შტაბის G-3-ის სამსახურის ს---------------–---------------------------------------ს განყოფილების უფროსი (მფრინავი) (საშტატო კატეგორია „ვიცე-პოლკოვნიკი“; შტატი №4--------), ვიცე-პოლკოვნიკი - პ---------–----–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან სამობილიზაციო რეზერვში.
6.4. განსახილველი დავის ფარგლებში სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლები.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან აუცილებელია მის კომპეტენციაში შემავალი საკითხი გადაწყვიტოს კანონიერების პრინციპზე დაყრდნობით, რომლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს მოქმედი კანონის მოთხოვნებს. სამართლებრივი აქტი უნდა პასუხობდეს მიზანშეწონილობისა და კანონიერების მოთხოვნებს. მიზანშეწონილობა გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს შესაძლებლობას საჯარო ინტერესების გათვალისწინებით ოპტიმალურად გადაწყვიტოს სადავო საკითხი და განახორციელოს შესაბამისი მმართველობითი ღონისძიება.
იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა, გაანალიზება და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შემდეგ, რადგან თავიდან იქნას აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობის აუცილებლობა, კერძოდ, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას, რომელიც წინ უძღვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
სასამართლო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას, ანუ - იმ წესების ერთობლიობას, რაც განსაზღვრავს იმ უფლება-მოვალეობებს, რომლითაც სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცემა კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების ყველა სტადიაში, რითაც შეძლებს ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რაც შესაძლოა დადგეს მის მიმართ.
მოცემულ შემთხვევაში, დასადგენია მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების საფუძვლად მითითებული ერთ-ერთი გარემოება, კერძოდ, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი (კონტრაქტის პირობების დარღვევა), თუ რაში გამოიხატა მხარის მიერ კონტრაქტის პირობების დარღვევა. მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე მიუთითა, რომ აღნიშნული გამოიხატა პ---------–----–---–ის მიერ თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული კონტრაქტის დადგენილ ვადაზე ადრე შეწყვეტით. სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, რომ არა მოსარჩელის პირადი სურვილით სამსახურიდან წასვლის საფუძველი, სამინისტრო მასთან კონტრაქტს არ შეწყვეტდა, ვინაიდან მის მიმართ განახორციელა საგანმანათლებლო ფინანსური ღონისძიებები და აღნიშნული ზიანს მიაყენებდა სამინისტროს. მისი განმარტებით, ორივე პატაკი ცნობილი იყო ადმინისტრაციული ორგანოსათვის, თუმცა ზემოაღნიშნული საფუძვლით უპირატესობა მიანიჭეს მოსარჩელის მიერ წარდგენილ მეორე პატაკს.
სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის გათავისუფლება მოხდა ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიაზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს (საქმე ბს-463-451(კ-13), 18.02.2014წ.).
სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოცემულ შემთხვევაში არ იქნა გამოკვლეული მოსარჩელის ნამდვილი ნება. სამინისტროს მოსარჩელისათვის არ განუმარტავს, რომ თუ იგი სამსახურიდან წავიდოდა პირადი სურვილით, აღნიშნული ჩაითვლებოდა კონტრაქტის პირობების დარღვევად და გამოიწვევდა მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრებას - 28 000 ლარის ოდენობით. მოცემულ შემთვხვევაში, მოსარჩელის რეალურ ნებას არ წარმოადგენდა კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო სამსახურიდან განთავისუფლება, აღნიშნული გარემოება მან მიუთითა 2018 წლის 1 ოქტომბერს წარდგენილ პატაკში, ასევე 2018 წლის 3 ოქტომბერს გასაუბრებაზეც, რომელიც დაფიქსირებულია გასაუბრების ფურცელში.
სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნება გონივრული განსჯის შედეგად უნდა დადგინდეს. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც წინამდებარე შემთხვევას ახასიათებს.
სასამართლო განმარტავს, რომ მოსამსახურის მიერ განცხადების დაწერა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე არის მისი ნების გამოვლინება, თუმცა, მნიშვნელოვანია დასტურდებოდეს, რომ ნება გამოვლენილი იყოს თავისუფლად, შეუზღუდავად, ყოველგვარი ზეწოლისა და იძულების გარეშე, რისი დადგენაც უნდა მოხდეს ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე. იმისათვის, რომ ნების გამოვლენამ დასახულ სამართლებრივ შედეგს მიაღწიოს, იგი უნდა გაკეთდეს გარკვევით და არა ორაზროვნად.
განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია და არ იმსჯელა იმ საკითხზე, თუ რა წარმოადგენდა მოსარჩელის ნამდვილ ნებას, იმ პირობებში, როდესაც მხარის მიერ წარდგენილი იქნა ორი პატაკი მისი სამსახურიდან განთავისუფლებასთან დაკავშირებით. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გაათავისუფლა მოსარჩელე, რომ არ გამოუკვლევია, თუ რატომ გადაწყვიტა მოსარჩელემ სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე პატაკის დაწერა.
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 12 ოქტომბრის №MOD 4---------- ბრძანება, მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების დარღვევის გამო სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის ნაწილში გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის გარეშე და მიღებულია დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი აღნიშნული ბრძანება გასაჩივრებულ ნაწილში და მოპასუხეს უნდა დაევალოს გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, კანონით დადგენილი წესით გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
6.6. მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2018 წლის 1 ნოემბრის №MOD 5---------- წერილის, როგორც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.
ზემოაღნიშნული წერილით პ---------–----–---–ს ეცნობა, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები არ წარმოიშობა, თუ პირი თანამდებობიდან დათხოვნილი იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო. ხოლო ვინაიდან იგი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 12 ოქტომბრის №MOD 4------------ ბრძანებით დათხოვნილია სამხედრო სამსახურიდან „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევა) ქვეპუნქტის საფუძველზე, მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინათ მისი თხოვნა წელთა ნამსახურობის დაანგარიშების შესახებ, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით.
იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 12 ოქტომბრის №MOD 4---------- ბრძანება მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების დარღვევის გამო სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის ნაწილში და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ასევე ბათილად უნდა იქნას ცნობილი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2018 წლის 1 ნოემბრის №MOD 5---------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხეს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
რადგანაც სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული აქტები და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა, შესაბამისად, ამ მომენტისთვის სასამართლო ვერ იმსჯელებს მოსარჩელის მოთხოვნაზე - საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრს დაევალოს მოსარჩელის წელთა ნამსახურობის დაანგარიშება, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან,მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
ამავე კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ ასეთ პირობებში მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. პ---------–----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 12 ოქტომბრის №MOD 4---------- ბრძანება მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების დარღვევის გამო სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის ნაწილში, ასევე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2018 წლის 1 ნოემბრის №MOD 5---------- ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი და მოპასუხეს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.
3. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
4. მოსარჩელეს დაუბრუნდეს 2018 წლის 8 ნოემბერს, სს „თიბისი ბანკში“ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარის ოდენობით (საგადახდო დავალება №12, ხაზინის ერთიანი ანგარიში, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი – 300773150, ბანკის კოდი - TRESGE22).
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.
მოსამართლე: ივ. ღლონტი